1. თუ გახსოვთ, როდის მოხვედით პირველად ეკლესიაში, - ეს სხვისი რჩევის გათვალისწინებით მოხდა თუ საკუთარი გადაწყვეტილებით?
2. შაბათ-კვირასა და სადღესასწაულო დღეებში ყოველთვის ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას თუ ზოგჯერ რაიმე დაბრკოლებას აწყდებით?
3. ილიას მკვლელობის შემდეგ რა მიგაჩნიათ საუკუნის ცოდვად, რომელიც შავ ლაქად დარჩება ქართველი ერის ისტორიაში?
4. რას შეეკითხებოდით მოძღვარს?
ანკეტის შეკითხებს უპასუხებენ ფილოლოგი
ირინა ცეკვაშვილი, მწერალი
ემზარ კვიტაიშვილი და ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი
ნინო გოგიჩაიშვილი.
ირინა ცეკვაშვილი, 64 წლის, რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ამჟამად უმუშევარი. ჰყავს ქალიშვილი - ნინო კურტიდი.
1. ოჯახზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, ბებიაჩემს და დედაჩემს ბავშვობიდან დავყავდი ეკლესიაში. 13 წლის ვიყავი, როცა დედამ ამიხსნა, რომ მოძღვართან აღსარება ჩამებარებინა და ჩემს მიერ ჩადენილ ცოდვებზე გულწრფელად მელაპარაკა. მაშინ ვერ ვხვდებოდი, რატომ უნდა მეღიარებინა სხვასთან ჩემი ცოდვები, რადგან ისეთი დრო იყო, გვიკრძალავდნენ ეკლესიაში სიარულს. მაშინ ეს გაორებას იწვევდა ჩემში, მაგრამ გავიდა წლები და დედის დარიგებამ მაინც კეთილი ნაყოფი გამოიღო, შინაგანად ვგრძნობდი, რომ ასაკთან ერთად რწმენაც მემატებოდა. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ კიდევ უფრო დამაახლოვა ეკლესიასთან. თავიდან მიხეილ ტვერელის სახელობის ეკლესიაში დავდიოდი, დაახლოებით 17 წელი, სანამ ჩემი მოძღვარი ბერად არ აღიკვეცა. მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სწორ გზაზე დავეყენებინე, რისთვისაც მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. ახლა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში დავდივარ სხვა მოძღვართან, რომელიც ჩემი პირველი მოძღვრის, არქიმანდრიტ ბასილის სულიერი შვილია და ამ მოძღვრის შერჩევა მისი კურთხევით მოხდა.
2. ეკლესია ყველაფერია ჩემთვის. როდესაც გარემოებათა გამო ვერ ვახერხებ შაბათ-კვირის ან სადღესასწაულო მსახურებაზე დასწრებას, რაოდენ საპატიო მიზეზიც არ უნდა იყოს, ისეთი შეგრძნება მაქვს ხოლმე, თითქოს სასიცოცხლო ძალას ვკარგავ, რადგან წირვა-ლოცვის შემდეგ უდიდეს სულიერ საზრდოს ვიღებ, რაც მთელი კვირა მყოფნის.ჩემს ქალიშვილს 5 შვილი ჰყავს და ვეხმარები ბავშვების აღზრდაში, ამიტომ არ მესმის მავანთა ჩივილი იმის თაობაზე, რომ უამინდობის გამო ვერ შეძლო წირვა-ლოცვაზე დასწრება.
დიდი რწმენა მაქვს იმისა, რომ არ მიგვატოვებს ღმერთი. რაც დღეს ხდება, უფლის დაშვებითაა და ამიტომ არ ვაძლევ ჩემს თავს უფლებას, რაიმე გამოვიძიო, მწამს, მაცხოვარი არ დაუშვებს გაწიროს თავისი დედის - ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. მთავარია ჩვენი რწმენა საქმით დავამტკიცოთ, ჩვენი წინაპრებიც ხომ ასე ამბობდნენ: "უმეტესცა საქმით და უმცირესსა სიტყვით ასწავლიდეთო". გამოვხატოთ ჩვენი ერთგულება და სიყვარული დედაეკლესიისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი და უფალი აუცილებლად შეიწირავს ჩვენს მონდომებას და დიდ სიკეთედ ჩაგვითვლის. მთავარია, ზედმეტი არ მოვითხოვოთ მისგან და მადლიერნი ვიყოთ, რადგან მადლიერება ყველაზე მთავარია ადამიანისთვის, რომელიც ღმერთს ყოველთვის ესათნოება.
