როდესაც გარდავიცვლები, ჩემს საფლავთან მოდი, მთხოვე, რაც გინდა და შეგისრულებ
30.06.2006
მართლმადიდებელი ეკლესიის კატეხიზმოს მიხედვით, წმინდანები, ანგელოზებთან ერთად, შუამდგომლობენ ღვთის წინაშე ქვეყნიური ეკლესიის წევრთა სულიერი წარმატებისთვის
და ეწევიან მათ გაჭირვებასა და განსაცდელში, ქვეყნიური, მებრძოლი ეკლესიის წევრები კი თაყვანს სცემენ მათ ნაშთებსა და ხატებს, ვინც ღმერთმა ადიდა ცათა შინა სათნო ცხოვრებისთვის. ადამიანის წმინდანად კანონიზებასა და სხვა საკითხებზე გვესაუბრება საქართველოს ეკლესიის არქიდიაკონი დემეტრე (დავითაშვილი).
- ხდება ხოლმე, რომ ზოგიერთ გარდაცვლილ პიროვნებას ინდივიდუალურად მიიჩნევენ წმინდანად, მაგრამ ადამიანის წმინდანად შერაცხვა მხოლოდ ეკლესიის პრეროგატივაა. როგორ ხდება წმინდანად კანონიზება?
- წმინდანად კანონიზებისათვის ადამიანი სხვადასხვა მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს. მაგალითად: 1. ჰქონდეს განსაკუთრებული ზნეობრივი ცხოვრების წესი; 2. მის საფლავზე აღესრულებოდეს სასწაულები; 3. თუ, დავუშვათ, საფლავს გახსნიან, სხეული უნდა იყოს უხრწნელი. თუმცა საქართველოში საფლავის გახსნის ტრადიცია არ არის. ჩვენ გვყავს წმინდანები, მაგრამ მათი საფლავები არ გახსნილა. საქართველოს ეკლესია დიდი მოწიწებით უდგება ამ საკითხს - გარდაცვლილის სხეულის შეხებას.
- ე.ი. სხეულის უხრწნელობა ყოველთვის არ არის სიწმინდის უტყუარი მაჩვენებელი?
- რა თქმა უნდა. უსხეულო ძვლებიც წმინდა ნაწილებადაა მიჩნეული, რადგან მათგან სასწაულები ხდება. ბოლო დროს საქართველოს ეკლესიის მიერ შერაცხული წმინდანების (ახალმოწამეების) საფლავები არც კი ვიცით.
- შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ზნეობრივი სისუსტეები, მაგრამ თუკი ის მოწამებრივად აღესრულა, მაშინაც ხომ ხდება მისი წმინდანად შერაცხვა (ამის არაერთი მაგალითი გვაქვს)?
- მოწამებრივი სიკვდილი ადამიანს ჩამორეცხს ყველა ცოდვას, რაც მანამდე ჩაუდენია. ამას სისხლით ნათლისღება ჰქვია. ვიცით, რომ ნათლისღების შედეგად ადამიანს ყველა ცოდვა მიეტევება. თეთრი კვართი ახალმონათლულის სპეტაკ და სუფთა სულიერ მდგომარეობას განასახიერებს. ასევეა, როცა ადამიანი მოწამებრივად აღესრულება. მაგალითად, ჩემს მფარველ წმინდანს - დემეტრე თავდადებულს სამი ცოლი ჰყავდა (რაც ისტორიული აუცილებლობით იყო განპირობებული). ამის გამო მან სამი ეკლესია ააგო თბილისში (მეტეხის ტაძარი განაახლა, ნარიყალასა და თაბორის მთაზე ააგო ტაძრები). როგორც ჩანს, მას ეს ცოდვა ძალიან ტანჯავდა და ტაძრების აგებით სული დაიმშვიდა. იგი ერთადერთი მოწამეა მთელ საქრისტიანოში, რომელსაც თავდადებული ჰქვია. "ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი" (პავლე მოციქული). მან აღასრულა მცნება მოყვასის სიყვარულის შესახებ და ხალხისთვის თავი დადო. ამიტომაც საქართველოს ეკლესიამ დემეტრე უყოყმანოდ შერაცხა წმინდანად.
