1. "ამას გეტყოდე თქუენ, რაითა არ დაბრკოლდეთ", - ასე იწყება იოანეს სახარების 16-ე თავი, რომელიც მთავრდება მაცხოვრის სიტყვებით: "მე მიძლევიეს სოფელსა..." აქედან გამომდინარეა ჩვენს შეკითხვა:
თანამედროვე ქრისტიანს შეუძლია თუ არა დაძლიოს წუთისოფლის ამაოება და პირადად თქვენ რა დაბრკოლებებს აწყდებით ცხოვრებაში?
2. როდის შემოვიდა რწმენა თქვენს ცხოვრებაში და როგორ გამოხატავთ დამოკიდებულებას უფალთან?
3. რას შეეკითხებოდით მოძღვარს?ანკეტის ამ შეკითხვებს უპასუხებენ: ფილოლოგი
ეკატერინე გაბუნია-სებისკვერაძე, ინჟინერ-ელექტრიკოსი
ირაკლი ტუღუში და ექიმი-რეზიდენტი
ნინო მეგრელიშვილი.
ეკატერინე გაბუნია-სებისკვერაძე, 37 წლის, ფილოლოგი. მისი მეუღლეა იაკობ სებისკვერაძე, ჰყავს 3 შვილი: დავითი, ქრისტინე და ანასტასია სებისკვერაძეები. 1. ბევრისგან მსმენია, სულიერების გზაზე ზოგიერთი მოძღვარი მაბრკოლებსო. მე ყოველ მოძღვარს ისე ვუყურებ, როგორც გამტარს და უფალთან ჩვენს დამაკავშირებელს. როდესაც მოძღვარს აღსარებას ვაბარებ, ისეთი განცდა მეუფლება, თითქოს მაცხოვრის წინაშე ვდგავარ და არასოდეს მიფიქრია იმაზე, რამდენად სწორად ართმევს იგი თავს იმ მოვალეობას, რაც მას ღმერთმა დააკისრა. თუ რაიმე ეშლება, ისიც ხომ ჩვენნაირი ადამიანია და უფალი მასაც ჩვენსავით შეუნდობს, რადგან შეცდომისაგან ხომ არავინ ვართ დაზღვეულნი.
ისე როგორც ყველას, მეც ჩემი სისუსტეები მაქვს და ყველაზე დიდი დაბრკოლება ალბათ საკუთარი ცოდვებია, რადგან სხვათა შეცოდებებს ვერაფრით ვერ აღვიქვამ ჩემს დაბრკოლებად, გარდა ერთი შემთხვევისა, როდესაც წირვა-ლოცვას ვესწრები და ტაძარში ხმაური და უწესრიგობაა, აი, ეს მაბრკოლებს, რადგან ხელს მიშლის ლოცვაში. მე მოსკოვში ვცხოვრობ და წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში დავდივარ საღვთო ლიტურგიაზე დასასწრებად. ამ ტაძარში ძირითადად ქართული სათვისტომო ვიკრიბებით. ვერ ვურიგდები იმას, როდესაც მრევლი ერთმანეთის მოკითხვითა და საუბრით არის დაკავებული. სხვათა შორის, ასეთი რამ საქართველოს ეკლესიებშიც შემიმჩნევია, რასაც ვერ ვეგუები.
ჩემი აზრით, ყველაზე ეკლესიური და მოწესრიგებული ადამიანიც კი ვერ მისცემს თავს იმის უფლებას, თქვას: "მე მიძლევიეს სოფელსა", რადგან ეს ხომ ქრისტესთან და წმინდანებთან გატოლებას ნიშნავს. ამ სიტყვებს წმინდანებიც არ იტყოდნენ ალბათ, მიუხედავად იმისა, რომ მათ უარყვეს პირადული ცხოვრება ქრისტესთვის და მართლაც უძლევიათ სოფლისთვის. თუნდაც ამაშიც ჩანს მათი უბრალოება და დიდი სულიერება.
