უფალი იესო ქრისტე შურისძიებისა და ცილისწამების უფლებას მტერზედაც არ გვაძლევს, და თუ ვინმემ კეთილისმყოფელს ცილისწამება და შესმენა აკადრა, სადღა დაემალება იგი განკითხვასა ღმრთისასა?" - ამბობს გაბრიელ ეპისკოპოსი, რომელიც ასე დიდსულოვნად იტანდა ცილისწამებასა და დაბეზღებას.
1. "არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა", - გვასწავლის მეცხრე მცნება. თქვენი აზრით, რა უნდა იღონოს საზოგადოებამ იმისათვის, რომ ქვეყანაში ცილისწამება და დაბეზღება პოლიტიკური ბრძოლის იარაღად არ იქცეს?
2. ილიას მკვლელობის შემდეგ რა მიგაჩნიათ საუკუნის ცოდვად, რომელიც შავ ლაქად დარჩება ქართველი ერის ისტორიაში?
3. რას შეეკითხებოდით მოძღვარს?
ანკეტის შეკითხვეს პასუხობენ ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა და ჟურნალისტი აკაკი მიქაძე.
ნანა ჩაჩუა, ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრის ხელმძღვანელი, ჰყავს შვილები: ლევან და ილია ჯღარკავები.
1. დაბეზღება და ცილისწამება, როგორც არაკონსტრუქციული ქცევა, ყოველთვის მიუღებელი იყო და, ცხადია, დღესაც ასე რჩება ნებისმიერი ადამიანის ცნობიერებასა თუ ნებისმიერი ეთნოსის კულტურაში.
ვინ იცის, რამდენი მძიმე შემთხვევა არის დარჩენილი უცნობად. რამდენი მართალი უმსხვერპლია მაბეზღარობასა და ცილისწამებას კაცობრიობის ისტორიაში. 1937 წელი პოლიტიკური მაბეზღარობისა და ცილისწამების ნამდვილი აპოგეაა. ისტორიული გამოცდილება გვაფრთხილებს, რომ იგი არ უნდა განმეორდეს. ყველამ კარგად ვიცით, რომ ადრე თუ გვიან ყველა ცოდვა მჟღავნდება, მაგრამ მსხვერპლს სიცოცხლეს ვინ დაუბრუნებს? როცა სამართლიანი და კეთილი სამყაროს შექმნის იდეა იქცევა პოლიტიკური საქმიანობის მიზნად, მხოლოდ მაშინ შეგვეძლება, პოლიტიკას აღარ ვუწოდოთ ბინძური. ჯერჯერობით კი, რადგანაც ის მაინც უმეტესწილად მერკანტილურ ინტერესებს ეფუძნება, მისი ტექნოლოგია იმ მანკიერ ხერხსაც მოიცავს, რომელსაც მაბეზღარობა და ცილისწამება ჰქვია. საზოგადოების მიერ შეფასებითი დამოკიდებულების გამოხატვა აღნიშნული მანკიერების მიმართ ძალზე მნიშვნელოვანი იქნება, ამასთანავე კანონშემოქმედების მხრიდან მაბეზღარობისა და ცილისწამების ხელშეწყობაც დაუშვებლად უნდა ჩაითვალოს.
2. ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შემდეგ არა მხოლოდ ქართველი ხალხის, არამედ კაცობრიობის წინაშე ჩადენილ ცოდვად ჩაითვლება ის, რომ ქართული ენა, როგორც მსოფლიოს ხალხთა შორის ერთ-ერთ უნიკალურ ენად და დამწერლობად მიჩნეული ენა, იმდენად ხელყოფილია, რომ მის უნიკალურობას საფრთხე ემუქრება. ყოველდღიურ ცხოვრებაში უცხო სიტყვების დამკვიდრება თავისთავადი პროცესია, მაგრამ იგი მართული და შესაბამისად მიზანმიმართული მაშინაა, როცა მედია მის დამკვიდრებაში მიიღებს მონაწილეობას. სიტყვა "ფართი" წვეულების ან "ფეშენ ვიკი" მოდის საკვირაო ჩვენების ნაცვლად ამ სიტყვების ბუნებრივ დამკვიდრებამდე ყველასათვის გასაგები მაინც არაა, ამიტომ იგი ენაზე, ადამიანთა ცნობიერებასა და ზოგადად კულტურაზე ძალადობად განიცდება.
