16.12.2005
გიორგი ღუდუშაურს უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოში ტიხრული მინანქრის ხელოვნების აღორძინება-განვითარებაში. მისი ნამუშევრები გამოირჩევა უზადო გემოვნებითა და სიფაქიზით.
მათ შორის არის: წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მთავარი გუმბათის ჯვარი, ამავე ტაძრის ტრაპეზზე დაბრძანებული სახარების ყდა, ბოდბის წმინდა ნინოს საფლავის ვერცხლის მოჭედილი ფუცლები, წმინდა შუშანიკის საფლავის ხატი, რომში მოსკოვის საპატრიარქოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჯვარი, ყოველთა წმიდათას სახელობის ტაძრის კანკელი და ა.შ. ბევრ ეკლესიას ამშვენებს მის მიერ შექმნილი ხატები, ჯვრები, ბარძიმ-ფეშხუმები, სახარებები, სამეუფეო მიტრები, პანაღიები და სხვა. ქმნის სამკაულებსაც. პერსონალური გამოფენებით მოიარა რუსეთი, საბერძნეთი, გერმანია, იტალია, ამერიკა. ხელმძღვანელობს შემოქმედებით სახელოსნოს, რომელსაც "გიორგი" ჰქვია და უამრავ ნიჭიერ ოსტატს აერთიანებს. გიორგის შემოქმედებასა და ცხოვრებას რწმენის მადლი განმსჭვალავს. იგი არასოდეს აკეთებს იმას, რაც მის მრწამსს ეწინააღმდეგება. ამაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მაც გაამახვილა ყურადღება: "ბატონი გიორგი ღუდუშაური ნიჭიერი ხელოვანია, სულიერად ეკლესიის წიაღში გაიზარდა, გაძლიერდა და ეს მადლი მის ნამუშევრებშიც გამოვლინდა. იგი დახვეწილი ოსტატობით უახლოვდება მინანქრის ცნობილ ძველ ქართველ ოსტატებს, მაგრამ არ იმეორებს მათ. მის ნამუშევრებში ჩანს მჭიდრო კავშირი წარსულსა და თანამედროვეობას შორის". ჩვენი საუბრის თემაც ამჯერად გიორგი ღუდუშაურის მართლმადიდებლური მრწამსია.
- გიორგი, პატრიარქმა ბრძანა, რომ ეკლესიის წიაღში გაიზარდე. როგორ დაიწყო ეკლესიასთან შენი ურთიერთობა?
- ბებია მორწმუნე იყო, მაგრამ ოჯახში არასოდეს არავის თავზე არ ახვევდა თავის რწმენას. მარხულობდა, წირვა-ლოცვებს ესწრებოდა, ეზიარებოდა. კომუნისტების დროს იყიდა საბეჭდი მანქანა, ბეჭდავდა ფსალმუნებს, წმინდანთა ცხოვრებას და ეკლესიაში ავრცელებდა. მეც დავყავდი ტაძარში, მაგრამ ძალიან მიჭირდა გრძელ ლოცვებზე დგომა. არ მახსოვს, შემეჩივლოს, დავიღალე-მეთქი და ეთქვას, - არა, უნდა იდგეო. როგორც კი ვიტყოდი, დავიღალე-მეთქი, შინ წამიყვანდა. ძალიან რბილად და ნელ-ნელა მიმაჩვია იმას, რომ კარგი იყო დილა-საღამოს ლოცვა... მაგრამ ჩემი რელიგიური ცხოვრება ჯერ კიდევ არ იყო ეკლესიური. ამასობაში გავიცანი გია ჭანტურია. მან მირჩია, აუცილებლად უნდა იმარხულოო. იმდენი მელაპარაკა, რომ იმ საღამოდანვე დავიწყე მარხვა და ეკლესიაში სიარული. შემდეგ გიამ წამიყვანა ბეთანიის მონასტერში. იქ ორი-სამი ბერი დაგვხვდა. გაჭირვებით ცხოვრობდნენ. ტრაპეზის შემდეგ მონასტრის წინამძღვარი ორი-სამი საათი გველაპარაკებოდა ქრისტიანობაზე. იმდენად მომეწონა იქაურობა, რომ ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მამაჩემს განვუცხადე: სამსახურს აღარ დავიწყებ, ბერებთან უნდა წავიდე-მეთქი. მამაჩემმა: ოღონდ ბერად არ აღიკვეცო და რა მანქანასაც გინდა, გიყიდიო. მიყიდეს მწვანე "ნივა", რომლითაც დავდიოდით მონასტერში, დაგვქონდა ქვა, ცემენტი და ვაშენებდით.
მამა ევსევის სამხატვრო აკადემია ჰქონდა დამთავრებული და ხეზე კარგად კვეთავდა. შემომთავაზა - მოდი, სცადეო. ჯერ მარტივი ორნამენტი გავაკეთე. მოეწონა. მონასტერში ვშრომობდით, თან ხეზეც ვკვეთდი. შემდეგ გადავედი ლითონზე. ჩამოვასხამდი ვერცხლის ჯვრებს და ვარიგებდი. მერე გავიგე - ტიხრული მინანქრის დამუშავების ტექნიკა დაკარგულიაო. დავიწყე ამ თემაზე მუშაობა. ვწვალობდი, რადგან მასწავლებელი არ მყავდა. პატრიარქს ძალიან უნდოდა მინანქრის აღდგენა. მანამდე უწმინდესი და ჩემი მოძღვარი მღვდლობას მირჩევდნენ. მღვდლობაზე უკეთესი სარბიელი ღვთისა და ხალხის სამსახურად არ არსებობს, მაგრამ ეს ძალიან სერიოზული საქმეა, რის ღირსადაც თავი არ მიმაჩნდა. მინანქარზე მუშაობა გამომივიდა. გავაკეთე კოლექცია და ერთ დღეს პატრიარქთან მივიტანე. ეს ყოფილა შენი საქმეო, მითხრა და მას მერე აღარ უთქვამს, მღვდელი გახდიო. მისი შექება ღვთის კურთხევად მივიღე. ეს იყო დაახლოებით ოცი წლის წინ. დიდი სურვილი მაქვს, უფალს ჩემი ხელოვნებით ვემსახურო, შევქმნა ლამაზი ხატები, საეკლესიო ნივთები...
- ხატის შესაქმნელად ალბათ მხოლოდ საეკლესიო ხატწერის კანონიკის ცოდნა არ არის საკმარისი, სათანადო სულიერი განწყობილება და ხედვაცაა საჭირო.
- ადამიანი, ხატი რომ დაწეროს, რელიგიური უნდა იყოს. როდესაც წმინდა გიორგის ხატს ქმნი, შენთვის წმინდა გიორგი კარგი მხედარი კი არა, წმინდანი უნდა იყოს. მაცხოვრის ხატს როცა აკეთებ, იგი შენთვის მხსნელი უნდა იყოს, წმინდა ნინო - განმანათლებელი. როდესაც ადამიანი წლების განმავლობაში ლოცულობს ამ წმინდანების მიმართ, სხვანაირი განცდა უჩნდება. შედეგს რომ მიაღწიო, საქმეს პატიოსნად უნდა მოეკიდო. სხვა ადამიანი (მით უმეტეს, თუ მხატვარი არ არის) ვერ გრძნობს, როგორი ტექნიკით ან კანონიკის დაცვით არის შესრულებული ესა თუ ის ხატი, მაგრამ მთავარი ეს როდია; მე გავაკეთე წმინდა გიორგის ხატი წმინდა სამების საკათედრო ტაძრისთვის. მის შესახებ მეუფე დანიელი წერს, - ამ ხატში ქართული ჭედური ხატებისა და მინანქრის საუკეთესო ტრადიციები აისახა, მაგრამ მისი მთავარი ღირსება ის გახლავთ, რომ სულიერი ზემოქმედების უდიდესი ძალა გააჩნიაო. ხატს რომ შეხედავ, უნდა დაგელაპარაკოს, რაღაც გითხრას, დადებითი შთაბეჭდილება უნდა მოახდინოს. ამასთანავე, ადამიანიც მზად უნდა იყოს ამ შთაბეჭდილების მისაღებად. რაც შეეხება კანონიკას, მას მე რწმენას დავარქმევდი. მართლმადიდებლურ ხატებში გამორიცხულია "მე". კანონიკა ნიშნავს იმას, რომ ხატმწერი ხატს წერს ისე, როგორც უთხრეს. იგი არ ყვირის, მე ვარ შემოქმედიო, არამედ ცდილობს თავისი პატივისცემა გამოხატოს იმის მიმართ, ვინც უყვარს და აკეთებს ისე, როგორც ღმერთს მოეწონება. ამით, რა თქმა უნდა, შენი პიროვნება არ იკარგება, რადგან განა შენ არ აკეთებ და ღმერთი შენ არ გაძლევს კეთების ნიჭს? ღმერთი გამოძრავებს და შენ უნდა მიენდო მას. მართლმადიდებლობაში ხატმწერები არ ცდილობენ თავის გამოჩენას. ხატებს არც აწერიათ ავტორთა ვინაობა. ან სად უნდა დააწერო შენი სახელი, ხატზე ხომ არ არის ადგილი სხვა ინფორმაციისთვის.
- რა დამოკიდებულებაა ხატსა და მლოცველს შორის?
- კაბადოკიის მოხატულობა მაღალი დონის მხატვრული ოსტატობით არ გამოირჩევა, მაგრამ იმ ხატებში უმაღლესი სულიერებაა, რადგან მათი შემოქმედნი ძალიან ახლოს იყვნენ ღმერთთან. ხატები შუამავალნი არიან ღმერთსა და ადამიანებს შორის. ღმერთშემოსილი წმინდა მამები უფალთან ისე ახლოს იყვნენ, რომ ხატიც არ სჭირდებოდათ, პირდაპირ ღმერთს ხედავდნენ ხილულად, თავიანთ სულში, ხედავდნენ ანგელოზებს. წმინდა შიო მღვიმელს ხატი აღარ სჭირდებოდა, რადგან მას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ხილულად გამოეცხადა. სიკვდილის წინ წმინდა მამები ამბობდნენ, რომ მათთან მივიდნენ მაცხოვარი, ანგელოზები... ისინი მათ უშუალოდ ელაპარაკებოდნენ. ჩვენ კი, ჩვეულებრივი მოკვდავნი, ველაპარაკებით უტყვ ხატებს, რომლებიც სასწაულებს ახდენენ, რომელთაც მირონი სდით...
- გიორგი, როგორ გეხმარება რწმენა ადამიანებთან ურთიერთობაში, ცხოვრებაში?
- ძალიან მეხმარება. ვფიქრობ, საჭიროა იმის შეგნება, რომ ადამიანს არ უნდა მოსთხოვო იფიქროს, გააკეთოს, ილაპარაკოს ისე, როგორც შენ გინდა. ადამიანი უნდა გაათავისუფლო, გაუშვა, არა იმიტომ, რომ მის მიმართ გულგრილი ხარ, არამედ იმის გამო, რომ პატივს სცემ მის აზრს, მის თავისუფლებას. ღმერთი არავის არაფერს აძალებს. მაშინ ჩვენ რატომ ვაძალებთ ერთმანეთს? ამის გამო ხდება კონფლიქტი, უთანხმოება. უნდა ვისწავლოთ ღმერთთან ურთიერთობა და ამით ვისწავლოთ მოყვასთან ურთიერთობაც და პირიქით, მოყვასთან ურთიერთობით ვისწავლით ღმერთთან ურთიერთობას. მაგრამ მოყვასთან ურთიერთობა ნიშნავს იმას, რომ როგორც ღმერთი მექცევა მე, ისე უნდა მოვექცე მოყვასს. ღმერთი არის უსასრულოდ მომთმენი, მოწყალე. იგი უსასრულოდ ელოდება ჩემს სინანულს. მე რატომ არ უნდა დაველოდო სხვას?!
- სამი შვილის მამა ხარ. რა უნდა გაითვალისწინოს ყველაზე მეტად მშობელმა შვილების აღზრდისას?
- ჩემს შვილებს მუდამ ვეუბნები, არ იდარდოთ არც ფიზიკაზე, არც ქიმიაზე და ა.შ. უნდა იდარდოთ მხოლოდ იმაზე, რომ ღმერთს არ აწყენინოთ-მეთქი. ამას თუ შევძლებთ, ღმერთი მოგვცემს ყველაფერს, რაც გვჭირდება. არ უნდა იფიქრო იმაზე, რომ ჩააბარო ჰარვარდში, რათა საზოგადოებაში დიდი წონა გქონდეს. არც ერთ სტრუქტურაში არ მიმუშავია, მაგრამ ღმერთმა მომცა საქმე, რითაც კმაყოფილი ვარ. ინფორმაციის რაოდენობა ხომ არ არის განათლება? განათლება ნიშნავს იმას, რომ ღმერთი სწორ აზრს ჩაგაგონებს, გონებას გაგინათებს. ვიდრე ბავშვს რამეს დაუშლი, მანამდე უნდა აუხსნა, რომ ეს მისთვის ცუდია. აღზრდის შეცდომა ბავშვის ზედმეტი ფერებაა და კიდევ ის, რომ არ ასწავლი, რისთვის მოვიდა ამქვეყნად. ზოგს ძალიან ჭირვეული შვილი ჰყავს იმიტომ, რომ ამით თვითონ დამდაბლდეს. ერთხელ უწმინდესმა თქვა, - ცელქ ბავშვებს ნუ დასჯით, შეიძლება ისინი ძალიან ნიჭიერები იყვნენო. ასეთი ბავშვები განსხვავებულნი არიან, სულ რაღაცას ეძებენ, მაგრამ რამდენი დაწყნარებულა ეკლესიაში! ღვთის განგებულებას ვინ ჩასწვდება. ღმერთმა შვილი იმიტომ მოგცა, რომ გინდოდა, მაგრამ ის შენი არ არის, ღვთისაა. ის ისე კი არ უნდა აღზარდო, როგორც შენ გინდა, არამედ ისე, როგორც უფალს სურს. არც სამსახური, არც დედ-მამა, არც შვილი არ უნდა იდგეს მაცხოვარზე წინ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ასე ვაკეთებ, მაგრამ ხომ ასე წერია სახარებაში და რატომ არ უნდა მჯეროდეს?! ჩვენც უნდა ვცადოთ.
- უწმინდესთან ურთიერთობის რომელიმე შემთხვევას ხომ არ გაიხსენებდი? თუ არ ვცდები, ენათესავები კიდეც მას...
- ჩვენ რამდენიმე წელი პატრიარქთან ერთად ვცხოვრობდით. არსად შემხვედრია ასეთი თბილი და მოწყალე ადამიანი. დავუტუქსივართ კიდეც, მაგრამ ძალიან რბილად. არ მახსოვს, ეთქვას: გიბრძანებ, ასე გააკეთოო! სულ მინდა მივბაძო გულმოწყალებაში.
უწმინდესი რომ გავიცანი, 6 წლის ვიყავი. ბებიას ვყავდი ქაშვეთის ეკლესიაში. კიბეზე ჩამოვიდა და დადგა. ბებომ მითხრა: ეს შენი მოგვარეაო. ეს იყო 1967 წელს. მერე, როდესაც პატრიარქი გახდა, ხშირად ვხედავდი სიონის ტაძარში. სიონის გუნდში ვგალობდი 7 წელი, თან სტიქაროსანი ვიყავი. პატრიარქთან ერთად ყოფნა ჩემთვის დიდი ზეიმი იყო. ხან თეატრში წაგვიყვანდა, ხან ექსკურსიაზე. მაშინ უფრო მეტი დრო ჰქონდა ყველასთვის, რადგან ცოტანი ვიყავით. ახლა კი მრევლი გაიზარდა.
ეკლესიაში სიარული რომ დავიწყე, მამაჩემი უწმინდესთან მივიდა და უსაყვედურა: არ მუშაობს და იქნებ, რამე ურჩიოთო. შინ დაბრუნებულმა დედას უთხრა: პატრიარქმა აქეთ მისაყვედურა, შენი შვილი შენ გჯობიაო. იმ პერიოდში მუშაობა სავალდებულო იყო. თუმცა ჩვენც ვშრომობდით მონასტერში.
ერთ სახალისო ამბავს მოგიყვებით: ბეთანიის მონასტერში 1983 წელს დავდგით ექვსმეტრიანი მუხის ჯვარი. საბჭოთა კავშირის ისტორიაში ეს იყო ჯვრის აღმართვის პირველი შემთხვევა, რამაც ხელისუფლება აღაშფოთა. მილიციის და უშიშროების მაღალჩინოსნები დაჟინებით ითხოვდნენ მის მოშლას. წინამძღვარმა მათ უთხრა: - მე ბერი ვარ, ვერ ავიღებ ნაჯახს და ჯვარს ვერ მოვჭრი, თქვენ მოჭერითო. მილიციის უფროსმა - რას ამბობთ, ცოლ-შვილი მყავსო. ღვთის შიშით თავის თავზე ვერავინ აიღო ჯვარზე ხელის აღმართვა. ასე გადაურჩა იგი განადგურებას. იკმარეს ის, რომ დაგვაწერინეს ახსნა-განმარტება. ჩვენც დავწერეთ, რომ მთაზე აღმართული ჯვარი გზის მაჩვენებელი იყო. ველოდებოდით, პატრიარქი ჩამოვა და შეგვაქებს ამ გაბედულებისთვისო. მან კი: ეს რა ტელეგრაფის ანძა დაგიდგამთო. ამ შემთხვევაში მან სიფრთხილე და სიფაქიზე გამოავლინა. უწმინდესმა ძალიან კარგად იცის, როდის რა სჯობს. იგი ბრძენი ადამიანია.
- დაბოლოს, რას უსურვებ ჩვენი ჟურნალის მკითხველს?
- ცხონებას. ამაზე მეტი სხვა რა უნდა ვუსურვო?!