გვესაუბრება ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სასულიერო სემინარიისა და აკადემიის მასწავლებელი დოდო ღლონტი.
- ქალბატონო დოდო, რომელი არაკები მიუძღვნა სულხან-საბა ორბელიანმა სიტყვას?
- ეს არაკებია "უტკბესი და უმწარესი", "ენით დაკოდილი", ფილოსოფოსნი".
წავიდა ვაზირი, ენა უყიდა, მოუტანა, შეწვა, აჭამა და მოეწონა.
უბრძანა კიდევ: წადი, ასეთი რამ მომიტანე, ქვეყანაზე მისი უმწარესი არ იპოვებოდესო!
წავიდა, კიდევ ენა უყიდა და მოუტანა.
უბრძანა მეფემან: მწარე ვითხოვე, ენა მომიტანე და ტკბილი ვითხოვე და, ენა მომიტანეო?!
მოახსენა ვაზირმან: თავმან შენმან, არცარა ენის უტკბესი იქნების და არცარა ენის უმწარესი პირსა ყოვლისა ქვეყანისასაო.
მას დიაცსა რა დათვის სიმყრალე ეცა, განერწყვა და თქვა: პირმყრალს სტუმარს ვერ ვეწყობიო!
წავიდა დათვი და მერმე ის კაცი ეწვია და თან ცული წაიღო, აქეთობას შეშას დავკოდ და წამოვიღებო.
მოვიდა დათვი და, რაც მათ ეფერებოდა, იმგვარად იალერსეს. მერმე დათვმან დაუჟინა:
- თავზე ერთი ცული დამკარ და დამკოდეო!
მან კაცმან უარი თქვა. დათვი არ მოეშვა. დაჰკრა ცული და თავი გაუტეხა. დათვი ტყეში წავიდა და კაცი შინ წამოვიდა.
მეორეს თვეს შეიყარნენ. დათვს თავი გამთელებოდა. დათვმან უთხრა:
- ძმაო, შენის ცულით დაკოდილი თავი გამიმთელდა და შენის ცოლის ენით დაკოდილი გული - არაო.
- თქვენ ყოველი თქვენი მონაგები ბევრის საუბრისა სწავლისათვის წაგიგიათ, და მე ჩემი მონაგები და ეს სოფელი დავუტევე, რომ დადუმებით ვიყო და არ ვიუბნა.
მეტი არარა უთხრა და სირცხვილეულნი წამოვიდნენ უპასუხონი.
არაკში, "უტკბესი და უმწარესი", ნათქვამია, რომ სიტყვით შეიძლება განკურნო ადამიანი და ტკბილია ეს სიტყვა და სიტყვით შეიძლება მოკლა ადამიანი და ყველაზე მწარეა ეს სიტყვა. ენა, როგორც ერთი წმინდა მამა ამბობს, ჩვენს პირის ღრუში დაბმული მხეცია, რომელიც შეიძლება გაწვრთნა, მოიშინაურო, შენს სამსახურში ჩააყენო, მაგრამ თუ ნებაზე მიუშვებ, შეიძლება ისე გამოგივარდეს პირიდან, რომ დაგაზიანოს შენც და ბევრი სხვაც. "ენით დაკოდილი" სწორედ ამაზე მოგვითხრობს. ამ არაკით სულხან-საბა იმასაც გვეუბნება, რომ მწარე სიტყვით არა მარტო გული დაეკოდა მეგობარს, არამედ ამით დაირღვა მეგობრობა, დაშავდა ყველაზე დიდი სათნოება. ამიტომ ავად ნათქვამ სიტყვას ჯანსაღი ზნეობის ადამიანი მდუმარებას არჩევს. არაკი "ფილოსოფოსნი" მდუმარების სიდიადის ქადაგებაა.
სულხან-საბა არა მარტო არაკებით, არამედ "სიბრძნე სიცრუისას" სიუჟეტითაც გვასწავლის, რამდენად მნიშვნელოვანია სიტყვა. მაგალითად, ლეონზე ამბობს: "ესეთი სიტყვის სიტკბო ჰქონდა, მხეცთა კაცთა მსგავსად მოაქცევდის, კლდეთა ცვილებრ დაადნობდის და მფრინველთა კაცებრ აუბნებდის", სედრაქზე ამბობს, რომ იგი "ამბავტკბილი" იყო, რუქას კი ლეონი ასე მიმართავს: "როგორი კაციც შენა ხარ, შენი ნათქვამიც ისეთიაო".
- მაშ, სიტყვა ყველაზე უკეთ ამხელს და წარმოაჩენს მისი წარმომთქმელის პიროვნებას?
