1. ბოლო ხანს ისე გაიზარდა უპოვართა და გლახაკთა რაოდენობა საქართველოში, ადამიანები არა მხოლოდ ქუჩაში და ტაძრების წინ ითხოვენ მატერიალურ შემწეობას, ხშირად სახლებშიც გვაკითხავენ.
თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ასეთი ვითარება და როგორ უნდა დავეხმაროთ ამდენ შეჭირვებულს ისე, რომ უფლის მცნებაც დავიცვათ და ამან სერიოზულად არ აზარალოს ჩვენი ოჯახის ბიუჯეტი?
2. ID ბარათების შემოღება დღემდე აზრთა დაპირისპირების საგანია არა მხოლოდ მრევლში და საზოგადოების გარკვეულ წრეებში, ამ საკითხზე თვით სასულიერო პირებს შორისაც არ არსებობს სრული თანხმობა. როგორია თქვენი პოზიცია?
ანკეტის შეკითხვებს უპასუხებენ ქართული ეკლესიის მრევლის წევრი
დარიკო ჩაჩავა და
გიორგი ახალბედაშვილი. დარიკო ჩაჩავა, 59 წლის, კლუბ "ბერმუხას" მეპატრონე. ჰყავს შვილები: იაკობ და ვალერ სებისკვერაძეები. 1. ძალიან გაჭირდა ცხოვრება საქართველოში, ამდენ ხელგამოწვდილ ადამიანს რომ ვხდავ, ძალაუნებურად მიჩნდება ხვალინდელი დღის შიში. დღეს ჩემს საახლობლოშიც ყველას გაუჭირდა, მათხოვარი ყოველ დროს ყოფილა, მაგრამ ამდენი არასდროს მინახავს. საერთოდ ვერიდები პოლიტიკურ შეფასებებს, მაგრამ რადგან მეკითხებით, მოგახსენებთ: ალბათ, ეს განპირობებულია უმუშევრობით, დაუსაქმებლობითა და უცხო ქვეყნის მოქალაქეთა უკონტროლო შემოდინებით.
გაჭირვებულების დახმარება ყოველთვის მიყვარდა, დღესაც, როგორც შემიძლია, ისე ვეხმარები. შეიძლება ეს იყოს გარკვეული თანხა ან საქმე.
სხვათა შორის, არ მესმის იმ ადამიანებისა, რომლებიც ამბობენ, რა საჭიროა ამდენი ეკლესიის მშენებლობაო. ჩვენი ახალგაზრდობა ეკლესიურ გარემოში უნდა აღიზარდოს, თუ გვინდა შევინარჩუნოთ ეროვნულობაც და ეკლესიურობაც. მე მომხრე ვარ, რაც შეიძლება მეტი ტაძარი აშენდეს საქართველოში, ბოლოს და ბოლოს, ის გაჭირვებული ხალხიც ხომ ეკლესიას აკითხავს და სთხოვს უფალს, გამოუჩინოს საარსებო წყარო, ულუკმაპუროდ არ დატოვოს. აბა, ფუფუნებისა და განცხრომით ცხოვრებისთვის ვინ გაბედავს უფალს რაიმე შესთხოვოს, აქ გადარჩენაზე და როგორმე ოჯახის გამოკვებაზეა ლაპარაკი და დარწმუნებული ვარ, უფალი აუცილებლად შეისმენს მათ თხოვნას.
2. სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერც გავრკვეულვარ ამ ID ბარათებში. თუმცა ერთი რამ შემიძლია ვთქვა, მე მომწონდა ის პასპორტი, სადაც მამაჩემის სახელიც ეწერა და ისიც, რომ მე ვარ ეროვნებით ქართველი, რომელიც ახალ პასპორტებში და პირადობის მოწმობებში უკვალოდ გაქრა, ახლა კიდევ, რა სიურპრიზებს შემოგვთავაზებს ეს ID ბარათები, ვერავინ გვეტყვის საფუძვლიანად. ის, რომ ადამიანის თავისუფლება კიდევ უფრო იზღუდება ამ პასპორტების შემოღებით, ფაქტია და ამის საწინააღმდეგო მოსაზრებას ვერც ID ბარათების მომხრეები ამბობენ, ამიტომ სასურველი იქნება, არჩევანის საშუალება იმათაც დაუტოვონ, ვინც ID ბარათების შემოღების წინააღმდეგია.
