სიკეთით ნათქვამი სიმართლის დეფიციტია ძალზე თვალსაჩინო
სიკეთით ნათქვამი სიმართლის დეფიციტია ძალზე თვალსაჩინო
1. "ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განძღენ" - ნათქვამია მეოთხე ნეტარებაში, რუსთაველი კი ამბობდა: "ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად..." თქვენი აზრით, როგორ უნდა ვუთხრათ ადამიანს "მწარე სიმართლე" ისე, რომ გული არ ვატკინოთ? სამართლიანობის გრძნობა ადამიანის გენეტიკური, თანდაყოლილი თვისებაა, თუ სწავლითა და ცხოვრებისეული გამოცდილებით შეძენილი?

2. როდის შემოვიდა რწმენა თქვენს ცხოვრებაში და როგორ გამოხატავთ დამოკიდებულებას უფალთან?

3. მზიანი ღამეა, მალე გათენდება(?!) (საქართველო და გლობალიზაცია)

4. რას ჰკითხავთ მოძღვარს?


ანკეტის შეკითხვებს უპასუხებენ პროფესორი დიანა ტყებუჩავა, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რევაზ ბალანჩივაძე და სამართალმცოდნე ადა მარშანია.


დიანა-ნინო ტყებუჩავა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. მეუღლე - მალხაზ ნადარეიშვილი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. შვილები - მაია და ირაკლი.

1. ვფიქრობ, "მწარე სიმართლე" ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება იოლი და უმტკივნეულო მოსასმენი... ამის მიუხედავად, მე მაინც სიმართლის ცოდნა მირჩევნია. ეს დამოკიდებულება, ცხადია, ინდივიდუალურია, ყველას აქვს არჩევანის უფლება. რაც შეეხება სხვისთვის თქმას, ვერ ვიტყვი ბრძენ წინაპარზე უკეთ: "ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების".

"კაცობრიობის მასწავლებელი", არისტოტელე "სიტყვით დარწმუნების ხელოვნებად" მიიჩნევდა "სიმართლის დამკვიდრებას სიკეთის სახელით"... შემიძლია ვთქვა, რომ დიდი ბერძენის ეს შეგონება ჩემი პროფესიული კრედოა მისი გაცნობიერების მომენტიდან. ვცდილობ, იგივე ჩავუნერგო ჩემს სტუდენტებსაც, რომელთა სწორ გზაზე დაყენების მცდელობა მგონია ბოლო დროს პრესტიჟულობადაკარგული ჟურნალისტის პროფესიის ღირსების აღსადგენი "გზა ხსნისა".

მიხარია, რომ ჩემმა ამჟამინდელმა პირველკურსელებმა: თამარ კედიამ და თამარ თვარაძემ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან, თავიანთი სასწავლო გაზეთის პირველსავე ნომერში შემომთავაზეს უაღრესად ფასეული პუბლიკაცია: "სიტყვითა შენითა განმართლდე და სიტყვითა შენითა დაისაჯო შენ", რისთვისაც მამა გიორგის (სამანაშვილს), სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზს სთხოვეს სიტყვით შეცოდებაზე ესაუბრა.M

მწარე სიმართლის ისე თქმა, რომ არავის გული არ ატკინო, ვფიქრობ, მსმენელის დიდბუნებოვანებაზეცაა დამოკიდებული: მოსმენის და გაგების ხელოვნება ხომ გაცილებით რთულია, ვიდრე თქმის...

ასე მგონია, გამოსავალი აქაც სიკეთით ნათქვამი სიმართლეა: თუ მართლა შეგტკივა გული და გულწრფელად, სიკეთით ირჯები, დიდია ალბათობა, რომ ამ სიკეთეს დაინახავს და შეიგრძნობს "მწარე სიმართლის" ადრესატი და ეს თავისთავად რთული რამ მისთვის შედარებით გაიოლდება.

ერთიც მინდა ვთქვა: "სიმართლის თქმა" თითქოს ყველამ ისწავლა დღეს, ცხოვრებაშიც და ჟურნალისტიკაშიც, მაგრამ სიკეთით ნათქვამი სიმართლის დეფიციტია ძალზე თვალსაჩინო.

პრობლემის არსიც ეს მგონია.

2. ასე მგონია, რაც თავი მახსოვს...

