ამას წინათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის ამბიონიდან ბრძანა:
ყოველმა ადამიანმა უნდა იფიქროს იმაზე, თუ ვინ ვიყავით წარსულში, ვინ ვართ დღეს და საითკენ მივემართებით მომავალში. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა დროს, ყოველ საუკუნეს, თავისი სახე აქვს. ესა თუ ის საუკუნე შეგვიძლია დავახასიათოთ რაღაც მისთვის დამახასიათებელი ნიშნით. მაგალითად, XX საუკუნე - ეს აღმოჩენების საუკუნეა; იგი ხასიათდება მეცნიერული წინსვლით. ამ პერიოდში დიდი ნაბიჯები გადაიდგა წინ - მეცნიერებასა და ტექნიკაში, თუმცა, ამასთან, უკან წავიდა ზნეობა. აი, ასეთი წინააღმდეგობებით შეიძლება დავახასიათოთ გასული საუკუნე. სწორედ ამ ეპოქაში მოხდა კოსმოსის "დაპყრობა", გამოიგონეს თვითმფრინავი, რაკეტა, მასობრივი განადგურების იარაღი. მახსენდება, 30 წლის წინ თბილისში ჩატარდა სამშვიდობო კონფერენცია. მის მუშაობაში მონაწილეობდნენ გამოჩენილი მეცნიერები, რომელთა განცხადებით, მსოფლიოში იმდენი იარაღია დაგროვილი, რომ 17-ჯერ შეიძლება მოისპოს სიცოცხლე დედამიწაზე! იგულისხმება არა მარტო ადამიანის სიცოცხლე, არამედ დედამიწის სიცოცხლე - მასზე მცხოვრები ცხოველებისა თუ ბაქტერიების ჩათვლით. ეს იყო 30 წლის წინ და ახლა უარესი მდგომარეობაა. 17-ჯერ რად უნდა მოსპობა სიცოცხლეს? ერთხელაც ეყოფა! მაშინ მეცნიერებმა თქვეს, რომ ჩვენ, ყველანი, მთელი მსოფლიო, ვიმყოფებით ერთ კასრში, რომელიც სავსეა დენთით და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაჰკრავს ასანთს - ამერიკა, რუსეთი, ევროპის რომელიმე სახელმწიფო თუ კიდევ სხვა - მაინც ყველა აფეთქდება! აი, ასეთი საშინელი სურათი იხატება ჩვენ წინაშე.
გასულ საუკუნეში ბევრი სიკეთეც იყო. მაგრამ უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ XX საუკუნემ კაცობრიობას მოუტანა ორი მსოფლიო ომი, რომლის დროსაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე მოისპო მთელ მსოფლიოში. ასე რომ, მუდამ გვმართებს ფიქრი, თუ რანი ვართ დღეს. კარგად უნდა ვხედავდეთ საკუთარ თავს. ხშირად ამა თუ იმ პროცესს ვეღარ ვაჩერებთ და იგი ემსგავსება მთიდან დაგორებულ ქვას, რომელსაც წინ ვეღარაფერი დაუდგება.
წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) ამბობდა, ერი, რომელიც დაივიწყებს თავის წარსულს, ვერც დღევანდელობას შექმნის და ვერც სამომავლოდ ჩაუყრის მტკიცე საფუძველს თავისი ქვეყნის მშენებლობასო.
უკვე ორ ათეულ წელზე მეტი გავიდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან და ამ ხნის მანძილზე ქვეყანამ ჯერაც ვერ დააღწია თავი მრავალ წინააღმდეგობას და განსაცდელს, დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიის დიდი ნაწილი, სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი დღითიდღე ღრმავდება და მწვავე ხასიათს იძენს, რადგან "ძლიერნი ამა სოფლისანი" ისევ ვერ გარკვეულან იმაში, რა ტიპის სახელმწიფოს მშენებლობას ვაპირებთ და რომელ სარწუნოებას უნდა მივანიჭოთ უპირატესობა, რაც ღვთისგან განდგომილების უტყუარი ნიშანია.
როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არ გვაქვს გაცნობიერებული დღევანდელი დაცემული მდგომარეობა და ამიტომ ჩვენი წარმოდგენები ბუნდოვანია მომავალზეც.
ანკეტის საშუალებით თავიანთი აზრის გამოთქმა ვთხოვეთ მიტროპოლიტ დიმიტრის (შიოლაშვილი), საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს მარიკა ლორთქიფანიძეს, კინორეჟისორ რევაზ ჩხეიძეს და ფილოლოგიის აკადემიის დოქტორს მარიამ ყიფიანს.
