გარშემო მყოფი ადამიანები ანგელოზებივით კეთილნი და ლამაზები იყვნენ. ეს ისეთი სასწაულია, მხოლოდ აღმდგარ ქრისტეს რომ შეეძლო მოეხდინა. სწორედ ეს არის ხალხთა შორის ძმობის ერთადერთი საფუძველი - იხილო ყოველი ადამიანი, როგორც კეთილი და მშვენიერი...
გამთენიისას ტაძარში დასრულებული სააღდგომო ღვთისმსახურება ჩვენს გულებში გაგრძელდა. ახლა უკვე ყველაფერს ქრისტეს აღდგომისა და დიდების შუქში ვხედავდით და ყოველივე სხვაგვარად გამოიყურებოდა - უფრო ლამაზად, საზეიმოდ და გამოკვეთილად. სიცოცხლე აზრს მხოლოდ ამ ნათელით იძენს. ქრისტეს გამარჯვებამ სიკვდილი შთანთქა, მასთან ერთად კი წვალება და ტანჯვა. აღარაფერი ჩანს აღდგომის შუქის ბრწყინვალების გამო. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე!"
ყოველ წელიწადს უამრავი ადამიანი მიემგზავრება ისრაელის წმინდა მიწაზე ყოველი მხრიდან, მათ შორის საქართველოდან, და დღესასწაულობს სიკვდილის მოკვდინებას, საუკუნო ცხოვრების დასაწყისს. წელსაც, რა თქმა უნდა, ასე მოხდა. უამრავ ქართველს მიეცა საშუალება, საკუთარი თვალით ეხილა ის დიდებული წმინდა ადგილები, რომელთა სულიერი ღირებულება განუზომელია. წმინდა მიწაზე ყოფნის შთაბეჭდილებები უშუალობითა და პოეტური აღმაფრენით გაგვიზიარა საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის თანამშრომელმა, თეოლოგმა მერაბ ონიანმა.
- წმინდა მიწაზე, ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეიგრძნობ ღვთის უსაზღვრო სიყვარულს. აქ განსაკუთრებით მძაფრია უფლის სიახლოვის განცდა. ყოველივე მისით არის სავსე და მისი სუფევა ხელშესახებია. მთელი არსებით განიცდი მის სიახლოვეს. მადლითაა გაჯერებული მდინარე იორდანეს წმინდა, ნათლისმცემელი წყალიც და გალილეის ზღვის კამკამა ტალღებიც. გალილეის ზღვა, ღვთის სიყვარულის საოცარი სიმბოლო, ცოცხალია, მშვიდი და ტალღოვანი, მარად მოძრავი, განუწყვეტელი სიმღერაა, ღვთის მადიდებელი და მისი სიყვარულის მაუწყებელი.
- გვიამბეთ, რითი დაიწყო იერუსალიმში თქვენი ჩასვლის დღე. რა განცდები დაგეუფლათ გოლგოთის გზაზე?
- ჩვენი ჩასვლის დღე პირდაპირ მაცხოვრის უკანასკნელი გზით დაიწყო - გეთსემანიის ბაღის ზემოთ, პრეტორიასთან იწყება მაცხოვრის ვნების გზა: კაიაფას სამსჯავროს შემდეგ ეკლის გვირგვინი დაადგეს თავზე მაცხოვარს და მძიმე ჯვრით გაუყენეს გოლგოთის სავალს. დედასთან შეხვედრის ადგილი ყოვლადწმინდას ტკივილს და ნაღველს გვახსენებს. იესო ეცემა, სვიმონ კვირინელი იტვირთავს მისი ჯვრის სიმძიმეს. ვერონიკა უმშრალებს უფალს სისხლიან კვალს სახეზე. კვლავ ეცემა მაცხოვარი, კვლავ ასამართლებენ და სიკვდილს განუკუთვნებენ კაცობრიობის შემოქმედსა და მხსნელს. შემდეგ ვხვდებით იერუსალიმის ასულთა ტირილისა და გოდების ადგილს. მესამედ ეცემა უფალი. იგი უკვე უახლოვდება ჯვარცმის ადგილს. სამოსელს ხდიან და ჯვარზე აკრავენ. ჯვარცმული, ხელებგაშლილი მაცხოვარი, კაცობრიობის ცოდვათა ამღები, მთელი სამყაროს გამომხსნელი, თავად ჯვარცმული და ყოველთა ჭეშმარიტებით განმათავისუფლებელი. რთულია, მძიმეა გოლგოთასთან მიახლოება. მძაფრია გრძნობები, აქ რომ გეუფლება... სინანული, ცრემლი, საკუთარ ცოდვათა განცდა. გარდამოხსნის ქვა, მრავალი დიდი კანდელით მოსილი, კეთილსურნელებას აფრქვევს. მალევე აღმოვჩნდებით დიდი გუმბათის ქვეშ, კუვუკლიად წოდებულ მაცხოვრის საფლავთან. აქ ტევა არ არის. უამრავი ადამიანი დგას რიგში. საფლავის მცველნი 4-5 კაცს ატარებენ ერთად. ეს არის უფლის აღდგომის ადგილი.