თუმცა ჩემი თაობა მოკლებული იყო სრულფასოვანი ეკლესიური აღზრდის ფუფუნებასა და "ლეგალურ" უფლებას. ვერ ვიტყვი, რომ ხელისუფლების დევნა დიდად გვზღუდავდა. ადამიანი (მით უფრო - ახალგაზრდა) მაინც თავისი სულიერი მოთხოვნილებების კარნახით ირჯება და გარედან ამ მისწრაფებებზე ზეწოლა მხოლოდ ამძაფრებს მის სურვილებს.

ისე კი, ამ თანდაყოლილ შინაგან სულიერ სწრაფვას ქრისტიანად დაბადებული ადამიანისა, ბუნებრივია, ასაკი მატებს ძალას, სიმყარესა და სიბრძნეს.

ვფიქრობ, ჭეშმარიტად მიახლება რწმენასთან მაინც წლებს (განსაკუთრებით - დიდ ტკივილებს) მოაქვს. Mმე, პირადად, უახლოესი ადამიანების - მშობლებისა და უძვირფასესი ძმის დაკარგვამ შემაგრძნობინა ღვთის ძალა, მისი სიახლოვე, მფარველობა და ნუგეში. უამისოდ ასეთ უკიდეგანო ტკივილს ვერც გადავიტანდი.

მუდმივად ვგრძნობ და განვიცდი უფლის თანადგომას და მის მკაცრ მზერასაც.

3. "გამოუსწორებელი" ოპტიმისტი ვარ!

რამდენად მალე მოხდება ეს, არ ვიცი, მაგრამ რომ აუცილებლად "გათენდება", ამის იმედს არ ვკარგავ.

რაც მეტი სიკეთე და ნაკლები აგრესია იქნება ადამიანთა (ქვეყანათა, სოციალურ ჯგუფთა თუ ფენათა, ერთა და ეროვნებათა...) შორის, მით მალე უნდა "გათენდეს", ჩემი აზრით.

გლობალიზაციის შედეგები, კარგი იქნება თუ ავი, ესეც ჩვენზე, ადამიანებზე, მგონია დამოკიდებული: როგორ შინაარსსაც ჩავდებთ ამ ცნებაში, ისე განვითარდება მოვლენები... ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტური წერილი მახსენდება, "კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი": "ღმერთმა დაიფაროს, ისე გავიგოთ კოსმოპოლიტიზმი, ვითომ ყველამ თავის ეროვნებაზე ხელი აიღოსო. მაშინ მთელმა კაცობრიობამ უნდა უარჰყოს თავისი თავი. ცალ-ცალკე ეროვნებათა განვითარება აუცილებელი პირობაა მთელის კაცობრიობის განვითარებისა".

აქ თუ "კოსმოპოლიტიზმს" "გლობალიზაციით" ჩავანაცვლებთ, ჭეშმარიტება ჭეშმარიტებად დარჩება...

ჩვენ ისეთი საგანძური გვაქვს, ეროვნული კულტურის, ლიტერატურის კლასიკოსთა ნაღვაწის სახით, ყველა კითხვის პასუხს რომ ვიპოვით; მთავარია, ყური მივაპყროთ, გულის-ყური.

ვაჟა-ფშაველას არც გლობალიზაციისა "შეეშინდებოდა", კაცთა ღირსებების იმედად!

არც ჩვენ უნდა შეგვეშინდეს...

საოცარი ბაბუა მყავდა, უფრო ზუსტად, ჩემი ულამაზესი ბებიის მეორე მეუღლე ევგენი მორჩილაძე, რომელმაც 24 წლის დაქვრივებული თეკლე ბებო, ოთხი ობოლი ქალიშვილის დედა, შეირთო ცოლად (უფროსი 8 წლისა დარჩა, ნაბოლარა კი, შემდგომში დედაჩემი, 6 თვის!) და მთელი ცხოვრება დიდი და უკეთილშობილესი სიყვარულის გაკვეთილებს გვიტარებდა შვილიშვილებს თავისი ყოფით, ადამიანებთან, ჩვენთან დამოკიდებულებით... ანდერძიც შესაბამისი დაგვიტოვა: "ნუ იქმ ავსა და ავის ნუ გეშინია". დღესაც ვცდილობთ ასე ვიცხოვროთ...

ხშირად არა, მაგრამ ყოველთვის, ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს პერიოდებში სიზმრად მეცხადება და სულ მის თანადგომას, თანაგანცდას ვგრძნობ. ზოგჯერ თითქოს მაფრთხილებს მოსალოდნელი განსაცდელის გამო.