- რა ხანი უნდა გავიდეს ადამიანის აღსრულების შემდეგ, რომ მოხდეს მისი წმინდანად კანონიზება?
- თუ ადამიანი მოწამებრივად აღესრულა, ასეთ შემთხვევაში მცირე დროც საკმარისია. თუ, დავუშვათ, ცხოვრების წესის მიხედვით ხდება ადამიანის წმინდანად კანონიზება, მაშინ გარდაცვალებიდან უნდა გავიდეს გარკვეული პერიოდი, ყოველ შემთხვევაში, ის თაობა უნდა წავიდეს, რომელიც მას პირადად იცნობდა (ეს წესი არ არის, მაგრამ ასე ხდება ხოლმე). მაგალითად, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი წმინდა ნიკოლოზი წმინდანად ოფიციალურად ცნობამდე ბევრ სურვილს უსრულებდა ადამიანებს, მისი ხატიც კი დაწერეს და ტაძარში შეაბრძანეს. მაშინდელმა კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსმა ხატის ტაძრიდან გატანა ბრძანა, მაგრამ მოხდა სასწაული: ერთხელ იგი ზღვაზე გემით მიდიოდა, გემმა ჩაძირვა დაიწყო. მთავარეპისკოპოსმა გემის გადასარჩენად წყალზე მომავალი წმინდა ნიკოლოზი დაინახა. ამ მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ წმინდა ნიკოლოზი წმინდანად შერაცხეს. ჩვენც გვყავს უამრავი წმინდანი, რომლებიც წლების შემდეგ შეირაცხნენ წმინდანებად. მაგალითად, ყველასთვის ცნობილია ისეთი მოღვაწე, როგორიცაა არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე). მე პირადად ვიცნობდი მას, ჩემთვის იგი განსაკუთრებული და ძვირფასი ადამიანია. მივდივარ მის საფლავზე და ვესაუბრები ხოლმე. შეწევნაც, ცხადია, მაქვს, მაგრამ სახალხოდ რომ დავიწყო ლაპარაკი - მამა გაბრიელი წმინდანია-მეთქი, არ იქნება მართებული, რადგან მე ვარ ეკლესიის წევრი და არ წარმოვადგენ ეკლესიას. ამის შესახებ დასკვნა ეკლესიამ უნდა გააკეთოს. მე კი მჯერა, რომ მომავალი თაობა მამა გაბრიელს წმინდანად შერაცხავს.
შაბათობით სიონში სრულდება წირვა, რომელსაც შვილგარდაცვლილი მშობლები ესწრებიან. მათ უწმინდესი ეუბნება ხოლმე: უნდა მიხვიდეთ და ესაუბროთ თქვენს შვილებს, ისინი ცოცხლები არიანო.
თურმე უწმინდესი ეფრემი ჩვენს პატრიარქს ეუბნებოდა: როდესაც გარდავიცვლები, ჩემს საფლავთან მოდი, მთხოვე, რაც გინდა და შეგისრულებო. ერთხელ უწმინდესმა ლოცვა-კურთხევა ჩვენც მოგვცა, უწმინდესი ეფრემის საფლავთან მივსულიყავით და შეწევნა გვეთხოვა მისთვის. მე პირადად არასდროს გამწბილებია ჩემი თხოვნა. მინახავს, ჩვენი პატრიარქის საძინებელ ოთახში კედელზე მისი მშობლების სურათი კიდია, იქვე კანდელიც ანთია. უწმინდესი ესაუბრება ხოლმე მშობლებს, მათთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. ურთიერთობა ჩვენსა და წინაპრებს შორის არასდროს წყდება, მარადიულად გრძელდება. მაგრამ დამოკიდებულება ჩვენთვის საყვარელი ადამიანების მიმართ, ვიმეორებ, უნდა იყოს რაღაც ჩარჩოში ჩასმული და არა საზოგადოების წინაშე საყვირალი.
- ხომ არიან ისეთი წმინდანებიც, რომელთა წმინდანობა ჩვენთვის დაფარულია?
- როცა ინებებს ღმერთი, მაშინ გამოგვიცხადებს. მაგალითად, წმინდა ამბროსი ხელაია, კირიონ საძაგლიშვილი და სხვები გარდაცვალების წამიდან წმინდანები არიან, მაგრამ ეკლესიამ მაშინ აღიარა ეს, როცა ამის შესახებ ღმერთმა გამოუცხადა.
- ვთქვათ, გაჩნდა აზრი ამა თუ იმ კონკრეტული პიროვნების წმინდანად შერაცხვის შესახებ. ვის ევალება ამ საკითხის განხილვა?
- წმინდა სინოდის დადგინებით შეიკრიბება კომისია. უსათუოდ დაიწერება ამ წმინდანის ცხოვრება, ტროპარ-კონდაკი, რითაც უნდა ვევედროთ მას და ხატი. მერე უკვე ხდება წარდგინება საეკლესიო კრებისათვის, რომელიც იღებს წმინდანად შერაცხვის გადაწყვეტილებას. უკანასკნელად წმინდანად შერაცხეს ვახტანგ III, დემეტრე II-ის ძე.
წმინდა ილია მართლის კანონიზება მოხდა 1988 წელს. უწმინდესმა გვიამბო წმინდა ილია მართლის საფლავზე მომხდარი პირველი სასწაულის შესახებ. ერთხელ უწმინდესს მის საფლავზე სანთელი დაუნთია. ამ დროს ჩაესმა ხმა: არა მხოლოდ მე, არამედ ფილიპესაც დაუნთეო (ყველამ ვიცით, რომ ფილიპე მახარაძე ილიას მკვლელობაში მონაწილეობდა). მაშინ ფილიპე ჯერ კიდევ მთაწმინდაზე განისვენებდა. პატრიარქი წავიდა და, ილია მართლის ლოცვა-კურთხევით, მასაც დაუნთო სანთელი.
- ხშირად წმინდანის ხსენების დღე არ ემთხვევა მისი აღსრულების დღეს...
- წმინდანის ხსენების დღე შეიძლება მისი ანგელოზის დღესაც დააწესონ. ილია მართალი თავისი ანგელოზის დღეს - 2 აგვისტოს აღნიშნავდა, ამიტომ მისი ხსენებაც ამ დღეს დადგინდა. საგულისხმოა, რომ დემეტრე თავდადებულის ხსენების დღეს (რომელიც მისი აღსრულების დღეს ემთხვევა) აღინიშნება ასევე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. ვფიქრობ, იგი დიდი მფარველია ჩვენი ეკლესიისა. წმინდანის ხსენების დღე ერთხელ და სამუდამოდ დგინდება.
- წმინდანთა სიმრავლე, მათი მოწოდება ლოცვის დროს ალბათ წაადგება ჩვენს ერსა და ეკლესიას...
- რაც მეტი წმინდანი ჰყავს ქვეყანას, მით უფრო ძლიერია იგი. მიწაზე მყოფნიც ვევედრებით უფალს, მაგრამ ზეცაში სულ სხვა სიახლოვეა, წმინდანთა ხმას მეტად შეისმენს ღმერთი. წმინდანები გულმხურვალედ მლოცველნი და მეოხნი არიან ჩვენთვის ღვთის წინაშე. ჩვენს უწმინდესს გარდაცვლილი ჰყავს ახალგარდა ძმა - თეიმურაზი. ერთხელ სიზმარში უნახავს და უთხოვია: საქართველოსთვის ილოცეო. სიზმარში ძმა პატარა კრავივით ყოფილა თურმე. უწმინდესს გულში ჩაუხუტებია. "საქართველოს დიდების" ხატთან მისულან. "ეს ქართული ეზოა, რომელიც შენთვის და საქართველოსთვის ლოცულობსო", - უთქვამს თეიმურაზს. არსებობს ზეციური საქართველო, სადაც ერთად არის თავმოყრილი ყველა ჩვენი წმინდანი. იმედი მაქვს, რომ მომავალში კიდევ მრავალი წმინდანი წარმოჩნდება ჩვენი ისტორიიდან და მეტი მლოცველი ეყოლება საქართველოს, რაც მისი გადარჩენის საწინდარია, რადგან წმინდანების მიმართ ლოცვა და მადლიერება ისევ ჩვენ გვიბრუნდება.