1. რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას და ტრადიციულად, როგორ აღნიშნავენ თქვენს ოჯახში ამ დღესასწაულს?
2. ილიას მკვლელობის შემდეგ რა მიგაჩნიათ საუკუნის ცოდვად, რომელიც შავ ლაქად დარჩება ჩვენი ერის ისტორიაში?ანკეტის შეკითხვებს უპასუხებენ არქიტექტორი
გიორგი ავსაჯანიშვილი და მუსიკოსი
ეთერ ეზუგბაია.
გიორგი ავსაჯანიშვილი, 75 წლის, არქიტექტორი, თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის პროფესორი. 1. დავიბადე და გავიზარდე ორთაჭალაში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის გვერდით, ხარფუხის ასახვევთან. ბავშვობიდან მახსოვს ამ ტაძრის დღესასწაულები, აღდგომის ღამისთევის მსახურება. სამამულო ომის წლებში ტაძარი დახურეს და საწყობად გადააკეთეს, ამიტომ ჩვენი ოჯახი სიონის საკათედრო ტაძარში დავდიოდით. ვმადლობ ღმერთს, რომ სკოლის პერიოდში და მას შემდეგაც ვახერხებდი სააღდგომო ლიტანიობაზე დასწრებას. დღესდღეობით მეტწილად ტელევიზიით ვადევნებ თვალ-ყურს პატრიარქის მიერ წმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღვლენილ სააღდგომო წირვა-ლოცვას. უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორესთან ყოველთვის ახლო ურთიერთობა მქონდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 11 წლის წინ ქალიშვილი გარდამეცვალა. სწორედ მისმა ბრძნულმა დარიგებებმა გადამატანინა ეს დიდი ტრაგედია. პატრიარქთან სიახლოვე ჩემი საქმიანობიდანაც გამომდინარეობს. უკვე 9 წელია, ვმუშაობთ სქელტანიან ტრილოგიაზე "ნათელი ქრისტესი საქართველო". მე ამ წიგნის მთავარი მხატვარი ვარ. გამოსაცემად მზად არის მესამე ტომი, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებს ეძღვნება. ტრილოგიის მესამე წიგნისათვის განსხვავებული შრიფტი შევქმენი და დავარქვი "პატრიარქი", რომელიც ძალიან მოეწონა უწმინდესს.
2. კარგად მახსოვს სამამულო ომის პერიოდი. 1956 წლის 9 მარტს მეც ვმონაწილეობდი თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაში მთავრობის სახლის წინ, სადაც კავშირგაბმულობის შენობასთან მრავალი ახალგაზრდა დახვრიტეს, მათ შორის იყო ჩემი უახლოესი მეგობარი... მას შემდეგ ბევრი ტრაგიკული ფურცელი ჩაიწერა ჩვენი ერის ისტორიაში. მრავალთაგან პირადად მე გამოვყოფდი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს, რამაც საბოლოოდ საქართველოს ეს ძირძველი ტერიტორიები დაგვიკარგა (ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასეა).
აფხაზეთი ჩემი ტკივილია, რომელზეც ვერ ვილაპარაკებ უცრემლოდ - იქ გავატარე ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები. როგორც არქიტექტორს, აფხაზეთში ბევრი პროექტი მაქვს გაკეთებული, გარდა ამისა, სოხუმში, გაგრაში, ახალ ათონში ბევრი მეგობარი მყავდა და აფხაზ ხალხთან დიდი სიახლოვე მაკავშირებდა, ოჯახებით ვმეგობრობდი ფილიებთან, რომლებიც ხშირად ჩამოდიოდნენ ჩემთან თბილისში. ბაღაფშის ქორწილშიც ვარ ნამყოფი. წარმოიდგინეთ, რა ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. გაგრაში ჩემი პროექტით აიგო საკავშირო მნიშვნელობის სანატორიუმი, სოხუმში - სასტუმრო, ცხინვალში - ის ადმინისტრაციული შენობა, რომელშიც დღეს კოკოითის სეპარატისტული მთავრობაა გამაგრებული. ჩემი ალალი ბიძაშვილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას შეეწირა აფხაზეთში. იგი ტყვეობაში წამებით მოკლეს, ისე როგორც ჟიული შარტავა, რომელიც ჩემი უახლოესი მეგობარი იყო, ამიტომ ყველაფერი ვიცი, რაც აფხაზეთში მოხდა.
აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩემი მოუშუშებელი ჭრილობაა, რომელსაც ბოლო პერიოდში საქართველოში მომხდარ ვერც ერთ ტრაგედიას ვერ შევადარებ.
ეთერ ეზუგბაია, მუსიკოსი, ამჟამად უმუშევარი. მისი მეუღლეა დავით დემეტრაშვილი, შვილები: გიორგი და ნიკოლოზი.
1. აღდგომის სიხარული მას შემდეგ ვიგრძენი, რაც ეკლესიური გავხდი. ოჯახში მართალია ბევრი კომუნისტი გვყავდა, მაგრამ აღდგომას კვერცხს ყოველთვის ვღებავდით. ისე, როგორც ყველა ბავშვს, კვერცხის დაჭახუნება და გატეხა დიდ სიხარულს მგვრიდა, მაგრამ ყველაფერი ეს უფრო რიტუალურ ხასიათს ატარებდა, რომელსაც რწმენასთან საერთო არ ჰქონდა.
ეროვნებით აფხაზი ვარ. მართალია თბილისში დავიბადე, მაგრამ ბავშვობის წლები გავატარე სამურზაყანოში, სადაც ჩემი დიდი წინაპრები ბზიფის ხეობიდან ჩამოსახლებულან საუკუნეების წინათ. სამურზაყანო, რომელსაც დღეს გალის რაიონის სახელით მოიხსენიებენ, არც აფხაზეთს ეკუთვნოდა და არც სამეგრელოს, მაგრამ ოდითგან აფხაზებითა და მეგრელებით იყო დასახლებული. სხვას ამ მიწაზე არავის უცხოვრია. გაუგებარია, დღეს რატომ არის იგი აფხაზეთის შემადგენლობაში. როცა წამოვიზარდე და მოვიკითხე, ვინ იყო ჩემი ნათლია, ზუსტად ვერავინ მეუბნებოდა ამის შესახებ. ბებიაჩემი, მამაჩემის დედა, დუნია ჩიკვატია ვარაუდობდა, რომ როცა ჩვილი ვიყავი, ერთ პიროვნებას ილორში უნდა წავეყვანე მოსანათლად, მაგრამ დარწმუნებით დედაჩემიც ვერ მეუბნებოდა, შედგა თუ არა ჩემი ნათლობა, ამიტომ 19-20 წლის ვიქნებოდი, როდესაც ჩემი ნებით სიონის ტაძარში მოვინათლე, ეს რიტუალიც იმიტომ შედგა, რომ ადამიანი, რომელსაც უნდა მოვენათლე, ძალიან მიყვარდა. ჩემს ცხოვრებას სულ სხვაგვარი აზრი შეეძინა მას შემდეგ, რაც მორწმუნე გავხდი. აღდგომის მადლი და სიხარულიც მას შემდეგ შევიგრძენი. ჩემი რწმენის საბაბი კი ერთ საოცარ თავგადასავალს უკავშირდება. 1985 წელს ძალიან ავად გავხდი, მაღალი სიცხე მქონდა. ოთახში, სადაც ვიწექი, ჩემს თავთან, ღვთისმშობლის ხატი ეკიდა. როცა ჩამთვლიმა, ვხედავ, სიზმარში ნაცრისფერი ცა უცებ შეიცვალა და საოცრად ლურჯი გახდა, თითქოს ცა გაიხსნა და ცის სიღრმეში ღვთისმშობლის სილუეტი გამოისახა. საკვირველია, მე მისი ხმა არ გამიგონია, მაგრამ ღვთისმშობლის ნაღვლიან, საყვედურნარევ და ამასთანავე, სიყვარულით გამთბარ შემოხედვაში ისეთი აზრი წამოვიდა, თითქოს მეტყველებდა, მისი სიტყვები ცხადად დამამახსოვრდა: "ჩემი შვილი თქვენთვის ჯვარს ეცვა, თქვენ კი რას შვრებით?" ამ სიტყვებმა რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება, მეორე დღიდან დავიწყე სასულიერო ლიტერატურის ძებნა, ინტენსიურად ვეცნობოდი აღმოსავლეთის ქვეყნების რელიგიებსა და ფილოსოფიურ მიმდინარეობებს. 2 წლის შემდეგ ისევ ღვთისმშობლის შემწეობით ხელში ჩამივარდა სახარება, რომელიც იმ დროს ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენდა. სახარებამ იმდენად დიდი ზემოქმედება მოადინა ჩემზე, რომ იქ მოთხრობილი ამბები აღარ გამომდიოდა თავიდან, ბოლოს მივხვდი, რომ მის გარეშე აზრი არ ექნებოდა ჩემს ცხოვრებას, რადგან ქრისტიანობა ყველაზე ჭეშმარიტი მოძღვრება იყო და ასე გავხდი მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი. ათი წელი მაინც იქნება, რაც სააღდგომო ღამისთევის მსახურებას ეკლესიაში ვესწრები და მეც განვიცდი და ვიზიარებ იმ საერთო სიხარულს, რაც ამ დღესასწაულს მოაქვს ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის.
