"თუმც კაცთა მოდგმას - ეგზომ მიწიერს - თვალი ზეცისკენ ეჭირა მუდამ"
02.08.2012
"მე ვინ და სითგან,
რა განგება მალაპარაკებს,
ანკი რა მეთქმის
ოდენ შენი ხელის შემყურეს,
ვდგავარ და ვისმენ
მივიწყებულ ზეცის არაკებს
და ვუნაწილებ სითბოს სამყაროს..."
ეკა ბაქრაძის პირველი წიგნი 1986 წელს დაისტამბა. მაშინ პოეტი მხოლოდ 10 წლის იყო. ფართოდ გახელილი "მზისფერი სევდით გამთბარი" თვალებით, საგანთა დაფარული ბუნების ამრეკლავი მზერით, მარადიულ სათქმელს რომ იტევს. ეს "მზეთავთუხა გოგონა" მართლაც რომ სინათლედ შემოცქრიალდა პოეზიის თაყვანისმცემელთა სულებში და თავისი წილი ღიმილი და სითბო მიჰფინა ნუგეშად.
მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, მრავალი ლექსი მიუძღვნა ბავშვობისდროინდელ ადამიანებსა და საგნებს. ბავშვობასთან დამშვიდობების განცდაც გამძაფრებულ-გაორმაგებულია მის პოეზიაში, რაც სრულყოფილებისკენ სწრაფვით უნდა იყოს გამოწვეული - ბავშვობის "ნათელი ხატიც" ხომ სინდისის მტანჯველ განცდასავით მუდამ თან სდევს ადამიანს.
"რა ჩარჩა მაინც იმ წლების მიღმა?.."
ქუჩა, სახლი, სკოლა, სივრცე, სადაც ჩვენი ბავშვობა მიედინებოდა და სადაც ყველაფერი საოცრად ბრწყინავდა... "თვალშეუდგამი და ხელუხლები", - ახლა უკვე სხვა ბავშვების ხმებითა და ჟრიამულით ფეთქავს.
"ვინ შეაგროვებს სივრცეში იმ ხმებს?.."
"...მე ჩემი ძველი ტკივილი მიხმობს,
ძველი წუხილი და აღტაცება..."
მაგრამ ბავშვური განცდის მოხელთება ძნელია...
"რა უნდა მოხდეს ახლა ისეთი,
გული ჩიტივით ამიფრთხიალოს?.."
შესაქმის წახდენა, სილამაზის დასახიჩრება, სიწმინდის შებღალვა შემოქმედ ადამიანში სინდისის, მორალური პასუხისმგებლობის, ცოდვის შეგრძნების უკიდურეს გამძაფრებას იწვევს. "ნატვრისფერი შორეთი" ხომ ბავშვობასავით თავის წიაღში გვიხმობს და "შინ" გვაბრუნებს:
"ოდესმე ალბათ გავიხსენებთ პირვანდელ სახეს
და მივიწყებულ ზეცის არაკებს".
პოეტის კიდევ ერთი მთავარი საფიქრალი სამშობლოა. საქართველოს დიდებული წარსული სისხლივით მოჰყვება მის ძარღვებს:
"საუკუნეთა სიღრმეებში ჩაწნულ ჩემს ფესვებს ჩახედე და
მერე მითხარი: ვინა ვარ... რა ვარ?.."
ეროვნული გამოღვიძების ექოდ გაისმის ეს სიტყვებიც, 14 წლისამ რომ წარმოთქვა:
"აგრემც ღვთისმშობელი გაგალაღებს,
აგრემც სიცოცხლესაც განაცვალებ,
შენი სიყვარული ამამაღლებს,
შენი უბედობა გამაწამებს".
"სულისა და ხორცის მომწყვლელი" უთვალავი საფრთხისა და განსაცდელისაგან უფალი გვიფარავს...
"სატკივარს არ უნდა გაუჩუმდე,
სიკვდილის სიკვდილითა დამთრგუნველო...
სიცოცხლე შენს თბილ უბეშია,
რწმენა ერთადერთი ნუგეშია".
- ალბათ, ამქვეყნად ყველა ადამიანს აქვს სათქმელი. ღვთისაგან ბოძებული ნიჭის წყალობით ზოგი ამ სათქმელის გადმოცემას ფუნჯით ახერხებს, ზოგი - სიტყვით, ზოგიც - ბგერებით... რა არის შენთვის პოეზია და რას უნდა ემსახურებოდეს იგი?
- პოეზია ჩემთვის ერთგვარი საშუალებაა ფიქრების, განცდების, შეხედულებების, შთაბეჭდილებების გამოხატვისა. ბავშვობაში ვამბობდი, "პოეზია სიტყვებად აკინძული სულის ხმაა-მეთქი". პოეზია და მუსიკა განუყოფელია, მაგრამ მუსიკას არ ჰყოფნის სიტყვები, პოეზიას კი ისინი იმდენად ჭარბად აქვს, რომ ისღა დარჩენია, სიტყვებში ეძებოს მუსიკა, მუსიკად გარდაქმნას ისინი.
პოეზია ამოუხსნელი ფენომენია. როგორ წერს პოეტი ლექსს, ამას ვერავინ ახსნის. ბავშვობაში ხშირად გაუცნობიერებლად ვწერდი, ერთგვარი გამტარი ვიყავი.Aახლა მეტ-ნაკლებად გააზრებული მაქვს, რასაც ვამბობ, ადრე კი არც ვუფიქრდებოდი, არც ვცდილობდი რაიმეს ახსნას. სულის ჯებირებს ტალღასავით ასკდებოდა სათქმელი. ავიღებდი კალამს და ფურცელზე გადმომქონდა, თუმცა იმიტომ არა, რომ არ დაკარგულიყო, არამედ იმიტომ, რომ სულში აღარ მეტეოდა. თუ მივაღწიე იმას, რომ ჩემებურად გამოხატულ სათქმელში ვინმემ რაღაც თავისი დაინახა და არათუ დაინახა, არამედ ეახლობლა, მისეულად აღიქვა, მისი სულის მგრძნობიარე სიმებს მიესათუთა და ააჟღერა, გამოდის, რომ ჩემი მისია, რომელზეც წერის პროცესში არც ვფიქრობ, შესრულებულია. ყველა თავისი სულის შესატყვისად იგებს ჩემს სათქმელს, ხოლო ის, რაც მე ჩავდე მასში, მხოლოდ მე ვიცი და შემოქმედმა.
- ერთგან ამბობ:
"თუ პირველითგან სიტყვა გრძნეული
სამყაროს უხვად დაეფრქვეოდა,
ვერ იქნებოდა ჭეშმარიტ საქმედ,
თუ პოეზია არ ერქმეოდა".
როგორ უნდა მოვეპყროთ სიტყვას?
- შემოქმედმა ზედმიწევნით ზუსტი კანონზომიერებით შექმნა სამყარო და ყოველ მის ბინადარს თავისი მისია, ფუნქცია დააკისრა. ღმერთმა სამყარო სიტყვით შექმნა, - "პირველითგან იყო სიტყვა", - ამიტომაც სიტყვას ჩემთვის განუზომელი ძალა და მნიშვნელობა აქვს. ერთმა სიტყვამ შეიძლება ჩვენი მომავალი გადაწყვიტოს. სიტყვები ქმნის იმ ველს, ჩვენს გარშემო რომ ტრიალებს. ამიტომ სიტყვას სათუთად დაცვა და გაფრთხილება სჭირდება. ადამიანებს მოგვეცა სიტყვის გათავისების ნიჭი. რა უფლება გვაქვს, იგი შევბილწოთ და შევბღალოთ? - სიტყვა წმინდად უნდა ვატაროთ.
უდიდესი რამაა პოეტური სიტყვა, პოეტური ჩუქურთმა. მეტადრე - ჩვენი ლამაზი და მდიდარი ქართული სიტყვა... სიტყვის ფლობა უდიდესი ხელოვნებაა, თუმცა კი მას ბოლომდე არ ძალუძს ადამიანის სულიერი რეალობის გამოხატვა.
- ეკა, ჩვენი დრო ღირებულებათა გადაფასების დროა. ჩვენი თაობა უფრო სხვა ფასეულობათა სამყაროში გაიზარდა. ხომ არ გაქვს გაუცხოების განცდა?
- მე ვეუცხოები ბევრ რამეს, რაც დღეს ხდება: არასწორ ტენდენციებს აზროვნებაში, ცხოვრებაში. შეიძლება, ამის გამო ვინმემ კონსერვატორობაც დამწამოს, მაგრამ არ მინდა, დაიკარგოს და ამოიძირკვოს ის ძირძველი ქართული ფესვები, რომლებიც დღემდე გვასაზრდოებენ. ღირებულებათა არასწორი გადაფასება გულს მტკენს და პატარა ბავშვივით ვემიჯნები ამ ყველაფერს. ჩვენ სხვა ღირებულებებით გვზრდიდნენ, თუმცა მაშინაც იყო ბევრი რამ მიუღებელი, რამაც სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანა, მაგრამ მაინც... უბრალო მაგალითს მოვიყვან. ჩემთვის უფროსის სიტყვას ყოველთვის დიდი წონა ჰქონდა, დღესდღეობით კი უფროსისადმი პატივისცემა და მოწიწება ისეთი აღარ არის. მავანნი კადნიერდებიან და იმასაც კი ამბობენ, უფროს-უმცროსობა კომუნისტური გადმონაშთიაო. არადა, ეს არის საუკუნეთა სიღმეთაგან მომდინარე, ჩვენს ფსიქოლოგიაში მტკიცედ დამკვიდრებული ტრადიცია, რომელსაც, სამწუხაროდ, საყრდენი ეცლება. თავისუფლება დღეს სხვაგვარად ესმით. წინამორბედი თაობისაგან განსხვავებით, ბავშვები ნაკლებად იზრდებიან პოეზიით, მუსიკით, კლასიკური ლიტერატურით, თეატრალური ხელოვნებით. სულ სხვა ფასეულობებმა წამოიწია წინა პლანზე. ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ამაყობდა თავისი კულტურით. თუ ესეც არ გადავარჩინეთ, რაღა დაგვრჩება? ჩვენ ვერ ავაშენებთ ისეთ ცათამბჯენებს, უცხოელები რომ გავაკვირვოთ. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ის, რაც დღეს ჩვენთან ხდება, ისტორიის კიდევ ერთი ქარტეხილია, რომელიც აუცილებლად გადაივლის. გარდამავალ პერიოდში, რაღაცების გადაფასებისას, მსხვერპლი ყოველთვის არის. ყველაზე საშინელი ის არის, რომ იმას, რაც შენია, გააქრობ და დაასამარებ. მერე კი ფენიქსივით ისევ თავიდან უნდა აღდგე ფერფლისგან... ამას ხომ დრო, ძალა, მსხვერპლი სჭირდება...
უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს რომ ემუქრებათ გაუცხოების საფრთხე, ეს თითქოს არცაა გასაკვირი, რადგან ისინი ფესვებს მოწყვეტილნი არიან და მეტ-ნაკლებად იქაური ცხოვრების წესს უნდა აუწყონ ფეხი, მაგრამ ყველაზე საშიში ის არის, შენსავე ქვეყანაში რომ გაუცხოვდები და საკუთარ მიწა-წყალზე საკუთარს ნატრობ.
- ერთ-ერთი უმთავრესი სახარებისეული მცნება ასეთია: "შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი". რას გულისხმობს მოყვასის თანაგრძნობის, მასში საკუთარი თავის დანახვის ნიჭი?
- ადამიანები განვსხვავდებით ერთმანეთისაგან, მაგრამ ამავე დროს ძალიან ბევრი რამ გვაქვს საერთო. ჩვენ ერთმანეთს გავივლით. საერთო გვაქვს შინაგანი სამყარო, სინათლე, რომელიც ჩემშია და ვხედავ შენში. ადამიანები ერთმანეთისთვის სარკეები ვართ. ვიხედებით ამ სარკეებში, ესე იგი, ერთმანეთში და მეტს ვხედავთ და ვსწავლობთ. შენ მე დამანახებ და შემაცნობინებ რაღაცას, თუნდაც საკუთარ თავს, მე კი - შენ. ყოველი ადამიანი "ხატება და მსგავსებაა" ღვთისა, ამიტომაც მიველტვით ერთმანეთს, საერთოს ვხედავთ ერთმანეთში.
მოყვასი ყველა იმ ადამიანს ნიშნავს, ვინც გიყვარს, შენს ქვეყანაში მცხოვრები, შენი სისხლი და ხორცი იქნება იგი თუ სხვა სჯულისა და ეროვნებისა. თუ ვინმეს მიმართ ავად ხარ განწყობილი, მაშინ შენი სულიც ავად არის და მასში სიმშვიდე ვერ ისადგურებს.
ბუნება კი ღმერთმა ადამიანის მსახურად შექმნა, რათა ადამიანმა იგი კეთილად და ღვთის სადიდებლად გამოიყენოს.
- ერთგან ამბობ:
"თუმც კაცთა მოდგმას - ეგზომ \მიწიერს
- თვალი ზეცისკენ ეჭირა მუდამ".
"ოცნებისა და ნატვრის ედემის", პირველქმნილი ჰარმონიის მონატრება და სევდა მუდამ თან სდევს ადამიანს, რაც მას ამქვეყნად მოსვლის დანიშნულებასაც შეახსენებს... და "შინ" დაბრუნების განცდასაც გაუღრმავებს...
- ცოდვის შედეგად ადამიანმა დაკარგა ღმერთთან ერთობა და ჰარმონია. სიტყვებმა და ცნებებმა დაკარგეს პირვანდელი მნიშვნელობა. ჭეშმარიტი პოეზია მძაფრად გამოხატავს მიღმურ სამყაროსთან მიახლების სურვილს. დაკარგული სამოთხისაკენ ლტოლვა კოდირებულია ჩვენში, იმიტომ რომ ადამიანი ერთ დროს ღვთის მიერ მითითებული წესით ცხოვრობდა. ამ წესს რომ გადაუხვია, მას შემდეგ სულ ძიებაშია. "სიყვარული", "მეგობრობა", "სიკეთე" ცნებებია, რომლებსაც მხოლოდ ერთეულები ახორციელებენ ამქვეყნად, - ყველა ასე რომ იქცეოდეს, მაშინ დედამიწა სამოთხედ იქცეოდა, - მაგრამ მე მგონია, რომ ყველა ადამიანში არის სულიერი მოთხოვნილება, გულწრფელად უყვარდეს... ამ ქვეყანაზე ბოროტი ძალა, სამწუხაროდ, უფრო ხშირად ზეიმობს. სხვანაირად რომ ვცხოვრობდეთ, ეს ასე არ მოხდებოდა.
ხომ გახსოვთ გალაკტიონის სიტყვები: "თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ". მაინც რა კავშირი უნდა არსებობდეს უკვდავებასა და სიყვარულს შორის? ადამიანი უკვდავი ხდება მაშინ, როცა ამქვეყნად კეთილ კვალს ტოვებს, კეთილ საქმეებს აღასრულებს, მაგრამ ამას ვერ შეძლებს, თუ გული სიყვარულითა და სინათლით არა აქვს სავსე. სიყვარული ცხოვრების ღერძია. ღმერთის, ადამიანის, სამყაროს, ბუნების სიყვარული. ჩვენი დუხჭირი ყოფის ფონზე ძნელია მაღალ იდეალებზე საუბარი, მაგრამ ამქვეყნად მოსვლის მიზანი ხომ სიკეთის ქმნაა: "მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი". ერთ დღესაც ყველანი წავალთ ამ ქვეყნიდან და კეთილი საქმეების მეტი არაფერი წაგვყვება. შეგიძლია ვინმეს დაეხმარო? - დაეხმარე! ნუ უყურებ იმას, როგორ გადაგიხდის. ყოველი წამი ღვთისაგან ბოძებულია. იჩქარე, რომ ადამიანებს აჩუქო იმედი, სიყვარული, სითბო, ნუგეში... რაც შეგიძლია. თუნდაც გულწრფელად, ყოველგვარი ქვენა მოტივის გარეშე გაუღიმო.
- ვიცი, რომ არაერთხელ ხარ ისრაელში ნამყოფი. ჯერ კიდევ 10 წლისას მოგიხილავს იერუსალიმის სიწმინდეები. ქართველ ებრაელებთანაც ძალიან თბილი ურთიერთობა გაქვს. შენი შთაბეჭდილებები ამ დიდებული ქალაქის შესახებ არაერთგან გამოგითქვამს...
- ერთგან ვწერდი: "იერუსალიმში სტუმრობისას ისეთი შეგრძნება დამეუფლა, ავადმყოფიც კი მორჩება და თვით ავისმზრახველსაც კი კეთილი ფიქრები დაუბრუნდება". მართლაც ასეთი შეგრძნებაა. რამდენიმე ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ ისრაელი შეუდარებელია თავისი ისტორიით, წარსულით. ყოველთვის დიდი სიხარულით მივიჩქარი იქით.
ისიც მახარებს, რომ ისრაელში არის ქართული სათვისტომო, რომელიც ძალიან უფრთხილდება და ესათუთება დედასაქართველოს.
- შენი პირველი წიგნის გამოსვლიდან 25 წელი გავიდა. რა მოგიტანა და რა წაიღო შენგან ამ ოცდახუთმა წელმა?
- წლებმა მომიტანა მოთმინების უნარი, გამოცდილება. რაც არ უნდა ისწავლო და იკითხო, რაც არ უნდა ჭკუა გასწავლონ, შენს ცხოვრებას მაინც შენ ქმნი. ქმნის შენი ნაბიჯები, შეცდომები, გაწბილებები, რომლებიც ძალიან მტკივნეულია. პატარა გულისტკენასაც მძაფრად განვიცდი, მაგრამ უამისოდ ალბათ ცხოვრება შეუძლებელია.
წაღებით კი დრომ წაიღო ბავშვობა, წლები... დრომ დრო წაიღო. უკან რომ მოვიხედავ, ძალიან ვნანობ ფუჭად დაკარგულ დროს. ცხოვრების თავიდან დაწყება რომ შემეძლოს, ასე არ მოვიქცეოდი, ერთ წუთსაც არ გავფლანგავდი. 14 წლისა ვწერდი:
"ყოველი წუთი -
ასე საოცრად მძიმე და მძაფრი,
ყოველი წამი -
დატვირთული რაღაც ძვირფასით,
იმდენს იტევს, კიდეც მეშინია,
ასე სათუთად,
გამოწვლილვით
გადანახული...
ცუდუბრალოდ არ დაიხარჯოს...
ჩემი გულის სალაროითგან!"
- დიდი მადლობა, ეკა, საინტერესო საუბრისათვის.