ჩემი მეუღლის დიდი წინაპრის, მისი ბაბუის, ლუკა ნადარეიშვილის მაღალი სულის მიმართ სულ სხვა რიდი მაქვს: იგი 12 წლისა გაპარულა საბერძნეთში, ათონის მთაზე სასულიერო სასწავლებელში, რომლის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნებული, სოხუმის ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვარი იყო, არქიმანდრიტი.

მან 1948 წელს ახალდაბადებული ჩემი მეუღლე მონათლა, რასაც ლუკას ძმისშვილების, ჩემი მეუღლის ბიძების კარიერა შეეწირა: პარტიიდან გარიცხეს და სამსახურებიც დააკარგვინეს.

ლუკა ნადარეიშვილი ძალიან მალე, იმავე წელს ტრაგიკულად დაიღუპა (ოფიციალური ვერსიით, ყაჩაღებმა მოკლეს...).

მუდმივად განვიცდი პასუხისმგებლობას მის წინაშე ჩემი შვილების გამო, თითქოს თავის სისხლსა და ხორცს ზეციდან მფარველობს და უფრთხილდება...

4. ამას წინათ, ერთი კოლეგის დისერტაციის დაცვაზე, როდესაც მისი ბედი წყდებოდა, არჩევანის წინაშე აღმოვჩნდი - ან უნდა მეცრუა და ბევრ რამეზე შეგნებულად თვალი დამეხუჭა, რომ მის კარიერას და სამეცნიერო წინსვლას არ გადავღობებოდი, ანდა პროფესიული სინდისისთვის არ მეღალატა.

მაინტერესებს მოძღვრისგან, ასეთ შემთხვევაში მორალური მხარისათვის უნდა მიმენიჭებინა უპირატესობა, რომ ახლობელთან სამომავლო ურთიერთობას რაიმე ჩრდილი არ მისდგომოდა, თუ არ მეღალატა სამართლიანობისთვის და ბოლომდე დავრჩენილიყავი ჩემი პრინციპების ერთგული?


KARIBCHEრევაზ ბალანჩივაძე, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ფილოსოფიისა და პოლიტოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატი. ჰყავს შვილები - თამარი და ზურაბი.

1. მართლის თქმა ადამიანის თანშობილი თვისებაა. სათანადო აღზრდისა და ჯანსაღ სოციალურ გარემოში ცხოვრების პირობებში სამართლიანობა, მართლის თქმა, შეიძლება ზნეობრივი ადამიანის შინაგან მოთხოვნილებად იქცეს. როცა იგი ზნეობრივ მოთხოვნილებად იქცევა, ადამიანს უკვე აღარ შეეძლება მის გარეშე ცხოვრება.

ზოგჯერ სიმართლის თქმა შეიძლება საზიანო გამოდგეს ადამიანისთვის და პირიქით, ტყუილის თქმა - სასარგებლო, მაგრამ პატიოსანი ადამიანი ჭეშმარიტებას მეტ უპირატესობას ანიჭებს, ვიდრე სარგებლიანობას. მცდარი და მიუღებელია დებულება: "ჭეშმარიტია ის, რაც სასარგებლოა". ჭეშმარიტებაზე მაღლა სასარგებლო არ უნდა დააყენო. გავიხსენოთ დავით გურამიშვილი:

"მე თუ გინდა თავიც მომჭრან, ტანი გახდეს გასაბერად,
ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად".

ეს ზნეობრივი ადამიანის პოზიციაა, ადამიანისა, რომელსაც "თავიც რომ მოსჭრან", ტყუილის თქმას მაინც ვერ იკადრებს. ადამიანს რომ ტყუილის თქმა შეეძლოს, მაშინ არც ერთ-ერთი რელიგიური მცნების არსებობა გახდებოდა საჭირო და აუცილებელი. მცნებისა, რომელიც ასე გამოითქმის: "არა იცრუო".

სხვათა შორის, ადამიანის 150-მდე დეფინიცია არსებობს, რომელთაგან ერთ-ერთი ასეთია: ადამიანი ის არსებაა, რომელსაც ტყუილის თქმა (სიცრუე) შეუძლია.

რელიგია გვასწავლის, არ ვიცრუოთ, რაგინდ სასარგებლო უნდა იყოს იგი ჩვენი მატერიალური კეთილდღეობისთვის. ტყუილი არ უნდა ვთქვათ იმიტომ, რომ ამით დიდ ცოდვას ჩავიდენთ, ვასიამოვნებთ სხეულს, მაგრამ ვავნებთ სულს. ზნეობრივ ადამიანს მისივე ნათქვამი ტყუილი დატანჯავს, სინდისის ქენჯნას განაცდევინებს, სინდისი კი სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი შინაგანი ცენზორი, შინაგანი ხმა, ანუ ღმერთი ჩვენში.

