მოსე წინასწარმეტყველის მიერ ქორების მთაზე უფლისაგან მიცემული ათი მცნება მაცხოვარმა ახალ აღთქმაში ორ უმთავრეს მცნებამდე დაიყვანა
, რომელიც, მისივე განმარტებით, ათ მცნებას მოიცავს: შევიყვაროთ უფალი ღმერთი ჩვენი ყოვლითა გულითა ჩვენითა, ყოვლითა სულითა ჩვენითა, ყოვლითა გონებითა ჩვენითა, ყოვლითა ძალითა ჩვენითა; და მეორე, მსგავსი ამისა, შევიყვაროთ მოყვასი ჩვენი, ვითარცა თავი თვისი. ანკეტის პირველი კითხვაც აქედან გამომდინარეობს:
1. მიწიერ ცხოვრებაში როგორ უნდა მიაღწიოს ადამიანმა იმგვარ სიყვარულს, რომლისკენაც მაცხოვარი სახარებიდან მოგვიწოდებს? თქვენ თუ განგიცდიათ ოდესმე მსგავსი გრძნობა, ამ მცნებასთან ოდნავ მაინც მიახლოებული? თქვენ პირადად როდის გიგრძნიათ ღვთის ძალა, ზოგჯერ თუ დაეჭვებულხართ კიდეც უხილავი სამყაროს არსებობაში?
2. ილიას მკვლელობის შემდეგ რა მიგაGნიათ საუკუნის ცოდვად, რომელიც შავ ლაქად დარGება ერის ისტორიაში?
3. რას შეეკითხებოდით მოძღვარს?ანკეტის შეკითხვებს პასუხობენ: მუსიკისმცოდნე
მანანა ხვედელიძე, პოეტი
თემურ ჩალაბაშვილი და ფილოლოგი
ქეთევან დუმბაძე.
მანანა ხვედელიძე, 51 წლის, მუსიკისმცოდნე, კინომცოდნე, ჟურნალისტი, საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლ "რუსთავის" საერთაშორისო მენეჯერი, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის პედაგოგი და ამერიკული გამომცემლობის, "NOVA SCIENCE PUBLISHERS, INC"-ის პროექტ "საქართველოს სიძველენის" აღმასრულებელი პროდიუსერი.1. ურთულესი შეკითხვაა, რომელსაც ნებისმიერი, თითქმის ყოველდღიური მოქმედებების შეფასებისას ვუსვამ საკუთარ თავს. ცხოვრების მანძილზე რამდენჯერმე ძალიან მაწყენინეს, თან, როდესაც იგებ, რომ ეს შენი უახლოესი ადამიანია, რომელსაც ენდობი, გჯერა, ის კი ყოველ შესაძლო სიტუაციაში შენს ღირსებას ლახავს, მიუხედავად ძალისხმევისა, რთულია დაივიწყო, არ შეგწევს ძალა აპატიო, თანაც ვინ არის შეუცდომელი... ვფიქრობ, პატიებისთვის სწორედ იმდაგვარი სიყვარულის უნარი უნდა გქონდეს, რომლისკენაც მაცხოვარი სახარებიდან მოგვიწოდებს. როგორ მივაღწიო? - ჯერ არ ვიცი, მაგრამ ღვთის ძალას მუდმივად ვგრძნობ და ეს ყოველთვის მეხმარება. იყო შემთხვევები, როდესაც სრულიად ნათლად ვიგრძენი მისი არსებობაც და მინიშნება სწორი გზის არჩევაში.
2. 9 აპრილი არის ის ათვლის წერტილი, რომლის შემდეგ საქართველომ ვერ შეძლო სწორი განვითარება. ამ თარიღს მოჰყვა დამანგრეველი კატაკლიზმები, ცრუ იმედები, ფსევდო-გმირების მოჭარბება. სამშობლო იქცა უნიჭო თეატრის ერთ დიდ სცენად, სადაც ბევრ უღირსს დაუმსახურებლად მოუნდა მთავარი როლის განსახიერება.
3. კვეთებულის ლოცვებს შეიძლება დაესწროს მართლმადიდებელი, რომელიც არ არის ამ ეკლესიის და მოძღვრის მრევლი?
თემურ ჩალაბაშვილი, 59 წლის, პოეტი, ამჟამად უმუშევარი. ჰყავს მეუღლე გენრიეტა (ნატო) კიღურაძე და შვილები: ბეჟან და თამთა ჩალაბაშვილები.
1. მიწიერი ცხოვრება სულ არ უშლის ხელს, რომ ადამიანმა იცხოვროს რწმენითა და სიყვარულით. თითქმის შეუძლებლად მიმაჩნია ადამიანისთვის მაცხოვრის მიერ სახარებიდან მოწოდებული ცხოვრების წესის აღსრულება, მაგრამ პიროვნების მცდელობა ამგვარი ცხოვრებისა უკვე დიდ მიღწევად მიმაჩნია. ძიების პროცესი თუ დასრულდა ადამიანში, ის ადამიანი თავადაც უსულო, დასრულებული მგონია. ჩემში ყოველწამიერად, მეყსეულად ვითარდება ეს პროცესი და ალბათ სიცოცხლის ბოლომდე ასე გაგრძელება; ადამიანი ყოველდღიურად უნდა იზრდებოდეს, საერთოდ, ყველა სულიერის განცდა ინდივიდუალურია.
ჩემი თაობა ნაკლებად იყო და არის ეკლესიური, მახსოვს, ეკლესიაში სიარულს სხვათა დასანახად ეკრძალებოდნენ კიდეც. ამის თქმისა არ მეშინია - ცოდვა გამხელილი სჯობს (თუმცა, ჩემი აზრით, ეკლესიაში მოდისთვის სიარული დღესაც არაფერს ნიშნავს).
უხილავი სამყაროს არსებობაში არასოდეს დავეჭვებულვარ. ეგ რომ არ იყოს, ლექსს როგორღა დავწერდი?! აკი ამბობს კიდეც გალაკტიონი: "მე ვხედავ სიზმრებს არა თქვენებურს". მგონი, აქ ჩვეულებრივ სიზმრებზე არ არის საუბარი. უხილავი სამყაროს არსებობას მეტ-ნაკლებად აღიქვამს დიდი თუ პატარა შემოქმედი.
2. ილიას მკვლელობის შემდგომ ბევრი რამ მიმაჩნია ცოდვად ჩვენს ტრაგიკულ სამშობლოში. ასეთ ცოდვებს რა ჩამოთვლის, მაგრამ გიპასუხებდით თითქმის დაუფიქრებლად: ფიროსმანის შიმშილით სიკვდილი, რომელიც მარტო ჩვენი კი არა, მსოფლიო ცოდვაა!.. განა დიდი ცოდვა არ არის, რომ კინაღამ მისი თანამედროვენი მის საფლავს დავეძებთ? - ეს დიდი ცოდვაა! თანაც სირცხვილიანი.
ვფიქრობ, არც ერთ ეპოქას თავისი წილი სატკივარი არ დალევია და არც არასდროს დაელევა ალბათ. ყველა თაობას თავისი წილი ომი აქვს წასაგებ-მოსაგები. მხოლოდ უფალია ჩვენი მშველელი და შემწე. ერთ-ერთ ლექსში ვამბობ:
"თუ მიმუხთლა კაცმა,
ცა მპირდება ედემს,
შორს სიბნელის ჯვარცმა -
მზის ვეფარვი კედელს..."
3. საერთოდ, შეკითხვების დასმა ბავშვობიდან არ მიყვარს, ვეკრძალვი, ხშირად მგონია, ყველა დასმული კითხვა შეცდომაა. კითხვის დასმა ყველას შეუძლია. პასუხის გაცემაა ძნელი, ამიტომაც ვერიდები ასეთ ამბებს.
ჩემს მოძღვარს - მამა ზაქარიას (მაჩიტაძე) გულს გადავუხსნი ხოლმე, ვუგულისპასუხდები, რჩევას ვეკითხები, როგორ მოვიქცე ამა თუ იმ სიტუაციაში, მაგრამ კითხვებს არ ვუსვამ - არავითარ შემთხვევაში.
ქეთევან დუმბაძე, 50 წლის, ფილოლოგი, ჟურნალისტი, ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა ქალაქ "მზიურის" დირექტორი, ჟურნალ "ნიანგის" საორგანიზაციო მდივანი. მეუღლე გიორგი მაჭარაშვილი, შვილები: ლევან და ნოდარ მაჭარაშვილები. 1. ეს ის კითხვებია, რომელთაც ადამიანი მთელი ცხოვრება უსვამს საკუთარ თავს, მათზე პასუხის გაცემას კი მთელ ცხოვრებას ანდომებს და ხშირად ისე მიდის ამ ქვეყნიდან, რომ პასუხს ვერ პოულობს. უფლის ძიების პროცესს როცა შეწყვეტ, როცა მის არსებობაში დაეჭვდები, ცხოვრებაც იქ დამთვრდება... ღვთის ძალა, რა თქმა უნდა, მიგრძნია და ვგრძნობ ყოველწამიერად, თავისით არაფერი ხდება და თუ რამე ხდება ისეთი, რაც ჩვენ არ მოგვწონს, ჩვენს თავს დავაბრალოთ, ნუ ჩავთვლით, რომ ღმერთმა დაგვსაჯა. მე არ მიყვარს, როცა ამბობენ, "ღმერთი დაგსჯის". მით უმეტეს, როცა ამას ბავშვებს ეუბნებიან, არა, ჩვენ ვუყვარვართ უფალს, ყველა ერთნაირად, ეს ჩვენ, ადამიანებს, არ გვიყვარს იგი იმ სიყვარულით, იმ ძალით, იმ სიწმინდით და იმ ერთგულებით, როგორითაც უნდა გვიყვარდეს. ჩვენ გვიან, როცა უბედურება დაგვატყდება თავს, მერე ვიწყებთ იმაზე ფიქრს, რა შეგვეშალა, სად არ მოვიქეცით სწორად, მერე ვუხმობთ უფალს, - ესეც უკეთეს შემთხვევაში, თორემ, როგორც წესი, რისთვის, უფალო, რა დავაშავე ასეთიო, - ვამბობთ. უფალი გაძლევს ყველაფერს, მთელი სამყარო შენს ფერხთითაა, აი, ფეხის წვერებზე ივლი თუ გადაჯეგავ მას, შენზეა დამოკიდებული. უფლისკენ სავალი გზა ურთულესია, და იმავდროულად უმსუბუქესი - გიყვარდეს! - გვეუბნება უფალი, ნუთუ ასე რთულია? მე უფალს არ ვუსვამ კითხვებს, მე უფალს ვევედრები მომცეს ძალა - მიყვარდეს. პათეტიკურად ჟღერს, მაგრამ ასეა! როცა განსაცდელი მოდის, მასთან გამკლავებას ადამიანები დამნაშავის ძებნით, დანაშაულის სხვაზე გადაბრალებით ვიწყებთ ხოლმე - სინდისი შენში არსებული ღმერთია, მას ვერსად გაექცევი, ვერსად დაემალები, მასთან თავს ვერ იმართლებ...
ჩემს ოჯახში ინახება რელიკვია - უწმინდესის მიერ მამასთვის (მწერალ ნოდარ დუმბაძისთვის, - ავტ.) მოწერილი ორი წერილი. ეს წერილები გადიდებული, ჩარჩოში ჩასმული კედელზე კიდია ისე, რომ ყველამ დაინახოს, შეჩერდეს და წაიკითხოს. მე ყოველდღე, როგორც ლოცვას, ისე ვკითხულობ მათ. ვცდილობ, ვიცხოვრო, როგორც ღირსეულმა შთამომავალმა იმ კაცისა, რომელიც უწმინდესისგან ამ სიტყვების თქმის ღირსი გახდა - რომელსაც უყვარდა ღმერთი და ამიტომ უყვარდა ადამიანები. ვცდილობ, ძალიან ვცდილობ...
2. 1937 წლის რეპრესიები.
თემის განხილვაში მონაწილეობა ვთხოვეთ წმინდა სამების საკათედრო ტაძრის დეკანოზს, თბილისის სასულიერო აკადემიის გამომცემლობის რედაქტორს, საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის, წმინდა თამარ მეფის სამედიცინო უნივერსიტეტის, ილიას სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის, საღვთისმეტყველო ინსტიტუტისა და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რელიგიათმცოდნეობისა და ფილოსოფიის ისტორიის ლექტორს მამა თეიმურაზ თათარაშვილს: - ვიცით, რომ სიყვარულია უმთავრესი სათნოება სათნოებათა შორის. ამიტომ კითხვა, რომელიც თქვენ დავსვით, ყოველთვის აქტუალური იყო და იქნება ქრისტიანული ეკლესიის ცხოვრებაში. წმინდა მოციქული პავლე სამ ძირითად სათნოებას გამოყოფს: რწმენას, იმედს და სიყვარულს, რომელთაგან დიდ უპირატესობას სიყვარულს ანიჭებს. ადამიანს რწმენა ამქვეყნად სჭირდება, რადგან იმქვეყნიურ ცხოვრებაში პირისპირ ჭვრეტს მეტაფიზიკურ რეალობას, იმედი და სასოებაც ადამიანს აქ სჭირდება, რადგან უფლის სამკვიდრებელში მოხვედრილ ცხონებულ ადამიანს აღარაფრის შიში აღარ აქვს. მხოლოდ სიყვარულია ისეთი ფენომენი, რომელიც ადამიანს მიწიერ ცხოვრებაშიც სჭირდება და მარადიულ სამყაროშიც. როდესაც სიყვარულის შესახებ წმინდა წერილი ამბობს, ძირითადად იგი ორ ფენომენზე ვრცელდება. ანუ სპექტრი ორად განიტოტება - სიყვარული უფლის მიმართ (ტრანსცენდენტური არსებისადმი) და სიყვარული მოყვასის მიმართ.
ჩვენ ვხედავთ, რომ ეკლესიური აზროვნება, უპირველეს ყოვლისა, უფლის სიყვარულს მოითხოვს, სამოციქულო სწავლებით, შიში უფლისა არის დასაბამი სიბრძნისა, რომელიც თანდათანობით მაღლდება უფლის სიყვარულის აღმატებულ საფეხურებამდე.
როგორ უნდა შევიყვაროთ ღმერთი მთელი ჩვენი არსებით? - რა თქმა უნდა, ეს ადვილი არ არის, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ რწმენის მიუხედავად, ყოველთვის დაცემულ ვითარებაში ვიმყოფებით, რადგან ადამიანის ბუნება შელახული და დაცემულია და არავითარი სათნოების მიღწევა, მათ შორის არც სიყვარულის, არ ძალგვიძს ღვთიური მადლის გარეშე. "იმდენად სუსტი და უძლური ხარ, - ეუბნება მიღმიერი სამყარო ადამიანს წმინდა წერილის საშუალებით, - რომ ერთი ღერი თმის გათეთრებაც კი არ შეგიძლია შენი ძალით", ამდენად, ნებისმიერი სათნოება, რომელიც უნდა მოვიხვეჭოთ, შეუძლებელია ღვთის მადლისა და შემწეობის გარეშე. ეკლესიაში სულიერად დაიღუპება ისეთი ადამიანი, რომელიც მხოლოდ საკუთარ ძალებზე არის კონცენტრირებული და ორიენტირებული. ვინც იტყვის, მე დავამარცხებ ბოროტს, მე ამ ცოდვას არ ჩავიდენ, მე ეს არ დამემართებოდაო, განწირულია დაცემისათვის, რადგან ასეთ პიროვნებაში გამოსჭვივის საკუთარ ძალებში დარწმუნებულობა. გავიხსენოთ პეტრე მოციქულის მაგალითი, რა თქმა უნდა, კარგი გაგებით. როცა მაცხოვარი საუბრობდა, მოციქულები ჩუმად იყვნენ, ხოლო პეტრე მოციქული ამბობდა: "უკუნისამდე არ გაგცემ შენ, ყველამ რომ გაგცეს, მე არ გაგცემო". ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ წმინდა პეტრე საკუთარ ძალებზე იყო ორიენტირებული, სჯეროდა თავისი შესაძლებლობების, ამიტომაც უჩვენა მას უფალმა სისუსტე კაცისა, როცა, მაცხოვრის წინასწარმეტყველებისამებრ, სამგზის უარყო უფალი ჯვარცმის წინ. ეს იმიტომ გავიხსენეთ, რომ თუ უფალს არ მივენდობით და ღმერთზე არ დავამყარებთ იმედსა და ძალას, წარმოუდგენელია რაიმე სულიერ წარმატებას მივაღწიოთ, გავიხსენოთ კვერექსი: "შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო, შენითა მადლითა". ანუ შენ შეგიძლია, ღმერთო, ჩვენი დაცვა და შენი შემწეობისა და დახმარების გარეშე ვერ შევძლებთ საკუთარი თავის გადარჩენას. სიყვარულზეც იმგვარადვე ითქმის. უნდა ვხვდებოდეთ, როდესაც ღვთის მიმართ სიყვარულს განვიცდით ან ადამიანების სიყვარულს ვავლენთ, ეს მადლი და სათნოება ღვთიური გზით გვეწყალობა და არა საკუთარი დამსახურებებისამებრ, რადგან ადამიანს არავითარი დამსახურება არ გააჩნია ღვთის წინაშე. ერთგან წმინდა წერილი ამბობს: "არა თუმცა თქვენ გამომირჩიეთ მე, არამედ მე გამოგირჩიეთ თქვენ"... ეგზეგეტიკურად, ძალიან ღრმად გასააზრებელია ეს სიტყვები, იგივე მეთერთმეტე ჟამის მუშაკებისადმი მაგალითი რომ გავიხსენოთ სახარებიდან, თუ უფალმა მოინდომა და მადლი მისცა, ზოგიერთმა წარმართმა შეიძლება გვაჯობოს კიდეც მადლსა და სიყვარულში. ამიტომ, როდესაც უძლურებას ვიგრძნობთ, არ გვაქვს სრული სიყვარული ღვთისა, მუდმივად უნდა ვლოცულობდეთ, რომ უფალმა მოხედოს ჩვენს უძლურებასა და სისუსტეს, მოგვმადლოს წუთისოფლის საცდურების შემოტევების დროს გაძლების ნიჭი და უნარი, სურვილი ლოცვისა, რომელიც თანდათანობით იკარგება თანამედროვე საზოგადოებაში. როცა უფალი ხედავს, რომ ადამიანი აღიარებს თავის უმწეობას და ღმერთს მოუხმობს საშველად, უფრო წარემატება სულიერ ცხოვრებაში უფლის შემწეობით და, აქედან გამომდინარე, მისი სიყვარულიც უფრო სრულყოფილია.
- მამაო, მოციქულებს ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, ხელით შეხებოდნენ უფალს, დაენახათ და შეეგრძნოთ მისი პიროვნული თვისებები; ამდენად, რეალურად განიცდიდნენ ცოცხალ ღმერთს და დიდი იყო მათი სიყვარულიც უფლისადმი, თანამედროვე ადამიანმა ძნელია მიაღწიოს ასეთ სრულყოფილებას. - შევეცდები, ამ მთავარ კითხვაზეც გიპასუხოთ: ადამიანს ღმერთი უნდა უყვარდეს პიროვნულად. მორწმუნე ადამიანისთვის ღმერთი არ უნდა რჩებოდეს ირეალური სამყაროს მიღმა, რაღაც აბსტრაქტული და განყენებული ცარიელი სიტყვა, ან ცარიელი მცნება, როგორც ზოგიერთი ადამიანის წარმოდგენაშია. რასაკვირველია, მოციქულებს, რომლებიც პირისპირ ჭვრეტენ განკაცებულ მაცხოვარს, პიროვნულად უყვართ იგი; აი, ასეთი სიყვარული უნდა მოიპოვოს ადამიანმა ღვთისა. ღმერთი არ უნდა დარჩეს რაღაც შორეული და ჰორიზონტს მიღმა მყოფი, რომლის მიმართაც მხოლოდ კრძალვა უნდა გაგვაჩნდეს და მეტი არაფერი... ღმერთი რომ არ დარჩენილიყო მიღმიერი, რაღაც მიუწვდომელი და აბსტრაქტული, ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ესეც გახლდათ ღვთის განკაცებისა. ქრისტე თავისი სურვილით მოვიდა დედამიწაზე და ადამიანური ბუნება შეისხა, რათა ჩვენთვის ეჩვენებინა, როგორ უნდა გვეცხოვრა და გადაგვერჩინა თავი. წმინდა პავლე მოციქული გაკვირვებით ამბობს: "საუკუნეების განმავლობაში ღმერთი ელაპარაკებოდა ჩვენს მამებს წინასწარმეტყველთა პირით, ბოლოს კი განკაცდა და თვითონ მოვიდა ჩვენთანო". ამიტომაა, რომ სხვა რელიგიები და სხვადასხვა ფილოსოფიური სისტემები ვერ ხვდებიან ამას, რადგან ძნელია ამაში ჩაწვდომა. უკვირთ, როგორ უნდა მივიდეს ადამიანი ისეთ პიროვნულ შესაძლებლობამდე, რომ ღვთისა და მოყვასის ასეთი იდეალური სიყვარული შეძლოს. სწორედ ეს ორი, უმთავრესი მცნებაა ფუნდამენტი ქრისტიანული მოძღვრებისა და ყველა სხვა სათნოებანი აქედან გამომდინარეობს. ათი მცნება არის ის ზნეობრივი კოდექსი, რომელიც ძველი აღთქმიდან არ გააუქმა ახალმა აღთქმამ, არამედ უფრო სრულყო იგი, კიდევ უფრო გაშალა და განავრცო. მაგალითად, თუკი ძველი აღთქმა გვეუბნება, "არა კაც ჰკლა", ახალი აღთქმით, მკვლელობა არა მარტო განადგურებაა, არამედ - როდესაც ადამიანს სურვილით გაიმეტებ მოსაკლავად და მის სიძულვილს ატარებ გულში.
ახალი აღთქმა სრულყოფილი სიყვარულისკენ მოგვიწოდებს და ღვთისა და მოყვასის სრულყოფილ სიყვარულს რომ მივაღწიოთ, არ უნდა დავჯერდეთ მიღწეულს. სიყრმიდან მახსოვს უწმინდესი ილია მეორის სიტყვები: "ადამიანმა, რომელმაც იფიქრა, რომ რაღაცას მიაღწია, იმ დღიდან დაიწყო მის დაცემაო". დაწყებული პავლე მოციქულიდან, წმინდა მამებით დამთავრებული, ქრისტიანული თეოლოგიის ფუნდამენტური აზროვნება ადამიანს წინსვლისაკენ მოუწოდებს: "მარადის უკანას ამას დავივიწყებ და წინას ამას მივწვდები", - ამბობდა წმინდა პავლე მოციქული, ხოლო წმინდა გრიგოლ ნოსელი მოგვიწოდებდა: "მარადის საკუთარ თავზე მაღლა" - ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამონათქვამია, რომელიც შეგვახსენებს, არ დავჯერდეთ მიღწეულს. შეიძლება ნეტარებასაც განიცდიდე, რადგან უფალიც გიყვარს, მოყვასიც და კარგად გრძნობდე თავს, მაგრამ ამ ფიქრებს და მდგომარეობას არ უნდა მისცე ფესვის გადგმის საშუალება. მთავარია, ხვალ როგორ უნდა მიაღწიო იმას, რომ დღევანდელზე მეტად წარემატო სათნოებებში, როგორ სრულყო მიღწევები, როგორ მოიშორო უკეთურობები, რომელიც შენს სულს მატერიას, მიწას აჯაჭვავს, საბოლოო ჯამში კი უკვე ასეთ სულს, ასეთ გონებას აღარ რჩება დრო, იფიქროს უმაღლეს სულიერებაზე. შეიძლება ადამიანი დადიოდეს ტაძარში 8-10 წელი, ჰყავდეს მოძღვარი, ყველაფერს ასრულებდეს თითქმის, რაც მორწმუნეს მოეთხოვება, მაგრამ ვერ გრძნობდეს უმთავრესსა და არსებითს - ცოცხალი ღვთის რწმენას და სიყვარულს. სამრევლო საუბრების დროს ბევრს შემოუჩივლია ჩემთვის ამის თაობაზე. მე მათთვის მითქვამს, რომ ღვთის სიყვარული პიროვნულია და არა აბსტრაქტული. ღმერთი არ უნდა იყოს მხოლოდ გონებაში. ღმერთი გულში უნდა იშვას და როგორც შვილს უყვარს, ვთქვათ, მშობელი, მიჯნურს - მიჯნური, ასევე უნდა შევიყვაროთ უფალი, არ შეგვეშინდეს ამ სიტყვებისა, რადგან საღვთო წერილი სწორედ მიჯნურთა სიყვარულის მსგავსად აღიქვამს ღვთისა და ადამიანის სულიერ კავშირს და ამაში მთელი სიმბოლურ-ალეგორიული გააზრება დევს ალექსანდრიული სკოლიდან მოყოლებული და წითელ ზოლად გასდევს ქრისტიანულ ეგზეგეტიკას. გავიხსენოთ "ქება ქებათას" კომენტარები, თუნდაც ერეტიკოსებისა, ვთქვათ, ფილონ ალექსანდრიელისა, ან თუნდაც ორიგენესი, მით უმეტეს, წმინდა მამებისა: თეოდორიტე კვირელის, გრიგოლ ნოსელის და სხვების. ალეგორიული გააზრებით, როგორც ნეფე სატრფოს მიმართ ილტვის და ყველაფერი უყვარს მასთან ახლოს მყოფი, ასევე უფლის სიყვარულით გულანთებულ პიროვნებას ყველაფერი უყვარს, რაც ღმერთთან არის დაკავშირებული. დღესაც ვიცნობ ბევრ სასულიერო პირს, რომლებიც ძალიან არიან შეყვარებულები ტაძარზე და, აქედან გამომდინარე, ღმერთზე, მათთვის არ არის ეს მხოლოდ გარეგნული, ფორმალური, არამედ რეალური რწმენის შედეგია, მათ შეუძლიათ ცხარე ცრემლებით იტირონ და სწორედ მაშინ იგრძნონ თავი კარგად, რადგანაც ახლოს არიან უფალთან. მრევლს, რომელმაც ფეხი აიდგა ტაძარში, ვურჩევთ, არასოდეს დასჯერდეს მიღწეულს. ვიღაც ფიქრობს, სამრევლო ცხოვრება შემოიფარგლება პატიოსანი, ზნეობრივი ცხოვრებით, აღსარებით, ზიარებით, დროდადრო მარხვების დაცვით. რასაკვირველია, ეს აუცილებელია, ანბანია ქრისტიანული ცხოვრებისა, მაგრამ მთავარია, არ დავჯერდეთ მიღწეულს, ყველაფერი ეს გავაძლიეროთ და უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანოთ, რომ ღმერთმა მეტი წყალობა დაუშვას ჩვენზე.
- მამა თეიმურაზ, კარგი იქნებოდა, თქვენგანაც მოგვესმინა, ვინ არიან ძენი ღვთისანი?- ტერმინი "ღვთის შვილები" ჯერ კიდევ დაბადების წიგნის პრეისტორიულ პერიოდში გაჩნდა და ძველი აღთქმიდან მომდინარეობს. სახარებაში ცხრა ნეტარება განგვიმარტავს, ვინ იწოდება "ძედ ღვთისად". თანამედროვე ქრისტიანობაში ეს ტერმინი შეგვიძლია უფრო განვაზოგადოთ და ფართო მნიშვნელობით გამოვიყენოთ; ვინ არიან ძენი ღვთისანი? - ყველა სასუფევლისკენ მიმავალი მორწმუნე ქრისტიანი, ანუ მემკვიდრე სახარებისა. რას ნიშნავს სახარების მემკვიდრე? სახარების მემკვიდრე იმას შეიძლება ეწოდოს, ვინც თავისი ცხოვრების წესით, სახარებისეული მცნებებით ცხოვრობს და ეს წიგნი მისთვის ცოცხალი იდეალია და ცხოვრების სახელმძღვანელო, მათგან განსხვავებით, ვისთვისაც ბიბლია, წმინდა წერილი მხოლოდ და მხოლოდ ლიტერატურული ან მხატვრული ნაწარმოებია, ან ფილოსოფიური შედევრი და სხვა რაღაც მსგავსი. ასეთი ადამიანებისთვის წმინდა წერილის სიტყვები, რა თქმა უნდა, არ იქნება მოხვედრილი იმ ნოყიერ ნიადაგზე, რომელმაც გულში უფლის სიყვარული უნდა აღმოაცენოს.
ჩვენ მოგვეპოვება I საუკუნის ანონიმი ავტორის საინტერესო ძეგლი ეპისტოლე დიოკლიტესადმი, რომელიც ეკლესიაში მიღებული სახელმძღვანელოა. მისი ტექსტი ახალქართულად დაბეჭდილია სხვადასხვა გამოცემაში. აქ გვხვდება ძალიან საინტერესო ფრაზა: "ქრისტიანები დედამიწაზე მკვიდრობენ, მაგრამ ცათა შინა მოქალაქეობენო". ამ საკითხებს ღრმა ფილოსოფიურად იაზრებს დასავლეთში მოღვაწე ქრისტიანული ეკლესიის უდიდესი ავტორიტეტი ნეტარი ავგუსტინე, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის არაერთი თეოლოგიური თხზულების ავტორია. ფილოსოფიურ შედევრად ითვლება მისი ნაწარმოები "ღვთის ქალაქი". ნეტარი ავგუსტინე აქ ორ ქალაქზე საუბრობს, ორივე დედამიწაზეა, ერთი ქალაქი ჩართულია მიწიერ ცხოვრებაში, მიწიერ კოშკებს აშენებს და წუთისოფლის შენებით არის გართული (მივადევნოთ თვალყური, რაც დღეს მსოფლიოში ხდება) და მეორე, ის ადამიანები, რომლებიც, მართალია, დედამიწაზე მკვიდრობენ, მაგრამ ღვთიურ ქალაქს ქმნიან და უფლებამოსილნი არიან განაცხადონ, რომ ღვთიური ქალაქის მოქალაქეებად და ღვთის ძეებად იწოდებოდნენ. ანუ მე არა ვარ მიწიერების შვილი, არამედ მე ვარ ძე უფლისა.
- ილიას მკვლელობის შემდეგ რა მიგაჩნიათ საუკუნის ცოდვად და თქვენზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, რომელ ეპოქაში ისურვებდით ცხოვრებას?- ილიას მკვლელობა მართლაც საუკუნის ცოდვა იყო. ამას დღესაც ვიმკით.
უდიდესი ცოდვა, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში თავდაპირველად დატრიალდა, კაენის ცოდვა იყო. XX საუკუნეში კაენის ცოდვის გამოვლინებას გაუხსნა გზა 20-30-იანი წლების რეპრესიებმა. ალბათ გამიჭირდება რომელიმე ფაქტის დაკონკრეტება, მაგრამ მკვლელობათა საშინელმა სერიამ უამრავი სასულიერო პირის, მწერლის, მეცნიერისა თუ ხელოვანის სიცოცხლე შეიწირა იმ წლებში...
1995 წელს საქართველოს ეკლესიამ პატრიარქ ილია მეორის კურთხევით წმინდანებად შერაცხა 1924 წელს დახვრეტილი მიტროპოლიტი ნაზარი და მასთან ერთად წამებული სასულიერო პირები, კალენდარში იქვე მიწერილია ყოველი ახალმოწამე, ტოტალიტარული რეჟიმის მიერ წამებული, ანუ საუბარია იმათზე, ვინც მათთან ერთად დახვრიტეს 20-30-იან წლებში, ისინი ყველანი წმინდანებად მოიხსენიებიან, ვფიქრობ, ამაზე ღირს ყურადღების გამახვილება.
- დაბოლოს, გთხოვთ უპასუხოთ რესპონდენტის შეკითხვას.- კვეთებულის ლოცვა, მოგეხსენებათ, სპეციალური მსახურებაა, რომელიც მიმართულია ადამიანიდან გარკვეული დემონის განსადევნელად. არის შემოტევები არა მხოლოდ ფიზიკური სნეულებების, არამედ სულიერი უძლურების, რაღაც ნაკლოვანებისა და წარუმატებლობის მაგიისაგან განსაკურნებლად. ამ ლოცვის წაკითხვა ყველა სასულიერო პირს არ შეუძლია. ისინი, ვინც კვეთებულის ლოცვას კითხულობს, მღვდელმთავრებისგან იღებენ კურთხევას. ამ ლოცვის წაკითხვას დიდი სულიერი ჯაფა და გამოცდილება სჭირდება მღვდელმსახურისაგან, რადგან ბრძოლა მართლაც დიდია მათთან.
ადამიანმა, რომელსაც სურს კვეთებულის ლოცვაში მიიღოს მონაწილეობა, უპირველესად, სულიერი მოძღვრისაგან უნდა აიღოს ლოცვა-კურთხევა, რადგან მოძღვრის კურთხევას უდიდესი ძალა აქვს ყველა საქმეზე, მით უმეტეს, სულიერ საკითხებში.
- ვისაც მოძღვარი არა ჰყავს?- მოდით, დავიწყოთ მაშინ იმით, რომ მოძღვარი ყველას უნდა ჰყავდეს და ვისაც არ ჰყავს, უმჯობესია, დაელაპარაკოს თვითონ იმ მღვდელს, რომელიც კვეთებულის ლოცვას ატარებს და ამ შემთხვევაში ის მიიღებს მართებულ გადაწყვეტილებას.
- გმადლობთ, რომ თემის განხილვაში მიიღეთ მონაწილეობა.