ცნობილია, რომ ხიბლი, როგორც სულიერი ვნება, მეტ-ნაკლებად ყველა ადამიანშია. თქვენი აზრით, როგორ უნდა დავიცვათ თავი ამ ცოდვისაგან
საერო ცხოვრებაში, როგორ ვიპოვოთ ოქროს შუალედი ზომიერების მისაღწევად, მაშინ როცა ეს სენი ხშირად მონასტრულ გარემოშიც იჩნს თავს და ბევრ სულიერ სათნოებაში დაწინაურებულ ბერ-მონაზონსაც შეეყრება ხოლმე?
2. ილიას მკვლელობის შემდეგ რა მიგაჩნიათ საუკუნის ცოდვად, რომელიც შავ ლაქად დარჩება ქართველი ერის ისტორიაში?
ანკეტის შეკითხვებს უპასუხებენ სისტემური ანალიტიკოსი
დავით თარხან-მოურავი და არქივარიუსი
ნინო ჟღენტი.
დავით თარხან-მოურავი, 48 წლის, მათემატიკოსი, პროგრამისტი, მართვის სისტემების სპეციალისტი. მედიაკავშირ "ობიექტივში" უძღვება გადაცემათა ციკლს რელიგიის, ისტორიისა და პოლიტიკის საკითხებზე. მისი მეუღლეა კორა სოფიანიდი, შვილები: იორამ და ნინო თარხან-მოურავები, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ.
1. როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობთ, უნდა გავიხსენოთ ცოდვის წარმოშობის ისტორია. იობის წიგნში ღმერთი ანგელოზებს ვარსკვლავებს ადარებს, რომლებიც ღვთიური ენერგიით საზრდოობდნენ, სიკეთეში რომ განმტკიცებულიყვნენ.
სრულყოფილების მისაღწევად, რა თქმა უნდა, მათ სხვადასხვა ნიჭი მიეცემოდათ უფლისაგან, თუმცა პიროვნულად ყოველი ანგელოზი, მაშინაც და დღესაც დამოუკიდებელი ინდივიდუუმია, რომელთაც ჩვენსავით გააჩნიათ გონი, გრძნობა და ნებელობა, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით, ისინი სულიერი არსებები არიან და, ბუნებრივია, მათთვის უცხოა ხორციელი ვნება. როდესაც იობის წიგნში ვკითხულობთ, ანგელოზები ვარსკვლავებივით ანათებენო, იგულისხმება, მათი სიკეთე ანათებდა, ბიბლია იმასაც გვაუწყებს, რომ როდესაც ღმერთი ხილულ სამყაროს ქმნიდა, ანგელოზები ხარობდნენ. მოგეხსენებათ, ხილული სამყაროს წარმმართველად და ბატონ-პატრონად უფალმა ადამიანი დაადგინა, რომელიც შექმნა ხატად თვისად, თუმცა ვიდრე ხილული სამყარო შეიქმნებოდა, ზეცაში ძალიან დაწინაურდა სიკაშკაშითა და სხივმოსილებით გამორჩეული ღმერთთან ყველაზე ახლოს მდგომი მთავარანგელოზი. მისი პირვანდელი სახელი ჩვენთვის არ არის ცნობილი. ესაია წინასწარმეტყველი ამ ანგელოზს გარიჟრაჟის მნათობს, ვენერას ადარებს და ასეთ მეტაფორას იყენებს: "ჰოი, შენ, გარიჟრაჟის მნათობო", "გარიჟრაჟის ძეო". ვენერა ხომ იმით გამოირჩევა სხვა მნათობებისგან, რომ, როდესაც ცის კაბადონზე მზის ამოსვლის შემდეგ ყველა ვარსკვლავი ქრება, იგი მაინც იხილვება და ინარჩუნებს სიკაშკაშეს. სხვათა შორის, ეს სიტყვა ბიბლიის ქართულ ტექსტში დედანთან ზუსტი შესატყვისობით არის თარგმნილი ("გარიჟრაჟის მნათობი", "სხივმოსილი"), ბერძნულ თარგმანში, რადგან გარიჟრაჟის მნათობი ვენერაა, ეს სიტყვა პირდაპირ ამ პლანეტის სახელწოდებით არის მოხსენიებული, სიტყვა "ვენერა" ბერძნულად ითარგმნა, როგორც "ფოსფოროს", მოგვიანებით იერონინმა ბერძნულიდან ლათინურად თარგმნა ეს სიტყვა, რომელიც "ლუციფერს" ნიშნავს. სწორედ ამის შემდეგ უწოდებდნენ ამ მთავარანგელოზს ლუციფერს, რომელსაც არა მხოლოდ ქერუბიმთა ტომის ბელადად, არამედ მთავარანგელოზთა ერისმთავრადაც მოიხსენიებდნენ, ღმერთთან ყველაზე მეტად დაახლოებული ანგელოზი, ლუციფერი, ღვთიურ სიბრძნეს განასახიერებდა, სერაფიმთა დასის მეთაურს, მიქაელ მთავარანგელოზს, სიყვარულის ნიჭი ჰქონდა უფლისაგან მიმადლებული. ანგელოზთა სხვა დასებსაც სხვადასხვა ნიჭი გადაეცემოდათ ღვთისაგან, მაგრამ დააკვირდით, რა მოხდა, თვალისმომჭრელი ბრწყინვალების მიუხედავად, სიბრძნემ იმდენად იბრძნო, რომ ლუციფერი ცოდვით დაეცა, სიყვარულმა კი ბოლომდე შეინარჩუნა უფლის ერთგულება და მიქაელ მთავარანგელოზი პირველი შეებრძოლა თვითგანდიდებულ, თავისი თავით მოხიბლულ ლუციფერს, რომელმაც დაცემის შემდეგ თან გაიყოლა ერთ მესამედზე მეტი მისგან ცდუნებული ანგელოზი. ამის შემდეგ მიქაელ მთავარანგელოზმა გადაინაცვლა იერარქიულად ყველაზე მაღალ საფეხურზე და ისევ სერაფიმების დასს მეთაურობს. ქერუბიმთა დასს კი, ლუციფერის დაცემის შემდეგ, მთავარანგელოზი გაბრიელი უდგას სათავეში.