თითქოს წარმოსახვაში აღდგება და მეორდება ყველაფერი. თითქოს შენ თავად ხდები ამ გზის მონაწილე, იმ ტანჯვათა დამთმენი, თანამგრძნობი და უფლის ჯვრის სიმძიმის თანამტვირთველი. კიდევ უფრო ცხადი ხდება ღვთის სიტყვათა მნიშვნელობა: "ურთიერთას ჯვარი იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული". თვალწინ ცოცხლდება უფლის განკაცების სასწაულებრივი ჟამი - I საუკუნე, კაცობრიობის ისტორიის ახალი სულიერი ეპოქა, ახალი აღთქმა - ცხოვრების დასაბამი. თავად ხდები მონაწილე ამ პროცესის და კიდევ ერთხელ სულიერად იშვები ახალი უფლისმიერი სიტყვით, მაცხოვრის გამომხსნელობითი ღვაწლით.
უზომოდ ბედნიერი ხარ და გინდა მადლობდე უფალს, ადიდებდე სამყაროს სიყვარულით შემქმნელს ამ სამყაროს შესაქმისთვის, ადამის მოდგმისთვის, სიყვარულისთვის, სამების სრულყოფილებამ რომ თითქოს ვერ დაიტია და კოსმოსურ სიცოცხლედ გადმოიღვარა იმ ღვთაებრივი სიყვარულის უსასრულობიდან, სამყაროსეულ დაუსრულებლობას უსაზღვროდ რომ აღემატება.
- თქვენ დაესწარით ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლას...
- მეორე დღეს პოლიციის რამდენიმე კორდონი გადავლახე. ტაძარში მოხვედრის დიდი სიხარული წყალობაა ღვთისა, რადგან ახლოს ხარ უფლის საფლავთან, სადაც ზეციური ცეცხლის გარდამოსვლის მოწმე უნდა გახდე. კუვუკლიის მარჯვნივ ქართველები მჭიდროდ დგანან, დროშებს აფრიალებენ. არაბები აღტყინებულნი ადიდებენ უფალს და მართლმადიდებლური რწმენის ჭეშმარიტებას ადასტურებენ. ტაძარში შემოდის იერუსალიმის პატრიარქი სამღვდელოებასთან ერთად, სამჯერ უვლის წრეს კუვუკლიას საეკლესიო ბაირაღებით. მე ქართულ დროშას მაღლა ვწევ, ისმის ქართული "მამაო ჩვენო" და ღვთაებრივი ცეცხლი გადმოდის ჩვეულ დროზე გაცილებით ადრე, ტაძრის მიღმა დარჩენილებს ცისარტყელას მოუვლენს ღმერთი, მაშინ, როდესაც არ წვიმს.
- რა განცდა დაგეუფლათ სააღდგომო ლიტურღიაზე აღდგომის ტაძარში, როდესაც ქართულ ენაზეც გაისმა შეძახილი "ქრისტე აღსდგა" და ქართული საგალობლები აჟღერდა?
- ლიტურგია მიმდინარეობდა კუვუკლიის წინ. გაისმა ქართული "ქრისტე აღსდგა!" "ჭეშმარიტად აღსდგა!" ქართული საგალობლები და ბერძენი იერარქის მწვავე უარყოფითი გამოძახილი. უნებლიეთ გახსენდება, რომ საუკუნეთა მანძილზე ჩვენი წინაპრების დაუკითხავად ვერავინ ილოცებდა უფლის საფლავთან. დღეს კი სტუმარი ხარ აღდგომის ტაძარში, რომლის გუმბათიც ბაგრატ მეფის დადგმულია, რომლის სიწმინდეთა დასტურად სულმნათმა თამარ მეფემ 800000 დინარი გაიღო და სულთანი სალადინი იძულებული გახდა, დაებრუნებინა შეურაცხყოფილი და მიტაცებული სიწმინდენი. სტუმარი ხარ ქალაქში, სადაც უამრავი ქრისტიანული სალოცავი გვქონდა, მეფე მირიანის, ვახტანგ გორგასლის, გიორგი I-ის, პეტრე იბერისა და იოანე ლაზის მიერ აშენებული, დადიანთა, გურიელთა, რაჭის, არაგვისა და ქსნის ერისთავთა, ამილახვართა, ზედგინიძეთა, ჩოლოყაშვილთა, ფანასკერტელ-ციციშვილთა, ჯაყელთა და სხვათა მიერ აგებული. მადლობა უფალს ყველაფრისთვის. იმისთვის, რომ ერთ დროს აღდგომის ტაძრის კლიტეთა მფლობელთ, ღვთის ერთგულებით მცხოვრებთ, მრავალგზის დაცემულთ და აღდგინებულთ, დღეს შეგვიძლია მუხლი მოვიდრიკოთ სიონის მთაზე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ადგილას და გეთსემანიის მახლობლად, მისი საფლავის წინ; გოლგოთაზე, მაცხოვრის ჯვარცმის ადგილზე შენდობა ვთხოვოთ უფალს ჩვენი ცოდვებისთვის და შევავედროთ ჩვენი ქვეყნის სულიერი გადარჩენა, ბეთანიაში ლაზარეს აღდგინების ადგილას კი საქართველოს სულიერი და ფიზიკური სხეულის აღდგინება და განახლება; ბეთლემში - ქრისტეს შობის უწმინდეს ადგილას ვითხოვოთ ქართველთა სარწმუნოებრივი დაბადება ღვთისა და მოყვასის სიყვარულის ნათელ ღვთაებრივ წიაღში.
- ზეთისხილის მთის მწვერვალზე, მაცხოვრის ამაღლების ადგილზეც იყავით, რომელიც ამჟამად მუსლიმანთა ხელშია. რომელი ტაძრებია ამ ადგილას აშენებული?
- ელეონის, იგივე ზეთისხილის მთაზე, ტაძარში იმ ქვათაგან ერთ-ერთია დაცული, რომელზეც იდგა მაცხოვარი ამაღლებამდე. მეორე ქვა მუსლიმებმა ალ-აქსად წოდებულ მეჩეთში გადაიტანეს, სადაც აგრეთვე ინახავენ მაცხოვრის აკვანს.
ამაღლდა რა უფალი, განკაცებით შეძენილი ადამიანური ბუნება, ადამის მიერ დაცემული, აღადგინა, განწმინდა და ზეცად აღამაღლა. ზეცად ამაღლებული ადამიანის ბუნება მიწის მკვიდრთ ღვთაებრივი სრულყოფილების მოპოვებისკენ მოგვიხმობს.
აქვე, ახლოს, რუსული ემიგრაციული ეკლესიის კუთვნილი ამაღლების ტაძარია მაღალი სამრეკლოთი.
აქვეა იოანე ნათლისმცემლის მოკვეთილი თავის მეორედ მოპოვების ადგილიც. ცოტა ქვევით შეგხვდებათ "მამაო ჩვენოს" ტაძარი. აქ მაცხოვარმა ეს უმთავრესი ლოცვა წარმოთქვა. აქვეა ვრცელი გალერეა კათოლიკური ტაძრისა, რომლის კედლებზეც განთავსებულია სხვადასხვა ენაზე დაწერილი "მამაო ჩვენოს" ტექსტები, მათ შორის ქართულიც, ოღონდ ლათინური ასოებით...
ელეონის მთიდან კარგად მოჩანს ძველი იერუსალიმის პანორამა ოთხკილომეტრიანი გალავნით და ებრალეთა მიერ ამოქოლილი ოქროს კარიბჭით, რომლითაც ბზობის დღეს მაცხოვარი დიდებით შევიდა იერუსალიმში. მთის ძირას არის მარიამ მაგდალინელის სახელობის რუსული ორსართულიანი ტაძარი, რომელშიც უღმერთო ბოლშევიკთა მიერ ნაწამები ელისაბედ თევდორეს ასულისა და მისი თანამოსენაკის უხრწნელი ნეშტებია დასვენებული.
ეინ კარემი იოანე ნათლისმცემლის დაბადების ადგილია. აქ რუსული დედათა მონასტერი მდებარეობს. ეს არის ყოვლადწმინდა მარიამისა და ელისაბედის შეხვედრის ადგილი. საოცარი მოულოდნელობა... ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთ წევრს მონაზონი ურჩევს, მეორე ოპერაცია აღარ გაიკეთოს და ეუბნება: "დაი ტვოი გნევ მნე ი ვოზმი მოიუ ლიუბოვ". მადლობა უფალს, რომ დღესაც არსებობენ ღვთივსათნო მოღვაწენი, რომელნიც ფლობენ ღვთაებრივ უნარს წინასწარცნობისა, როგორც ჯილდოს, საჩუქარს - სულიერ სათნოებათა მოპოვებით რომ მიიღწევა. ალბათ მარტო ამ სიტყვების მოსასმენადაც ღირდა წმინდა მიწაზე ჩასვლა, რათა კიდევ ერთხელ დადასტურებულიყო ჩვენთვის, რომ ამქვეყნად ყველა ტაძარზე წმინდა და ფასეული ღვთისთვის ადამიანური, შინაგანი ტაძრის სიწმინდეა, სიმდაბლე, სულიწმინდის მადლით საკუთარი თავის განწმენდა და ღვთის სიყვარულისთვის მისი სრული მიძღვნაა. ბედნიერებაა, როდესაც იცი, რომ არსებობენ ასეთი ადამიანები და რომ შენც შეგიძლია სულიერების ამ გზით იარო.
- შემდგომ როგორ გაგრძელდა თქვენი მომლოცველობითი მოგზაურობა?
- მომდევნო დღეს სულთმოფენობის ადგილზე მივედით და დავით მეფსალმუნის საფლავს მივეახლეთ. ჩვენი შემდგომი მასპინძელი ჯვრის მონასტერი აღმოჩნდა - ქართველთა სიამაყე, სარწმუნოების უკვდავი ციხესიმაგრე, ოდესღაც ქართულ სავანეთა სიმტკიცის ბურჯი, ჩვენს სულმნათ წინაპართა ღვაწლის მესაიდუმლე და დღემდე მომტანი, სინანულის ხეზე აღმოცენებული უპირველესი ქართული სავანე, ქართველ პატრონთა და მომლოცველთა მომლოდინე...
ნაზარეთის გზაზე განცდის მთა მოვილოცეთ, სადაც 40 დღე იმარხულა მაცხოვარმა.
ქალაქი ნაზარეთი მთაგორიანია, სილამაზით გამორჩეული - ნაზი, ქალწულებრივი. ნაზარეთი "რჩეულს", "განცალკევებულს" ნიშნავს, საუკუნეთა მანძილზე საქარავნო გზასთან და სავაჭრო ქალაქთაგან მოშორებული, თითქოს ღმერთმა გამოარიდა სოფელს, როგორც მარგალიტი, რათა ამ ყველასთვის უცნობ ქალაქში ეხარებინა ქალწული მარიამისთვის საუკუნითგან დაფარული საიდუმლო ადამიანთა მოდგმის გამოხსნისა.
მარიამის და იოსების საცხოვრებელი სახლი კლდეში ერთიმეორის თავზე გამოკვეთილი, ქვის კიბით დაკავშირებული ორი ოთახისგან შედგება. ამჟამად ამ ადგილას კათოლიკური ეკლესიაა. მართლმადიდებლური ტაძარი კი იმ წყაროზეა აგებული, რომლიდანაც ღვთისმშობელს შინ წყალი მიჰქონდა. ნაზარეთში ქართველებს ოთხი მონასტერი ჰქონიათ...
შემდეგ იყო თაბორის მთა. ფერისცვალების ტაძარში ვხედავთ, თუ როგორ იწყებს მირონდენას კანკელის ყველა ხატი. საოცარი, მძაფრსურნელოვანია ეს მირონმდენი ხატები.
ამ მთაზე ყოველწლიურად, ფერისცვალების დღესასწაულზე შუაღამისას ხდება ღვთის სასწაულის განცხადება - საღვთო მადლით გაბრწყინებულ ღრუბელთა გამოჩენა. ამის და ხატთა მირონდენის ხილვა ნამდვილი ღვთის წყალობა იყო ჩვენთვის. თაბორის მთიდან მდინარე იორდანესკენ გავემართეთ და წინასწარ შეძენილი კვართებით შევედით იმ წმინდა წყალში, სადაც ნათელიღო იესო ქრისტემ.
ჩვენი მომლოცველობითი მოგზაურობის დასასრულს გველოდა გალილეის ზღვის პირას აღმართული ნეტარების მთა, ტაბლა, 5 პურითა და თევზით 5000 კაცის განძღომის ადგილი, კაპერნაუმი, გალილეის კანა, პეტრე მოციქულის მიერ ტაბითას მკვდრეთით აღდგინების ადგილი და ქართველთათვის განსაკუთრებით ძვირფასი, წმინდა გიორგის ტაძარი ქალაქ ლიდიაში, სადაც მდებარეობს საქართველოს მფარველი ქრისტეს ერთგული მხედრის, წმინდა გიორგის საუკუნო განსასვენებელი. წმინდა გიორგის საფლავმა ახალი ძალით აგვავსო და თითქოს გვაკურთხა, რომ სათუთად მოვუფრთხილდეთ წმინდა მიწაზე ნანახსა და განცდილს და თვისტომთ ვუწილადოთ ის სიხარული, ჩვენს გულებში სააღდგომო ცეცხლის მსგავსად შეუწველი გზნებით რომ აღენთო, რათა ერთად ვისწრაფოდეთ მაცხოვრისკენ - სულიერი სრულყოფილების გზით მიწიერი იერუსალიმიდან ზეციური იერუსალიმისკენ.