სიმართლის თქმა უმაღლესი ზნეობრივი პრინციპია, მაგრამ იგი მაინც ჯერარსული (იდეალური) კატეგორიაა. ყოველდღიურ ცხოვრებაში (ოღონდ ექსტრემალურ, არაორდინარულ, კრიტიკულ სიტუაციაში) ადამიანს მაინც უხდება ტყუილის თქმა და რაც მთავარია, ზოგჯერ ეს ტყუილი არ ეწინააღმდეგება ზნეობას, არ აქცევს ადამიანს უზნეო არსებად, ჩემი აზრით, მას გარკეული გამართლება გააჩნია. ავიღოთ ასეთი ცხოვრებისეული მაგალითი: არცთუ იშვიათია, როდესაც ოჯახს ნაშვილები ბავშვი ჰყავს, მაგრამ ბავშვმა ეს არ იცის, სამგიეროდ იცის მეზობელმა. როგორ უნდა მოიქცეს ეს მეზობელი, ბავშვმა შემთხვევით ასეთი კითხვა რომ დაუსვას: "ნაშვილები ხომ არ ვარო?" ცხადია, მეზობელმა უნდა იცრუოს, ოღონდ ეს ისეთი ტყუილი იქნება, თვითონ რომ არაფერში დაეხმარება და სხვას რომ არაფერს ვნებს. მსგავსი უამრავი ფაქტის მოყვანა შეიძლება.

2. რწმენა იმ დღიდან შემოვიდა, რა დღესაც გამიჩნდა კითხვა: ვინ შექმნა სამყარო? ვინ შექმნა მზე, მთვარე, ვარსკვლავები, მთები, ზღვები, ოკეანეები, მდინარეები, ფლორა და ფაუნა და ბოლოს - ადამიანი, ანუ ვინ შექმნა მთელი ბუნება მისი მრავალფეროვნებით და სიდიადით? ცხადია, ამას ადამიანი ვერ შეძლებდა. ის, ვინც ბუნება შექმნა, მასზე აღმატებული უნდა იყოს, ანუ ზებუნებრივი, ზებუნებრივი კი, რა სახელიც არ უნდა უწოდონ ფილოსოფოსებმა: ნოუსი, ლოგოსი, დემიურგი თუ აბსოლუტური გონი, საბოლოოდ მაინც ღმერთია. ღმერთი, როგორც ბრძენი არქიტექტორი, სამყაროსა და კოსმოსის (და არა ქაოსის) შემქმნელი.

სამწუხაროდ, მე ბავშვობა და ახალგაზრდობა იმ დროს გავატარე, როცა ქვეყანაში ტოტალური უღმერთობა იყო გამეფებული. ამიტომაც რელიგიურობა ჩემში ბავშვობიდან არ არის ფესვგადგმული. იგი გვიანდელი შენაძენია და ამას განვიცდი, როგორც სერიოზულ ნაკლს. მთავარია, რომ ვესწრაფვი რწმენაში განმტკიცებას. ეს რწმენა და სურვილი არ მტოვებს და არც არასოდეს დამტოვებს.

3. "მზიანი ღამე" მხოლოდ იმათთვის არის გასაგები, ვისაც დიდი რწმენა აქვს. ლოგიკით მას ვერ მისწვდები. მხოლოდ რწმენით უნდა მოგვენიჭოს ღვთის ჭვრეტის უნარი და შესაძლებლობა.

რაც შეეხება გლობალიზაციას, მასზე ცალსახად ვერც კარგს იტყვი და ვერც ცუდს, არის სფეროები, სადაც გლობალიზაცია საჭიროა და აუცილებელი (ვთქვათ, მრეწველობა, კავშირგაბმულობა, მედიცინა და ა.შ.), მაგრამ არის სფეროები, სადაც გლობალიზაცია საშინელი, დამანგრეველი რამ არის. დავასახელებდი კულტურას, მით უმეტეს, მცირე ერების კულტურას, რომლისთვისაც გლობალიზაციის არასწორი მართვა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს.

4. ფილოსოფიის სპეციალისტი ვარ, ამიტომ კითხვების დასმა ჩემი "პროფესიაა", მაგრამ ერთი გამორჩეული კითხვა არავისთან მაქვს. დიდი სურვილი მამოძრავებს მივდიო ბრძენი სოკრატეს ნაანდერძევს - შევიცნო საკუთარი თავი.


KARIBCHEადა მარშანია, დაამთავრა სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. არის დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. რადიო "ობიექტივში" უძღვება ყოველკვირეულ გადაცემას "მებრძოლ დევნილთა საათი". ჰყავს მეუღლე ევგენი ქოჩლაძე.

1. ბევრი მიფიქრია ამ საკითხზე. ჩვენ, აფხაზეთის დევნილმა მოსახლეობამ, მრავალი ტკივილი და განსაცდელი გამოვიარეთ. ეს ტრაგედია ხომ თანდათანობით მწიფდებოდა. ჩემი დაკვირვებით, კონფლიქტი, რომელიც დღემდე გრძელდება, ბევრი ჩვენი თანამემამულის არასწორმა პოზიციამ, აზრმა თუ სიტყვამ, ქმედებამ თუ უმოქმედობამ მოიტანა. ცხადია, ეს ციდან არ ჩამოვარდნილა, ახლა მაინც ვიყოთ გულწრფელნი და ერთმანეთს პირდაპირ ვუთხრათ სიმართლე. რადგან სიტყვას დიდი ძალა აქვს, ჩვენმა დღევანდელმა ყოფამ მაინც გვასწავლოს, რომ სათქმელი უნდა ითქვას, რაოდენ მწვავეც არ უნდა იყოს. ამ თემაზე მისაუბრია ცნობილ ფილოსოფოსთან ცხონებულ ნიკო ჭავჭავაძესთან მაშინ, როცა საქართველოს პარლამენტის წევრი ვიყავი. ბ-ნ ნიკოს ვეუბნებოდი, სანამ პარლამენტის ტრიბუნიდან სიტყვით გამოვალ, ვცდილობ, სიყვარული ჩავიდო გულში, პოზიტიური, დადებითი ემოცია და განწყობა შევიქმნა ყველას მიმართ და თანაც გულწრფელი ვიყო-მეთქი. ბ-ნი ნიკო იზიარებდა ჩემს შეხედულებას. ალალად ნათქვამ მართალ სიტყვას რა დაუდგება წინ.

რაც შეეხება სამართლიანობის გრძნობას, მე მგონია, ეს თანდაყოლილია ადამიანში უფლისაგან, ამასთანავე ჩვენი მასწავლებელი ცხოვრებაც არის, ამიტომ შეიძლება ამ თვისების გაღრმავება და განვითარება. ჩვენ დღევანდელ პირობებში როგორ შეგვიძლია ისე განვსაჯოთ ჩვენი ცოდვილი ბუნებით, როგორც ღმერთი განსჯის და ხედავს, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, არ დავინახოთ მანკიერებანი და არ მივდიოთ სიმართლის გზას.

2. რწმენა ჩემში ბავშვობიდანვე აღმოცენდა ჩემი მორწმუნე ბებიების - ანა ანჩაბაძის და ვერა ზარანდიას წყალობით. მათი ინიციატივით მოვინათლე სოხუმის სტადიონთან ახლოს მდებარე ტაძარში, ჯერ კიდევ ორი წლის ასაკში. დედის გარდაცვალებიდან 40 დღის განმავლობაში სისტემატურად დავდიოდი ტაძარში, რომ არაფერი დამეკლო დედაჩემის სულისათვის, სწორედ ამ დიდმა მწუხარებამ შემაძლებინა პირველი აღსარება ჩამებარებინა მოძღვრისათვის, რადგან მანამდე ძალიან მიჭირდა სასულიერო პირთან განდობა. არა იმიტომ, რომ პატივს არ ვცემდი, პირიქით, განსაკუთრებული რიდი გამაჩნდა მოძღვრის მიმართ. ახლახან მამაც გარდამეცვალა. მშობლების სიყვარული რას არ გაგაკეთებინებს... იმ რწმენამ, რომ მათ სულს ჩემგან დახმარება სჭირდებოდა, მართლაც შეუძლებელი შემაძლებინა და მხოლოდ მადლიერება შემიძლია გამოვხატო ჩემი მშობლებისადმი, რომელთაც მომცეს დიდი სტიმული და ბიძგი უფრო დავახლოებოდი უფალს და თანმიმდევრულ ეკლესიურ ცხოვრებას ვზიარებოდი.