3. თბილისის ომმა და 90-იანი წლების მოვლენებმა ყველაფერი სხვაგვარად დამანახა. ქართველები, რომლებიც თავიანთ თავს მართლმადიდებელ ქრისტიანებს უწოდებდნენ, პოლიტიკური შეხედულებებისა და განსხვავებული აზრის გამო ერთმანეთს დაერივნენ. სამწუხაროა, რომ ეს გამეტება და უმოწყალო დაპირისპირება დღემდე გრძელდება. ასეთი რამ ყოვლად დაუშვებელია. ჩვენ პატრიარქი გვაძლევს იმის მაგალითს, რომ სიყვარულით განვისჭვალოთ ურთიერთის მიმართ. მტრობა და ღალატი მიუღებელი და დამღუპველია ჩვენისთანა პატარა ერისთვის. ხშირად დავურიგებივარ ჩემს მოძღვარს: "ყველა ადამიანი შეიძლება ერთნაირად არ გვიყვარდეს, მაგრამ მისი ატანა უნდა შეგვეძლოს, რომ საქმე სიძულვილამდე არ მივიყვანოთო". მით უმეტეს, არ უნდა შევიძულოთ იგი განსხვავებული აზრისათვის, იმის გამო, რომ ზუსტად ჩვენნაირად არ ფიქრობს. ჩვენი სარწმუნოების დასაცავად, თუ საჭირო შეიქნა, ყოველთვის ამოვიღებ ხმას და ბოლომდე დავიცავ, მაგრამ არავის აქვს უფლება პოლიტიკური შეხედულების გამო ადამიანის ათვალწუნების და მისი სიცოცხლის ხელყოფის. ვფიქრობ, თბილისის ომი საუკუნის ცოდვა იყო.
3. შეკითხვა მოძღვართან ამჯერად არ მაქვს.
ემზარ კვიტაიშვილი, 76 წლის, მწერალი, ლიტერატურათმცოდნე. შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. ჰყავს ცოლი და შვილები: ნინო და ბაქარ კვიტაიშვილები.1. რელიგიისადმი მიდრეკილება და მოკრძალება პატარაობიდანვე მქონდა ჩანერგილი. ომის დროს მამაჩემი, ცნობილი ბავშვთა ექიმი დავით კვიტაიშვილი, დააპატიმრეს და სოფლად, გურიაში ვიზრდებოდი ბებიასთან და მამიდასთან. ჩვენი უბნის (ლანჩხუთის რაიონი, აგარაკი) ეკლესია იოანე ნათლისმცემლის სახელობისაა. გასაბჭოების შემდეგ ბარბაროსულად დაანგრიეს (მხოლოდ სამრეკლოს ნაწილი შემოინახა ჩემმა მეხსიერებამ), მაგრამ ხალხის გულიდან ღვთის სიყვარული მაინც ვერ ამოძირკვეს - იქაურობას "საყდრის კარს" ეძახდნენ.
ბებიაჩემი, ნაადრევად დაქვრივებული ლეონინა ფირცხალაიშვილი, ღრმადმორწმუნე ადამიანი იყო, მე და ჩემს უმცროს ძმას, ვახტანგსაც ასე გვზრდიდა. განსაკუთრებული გულმოდგინებით აღნიშნავდა ქრისტეშობას, აღდგომის წმინდა დღესასწაულს (მისი გამომცხვარი მოგრძო, კვერცხდატანებული ღვეზლების გემო არასოდეს დამავიწყდება) და მარიამობას. მიცვალებულთა სულების მოსაგონებლად თავის კუთხეში მუდამ ანთებდა თაფლის სანთლებს.