2. 1989 წლის 9 აპრილიდან მოყოლებული, ყველაფერი, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ჩემთვის სულ შავი ლაქაა, რომელიც თანდათანობით კი არ მცირდება, უფრო და უფრო იზრდება. მაშინ, როდესაც საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და ყველაფერი აირია, მე ტელევიზიაში ვმუშაობდი. იმხანად ბავშვს ველოდებოდი და ღმერთმა დამიფარა, რომ ამ მიზეზით არ ვმონაწილეობდი იმ აქციაში, რომელიც ტელევიზიის წინ მიმდინარეობდა. შეიძლება ზოგი შემომედავოს, ბევრი რამ დღეს უკეთესობისკენ შეიცვალა ჩვენს ქვეყანაშიო, მაგრამ ვიზუალური ცვლილება ალბათ ბევრს არაფერს ნიშნავს. ფაქტია ის, რომ სულიერი და მატერიალური თვალსაზრისით ვერ დავწინაურდით. რაც უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე ხდება, ჩემთვის იმდენად მიუღებელია, რომ მე პირადად ეს მიმაჩნია საუკუნის ცოდვად, რომელიც ადრე თუ გვიან მოგვეკითხება და მართლაც შავი ასოებით ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში.
თემის განხილვაში მონაწილეობს ვაკის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჯიბუტი. - ქრისტე აღსდგა!
ჭეშმარიტად აღსდგა! ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას მართლმადიდებელ სამყაროში დღესასწაულთა დღესასწაულს უწოდებენ, რომელიც ქართველ ხალხში თვით ათეიზმის ეპოქაშიც პოპულარობით სარგებლობდა.
აღდგომა უდიდესი სიხარულის მომნიჭებელი დღესასწაულია. ჩვენს ხალხში იგი ყოველთვის აღინიშნებოდა. სამოცდაათწლიანი ათეისტური რეჟიმის დროს ხელისუფლება ებრძოდა ამ დღესასწაულს, მაგრამ ვერაფერი მოუხერხა.
უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ქადაგების დროს მომისმენია, რომ ათეისტები აწყობდნენ დისკუსიებს ხალხში რწმენის აღმოსაფხვრელად, ხშირად იწვევდნენ მორწმუნეებს ან აქა-იქ შემორჩენილ მღვდლებს, რათა ხალხის წინაშე ვითომ გამოეაშკარავებინათ სარწმუნოების სიცრუე. ერთ-ერთი ასეთი შეკრების დროს, როცა ლექტორმა დაამთავრა თავისი სიტყვა, დამცინავად მიმართა მორწმუნეებს, გამოსულიყვნენ და ეთქვათ, თუ რითი შეეძლოთ დაემტკიცებინათ თავიანთი რწმენის ჭეშმარიტება, წამოდგა ერთი ხნიერი კაცი და დარბაზს მხოლოდ ორი სიტყვით მიმართა: "ქრისტე აღსდგა!", ხალხმა ერთხმად უპასუხა: "ჭეშმარიტად აღსდგა!". ლექტორი მიხვდა, რომ ლექციამ ფუჭად ჩაიარა და შერცხვენილმა დატოვა დარბაზი.
- აღდგომას მიწიერი და ზეციური ეკლესია ერთიანი სიხარულით ეგებება, ერთიანდება ზეცა და დედამიწა...– ხალხში ხშირად ასეთი წარმოდგენაა, რომ აღდგომა თითქოს მიცვალებულთა დღესასწაულია. აღდგომა უპირველესად ცოცხალთა, სიცოცხლის დღესასწაულია, რადგანაც იოანე ოქროპირი თავის სააღდგომო სიტყვაში წერს: "აღსდგა ქრისტე და არცაღა ერთი მკვდართაგანიღა არს საფლავსა შინა". ამ დღეს საფლავზე გასვლაც არ არის საჭირო. საფლავებზე უნდა გავიდეთ აღდგომის მეორე დღეს, რომელსაც საფლავთა კურთხევა ეწოდება. ამ დღეს უნდა მივულოცოთ ჩვენს მიცვალებულებს აღდგომა და ვახაროთ, რომ "მკვდრეთი აღდგა ქრისტე, განსვენებულთაგან პირველი, ვინაიდან, როგორც კაცის მიერ მოვიდა სიკვდილი, ასევე კაცის მიერ მკვდრეთით აღდგომა. ვინაიდან როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში" (I კორინთ. 15,16-22).
ქრისტეს აღდგომა ჩვენი სარწმუნოების საფუძველია. ეს არის უმთავრესი და დიადი ჭეშმარიტება. მოციქულები სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ ქადაგებას სწორედ აღდგომის ხარებით იწყებდნენ. ქრისტეს სიკვდილით აღსრულდა ჯვარზე ჩვენი გამოსყიდვა, ხოლო ქრისტეს აღდგომით გვებოძა მარადიული ცხოვრება, ამიტომაც არის ქრისტეს აღდგომა ეკლესიის მუდმივი დღესასწაული. ქრისტეს აღდგომით მოხდა გამარჯვება ჯოჯოხეთსა და სიკვდილზე. ისევ იოანე ოქროპირს თუ დავესესხებით: "სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევა შენი? აღსდგა ქრისტე და დაირღვი შენ, აღსდგა ქრისტე და დაეცნეს ეშმაკნი, აღსდგა ქრისტე და იხარებენ ანგელოზნი".
ქრისტეს აღდგომით იწყება ზეციური ეკლესიის არსებობა ადამიანებისათვის, სულიწმინდის გარდამოსვლა და ქრისტეს ეკლესიის შექმნა დედამიწაზე. ჯვარზე სიკვდილის შემდეგ ქრისტე თვისი კაცობრივი სულით და ღვთაებრივი ბუნებით ჯოჯოხეთში ჩავიდა და იქ მყოფ ძველი აღთქმის ყველა მართალს ახარა გადარჩენა და ზეციურ სამეფო სავანეებში აიყვანა.
ქრისტეს აღდგომამდე ადამიანთა სულები მიდიოდნენ ჯოჯოხეთში, ხოლო აღდგომის შემდეგ მართალთათვის სიკვდილი გახდა მიწიერიდან ზეციერში, უკეთეს ცხოვრებაში გადასასვლელი გზა. ხორციელი სიკვდილი ჩვენთვის დროებით მოვლენად იქცა, ქრისტეს აღდგომით საყოველთაო აღდგომის გზა გაგვეღო.
მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტე ათჯერ გამოეცხადა მოციქულებს. პირველად მარიამ მაგდალინელმა, რომელიც განთიადზე მივიდა ქრისტეს საფლავზე, ნახა, რომ ლოდი, რომელიც საფლავის შესასვლელს კეტავდა, აღებული იყო საფლავიდან. იგი გამოიქცა პეტრესა და იოანესთან და აუწყა მათ ეს ამბავი. ორივე ცალ-ცალკე გამოიქცა საფლავისაკენ, პირველად იოანე მივიდა, შეიხედა საფლავში, დაინახა ტილოები ცალკე დადებული, რომელშიც ქრისტეს სხეული იყო გახვეული, მაგრამ შიგნით არ შევიდა, შემდეგ პეტრეც მოვიდა, საფლავში შევიდა. ეს საფლავი, როგორც ვიცით, კლდეში იყო გამოკვეთილი. როცა მოციქულები წავიდნენ, მარიამ მაგდალინელი საფლავის გარეთ იდგა და ტიროდა. ამ დროს იხილა იესო მდგომარე, მაგრამ არ იცოდა, რომ იესო იყო. მას ის მებაღე ეგონა და ეკითხება: თუ შენ აიღე გვამი, მითხარი, სად დადე და წამოვიღებ. იესომ მიმართა: მარიამ! მხოლოდ ახლაღა იცნო მარიამ მაგდალინელმა თავისი მოძღვარი. როცა მარიამ მაგდალინელი მოწაფეებთან წავიდა ამ ამბის მოსაყოლად, სხვა დედები მოვიდნენ გამზადებული ნელსაცხებლით და ნახეს, საფლავიდან ლოდი გადაგორებული იყო. ანგელოზებმა უთხრეს, - რას ეძიებთ ცოცხალს მკვდრებთან, არ არის აქ, არამედ აღდგა. დედები დაბრუნდნენ და უამბეს თერთმეტ მოციქულს. ასევე განთიადზე მოვიდნენ საფლავთან მარიამ იაკობისი და სალომე, ნახეს საფლავთან მჯდომი ანგელოზი და როცა მოწაფეებთან ბრუნდებოდნენ, მათ იესო შეხვდა: "გიხაროდენ!" დედებმა თაყვანი სცეს მას, იესომ უთხრა: ნუ გეშინიათ, წადით გალილეაში და იქ მიხილოთ მე. მოციქულებმა არ ირწმუნეს დედების ნათქვამი. ამის შემდეგ იესო სიმონ-პეტრეს ეჩვენა.
მეოთხედ უფალი მოწაფეებს ემაუსში გამოუჩნდა, იერუსალიმის მახლობელ დაბაში. ორი მოწაფე იერუსალიმიდან მოდიოდა, მათ დაემგზავრა იესო, მაგრამ ვერ იცნეს. იესო მათ გზაში უხსნიდა წმინდა წერილს ქრისტეს ჯვარცმისა და აღდგომის შესახებ. როცა შევიდნენ დაბაში, მოწაფეებმა მიიპატიჟეს იგი. სუფრასთან მათ თვალნი აეხილათ და იცნეს იესო. ხოლო უფალი მიეფარა მათგან. იმწამსვე დაბრუნდნენ იერუსალიმში და უთხრეს ყველაფერი თერთმეტ მოწაფეს. მეხუთედ უფალი გამოუჩნდა ყველა მოციქულს. მათთან არ იყო თომა. ამ შეხვედრის დროს მათ უთხრა: მიიღეთ სულიწმინდა, თუ ვინმეს მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევება, ხოლო თუ ვინმეს შეიპყრობთ, შეპყრობილ იქნება. როცა თომამ ეს გაიგო, თქვა: თუკი არ განვიხილავ მის ჭრილობებს, არ დავიჯერებო. მეექვსედ მოციქულებს მაშინ გამოეცხადა, როცა თომა მათთან იყო. იგი მიმართავს თომას: მოსწიე შენი ხელი და ნახე ჩემი ხელები და გვერდი, ნუ იქნები ურწმუნო, არამედ გწამდეს. თომამ მიუგო: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. მეშვიდედ ტიბერიის ზღვაზე გამოეცხადა მოციქულებს თევზაობისას. იესო იდგა ნაპირზე და მიმართა მოწაფეებს, რომლებმაც მანამდე ვერაფერი დაიჭირეს, გადააგდეთ ბადე ნავის მარჯვენითო. მართლაც, მათ უამრავი თევზი დაიჭირეს. შემდეგ იესო მოწაფეებთან ერთად სადილობს და მიმართავს პეტრეს: "დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი". ამ სიტყვებით არა მარტო პეტრეს, არამედ ყველა მოციქულსა და მათ შემდგომ სასულიერო პირს მიმართავს, რათა მათ კეთილად მწყსონ ქრისტეს ეკლესია. მერვედ გამოეცხადა ხუთას ძმას და მიმართა: "რომელსაც ჰრწმენეს და ნათელ იღოს, ცხონდეს, და რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს". მეცხრედ უფალი მოციქულ იაკობს ეჩვენა, ხოლო მეათედ უფალი გამოჩნდა ამაღლების დროს.