როგორ მოხდა ლუციფერის დაცემა: პირობითად, ერთ მშვენიერ დღეს ლუციფერმა აღმოაჩინა, რომ იგი ყველაზე მეტად კაშკაშებს სხვა ანგელოზებთან შედარებით - ასე აღმოცენდა პირველი ყლორტი ცოდვისა, რომელსაც საკუთარი პიროვნებით მოხიბვლა ჰქვია, სწორედ მისგან იშვება თვითგანდიდების, იმავე ამპარტავნების ყვავილი. ჯერ დაინახა, რომ სხვათაგან გამორჩეულია, მერე თავი დაირწმუნა, რომ სხვისა მჯობნია. განდიდების შემდეგ, როდესაც აღმოაჩენს, რომ ღმერთზე უკეთესი ვერ არის, აკრიტიკებს მას, რომელშიც, რასაკვირველია, საღი აზრი ვერ იქნება, რადგან ეს რაიმე მოვლენის კრიტიკა კი არ არის, აბსოლუტური ჭეშმარიტების კრიტიკაა, ამიტომ მან ყოველი ღონე უნდა იხმაროს, რომ დაარწმუნოს თავისი თავიც და სხვებიც, რომ ის ღმერთზე უკეთესია, რის შემდეგაც ჩნდება ახალი ცოდვის ყლორტი - სიცრუისა. ცდილობს, ღმერთს ისეთი რამ დააბრალოს, რაც მას არ ახასიათებს, იმისათვის, რომ თავისი ცრუ ილუზია შექმნას და სხვის თვალში, საკუთარი პიროვნების წარჩინებულობა წამოსწიოს. სიცრუისაგან წარმოიშვა ცრუბრალდებები, სიყალბე და ცილისწამება. ამიტომაც უწოდებს ქრისტე ეშმაკს სიცრუის მამას, რადგან მან დაბადა სიცრუე მთელ სამყაროში. ლუციფერი ამბობს: "და დავდგამ ტახტსა ჩემსა ვარსკვლავთა ზედა (ანუ ანგელოზთა ზედა) და მე გავხდები ვითარცა ღმერთი". ამის მისაღწევად იგი ცდილობს სხვათა იმგვარივე მეთოდით მოხიბვლას, როგორითაც თავად მოიხიბლა; ცრუ ანალიზით, ცრუ კრიტიკითა და ცრუ ბრალდებით თავის მიმდევართა დარწმუნებას იმაში, რომ ისინიც მასავით სხივმოსილნი და სხვებისგან გამორჩეულნი არიან, ეს კი ახალი ცოდვის წარმოქმნის საბაბი ხდება, რომელსაც შური ეწოდება, შურიდან სიძულვილამდე კი ერთი ნაბიჯია. როგორც ხედავთ, ცოდვათა მთელი ეს ჯაჭვი ხიბლისაგან წარმოდგება და თვალსაჩინო ხდება ჩვენთვის, თუ რა მოჰყვება თვითგანდიდებას. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ადამიანი სულიერთან ერთად, მიწიერი არსებაც არის და გაგვაჩნია როგორც სულიერი, ისე ხორციელი ვნებები. რასაკვირველია, ძალიან ძნელია სულიერ ცოდვებთან შებრძოლება, რაც ადამიანს დამოუკიდებლად არ შეუძლია და ზოგჯერ იგი ხორციელი ცოდვებისკენაც კი გვიბიძგებს. ბოროტმა შურმა, შესაძლოა, ისეთ სიძულვილამდე მიგვიყვანოს, რომ კაენის ცოდვაც ჩაგვადენინოს.