3. როგორ, რა მექანიზმებით ახერხებს მოძღვარი აღმსარებლის მიერ წარმოჩენილი ფაქტებისაგან რეალური სურათის შექმნას?
აკაკი მიქაძე, 57 წლის, ჟურნალისტი, ამჟამად უმუშევარი, მისი მეუღლეა ირინა პრივინა, ქალიშვილი - ნუცა მიქაძე.
1-2. დაბეზღება, ცილისწამება მეტ-ნაკლებად ყველა სახელმწიფოსთვის არის დამახასიათებელი, მაგრამ ჩვენთან მეტად სახიფათო ფორმა მიიღო, რადგან სუსტი ხელისუფლება კარგად იყენებს სათავისოდ - მმართველობის შესანარჩუნებლად. გერმანია ცივილიზებული ქვეყანაა, მაგრამ ჩაშვების ინსტიტუტი დღემდეა შემორჩენილი, თუმცა ამას ანომალიასაც ვერ ვუწოდებთ, იქ სხვა მენტალიტეტია საზოგადოებაში. როდესაც ადამიანი ხედავს, რომ რაიმე უკანონობა ხდება, თავს მოვალედ თვლის, შესაბამის სტრუქტურას შეატყობინოს, მიაჩნია, რომ ეს ნაბიჯი არის შეუგუებლობა უკანონობასთან, რომელიც შეაფერხებს დემოკრატიულ განვითარებას. ჩვენთან პირიქით ხდება. უკანონობას ვეგუებით და თვითგადარჩენის ინსტინქტი გვკარნახობს, ვითანამშრომლოთ ხელისუფლებასთან, რადგან საქართველოში საზოგადოების დეფიციტი უკვე კარგა ხანია არსებობს. როგორც ჩვენმა პატრიარქმა ბრძანა თავის ქადაგებაში, საჯარო სკოლებში ბავშვებს ასწავლიან, დააბეზღონ თავიანთი მასწავლებლები მანდატურებთან. ამის მერე უკვე შეგონებით ვერაფერს მივაღწევთ. დღეს ბევრს საუბრობენ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე საქართველოში. თუ ასე მოხდა, ძალიან კარგი, მაგრამ ამ ინსტიტუტების გაძლიერება საზოგადოების ინტერესში უნდა იყოს ჩაყენებული, მათ მოთხოვნილებას უნდა ემსახურებოდეს პირველ რიგში, ეს უნდა იყოს სახელმწიფოს ზრუნვის საგანი.
...დღეს რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას ნუ დავაბრალებთ ყველაფერ იმ უბედურებას, რაც გვჭირს 90-იანი წლების შემდეგ. ჯერ კიდევ 25 წლის წინ მიგვითითა თენგიზ აბულაძემ მონანიებაზე თავის შესანიშნავ ფილმში, მაგრამ საზოგადოება დღესაც არ ფიქრობს მოინანიოს, რაც პირადად მე ილიას მკვლელობის შემდეგ ყველაზე დიდი ცოდვა მგონია. ჯერ კიდევ როდის ამბობდა მერაბ მამარდაშვილი, მრუდე სარკეში ნუ ჩავიხედავთო.
3. სწრაფი ტემპით მიმდინარეობს თანამედროვე მიღწევებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა XXI საუკუნეში. რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ მსოფლიო პროგრესში მართლმადიდებელთა ჩართულობა, რას გვირჩევს მოძღვარი, რომ ამ პროცესებს ხელოვნურად არ გამოვეთიშოთ?