ოთხი კლასი სოფელში დავამთავრე და თბილისში თორმეტი წლისა გადმომიყვანეს. მახსოვს, ერთ-ერთი საეკლესიო დღესასწაულის სანახავად დედაჩემმა და ჩემმა ნათლიამ ევგენია გოგსაძემ ქაშვეთის ეკლესიაში წამიყვანეს და გალობა მომასმენინეს. ის შთაბეჭდილება არასოდეს გამინელდება. ჩემი ახლობლები დიდი მოწიწებით წარმოთქვამდნენ საქართველოს ლეგენდარული კათოლიკოსის კალისტრატე ცინცაძის სახელს.
ჩემმა თაობამ ათეიზმის გამძაფრებული პროპაგანდის წლებში იცხოვრა. ეკლესიაში მისვლა რეალურ საფრთხესთან იყო დაკავშირებული. კომკავშირელი აქტივისტები ეკლესიებთან ფოტოაპარატებით იყვნენ ჩასაფრებულნი, მაგრამ ხალხი ამას არ ეპუებოდა.
არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ მსოფლიოს უდიდესი სწავლულები - ნიუტონი, პასკალი, პავლოვი და სხვები მორწმუნენი იყვნენ. მეტიც, სჯეროდათ, რომ სამყაროს შექმნას გონითი საწყისი ჰქონდა. საერთოდაც, წარმოუდგენელია, გონიერმა არსებამ უზენაესი ძალის არსებობა არ იწამოს და ამოდენა საათის სიზუსტთ აწყობილი სამყარო (თუნდაც მხოლოდ რუსთაველის ღვთაებრივი სტრიქონი გავიხსენოთ: "ვის გმორჩილებენ ციერნი ერთის იოტის წამისად...") მექანიკური და ქიმიური პროცესების შედეგად ჩათვალოს.
2. ჩემი ოჯახური მდგომარეობის გამო (მეუღლე მძიმე ავადმყოფია) ეკლესიაში ხშირად ვერ დავდივარ. მაგრამ დროდადრო, კვირაობით, ვესწრები ბრწყინვალე პიროვნების (იგი ჩემი მოძღვარი გახლავთ), არქიმანდრიტ მამა ადამის (ახალაძის) საკვირაო წირვებს, საიდანაც მუდამ სულიერად ამაღლებული ვბრუნდები, განწყობილი ვარ, თეოლოგიურ ლიტერატურას დავეწაფო.
მამა ადამი, ამასთანავე, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული, ღრმად განათლებული მეცნიერი, გონებამახვილი, ხალისიანი, პოეტური მადლით სავსე, ყველას შემწე და დამხმარეა. ერთხელ მასთან ერთად წავედი შინდისის დედათა მონასტერში, სადაც არაჩვეულებრივი სიმშვიდე და სათნოება სუფევს. იგი ამ სამაგალითო მონასტერს მეურვეობს.
მრავალი წლის პირადი მეგობრობა მაკავშირებს (იგი ჩემსავით შვილმკვდარი მამაა) უზომოდ კეთილი გულის ადამიანთან, მეუფე თადეოზთან (იორამაშვილი), ვინც მშვენიერი პოეტური კრებულების ავტორიცაა.
3. ილიას თავზარდამცემი მკვლელობის შემდეგ მეოცე საუკუნის ყველაზე დიდ ცოდვად მიმაჩნია 1924 წლის ფაქტობრივად განუხორციელებელი აჯანყების შემდეგ ბოლშევიკების მიერ მოწყობილი დაუნდობელი ხოცვა-ჟლეტა, რამაც წელში გატეხა საქართველო (ამაზე საგანგებოდ ვაპირებ მოზრდილი ნარკვევის დაწერას), აგრეთვე სისხლიანი ოცდაჩვიდმეტი წელი, რამაც ერის საუკეთესო ნაწილი შეიწირა, ტერორის ატმოსფერო დაამკვიდრა.
