ჩვენი იდეოლოგია ეყრდნობა ოთხ საკრალურ სიტყვას: "მამული, ენა, სარწმუნოება, მეფე"
06.08.2009
ჩვენი სტუმარია ისტორიულ საგვარეულოთა შთამომავლობის, თავად-აზნაურთა და მათ თანამდგომთა საკრებულოს გამგეობის თავმჯდომარე, მოძრაობა "სამეფო გვირგვინის" მეურვე, ჟურნალისტი ია ბაგრატიონ-მუხრანელი.
- ქალბატონო ია, გთხოვთ, გაიხსენოთ ის წლები, როდესაც დაუახლოვდით ეკლესიას.
- 1989 წლის 9 აპრილი, ჩვენი ერის შავი აპრილი, ტრაგედიის განცდის, ერის გამთლიანებისა და ამაღლების მხრივ იყო საკრალური თარიღი უახლეს ისტორიაში, როცა ისტორიული არჩევანი გაკეთდა, საქართველომ აირჩია თავისუფლება და მართლმადიდებლობა, ეროვნული იდეოლოგია და ეკლესია. მაშინ მე საკავშირო გაზეთ "სოვეტსკაია კულტურას" საკუთარი კორესპონდენტი ვიყავი. როდესაც მთავრობამ ჯარის ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო, პროტესტის ნიშნად დავტოვე გაზეთი. ბევრს ვმუშაობდი არქივებში, დოკუმენტურ მასალაზე, ვიყავი 9 აპრილის უმოწყალო ხოცვა-ჟლეტასთან დაკავშირებით შექმნილი თ. შავგულიძის კომისიის წევრი. მეტი გულისყურით შევუდექი სახარების, მოციქულთა ცხოვრების კითხვას. მაშინ დიდი იმედით ვუყურებდი მომავალს.
1991 წლიდან დაიწყო ჩემი ბიოგრაფიის ყველაზე რთული, ამაღლებული და ამავდროულად ყველაზე ტრაგიკული პერიოდი. 29 დეკემბერს მთავრობის სასახლეში ჩემი ვაჟი - ვახტანგ ამირეჯიბი დაიღუპა. დაბნელდა... მუდმივ წყვდიადში აღმოვჩნდი... მამა არჩილ მინდიაშვილმა და ეკლესიამ გადამარჩინეს, მრევლის სითბო და ძალა მასულდგმულებს.
- ბაგრატიონ-მუხრანელთა შტოდან მეცნიერთა, პოეტთა, მხედართმთავართა გვერდით მრავალი მთავარეპისკოპოსი, ბერ-მონაზონი გამოვიდა. ამ გვარის თითქმის ყველა წარმომადგენელი ღრმად მორწმუნე იყო. იმ ავბედით წლებში წარმომავლობის გამო მილიონობით ადამიანს დევნიდნენ. გამონაკლისი, რა თმა უნდა, არც თქვენი ოჯახი იქნებოდა...
- მუხრან-ბატონთა შტო 1510 წლიდან არსებობს, როცა ბაგრატ ბაგრატიონმა სამფლობელოდ მუხრანის ველზე "სამუხრანბატონო" მიიღო. დაარსდა სამეფო დინასტიის ეს განშტოება და აშენდა "ქვეყანა მუხრანი". აქ გაშლილი იყო ფართო კულტურულ-საგანმანათლებლო და ლიტერატურული მუშაობა. იქმნებოდა ისტორიული, სამეცნიერო, პოეტური ნაშრომები, მიმდინარეობდა ძველი ხელნაწერების აღდგენა-გადაწერა. მუხრან-ბატონები იყვნენ: ვახტანგ V, გიორგი XI, ვახტანგ VI, ვახუშტი ბატონიშვილი, აშოთან მუხრანელის ასული ქეთევან წამებული, ნიკო ბაგრატიონი (ბური)... პაპაჩემის მამასთან - გიორგი ბაგრატიონ-მუხრანელთან ხშირად ჩერდებოდა ილია ჭავჭავაძე, როცა დუშეთში მიემგზავრებოდა. მან მონათლა ნიკოლოზი და პაპაჩემი - დავითი.
საქართველოში ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ, 1921 წლიდან 1924 წლამდე, 22 ბაგრატიონი დახვრიტეს.
მამაჩემი ლეონიდე 10 წლის იყო, როცა ოჯახი მუხრანიდან გააძევეს. მას კარგად ახსოვდა გიგლა ბერბიჭაშვილის ჭორფლიანი სახე, ჯალათისა, რომელიც ამაყობდა ილიას მკვლელობით. მან მიითვისა ბაგრატიონ-მუხრანელების ქონება, ისტორიული ხელნაწერები, ხატები. საგვარეულო ეკლესიაში ჯართის საწყობი გახსნეს. დიდედაჩემმა ეკატერინემ ოთხი შვილით ძლივს გამოაღწია მუხრანიდან. პაპაჩემი დავითი, მთელ კავკასიაში ცნობილი ვეტექიმი, მთაში დაიღუპა. ჩვენს ოჯახში 1921-1937 წლებში ღამის 4 საათზე შემოჭრა, ჩხრეკა, ძარცვა - ჩვეულებრივი ამბავი იყო.
- გთხოვთ, გვიამბეთ, თავადაზნაურთა საკრებულოს ამჟამინდელ საქმიანობაზე.
- 1990 წელს თანამოაზრეებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას დიდი მხარდაჭერით, დავაარსეთ საქართველოს ისტრიულ საგვარეულოთა შთამომავლობის, თავად-აზნაურთა და მათ თანამდგომთა საკრებულო. ჩვენი იდეოლოგია ეყრდნობა ოთხ საკრალურ სიტყვას: "მამული, ენა, სარწმუნოება, მეფე". ვართ პატრიოტები და მონარქისტები, ვთვლით, რომ მხოლოდ ღვთივკურთხეული მეფე გადაარჩენს საქართველოს, იგი იქნება ქვეყნის, ერისა და ბერის დამცველი და სტაბილურობის გარანტი.
რა გაკეთდა 1990 წლიდან მნიშვნელოვანი? მოკლედ ძალზე ძნელია ყველაფრის ჩამოთვლა. მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს შეგახსენებთ: ვიყავით აფხაზეთში და მონარქიაზე ვსაუბრობდით ერთ მაგიდასთან ძირძველ აფხაზებთან ანუ ქართველებთან, როგორც წერდა დიმიტრი გულია.
1992 წლიდან დავგმეთ რუსეთის მიერ ინსპირირებული ბოლშევიკური გადატრიალება და პირველად შემოვიღეთ დეფინიცია, რომ ეს სისხლიანი 1991 წლის დეკემბრის და 1992 წლის გადატრიალება და კანონიერი ხელისუფლებისა და პრეზიდენტის დამხობა იყო რუსეთ-საქართველოს ანექსია-ოკუპაციის მესამე ეტაპი (პირველი - 1801, მეორე - 1921 წელს). შევქმენით ქვედანაყოფები ყველა რეგიონში, დავამყარეთ კავშირი მრავალ დიდგვაროვანთან, დავაარსეთ თავად-აზნაურთა სკოლა-ლიცეუმი, ჩამოვაყალიბეთ მონარქისტული მოძრაობა - "სამეფო გვირგვინი", მოვამზადეთ მრავალი პუბლიკაცია, კონფერენცია, გამოფენა...
ჩვენი საკრებულო, რომელიც 1990 წლის 23 ნოემბერს შეიქმნა, არის სამართალმემკვიდრე და საქმიანობის გამგრძელებელი თბილისისა და ქუთაისის სათავადაზნაურო სადეპუტაციო საკრებულოებისა, რომლებიც 1818 წლიდან არსებობდნენ. თავად-აზნაურთა საკრებულოების წინამძღოლად სხვადასხვა წლებში დიმიტრი ყიფიანი, ივანე ბაგრატიონ-მუხრანელი, დავით ნიჟარაძე, კონსტანტინე აფხაზი იყვნენ.
საკრებულო არსებობდა 1923 წლამდე. 1923 წლის 20 მაისს ვაკის პარკის მიდამოებში ბოლშევიკებმა დახვრიტეს ილია ჭავჭავაძის დისშვილი, თავად-აზნაურთა საკრებულოს წინამძღოლი გენერალი კოტე აფხაზი 14 მამულიშვილთან ერთად, მათ შორის იყო სვიმონ ბაგრატიონიც. დახვრეტის ადგილზე საზოგადოებრივი საპირფარეშო ააშენეს. ჩვენ გვინდა, ამ გმირების სახელების უკვდავსაყოფად აქ წმინდა ილია მართლის სახელობის ეკლესია ავაშენოთ. ყოველ 20 მაისს ტარდება პანაშვიდი მათი სულის მოსახსენებლად.
- რა მიზანს ემსახურება ქართველი ერის სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის აღორძინების, მოვლა-პატრონობისა და დაცვის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "სამეფო გვირგვინი"?
- მოძრაობა "სამეფო გვირგვინის" საქმიანობის ძირითადი მიზნები გახლავთ:
* ეროვნული იდეალების ხორცშესხმა, იბერიელ-კავკასიელი ხალხების გაძლიერება, შეკავშირება და გაერთიანება;
* ტრადიციულ ფასეულობათა პოსტულატების: "მამული, ენა, სარწმუნოება, მონარქია" - დამკვიდრება;
* რეფერენდუმის გზით, ხალხის ნების გამოვლენის შემთხვევაში, ბაგრატოვანთა დინასტიის აღდგენა კონსტიტუციური მონარქიის გზით;
* ბაგრატოვანთა დინასტიის ისტორიული პრიორიტეტების აღდგენა კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში;
* საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, აფხაზეთიდან და შიდა ქართლიდან დევნილების დაბრუნება მშობლიურ მიწაზე;
* ქართული ენის, კულტურის, ისტორიის მეცნიერების განვითარებაზე ზრუნვა, როგორც ქართველი ერისა და საქართველოში მცხოვრებ ხალხთა გამაერთიანებელ ფენომენზე;
* რუსეთის ცარიზმის იმპერიული პოლიტიკის შემდეგ განხორციელებული ეროვნული გენოციდის მსხვერპლთა სახელების უკვდავყოფისთვის ზრუნვა, ბოლშევიკური რეჟიმის მიერ და ასევე 1992 წლიდან დღემდე რეპრესირებულთა და მათი ოჯახის წევრთა უფლებების აღდგენა-რეაბილიტაცია.
- ქალბატონო ია, 2001 წელს თქვენ დააარსეთ ნიკო ბაგრატიონის სახელობის თავად-აზნაურთა სკოლა-ლიცეუმი. ორიოდე სიტყვით გვიამბეთ თქვენი სკოლის შესახებ.
- ჩვენი ლიცეუმის სასწავლო პროგრამების დედააზრია რწმენა, ეროვნულობა და ცოდნა.
ჩვენი სკოლა ორმაგ დაქვემდებარებაშია. იგი ექვემდებარება განათლების სამინისტროს და საპატრიარქოს. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პროგრამას ჩვენ ვუმატებთ კატეხიზმოს, რელიგიის ისტორიას, ხატწერას, გალობას, ქართულ ცეკვას, ხრიდოლს, ჭადრაკს. კვირაში ერთხელ, პარასკეობით, ბავშვები მიქაელ ტვერელის სახელობის ეკლესიაში დადიან, სადაც ეუფლებიან კატეხიზმოს, გალობას, ხატწერას (ჩვენი მოძღვარი, დეკანოზი ალექსანდრე ჩახვაშვილი, ხატმწერი გახლავთ).
ვცდილობთ, ჯაჭვი - "ოჯახი-ეკლესია-სკოლა" - ქმედითუნარიანი იყოს. თუ რომელიმე რგოლი ამოვარდება, შედეგს ვერ მივიღებთ. სიტყვა "განათლება" ნათელიდან მოდის. განათლება არ არის მხოლოდ ცოდნის შეძენა; განათლება შეიცავს რწმენას, ტრადიციულ ფასეულობათა რგოლს, ოჯახის ინსტიტუტსა და აუცილებლად ეროვნულ სულისკვეთებას. ცხრა ძმა ხერხეულიძე წმინდანებად შერაცხეს. ჩვენ არ ვიცით არც მათი და არც მათი დედის სახელები, მხოლოდ გვარი ვიცით. გმირობა სასიქადულოა, მაგრამ ამას ხომ აღზრდა სჭირდება. უზნეო გლობალისტები გმირობას ვერ ჩადენენ, სამშობლოს ქილიკით ხსენება მხოლოდ დაცემამდე მიგვიყვანს. სამწუხაროდ, ეს ტენდენცია იგრძნობა. ტელეეკრანიდან ასეთი რამეც კი მოვისმინეთ: "პატრიოტიზმი ქვენა გრძნობაა". აქედან იწყება დაცემა.
სკოლა, მოსწავლე, ახალგაზრდობა ქვეყნის ხვალინდელი დღეა. თუ ჩვენ გავზრდით გოგო-ბიჭებს სატელევიზიო შოუებით, ჯეობარებითა და მრავალი სხვა ურწმუნო, უნიჭო, უნიათო გადაცემით, რომლებშიც ნებსით თუ უნებლიეთ ხრწნიან პატარა ქართველებს, საქართველოს მომავალს ძალიან გაუჭირდება. ჩვენ ვერ გავუძლებთ XXI საუკუნის ქარტეხილებს, ვერ გავუმკლავდებით მტრებს. წმინდა ილია მართალი ქვეყნის ძირითადი მიზნების შესახებ წერდა: "გუთანი, ხმალი, სამეფო გვირგვინი". ეს სამი სიტყვა და, რა თქმა უნდა, უკვდავი ტრიადა: "მამული, ენა, სარწმუნოება" არის ჩვენი პატარა სასწავლებლის, ნიკო ბაგრატიონის სახელობის თავად-აზნაურთა სკოლა-ლიცეუმის სასწავლო პროგრამის ქვაკუთხედი.
ვფიქრობთ, რომ მსგავსი ტიპის სკოლებში გაიზრდებიან თაობები, რომლებიც დაიცავენ ღვთივკურთხეულ მიწას და მოესწრებიან საქართველოს სულიერ აღორძინებას.