- "სიბრძნე სიცრუისაში" ვარსკვლავებივით არის მიმობნეული ასეთი გამოთქმები: "სიტყვის სიტკბოება", "სიტყვაკეთილობა" (კეთილი სიტყვის თქმა ან სიტყვის კეთილად თქმა), "სამეფო სიტყვა" (სრულყოფილად, მართებულად გამოთქმული სიტყვა), "კეთილი თქმა" (მსმენელს რომ სიკეთესა და სიმშვიდეს მოუტანს), "საუბარკეთილი". "ბრძნად მოუბარი პირი აღაღოო ლეონმა", - ამბობს სულხან-საბა. ესეც ლეონზეა ნათქვამი: "აუბნა თავისი ბულბულის უტკბესი ენა. ყოველსა კაცსა ასე ეგონა, პირსა იადონი უბუდებსო ან მერცხალი ჭიკჭიკებსო". არის კიდევ "ტკბილად მოლაპარაკე ენა" და ა.შ. ამას უპირისპირდება "ავსიტყვაობა", "მრავალსიტყვაობა", "ენის დაშრომა", "ენათსიმრავლე", "ენათმრავლობა", "ავ ენას ნაჩვევობა", "ავთა კაცთა ენა" და ა.შ. არაკიც არის ერთი: "მეფე და ავსიტყვა". ესენი უმთავრესად რუქას ეპითეტებია. რუქასა და ლეონის დაპირისპირება სწორედ ამ ნიშნით ხდება. სინამდვილეში ლეონი უპირისპირდება რუქას ცხოვრების წესით, მსოფლმხედველობით, მომავალი უფლისწულის აღზრდის მიმართულებით. ეს ის ლეონია, რომლის "სიტყვა არის საქმიანი და საქმე - სიტყვიანი".
- რას გულისხმობს სულხან-საბა ამ გამოთქმაში?
- გასაგებია, რომ "სიტყვა საქმიანი" არის საქმედ ქცეული სიტყვა, როცა სიტყვა და საქმე ერთია. სახარებიდან ვიცით, რომ უფალი მოწაფეებს ეუბნება: "არ დაემსგავსოთ ფარისევლებს, რომლებიც ამბობენ და არ აკეთებენო". "ოთარაანთ ქვრივში" ილია ათქმევინებს ქვრივის მეზობელს: "ოთარაანთ ქვრივი ის ქალია, რომლის თქმაცა და ქმნაც ერთი და იგივეაო". სწორედ ეს არის სიტყვა საქმიანი, მაგრამ როგორ უნდა განვმარტოთ "საქმის სიტყვიანობა"? წმინდა მამების მიხედვით, სიტყვა, ძე ღვთისა, "ლოგოსი" რომ განხორციელდა, სწორედ ეს არის საქმისა და სიტყვის ერთიანობა. სიტყვა ხორციელიც იქმნა, განხორციელდა, საქმედ იქცა და ეს უზენაესი საქმე ჩვენს გადასარჩენად აღესრულა. სიტყვისა და საქმის ერთიანობაა ისიც, რასაც "დაბადებაში" ვკითხულობთ. "თქვა უფალმან: "იქმენინ ნათელი და იქმნა ნათელი" (თქვა და იქმნა). ამ დიდებულ გამოთქმაში - "საქმე სიტყვიანი" - იგულისხმება საქმე ლეონისა, რომელიც სიტყვისებრია, შემოქმედისეული ძალის მქონეა. ეს ის საქმეა, რომლითაც უფლისწული კეთილ მწყემსად, ქვეყნის პატრონ მეფედ გადაიქცევა. აქ დევს "სიბრძნე სიცრუისას" უმთავრესი სათქმელი. ლეონის სიტყვა საქმეა (მან აღზარდა უფლისწული) და ეს საქმე (აღზრდილი უფლისწული) არის სიტყვისმიერი.
ლეონი ბრძნულად დამოძღვრავს თავის აღზრდილს (ჯუმბერს), როდესაც იგი "ავსიტყვა" რუქასთან პაექრობით გაერთობა: ერიდე ავსიტყვა კაცს და ნუ ჩაებმები მასთან კამათში, რათა არ გადმოგედოს მისი სიავე.
უფლისწულს დაბადებისას სედრაქი ასე დალოცავს: "მიეცეს ამას გულისხმიერობა ვირისა, ერთგულება ძაღლისა და ძალი ჯინჭველისა". ამის გამო ავსიტყვა რუქა საყვედურობს სედრაქს, "შენ დაწყევლეო" - ცილს სწამებს. აქედან ჩანს, რომ ავსიტყვა ანუ სიტყვის ბოროტად მატარებელ კაცს არ შეუძლია ჩასწვდეს კეთილად ნათქვამი სიტყვის ნამდვილ მნიშვნელობას.
- "სიბრძნე სიცრუისაში" გვხვდება ასეთი გამოთქმაც: "წვრთად სიტყვა", რომელიც სულხან-საბას ლექსიკონშიც არის განმარტებული. რას გულისხმობს იგი?