თემის განხილვაში მონაწილეობს დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ზურაბ გოგიტიძე:
- ღმერთის მეცხრე მცნება გვასწავლის: "არა ცილი სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა". თუ ადამიანი არ ცდილობს აღასრულოს ეს მცნება და არ ნანობს, რომ ვერ აღასრულა იგი, ის სჯულს არღვევს, ესე იგი უსჯულოებაშია და როგორც წმინდა მახარებელი ამბობს: "გამრავლებითა უსჯულოებისათა განხმების სიყვარული მრავალთა". ყველა ცოდვა სიყვარულის ნაკლებობიდან იღებს სათავეს, მათ შორის ცილისწამებაც. ზირაქის სიბრძნეში წერია: "წყეულიმც იყოს დამსმენი და ცილისმწამებელი, რადგან ბევრი მშვიდობიანი ხალხი დაუღუპავსო". ესე იგი ცილისმწამებელი წყევაშია, არც ის, ვის წინაშეც ჭორაობენ, განიკითხავენ და ცილს სწამებენ, არის სახარბიელო მდგომარეობაში, რადგან, იგივე სიბრძნე ზირაქისა გვასწავლის: "მოსვენებას ვერ იპოვის ჭორის მსმენელი და მშვიდად ვერ იცხოვრებსო". უსჯულოება და უსიყვარულობა ერთმანეთით იკვებება, რომლის ერთგვარი ნაყოფიც დაბეზღება და ცილისწამებაა. ვფიქრობ, მარტო ცუდის გავრცელება კი არ არის ცილისწამება, კაცთმაამებლობით ნათქვამიც და შექებაც ცილისწამების ცოდვაა, რადგან ორივე სიცრუეზე არის აღმოცენებული. ცილისწამების ცოდვაში ორი მხარე მონაწილეობს. ერთია ის, ვინც ცილს სწამებს, ხოლო მეორე - ვისაც ცილს სწამებენ. ცილისწამებაც ორგვარია: ერთი, როცა სიცრუით ბოროტს ამბობენ და მეორე, როცა პირმოთნეობით - კეთილს. პირველ შემთხვევაში, თუ ადამიანი ცილისწამებას სულგრძელად დაითმენს, მაცხოვარი მას ნეტარებას ჰპირდება: "ნეტარ იყვნეთ თქვენ, რაჟამს გდევნიდნენ და გყვედრიდნენ და სთქვან ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენდა მომართ სიცრუით ჩემთვის: გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი დიდ არს ცათა შინა". ხოლო მეორე შემთხვევაში, როცა ადამიანს პირფერობით აქებენ (ეცრუებიან, ასე ვთქვათ, მისთვის სასიამოვნო ფორმით ცილს სწამებენ), ამისთვის კეთილი არაფერია აღთქმული, პირიქით, ეს კაცს სარგებელს კი არ აძლევს, არამედ ხშირად საცდური ხდება მისთვის და გაზვიადებულ წარმოდგენას უქმნის საკუთარ თავზე. ხშირ შემთხვევაში, როგორც წესი, ზემოხსენებულ პირველ სიცრუეს, რომლის სიხარულით დათმენისთვისაც დიდი სასყიდელია აღთქმული, მწუხარებით და მრისხანებით ვპასუხობთ, ხოლო მეორეს, რომელიც ერთგვარი საცდურია, ხშირად სიხარულით ვღებულობთ, როგორც სიმართლეს.
მაცხოვარს ჩვენსას იესო ქრისტეს შურით ცილი დასწამეს და ჯვარს აცვეს. ცილისწამებისა და სიცრუის მანქანა რომ არ ამოქმედებულიყო, ჭეშმარიტებასა და სიმართლეს როგორ გაამტყუნებდნენ? მას იმასაც კი ეუბნებოდნენ, შენში ეშმაკია და მისი ძალით ახდენ სასწაულებსო, მაგრამ უფალი არასდროს განრისხებულა მათზე, არამედ სულგრძელებით და სიმშვიდით ასწავლიდა შეცდომილ შვილებს, რომ ეშმაკი არ იყო მასთან. შედეგად, მოგვიანებით ბევრმა შეინანა კიდეც თავისი საქციელი და მოექცა. წმიდა ალექსი ბერს (შუშანია) ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა ამ ვნების მიმართ: "როდესაც ცილს გწამებენ, დაფიქრდი, იქნებ შენც წამებდი ვინმეს ცილს ან განიკითხავდი, ყველაფერი ხომ ღვთის დაშვებით ხდება, იქნებ ეს შენთვის საჭიროა, კარგად გაიხსენე სიტყვა მაცხოვრისა: "რომლითა განკითხვითა განიკითხოთ, მითვე განიკითხნეთ". აი, მონაგები შენი სხვებზედ განკითხვისა, რომელიც სამართლად მოგევლინა, ამიტომ, რადგან ღმერთმა ასე ინება, მოთმინებით აიტანე განსაცდელი".