3. მჯერა, ჩვენი სულიერი გარჯითა და მოღვაწეობით მზიანი ღამე უნდა გავითენოთ, მე არ მესმის ადამიანის დანიშნულება, თუ ის სულიერად არ იღვწის და მხოლოდ უფლის მოიმედეა, როდის მოიღებს ჩვენზე წყალობას. უკეთესი მომავლისათვის მარტო ფიქრი კი არა, დიდი შრომა და მონდომებაა საჭირო. უფალი ხომ გვიყურებს, რას ვაკეთებთ თუნდაც აფხაზეთის დასაბრუნებლად. აფხაზეთი ვახსენე, რადგან ეს ყველაზე მძიმე და ტრაგიკული ფურცელია ჩვენს უახლოეს ისტორიაში, რომელიც უამრავმა შეცდომამ, პირველ რიგში კი სიყვარულის ნაკლებობამ გამოიწვია. ამიტომ თუ სულიერ კალაპოტში ჩავდგებით, მერე უკვე ყველაფერი დალაგდება. თავისთავად ის ფაქტი, რომ უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გახდა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, რომელიც ადრეც აფხაზეთის მღვდელმთავარი გახლდათ 11 წლის განმავლობაში, მართლაც ბრძნული, შორსმჭვრეტელური გადაწყვეტილებაა და უზომოდ მახარებს, რადგად ეს ნაბიჯი უკვე სულიერად გვაახლოებს აფხაზეთთან.

ტექნიკურმა პროგრესმა, რომელიც ძალიან აჩქარებულია ჩვენს დროში, დააპატარავა დედამიწა, ტემპერატურის მკვეთრი მატებისა და ეკონომიკური კატასტროფების სხვადასხვა სახით გამოვლინებაც ცხოვრების დაჩქარებული რიტმის შედეგია. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი კულტურა, ისტორიული ტრადიციები, ეროვნულობა, რომ გლობალიზაციამ არ გადაგვშალოს. ქართველ ერში მე აფხაზებსაც ვგულისხმობ, ანუ მხედველობაში მაქვს ის მაღალი სულიერება, დიდი ისტორიული და შინაგანი გამოცდილება, რომელსაც შორეულ წარსულში აქვს გადგმული ფესვები. ეს სულიერება, რასაკვირველია, მართლმადიდებლობით იწყება, მაგრამ მხოლოდ სარწმუნოება კი არა, კიდევ უფრო ფართო ცნებაა ჩემთვის.

რამდენიმე თვის წინ თბილისში მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ჭადრაკში გარი კასპაროვი იმყოფებოდა. გაგებული მქონდა, იგი კარგად ერკვეოდა საქართველოს გეოპოლიტიკურ პრობლემებში და ინტერესით წავედი მის საღამოზე დასასწრებად. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა: "თქვენ, როგორც მსოფლიოში ცნობილი გენიალური მოჭადრაკე, რომელ ფიგურას შეადარებთ საქართველოს მსოფლიოს საჭარაკო დაფაზეო". საინტერესოდ დასმულ შეკითხვას არანაკლებ საინტერესო პასუხი მოჰყვა: "ჭადრაკს თავისი წესები აქვს, - უპაუხა კასპაროვმა, - ყველა ფიგურას თავისი ფუნქცია, განსაზღვრული სვლა და ადგილი აქვს მიჩენილიო". კასპაროვი ჩასწვდა, რომ გოგონას შეკითხვაში პატარა ქვეყნისა და მისი მცირერიცხოვნობის ტრაგიზმის ქვეტექსტიც იკითხებოდა, ამიტომ მან ხაზი გაუსვა - არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ტერიტორიის სიდიდე-სიპატარავეს, პატარა ერებსაც შეუძლიათ სუპერსახელმწიფოებსაც კი დაუპირისპირდნენ. მთავარია, იცოდეთ, რა შინაარსის და ღირებულების მატარებელია თქვენი ერი და მხოლოდ ამის შემდეგ მოიპოვებთ თქვენთვის განკუთვნილ ღირსეულ ადგილს მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზეო. გარი კასპაროვის ამ განმარტებას ჩემსასაც დავუმატებდი. ბოლო წლებმა დაგვარწმუნეს, რომ პოლიტიკაში გაცილებით უფრო ძნელი სვლები და კანონები მოქმედებს, ვიდრე ჭადრაკში. ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ჩავერთვებით დიდ პოლიტიკურ თამაშებში. ისე, კარგი იქნებოდა, თუ საქართველოს მაინცდამაინც პაიკად არ წარმოვიდგენდით და თუ გონივრულ, წინდახედულ სვლებს გავაკეთებთ ამ დაფაზე, მერწმუნეთ, ზესახელმწიფოების დანაშაულებრივი თამაშობები, რომლებიც არავითარ წესს და კანონს არ ექვემდებარება, აუცილებლად კრახით დასრულდება.