ყოვლად გაუმართლებელი იყო 9 აპრილის ტრაგედია.
ყველაზე უპატიებელი კი ის არის, რომ მომიტინგეებმა და მათმა ლიდერმა არად ჩააგდეს უწმინდესისა და უნეტარესის, ჩვენი ეკლესიის ბრძენი მესაჭის, საქართველოს უგონიერესი პატრიარქის რჩევა, რათა ეს უბედურება თავიდან აგვეცილებინა.
ილია მეორის ღვთით კურთხეული პიროვნებისადმი ლექსად თუ წერილის სახით არაერთგზის მიმიმართავს ჩემი გაუზომელი თაყვანისცემა, სიყვარული და ამჯერად სიტყვას აღარ გავაგრძელებ.
4. თანამედროვე მსოფლიოში, ევროპასა და ამერიკაში შეიმჩნევა ქრისტიანობის გავლენის შესუსტება და შეუძლებელია, ეს სამწუხარო ტენდენცია ჩვენზედაც არ აირეკლოს (შემაწუხებელია იეღოველთა მომრავლებაც, ნაირ-ნაირი სექტის არსებობა). მარტო ახალი ტაძრების აშენება საქმეს ვერ უშველის.
ჩვენს ეკლესიას მრავლად ჰყავს ღირსეული, პატიოსანი მსახურები, მაგრამ არცთუ ცოტანი არიან ისინი, სახელს რომ უტეხენ საუკუნეებში სასოებით გამოტარებულ მართლმადიდებლურ რწმენას, იჩენენ სიხარბეს და ფუფუნებით ცხოვრებისკენ ლტოლვას, რაც შეუთავსებელია ქრისტიანულ მოძღვრებასთან. მაინტერესებს, როგორ გესახებათ ქართული ეკლესიის გაჯანსაღების გზები, რათა მის წიაღში დასაყრდენი ვერ იპოვონ ასეთმა უკეთურებმა.
ნინო გოგიჩაიშვილი, ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, ამჟამად უმუშევარი.1. დედაჩემის დედა, მარგარიტა კუზნეცოვა, მორწმუნე გახლდათ, სწორედ ბებიაჩემის დამსახურება იყო ის, რომ ბავშვობიდანვე ახლოს მივედი სარწმუნოებასთან, მერე, უკვე სტუდენტობის ჟამს, ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმაც მიბიძგა ეკლესიური ცხოვრებისაკენ. გარდა ამისა, ბევრი გაჭირვება და განსაცდელი გამოვიარე. მშობლების გარდაცვალებამ კიდევ უფრო დამაახლოვა ეკლესიას. 1983 წლიდან ჩემი მოძღვარია მეუფე დანიელი, ამჟამად ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი, მისი კურთხევით, ზოგჯერ აღსარებას ვაბარებ წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მოძღვარს, არქიმანდრიტ ფილარეტს (კუდინოვს). ეს მაშინ, როცა მეუფე მოუცლელია ან თბილისში არ იმყოფება.
მადლობელი ვარ უფლისა, იმ დიდი წყალობისათვის, რაც მან ჩემთვის გაიღო, რადგან ღვთის მოწოდებით მოხდა ჩემი ეკლესიურობა, მისმა მადლმა მომიყვანა ქრისტიანთა საკრებულოში, ყველაფერი უფლის დაშვებით მოხდა და რაც დრო გადის, მით უფრო მეტად ვგრძნობ ამას. იმთავითვე მივენდე ღმერთს და სწორედ ეს მაძლიერებს.
2. მაქსიმალურად ვცდილობ, დავესწრო წირვა-ლოცვას შაბათ-კვირას და დიდ დღესასწაულებზე. შეიძლება ზოგჯერ რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდეს და გავაცდინო და ამას ყველაფერს ვამბობ აღსარებაში.
როდესაც ეკლესიაში რაიმე მიზეზით ვერ მივდივარ, ძალიან დიდ სულიერ დანაკლისს ვგრძნობ და ძალიან განვიცდი.
3. ილიას მკვლელობა უდიდესი ტრაგედია იყო ჩვენი ერისთვის. მერე თანდათანობით გახშირდა ტრაგედიები საქართველოში და სხვადასხვა სახით განმეორდა, მხედველობაში მაქვს 9 აპრილი, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მომხდარი სისხლისღვრა, თბილისის ომი, რომელიც კაენის ცოდვა იყო. ეს ტრაგედიები, რომლიდანაც დღემდე ვერ გამოვსულვართ, იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ ცოდვების გამო მოკლებულნი ვართ ღვთის მადლს, ბოლომდე არ გვაქვს გაცნობიერებული, რას ნიშნავს ღვთის მცნებების მიხედვით ცხოვრება, ამიტომ, სანამ სწორ წარმოდგენას არ შევიქმნით და ბოლომდე არ ჩავწვდებით ჭეშმარიტ მართლმადიდებლობას, რომელსაც არავითარი საერთო არა აქვს სიყალბესა და ფარისევლობასთან, მანამდე ძნელია ვიპოვოთ გამოსავალი. ადამიანს, რომელიც თავის თავს ეკლესიურს უწოდებს, მაგრამ ღვთის მადლის მოპოვებისთვის არ ირჯება, ძნელია ეწოდოს ქრისტიანი. ჩვენი ქრისტიანობა საქმით უნდა გამჟღავნდეს.
3. ყველა მოძღვრის აზრი ღვთიური მადლით არის აღბეჭდილი და ამდენად ძალზე მნიშვნელოვანია ჩემთვის. ჩვენს დროში რატომ არის სიყვარულის ნაკლებობა მთელ ჩვენს პლანეტაზე და მათ შორის საქართველოში? მტრის სიყვარულზე აღარ ვლაპარაკობ, რადგან ღვთისა და ახლობლების მიმართ სიყვარულიც კი დეფიციტი გახდა.
თემის განხილვაში მონაწილეობს სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი დავით ლასურაშვილი.- რატომ არა ვართ ეკლესიაში?
- დღეს, როდესაც ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის აშკარად არავინ გვდევნის, როცა ქრისტიანული ცხოვრების წესის დაცვისათვის ნაკლებად თუ ვინმეა "გვემული და ქენჯნილი", როცა ეკლესიის კარები ყველასათვის ღიაა, რათა მონანულ სულს საღვთო საიდუმლოებათაგან მომდინარე ნათელი მალამოდ დაედოს, მიუხედავად ამისა, ტაძარში გულმოდგინედ მოსიარულეთა რიცხვი მაინც არასაკმარისია. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი, თუ არა, პირველ რიგში, ადამიანის დაცემული ბუნება, როდესაც ღვთის ხატება და მსგავსება იმდენადაა გაუფერულებული ადამიანში, რომ მას ბედნიერების საფუძვლად ოდენ მატერიალური კეთილდღეობა მიუჩნევია და ათასგვარი ცრურწმენით მოცულს ეკლესია მხოლოდ მაშინ ახსენდება, როცა მოვალეობის მოხდის მიზნით ბავშვს მოანათვლინებენ ან მეგობრის ჯვრისწერაზე შემთხვევით ტაძარში მოხვედრილი მაინცდამაინც სამ სანთელს დაანთებს.
ეს არც არის გასაკვირი, რადგან ის, ვინც მოუწყინებლად "ეძიებს, ვინცა შთქანთქა", ოსტატურად ხლართავს ბადეს, რათა ვნების ქარცეცხლში გაახვიოს და ცოდვის მონებად აქციოს ვითომცდა თავისუფლებისმოყვარე ადამიანთა მასა. იგონებენ ტაძარში წაუსვლელობის მიზეზებს. ხომ გაგიგონიათ: "მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა კაცთა თანა, რომელნი იქმან უსჯულოებასა"... მაგრამ ჩვენ, რომლებსაც თავი ეკლესიის სრულუფლებიან წევრებად მიგვიჩნევია, ჩვენ, რომლებიც თითქოსდა წირვა-ლოცვას არ ვაკლდებით, რომლებსაც სხვათა დამოძღვრის ძალაც კი შეგვწევს, ვიმყოფებით ეკლესიაში, ამ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით? პეტრე მოციქული გვმოძღვრავს: "ხოლო თქვენ ნათესავი რჩეული, სამეუფო, სამღვდელოი, თესლი წმინდაი, ერი მოგებული, რათა სათნოებათა მიუთხრობდეთ, რომელმან იგი ბნელისაგან გიწოდნა თქვენ საკვირველსა მას ნათელსა მისსა" (1 პეტრე 2,9), ამიტომაც ვინც ქრისტეს ნათელით არის განათლებული, მოციქულის სიტყვით, სულიერი გაგებით ყველანი მღვდლები ვართ და ჩვენი ცხოვრების მისია სხვათა მოქცევა და ჭეშმარიტ გზაზე დაყენება უნდა იყოს, მაგრამ ხშირად იმგვარი სახე ქრისტიანისა, როგორსაც წარმოვადგენთ, ადამიანებს ეკლესიას უფრო აშორებს ხოლმე. რატომ ხდება ასე? აი, მაგალითად: ცხოვრობს თავისთვის სრულიად ჩვეულებრივი ადამიანი, მაგრამ "მოექცა" ("გაეკლესიურდა") თუ არა, მოულოდნელად სრულიად აუტანელი გახდა თავისი ახლობლებისათვის. ისინი კი უყურებენ და ფიქრობენ: - ის მართლმადიდებლობის გამო გახდა ასეთი, ჩვენ ამისგან თავი შორს უნდა დავიჭიროთ.
ანდა ასეც შეიძლება მოხდეს: წარმოიდგინეთ ჩვეულებრივი ოჯახი, ქმარი და ცოლ-შვილი რამდენიმე წელია ერთად თანაცხოვრობენ და სრულიად მოწესრიგებული აქვთ ყოფა-ცხოვრება, ურთიერთობა, მაგრამ უეცრად სადარდებელი ჩნდება: - მეუღლე მორწმუნე გახდა და დასრულდა მშვიდობიანი ცხოვრება. ქმარი თავს მიტოვებულად გრძნობს. მეუღლეს მთელი ყურადღება "სულიერ ცხოვრებაზე", მოძღვარსა და ლოცვებზე სიარულზე აქვს გადატანილი. სკვნილები, პარაკლისების და დაუჯდომლების კრებულების დაუსრულებელი შრიალი, თანამედროვე ბერდიდების გამონათქვამები, სამზარეულოში გაკრული კედლის კალენდრებიდან გამოჟონილი "მირონი" მათი ცხოვრების განუყრელი ნაწილი გახდა. ქმარს აღარც კი ესმის ცოლისაგან ნორმალური სიტყვები, გარდა საყვედურებისა: "არაქრისტიანი ხარ, არ მარხულობ, ჯვრისწერა არ გინდა!" ასეთი გაეკლესიურების შედეგი კი ისაა, რომ ოჯახი დანგრევის პირასაა. რატომ ხდება ასე? შეცდომას ხომ არ ვუშვებთ? სხვებს მოვუწოდებთ ეკლესიაში ყოფნისკენ და თავად არა ვართ ეკლესიაში ამ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით? ვაი, რომ ასეა!
ქრისტიანობა არსობრივად შინაარსის რელიგიაა და არა ფორმის. ხშირად გვსმენია ასეთი რჩევები დამწყებთა მიმართ: - "შენ იმარხულე, იარე ტაძარში, იკითხე ესა და ეს ლოცვები, გაწევრდი ფსალმუნთა კითხვის ჯგუფში, აუცილებლად გაემგზავრე რომელიმე დიდბერის სანახავად, გადაახდევინე რომელიმე ხატის პარაკლისი!" რასაც ხშირად ამგვარი პასუხი მოსდევს დამწყების მხრიდან: "მე არ მესმის არაფერი, რაც ეკლესიაში ხდება, ჩემთვის ლოცვებიც გაუგებარია!" ჩვენ კი ასე ვპასუხობთ მას: "მერე რა, რომ არ გესმის, არა უშავს, ეშმაკს ხომ ესმის? არაა საჭირო შენ გესმოდეს რამე. ესე იგი ყველაფერი თავისთავად სადღაც ზეცაში ავტომატურად ხდება, საკმარისია შეასრულო რაღაც განსაზღვრული ქმედება". აი, სადამდე მივყავართ ქრისტიანობისადმი არაგულწრფელ, უგულო, მე ვიტყოდი, მაგიურ დამოკიდებულებას! ამიტომაც, როცა გვსურს ვინმე ეკლესიას შეუერთდეს, მას უნდა განვუმარტოთ კიდეც სარწმუნოების საფუძვლები. ეს გახლავთ ზნეობრივი, სახარებისეული ცხოვრება და ქრისტეს როგორც მხსნელის ქადაგება. ამიტომაც როცა სხვას ვმოძღვრავთ და ვუჩიჩინებთ ეკლესიაში ყოფნის აუცილებლობას, კეთილი უნდა ვინებოთ და თავდაპირველად თავად გავხდეთ ჭეშმარიტად ეკლესიურნი! ეს კი მაშინ მოხდება, თუ გულწრფელ ლოცვას ვისწავლით, თუ ჩვენი გონება და გული ჩასწვდება ჩვენს მიერ წარმოთქმულ ლოცვის სიტყვებს, რადგან როგორც იოანე ოქროპირი გვმოძღვრავს, "თუ თავად არ გვესმის ჩვენი ლოცვა, ღმერთი როგორღა შეისმენს მას?" გარდა ამისა, საჭიროა გულწრფელი, ჯანსაღი აღსარების თქმა ვისწავლოთ, ხოლო ეკლესიის ცენტრს, გულსა და სულს ჩვენთვის მაცხოვარი იესო ქრისტე უნდა წარმოადგენდეს, მასთან უნდა მიგვიხაროდეს და მისი სიყვარული არაფერმა და არავინ არ უნდა ჩაგვინაცვლოს.
თუ ჩვენ ვისწავლით იესო ქრისტესთან ურთიერთობას, თუ მას მდაბალი გულით და შემუსვრილი სულით ვესაუბრებით, თუ, როგორც მაცხოვარი გვეუბნება, "ვიცხებთ ზეთს და მწუხარე სახით კი არა, მხიარული პირით ვეჩვენებით მოყვასთ", მაშინ მართლაც მრავალს გავუხდებით ეკლესიაში მისასვლელ ხიდებად და ეს კითხვა: რატომ არა ხარ ეკლესიაში?! - სულ უფრო ნაკლებად დაისმება.
"სული გულმოდგინეა, ხოლო ხორცი უძლურ", "ადამიანის სულმა, როგორც პავლე მოციქული გვმოძღვრავს, ყველაზე უკეთ უწყის, რაც სჭირდება", ამიტომაც ყური დავუგდოთ მის ხმოვანებას და გულწრფელად დავიმდაბლოთ თავი უფლის წინაშე, რადგან "გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმა არა შეურაცხყოს", მაგრამ ამავე დროს გვახსოვდეს, რომ უფალმა იესო ქრისტემ ჩვენ მეგობრებად შეგვრაცხა, ამა სოფლის "მარილი" და "ნათელი" გვიწოდა, თავისი წმინდა სისხლით გამოგვიხსნა და მარადის "დაიკლვის განწმენდად მიმღებელთა მისთა". იგი თავის ზეციურ ძალებთან და წმინდანთა დასებთან ერთად მარადის მოგველის ჩვენ, მზადაა ერთი დაკარგული ცხვრისათვის ოთხმოცდაცხრამეტი მიატოვოს და როცა იპოვის, არც კი გაუხსენებს ძველ ცოდვებს, როგორც არ გაუხსენა უძღებ შვილს და ძეობის პატივში აღადგინა იგი.