მოქცევა სულიერი საგანძურია, მიქცევა კი - სულიერი სენი
11.08.2006
ფსალმუნში ვკითხულობთ: "მე დავსწევ და დავიძინე და განვიღვიძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე!" უკანასკნელი 17 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში მოვლენები კალეიდოსკოპივით იცვლებოდა.
მრავალჭირგამოვლილი ქართველი ერი შეუპოვრად ისწრაფოდა წყვდიადიდან, ხანგრძლივი ძილიდან - სინათლისკენ, გამოფხიზლებისკენ. ჯერ კიდევ შორს იყო აღთქმული თავისუფლება; თანაც შეგვაგონებდნენ, რომ თავისუფლების სურვილი სრულებითაც არ ნიშნავს თავისუფლებისთვის მზადყოფნას, მაგრამ, როგორც ოთარ ჭილაძე წერს: "თავისუფლების მწარე მარცვალი ყველა ადამიანის (ერის) არსებაშია ჩათესლილი, და იმ მარცვლის აღმოსაცენებლად საკმარისია ერთი, ერთადერთი ნათელი წამიც, რომელიც ადამიანის არსებას შიგნიდან გაანათებს, როგორც ჩირაღდანი მღვიმეს, და მიუხედავად დროის სიმცირისა, ადამიანი მაინც ასწრებს იმის დანახვას, რაც იქამდე მისივე სიბეცისა და მიუხვედრელობის შეუღწეველ, გაუფანტავ წყვდიადში თვლემდა. ამ ერთ წამს უნარი შესწევს, ძირფესვიანად შეცვალოს არა მარტო ერთი ადამიანის ცხოვრება, არამედ მთელი სამყაროც, რომელშიც ის ერთი ადამიანია ჩაკარგული". ამ უეცარი გასხივოსნებისა და გამოფხიზლების წამს ადამიანის სულიერ თვალსა და გონებას ეფინება ჭეშმარიტების უეცარი ნათელი, "მოკაშკაშე და მოელვარე, თავისი ბრწყინვალებით ყოველივეს წამლეკი".
მწერალ ზაზა მრელაშვილისათვის ჭეშმარიტებისაკენ სავალი გზა სამშობლოს სიყვარულით დაიწყო. ეს ბუნებრივიცაა, რადგან საქართველოში ჩვენს თვალწინ მომხდარმა სოციალურ-ისტორიულმა გარდატეხამ, განსაცდელმა და ტკივილმა კარგად დაგვანახა, რომ მხოლოდ რწმენის სასწაულთმოქმედ ძალას შეუძლია ჩვენი განკურნება, განწმენდა, უცვლელი და წარუვალი ჭეშმარიტებისკენ ჩვენი გონების თვალის მიქცევა.
- ზაზა, იქნებ გვიამბოთ, როგორ დაიწყო თქვენს ცხოვრებაში სულიერი ფერისცვალება?
- 1974 წელს დავიწყე წერა. მოგეხსენებათ, მაშინ რა მდგომარეობაც იყო საქართველოში. კომუნისტური რეჟიმი და მსოფლმხედველობა ბატონობდა. ტრადიციულად მაინც მოგვდგამდა და ახალგაზრდები ჩვენი ინიციატივით დავდიოდით ეკლესია-მონასტრებში, რომელთა უმრავლესობაც მაშინ უმოქმედო იყო. გავიდა დრო, ჩვენში ძირეული ცხოვრებისეული გარდატეხები მოხდა. დაიწყო ეროვნული მოძრაობა, რომლის ტალღამაც მთელი ერი მოიცვა და ერთ მუშტად შეკრა. ამან ისე იმოქმედა ხალხზე, რომ კარგად მახსოვს, თვით ყველაზე ურწმუნოებიც კი იჩოქებდნენ, პირჯვარს იწერდნენ, სანთლებს ანთებდნენ... ფარულად და საიდუმლოდ რაღაც ძალა წარმართავდა ამ პროცესებს. ძალიან დიდი როლი შეასრულა იმ პერიოდში ჩვენი პატრიარქის მოღვაწეობამაც, თუნდაც მისმა სიტყვებმა 9 აპრილს. 9 აპრილს დაღვრილმა სისხლმა იმდენად შეგვაძრწუნა და მთელი ჩვენი შინაგანი სამყარო ისე შეძრა, სკეპტიკოსი უნდა ყოფილიყავი, ღმერთი რომ არ გეწამებინა. ეს გარემოებები თავისთავად დიდი სტიმული იყო. მათაც დამანახეს, საით უნდა წავსულიყავი. ფერისცვალება და გაბრწყინება იწყება მაშინ, როდესაც გააცნობიერებ ამ ქვეყანაზე მოსვლის მიზანს, როდესაც იპოვი ჭეშმარიტ სარწმუნოებას. მაშინ შენს მისიასაც შეიცნობ და შენს ვალსაც ღვთისა და ერის წინაშე. როცა იწყებ სვლას შენი დანიშნულებისკენ, შენი გასაკეთებლისკენ და სინდისის ხმით ხელმძღვანელობ, ვალდებულების გრძნობასაც იძენ. ასე იწყება გზა ტაძრისაკენ, რომელიც ძნელი გასავლელია. ეს გზა სავსეა ეკლებით, ქვა-ღორღით. ჭეშმარიტი სარწმუნოების პოვნის შემდეგ იწყება ჭეშმარიტების ძიების უსასრულო გზა.
ფსალმუნის თანახმად, "ყოველნი გზანი უფლისანი წყალობა და ჭეშმარიტებაა მათთვის, რომელნი გამოეძიებენ აღთქმათა მისთა და წამებათა მისთა". მადლობა ღმერთს, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოების საპოვნელად ჩვენ დიდი ძალისხმევა არ გვჭირდება, რადგან სულმნათმა წინაპრებმა თავიანთი სისხლით გადაგვირჩინეს მართლმადიდებლობა და შეუბღალავად მოიტანეს ჩვენამდე. საქართველოში მართლმადიდებლობას იმდენად ღრმად აქვს ფესვები გადგმული, რომ მისგან გადახვევა ჩვენი ჯიშისგან, ჩვენი ეროვნული ცნობიერებისგან გადახვევასა და გადაგვარებას ნიშნავს.
- რამდენადაც ვიცი, რომანის გამოცემასაც აპირებთ, რომელშიც მოთხრობილია, როგორი სულიერი გარდატეხა მოხდა მთავარი მოქმედი პირის ცხოვრებაში იმდროინდელი სოციალურ-ისტორიული ვითარების ფონზე. ესეც, ალბათ, თქვენი სულიერი განწყობილების გამოძახილია.
- დიახ, ეს რომანი იმ დროს თბილისში მომხდარ მოვლენებს ეხება. რომანს ჰქვია: "ბოლო გაჩერება - უდაბნო". აქ ნაჩვენებია, როგორ ხდება ადამიანის გარდაქმნა, გაკეთილშობილება. მთავარი გმირი იმ დროს შეესწრო, როცა თბილისში სამოქალაქო ომი დაიწყო. პოლიტიკა და ეროვნული მოძრაობა თითქოს ერთმანეთს გაემიჯნა. ყველაფერი თავდაყირა დადგა. თავი იჩინა ფლიდობამ, დაუნდობლობამ, ერთმანეთის სიძულვილმა. ამან ბიჭის აზროვნება და მსოფლმხედველობა მთლიანად შეცვალა. თბილისში ყოფნას მან დავითგარეჯის მონასტერში წასვლა და იქ დარჩენა ამჯობინა. რაღაც ამდაგვარი მოხდა ჩემშიც. საშინელი პროტესტის გრძნობა გამიჩნდა იმ დროს. იმდენად იმოქმედა ჩემზე თბილისის დანგრევამ, ფასეულობათა გადაფასებამ, ადამიანურობის დაკნინებამ, რომ გადავწყვიტე, გავრიდებოდი ამ ყველაფერს. ამის მერე დიდხანს ვიცხოვრე სოფლად. რომანში არის ადგილები, სადაც აღწერილია, რომ ბიჭს მარტოობის ჟამსაც და მეგობრებთან ყოფნისასაც ჩაესმის შინაგანი ხმა, რომელიც უდაბნოსკენ უხმობს. ყველა ადამიანშია უფალი, რომელიც მოუწოდებს მას: "მოვედით ჩემდა ტვირთმძიმენი და დამაშვრალნი და მე განგისვენოთ თქვენ..." უფალმა ყველა ადამიანს მიმადლა სინდისის ხმა, ბუნებითი სჯული და თუ ამ ხმას ყურს მიუგდებს კაცი და შესაბამისად წარმართავს თავისი ცხოვრების გზას, ის აუცილებლად მივა ეკლესიამდე. ადამიანის სული ვერასოდეს პოვებს ბედნიერებას ცოდვაში, რადგან სადაც არ არის ღმერთი, კაცი ყველგან მწუხარებასა და იმედგაცრუებას წააწყდება. ბედნიერების ძიების თანდაყოლ, ბუნებრივ სურვილსაც მიჰყავს კაცი უფლის აღიარებამდე.
ხანდახან იდუმალი სიღრმიდან ამოიზიდება ხოლმე და გონების თვალწინ დამიდგება ფიქრი საკუთარ უბადრუკობაზე, რომელიც მაიძულებს მივმართო ღმერთს სიტყვებით: "შემიწყალე მე ცოდვილი!" ადამიანს არაფერი აქვს ისეთი, რაც ღმერთისგან არ მიუღია. თუნდაც სინანულის უნარი. ვიტყვით ხოლმე, ცხოვრებამ მასწავლა, უფრო მიმტევებელი ვიყო სხვათა სისუსტეების მიმართო, მაგრამ რაც ცხოვრებას მოაქვს, უფალი გვიგზავნის.
- ადამიანის სულიერი გარდაქმნა ალბათ მხოლოდ, წუთიერ აღტაცებას არ გულისხმობს და მარტოოდენ ხსნის გზის პოვნით არ შემოიფარგლება. ისიც მნიშვნელოვანია, რამდენად ურყევად და მტკიცედ გაივლის ადამიანი ამ გზას...
- გამიგონია, შენ რომ ერთ ნაბიჯს გადადგამ უფლისკენ, ის ათასს და უფრო მეტს გადმოდგამსო შენსკენ. შენ მხოლოდ ფეხის მოცვლა ისურვე და უკვე გზაში ხარ, მხოლოდ გზაში კი არა - მიზანთანაც, ოღონდ ეს სურვილი მეტისმეტად ძლიერი უნდა იყოს, მთელი არსებით უნდა ისწრაფოდე ღმერთისკენ. მაგრამ ჩვენი ადამიანური ნება ხომ სნეულია, გაორებულია; ერთი სურვილი მეორეს ებრძვის და თუ ერთი ზეცისკენ ილტვის, მეორე მიწაზე განარცხებს. ერთი წმინდა მამა წერს: "სულს არ შეუძლია, მთლიანად აღზევდეს. ჭეშმარიტება აღაზევებს, ჩვეულება კი ქვე ეზიდება. ამიტომაცაა ადამიანში ორი ნება". პავლე მოციქულიც ხომ ამბობს: "რომელი მე არა მნებავს (ბოროტი), მას ვიქმ, ამას იქმს ჩემში დამკვიდრებული ცოდვაო". ეკლესიის მადლითა და საკუთარი ძალისხმევით, თავისსავე ცოდვილ ბუნებასთან ბრძოლით ადამიანს ძალუძს სულიერი გარდაქმნა, თუმცა ეს ხანგრძლივი პროცესია და მართლაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ადამიანი სულ ძიებაშია. ქრისტეს მოსვლის შემდეგ დაიწყო ჭეშმარიტებისკენ სწრაფვის ახალი ეტაპი, რამაც კაცობრიობა უფრო დახვეწა, სულიერების უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა. წმინდანები ხორცშესხმული მაგალითები არიან იმისა, თუ როგორ შეიძლება გაბრწყინდეს და გარდაიქმნას დაცემული ადამიანური ბუნება.
ეკლესიური სულისკვეთება ცვლის ადამიანს, ფიზიკურადაც კი გარდაქმნის მას, მადლს ანიჭებს. მთავარი ამ მადლის შენარჩუნებაა. სულითა და გულით ეკლესიაში ყოფნა ნიშნავს, რომ ქრისტიანობა შენს ყოფა-ცხოვრებაზეც აისახებოდეს. ყველგან უნდა გქონდეს შენი პატარა ეკლესია.
- გარკვეულწილად ალბათ ისიც ხიბლია, როცა ადამიანს ჰგონია, რომ უკეთესობისკენ შეიცვალა...
- ეს თვითკმაყოფილება და ამპარტავნებაა... ფერისცვალების დასაწყისი საკუთარი უღირსების შეგნება და საკუთარი ცოდვების გაცნობიერებაა. ჩვენ ვიცით, რომ რაც უფრო მაღლდებოდნენ წმინდა მამები სულიერად, მით უფრო ცოდვილებად მიაჩნდათ თავი. წმინდა სილუან ათონელი ამბობდა: "ყველა ცხონდება, მხოლოდ მე დავიღუპებიო". მაშ, ჩვენ, უბრალო მოკვდავებს რაღა გვეთქმის? ადამიანი თავის თავს სასიკეთო ცვლილებებს რომ შეამჩნევს, არ უნდა გაამაყდეს. რადგან ყოველგვარი სიკეთის წყარო ღმერთია. საკუთარი თავით არ უნდა ვიქადოდეთ, განუწყვეტლივ უნდა მოვუხმობდეთ ღმერთს, რათა შეგვეწიოს და ჩვენი უძლურება განკურნოს. უფალი თაბორზე რომ გაბრწყინდა, იგი თავისი ღვთაებრივი დიდებით ეჩვენა მოციქულებს, თუმცა იმ ზომით, რამდენის დატევნის უნარიც შესწევდათ მათ. და აი, ადამიანური ბუნების უძლურების გამო ისინი პირქვე დაემხნენ... "საკვირველ იქმნა ცნობა შენი ჩემგან". ადამიანი შეიმეცნებს ჭეშმარიტებას იმდენად, რამდენადაც მისი დატევნა ძალუძს. ადამიანს სულიერი ძალების განახლებისკენ უბიძგებს იმის შეგნებაც, რომ უფლის ხელი ატყვია ყველას და ყველაფერს. ფსალმუნიც ხომ ღაღადებს: "მარჯვენა შენი მაუწყე მე, უფალო!.."
განსაკუთრებით ცხოვრებისეული კრიზისის, განსაცდელის ჟამს იგრძნობა ხოლმე უფლის უხილავი ხელი და მფარველობა. ამის შეგნება დიდი პასუხისმგებლობაც არის. "დღისით და ღამით მძიმდებოდა შენი ხელი ჩემზე, უფალო"... უფლის ხელი ნიშნავს მისიას, რომელიც ამქვეყნად დაგეკისრა. მთავარია, იპოვო იგი, მიხვდე, რისთვის მოხვედი, რისთვის უნდა იცოცხლო და მოკვდე. რწმენა საქმეში ჩანს. საქმის გარეშე რწმენა მკვდარია.
წმინდა მამები ფიქრობდნენ, ის, რაც კარგია ჩვენში, ღვთისაგან არის, ხოლო ის, რაც უკეთურია - ჩვენი ცოდვილი ნებისგანო. ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ მათი ნააზრევით, მათი მაგალითებით. ისტორია აგებულია მაგალითებზე, რომლებიც ბიძგს აძლევს ადამიანის სულიერ განვითარებას. მაგალითებით აღზრდა საუკეთესო პრინციპია ღმერთთან მიახლოებისა. ძნელია, ყველაფრით წმინდანებს მივბაძოთ, მაგრამ მათი ნაათასალი მადლიც რომ მოგვეცხოს, ესეც დიდი ნეტარებაა.
- ქართლის ცხოვრებაშიც არაერთხელ მომხდარა სულიერი ფერისცვალება, ჭეშმარიტებისაკენ მოქცევა...
- სარწმუნოებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ერის ცხოვრებაში. ჩვენი ერი მართლმადიდებლობამ გადაარჩინა გადაშენებას. "ქართლის ცხოვრებას" ლაიტმოტივად გასდევს ჟამთააღმწერლის ღაღადისი: "დავივიწყეთ ღმერთი და ღმერთმაც სამართლად დაგვივიწყა". როდესაც ვშორდებოდით ჭეშმარიტების გზას, მაშინ მოგვივლენდა უფალი განსაცდელს, რათა გონს მოვგებულიყავით და კვლავ იწყებოდა საქართველოს გაბრწყინება. ერთი წმინდა მამა წერს: "ისტორიკოსის გულწრფელი შეკითხვა ისტორიის მიმართ ასეთი იქნებოდა: ისტორიავ, მითხარი, ვინ ხარ შენ, რათა ვიცოდე, ვინ ვარ მეო". ადრე თუ გვიან ისტორიული პროცესები ყველა ადამიანის სულზე გაივლის. ისტორიული პერიოდები ერისა და ღვთის ურთიერთობის მოქცევასა და მიქცევას გამოხატავენ. ადამიანთა სულების უმრავლესობის ისტორიაც ღვთისაგან დროებით გაქცევისა და კვლავ მასთან დაბრუნების მონაცვლეობაა. მოქცევა სულიერი საგანძურია, მიქცევა კი - სულიერი სენი. არაერთ ქართველ მწერალსა თუ საზოგადო მოღვაწეს ერის ისტორია და თავგადასავლი იმდენად გაუთავისებია, რომ პირად ბიოგრაფიასთან გაუიგივებია და დაუკავშირებია. ასე რომ, ჩვენი ერის სულიერი გარდაქმნა და გარდასახვა თითოეული ქართველის სულიერ ღვწაზეა დამოკიდებული. რწმენასთანაა წილნაყარი მამულიც და ენაც. რწმენა გვიბიძგებს თავგანწირვისაკენ. თუ გავერთიანდებით მართლმადიდებელ სარწმუნოებაში, ერთმანეთს ვიპოვით და ხელებს გავუწვდით, მაშინ უფრო ადვილად მოვერევით იმ პრობლემებს, რომლებიც დღეს ასე უხვადაა ჩვენს ქვეყანაში.