გიორგი ახალბედაშვილი, 26 წლის, ყოფილი ფეხბურთელი, უცოლშვილო.1. მახსენდება მამა გიორგი ბასილაძის სიტყვები:
რას ითხოვს ღმერთი ჩვენგან: სანთელს, ცხვარს, ფულს? რა სჭირდება ღმერთს ჩვენგან?! - არაფერი, ის მხოლოდ გულს ითხოვს და იმის გარკვევაში, გვაქვს თუ არა ღვთის სათნო გული, ისევ ღმერთივე გვეხმარება. ამისთვის ღვთისმეტყველება არაა აუცილებელი, არც ცოდნა და დიდი აზროვნება. აგერ, გაიხედეთ ქუთაისის ცენტრში, თაღთან, 80 წლის ნახევრადშეუმოსავი, უსახლკარო ადამიანი რომ ზის... ის ზამთარ-ზაფხულ, ყინვასა და სიცივეში, დღე და ღამე ზის... ნუთუ არ გეწვით გული? დღეში ორჯერ ჩაუვლით, მშვიდად გძინავთ სახლებში, ლოცვებს კითხულობთ და ღვთისმეტყველებასაც კადნიერად არჩევთ. არის ასეთი გული სათნო?
მოწყალე ღმერთი, რომელიც მატლსა და ჩიტებს კვებავს, განა იმ "გლახაკს" არ შეეწევა?! შეინახავს, მაგრამ თქვენ რა პასუხს გასცემთ ქრისტეს, რომელიც იტყვის: "ვინაიდან მშიოდა და საჭმელი არ მომეცით; მწყუროდა და არ მასვით, უცხო ვიყავი და არ მიმიღეთ, შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ, სნეული ვიყავი და საპყრობილეში არ მომინახულეთ". (მთ 25.41-42-43)...
გლახაკები ღმერთს სწორედ იმიტომ ჰყავს ქვეყნად, მათი პატივისმცემელნი აცხოვნოს. ეს ღმერთის მიერ მოცემული კიდევ ერთი საშუალებაა ცხონებისა, თუმცა სხვათა უსასტიკესი ტანჯვის ხარჯზე და ნუ დავკარგავთ ამ საშუალებას, რადგან სხვა გზა უფრო ძნელი და მტკივნეული აღსასრულებელია. ამიტომ, მე გთხოვდით, შოთა ნიშნიანიძის სიტყვებით, რომ მიხედოთ და პატივი მიაგოთ მათ:
"ერო და ბერო,
შიში მაქვს და თხოვნაც მაქვს ერთი:
ზურგს ნუ შეაქცევთ... გაიკითხეთ,
ბედი არ გვცდიდეს,
გლახის ძონძებში გადაცმული
არ იყოს ღმერთი".
2. ID ბარათებთან დაკავშირებით ვეთანხმები წმინდა მამების გადმოცემებს, რომ ეს არის ანტიქრისტეს ბეჭდის ერთ-ერთი წინა სახე, თუმცა ეს არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი. ბოროტი ცდილობს, ადამიანები ნელ-ნელა შეაჩვიოს და შეაგუოს მასობრივ კონტროლს. ანტიქრისტეს თავიდანვე ადამიანების დაბეჭდვა რომ დაეწყო ხელზე და შუბლზე, ადამიანები ადვილად მიხვდებოდნენ, რომ ეს არის ანტიქრისტეს ბეჭედი და შეეწინაღმდეგებოდნენ, ეს იცის, რა თქმა უნდა, ბოროტმა და ისევე, როგორც ყველა ცოდვას აჩვევს ადამიანს ნელ-ნელა, ასევე აგუებს ადამიანებს ამ მიუტევებელ ცოდვას.
თემის განხილვაში მონაწილეობს თბილისის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ალექსანდრე გალდავა.- "ნეტარ იყვნენ მორწმუნენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ", - ბრძანებს უფალი, მოწყალება უმნიშვნელოვანესი სათნოებაა სათნოებათა შორის. მოწყალე ადამიანს, რომელიც სხვებს ეხმარებოდა ღვთის სათნო მყოფელობისა და უფლის სახელის განსადიდებლად, მაცხოვარი მეორედ მოსვლის ჟამს ჰპირდება, რომ არ განიკითხავს თავისი ცოდვებისთვის. ზოგადად ქრისტიანობა, განსაკუთრებით კი მართლმადიდებლობა, ძალიან ფხიზელი აღმსარებლობაა, რომელიც მაქსიმალური მობილიზებისა და გონიერებისკენ მოგვიწოდებს, მაგრამ, ამავე დროს, ეს არ არის რაღაც განწესების ბრმა აღსრულება წმინდა წერილიდან გადმოტანილი და მიღებული. ეს ფხიზელი, გაანალიზებული მოქმედებაა - ცხოვრებასთან მისადაგებული. როგორ გადავარჩინოთ ოჯახი შეჭირვების ჟამს ისე, რომ არ დავინგრეთ სულ მთლიანად და ამავე დროს, ღვთის მცნებაც აღვასრულოთ და სათნო ვეყოთ უფალს? კითხვა რომელიც თქვენ დასვით, რა თქმა უნდა ყოველი ქრისტიანისაგან კეთილგონიერ განსჯასა და მოქმედებას მოითხოვს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სიკეთე, რომელზეც ქრისტე მიგვითითებს, ყოველთვის არის რაღაცის მოკლებაში, და არ არის ეს მეტისაგან გაცემული რამ. ქრისტიანული მორალით, ნებისმიერი სიკეთე მაშინ ითვლება სიკეთედ, თუ ამით შენ რაღაცა გაკლდება. არის მდიდართა და შეძლებულთა ისეთი კატეგორია, რომელიც ამას ქველმოქედებისთვის აკეთებს და დიდი რაოდენობით გადარიცხავს თანხას სხვადასხვა დანიშნულებისამებრ, მაგრამ იმდენი ფული აქვს, შეიძლება ეს არც დაეტყოს მის ბიუჯეტს. ამდაგვარი სიკეთე განსხვავდება ქრისტიანული სიკეთისაგან, რადგან, როგორც უკვე მოგახსენებდით, სიკეთე მდგომარეობს რაღაცის მოკლებაში და არა ნამეტნავისგან მიცემაში, რომელიც შენ დიდად არ დაგაზარალებს. ამბა დოროთეს ასე ესმოდა მოწყალების საქმე; თუ მაქვს ფული, იგი აუცილებლად უნდა გასცე და გაჭირვებულებს დაეხმარო, თუ ცოტა გაქვს, ცოტა უნდა გასცე და თუ საერთოდ არ შეგიძლია სხვას მატერიალურად დაეხმარო, მაშინ ადექი და სიტყვით ანუგეშე კაცი, გაჭირვებულს გვერდში ამოუდექი, თუ ესეც არ შეგიძლია, მისგან წყენა და უხეშობა, რაც ურთიერთობაში მოგაყენა, დაითმინე და ამით შენ სათნო ეყოფი მას, მოწყალების მაგალითს მისცემ, რაც, შესაძლოა, მისი გამოსწორების საბაბიც გახდეს, ბევრ შემთხვევაში, ადამიანები მატერიალური დახმარების ნაცვლად უფრო ნუგეშს და თანაგრძნობას საჭიროებენ და დიდი სიხარულისა თუ განსაცდელის წუთებში შენი გვერდში დგომა შესაძლოა უფრო მეტს ნიშნავდეს მისთვის, ვიდრე თანხის მიცემა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ მოწყალება, როგორც ასეთი, მხოლოდ და მხოლოდ მატერიალური ფორმით არ ვლინდება, არამედ თანაგანცდაში, ადამიანის ცხოვრებისული პრობლემების გაზიარებაში. ის ფაქტი, რომ შენს გვერდით მყოფი ადამიანის შესახებ ბევრი რამ იცი, გაინტერესებს იგი, როგორც პიროვნება, გული შეგტკივა მასზე, უკვე ძალზე მნიშვნელოვანია მისთვის, რადგან უმეტესად მარტოდ ყოფნაში ჩნდება მოწყენილობა, რომელიც სასოწარკვეთილების ადრეული ფორმაა, ღმერთმა დაგვიფაროს და, როცა პიროვნებას სასოწარკვეთილება მოიცავს, მისთვის ყველაფერი აზრს კარგავს ამქვეყნად და ზოგჯერ შეიძლება თვითმკვლელობამდეც კი მივიდეს. ამიტომ არ უნდა დავიშუროთ ტკბილი სიტყვა, უნდა გავამხნევოთ და წავახალსოთ იგი, რომ გამოვიყვანოთ მძიმე მდგომარეობიდან და ავაცილოთ საშინელი და ღვთისგან მიუტევებელი ცოდვა, როგორიცაა თვითმკვლელობა.
ქართველებს სუფრის კულტურა ძალიან მაღალ დონეზე გვაქვს განვითარებული.
სადღეგრძელოების დროს კეთილი თვისების აღმოჩენის გარდა, პიროვნება გრძნობს, რომ უკვალოდ არ ჩაუვლია მის ღვაწლს და ამაგს. ჯგუფური ფსიქოლოგიის დამფუძნებლების შეფასებით, ქართული სუფრა ერთგვარი თერაპიაა. დღეს, როდესაც კომუნიკაციისა და ურთიერთობების პრობლემაა მსოფლიოში და თანამედროვე ცივილიზაცია ამ მხრივ ერთგვარ ჩაკეტილ წრეში შევიდა, ქართული სუფრის ტრადიციის შენარჩუნება ძალზე დადებით მოვლენად აღიქმება, რომელსაც სათუთად მოპყრობა, განვითარება და განვრცობა სჭირდება.
და კიდევ, თუ ადამიანებს სხვათა დახმარების სურვილი ამოძრავებთ, ეს არა მხოლოდ მატერიალურ დახმარებაში, ლოცვაშიც უნდა გამოვლინდეს. როცა ვხედავთ მეგობარს უჭირს, წავუკითხოთ მას ფსალმუნის ერთი კანონი და ამით დავუდგეთ გვერდში. თუ ჩვენ მორწმუნეები ვართ და გვჯერა, რომ ჩვენი ლოცვა შესმენილი იქნება ღვთისაგან და კეთილი გულით ნათქვამი ფსალმუნის სიტყვები მიაღწევს დანიშნულების ადგილს, ამაზე დიდი შეწევნა და დადებითი შედეგი რა უნდა იყოს მისთვის?
- მოიძებნებიან ისეთი ადამიანებიც ჩვენს საზოგადოებაში, რომელთაც ამდენი ეკლესიის მშენებლობა გაუმართლებლად მიაჩნიათ, მაშინ როცა ქვეყანაში ამდენი გაჭირვებული ადამიანი არსებობისთვის იბრძვის, ყოველ შემთხვევაში, ამას გედავებოდნენ თქვენ ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემის დროს. - ალბათ ძნელი მისახვედრი არ არის, ის გადაცემა სწორედ იმისთვის მომზადდა, რომ ტალახი ესროლათ ეკლესიისთვის და წარმოეჩინათ ეს ინსტიტუტი არასანდო და არაზნეობრივი ადამიანების საკრებულოდ, რომლის მიზანია პირადი კეთილდღეობა და არა საზოგადოებაზე ზრუნვა. სხვადასხვა მიზეზთა და გარემოებათა გამო იქ არ მომეცა საშუალება, კარგად გამომეხატა პირადი მოსაზრება, რადგან ეს ნამდვილად არ შედიოდა მათ ინტერესებში. ვაპირებდი მეთქვა, რომ ეკლესიის ფუნქცია მხოლოდ გაჭირვებულთა დახმარებით არ შემოიფარგლება და მეორეც, ეკლესიების მშენებლობები, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ეკლესია, პირველ ყოვლისა, გაჭირვებულ ადამიანთა თავშესაფარია. ამათ აქვთ ასეთი გაგება, გაჭირვებული არის ის ადამიანი, რომელსაც შია, კი ბატონო, ამაში შეუძლებელია მათ არ დაეთანხმო, მაგრამ არის თუ არა გაჭირვებული ის ადამიანი, რომელსაც წაგებული აქვს ცხოვრება, ცოლ-შვილი გარეთ ჰყავს გაყრილი და თავის მოკვლაზე ფიქრობს. ეკლესიაში ხომ მარტო ისინი არ ერთიანდებიან, რომელთაც გამოკვება უჭირთ, მაშინ ეს ეკლესია კი არა, კათარზისი იქნებოდა. ეკლესიის ერთ-ერთი ფუნქციაა შიმშილის ზღვარზე მისული ადამიანების დახმარება და არა ერთადერთი, რაც გამოიხატება ადამიანთა ნუგეშში, რაზეც ზემოთ მოგახსენებდით, რომ მას თვითმკვლელობა გადააფიქრებინოს და ცხოვრების ხალისი დაუბრუნოს, დაოჯახებულთა პრობლემების მოგვარება, რომ ოჯახები შევინარჩუნოთ, რაც ეკლესიის პირდაპირი ფუნქცია და მოვალეობაა, ციხეებსა და საპყრობილეებში პატიმრების მონახულება, მათი აღსარებისთვის მომზადება და ზიარების მიღება, მოხუცებულთა და ავადმყოფთა მონახულება და რა ვიცი, კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო, თუნდაც საგანმანათლებლო საქმიანობაში ჩართულობა და თვალყურის მიდევნება, არ არის მოწყალების საქმე, როცა კაცს ცოდნა არა აქვს და მას სათანადო ცოდნასა და განათლებას აძლევ? განა ამაში არ გამოიხატება ეკლესიის ფუნქცია? არ არსებობს რაიმე სფერო, რომელსაც ეკლესია არ მოიცავს, ამიტომაც შენდება ეკლესიები, რომ მას მრავალფუნქციური დანიშნულება გააჩნია, მეტი გასაქანი რომ მიეცეს ხალხის ყოველნაირ დახმარებას. თუნდაც საზღვარგარეთ - დიასპორები ეკლესიების ირგვლივ ერთიანდებიან და არა საქველმოქმედო სახლებთან. უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბავშვები იმ გარემოში მაინც პოულობენ თავიანთ გზას ეკლესიის საშუალებით, ინარჩუნებენ ეროვნულ თვითმყოფადობას, მშობლიურ ენას და უცხოურ გარემოში მაინც ყალიბდებიან, როგორც პატრიოტები და ღირსეული პიროვნებები. იმასაც სწავლობენ, თუ რომელიმე მათგანს რაიმე გაუჭირდება, მას ყველა უნდა დაეხმაროს და საერთო ძალისხმევით გამოიყვანოს მძიმე მდგომარეობიდან.
აქამდე ჩვენ საჯაროდ არასოდეს გვითქვამს, რომ ბევრ ეკლესიაში, მათ შორის ჩვენთანაც, 2-დან 3 საათამდე ყოველდღიურად ცხელი სადილით ვუმასპინძლდებით 60 კაცს, სრულიად უსასყიდლოდ, მართალია, ეს ინსტიტუცია არ არის ყველგან ორგანიზებული და ბევრ ეკლესიაში ფეხზე დასადგომია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, საიდან მოვდივართ, 70 წლის მანძილზე საბჭოთა კავშირის ამოდენა დამსჯელმა რეპრესიულმა მანქანამ გადაუარა ჩვენს ქვეყანას, რომლის უპირველესი მიზანი იყო ეკლესიის განადგურება და როცა ფეხებს გამტვრევენ და წლების განმავლობაში თავიდან გიხდება სიარულის სწავლა, ამის შემდეგ არ შეიძლება ადამიანს ოლიმპიური ჩემპიონობა მოსთხოვო. დღეს, როდესაც სასულიერო პირები გამრავლდნენ, ეკლესია ფეხზე დგება და აღმშენებლობის გზაზე ვიმყოფებით, გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ეს აღიზიანებთ. ასეთი აღმავლობის დაუნახაობა, რაც ამ 25-30 წლის განმავლობაში ხდება, არამცთუ დიდი შეცდომა, არამედ დიდი დანაშაულია. როდესაც ზოგჯერ კაცი სხვაგან ეძებს სიყალბესა და ცუდ მხარეს, ამით ალბათ ერთგვარად ჰგონია, რომ თავისი სიყალბე და დანაშაული გადაიფარება, სიწმინდე ბნელი საქმის მოქმედს აღიზიანებს. დაბოლოს, მინდა ვკითხო ჩვენს კრიტიკოსებს: ის უამრავი გაჭირვებული, ეკლესიების წინ რომ ზის, რატომ პარლამენტის შენობასთან, თავისუფლების ინსტიტუტთან ან სხვა რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებასთან არ იკრიბება? ერთი მთავარი მიზეზის გამო, მათ კარგად იციან, რომ იქ მათ არავინ არაფერს მისცემს და მიდიან იქ, სადაც შეუძლიათ თავის გადარჩენა. ეს ძნელი მისახვედრი არავისთვის არ უნდა იყოს.
- გთხოვთ თქვენი აზრი გაგვიზიაროთ ID ბარათებთან დაკავშირებით. იზღუდება თუ არა ამით გარკვეულწილად ადამიანის თავისუფლება?- სამწუხაროა, რომ ID ბარათებთან დაკავშირებით მართლაც ვერ მოხდა პოზიციების დაახლოება. აქ მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლების შეზღუდვაზეა ლაპარაკი და მეტ არაფერზე. ის, რომ ID ბარათი ანტიქრისტეს ბეჭედია, რა თქმა უნდა, მცდარია, მასში არც ნიშანია და არც ნომერი, თუმცა მასში სხვა რამ დევს, რომელიც არა მარტო საქართველოს, სხვა ქვეყნებსაც უნდა აფიქრებდეს, შეიძლება შორს არ იყოს ის დრო, როდესაც პატარა მოხელესაც შეეძლება ნებისმიერ პიროვნებაზე სრულყოფილი ინფორმაციის შეგროვება (მას შეეძლება ნებისმიერი ინფორმაციისა და შეტყობინების მოძიება, თვით სამედიცინო მონაცემებსაც კი, რომელიც ყველა ადამიანისთვის დაფარული უნდა იყოს, თუნდაც დაინტერესებული პირის რელიგიური მრწამსი, რომელიც არ წარმოადგენს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას). უახლოეს წარსულში აღმსარებლობისთვის სჯიდნენ ადამიანებს, დღეს სხვაგვარი ბრძოლაა, მით მეტეს, როდესაც სახელმწიფომ ეს ბრძოლა ავტორიტეტების ბრძოლაში გადაზარდა და ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ სახელმწიფო უფრო დიდი ავტორიტეტია, ვიდრე ეკლესია, ამიტომ მე უნდა ვაკონტოლო მთელი ხალხი, და არა ეკლესიამ, მას არ აძლევს ხელს არასახელმწიფოებრივი პირი, რომელიც შეიძლება კონტროლის გარეშე დარჩეს.
მაგალითად, დღეს მსოფლიოში შეინიშნება ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების ტენდენცია, რომელსაც ლიბერალურს უწოდებენ და ევროპის პროტესტანტულ ეკლესიაში ეს სარეველასავით იკიდებს ფეხს. ამ მიზნისთვის მათ წინ ეღობებიან ის ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჰომოსექსუალიზმის დაკანონებას. ეკლესიური შეხედულებით, ადამიანი შეიძლება ამ ცოდვას აღსარებაში აღიარებდეს, როგორც ადამიანურ ვნებას და როცა მას ამაზე სინანული გააჩნია, შემწყნარებლობა, მოფერება და განზე დაყენება სჭირდება მოძღვრისაგან. მაგრამ როცა ამ ცოდვის პროპაგანდა და წახალისება ხდება, ადამიანთა ჯგუფი, რომელიც არ აღიარებს ერთსქესიანთა ქორწინებას ნორმად, ასეთ პიროვნებებს ჰომოფობებად მიიჩნევენ, ჰომოფობიას კი, როგორც მოვლენას, განიხილავენ, ხალხისგან დაგმობილ ფორმად, როგორიც არის რასიზმი, ანტისემიტიზმი და სხვა. თუ საჯარო მოხელე ხარ, გსჯიან და ამისთვის გაგდებენ სამსახურიდან ან დაგსჯიან ადმინისტრაციული სასჯელით, იტალიაში, მაგალითად, კულტურის მინისტრი მხოლოდ იმისათვის გადააყენეს, რომ მან, როგორც მორწმუნე კათოლიკემ, თავისი უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირა ჰომოსექსუალიზმთან დაკავშირებით, ინგლისში, ერთ-ერთ ოჯახს არ ააყვანინეს ბავშვი სასამართლოში იმის გამო, რომ ამ საკითხს უარყოფითად უყურებდა, უთხრეს, - ბავშვს ვერ აღზრდით ნორმალურ ადამიანადო, ხოლო ჰომოსექსუალისტ მშობლებს ბავშვი უპრობლემოდ ააყვანინეს, რადგან, ბუნებრივია, მათ ლოიალური დამოკიდებულება გამოხატეს ერთსქესიანთა ქორწინების თაობაზე. ამ საკითხზე იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ ისეთ სფეროში შევდივართ, რომლისგანაც შეიძლება ეს დღეს ვინმეს თეორიები ჰგონია, მაგრამ მომავლისათვის საშიშროება დევს ამ ID ბარათებში. ვიღაცამ შეიძლება ნახოს, რა ტიპის აზროვნების ირგვლივ ტრიალებს ესა თუ ის ადამიანი, რა წიგნები შეიძინა, თუ მართლმადიდებლურ ლიტერატურას შეიძენ, შეიძლება ვიღაცამ ფუნდამენტალისტ მორწმუნედ მოგნათლოს და სამუდამოდ დაიხუროს შენთვის საჯარო სამსახურის კარი. ასე რომ, ვიღაცის ხელში კონტროლის დიდი მექანიზმია, რაც, ცხადია, ზღუდავს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას, ასეთი ძლიერი კონტროლი სამომავლოდ არსებობს, თუმცა დღეს ამაზე ლაპარაკი სრულიად წარმოუდგენელი და გადაჭარბებული მგონია, მით უმეტეს, ანტიქრისტეს ბეჭედსა და ნუმერაციაზე, ეს დაადასტურა ჩვენმა სინოდმაც. რუსეთსა და საბერძნეთში ამაზე არავინ ლაპარაკობს.
სხვათა შორის, ერთხელ ათონის მთის გარკვეულმა ნაწილმა მკაცრად შეუტია ID ბარათებს - ანტიქრისტეს ბეჭდად გამოაცხადეს.
რუსეთის ეკლესიამ რიგორისტთა ამ ჯგუფს საკითხი ასე დაუყენა: თუ თქვენ ამას ამბობთ, მაშინ უთხარით ადამიანებს, - არ აიღოთ პასპორტები, არ შეირთოთ ცოლი, რადგან მეორედ მოსვლა იწყება, დაანებეთ თავი სამსახურებს, გადით ტყეებში და მონასტერში, თუ ასეთ განცხადებას აკეთებთ, ეს იმას ნიშნავს, აღარ გექნება სამედიცინო დახმარება, ვეღარ ივლი სამსახურში, ოჯახსაც ვერ არჩენ და ასოციალურ პიროვნებად უნდა ჩამოყალიბდე. თუ ვეღარ ისარგებლებ მობილური ტელეფონით, ვეღარ ამშობიარებ მეუღლეს, მაშინ რაღა გინდა ეკლესიაში, თუ ანტიქრისტე ბოგინებს? ხალხი არ უნდა დავაბნიოთ. ათონის მთა მართლაც დიდი ავტორიტეტია, მაგრამ იქაც მოიძებნებიან ისეთი ბერები, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი რიგორისტული შეხედულებებით, ისე როგორც ჩვენთან არსებობს სინოდი, ათონის მთასაც ჰყავს წმინდა კინოტი, რომელზეც ერთობლივად განიხილავენ ყველა საჭირბოროტო საკითხს. ისინი წარმოადგენენ დღეს ათონის მთის კომპეტენტურ აზრს. წმინდა კინოტს ID ბარათებით სარგებლობა ნამდვილად არ აუკრძალავს. 20 წლის წინ ვერავინ დაიჯერებდა, რომ ათონის მთაზე ოდესმე მობილური ტელეფონით ისარგებლებდა. დღეს ყველა ბერი სარგებლობს ამ საშუალებით, თავიდან თუ გახსოვთ, კომპიუტერზეც დიდი ამბავი ატყდა, მაგრამ ახლა გავიგეთ, რომ ამით სასარგებლო საქმის გაკეთებაც შესაძლებელია. საქართველოს წმინდა სინოდი სთხოვს სახელმწიფოს, ალტერნატიული პასპორტები დაუშვან იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ასე ორ დღეში ვერ აუხსნი ID ბარათის მნიშვნელობას. რაღაც პერიოდის შემდეგ ისინიც დარწმუნდებიან, რომ დღესდღეობით ამ პასპორტებში რაიმე განსაკუთრებული საფრთხე არ იმალება. ID ბარათებიც ისეთივეა, როგორც ბანკის ან სხვა სახის პლასტიკური ბარათი, რომლითაც ხშირად ვსარგებლობთ.