ანკეტის შეკითხვა ასეთია:1. ილიას მკვლელობის შემდეგ რა მიგაჩნიათ საუკუნის ცოდვად, რომელიც შავ ლაქად დარჩება ქართველი ერის ისტორიაში?მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი, ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი, საპატრიარქოს საინფორმაციო სამსახურის თავმჯდომარე.მე ვფიქრობ, ილიას მკვლელობის შემდეგ ყველაზე სამარცხვინო ფურცელი მაშინ ჩაიწერა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა. არ მინდა ისე გამიგოთ, თითქოს მენშევიკურ მთავრობაზე დადებითი წარმოდგენის ვიყო, ცხადია, ვერც ისინი მოუტანდნენ ჩვენს ხალხს სიკეთესა და კეთილდღეობას, მაგრამ კომუნისტურმა ეპოქამ, სულ ცოტა, ერთი საუკუნით მაინც შეაფერხა ერის სულიერი წინსვლის და ქვეყნის განვითარების პროცესი.
სამწუხაროა, რომ ჩვენმა ერმა არათუ სინანულით არ ჩამოიწმინდა ილია ჭავჭავაძის მკვლელობით დაღვრილი სისხლი, არამედ, მე ვიტყოდი, უფრო დიდი დანაშაული ჩაიდინა, როცა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანია და მუხანათურად, ფარულად დაახალა ტყვია ერის სულიერ მამასა და წინამძღოლს კირიონს, შემდეგ კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, რომელიც უკვე იმდენად მოხუცებული იყო, მთელი სხეული უკანკალებდა, ცილი დასწამა იმაში, თითქოსდა, თვითონ გამოეტანოს თავისი თავისთვის სასიკვდილო განაჩენი და თვითმკვლეობით დაესრულებინოს სიცოცხლე. ეს აორმაგებს დანაშაულის სიმძიმეს და წაროუდგენელ ცინიზმს აღწევს. უწმინდესი და უნეტარესი კირიონ მეორე საქართველოს ეკლესიამ წინდანად შერაცხა. მისი მკვლელობა უდიდესი დანაშაულია, რომელიც დიდ ცოდვად აწევს ჩვენს ერს კისერზე.
მარიამ ლორთქიფანიძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. მე საუკუნის ცოდვად საბჭოთა რეპრესიებს დავასახელებდი საქართველოში, რომელიც ბოლშევიკების აქ შემოსვლის დღიდან იწყება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყანა მას თავიდან ბრძოლით დახვდა.
რაც შეეხება 1924 წლის რეპრესიებს, ცხადია, ამას გამართლება არ მოეძებნება, მაგრამ აქვს გარკვეული ახსნა, რადგან ფაქტია, რომ აჯანყება დაიწყო საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. მართალია, შემდეგ ვაგონებში ვინ შეყარეს, ვინ დახვრიტეს, ვინ გადაასახლეს და დააპატიმრეს, კაცმა არ იცის, მაგრამ მე რას ვამბობ, - ამ რეპრესიებს მაინც აქვს რაღაც ახსნა, რადგან გარკვეული მიზეზი და წინაპირობა არსებობდა, მაგრამ რა გამართლება შეიძლება მოეძებნოს 30-იანი წლების რეპრესიებს? იმ სისასტიკის შემდეგ, რაც 20-იან წლებში ქვეყანაში მძვინვარებდა, ხალხმა მაინც დაღუნა თავი და პროტესტის გარეშე აკეთებდა თავის საქმეს და იმ ტკივილის მიუხედავად, რასაც ისინი გულში ატარებდნენ, მაინც ნამუსიანად ემსახურებოდნენ თავიანთ ქვეყანას. მაშ, რამ გამოიწვია 30-იანი წლების რეპრესიები? - კაციშვილმა არ იცის... რატომ დახვრიტეს ჩვენი ერის საუკეთესო ნაწილი: მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, ევგენი მიქელაძე, სანდრო ახმეტელი, გიორგი ელიავა და რა ვიცი კიდევ რომელი ერთი დავასახელო. ეს იყო უდიდესი ტრაგედია, რასაც გამართლება არ აქვს. შეიძლება დღეს ვინმემ ილაპარაკოს, ეს იმიტომ ან ამიტომ მოხდაო, რასაც ვერ გავიზიარებ, რადგან ერთ მიზანს ემსახურებოდა: ერის დამორჩილება მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდებოდა შესაძლებელი, თუ მას მოაზროვნე საზოგადოება არ ეყოლებოდა, ამიტომ უნდა მოესპოთ და გაენადგურებინათ და მართული გაეხადათ ქართველი მოსახლეობა, ამიტომ 20-იანი და 30-იანი წლების რეპრესიები შავი ასოებით ჩაიწერა საქართველოს უახლეს ისტორიაში.
რევაზ ჩხეიძე, კინორეჟისორი, სახალხო არტისტი. მამაჩემი დავით ჩხეიძე, რომელიც მწერლობაში დია ჩიანელის ფსევდონიმით არის ცნობილი, 1937 წლის რეპრესიებმა იმსხვერპლა. ქუთაისში, ბალახვანში ვცხოვრობდით, როდესაც ღამის 2 საათზე მამაჩემის დასაჭერად მოვიდნენ. ბავშვებიც წამოგვყარეს ლოგინებიდან და ჩხრეკა დაიაწყეს. არ მავიწყდება იმ ღამით ჩემი მშობლების გაოგნებული სახეები, მამასთან განშორების წამები, რომელმაც ბოლო 26 მანეთი ამოიღო საფულიდან და ჩვენ დაგვიტოვა. დეკემბრის სუსხიან დღეს გამოგვყარეს სახლიდან მე, დედაჩემი და ჩემი ორი და. უბინაოდ დარჩენილებმა არ ვიცოდით, სად წავსულიყავით. ეს იყო საშინელი კადრები, რომელიც არასოდეს ამოიშლება ჩემი მეხსიერებიდან. ვფიქრობდი ადამიანებზე, რომლებიც ასე სასტიკად იმიტებდნენ ერთმანეთს. ისინი ასმენდნენ, ღალატობდნენ, მოსაკლავად არ ინდობდნენ ახლობლებსა და ნაცნობ-მეგობრებს, რათა ასე გადაერჩინათ თავიანთი ოჯახები და საკუთარი სიცოცხლე, გადასახლებულთაგან ხომ, ძალიან მცირე შანსი იყო, ვინმე ცოცხალი დაბრუნებულიყო, მაგრამ ამ იმედსაც ბოლომდე ვიტოვებდით. ერთხანს ვიღებდით პაპიროსის ქაღალდის ნაგლეჯზე დაწერილ ბარათებს მამაჩემისაგან. "მოველი ცუდს, კარგს - არა, მაგრამ რა ვქნა? ტანჯვას ოდნავ ის მიმსუბუქებს, რომ აქ, ციხეშია ყველა ის ადამიანი, ვისაც პატიოსანი ქართველი ჰქვია" - წერდა გადასახლებიდან. მერე, როცა დახვრიტეს, წერილებიც შეწყდა და დედაჩემის თვალებსაც მთელი ცხოვრება ცრემლი აღარ შეშრობია. ამ არგაგონილ ბოროტებასთან ერთად, რომელიც ბავშვობიდანვე ყოველ ნაბიჯზე მხვდებოდა, სიკეთის არსებობასაც ვგრძნობდი, რადგან დაკვირვებული ვიყავი, როდესაც უკანასკნელი იმედი გვეწურებოდა, ყოველთვის მაშინ ჩნდებოდა რაღაც დამხმარე ძალა და ხელს წაგვაშველებდა. უბინაოდ დარჩენილები ჩვენმა ნათესავმა რკინიგზელმა ლადო მაჭავარიანმა შეგვიფარა. 5 თვე თავის ბინაში გვაცხოვრა ცოლ-შვილთან ერთად. მართალია, ხელმოკლედ ცხოვრობდნენ, მაგრამ ამას ჩვენ არ გვაგრძნობინებდნენ. ცდილობდნენ ჩვენს გამხიარულებას. საღამოობით ყველანი თუჯის ღუმელთან ვიკრიბებოდით, ბ-ნი ლადო ბავშვებს გვამღერებდა, გვაცეკვებდა, ზღაპრებს გვიყვებოდა. ამ კაცმა დიდი სიკეთე გამოიჩინა ჩვენ მიმართ. ხომ შეიძლებოდა, ჩვენს გამო დაეჭირათ, დაეხვრიტათ ან გაეციმბირებინათ, მაგრამ ეტყობა, ისიც ვიღაც კეთილმა ჩეკისტმა დაინდო.
მახსოვს, როცა მამაჩემი დაიჭირეს, სკოლის დირექტორმა თამარ დახუნდარიძემ თავის კაბინეტში გამომიძახა, გულში ჩამიკრა, მომეფერა და მითხრა: "რეზო, იცოდე, ამ სკოლაში, სანამ მე აქ ვარ, ვერავინ დაგჩაგრავს, მთავარია, შენ კარგად ისწავლე და დანარჩენი მე ვიციო". არ ველოდი ასეთ ყურადღებას, მისი ძმა ჩეკას დირექტორად მუშაობდა. ქუთაისში ჩავდივარ, საფიჩხიის სასაფლაოზე, მოვინახულებ მათ საფლავებს და ასე გამოვხატავ მათ მიმართ ჩემს უდიდეს სიყვარულსა და მადლიერებას.
ცოტა ხნის შემდეგ თბილისში, ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის დემნა შენგელაიას ოჯახში გადავედით საცხოვრებლად, რომელიც დეიდაჩემის მეუღლე გახლდათ. მათ უდიდესი თანადგომა და დახმარება გაგვიწიეს. ასე რომ, ბოროტებაზე ძლიერი, როგორც ჩანს, მაინც სიკეთე აღმოჩნდა, ალბათ, ამიტომაც გადავრჩით და ჩვენი ერიც გამოვიდა ამ მდგომარეობიდან. მძიმე იყო 1937 წელი, რომელმაც ბევრი ცნობილი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მაგრამ დიდ იმედს მაძლევს უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის მიერ წარმოთქმული სიტყვა ქუთაისში დაღუპულთა მემორიალის გახსნაზე. პატრიარქმა ყველა ქართველი რეპრესირებული ახალმოწამედ მოიხსენია.
მარიამ (მანანა) ყიფიანი, ჟურნალ "მრევლის" რედაქტორი, ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი, ილია ჭავჭავაძის კვლევის ცენტრის მეცნიერი თანამშრომელი, ილია ჭავჭავაძის პერსონალური ენციკლოპედიის შემოქმედი ჯგუფის წევრი. საუკუნის მრავალ ცოდვათაგან მე ერთ-ერთზე მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო. აფხაზეთში ჩვენი დამარცხების მრავალი მიზეზი არსებობს. მაგრამ ეს დამარცხება რა მოსატანია იმ მარცხთან, რომელიც ჩვენ კოდორის ხეობაში განვიცადეთ. თუ ჩვენ წინ ჭუბერის გადასასვლელი გველოდა, ღმერთი არ მოგვცემდა გამარჯვებას აფხაზეთში. ჩვენ აფხაზეთში არ დავმარცხდით, ჩვენ კოდორის ხეობაში დავმარცხდით, ამოწყვეტილ, გაუბედურებულ ადამიანებს ნამდვილი გოლგოთა მოვუწყვეთ, არნახული სისასტიკის ძარცვა-გლეჯა და დამცირება შევამთხვიეთ, რამდენი სიცოცხლე შეიწირა ამ ასპიტურმა სისასტიკემ! ფიზიკური მარცხი ზნეობრივ მარცხთან რა მოსატანია! ის, რაც ქართველებმა კოდორის ხეობაში, ჭუბერზე საკუთარ თანამოძმეებს დავმართეთ, არის საუკუნის ცოდვა, სრული ზნეობრივი კრახი, საქართველოს სირცხვილთა შორის ერთ-ერთი უდიდესი სირცხვილი. შეიძლება შეგვედავონ - ადამიანების ერთი ჯგუფის დანაშაული მთელ ერს რატომ უნდა მოეკითხოსო. გარეწრების ერთი ჯგუფის ტყვიამ მოუსწრაფა სიცოცხლე ერის მამასა და ქომაგს, ილია ჭავჭავაძეს, მაგრამ ეს ცოდვა მთელი ერის საზიდი გახდა. როგორც წმინდა მამები ამბობენ, ჩვენ ყველანი ერთიანი სასიცოცხლო ჯაჭვით ვართ ერთმანეთთან დაკავშირებულნი, ერთი ადამიანის ცოდვა მეორე ადამიანის ტანჯვას, ავადმყოფობას, სიკვდილს იწვევს... აფხაზეთში ჩვენ მტერს ვებრძოდით, კოდორის ხეობაში - საკუთარ თანამოძმეს, ძმათამკვლელ ომს კი სიკეთე არასოდეს მოუტანია. ჩვენ არ ვიცით, სად გვიწევს კოდორის ხეობის დანაშაული, თუკი უკვე არ გვიწია!