ადამის დაცემის შემდეგ ადამიანს სულიერი ცოდვის მონობა, ხორციელი ხრწნადობა და სნეულება შეეყარა, რაც მისი ფიზიკური სიკვდილით მთავრდება. როგორც ჩანს, ადამს მაინც იმდენი მადლი ჰქონდა ღვთისგან მიღებული, რომ ხორციელ ცოდვას, ასე თუ ისე, მაინც ვუმკლავდებით და ადამიანს დღემდე აქვს შენარჩუნებული სინდისის ქენჯნა და არა სინანულის გრძნობა. სინანული მხოლოდ სინერგიის შედეგია, ესენი არ უნდა აგვერიოს ერთმანეთში.
ხიბლი, როგორც სულიერი ვნება, ადამიანს სისხლ-ხორცში აქვს გამჯდარი. არ არსებობს კაცი დედამიწის ზურგზე, რომ თვითგანდიდებითა და ქედმაღლობით არ იყოს დასნეულებული, რაც ჩვენ ადამის ცოდვით დაცემის შედეგად მემკვიდრეობით გვერგო. შურიც ხომ თვითგანდიდებაზეა აღმოცენებული. ბევრს შეიძლება ისეთი წარმოდგენა არ შეექმნას თავის თავზე, რომ იგი ნაპოლეონ ბონაპარტეა, მაგრამ ისეთი შურით განიმსჭვალოს სხვის მიმართ, იქნებ უმჯობესი ყოფილიყო მისთვის ნაპოლეონად წარმოედგინა თავი, ვიდრე გული სხვისადმი შურითა და ბოღმით ჰქონოდა ავსილი.
ისე როგორც ნებისმიერ ცოდვასთან, ხიბლთან ბრძოლის ერთადერთი საშუალება წმინდა ზიარებაა, რომელსაც წინ უძღვის ლოცვა, მარხვა, აღსარება, წირვა-ლოცვაზე დასწრება და მოძღვრის მიერ მოცემული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დადგენილი ყველა კანონის შესრულება. ქრისტიანობა იმით განსხვავდება ყველა სხვა რელიგიისგან, რომ ჩვენ ყოველდღიურად წინ უნდა ვიაროთ და ბევრად უკეთესები გავხდეთ, ვიდრე ვიყავით გუშინ. სულიერი ცოდვები მხოლოდ ეკლესიური ცხოვრებით დაიძლევა, რადგან უფლის წმინდა სისხლსა და ხორცზე უკეთესი წამალი საკურნებელად სულისა და ხორცისა არც არავის გამოუგონია და ვერც ვერავინ გამოიგონებს.
რაც შეეხება ბერ-მონაზვნებს, ისინი, უდავოდ, ჩვენზე მეტად არიან დაწინაურებულნი სულიერ საფეხურებზე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინიც ხორცშესხმული ადამიანები არიან და მონასტრულ ყოფაში, რაც მეტ სულიერ სრულყოფილებას აღწევენ, მით უფრო მეტი თავდასხმების მოგერიება უხდებათ უხილავი, ბოროტი ძალებისაგან. საერო ადამიანებთან შედარებით, ფორმაც და ტაქტიკაც აბსოლუტურად განსხვავებულია ამ ბრძოლებისა. მაგრამ ამან არ უნდა დაგვაბრკოლოს და ღვთის შემწეობის იმედი არ დაგვაკარგვინოს. ღრმად ვარ დარწმუნებული, როცა კაცი მარჯვენა გზით ანუ ღვთის გზით დადის, ღმერთი მას ხელს გაუწოდებს და დაეხმარება, მთავარია, მოვინდომოთ. უფალი ხომ ყველა ადამიანს მხოლოდ თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს სთხოვს და ისეთს არაფერს, რაც მის ძალებს აღემატება.
2. ილიას მკვლელობამ მართლაც მძიმე სულიერი შედეგი იქონია ქართველ ერზე. ვფიქრობ, ეს ჩვენი დიდი სულიერი ტრაგედიაა.
თუ ჩვენ საქართველოს ბედ-იღბლის ირგვლივ ვილაპარაკებთ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დაკარგვა მეტად მტკივნეულია ჩვენი თაობისთვის, მაგრამ მინდა შევახსენო ჩვენს ხალხს, რომ აფხაზეთზე სამჯერ მეტი ტერიტორია საქართველოსი თურქეთშია, რომელიც წარმოუდგენლად დიდი დანაკლისია ჩვენი ერისათვის. ჩვენი ვალია, გვახსოვდეს თურქეთის საქართველო. მე წინააღმდეგობის მოძრაობას ვხელმძღვანელობ. წელს 300 ქართული სოფელი შემოვიარეთ თურქეთში, ძალიან მძიმე ვითარება დაგვხვდა. სარწმუნოების დაკარგვაზე უკვე აღარ არის ლაპარაკი, ჩვენი თვისტომი იქ ქართულ ენასაც კარგავს და დღემდე შემორჩენილ უძველეს ტრადიციებსაც. ამიტომ თურქეთის საქართველო, აფხაზეთი და ცხინვალი ჩვენი ეროვნული ტრაგედიაა.
ნინო ჟღენტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიოფონდის (ოქროს ფონდის) ხელმძღვანელი. 1. ადამიანში ყველა თვისებაა თავმოყრილი: სიკეთე, ბოროტება, ქველმოქმედება, სიყვარული, სიძულვილი, თავმდაბლობა, ამპარტავნება, გააჩნია, ვინ რა თვისებას განავითარებს თავის თავში, ამაში კი აღზრდას და ოჯახს ძალიან დიდი ადგილი უკავია. როცა ადამიანი ბავშვობიდანვე ეკლესიურ გარემოში იზრდება, ცხადია, ეს აყალიბებს მის რწმენას, რაც პიროვნებას ხელს უწყობს, ჩაუღრმავდეს საკუთარ თავს, შეიმეცნოს სამყარო, ისწავლოს კეთილისა და ბოროტის ერთმანეთისგან გარჩევა. ეკლესიური აღზრდა დაგვანახებს და აღმოგვაჩენინებს ჩვენს ნაკლოვანებას, რაც დაგვაძლევინებს ხიბლს და საკუთარ შესაძლებლობებზე გაზვიადებული წარმოდგენის შექმნას.
როგორ მოვძებნოთ ჩვენს თავში ოქროს შუალედი ზომიერების მისაღწევად? ალბათ ამისათვის აუცილებელი პირობა იქნება სხვა ადამიანებში აღმოვაჩინოთ სიკეთე და არ შევიქმნათ იმის ილუზია, რომ სხვაზე კეთილი ვართ, წარმატების მიღწევის შემთხვევაში უნდა ვაიძულოთ თავი, არ შეგვექმნას ყველასაგან გამორჩეულობის ამბიცია. არც ის ვარგა, ადამიანი მხოლოდ სხვას შეჰყურებდეს და არ აფასებდეს საკუთარ შესაძლებლობებს. როგორ შეიძლება ღვთისთვის მოსაწონი იყოს უმოქმედობა? პირიქით, კაცმა მიზანიც უნდა დაისახოს და ამ მიზნის განხორციელებისთვისაც უნდა გაიხარჯოს, მაგრამ როდესაც საქმე კარგად წარემართება, ეს მხოლოდ საკუთარ ნიჭსა და შესაძლებლობებს კი არ უნდა მიაწეროს, მადლობა უნდა შესწიროს ღმერთს იმისათვის, რომ დასახულ მიზანს უფლის დახმარებით წარმატებულად გაართვა თავი და ამ შემთხვევაში ყველაფერი თავის ადგილას დადგება. თითქოს ეს ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ სინამდვილეში ამ სულიერ მდგომარეობამდე მისვლას დიდი ჯაფა სჭირდება. წმინდა დავით მეფე შესანიშნავად ამბობს 50-ე ფსალმუნში, მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს: ე.ი. თუ ჩვენ თავს დავიმდაბლებთ, მაშინ შეგვეძლება საკუთარი თავის მართვა, ღმერთიც არ გაგვწირავს და შეგვეწევა. დაკვირვებული ვარ, ფუფუნებასა და უზრუნველყოფილ ცხოვრებას ვერ იტანს ადამიანი, რადგან უფრო მეტის მოთხოვნილება უჩნდება, მის სურვილებს აღარ აქვს დასასრული და ყველაფერი გაუმაძღრობაში გადადის. თანაც ფიქრობს, თავისი შრომითა და გარჯით მიაღწია ყოველივეს, საბოლოოდ კი, მისი საფიქრალი მხოლოდ სიმდიდრის დაგროვებაა, აღარც ღმერთზე ფიქრისთვის რჩება დრო და აღარც ცოდვებსა და სულის გადარჩენაზე გასარჯელად. ხიბლს ადამიანი ვერაფრით მოერევა, თუ თავის დამდაბლებისთვის არ იზრუნა, ამის შესანიშნავი მაგალითი მაცხოვარმა მოგვცა. ვინ იყო მასზე დიდი დედამიწაზე, მაგრამ ჩვენთვის რომ წარმოუდგენელი თავმდაბლობის ნიმუში მოეცა, თავის მოწაფეებს ფეხი დაბანა და ამით უდიდესი სიყვარულიც გამოხატა მათ მიმართ. თუ სახარბისეულ და წმინდათა მაგალითებს გავითვალისწინებთ, ხიბლისთვის აღარ დარჩება ჩვენს გულში ადგილი. სულიერი დიდებაც ადამიანისა ხომ იმით განისაზღვრება, თუ როგორ შეეძლება მოკრძალებულად იცხოვროს და დაიტიოს მის თავში ის მადლი და სიყვარული, რასაც მისი მონდომების სანაცვლოდ მიიღებს ჯილდოდ ღვთისაგან. ადამიანი ძალიან სუსტი და უმწეო არსებაა დაცემული ბუნების გამო, უცოდველი ხომ ამქვეყნად არავინაა, მაგრამ ღვთის დახმარებით უნდა შევეწინააღმდეგოთ იმ ვნებებს, რომლებსაც დაღუპვისაკენ მივყავართ. ამისთვის კი ჩვენ ღმერთმა დაგვიდგინა ზნეობრივი კანონები: ათი მცნება და 9 ნეტარება, რომლის შესრულებაც ყველასთვის სავალდებულოა. "არა ჰქმნა თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი", "არა კაც-ჰკლა", "არა იმრუშო", "არა იპარო", - გვასწავლის ათი მცნება, "ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა (ანუ სულით დამდაბლებულნი), რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა" - წერია ცხრა ნეტარების პირველ მუხლში, ამიტომ ყველანი იქითკენ უნდა მივისწრაფოდეთ, რომ ცხოვრებაში ვასრულებდეთ უფლის მიერ დადგენილ კანონს. ალბათ ბევრი შემომედავება, წარმოუდგენელია დღევანდელ პირობებში უფლის მცნებების შესრულებაო. რასაკვირველია, მაგრამ სრულყოფილების მისაღწევად და სულის გადასარჩენად სხვა გზა უფალს არ უსწავლებია ჩვენთვის.
ადამიანი რაც უფრო გამორჩეული და პოპულარულია, უმეტეს შემთხვევაში მით მეტია მასში თავისი პიროვნებით მოხიბლულობისა და თავდაჯერებულობის მომენტი. მწერლები და შემოქმედებითი ტალანტით დაჯილდოებული გენიოსები არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მათგან ხორცშესხმული გმირების ცხოვრებითაც ცხოვრობენ. კონსტანტინე გამსახურდია აბსოლუტურად განსხვავდებოდა პიროვნულად თავისი გმირებისგან და ეს ბუნებრივიცაა, მას ლუკაია ლაბახუას ცხოვრებაც ჰქონდა გამოვლილი, დედისიმედის, ანუ ქალის აზროვნებითაც უფიქრია და საქართველოს მეფეებისა და კათალიკოსთა ცხოვრებითაც უცხოვრია. ამიტომ იგი რას ამჟღავნებდა პიროვნულად, ჩვენთვის აღარ უნდა იყოს მნიშვნელოვანი. მახსოვს, 70-იან წლებში თბილისში ხმა გავრცელდა: ერთხელ, როდესაც ბ-ნი კონსტანტინე კოლხურ კოშკში ტაქსით მისულა, მისთვის მძღოლს შეუჩივლია: "გუშინ მე აქ ყმაწვილი ამოვიყვანე (საუბარი იყო ბ-ნ ზვიად გამსახურდიაზე), რომელმაც თქვენზე ორჯერ მეტი გადამიხადაო". ბ-ნ კონსტანტინეს უთქვამს: "თქვენ ვინც ტაქსით ამოიყვანეთ, იმის მამა მილიონერია, მე კი ობლობაში გავიზარდეო". ჩვენ არ გვაქვს უფლება, ხელაღებით ვილაპარაკოთ შემოქმედებზე, რადგან ვფიქრობ, ისინიც გამტარები არიან და თავიანთი შემოქმედების ფერუხვი და მრავალფეროვანი პალიტრით როგორც დადებით, ისე უარყოფით პერსონაჟთა პორტრეტების მდიდარ გალერეას ქმნიან, რომლებიც გვეხმარებიან ინტელექტის განვითარებაში, თეთრისა და შავის, ბოროტისა და კეთილის გარჩევაში, თუ ისინი, რა თქმა უნდა, მაღალი სულიერი იდეალების სამსახურში არიან ჩაყენებულნი. მათი ცხოვრება აღსავსეა ადამიანებზე ფიქრით და ფართო და მრავალმხრივი ინტერესებითა და შთაბეჭდილებებით, რომელთაც ისე ვერ მოვთხოვთ, როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს.
უკანასკნელ წლებში შეინიშნება ისიც, რომ ბევრ ადამიანს მოძღვრის შერჩევა უჭირს. ხშირად კითხულობენ, ესა თუ ის მოძღვარი მკაცრია თუ ლმობიერიო. მე ბევრი გამოცდილი მოძღვრისგან მომისმენია, კაცი რომ ტაძარში მოვა, ის უკვე ანგელოზმა მოიყვანა და ძალიან კარგად უნდა შეხვდე, რომ საერთოდ არ დააფრთხო და ხელი არ ააღებინო ეკლესიაში მეორედ მოსვლაზე. მას ყველაფერი უნდა ასწავლო და დაეხმარო პირველი ნაბიჯების გადადგმაში, ყველაფერი უნდა გააკეთო მისი ნდობის მოსაპოვებლად. ვფიქრობ, ამაში არის გარკვეული ლოგიკა, ქრისტეც ხომ ამას ამბობს: "მე ცოდვილთა და ავადმყოფთა განსაკურნებლად მოვედი". შენდობის, თავმდაბლობისა და მიმტევებლობის უდიდეს მაგალითს გვაძლევს უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, ის ყველას მიუტევებს და ვფიქრობ, ბერმაც და ერმაც მისგან უნდა ვისწავლოთ. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ხიბლში ბერმონაზვნებიც ვარდებიან, ესეც ადამიანურია, რადგან ბერად არვინ არ იბადება და მერე ირჩევს ასეთი ცხოვრების წესს, ბრძოლა მონასტერში უფროა, ვიდრე ერში. ხომ არის, როცა ლოცვის დროს გაგვექცევა სიტყვები ფიქრის გამო და შემდეგ თავიდან ვიწყებთ წაკითხვას. ასეა მონასტერშიც, ძნელია ყველაფრის ერთბაშად მოკვეთა და ახალ პირობებთან შეგუება. როგორც წმინდა დავით მეფსალმუნე ამბობს, ყველა ადამიანები ცოდვით ვიბადებით, რომელიც მემკვიდრეობით, გენეტიკურად გვაქვს მიღებული ჩვენი წინამორბედებისგან, ამიტომ ღმერთის გარდა, ვერავინ დაგვეხმარება მათ დაძლევაში. ბედნიერები ვართ, რომ ეკლესია არსებობს და ჩვენი სარწმუნოება გვაძლევს სინანულის, ცოდვათა მონანიებისა და ღმერთთან გაწყვეტილი კავშირის აღდგენის საშუალებას, რომელიც მაცხოვარმა მის მიერ გაღებული უდიდესი მსხვერპლის საზღაურად აღგვიდგინა.
2. საუკუნის ცოდვა ბევრი იყო, მაგრამ მე მაინც თბილისის ომს გამოვყოფდი. არაფრია იმ ცოდვაზე საშინელი, ძმა რომ ძმაზე ხელს აღმართავს და ღვთისგან მიცემულ სიცოცლეს მოუსპობს. აკი, ვიმკით კიდეც ამ ცოდვის ნაყოფს. ერი დაქუცმაცდა, ოჯახები დაინგრა, ვერ გამოვდივართ სოციალური და ეკონომიკური კრიზისიდან, დაიკარგა საქართველოს ტერიტორიები, გამოსავალი კი არ ჩანს. ეს ყველაფერი თბილისის ომის შედეგია, რომელიც ყველას მოგვეკითხება.
თემის განხილვაში მონაწილეობს თბილისის გლდანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი ირაკლი კუთხიშვილი.
- მამა ირაკლი, როგორი სულიერი მდგომარეობა არის ხიბლი?- ხიბლი არის ისეთი სულიერი მდგომარეობა, როდესაც ადამიანი კმაყოფილია მიღწეულით და ქედმაღლობს, სხვას ზემოდან დაჰყურებს. ამიტომ შესაძლებელია, იგი ბევრ სხვა ცოდვაშიც ჩავარდეს, რადგან ხიბლი პირველი საფეხურია ამპარტავნებისა, თავიდათავია როგორც სულიერი, ისე ხორციელი ცოდვებისა. ხიბლის დროს იწყება განდიდება საკუთარი თავისა, სხვათა დაცინვა-გაქილიკება, შექმნა ისეთი აზრისა, რომ მხოლოდ ის არის მართალი და ანგარიშგასაწევი. ყველაზე სახიფათო ხიბლის ისეთი მდგომარეობაა, როდესაც ადამიანი ამას ვერ ხვდება და არც არავისგან იღებს მითითებას ან შენიშვნას. სამწუხაროდ, თუ ამან დიდხანს გასტანა და არ გამოსწორდა, ადამიანი სხვა ცოდვებშიც ჩავარდება და საბოლოოდ განწირულია ადამიანი დასაღუპავად. ადამიანები როცა რაიმე პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან და თავის სულიერ უძლურებას დაინახავენ, ასეთი ჭკუისსასწავლებელი შემთხვევები, შესაძლოა, გადამრჩენელიც კი გახდეს მათი სულისათვის.
ხიბლს, როგორც სულიერ კატეგორიას, არა მხოლოდ სარწმუნოებრივი პოზიციიდან განიხილავენ, არამედ ფილოსოფიურ მეცნიერებაშიც. ამ მხრივ განსაკუთრებული ადგილი უკავია კანტის "წმინდა გონების კრიტიკას", რომელმაც გამიჯნა კანტამდელი და კანტისშემდგომდროინდელი ფილოსოფიური აზროვნება. ამ ფილოსოფიური შრომის ფუძემდებლური მნიშვნელობა ისაა, რომ საკუთარი თავის კრიტიკით დაწყებულმა პოზიციამ შეიძლება ადამიანი სწორ აზრამდე მიიყვანოს, თუ თვითკრიტიკულნი ვიქნებით და გავაანალიზებთ საკუთარ აზრებსა და საქციელს, თუ შეცდომებს არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვისი თვალითაც დავინახავთ, ეს თავიდან აგვაცილებს ხიბლს და სწორ პოზიციაზე დაგვაყენებს. თვითკრიტიკული ადამიანი თავმდაბალიც არის და მორჩილებითაც გამოირჩევა.
რატომღაც ჩვენში კარგ ტონად არ ითვლება ჯანსაღი კრიტიკა და შენიშვნის მიცემა, ჩვენში მხოლოდ იციან დაცინვა პიროვნებისა, ან მისი საქციელისა, რაც შეურაცხყოფაში გადადის. ამ დროს მთავარი ის კი არ არის, რომ ვინმეს რაიმე შეეშალა და ამის გამო განვიკითხოთ, უნდა დავეხმაროთ შეცდომის გამოსწორებაში, მით უმეტეს, თუ იგი ხიბლშია.
- ცნობილია, რომ ხიბლში ბევრი სასულიერო პირიც ჩავარდნილა. რით აიხსნება ეს?- სასულიერო პირებს, განსაკუთრებით კი ბერ-მონაზვნებს, მეტი სულიერი ბრძოლის გადატანა უხდებათ. ისინი პირველ რიგში საკუთარ თავთან, საკუთარ აზროვნებასთან ჭიდილში არიან, რომელიც ზოგჯერ თავის თავში თვითკმაყოფილებასაც მოიცავს დ არა სხვა რომელიმე კონკრეტულ ცოდვას, რომელსაც, ვთქვათ, რაღაც ქმედება სჭირდება. ხიბლი ისეთი ცოდვის სახეობაა, რომელიც სულიერი განვითარების ყველა ეტაპზე შეიძლება შეეყაროს კაცს, რადგან სადაც ჩნდება საკუთარ თავში რაიმე მიღწეულით კმაყოფილება, სწორედ იქ იბუდებს, არა აქვს მნიშვნელობა, ბევრს მიაღწევს თუ ცოტას, ზოგიერთი ხომ მცირედითაც კმაყოფილია, განსაკუთრებით ეს ახალგაზრდა სასულიერო პირებზე ითქმის, რომელთაც ნაკლები გამოცდილება აქვთ სულიერ ვნებებთან ბრძოლისა. მახსენდება ერთი პატერიკი წმინდა მამათა ცხოვრებიდან. ეშმაკმა ბერი მრუშობის ცოდვით დასცა, იერარქიულად მაღალ საფეხურზე მდგომი მეორე ეშმაკი ამ ეშმაკს უსაყვედურებს, "ეს რა ქენი, მე ამისთვის გამზადებული მქონდა ხიბლისა და ამპარტავნების საცდური, რომლისგანაც თავს ვერ დაიხსნიდა, ახლა კი ის სინანულში ჩავარდება, მთელი ცხოვრება ინანებს და გადარჩებაო". ანუ სადაც სინანული და ცოდვაზე დაფიქრებაა, იქ არის გადარჩენის გზა. ხოლო სადაც თვითკმაყოფილება, მიღწეულით ტკბობაა და მზერა მხოლოდ სხვათა ჩადენილი ცოდვებისკენაა მიმართული, იქ ხიბლი და ამპარტავნებაა, რომელსაც საბოლოოდ ეგოიზმისკენ, თვითგანადგურებისა და ნარცისიზმისკენ მიჰყავს ადამიანი და სულიერად ფიტავს მას. ასეთ ადამიანს ბოლოს თავი ღმერთზე უკეთესი ჰგონია. დაცემულმა მთავარანგელოზმაც ეს წარმოიდგინა თავის დროზე. ერთი შეხედვით, თითქოს ამაში ცუდიც არაფერია, იყო კეთილი ვითარცა ღმერთი, მაგრამ ამპარტავნება და ხიბლის მდგომარეობაში ყოფნა სწორედ იმიტომ არის საშიში და საშინელი, რომ აქ გამორიცხულია კეთილზე ლაპარაკი.
- ადამიანები ხშირად ინანიებენ აღსარებაში ხიბლისა და ამპარტავნების ცოდვას და თქვენ, პირადად, როგორც ახალგაზრდა მოძღვარი, რა გამოცდილებას იყენებთ, მრევლს რომ სწორად ურჩიოთ?- მე 12 წელია მოძღვარი ვარ, მანამდე 3 წელი დიაკვნად ვმსახურობდი. ჩემს გარშემო მრავალი სასულიერო პირი ტრიალებდა, მათ შორის ისეთებიც იყვნენ, რომელთაც 40-წლიანი სასულიერო მოღვაწეობის გზა ჰქონდათ გამოვლილი ბერობაში. მათი გამოცდილება ყოველთვის დიდ ინტერესს აღმიძრავდა. ვუსმენდი, თუ რა სიძნელეები გადალახეს და დავრწმუნდი, რომ შეიძლება ადამიანმა სრულყოფილებას მიაღწიოს გამოცდილი მოძღვრების გვერდით. თუ ყოველდღიურად ვლოცულობთ, იყოს ნება ღვთისა, მაშინ უნდა მივენდოთ კიდეც უფლის ნებას და თუ მასწავლებელსაც გამოგვიგზავნის გამოცდილი მოძღვრის სახით, ამაზე კარგი რა უნდა იყოს? რატომ უნდა გამოვიგონოთ ველოსიპედი თავიდან, როცა უკვე გამოგონილია?
სხვათა შორის, ადამიანები ხიბლის მომენტს ნაკლებად ამჩნევენ, მაგრამ მოძღვრის დაკვირვებაც სწორედ აქ არის საჭირო, რომ მან უნდა შეახსენოს ამის შესახებ, თუმცა მრევლში არიან ისეთებიც, რომლებიც დიდი ხანია დადიან ეკლესიაში და უკვე იციან, რომ ამპარტავნება და ხიბლი ისეთი ცოდვებია, რომლისგანაც ვერავინ იქნება დაზღვეული და ყოველთვის ამახვილებენ ამ ცოდვაზე ყურადღებას.
- რა დამახასიათებელი ნიშნით გამოარჩევთ ხიბლში მყოფს?- არიან ისეთები, რომლებიც ძალიან ბევრს იღებენ თავის თავზე, კითხულობენ დაუჯდომლებს, ძალიან ბევრს ლოცულობენ, ცდილობენ, სხვებზე მკაცრად დაიცვან მარხვა, ზოგიერთი მათგანი თავს იმითაც გამოიჩენს, რომ გვთხოვს, ვილოცოთ თვითმკვლელებისთვის და ამით იმის ხაზგასმას ცდილობს, რომ უფლის მართლმსაჯულებაზე წინ უნდათ დადგნენ, მასზე კეთილად წარმოაჩინონ თავი, რადგან ეკლესია თვითმკვლელებს ლოცვაში არ მოიხსენიებს. ესეც, გარკვეულწილად, ხიბლის მომენტია, როცა ვცდილობთ, ღმერთზე მოწყალენი ვიყოთ, მეორე წუთში კი არ მივუტევოთ ადამიანს. ჩვენ პირველ ეტაპზე ვცდილობთ, არ გადავტვირთოთ ტაძარში ახალმოსული ბევრი ლოცვებით, ყველა საფეხური ნელა, მოთმინებით და ნებისყოფით გავიაროთ. ამპარტავნება ბევრ რამეში ვლინდება, რასაც მოძღვრის დროული რეაგირება სჭირდება. ანტონი დიდს მარხვაც კი აუკრძალავს ზოგიერთისთვის. ხიბლში რომ არ ჩავარდნილიყო, დიდმარხვაში ხორცის ჭამის კურთხევა მიუცია. მოძღვარი ვალდებულია, მიუთითოს ადამიანს, დაანახოს, რაში ცდება და დაეხმაროს მას რომელიმე კონკრეტული ცოდვის დაძლევაში. შეიძლება ეპიტიმიაც დავადოთ, რომელიც მხოლოდ ზიარების გადაწევაში ან მეტანიების შესრულებაში არ გამოიხატება, თუ ის ხიბლში იმყოფება, სხვა ფორმა გამოვიყენოთ ამ მდგომარეობიდან გამოსაყვანად, ვთქვათ, დავავალოთ ისეთი სამუშაოს შესრულება, რომელიც აქამდე მიუღებელი იყო მისთვის, რაც დაეხმარება პატივმოყვარეობის დაძლევაში, დააფიქრებს იმაზე, რომ ნებისმიერი საქმის კეთება მისაღები უნდა იყოს ადამიანისთვის.
- საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნება თავისთავად არის თუ არა ხიბლის შემცველი?- ზოგადად ადამიანს უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის რწმენაც, ეს მის სურვილებზეც არის დამოკიდებული. თუ ადამიანს კეთილი საქმის მოწოდება აქვს, ღმერთიც შეეწევა მის საქმეში. რასაკვირველია, ადამიანს უნდა სწამდეს და სჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების, მაგრამ არა მოჭარბებულად.
- მადლობას მოგახსენებთ.