4. ამჯერად მოძღვართან კითხვა არ მომიფიქრებია.


KARIBCHEთემის განხილვაში მონაწილეობა ვთხოვეთ საბურთალოს წმინდა ილია თეზბიტელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურს, დეკანოზ გიორგი დარჯანიას.

- მამა გიორგი, თქვენი აზრით, სამართლიანობის გრძნობა ადამიანის გენეტიკურად მიღებული, თანდაყოლილი თვისებაა თუ სწავლითა და ცხოვრებისეული გამოცდილებით შეძენილი? იქნებ გვესაუბრა IV ნეტარებაზეც.

- უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოვიკვლიოთ, საიდან მომდინარეობს, ვისგან აქვს ადამიანს ეს გრძნობა, რადგან გაუმართლებელი იქნებოდა, ისე ვისჯელოთ ამ საკითხზე, არ ვიცოდეთ მისი დასაბამი.

დავიწყოთ იმით, რომ თავად ღმერთი არის ყოვლად მართალი და ამ თვისებას ამჟღავნებს როგორც ძველი, ასევე ახალი აღთქმის საღვთო ისტორიაში. "მართალ არს უფალი და სიმართლენი შეიყვარნა და სიწრფოებანი იხილნა პირმან მისმან" (ფს. 10,7), პავლე მოციქული კი ბრძანებს: "მიაგებს ღმერთი კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ" და "არა არს თვალღება ღვთისა თანა", ე.ი. ღმერთი, როგორც მართლმსაჯული, არც ერთ კეთილ საქმეს არ დატოვებს დაუჯილდოებლად და ბოროტს - დაუსჯელად.

სწორედ უფალია წყარო ყოველგვარი სიმართლისა, როგორც ეს ზემოთ დავინახეთ და შესაბამისად, ადამიანში (შექმნილია რა ღვთის ხატად და მსგავსად) დევს სამართლიანობის მარცვალი. ჩვენ ვიცით, რომ ღვთის ხატება ჩვენში არის უცვლელად მყოფი ანუ სტატიკური, ხოლო მსგავსება მუდამ წინსვლითა და სულიერი ღვაწლით მიიღწევა, ანუ დინამიკური და განვითარებადია.

რაც შეეხება ნეტარების სიტყვებს: "ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განძღენ", წმინდა მღვდელმთავარ ფილარეტ მოსკოველის განსაზღვრებით, "აქ შეიძლება ვიგულისხმოთ ყოველგვარი სათნოება, რომელიც ქრისტიანისათვის ისეთივე სასურველი უნდა იყოს, როგორიც საზრდელი და სასმელი, უპირატესად კი ის სიმართლე, რომლის შესახებაც ზუსტად და ნათლადაა ნათქვამი დანიელის წინასწარმეტყველებაში: "აღმოყვანებად სიმართლესა საუკუნესა" (დან. 9,24), ანუ აქ იგულისხმება ღვთის წინაშე შემცოდე და დამნაშავე ადამიანი, რომელიც გამართლებას პოულობს მადლის საშუალებით. ამ სიმართლის შესახებ საუბრობს პავლე მოციქულიც: "რამეთუ არა არს განწვალება, რამეთუ ყოველთავე შესცოდეს და დაკლებულ არიან დიდებისაგან ღმრთისა, ხოლო განმართლდებიან უსასყიდლოდ მადლითა მისითა და გამოხსნითა მით იესუ ქრისტესითა, რომელი იგი წინასწარ განჰმზადა ღმერთმან სალხინებლად სარწმუნოებისა თვისითა მით სისხლითა, გამოჩინებად სიმართლისა მისისა მოტევებითა მით პირველთა ცოდვათაითა" (რომ. 3,22-25), ხოლო "მშიერი და მწყურვალი" სიმართლისათვის არის ისეთი ადამიანი, რომელიც არ ესავს თავის კეთილ საქმეებს, როგორც მშიერს უნდა პური და მწყურვალს - წყალი, ისე უნდა ეძებდე ღვთის სიმართლესა და გამართლებას მის წინაშე, ასეთებს კი უფალი განძღომას ჰპირდება, რომელიც მოხდება მომავალ ცხოვრებაში, როცა ადამიანი ღვთის დიდებაში მიიღებს მონაწილეობას. როგორიც დავინახეთ, სამართლიანობის გრძნობა არის თანდაყოლილი თვისებაც და განვითარებასა და სრულყოფასაც ექვემდებარება. თუმცა თანდაყოლილია არა რომელიმე ადამიანისგან, არამედ თვით ყოვლადსამართლიანი ღმერთისგან, ანუ ისეთივე თანდაყოლილია, როგორც, ვთქვათ, სიყვარულისა და მოწყალების გრძნობები ადამიანში. თუმცა ყოველივე ამას, რასაკვირველია, განვითარება სჭირდება.

- თქვენი აზრით, როგორ უნდა ვუთხრათ ადამიანს მწარე სიმართლე ისე, რომ გული არ ვატკინოთ, თუ საერთოდ უთქმელობა ჯობია ზოგიერთი შემთხვევის დროს?

- ხშირად ცხოვრებისეულ სიტუაციებში ჩვენ ვაწყდებით ისეთ რთულ მომენტებს, როდესაც ახლობელს ჩვენ უნდა გავუმხილოთ მისთვის რაიმე მძიმე საიდუმლო ან მივუთითოთ და გამოვუტყდეთ ისეთ რამეში, რამაც შესაძლოა მისი წყენა, გაბრაზება ან სასოწარკვეთილებაც კი გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში გვმართებს, ისევ უფალს შევთხოვოთ დახმარება, რომ მაქსიმალურად სწორად და ზუსტად მოვიხადოთ ვალი მოყვასის მიმართ; უნდა გვახსოვდეს ასევე, რომ ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა, ამიტომაც მოყვასს სიყვარულითა და მზრუნველობით უნდა მოვექცეთ. გავიხსენოთ სახარებაში ის ადგილი, როცა მაცხოვართან მიდის ერთ-ერთი მწიგნობარი და ეკითხება, რა არის უპირველესი მცნებაო, რას პასუხობს მაცხოვარი: "შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გოებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა, ესე არს პირველი მცნებაი და მეორე მსგავსი ამისი - შეიყვარო მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი". უფალი, სურს რა უჩვენოს, რომ სიყვარულის გარეშე (ანუ მოყვასის სიძულვილის შემთხვევაში) არ აღესრულება სჯული, პასუხობს სჯულის მოძღვარს, რომ პირველი და უმთავრესი მცნება უფლის სიყვარულია, მეორე კი, მსგავსი ამისი - მოყვასის სიყვარული. რატომ მსგავსი? იმიტომ, რომ ისინი მჭიდროდ უკავშირდებიან ერთმანეთს, რადგან ღმერთის მოყვარულს მისი ქმნილებაც უყვარს, ღმერთთან ყველაზე ახლოს მდგომი ქმნილება კი ადამიანია, შესაბამისად, ღვთის მოყვარული ყველა ადამიანსაც შეიყვარებს. განვიხილეთ რა მოყვასთან ადამიანის დამოკიდებულების ქრისტიანული ასპექტები, ახლა უფრო გაგვიადვილდება მწარე სიმართლის შესახებ საუბარი.

ჩვენი სიტყვა ადრესატისთვის მახვილივით კი არ უნდა იყოს, არამედ მხნეობისა და ნუგეშის დამთესავი მის გულში. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც საჭიროა იმის ახსნა, რომ ყველაფერი უფლის დაშვებით ხდება და ადამიანის განღმრთობისკენაა მიმართული. ამიტომ უნდა ავუხსნათ, რომ თუკი ამ მძიმე განსაცდელს და დაბრკოლებას შეებრძოლება, აუცილებლად მიიღებს უფლისაგან დიდ მხნეობასა და წყალობას. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ მწარე სიმართლე ზოჯერ შეიძლება ადამიანის თვითმკვლელობის მიზეზიც კი გახდეს, ამიტომ გვმართებს მაქსიმალური დაკვირვება, სითბოს და სიყვარულის გამოხატვა მათდამი, ვისაც ამ სიმართლეს ვეუბნებით, ეს ხომ ჩვენი გამოცდაც არის, რადგან ჩვენი რწმენა უფლისადმი ქმედითი უნდა იყოს, ანუ საქმით დამტკიცებული.

ქალბატონი დიანას შეკითხვაზე პასუხი ერთმნიშვნელოვანია: რადგან ღმერთმა ამ საქმისთვის დაგადგინათ, უნდა მოიქცეთ ისე, როგორც პროფესიული სინდისი გიკარნახებთ და ყოველთვის დარჩეთ სამართლიანობის მხარეზე.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat