სრულფასოვან სახელმწიფოდ საქართველო ვერასდროს შედგება აფხაზეთის გარეშე...
სრულფასოვან სახელმწიფოდ საქართველო ვერასდროს შედგება აფხაზეთის გარეშე...
1. 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში საომარი მოქმედებები დაიწყო. მას შემდეგ ორ ათეულ წელზე მეტი გავიდა. დევნილი მოსახლეობიდან მოვიდა თაობა, რომელსაც საერთოდ არ უნახავს აფხაზეთი.

დროის ამ გადასახდიდან, როგორ უყურებთ მომხდარ მოვლენებს და თუ გესახებათ ამ პრობლემის გადაჭრის რაიმე პერსპექტივა?

2. საინტერესოა თქვენი დამოკიდებულება ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ფრაზსთან: "გვეშველება რამე?!" პირადად თქვენ რა პასუხს გასცემდით ამ შეკითხვას?

ანკეტის შეკითხვებს უპასუხებენ აფხაზეთიდან დევნილები: რესპუბლიკის დამსახურებული იურისტი გივი ლომინაძე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი რაისა ქარაია და "ინტერპრესნიუსის" ანალიტიკური სამსახურის უფროსი კობა ბენდელიანი.

გივი ლომინაძე, 73 წლის, რესპუბლიკის დმასახურებული იურისტი, გადამდგარი გენერალ-მაიორი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკონსტიტუციო-იურიდიული და საპროცედურო კომისიის თავმჯდომარე. მისი მეუღლეა ცირა ფაჩულია, შვილები: ნიკოლოზი და ირმა.

1.
როდესაც აფხაზეთში საომარი მოქმედებები დაიწყო, ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი. ომის დაწყება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ამისთვის სეპარატისტები დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ.

დღეს, როცა რუსეთს ოკუპირებული აქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები და ერთი ნაბიჯითაც არ აპირებს უკან დახევას, ძნელია რაიმე პერსპექტივაზე ილაპარაკო.

იმედი იმისა, რომ ერთ მშვენიერ დღეს რუსეთის პოლიტიკური ელიტა კარგ ხასიათზე გამოიღვიძებს, უცებ შეცვლის თავის დამპყრობლურ პოლიტიკას და საქართველოს წართმეულ ტერიტორიებს დაუბრუნებს, ფუჭი ოცნებაა.

და მაინც, სად არის გამოსავალი? ხომ არ აჯობებდა, დანარჩენი საქართველოსთვის მაინც მიგვეხედა ისე, როგორც საჭიროა, აფხაზეთი და სამაჩაბლო კი ხარკად გაგვეღო ჩვენი ეროვნული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სანაცვლოდ? ან იქნებ ეტაპობრივად მაინც გვეფიქრა აფხაზეთის ნაწილ-ნაწილ დაბრუნებაზე, რომ ოდესმე მაინც მივსულიყავით რაიმე კომპრომისულ გადაწყვეტილებამდე? არავითარ შემთხვევაში არ ვიზიარებ ამ მოსაზრებას, რადგან ყოველი ჭეშმარიტი ქართველის მამულიშვილური ვალია, იოლად არ შეურიგდეს ხვედრს და ბოლომდე იბრძოლოს (რა თქმა უნდა, ომის დაწყებას არ ვგულისხმობ) თავისი ძირძველი მიწის დასაბრუნებლად.

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ მოსულმა ხელისუფლებამ, უამრავი შეცდომის მიუხედავად, აფხაზეთთან დაკავშირებით გარკვეულ პროგრესს მიაღწია - აფხაზეთის პრობლემის მოგვარების საკითხმა უფრო ფართო საერთაშორისო რეზონანსი შეიძინა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ცივილიზებული სამყაროს 99,9%-მა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებისა (გაეროს წევრმა ქვეყნებმა), საქართველო ცნო XX საუკუნის საზღვრებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით, რაც ყველა დონეზეა დაფიქსირებული. როგორც კი სისუტეს გამოვიჩენთ და რაიმე კომპრომისზე წავალთ, ჩათვალეთ, რომ დე ფაქტო დამოუკიდებელ სეპარატისტულ რეჟიმს დე იურე აღიარებაც მოჰყვება, ამიტომ მუდამ ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ არ მოდუნდეს საერთაშორისო ინტერესი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმართ.

2.
თუ გონს მოვეგებით და გამოვფხიზლდებით, მობილიზებულები და უფრო კონცენტრირებულები, ცოტა თვითკრიტკულებიც და მომთხოვნები ვიქნებით საკუთარი თავის მიმართ, აუცილებლად გვეშველება. ვფიქრობ, ყოველმა პიროვნებამ მარტო თავის კეთილდღეობაზე კი არა, ჯერ იმაზე უნდა იზრუნოს, რით უშველოს ქვეყანას. ზედაპირზე დევს ჩვენი დამოკიდებულება ქვეყნისადმი. არარაციონალური, დაუდევარი, ხშირად გულუბრყვილო შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე, სულაც არ არის მეორეხარისხოვანი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. საკუთარ შეცდომებზე თუ სათანადო დასკვნებს გავაკეთებთ, ვისწავლით ერთმანეთის გატანას, დავძლევთ შურს, სიძულვილს, ურთიერთწყენასა და ქიშპობას, აუცილებლად გვეშველება ჩვენც და ჩვენს ქვეყანასაც. ასე რომ მოვქცეულიყავით, გაცილებით წინ ვიქნებოდით და ბევრ პრობლემას ავიცილებდით თავიდან. დროა, ყველამ პატიოსნად ვაკეთოთ ის საქმე, რაც გვიყვარს, ამოვუდგეთ გვერდში ერთმანეთს, ნუ ვიქნებით ზედმეტად თავდაჯერებულნი საკუთარ შესაძლებლობებში და მერწმუნეთ, საქართველო კვლავ დაიბრუნებს თავის დიდებას.


რაისა ქარაია, 72 წლის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი 1961 წლიდან. ფრაქცია "ერთიანი საქართველოს" თავმჯდომარე. მისი მეუღლეა ტარიელ ქარაია, შვილები: ნონა და ავთანდილი.

1. ბევრისგან მომისმენია, რომ შესაძლებელი იყო აფხაზეთის ომის თავიდან აცილება, მაგრამ ამას უფრო ღრმა ფესვები აქვს, ვიდრე ჩანს.

რატომღაც ნაკლებ შეფასებას აძლევენ ომის წინა პერიოდს და მხოლოდ იმის აღნიშვნით შემოიფარგლებიან, რომ შესაძლებელი იყო ამ ომის თავიდან აცილება, თითქოს ომის დაწყებას ჩვენ შევუწყვეთ ხელი. არადა რამდენჯერ მომისმენია ვლადისლავ არძინბასაგან, თუნდაც ზურაბ აჩბასაგან, ომი გარდაუვალია, ჩვენ თქვენ გასროლინებთ პირველებს, სანამ სისხლი არ დაიღვრება, მანამდე აფხაზებს არავინ მოგვაქცევს ყურადღებასო, - მუქარით უთქვამს არძინბას. ისინი ჩვენს ნებისყოფას ცდიდნენ, გვიწვევდნენ ამ ომში ჩასართავად, ღრმად იყვნენ დარწმუნებულნი, რომ ერთხელაც იქნება, ქართველების მოთმინების ფიალა აივსება და კონფლიქტიც გარდაუვალი იქნებაო. ჩვენ ვცდილობდით, შეგნებულად არ ავყოლოდით მათ გამოწვევას, რადგანაც ვიცოდით, ეს რუსეთიდან იყო პროვოცირებული. ბოლო წვეთი იყო აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრ გივი ლომინაძეზე თავდასხმა, როცა მის ადგილზე მოინდომეს ანქვაბის დანიშვნა, ქუჩაში ტანკები გამოიყვანეს, ბ-ნ გივის კაბინეტში შეუვარდნენ და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს. ეგონათ, აქ მაინც შევეწინააღდეგებოდით. ამ შემთხვევაშიც დიდსულოვნად შევიკავეთ თავი, მაგრამ პროვოკაციას წამოეგო ცენტრალური ხელისუფლება. მახსოვს, არძინბამ სესიაზე განაცხადა, - "მე ახლა ველაპარაკე თენგიზ სიგუას, ვთხოვე, შემოეყვანა პოლიციის ქვედანაყოფები, რადგან რკინიგზაზე ვეღარ ვაკონტროლებთ სიტუაციას, მატარებლები იძარცვება და გუდაუთის აქეთ ვერ გამოგვყავს, არადა, ამ ვაგონებში მარტო საქართველოს კი არა, მეზობელი ქვეყნის ტვირთიცაა და არ გვაქვს უფლება, ეს მატარებლები არ გავატაროთო". სამწუხაროდ, ასე შემოიტყუეს ქართული საჯარო ნაწილები, მერე აფხაზებმა ოჩამჩირესთან ჩვენს ბიჭებს სრულიად მოულოდნელად გაუხსნეს ცეცხლი და, მიუხედავად იმისა, რომ პირველი მსხვერპლი ქართველებისგან იყო, რადგან ჩვენი ჯარისკაცები არ ელოდნენ აფხაზებისგან ასეთი წინააღმდეგობას, ყველაფერი ისე მონათლეს, თითქოს ჩვენ დავიწყეთ ომი აფხაზეთში.

სანამ რუსის ჯარი აფხაზეთშია და ჩვენს შორის დგას, მანამდე არავითარი პირი არ უჩანს ამ კონფლიქტის მოგვარებას. ჩვენ დამოუკიდებლად უნდა ველაპარაკოთ აფხაზებს, ძალიან ბევრი აფხაზი მეგობარი მყავს, ძალიან ბევრი ნანობს, რომ რუსებმა ისინი მოატყუეს, დღეს ისინი გრძნობენ, რომ რუსეთს მათთან არავითარი კეთილმეზობლური დამოკიდებულება არ აქვს და სულ მალე ჩაკვდება აფხაზური ენაც და ეთნოსიც. დასანანია, რომ დღეს აფხაზური ელიტა, მათ შორის აფხაზი ბიზნესმენებიც, ტოვებენ აფხაზეთს და სხვა ქვეყნებში გადადიან საცხოვრებლად, დღეს აფხაზეთის მარიონეტულ ხელისუფლებაში მხოლოდ ის სეპარატისტულად განწყობილი ჩინოსნები შემორჩნენ, რომლებიც თავის დროზე ითხოვდნენ საქართველოს შემადგენლობიდან გასვლას. აფხაზეთიდან დევნილი უფრო შეგნებული ნაწილი დღეს სხვაგვარად ფიქრობს. დღეს მათ შეიძლება ასე აშკარად ვერ განაცხადონ, რომ უნდათ ქართულ სივრცეში დაბრუნება, მაგრამ ცხადია, სურვილი ამისა და სწრაფვა სამართლიანობის შესაცნობად, ძალიან დიდი აქვთ და მაძლევს იმედს, ადრე თუ გვიან სამართალი პურს ჭამს.

2. იმის რწმენა რომ არ მქონდეს, რომ საქართველოს ეშველება, მაშინ მართლაც დაეკარგებოდა აზრი ჩვენს ცხოვრებას. ვინ წარმოიდგენდა იმას, რომ 70-წლიანი კომუნისტური რეჟიმი შეწყვეტდა არსებობას და საქართველო დამოუკიდებელი გახდებოდა? დიდი გარდატეხა მოხდა ჩვენს ქვეყანაში 1-ელი ოქტომბრის შემდეგაც, რაც გვაძლევს იმედს, რომ სწორ გზაზე გავალთ, მე მწამს საქართველოს გაბრწყინება.


კობა ბენდელიანი, 50 წლის, ჟურნალისტი, საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ანალიტიკური სამსახურის უფროსი, დაუქორწინებელი.

1.
პროფესიით პედაგოგი ვარ, 8 წელი ვასწავლიდი რუსულ ენასა და ლიტერატურას სოხუმის რაიონის სოფელ აჭადარის საშუალო სკოლაში, ვიყავი ასევე სკოლის დირექტორის მოადგილე აღმზრდელობითი მუშაობის დარგში. 14 აგვისტოს, როდესაც აფხაზეთის ომი დაიწყო შვებულებაში ვიყავი, 20 აგვისტოს უნდა მივსულიყავით პედსაბჭოზე, მაგრამ ომის გამო სკოლა დაიხურა და ასე დასრულდა ჩემი პედაგოგობა.

მას შემდეგ 21 წელი გავიდა და როდესაც ამ გადმოსახედიდან მოვლენებს ვაკვირდები, ერთი შეხედვით თითქოს მართლაც არავითარი პერსპექტივა არ ჩანს ამ კონფლიქტის მოწესრიგებისა ქართული მხარის სასარგებლოდ, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. დღევანდელი რეალობა ოპტიმიზმის საფუძველს მართლაც არ იძლევა, განსაკუთრებული იმედი მეც არ მაქვს, მაგრამ არის რაღაც, რასაც პირობითად ისტორიულ კანონზომიერებას ვეძახი და თუკი ამ პრობლემას რაიმე ეშველება, უპირველესად სწორედ ისტორიული სამართლიანობისა და კანონზომიერების აღდგენას ვგულსიხმობ. სრულფასოვან სახელმწიფოდ საქართველო ვერასდროს შედგება აფხაზეთის გარეშე, ისევე, როგორც აფხაზები ვერ მიაღწევენ იმას, რაც მათი უმთავრესი მიზანი უნდა იყოს, ვგულისხმობ თანამედროვე გლობალისტურ მსოფლიოში აფხაზური ეთნოსის, კულტურისა და ენის შენარჩუნებას. ოცსაუკუნოვანმა ისტორიამ ნათლად დაგვანახვა, რომ საქართველო არის ის ბუნებრივი სივრცე, რომელმაც საუკეთესოდ შემოინახა აფხაზური ენა, კულტურა, ტრადიციები, როგორც მისი ორგანიზმის განუყოფელი ნაწილისა. როდესაც ამას ვამბობ, უწინარესად მხედველობაში მაქვს ჩვენი ქვეყნის მომავალი. დღევანდელი პოლიტიკური ვითარება რთული და ჩიხურია, არა მხოლოდ ქართველებისა და აფხაზებისათვის, არამედ რუსული მხარისთვისაც. ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში, რუსული გეგმები იოლად იკითხება. რატომღაც რუსული პოლიტიკური ელიტა, ვერ შეეგუა საბჭოთა კავშირის დაშლას.

რუსეთის პირველმა პოლიტიკოსმა უცერემიონოდ განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა XX საუკუნის პოლიტიკური კატასტროფა იყოო და არც დაუფარავს, რომ მისი აღდგენა სურს, ანუ რუსეთს პოსტსაბჭოთა სივრცეზე სურს თავისი გავლენის დაბრუნება. საქართველო თავის გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო, ყოველთვის მნიშვნელოვანი ქვეყანა იყო რუსეთისთვის, იქნება თუ არა საქართველო რუსეთის ფავორიტებში მნიშვნელოვანწილად იმაზეცაა დამოკიდებული, თუ რა გავლენა ექნება მას სომხეთსა და აზერბაიჯანზე. თუ რამდენად რეალიზებადია რუსეთის გეგმები კავკასიაში, ამას დიდი ბჭობა არ სჭირდება. დღევანდელი მდგომარეობით მას საამისო რესურსები, ფინანსური და ინტელექტუალური შესაძლებლობები ნამდვილად არ გააჩნია. ამ სახელმწიფოს მხოლოდ ძალის გამოყენებით შეუძლია თავისი მიზნის განხორციელება. ოდესღაც რუსეთის შემადგენლობაში მყოფ საბჭოთა რესპუბლიკებს ნამდვილად აღარ სურთ იმ რეალობას დაუბრუნდნენ, რომელშიც ოდესღაც იმყოფებოდნენ, რთულია იმაზე საუბარი, რამდენად განხორციელებადია რუსული გეგმები, ან როდის და რის გამო შეიცვლის ის თავის დამოკიდებულებას აფხაზებთან და სამხრეთ ოსეთთან. პრაქტიკულად, დღემდე დასავლეთის ყველა მცდელობა უშედეგოა საქართველოში არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით, რადგან ისეთი პირი უჩანს, რუსეთი არად აგდებს დასავლეთის პოზიციას ამ საკითხში. სანამდე გასტანს ასე, არავინ იცის. არ მინდა ვინმეს ზედმეტი ილუზია გავუჩინო, მაგრამ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებამ იმ დასკვნამდე მიმიყვანა, ადრე თუ გვიან ის ისტორიული კანომზომიერება უნდა აღდგეს, რომელზეც ზემოთ მოგახსენებდით. სასიხარულოა, რომ აფხაზ ხალხში და საზოგადოების დიდ ნაწილში იცვლება დამოკიდებულება საქართველოსადმი. მე ვგულისხმობ ხალხს და არა იმ ხელისუფლებას, რომელიც რუსულ პოლიტიკას ატარებს აფხაზეთში. ხალხის აზროვნებაში დიდი გარდატეხა მოხდა, საკითხი დგას, როგორი დამოკიდებულება ექნებათ მომავალში აფხაზებსა და ქართველებს ერთმანეთთან. თუ ოცსაუკუნოვან ისტორიას გადავხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ ის უკონფლიქტოც არ ყოფილა შუა საუკუნეების ფეოდალურ საქართველოში, იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს მაინც ექნება პერსპექტივა, რომელსაც ალბათ დრო გამოაჩენს.

2.
"გვეშველება რამე?" ეს კითხვა ხშირად გამიგონია სხვადასხვა წრეებში. ჩვენი მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ამაზე უკვე კიდეც ქილიკობენ. პრობლემები, რომლებიც დამოუკიდებლობიდან დღემდე მოგვყვება, ნამდვილად არ გვაძლევს თვითდამშვიდების საფუძველს, მაგრამ თუ უფრო ფილოსოფიურად შევხედავთ, როცა ადამიანი ხშირად სვამს ასეთ კითხვას, მეჩვენება, რომ ის პასუხისმგებლობას თავის მომავალზე სხვას გადააბარებს და პასუხსაც სხვისგან ითხოვს. მე ჩვენს ყოფაზეც, მომავალზეც და დღევანდელობაზეც, ცოტა განსხვავებული შეხედულება მაქვს, ალბათ ადამიანზეა დამოკიდებული ბევრი რამ, ყოველმა პიროვნებამ თავის თავში უნდა მოძებნოს ამ კითხვის პასუხი, რადგან ყოველ ინდივიდზეა უწინარესად დამოკიდებული ქვეყნის წარმატება და ბედ-იღბალი. ადამიანი ყოველთვის ოპტიმალური გამოსავლის ძიებაშია და იბრძვის თავისი მიზნისთვის, აქედან გამომდინარე, მე მესმის ამ კითხვის ქვეტექსტი. ზოგჯერ ისეთი მომენტი დადგება ცხოვრებაში, გვეჩვენება, თითქოს პრობლემები დაუძლეველია, მაგრამ ვიმეორებ, ყველა პრობლემის გადაჭრისა და დაძლევის გზები ჩვენშია, თითოეულ ადამიანში. კითხვის ასე დასმა სასოწარკვეთილი, უიმედო, ხელებჩამოშვებული, ბედს დამორჩილებული, სხვაზე მინდობილი ადამიანის ამოკვნესას ჰგავს, რომელიც თავის პასუხისმგებლობას გაურბის და პასუხსაც სხვისგან მოელის. თუ ღმერთს მივენდობით და საკუთარ ძალებს ვირწმუნებთ, მაშინ რა თქმა უნდა, ჩვენც გვეშველება და ჩვენს ქვეყანასაც. ღმერთმა არ გადაგვიწუროს ამის იმედი...


თემის განხილვაში მონაწილეობს ვარკეთილის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი გურამიშვილი.

- არ უნდა დავკარგოთ იმედი, რადგან უფალი ყოველთვის გვერდში გვიდგას და განსაცდელსაც ჩვენს ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოსაქცევად და სულის ცხონებისთვის უშვებს ერზეც და პიროვნებებზეც. ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ გავივლით იმ წლებს, რომელსაც უფალი გვჩუქნის, უნდა ვმადლობდეთ ღმერთს იმისათვის, რომ ასეთი მძიმე წლები გადაგვატანინა და ძნელბედობის ჟამს ისეთი პატრიარქი მოუვლინა საქართველოს, როგორიც ილია მეორეა, რომელმაც მართლაც შეუძლებელი შეძლო უფლის შეწევნით და დახმარებით. საქართველო მაშინ დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს და ეკონომიკურ ძლიერებას, როცა ჩვენი წინაპრების გზაზე ივლის და რწმენაში გაძლიერდება. გზა უფლისაკენ ყველასთვის გახსნილია. ხორციელთან ერთად, მოძღვრის კურთხევით ცხოვრებას უნდა ვესწრაფვოდეთ, რომელიც სულიერ საზრდოს მოგვაპოვებინებს. არ არის, რასაკვირველია, იოლი მიწიერი ვნებების დათმობის ხარჯზე სულიერი მადლის მოხვეჭა, მაგრამ ეკლესიური ცხოვრებით და ღვთის შემწეობით, ეს არც თუ ისე რთული მისაღწევია. შემთხვევით კი არ უთქვამთ: "როგორც იცხოვრებ, ისე იცხოვნებო". უფალი გვეუბნება, "პირველად ეძებდეთ სასუფეველსა ღვთისასა და დანარჩენი ყველაფერი მოგეცემათო". თუ სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ და შევცედებით ნებისმიერი ცოდვის დაძლევას, მივიღებთ იმ მთავარს, რასაც ეკლესიური მადლი და სწორი ღვთისნიერი ცხოვრება ჰქვია. რა უნდა იყოს უფლისთვის იმაზე დიდი შვებისა და სიხარულის მომგვრელი, როცა ადამიანი სწორ არჩევანს აკეთებს? ამასთან, ერთმა ადამიანმა რომ მეორე დააბრკოლოს და გზიდან გადაახვევინოს, პასუხი მოეთხოვება ღვთის წინაშე. ჩვენი დანიშნულება ამქვეყნად ის კი არ არის, ცოდვას ვემსახუროთ და სხვაც ჩავითრიოთ ჩვენს დინებაში, არამედ დავამარცხოთ უკეთურება, წაქცეული ფეხზე წამოვაყენოთ, მწყურვალი დავარწყულოთ, მშიერი დავაპუროთ, შიშველი შევმოსოთ, ეს არის საცხოვნებელი საქმეები, რომლებიც ყოველ ადამიანს გადაარჩენს და წაადგება. კითხვის ამგვარად დასმა "გვეშველება თუ არა რამე?!" ადამიანის ულოცველობასა და არასწორად ცხოვრების წესზე მიგვანიშნებს, რადგან ვინც ეკლესიურად ცხოვრობს, მან იცის, ყველა ადამიანი თავის გზას გადის წუთისოფელში და ჩვენი შველა კი ჩვენი ცხოვრების წესზეა დამოკიდებული. თუ ჩვენს თავს გადავარჩენთ, ჩვენ გარშემო სხვებიც გადარჩებიან და უფლის შემწეობაც არასდროს მოგვაკლდება. უფალი გვეუბნება - მე ვარ გზა, ცხოვრება და ჭეშმარიტება... თუ ამ გზას დავადგებით, ამ ჭეშმარიტებას ვეზიარებით, მცნებებს დავიცავთ და უფლის სიყვარულით ვიცხოვრებთ, გავხსნით გულსა და გონებას იმისათვის, რომ უფალი ჩვენში შემოვიდეს და დაივანოს, აღარავის გაუჩნდება შეკითხვა "გვეშველება რამე?" მადლობა უფალს იმისათვის, რომ მან ყველაფერი გვასწავლა, რისი სწავლაც შეიძლებოდა, ყველაფერი მოგვცა, რისი მოცემაც შეეძლო, ახლა არჩევანი ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ვერცხლისმოყვარეობა დღეს ყველაზე გავრცელებულ ცოდვად ითვლება საქართველოში, შევეცადოთ განვდევნოთ იგი ჩვენგან, რადგან ეს იუდას ცოდვაა. როდესაც პეტრე მოციქულს ახსენდებოდა, როგორ უარყო უფალი ყველაზე დიდი განსაცდელის წუთებში, თავისი ადამიანური სისუსტის გამო, ყოველი მამლის ყივილზე ახსენდებოდა ეს, იჩოქებდა და ცხარე ცრემლს ღვრიდა, ამგვარმა სინანულმა და გაუთავებელმა ცრემლთა დენამ მისი კანი დააჭკნო და სახის მოყვანილობა შეუცვალა. უიმედო დრტვინვა და გაუთავებელი წუწუნი, კარგს არას მოგვიტანს, იუდას კი არა, პეტრე მოციქულს დავემსგავსოთ სინანულში, პირველ რიგში, ჩვენი ცოდვები გამოვიტიროთ და მადლობა შევწიროთ ღერთს იმ წყალობისა და უამრავი სასწაულისთვის, რასაც ყოველ წამს უშვებს ადამიანების მოსაქცევად და სწორ გზაზე შესადგომად, დავფიქრდეთ ჩვენს განვლილ და გასავლელ ცხოვრებაზე, ვეცადოთ, ცოდვას კი არ შევეგუოთ, შევიძულოთ იგი, ადამიანები კი შევიყვაროთ, შევუმსუბქოთ მათ ცხოვრებისეული ტვირთი და დარწმუნებული იყავით, ამით ბევრ განსაცდელს დავძლევთ უფლის შემწეობით და დრტვინვისთვის დრო აღარც კი დაგრჩებათ. განსაცდელმა კი არ უნდა დაგვაბრკოლოს და დაგვასუსტოს, პირიქით, უნდა გაგვაძლიეროს, რის გამოც უშვებს მას ჩვენზე უფალი, უიმედობა და სასოწარკვეთილება უდიდესი ცოდვაა. ცხოვრება ბრძოლაა, მაცხოვარი მოგვიწოდებს "ორპირალესილი ხმალი გეჭიროს ხელში და ორივე მხარეს კაფეო". აქ ხმლის ორი პირი დღისა და ღამის ლოცვასთან არის გაიგივებული და პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა იქნას გაგებული. ამიტომ გვთხოვს უწმინდესი, შვიდგზის ლოცვის დრო რომ მოაღწევს, შეეცადეთ, ილოცოთ, სადაც უნდა იყოთ, თუ ამის საშუალება არ გექნებათ, გულით, გონებით ილოცეთ, თუ მანქანის საჭესთან ზიხართ თვალით გადაიწერეთ პირჯვარიო, აი, ასეთი ძალა აქვს ლოცვას ბოროტი ძალის განსადევნად და დასამარცხებლად. დღეს რაც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ხდება, ეს ყოველი ქართველისთვის განსაცდელია, უდიდესი ტკივილია, რადგან აფხაზეთიც და სამაჩაბლოც საქართველოს სხეულს სტკივა და სუსტდება. ხშირად ჩვენ პიროვნებებზე გადაგვაქვს მთელი ყურადღება, უფალი კი გვავიწყდება. ომები ადრეც ბევრჯერ ყოფილა საქართველოში, მაგრამ ჩვენი წინაპრები მას ლოცვით, მარხვითა და თავისი სულიერებით ამარცხებდნენ, ამხელა განსადელი, ჩვენს გამოსასწორებლად და რწმენაში გასაძლიერებლად დაუშვა უფალმა. მე ვფიქრობ, უფალი შეგვაძლებინებს სწორად ცხოვრებას და ამ განსაცდელებიდან გამოიყვანს ჩვენს ერს. შევეცადოთ ავხსნათ, ეს განსაცდელი ჩვენი შეცდომებიდან ხომ არ მომდინარეობს, დავდგეთ ამ განსაცდელზე მაღლა, ვილოცოთ ქვეყნის გამთლიანებისთვის და რაც მთავარია, ვირწმუნოთ უწმინდესის სიტყვები, რომ "ყველაფერი კარგად იქნება..."

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

16.01.2014
იანვარში სამი უდიდესი დღესასწაული აღინიშნება: ეკლესიური კალენდრით ქრისტეშობა და ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat