საქართველოში ინახებოდა ღვთისმშობლის თმის რამდენიმე ღერი, რომელიც მაცხოვრის ჯვარცმის დროს სიმწრისგან ჩამოუგლეჯია
15.05.2008
ღვთის მადლით, საქართველოში უამრავი სიწმინდეა დავანებული. ბევრსაც თავის დროზე სათანადოდ ვერ ვუპატრონეთ და მათი ასავალ-დასავალისთვის ჯერაც ვერ მიგვიგნია.
უფალი მათაც გამოგვიჩენს, მანამდე კი იმ სიწმინდეების შესახებ გიამბობთ, რაც ცნობილია, თუმცა ზოგისთვის შესაძლოა სიახლეც იყოს. ისტორიკოსი ელდარ ბუბულაშვილი მრავალი წელია, საქართველოს ეკლესიის სიწმინდეებს იკვლევს. მიუხედავად ნაყოფიერი კვლევა-ძიებისა, მიიჩნევს, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრი აქვს.
ახლახან გამოიცა მისი წიგნი "საქართველოს ეკლესიის სიწმინდეები" და მკითხველს საშუალება ეძლევა, გაეცნოს ჩვენი ქვეყნის სიწმინდეებს.
ბატონი ელდარის თქმით, უძველესი დროიდან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მრავალი წმინდა რელიკვია იყო დაბრძანებული. მათი დიდი ნაწილის წარმომავლობისა და საქართველოში შემოსვენების ისტორია ჩვენთვის უცნობია, თუმცა ზოგიერთი მათგანის შესახებ ვიცით, რომ ისინი კონსტანტინოპოლიდან, იერუსალიმიდან და სხვა წმინდა ადგილებიდან შემოაბრძანეს საქართველოში. 1453 წლიდან, ბიზანტიის იმპერიის დამხობის შემდეგ, ბერძენმა სასულიერო პირებმა, უსაფრთხოების მიზნით, ფარულად დაიწყეს წმინდა ნაწილების საქართველოში შემოსვენება.
წმინდა ნაწილები საქართველოში სხვა გზითაც შემოდიოდა.
ევროპაში მოგზაურობიდან დაბრუნებულ სულხან-საბა ორბელიანს 1715 წელს საქართველოში ჩამოუტანია წმინდა კლემენტოს თავის ქალა, ძელი ჭეშმარიტის მცირე ნაწილი და სხვა სიწმინდეები, რომლებიც რომში ყოფნისას აჩუქეს. ამ სიწმინდეების ადგილსამყოფელი უცნობია. წერილობითი წყაროებით, დავით აღმაშენებელს გელათის ტაძრისთვის შეუწირავს "ძელი ცხოვრებისაი და ნაწილი წმინდანთანი". სიწმინდეებით მდიდარი იყო სვეტიცხოველი, შიომღვიმე, საფარა, აფხაზეთის ქრისტიანული ტაძრები... წმინდა ნაწილების სიუხვით გამოირჩეოდა საზღვარგარეთის ქართული ეკლესია-მონასტრები - ათონის ივერონის მონასტერი, პეტრიწონის სავანე და სხვა. გადმოცემით, პეტრიწონის ტაძარში სხვა მრავალ სიწმინდესთან ერთად დაბრძანებულ ვერცხლის მოოქრულ ლუსკუმაში ჩასვენებულიYყოფილა ქრისტეს სისხლი. საქართველოს ეკლესია-მონასტრებში წმინდა ნაწილები ხატებსა და ჯვრებში იყო ჩასვენებული, ნაწილი კი საგანგებო სანაწილეში ინახებოდა.
XIX საუკუნის ბოლოს სვეტიცხოვლის კანკელის ორსავ მხარეს მოთავსებული კიოტი 1719 წელს კათალიკოს დომენტი IV-ს შეუმკია და გაუმშვენებია 88 წმინდა ნაწილით. სამწუხაროდ, ეს კიოტი ამჟამად დაკარგულია.
სვეტიცხოვლის საკურთხეველში, ტრაპეზზე დასვენებული იყო სანაწილე წარწერით: "შემოგწირე სასოსა ჩვენსა სვეტსა ცხოველსა და კვართსა უფლისასა სახსრად სულისა ჩემისა და ძეთა და ასულთა ჩემთა სადღეგრძელოდ და მოსახსენებლად ღვთისადმი განსვენებულისა კეთილ-მორწმუნის საქართველოს მეფის გიორგის ძის გაბრიელისად, საქართველოს დედოფალმან მარიამ მისხალი ცხრაას ოცდა ცხრა სანაწილე 1817 წელს".
წმინდა ნაწილებით საკმაოდ მდიდარი ყოფილა ოთარაშენის წმინდა გიორგის პატარა სალოცავი. ამ ტაძარში დაცული იყო იერუსალიმიდან მოტანილი სხვადასხვა წმინდა ნაწილი, მათ შორის უფლისა და ღვთისმშობლის სახელთან დაკავშირებული სიწმინდეები. 1926 წელს ოთარაშენის ეკლესიის სიწმინდეები გადაიტანეს ძველი ქართული ხელოვნების მუზეუმში. 1991 წელს მუზეუმში დაცული 60 დასახელების სიწმინდე საპატრიარქოს გადაეცა.
დიმიტრი ერმაკოვის ფოტოკოლექციამ შემოგვინახა 1679 წელს როსტომ მეფის თანამეცხედრის, მარიამ დედოფლის დაკვეთით შესრულებული ღვთისმშობლის მრავალნაწილიანი ხატი, რომელიც ამჟამად დაკარგულია. ხატის ზურგზე არსებულ სანაწილე უჯრედში მოთავსებული ყოფილა სხვადასხვა წმინდა ნაწილი. წმინდანაწილიანი ხატებიდან აღსანიშნავია XVII საუკუნის შუამთის მონასტრის ნაწილებიანი ღვთისმშობლის ხატი. ეს ხატი ხელოვნების მუზეუმშია გამოფენილი. მრავალნაწილიანი ხატი სამეგრელოს სამთავროს კარზე მყოფ რუს ელჩებს, მღვდელ პავლე ზახარევსა და დიაკონ ფედოტი ელჩინს უნახავთ ხობის მონასტერში. წმინდა ნაწილებით შემკული პირი ღვთისას ხატი XVIII საუკუნეში დაცული ყოფილა ანჩისხატის ტაძარში. ხატი რუსეთში ყოფნისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დომენტი IV-ს საჩუქრად მიუღია მოსკოვში მცხოვრები მეფე არჩილის ქალიშვილის, დარეჯანისგან. ხატის ზურგის ფირფიტა-ფიცარი მოძრავი იყო. მასში ინახებოდა წმინდა ნაწილები: ღვთისმშობლის თმა, ძელი ჭეშმარიტის ნაწილი, წმინდა თეოდორე ტირონის ძვალი, წმინდა აბიბოსის ძვალი და ქრისტეს საფლავის ქვა, წმინდა ნიკოლოზის ძვალი, წმინდა ხარლამპის ძვალი, წმინდა იოანე მანგლელის ძვალი, ქრისტეს პინაკის ნატეხი და სხვა.
მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერშია დაბრძანებული წმინდა ნინოს ხატი. ხატის წარწერით ირკვევა, რომ ეს ხატი, წმინდა ნაწილებთან ერთად, 1870 წელს მონასტრისთვის შეუწირავს ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის პეტერბურგში მცხოვრებ შვილიშვილის შვილს იოანე გრიგოლის ძეს. ხატის ქვემო კუთხეში, სანაწილეებში მოთავსებულია წმინდა ფილიმონის, წმინდა სტეფანეს, წმინდა გიორგის, წმინდა სვიმეონის, წმინდა შუშანიკის, წმინდა ტრიფონის, წმინდა კოზმასა და დამიანეს, წმინდა ხარიტონის, წმინდა ბარბარეს, წმინდა ესტატეს, წმინდა ნიკოლოზის, წმინდა გრიგოლის, წმინდა ქეთევანის, წმინდა ანტონის, წმინდა ხარლამპის, წმინდა თეოდორიტეს და წმინდა ფოტის ნაწილები.
აღსანიშნავია ასევე ხელოვნების მუზეუმში დაცული წმინდა სტეფანე პირველმოწამის ვერცხლის ხატი, რომელიც VI საუკუნეში ურბნისის ტაძრის კუთვნილება იყო. ეს ხატი ქართლის მეფე ვახტანგ VI-ს 1707 წელს მოუჭედავს და შეუმკია ვერცხლითა და მინანქრით. ხატში მოთავსებულია 33 წმინდა ნაწილი. სიწმინდეების სხვა ნაწილში განთავსებულია ძელი ჭეშმარიტი. მხედრული წარწერის მიხედვით ირკვევა, რომ წმინდა სტეფანე პირველმოწამის ხატის სანაწილეში განთავსებულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის თმა, იოანე ნათლისმცემლის, სტეფანე პირველმოწამის, მათე მახარებლის, ლუკას, იოანე ოქროპირის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, წმინდა ეგნატეს, წმინდა პროკლეს, იაკობ დაჭრილის, ბიქტორის, კვიპრიანეს, კოზმას, ქრისტეფორე ძლიერის, სტეფანე ახლის, დომენტის, კლემენტი რომთა პაპის, თეოდორე სტრატილატოსის, წმინდა ნიკიტას, წმინდა პარასკევას, წმინდა მარინეს, წმინდა ელიას, წმინდა ანასტასიას, წმინდა სერგის, სვეტიცხოვლის ხის ნაწილები.
საქართველოს ეკლესიის სიწმინდეთა დიდ ნაწილს ჩვენამდე არ მოუღწევია. მათი ნაწილი გარეშე მტრების თავდასხმების დროს განადგურდა. ზოგიც საჩუქრად გადიოდა უცხოეთში. ყველაზე მეტი სიწმინდე რუსეთში გაიტანეს. ცნობილია, რომ მეფე თეიმურაზ I-ის ელჩმა, მთავარეპისკოპოსმა თეოდოსიმ რუსეთს საჩუქრად გადასცა ოქროს ჯვარი, რომელშიც ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილებიც იყო შერეული. ამ ჯვარში ჩაბრძანებული იყო: ღვთისმშობლის სამოსლის მცირე ნაწილი, იოანე ოქროპირის ნაწილი, იოანე წინასწარმეტყველის თმა, წმინდა პლაკიდოს ნაწილები, წმინდა გიორგის ნაწილები, წმინდა პირველმოწამე სტეფანე დიაკონის ნაწილი, წმინდა თეოდორე სტრატილატოსის ნაწილები, უფლის საფლავიდან ჩამოტანილი ქვა და ქვა იმ მთიდან, სადაც უფალი 40 დღის განმავლობაში მარხულობდა.
საქართველოში დარჩენილი მრავალი სიწმინდე ბოლშევიკური რეჟიმის დროს განადგურდა. რაც გადარჩა, ბინა მუზეუმებში დაიდო. წმინდა ნაწილების ერთი ნაწილი საპატრიარქოში განთავსდა, მცირედი კი მოქმედ ტაძრებში იყო დაბრძანებული.
წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაცულია წმინდა ანდრია პირველწოდებულის, წმინდა გიორგის, წმინდა პანტელეიმონის, წმინდა ევგენიას, წმინდა ბენიამინის, წმინდა სერაფიმე საროველის, წმინდა თევდორეს, წმინდა ორმოცი სებასტიელი მოწამის და სხვათა წმინდა ნაწილები. წმინდა სამების ტაძრის კუთვნილებაა VI საუკუნეში დავით გარეჯელის მიერ იერუსალიმიდან მოტანილი მადლის ქვა, ექვთიმე ათონელის მიერ დარგული ხის ნაჭერი, გეთსემანიის ბაღის მიწა, ქვა გოლგოთიდან, გეთსემანიის ბაღიდან მოტანილი მაცხოვრის დროინდელი ზეთისხილის ხის ნაწილი, ქვა მაცხოვრის საპყრობილიდან და სხვა.
საქართველოში ინახება ასევე ღრუბელი, რომლითაც ქრისტე სისხლისგან გაწმინდეს. მისი ერთი ნაწილი ინახებოდა დრანდის ტაძარში, ნაწილი - ზუგდიდის მუზეუმშია. ახლახან ღრუბლის მეორე ნაწილი აღმოჩნდა ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში.
მუზეუმების ხელახალი აღრიცხვის შემდეგ შესაძლოა კიდევ მრავალ უცნობ სიწმინდეს მოეფინოს ნათელი.
- ბატონო ელდარ, იმ სიწმინდეეზე რას გვეტყვით, რომელთა შესახებ აღარაფერი ვიცით?
- საქართველოში ინახებოდა 12 წლის ასაკში მყოფი ღვთისმშობლის კბილი. სამწუხაროდ, დღეს დაკარგულია. ახლახან ქუთაისში აღმოჩნდა ღვთისმშობლის კაბის ნაჭერი, იმ პერიოდისა, როცა მუცლად ჰყავდა მაცხოვარი. გარდა ამისა, საქართველოში ინახებოდა ღვთისმშობლის თმის რამდენიმე ღერი, რომელიც მაცხოვრის ჯვარცმის დროს სიმწრისგან ჩამოუგლეჯია.
იტალიელი მოგზაურის არქანჯელო ლამბერტის ცნობით, საქართველოში ინახებოდა სახვევი, რომელშიც ღვთისმშობელი ჩვილ მაცხოვარს ახვევდა. საქართველოში ყოფილა ღვთისმშობლის სავარცხელიც, რომლის შესახებ აღარაფერია ცნობილი.
შემორჩენილია ზოგი სიწმინდის ჩასასვენებელი კიოტი, მაგრამ წმინდა ნაწილი დაკარგულია. ასეთებია დაცული ზუგდიდის, ქუთაისის მუზეუმებში. ქუთაისის მუზეუმში ინახებოდა ასევე წმინდა გიორგის ცხენის ლაგამი. გურიაში, შემოქმედის მონასტერში, სხვა წმინდა ნაწილებთან ერთად, დაცული იყო წმინდა გიორგის სისხლი, რაც დასტურდება სიწმინდეების დამცავ ვერცხლის ფირფიტაზე არსებული წარწერით. გორიჯვრის ტაძარში დაცულია წმინდა გიორგის მუხლის ნაწილი. XVII საუკუნეში საქართველოში მყოფ რუს ელჩს, არსენ სუხანოვს ქვათახევის მონასტერში უნახავს იოანე ნათლისმცემლის კბილი. ინგლისის მუზეუმშია დაცული გიორგი XII-ის ჯვარი, რომელიც ქართველმა ქალბატონებმა მარჯორი უორდროპს აჩუქეს. ინგლისში ინახება ასევე ქეთევან დედოფლისეული XIII საუკუნის გულსაკიდი ჯვარი, რომელშიც ჩასვენებულია ძელი ცხოვლის ნაწილები. მეფე ერეკლე II-ის დროს ერთაწმინდის ტაძარში იყო წმინდა გიორგის სიწმინდეები. როდესაც მეფეს შვილი ავად გაუხდა, ეს სიწმინდეები გამოითხოვეს და ადგილსამყოფელი შეუცვალეს. ისინი აღა მაჰმად-ხანის შემოსევის დროს გაქრა.
როცა არჩილ მეფეს ასტრახანში წასვლის დროს წმინდა სამსჭვალი თან მიჰქონდა, ხანძარი გაჩენილა - სიწმინდე გადარჩენილა.
სიწმინდეებს ძალიან დიდი ძალა აქვს. თუ რწმენით მიეახლები, სულიერ და ფიზიკურ კურნებასაც მიიღებს ადამიანი.
საქართველოში დავანებულ სიწმინდეებზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი. ბევრი კიდევ შესასწავლია.