- ადამიანზე ცუდის გავრცელება, დაბეზღება და ცილისწამება პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იქცა და ამ საბაბით დღეს ბევრი პატიმარი უსამართლოდ იხდის სასჯელს...
- ძალიან ცუდია, თუ ამას ვინმე ქვეყანაზე ზრუნვის მოტივით ამართლებს, ეს კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას. როცა სახალხოდ განიკითხავ ადამიანს და თანაც ცილსაც სწამებ, ეს ეჭვს ბადებს საზოგადოებაში. ჩვენს პატრიარქს არაერთხელ უქადაგია საქართველოს გაბრწყინებაზე და ეს მართლაც ასეა, რადგან შეუძლებელია ამდენი წმინდანის მშობელი ქვეყანა არ ბრწყინავდეს. საკითხავია, ჩვენ რას შევმატებთ ამ ბრწყინვალებას, ვიქნებით თუ არა ნათელი წერტილები ამ ბრწყინვალებაში. სხვისი განკითხვითა და ცილისწამებით ხომ რჯულის დამრღვევები გამოვდივართ და ვერავითარ ნათელს ვერ შევმატებთ ჩვენს სამშობლოს. "მე ვარ ნათელი სოფლისა, ვინც მე შემომიდგეს, არა ვიდოდეს ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხოვრებისა", - ბრძანებს მაცხოვარი. ესე იგი თუ გვინდა, ნათელში ვიყოთ, ღმერთს უნდა მივდევდეთ და მის მცნებებს ვიცავდეთ. უფალი არავის განიკითხავდა, უფალი გვასწავლიდა, - თუ არ გინდა განგიკითხონ შენი ცოდვების გამო, ნურც შენ განიკითხავ მოყვასსა შენსა. ცილისწამება სიცრუიდან მომდინარეობს. სიცრუეზე ქვეყნის კეთილდღეობა ვერ აშენდება. ვინც ღვთის სიტყვა ისმინა და არ შეასრულა, მან შენობა კლდესა ზედა კი არ ააშენა, როგორც სახარებაში წერია, არამედ ქვიშაზე ანუ სიცრუეზე ააგო. ასეთი შენობა ნიავის დაბერვაზეც კი წაიქცევა. ცილისწამება ბოროტებაა, ბოროტებას კი კეთილი ნაყოფის გამოღება არ შეუძლია.
მე მოძღვარი ვარ და საპყრობილეში პატიმრების მოსანახულებლად პერიოდულად დავდივარ. ყოველნაირ პატიმარს შევხვედრივარ, ზოგს მართლაც მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, ზოგს ტყუილად დასდეს ბრალი.... ხშირად მიფიქრია, რატომ უშვებს ღმერთი მათზე ასეთ განსაცდელს-მეთქი. ერთმა, ვთქვათ, კაცი მოკლა, მეორემ იქურდა, მესამემ ქრთამი აიღო და ა.შ. მაგრამ, სამწუხაროდ, ხომ არიან უდანაშაულო ადამიანებიც. ხშირად გვებადება კითხვა, თუ რატომ დაუშვა ეს ღმერთმა, ღვთის დაშვების გარეშე ხომ ღორის კოლტშიც კი ვერ შევიდა ეშმაკი. თავისუფლების აღკვეთამდე ისინიც ჩვენსავით ცხოვრობდნენ ერში, დღეს კი ჩაკეტილ სივრცეში იმყოფებიან. რატომ? - მე მგონია, რომ სხვაგვარად ბევრი მათგანი ეკლესიისკენ ვერ მოიხედავდა. ერთმა პატიმარმა მითხრა: "მადლობა ღმერთს იმ დიდი წყალობისთვის, რომ წმიდა ზიარების ღირსი გამხადა, რადგან ღმერთს რომ არ დაეშვა ჩემი აქ მოხვედრა, მე ამ ნაბიჯს ვერ გადავდგამდი, სხვაგვარად მას ვერ ვიპოვიდიო". როგორც მდიდრული ავეჯით გაწყობილ ოთახში ძნელია შეამჩნიოს ადამიანმა მარგალიტის პატარა თვალი, სანამ მას ღმერთი არ დაანახებს (ზოგს - ადრე, ზოგს კი ძალიან გვიან, სანამ ავეჯს მთლიანად არ გაიტანენ ოთახიდან). ასევეა ცხოვრებაშიც, ღმერთი იმიტომ კი არ უშვებს განსაცდელს, რომ ადამიანი სძულს, არამედ, პირიქით, ძალიან უყვარს და უნდა შესძინოს სარწმუნოება, დაანახოს მთავარი, რის გარეშეც ცხონება შეუძლებელია. გარეთ ცოდვის ტყვეობაში ყოფნას სატუსაღოში დროებით ყოფნა სჯობს, თუკი იქ ცოდვის ტყვეობიდან განთავისუფლების შანსი მიეცემა კაცს. მსგავსი რამ ხდება ისეთი განსაცდელის დროსაც, როგორიც სხვადასხვა სნეულებაა, ამ გზითაც ხომ უამრავი ადამიანი მიდის უფალთან. ნებისმიერი განსაცდელი სულიერი სარგებლისთვის არის დაშვებული ღვთისაგან, შეუძლებელია ღვთის დაშვებაში რაიმე სარგებელი არ იყოს; მაშინ გამოდის, რომ ღმერთი არ არის მოწყალე და სამართლიანი. როცა ხორციელი მკურნალი პაციენტის გამოჯანმრთელებისთვის ზრუნავს, შეიძლება ავადმყოფს ისეთი წამალი დაუნიშნოს, რომელიც არ წაადგება? თუმცა შეიძლება წამალი ძალიან მწარე იყოს, მაგრამ სასარგებლო გამოდგეს მისთვის.
უფალი ბრძანებს, მონანული ცოდვილი ადამიანების საცხოვნებლად მოვედიო და ყველა გზით ცდილობს მათ გადარჩენასა და ცხონებას. ერთ-ერთ ეპისკოპოსს აქვს ნათქვამი: უფალი ადამიანს პირველად სიყვარულის ჩურჩულით ესაუბრება. თუ არ შეისმენს, მერე სინდისის ხმით ელაპარაკება, თუ ესეც არ შეისმინა, მერე განსაცდელების რუპორით აფხიზლებს. განსაცდელი ძნელია, მაგრამ ამასაც სიყვარულით უშვებს ღმერთი. ხდება ხოლმე ისიც, როდესაც ადამიანი სულ ტყუილ-უბრალოდ დაიჭირეს, არ ჩაუდენია ის, რასაც აბრალებენ, მაგრამ აღსარების დროს დიდ სინანულშია. ერთმა პატიმარმა მითხრა: "მე სულ უდანაშაულოდ ვზივარ, არ გამიკეთებია ის, რასაც მაბრალებენ, მაგრამ, სამაგიეროდ, იმდენი რამ ჩამიდენია ცხოვრებაში, სამჯერ მეტ სასჯელს ვიმსახურებო". აი, ასე აწონ-დაწონა თავისი ცხოვრება და თავის მიერ ჩადენილი დანაშაული უფრო მეტი მოეჩვენა, ვიდრე სასჯელი, ანუ ღვთის მოწყალებით სინანულის ნაყოფი საპყრობილეში გამოიღო.
ადამიანი რომ ცილისწამების ობიექტი არ გახდეს, ეს მასზე არ არის დამოკიდებული. ზოგჯერ, დავუშვათ, მართლაც არაფერი დაგიშავებია, ბრალი არაფერში მიგიძღვის და მაინც ხდები დაბეზღების, ცილისწამებისა და განკითხვის ობიექტი, შეიძლება დაგიშავებია კიდეც. ხშირად ჩვენ ვხედავთ სხვის ცოდვას, მაგრამ ვერ ვხედავთ მის სინანულს, რადგან ის დაფარულია ჩვენთვის. ადვილი დასაშვებია, რომ წმინდანიც განვიკითხოთ. გახსოვთ ალბათ, სახარებაში მეზვერისა და ფარისევლის იგავი. მეზვერემ მოძმე განიკითხა და ცილი დასწამა; ამის გამო, მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიას თავისი შემოსავლის ნაწილსაც სწირავდა და რჯულსაც აღასრულებდა, უფალს სათნო არ ეყო მისი მზვაობრობა. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობდა, ჩვენ ადამიანების სახით მტრები არ გვყავს, არამედ გვირგვინისმყოფელნი. ცილისმწამებელს ღვთისგან გვირგვინი მოაქვს ჩვენთვის და თავზე გვადგამს, რის გამოც მისთვის ლოცვა არ უნდა დავიშუროთ, ღმერთს კი მადლობა უნდა შევწიროთ, რომ ნეტარების მცნების აღსრულების საშუალებას გვაძლევსო. თუკი ასე შევხედავთ ამ საკითხს, მაშინ არ გაგვიჭირდება ჩვენზე აუგის მშვიდად მოსმენა.
პასუხი მეორე შეკითხვაზე:
რა თქმა უნდა, ჩვენი დროის წმინდანები არ იტყოდნენ უარს კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებზე. ადამიანთა დიდი ნაწილი, გვინდა თუ არა, ამ საშუალებებს ვიყენებთ. ჩვენ რომ ეს უარვყოთ, იმას ნიშნავს, არხი, საიდანაც დიდი ინფორმაცია მოგვეწოდება, დავუთმოთ იმ ძალას, რომელსაც ბოროტების ჩადენა შეუძლია. შეგვიძლია წავიკითხოთ ლოცვა, დილის თუ ძილის წინ წასაკითხი ლოცვები რადიოს ან ტელევიზიის საშუალებით მოვისმინოთ, მაგრამ მე მაინც იმას ვურჩევ, რომ მივიდნენ თავიანთ სალოცავ კუთხესთან და თვითონ წაიკითხონ ეს ლოცვები, რადგან ლოცვა უწინარესად არის შენი კონტაქტის, შენი კავშირის დამაყარება ღმერთთან და უმჯობესია, განმარტოვდნენ, განეწყონ სალოცავად და თვითონვე ილოცონ, რადგან ეკრანს თავისი უარყოფითი მხარე აქვს, თითქოს აცივებს ჩვენს გრძნობებს ლოცვის დროს. ასევე, კომპიუტერის საშუალებით ლიტერატურის წაკითხვას მე წიგნი მირჩევნია. ამასვე ვურჩევდი ჩემს სულიერ შვილებსაც. არც ის მომწონს, როდესაც ერთსა და იმავე დაფაზე (მონიტორზე) ხან წმინდა ხატი იწერება, ხანაც რაიმე უწმინდურება გამოისახება.
ყველაფერში ზომიერებას თუ დავიცავთ და სიკეთის სამსახურში ჩავაყენებთ, ყველა თანამედროვე საშუალების გამოყენება შეიძლება. მეც ვიყენებ ავტომანქანას, მაგრამ მახსოვს ის დროც, როცა ქვეითად დავდიოდი. მაშინ უამრავი ისეთი ადამიანი გავიცანი, რომელთაც ვერც კი შევხდებოდი. უფალმა და მაცხოვარმა ჩვენმა თავი ჩვენი ცხონებისათვის დაიმდაბლა, რომ ჩვენ, ცოდვილ ადამიანებს, მასთან მისვლის საშუალება გვქონოდა. ადამიანიც, როცა თავს დაიმდაბლებს, მასთან ყველას (გლახაკსაც და მდიდარსაც) დაბრკოლების გარეშე შეუძლია მისვლა, თუკი ამის სურვილი აქვს. და რაც მთავარია, როგორც წერილი ამბობს, მდაბალთ უფალი მისცემს მადლს, ხოლო მადლი - საუკუნო ცხოვრებას.