2. ბავშვობაში ყველა თავისებურად აღიქვამს სამყაროს. რაც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა, ის არის, რომ პატარა ვიყავი, როდესაც დავდგებოდი ხატების წინ, რადგან ვგრძნობდი, მათგან უდიდესი სითბო გამოდიოდა და საოცარ განწყობას მიქმნიდა, რომელსაც სიტყვით ვერ გადმოვცემ. განსაკუთრებით მიზიდავდა მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები, რომელთაც დაძინების წინ ყოველთვის დიდხანს ვაკვირდებოდი და ამის შემდეგ ვიძინებდი მშვიდად და უშფოთველად. ბავშვობის პერიოდში ჩემს რწმენას არ ჰქონდა ის სიღრმე, რაც შემდეგ წლებმა მოიტანა. განსაცდელმა, რომელიც ბევრჯერ გვეწვევა ხოლმე ცხოვრების გზაზე, კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოვა უფალთან მე და ჩემი ოჯახის წევრები და მეტი წესრიგი შემოიტანა ჩვენს ოჯახში. განსაცდელისა და ავადმყოფობის დროს ხშირად დავდივართ წმინდა მატრონას საფლავზე, ვიყენებთ მისი საფლავის კანდელიდან აღებულ ზეთს, ვკითხულობთ ლოცვებს და მის სადიდებელ ტროპარ-კონდაკებს და გულმხურვალედ შევთხოვთ გამოგვიყვანოს მძიმე მდგომარეობიდან. არის ისეთი პერიოდებიც, როდესაც სისტემატურად ვერ ვახერხებ ტაძარში სიარულს ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ეს მე ძალიან მაწუხებს შინაგანად, რადგან როდესაც ადამიანი ტაძრის მადლს აკლდება, ვეღარ იღებს სულიერ შევსებას, თუმცა ჩემი რწმენის ხარისხზე ეს არ აისახება, რის გამოც ვმადლობ უფალს. რამდენიმე წლის წინ ჩემი შვილები დავითი და ქრისტინე დივეევოშიც იმყოფებოდნენ წმინდა ადგილების მოსალოცად, ზამთარში გაყინულ წყალში ჩავიდნენ, მადლი და კურნება რომ მიეღოთ და მდიდარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ წმინდა სერაფიმე საროველის სავანიდან.
ჩემს დამოკიდებულებას უფალთან გამოვხატავ მისადმი უსაზღვრო მინდობით, იმ იმედითა და შთაგონებით, რომ საქმე ავად არ წავა.
3. ჩემი შვილის ნათლია დაქორწინდა არაბ მუსულმანზე. როგორც თვითონ განაცხადა, იგი უკვე პატივს სცემს თავის მეუღლის სარწმუნოებას, რაც ძალიან გვაწუხებს. როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში?
ირაკლი ტუღუში, 61 წლის, ინჟინერ-ელექტრიკოსი, ამჟამად უმუშევარი. მისი მეუღლეა თამარ-თოლია აბაშიძე. ჰყავს ორი ქალიშვილი ია და მარიამი.
1. ჩემი აზრით, ყოველდღე გამოცდას გავდივართ და უამრავ დაბრკოლებას ვაწყდებით ცხოვრებაში. ვინ როგორ გადალახავს დაბრკოლებას, ეს უკვე თავად პიროვნებაზეა დამოკიდებული. ძალიან დიდ წინააღმდეგობას ვაწყდებით თუდაც ადამიანურ ურთიერთობებში, შეიძლება ეს ჩვენი თაობის პრობლემა უფროა. ადამიანი თუ ბავშვობიდანვე ქრისტიანულ მორალს იცავს და სახარებისეული მცნებებით ცხოვრობს, წესით, არ უნდა გაუჭირდეს ურთიერთობა სხვა ადამიანებთან. პირადად მე გვიან ჩავერთე ეკლესიურ ცხოვრებაში და ამდენად ძნელია ჩემთვის ზოგიერთ პიროვნებასთან საერთო ენის გამონახვა. მაბრკოლებს დიდ ეკლესიებში წირვა-ლოცვაზე დაწრებაც. უდიდესი სურვილის მიუხედავად, დავესწრო პატრიარქის წირვებს, ეს ჩემთვის ძნელი მისაღწევია, რადგან ვერ დავდივარ საღვთო ლიტურგიაზე წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ხალხის სიმრავლის გამო, დიდ საუფლო დღესასწაულების მცირეოდენი გამონაკლისის გარდა. ეს ჩემი პიროვნული ახირება კი არ არის, უბრალოდ, იქ, სადაც დიდ მრევლი და ხშირი მოძრაობაა, ყურადღება მეფანტება და ვერ ვერთვები ლოცვებში, საშუალო მოცულობის ტაძრებში კი უფრო მყუდროდ და კომფორტულად ვგრძნობ თავს. ქადაგების მოსმენა და ზიარებაც მიჭირს იქ, სადაც ხალხმრავლობა და უდისციპლინობაა. შეიძლება ეს ყველაფერი იმდენად პირადული იყოს, არც კი ღირდეს საჯაროდ ამაზე საუბარი, მაგრამ რადგანაც დაბრკოლებაზე შემეკითხეთ, ალბათ უნდა მეთქვა ის, რაც დამაბრკოლებელია ჩემთვის. ალბათ ეს ჩემი ნაკლია უფრო...
ჩვენ უნდა შევეცადოთ, რაღაც დონეზე მაინც მივუახლოვდეთ ქრისტეს. ამას მივაღწევთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომთხოვნი და უფრო კრიტიკული ვიქნებით საკუთარი თავის მიმართ. არის ისეთი ცოდვები, რომლებიც წლების მანძილზე მოგვყვება და ძნელია მათი ერთბაშად მოკვეთა, მით უმეტეს ქალაქური გარემო, რომელშიც ცხოვრება გვიხდება, დიდი საცთურებისკენ გვიბიძგებს. ამიტომაც იყო, რომ ბერები ტოვებდნენ ქალაქს და უდაბნოში მიდიოდნენ ცოდვებთან საბრძოლველად, ცდილობდნენ განმარტოებას, უფრო ახლოს რომ მისულიყვნენ ღმერთთან. ჩემი აზრით, ადამიანებთან ცხოვრება მეტისმეტად ძნელია, რაგან მათთან სიახლოვით შეიძლება მეტი ცოდვა ჩაიდინო კაცმა, ვიდრე მაშინ, როც მათგან მოშორებით იმყოფები. თუმცა ადამიანისთვის მარტოდყოფნაც არანაკლებ ძნელია, რადგან ის საზოგადოებრივ ურთიერთობაში უკეთ გრძნობს თავს.
2. ეკლესიასთან ჩემი ურთიერთობა 2 წლის ასაკიდან დაიწყო, როცა დიდუბის ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში მომნათლეს ისე, რომ მამაჩემმა გვიან შეიტყო ამის შესახებ. ბავშვობიდან დედა დამატარებდა ამ ტაძარში. როდესაც ჩემთვის ოპერაციის გაკეთება აუცილებელი გახდა, ბუნდოვნად მახსოვს, დედაჩემმა რამდენჯერმე შემომატარა დიდუბის ეკლესიას და ჩემი თავი მღვდელს დაალოცვინა. დედაჩემის დიდი პაპა სასულიერო პირი გახლდათ. მე ბავშვობიდან მესმოდა მის შესახებ, მას ერისკაცობაში ანტონ ხახუტაშვილად, მღვდლობაში კი მამა იოანედ მოიხსენიებდნენ. ჩემი ნაცნობ-მეგობრებიდან ყველამ იცოდა, რომ ასეთი წინაპარი მყავდა. პაპის პაპისგან მე მერგო აზარფეშა, რომელზედაც გარკვევით წერია, რომ იგი მღვდელ იოანე ხახუტოვს ეკუთვნოდა, ჩემს ოჯახში ყოველთვის ამ აზარფეშით ისმება ჩვენი წინაპრების სადღეგრძელო.
ჩემი ეკლესიურობის და რწმენის ხარისხი ასაკთან ერთად მატულობდა, სტუდენტობის წლებში ლიტანიობასაც დავსწრებივარ დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე, თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ჩემი რწმენის გაძლიერებაში დიდი წვლილი შეიტანა ჩემმა მეუღლემ თოლია აბაშიძემ, რადგან მისი მშობლები - პოეტი გრიგოლ აბაშიძე და ჩემი სიდედრი ლამარა დიდი რწმენით გამოირჩეოდნენ, რის გამოც ჩვენ ხშირად ვხვდებოდით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს, მეუფე თადეოზს და სხვა სასულიერო პირებთანაც ახლო ურთიერთობა გვქონდა. მათთან საუბარი ძალზე სასიამოვნო და საინტერესო გახლდათ, რამაც ძალიან დამაახლოვა ეკლესიასთან. ჩემი მოძღვარია არქიმანდრიტი ფილარეტი (კუდინოვი), რომელთანაც ძალიან გახსნილი ვარ და დაუბრკოლებლად მიხდება ჩემს ცოდვებზე საუბარი, რაც მისი, როგორც მოძღვრის, დიდი მადლისა და დამსახურების შედეგია.
3. მტრებთან ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნება ასე თუ ისე შემიძლია, მაგრამ რა უნდა მოვიმოქმედო იმისათვის, რომ შემეძლოს ქრისტეს უმთავრესი მცნების დაცვა: "გიყვარდეთ მტერნი თქვენნი"?!
ნინო მეგრელიშვილი, 24 წლის, ექიმი-რეზიდენტი, რევმატოლოგი. მეუღლე - ნუკრი წიკლაური, შვილები: გიორგი, ანდრია და ილია. 1. როდესაც ადამიანს უჩნდება სურვილი იოლი ცხოვრებისა, თავის გასამართლებლად დაბრკოლებას იმიზეზებს, მართმადიდებლობა კი სწორედ დაბრკოლებათა გადალახვით მტკიცდება. უფალი უშვებს ჩვენზე განსაცდელებს, რითაც გვაძლევს საშუალებას დავუმტკიცოთ მას ჩვენი სიყვარული და კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ სასუფევლისკენ სავალ გზაზე.
როდესაც იოანე ნათლისმცემელი ჩასვეს საპყრობილეში, განა უფალს არ შეეძლო მისი დახსნა ან ნუგეშისცემა? მაგრამ უფალი გვასწავლის, რომ მართლმადიდებლობა მოწამებრივი ცხოვრებაა, განსაცდელთა დათმენის გზაა და გვაცდის, გველოდება, რომ მოთმინებით და სიყვარულით დავძლიოთ ესა თუ ის დაბრკოლება. თანამედროვე ცხოვრებაში ძალიან ბევრი საცდურია; ძალიან ფარულად, შენიღბვით არის შემოსული ცოდვა, რის გასაანალიზებლად გონიერება და, რაც მთავარია, ჩვენი ეკლესიის, ჩვენი მოძღვრების და პატრიარქის მორჩილება გვჭირდება, თუმცა, აქედან გამომდინარე, თანამედროვე ადამიანი ასევე განებივრებულია უფლის სიტყვით, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს უფლება, ჩვენი სისუსტე თანამედროვე ცხოვრებას დავაბრალოთ. სიზარმაცე - ეს არის ის ცოდვა, რაც მაბრკოლებს ვიარო წინ, იმ გზაზე, რომელიც ეკლესიასთან მიდის. ხშირად მახსენდება ჩემი მოძღვრის სიტყვები: ნელთბილ მორწმუნეზე უარესი არაფერი არისო. ღმერთმა გვაშოროს ყველას!
2. არ მახსოვს პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, უფალთან რაღაც კავშირი რომ არ მქონოდა.Pპატარა რომ ვიყავი, დასურათებულ წიგნს "იესოს ცხოვრებას" ვკითხულობდი და მწარედ ვტიროდი ჯვარცმის თავებზე, ბავშვურად მეცოდებოდა. მერე დედას დავყავდი სიონის ტაძარში, ძალიან მიყვარდა შაბათი დღე, ტაძარში გაშლილი საკურთხის სუფრები და მოუთმენლად ველოდი კურთხევას, რომ სწრაფად ამეღო ნაკურთხი ჩურჩხელები (რატომღაც ჩურჩხელა დამამახსოვრდა).
რასაც აღმსარებლობა და ზიარება ჰქვია, უკავშირდება ვაკის წმინდა სამების ტაძარს, რომელიც ჩემი სახლის გვერდით 2000 წელს აშენდა და ყოველდღე, დილას და შუადღეს მესმოდა ზარების რეკვა, გალობა, მრავალჟამიერი.Eერთხელაც სკოლა გავაცდინე და ტაძარში შევედი, სადაც ეფრემ ასურის ლოცვებს (დიდი მარხვა იყო) ისეთი სისწრაფით ასრულებდა მრევლი, მეც გამიჩნდა სურვილი გამეგო, საიდან იცოდა ამ ხალხმა, როდის დაჩოქილიყო და როდის აღესრულებინა მცირე მეტანია... მე უფრო ვიტყოდი, რომ ეს უფლის საჩუქარი იყო ჩემს ცხოვრებაში. სახლში აღარ მეძებდნენ, იცოდნენ, რომ ეკლესიაში ვიქნებოდი.
თემის განხილვაში მონაწილეობა ვთხოვეთ თბილისის წმინდა პანტელეიმონის სახელობის (ვერის) ტაძრის დეკანოზს გიორგი ცნობილაძეს.- მამა გიორგი, თქვენ დიდი ხნის სასულიერო პირი ბრძანდებით და საინტერესო იქნებოდა თქვენგან მოგვესმინა, რა აბრკოლებს ყველაზე მეტად დღეს ჩვენი ეკლესიის მრევლს...- მრევლი ეკლესიაში ძირითადად შაბათ-კვირას დადის და მაშინაც, როდესაც დიდი საეკლესიო დღესასწაულებია. წირვა-ლოცვის წინ ჩვენ ვესაუბრებით მათ, ვცდილობთ ჩავუნერგოთ მორჩილება, ურთიერთპატივისცემა, სიყვარული, ვაძლევთ შესაბამის რჩევა-დარიგებას აღსარების დროს, მერე მთელი კვირის განმავლობაში ტელევიზორის საშუალებით ისეთი გადაცემების ყურება უხდებათ, ერთბაშად ანგრევს მათ სულიერებას და რაც კი მადლი და სიმშვიდე მიიღეს, ყველაფერი ხელიდან ეცლებათ, ამიტომ ძალიან მეცოდებიან მე ახალგაზრდები, რომლებიც ყოველნაირად ცდილობენ ეკლესიურად იცხოვრონ, მაგრამ რეალურ ცხოვრებასაც ვერსად გაექცევიან, მათ ხომ პირისპირ უხდებათ უზნეობასთან, გარყვნილებასა თუ ძალადობასთან შეჯახება, ტელივიზიის სახით იქნება ეს თუ სხვა საშუალებებით. მშობელი რომ შვილს ეტყვის, ეკლესიაში სიარულს მერჩივნა ღამის კლუბებში წასულიყავიო, როგორ უნდა გადალახოს ამ ახალგაზრდამ ის დაბრკოლება, რასაც ოჯახსა თუ საზოგადოებაში აწყდება? ხომ წარმოგიდგენიათ, ბავშვისთვის, რომელიც ეკლესიაში ცდილობს სულიერი სიმშვიდე იპოვოს, რა იქნება ღამის კლუბი, სადაც თავისი მშობელი აგზავნის, ჩვენ ხომ ვიცით, იქ რაც ხდება; აზარტული თამაშები, ცეკვა, სასმელი, მოსაწევი, გარყვნილება, საქმის გარჩევები, ეს ხომ ეშმაკთან წილნაყარობაა, ტელეეკრანებინადაც სწორედ ამას ქადაგებენ ის "ცნობილი სახეები", რომლებიც ჩვენმა დრომ გამოძერწა. ერთი ცოდვაა, როდესაც მას სჩადი, რაც არ უნდა ჩაიდინო, მაგრამ ამაზე უარესი ცოდვა ის არის, როდესაც სხვასაც მოუწოდებ ანალოგიური ცოდვა ჩაიდინოს და არწმუნებ იმაში, რომ ეს დასაშვები და მისაღებია. ეს საშინელებაა. შეიძლება ადამიანმა უკიდურესი გარყვნილება ჩვეულებრივ ბუნებრივ მოთხოვნილებად მონათლო, მაშინ ყველამ შიშვლებმა უნდა ვიაროთ ქალაქში, როგორც ისინი დადიან ნახევრადშიშვლები?! მათთვის ხომ ტელეკამერების წინ გაშიშვლებაც მისაღებია და ამით თავსაც კი იწონებენ, რათა უფრო პოპულარულნი გახდნენ და ბევრი მიმდევარი გაიჩინონ. შეიძლება აქეთ შემოგედავონ, "შენ ვინ გეკითხებაო". ის მეკითხება, რომ არ მინდა ჩემმა შვილმა და შვილიშვილმა მათ მიბაძონ. თუ ადამიანს სირცხვილისა და ცოდვის გრძნობა არ უნდა გააჩნდეს, რასაც ე.წ. ცნობილი სახეები გვიკიჟინებენ, მაშინ რით განვსხვავდებით ცხოველებისგან, თუ ჩვენც ცხოველებივით შიშვლები დავიწყებთ ქუჩაში სიარულს? ამბობენ, ზნეობა დაუწერელი კანონიაო, რადგან უნდათ, უზნეობაში ხელი არაფერმა შეუშალოთ და სხვებიც თავისნაირი გახადონ. მაპატიეთ, მაგრამ თუ ზნეობას დაუწერელ კანონს უწოდებთ, მაშინ წმინდა წერილი რა არის? ადამიანები ხომ სწორედ სიწმინდითა და მაღალი ზნეობით უნდა მივემსგავსოთ უფალს. სწორედ დღეს მქონდა ამაზე ქადაგება, რომ ზოგიერთი ადამიანი იმდენად გადაგვარდა სულიერად, რომ აღარ აკმაყოფილებს ის სხეულებრივი სილამაზე, რაც ღმერთმა მისცა და იკეთებს ტატუს, ფაქტობრივად იგი თვითონ იდაღავს სხეულს და ეშმაკის ნიშანს იდებს ტანზე. ყველაფერ ამას ტელევიზია უწევს რეკლამას, ახალგაზრდებს აძლევენ რჩევას, რომელი ფიგურა გამოისახონ, რომ უფრო "მიმზიდველად" გამოიყურებოდეს მათი სხეულის ნაწილები. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ყველა ეს ფიგურა უარყოფითი სიმბოლოებით არის შექმნილი, რომელიც აბსოლუტურად საწინააღმდეგოა ჩვენი ეკლესიის სწავლებისა. ჯერ კიდევ ინდო-აფრიკულ ჯუნგლებში მცხოვრები წარმართული კულტების მიმდევრები სხეულს იმიტომ იხატავდნენ, რომ რიტუალური ცეკვებითა და ტანზე გამოსახული ფიგურებით შავი ძალებისათვის ეცათ თაყვანი.
- მამა გიორგი, როგორ უნდა დაიცვას თავი ეკლესიაში მისულმა ადამიანმა ამგვარი უარყოფითი გავლენებისგან?- ძალიან რთულია ამაზე მზა რეცეპტის მიცემა. დიდი ნებისყოფაა საჭირო ამის მისაღწევად, თავშეკავება, მოძღვრისადმი მორჩილება. ეკლესია მოგვიწოდებს ვიყოთ ზომიერნი ყველაფერში. მე 26 წელია, რაც მოძღვარი ვარ და ბევრი რამ მინახავს. ვინც კი მატერიალურ კეთილდღეობას დახარბდა, ჩვენი რჩევა არ გაითვალისწინა და თითქოსდა შვილების მომავლისა და ოჯახის ინტერესებისთვის არასწორი გზით შეეცადა გამდიდრებას, გარკვეული ხნის გასვლის შემდეგ ცუდად დახვდა წინ ყველაფერი ცხოვრებაში და შემდეგ უთქვამთ დანანებით, თქვენი რჩევისათვის რომ ყური დაგვეგდო, ეს განსაცდელი არ მოგვეწეოდაო. სიმდიდრე და ქონება კი არ უნდა გახდეს მთავარი საზრისი ადამიანისთვის, უფრო დიდი მიზანი უნდა გვამოძრავებდეს. საკვების მიღებაშიც კი ზომიერებაა საჭირო, რათა ბევრი ჭამა მომწამვლელი არ გახდეს ორგანიზმისთვის. ჩვენ ყველაზე უკეთ უნდა ვამჩნევდეთ საკუთარ სისუსტეებს, რათა თავიდან ავიცდინოთ ის საცთურები და გამოწვევები, რომელსაც დღეს იძულებით გვახვევენ თავს ყველა საშუალებით. უნდა ვერიდოთ სუფრის თავყრილობებს, რასაც სამეგობრო წრეში თავშეყრას უწოდებენ, მე კი მას დავარქმევდი დროსტარების სურვილით გაერთიანებულთა თავშესაყარს. ასეთი გართობის დრო ადამიანს არ უნდა რჩებოდეს, რადგან არ ვიცით ხვალ რა მოგველის და ქრისტიანი ყოველ წუთს მომზადებული უნდა იყოს წარდგომად წინაშე უფლისა. ნუ ვცდილობთ იმის გამოძიებას, როდის დადგება სამყაროს აღსასრულის და უფლის მეორედ მოსვლის ჟამი. ჩვენ იმ დღეს კი არ უნდა დაველოდოთ, ამქვეყნად როდის მოგვაკითხავს უფალი, ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ მასთან შესახვედრად. გარდაცვალებაა ყოველი ადამიანისთვის უფლის წინაშე წარდგომის ჟამი, რომელიც არავინ იცის, როდის დაგვიდგება. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას თავშეკავებისკენ, ლოცვითი კანონიც კი მოძღვრის კურთხევით უნდა დადგინდეს, რადგან აქაც დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ ღვთის წინაშე აღვლენილი ლოცვა-ვედრება ფანატიზმში არ გადაიზარდოთ. ყოველ ადამიანს ინდივიდუალური დახმარება და მიდგომა ესაჭიროება მოძღვრისაგან, რადგან განვსხვავდებით ერთმანეთისაგან და მსგავსი ფოთოლიც კი არ არსებობს ხეზე. ადამიანი სწორედ მაშინ სძლევს სოფელს, როდესაც ის შეძლებს თავის შეკავებას ცოდვებისგან, ჩვენ ხომ წუთიერად ვართ მოვლენილნი მატერიალურ სამყაროში და არ ვიცით, როდის გავემგზავრებით ჩვენს მომავლინებელთან, რადგან ძალიანაც რომ მოვინდომოთ, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ამიტომ ჩვენი უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს სულის გადარჩენაზე ფიქრი, რომ ღირსეულად წარვდგეთ ჩვენი შემქმნელი და ამქვეყნად მომავლინებელი უფლის წინაშე. ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, ხელვყოთ და წავბილწოთ ჩვენი სხეული გემოთმოყვარეობით, ნარკოტიკებით და გარყვნილებით, რადგან იგი არის ტაძარი სულისა წმიდისა და დროებითი სამყოფელი მარად უკვდავი სულისა, რომელიც ღმერთმა გვიბოძა ადამიანებს. რა ქრისტიანები ვიქნებით, თუ ვერ შევძელით ამქვეყნიურ საცდურებთან გამკლავება, ქრისტიანობა ხომ საკუთარ თავზე, საკუთარ ცოდვებზე გამარჯვებას ნიშნავს.
- მამაო, ახლა გთხოვთ უპასუხოთ რესპონდენტთა შეკითხვებს.- საერთოდ, მინდა აღვნიშნო, რომ კომუნისტური პერიოდიდან დამკვიდრდა და ზოგან დღესაც შემორჩენილია მავნე ტრადიცია ნათლიების შერჩევისა. თავიანთ შვილებს ხშირად მშობლები ანათვლინებენ ან ძალიან შეძლებულ პიროვნებას, ან ისეთ ნაცნობ-მეგობარს, რომელსაც არავითარი შეხება არ აქვს ეკლესიასთან, ვერ ერკვევა ჩვენს სარწმუნოებაში, არც აქვს ამის სურვილი და ზერელედ იხდის ბავშვის ნათლიობის მოვალეობას. ამიტომ მშობლებმა ეს უნდა გაითვალისწინონ შვილის ნათლობის დროს, მათ უნდა იცოდნენ, რომ ნათლია ვალდებულია ქრისტიანული ზნეობით აღზარდოს ნათლული, ისე როგორც მეჯვარეები გვერდით უნდა ედგნენ ჯვარდაწერილ წყვილს და თუკი რაიმე გაუგებრობა წარმოიშობა ცოლ-ქმარს შორის, პირველ რიგში, მათ უნდა მოაგვარონ ეს პრობლემა მანამ, ვიდრე ამას მათი მშობლები შეიტყობენ. საქართველოში ნათელმირონობა ხომ ხორციელ ნათესაობაზე უფრო მაღლა იდგა. რაც შეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, მიჭირს ამაზე ლაპარაკი. ადამიანი, რომელიც არ ყოფილა განმტკიცებული თავის რწმენაში და თავისი მომავალი ცხოვრება არაბ მუსულმანს დაუკავშირა, დღეს კი თამამად აცხადებს, რომ პატივს სცემს მეუღლის სარწმუნოებას, ამაზე ძნელია რაიმე კომენტარი გააკეთო. როგორც ჩანს, ამ ქალბატონმა არ იცოდა, რომ მუსულმანები ქალს უპატივცემულოდ ეპყრობიან ოჯახში, მაშინ როდესაც ქრისტიანობაში ქალი თითქმის მამაკაცის თანაბარი უფლებებით სარგებლობს, სიტყვა "დედა" ხომ სიწმინდის აღმნიშვნელია ქართველი კაცისთვის. მუსულმანური რწმენის თანახმად, რა სარწმუნოების მიმდვარიც არის კაცი ოჯახში, ქალიც იმ სარწმუნოებაზე გადადის, ამიტომ, რა უნდა ვურჩიოთ მის ნათლულს? ის, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთს დასცილდეს და ამაზე ილოცოს? - ასეთ რამეზე ლოცვა ნამდვილად არ შეიძლება. ფაქტი რომ ხდება, მერე უკვე ძნელია, გამოსავალი ეძებოს ადამიანმა. ჩვენ ქრისტიანობა გვასწავლის, რომ ჰარმონიული ოჯახის შესაქმნელად აუცილებელია შეიქმნას ქრისტიანული ოჯახი, იმისათვის, რომ მომავალში არ მოხდეს ცოლ-ქმარს შორის სულიერი დაპირისპირება და გაუგებრობა თავიდან იქნეს აცილებული. შენ თუ სხვა სარწმუნოებას მიიღებ და ანგარიშს არ გაუწევ შენს ოჯახსა და ტრადიციებს, გამოდის, რომ ღალატობ შენს წინაპრებსა და ახლობლებს და ამით საკუთარ დედ-მამასა და ნათესავებსაც შეურაცხყოფას აყენებ. ან როგორ უნდა დააჯერო ისინი, ვის ოჯახშიც შედიხარ, რომ უცხო ადამიანებს და მათ სარწმუნოებას მიიღებ, როცა საკუთარი უარყავი? ვფიქრობ, ეს შემთხვევაც გვიდასტურებს, რომ ნათლიის შერჩევას გადამწყვეტ მნიშვნელობას უნდა ანიჭებდნენ მოსანათლავი ბავშვის ხორციელი მშობლები იმისათვის, რომ მსგავსი გაუგებრობა ავიცილოთ თავიდან.
მეორე შეკითხვა მტრის სიყვარულს ეხება. სხვათა შორის, ბევრ ეკლესიურ ადამიანს უჭირს ამის გაგება. ვაჟას აქვს გენიალური ნათქვამი: "ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი", რადგან თუ კაცი ღირსეულად ცხოვრობს ამ ქვეყანაზე, მით უფრო მეტი მტრობს მას. ხშირად მითქვამს, თუ მოვიპოვე ბევრი მეგობარი, ახლობელი, სულიერი შვილი, მტერიც ბევრი გავიჩინე-მეთქი, იმიტომ რომ არ მიყვარს ზერელობა და სათქმელს ყოველთვის პირდაპირ ვამბობ. არადა, ადამიანის ბუნება იმგვარადაა მოწყობილი, როგორც კი სიმართლეს ეტყვი, იმწამსვე ბოროტი შეუძვრება, ცუდს აფიქრებინებს შენზე და დაიწყება მერე ცილისწამებები და ენების მიტან-მოტანა. რა თქმა უნდა, ადამიანს ბოროტი შენს სასიკეთოდ არაფერს გააკეთებინებს, მაგრამ მერე როგორ შევიძულო ამისათვის ეს ადამიანი? როდესაც უფალი გვაფრთხილებს: "თქვენც მოგიძულებენ, ისე როგორც მე მომიძულეს, რადგან თქვენ არა ხართ ამა სოფლისანიო", რაღა უნდა გაგვიკვირდეს ამის შემდეგ? ადამიანი როდესაც ცდილობს საკუთარი თავისა და მოყვასის ჭეშმარიტების გზაზე დაყენებას ღვთაებრივი სწავლებიდან გამომდინარე და ემიჯნება ამქვეყნიური ცხოვრების სტილსა და სულისკვეთებას და ამის გამო განიკითხავენ და შეურაცხყოფენ მას, ამაში ცუდი არაფერია და გვმართებს დავითმინოთ ყოველივე. მთავარია დარწმუნებულნი ვიყოთ იმაში, რომ უფლის მცნებას ვიცავთ და ჭეშმარიტების გზას ვადგავართ და თუ სხვა გადაცდენილია ამ გზიდან, კი არ უნდა გვძულდეს, უნდა გვებრალებოდე ასეთი ადამიანი. სწორედ ის უნდა გვიყვარდეს, რადგან ვერ იგებს სწორად სამართლიანად ნათქვამ სიტყვას და შეიძლება სამუდამოდ დაიღუპოს თავი. აბა, საკუთარი თავი წარმოიდგინეთ მის ადგილას.
ღმერთმა რატომ დაუშვა ეშმაკის არსებობა? იმიტომ, რომ ეს სიფხიზლისთვის არის საჭირო, რათა ნაკლები შეცდომა დავუშვათ, არ დავმარცხდეთ არ წავბორძიკდეთ. რაც კი ღვთისგან დაშვებულია, ე.ი. საჭიროა ადამიანისთვის როგორც მაკონტროლებელი ძალა. ადამიანი ფიზიკურად სუსტია და დაუცველი, ამ დროს საცთური მართლაც ბევრია და რამდენადაც საცთურთაგან თავშეკავება გვამრთებს, ზუსტად მტერია საჭირო, რომ შეგვარცხვინოს და განსჯაში ჩაგვაგდოს და იმიტომაც უნდა გვიყვარდეს ისინი, რომ საშუალებას არ გვაძლევენ ჭეშმარიტი გზიდან გადავუხვიოთ. როცა უფალი გვეუბნება: "იყავით მღვიძარენი", ამით სასთუმალზე თავის დადებას კი არ გვიკრძალავს, არამედ სულიერ სიფხიზლეზეა ლაპარაკი, იმაზე, რომ ჩვენ არ უნდა მივცეთ თავს იმის უფლება, რომ ბოროტი შემოვიდეს ჩვენში და თავისი საქმე გვაკეთებინოს. მტერიც სწორედ იმიტომ გვჭირდება, რომ ყურადღებით ვიყოთ და საცთურმა არ აგვიყოლიოს.