- "წვრთად სიტყვა", იგივე "საწვრთნელი სიტყვა", გულისხმობს აღზრდას, გაწვრთნას (ამ შემთხვევაში - უფლისწულისას). აღმზრდელმა შეიძლება გამოიყენოს მრისხანებით, ბრძანებით ნათქვამი სიტყვაც, მაგრამ ყოველივე ამას სიყვარული უნდა სდევდეს თან. აღმზრდელის მიზანი ის როდი უნდა იყოს, რომ დათრგუნოს, მონა-მორჩილად, მისი ნების ბრმა აღმსრულებლად აქციოს აღსაზრდელი... სწორედ სიყვარული ამოძრავებს ლეონს, როდესაც სასტიკად ექცევა ჯუმბერს.
- სულხან-საბა იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რამდენად მნიშვნელოვანია "ერთი პირის ქმნა"...
- მეფე ფინეზი შვილს მოუთხრობს არაკს "ძალა ერთობისა" და დასძენს, ერთი პირი უნდა გქონდეთო. "თქვენი სიტყვა თუცა ერთი იყოს, მაშინ დაემყარება და გამტკიცდება ჩვენი ქვეყანაო". "ერთი პირის ქმნა" ორპირობის საპირისპიროა და შეთანხმებას ნიშნავს. შეთანხმება მოლაპარაკებით მიიღწევა, მაგრამ თუ მოლაპარაკების დროს ბრძნულად არ გამოთქვამ სიტყვას, არ გეცოდინება მისი თქმის ჟამი, მდუმარების ოსტატობა.
- ერთგან ლეონი რუქასთან პაექრობით გართულ ჯუმბერს ეკითხება: სიტყვის გზას თუ ეძებო. რას ნიშნავს "სიტყვის გზა"?
- გზა უნებურად გვახსენებს მაცხოვრის სიტყვებს: "მე ვარ გზა". სიბრძნის ძიება ღვთის ძიებას გულისხმობს. "სიტყვის გზაში" ჭეშმარიტი სიტყვა იგულისხმება. თუმცა მას სხვა მნიშვნელობაც აქვს: იმისათვის, რომ კეთილად თქვა სიტყვა და სწორი გზა მისცე მას, უნდა იცოდე სიტყვის თქმის ჟამი. ხომ გაგვიგონია: ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდებისო. სიტყვა მაშინ არის გზიანი, როდესაც მთქმელს კარგად აქვს გააზრებული, რას ამბობს, როგორ ამბობს და ვის ეუბნება; როდის უნდა თქვას სიტყვა და როდის დუმდეს. "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას" გიორგი მერჩულე იწყებს სოლომონ ბრძენის ცნობილი გამონათქვამით: "ბრძნად მეტყველება ვერცხლი არს კეთილი, ხოლო დუმილი - ოქრო რჩეული". მე ვერცხლს ვამჯობინებ, იმიტომ, რომ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება უნდა აღვწეროო. თუ სიტყვის მთქმელმა არ გაითვალისწინა ზემოთ ჩამოთვლილი წესები, ვერცხლი დაჟანგულ რკინად გადაიქცევა. თუ მრავალმეტყველებისა და ამაოდმეტყველების გზას დაადგება კაცი, მაშინ სიტყვას გზა დაეხშობა და გაცუდდება.
- ჩვენი საუბარი როგორ დავასრულოთ?
- განსაკუთრებით საგულისხმოა "სიბრძნე სიცრუისას" ფინალი: განრისხდა, ავად შეიქმნაო მეფე ფინეზი და გასცა ბრძანება: "კმა არს დღესა ამას თქმად მრავალი ესე მეტყველება ჩვენი". "ეკლესიასტეს" მესამე თავში ნათქვამია, რომ "ყველაფერს თავისი ჟამი აქვს". ე.ი. სიტყვის თქმის ჟამი განსრულდა. მათეს სახარების მეექვსე თავში წერია: "კმა არს დღესა ამას სიბოროტე თვისი" (ყოველ დღეს თავისი საზრუნავი აქვსო). სულხან-საბას აქ აშკარად ალუზია აქვს გამოყენებული, ხოლო "სიბოროტე თვისი" შეცვლილია "მრავალი ესე მეტყველებით", რომელიც, მართლაც, ბოროტების ერთ-ერთი სახეა. ასე რომ, "სიბრძნე სიცრუისას" უკანასკნელი ფრაზა იგავარაკული ჟანრის ჩარჩოებში ჩასმული, მხატვრულ სამოსელში გახვეული ქრისტიანული ქადაგებაა. ამით სულხან-საბა გვაფრთხილებს: სიტყვა გაგვიგრძელდა, ვიკმაროთ, წერტილი დავსვათო. მოდით, ჩვენც ასე მოვიქცეთ, საუბარი ვიკმაროთ და წერტილი დროზე დავსვათ.