1. ყოველი ეპოქა თავისებურებით ხასიათდება. თქვენი აზრით, რა არის ჩვენი დროის მთავარი გამოწვევა, რომელიც გადაგვეღობება ღვთის გზაზე და როგორ გადავლახოთ წინააღმდეგობები ისე, რომ სული არ დავიზიანოთ?
2. ID ბარათების შემოღებასთან დაკავშირებით, დღემდე განსხვავებული შეხედულება არსებობს მორწმუნე საზოგადოებაში. როგორია თქვენი პოზიცია?
ანკეტის შეკითხვებს უპასუხებენ მშენებელი ინჟინერი გურამ ონიანი და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი კალანდია.გურამ ონიანი, 77 წლის, მშენებელი ინჟინერი, ამჟამად პენსიონერი. მისი მეუღლეა ცისანა დევდარიანი, შვილები: ზვიადი, ზურაბი და მამა კირიონი. 1. ჩვენი დროის მთავარ გამოწვევად მიმაჩნია გლობალიზაცია და კოსმოპოლიტიზმი, ეს ორი სიტყვა ერთსა და იმავე შინაარსობრივ დატვირთვას ატარებს, რომლის შესახებაც საოცარი განმარტება მოგვცა ვაჟა-ფშაველამ თავის პუბლიცისტურ წერილში "კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი". თუ უპირველესად შენი სამშობლო არ გიყვარს, სხვას ვერ შეიყვარებ, - ამბობდა ვაჟა.
გლობალიზაციას ჩვენ ვეღარ შევაჩერებთ, თუმცა ჩვენისთანა პატარა ერისთვის რომ ამ პროცესმა ცუდი შედეგი არ მოიტანოს და არ შეაფერხოს ქვეყნის ეროვნული წინსვლა და განვითარება, სახელმწიფოს სათავეში კეთილმორწმუნე, ღვთისმოყვარული პიროვნება უნდა იდგეს. ზვიად გამსახურდიას შემდეგ ჩვენ ასეთი ხელისუფალი აღარ გვყოლია, მას კი დინების საწინააღმდეგო ცურვაში დასდეს ბრალი. ამიტომაც ძნელი იყო ჩვენი ყოფა-ცხოვრება განვლილი ორი ათეული წლის მანძილზე. ქვეყანა რომ ფეხზე წამოდგეს, ერი და ბერი უნდა გაერთიანდეს, ამაში ვხედავ მე გადარჩენას, როგორც ჩვენი პატრიარქი ილია მეორე ბრძანებს, ყველაზე მეტად, ერთსულოვნება გვაკლია ქართველებს. ღვთისმშობლის შემწეობა რომ მივიღოთ, ამას დამსახურება სჭირდება, ბევრი უნდა ვიშრომოთ, ღირსება დავიბრუნოთ და, რაც მთავარია, რწმენაში გავძლიერდეთ. ვერც ევროპა გვიშველის და ვერც ამერიკა, თუ თვითონ არ ვუშველეთ თავს. მოწოდება მეტწილად ჩვენი პატრიარქისგან მოდის, სხვა მომწოდებელი და სწორი გზის მაჩვენებელი ჯერჯერობით არა გვყავს. დღითი დღე საშიშ ფაზაში შევდივართ. ზბიგნევ ბჟეზინსკიმ საჯაროდ განაცხადა: "ჩვენ დავამარცხეთ კომუნიზმი, ახლა მართლმადიდებლობის ჯერიაო". რაზეც არ ყოფილა ჩვენი მხრიდან ისეთი რეაგირება, როგორიც უნდა ყოფილიყო. ცხადია, დღეს ბევრი ებრძვის ჩვენს ეკლესიას შეფარვით, როგორც სახელმწიფოს შიგნით, ისე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ხელით. თუ სიფხიზლეს მოვადუნებთ და ყველაფერს შევეგუებით, ჩვენს გასაკეთებელ საქმეს სხვა ნამდვილად არ გააკეთებს და ხვალ შესაძლოა უფრო რთულ ვითარებაში აღმოვჩნდეთ, ვიდრე დღესა ვართ.
2. ID ბარათების შემოღება ჯერ კიდევ არ არის ბეჭედი, თუმცა რისიც ჩვენს მორწმუნე საზოგადოებას ეშინია, ის არის, რომ ჩიპიან პასპორტებს ამ ბეჭდის მიღების წინა ეტაპად მოიაზრებენ, რაც, დამერწმუნეთ, არ გახლავთ უსაფუძვლო შიში და ამ მოსაზრებას მეც ვიზიარებ. ID ბარათი ჯერ არ არის რაიმე საფრთხის შემცველი, ამ ეტაპის დასრულების შემდეგ, ალბათ, რაიმე ნიშნის დადებასაც გვაიძულებენ. გვეტყვიან, თუ ამას არ გააკეთებთ, ვერაფერს მიიღებთ და ვერაფერს იყიდითო, თანდათანობით ფულსაც ამოიღებენ მიმოქცევიდან. ამ ბარათულ სისტემას არ მოჰყვება ჯერჯერობით რაიმე შეზღუდვა საქმით, მაგრამ შემდგომი ეტაპი გაცილებით მძიმე იქნება მორწმუნე საზოგადოებისთვის, რადგან ვისაც გულში ღმერთი ეყოლება, ნიშანს არ დაიდებს, საყოველთაო მოთხოვნას არ დაემორჩილება, რაც თავგანწირვაზე წასვლის ტოლფასი იქნება.
ამ ორ პირობას, გლობალიზაციას და ჩიპიანი პასპორტების ყველა ქვეყანაში შემოღებას, ალტერნატივა არ გააჩნია, რაც მე მოსამზადებელი პერიოდი მგონია ერთიანი მსოფლიო მთავრობის ჩამოსაყალიბებლად, რომელსაც ახლო მომავალში უნდა ველოდოთ. მამა გაბრიელმა არაერთხელ გაგვაფრთხილა, - თქვენ ანტიქრისტეს მოესწრებითო. 77 წლის კაცი ვარ, კიდევ რამდენი ხანი უნდა ვიცოცხლო? და თუ მე ყველაფერ ამას მოვესწრები, მართლაც ძალიან ახლოს ყოფილა ყველაფერი.
წმინდანად ახალშერაცხილი მამა გაბრიელი არის ჩვენი ხსნა და გადარჩენა. ჩვენ იმით ვართ ბედნიერი ერი, რომ წმინდანთა უზარმაზარი ზეციური დასი გვყავს და თუ მოწოდების სიმაღლეზე ვიქნებით, რისი უნდა გვეშინოდეს? მთავარია, გვჯეროდეს მათი შემწეობისა. თუ მათ შევღაღადებთ, შევთხოვთ საქართველოსა და ჩვენი ოჯახების გადარჩენას და გულით მივენდობით ღმერთს, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ საქართველოს, ღვთისმშობლისა და წმინდანთა შემწეობითა და მეოხებით, დამარცხება არ უწერია. მამა გაბრიელს უთქვამს, ანტიქრისტე საქართველოში ტახტს ვერ დაიდგამს, მაგრამ პატარა დევნა იქნება. ამიტომ როცა გაგიჭირდებათ, ნუ გათითოკაცდებით, 10-15-კაციან ჯგუფებად გადით ტყეში, უფალს თქვენთვის ყველაფერი მზად ექნება. როცა ძალიან გაგიჭირდებათ და უიმედობაში ჩავარდებით, მეც მოგეშველებით და ღვთისგან ნუგეშს მიიღებთ, მთავარია გულში გყავდეთ უფალი და მიწა იქნება თუ ხმელი ფოთოლი, ისიც შიმშილს მოგიკლავთ და შეგერგებათ. თუ საჭირო შეიქმნება, იმ მსხვერპლზეც წადით, მიატოვეთ, რაც კი გაბადიათ და გული ნურაფერზე დაგწყდებათ, რადგან ეს ყველაფერი ისედაც წარმავალია და საფლავში მაინც ვერ ჩაიტანთ, მთავარია, სულის გადარჩენაზე იფიქროთო..." ასე გვანუგეშებდა მამა გაბრიელი. შეგვეწიოს მისი მადლი ჩვენ და სრულიად საქართველოს!
გიორგი კალანდია, 36 წლის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს თეატრის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, უცოლშვილო1. ყველაზე დიდი პრობლემა ღვთისკენ მიმავალ გზაზე, ჩემი აზრით, არის ჩვენივე ქმედებები. დაბრკოლება ამ გზაზე შეიძლება ვიყოთ თავადვე ჩვენ, თუ ფართოდ გავხსნით გულის კარს და მასში უფალს შემოვუშვებთ, მაშინ უპრობლემოდ ვივლით და ვერავინ და ვერაფერი შეგვიშლის ხელს, რომ სული გადავირჩინოთ.
ადამიანი შეიქმნა ხატად და მსგავსად ღვთისა და შეიძლება სამყაროს ყველაზე დიდი სუბსტანციის, ყოვლისშემძლე უფლის პროტოტიპს, ვინმე წინ გადაუდგეს და წმინდა სურვილზე ხელი ააღებინოს, თუკი ეს მისი ნება არ იქნება? ჩემი ღრმა რწმენით, თუკი ადამიანი მოინდომებს, მას ბევრი რამ შეუძლია. როგორც კეთილი საწყისი, ბოროტი საწყისიც არსებობს ჩვენსავე თავში. ბოროტებასაც და სიკეთესაც ჩვენვე ვქმნით, ადამიანები, ამიტომ, იგი გარეთ, სხვაგან არ უნდა ვეძიოთ. ბოროტ საქმეს თუ არ ავყვებით და არ მივცემთ გასაქანს, არ იქნება ბოროტება, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, ადამიანს იმიტომ ჰქვია თავისუფალი, რომ იგი უფალია თავისი თავისა.
2. ვიზუალურ, გარეგნულ ფაქტორებს ყველაზე ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებ. ID ბარათით არ წყდება ჩვენი რწმენისა და ურწმუნოების საკითხი. ჩემი აზრით, ღვთის რწმენა ცოტა უფრო ღრმად არის ფესვგადგმული ადამიანის სულში, ჩვენს გონებაშიც უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები წყდება, ვიდრე ID ბარათია. გიორგი სააკაძეს მუსლიმანური ტანსაცმელი ეცვა, მუსლიმანურ ლოცვებშიც მონაწილეობდა, მაგრამ სულითა და გულით ქრისტიანი ქართველი იყო. ამიტომ ჩემი შეხედულებით, გარეგნულ იერსახეს არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ცხოვრებაში ბევრი მინახავს მორწმუნის მანტიამოსხმული ადამიანი, რომელიც ძალიან შორს იდგა რწმენისაგან ამიტომ, ამ კითხვაზეც დაახლოებით იმავეს გიპასუხებთ;
ID ბარათით სარგებლობაში ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ და ამასთან დაკავშირებით, ჩვენს საზოგადოებაში ატეხილი აჟიოტაჟი ძალიან პროვინციულ კამათად მეჩვენება. საფრთხეს მე ვხედავ ადამიანის სულიერ მდგომარეობაში და არა ID ბარათის გამოყენებაში.
თემის განხილვაში მონაწილეობს გურჯაანისა და ველისციხის, სოფელ კაჭრეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა შოთა ორველაშვილი:- დროის თავისებურებებიდან გამომდინარე, ყველაზე დიდი გამოწვევა გლობალიზაცია და ინტეგრაციაა, რაც აარიდებს და აერთსახოვნებს ადამიანის სამყაროს ღვთაებრივ კანონზომიერებას. კულტურულ, ტრადიციულ, ეთნიკურ განსხვავებულებათა პალიტრის გაღარიბება, გაერთსახოვნება, მსოფლიო მოქალაქის უფესვო, უისტორიო ქიმერას ქმნის, რომელიც ამზადებს ნიადაგს მსოფლიო დიქტატურის გარდაუვალი დამყარებისა და ანტიქრისტეს უღლისათვის.
ადამიანის ცხოვრების ამოცანაა არა გადაგვარება, სხვათა მიბაძვა და საკუთარ თავზე, საკუთარ ეროვნებაზე, საკუთარ სახელზე, საკუთარ პიროვნებაზე უარის თქმა, არამედ საკუთარი სახის შენარჩუნებაზე, გაკეთილშობილებაზე, საკუთარი სულის ზრდაზე ზრუნვა.
"ყველა ერი თავისუფლებას ეძებს, რათა თავად იყოს თავისთავის პატრონი, თვითონ მოუაროს თავს, თავის საკუთარი ძალ-ღონით განვითარდეს, ცალ-ცალკე ეროვნებათა განვითარება აუცილებელი პირობაა მთელის კაცობრიობის განვითარებისა", - ვაჟას ეს სიტყვები დღეს რომ აქტუალურია, ისე არასდროს ყოფილა. ისევ ვაჟა-ფშაველას დავესესხები და მაშინდელ კოსმოპოლიტიზმს დღევანდელი ინტერნაციონალიზმით შევცვლი, რაც ერთი და იგივე შინაარსისა და ერთი ნიშნის მატარებელია და ამ მოვლენის მომხრეთა და ხელისშემწყობთა გასაგონად ვიტყვი: "გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, ილოცე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები, ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფორმით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი. იგი, თავისავე შეუმჩნევლად, დიდი მტერია კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს".
გლობალიზაციის წამლეკავი ტალღა კარგად იგრძნობა მსოფლიო კულტურის ამერიკანიზაციაში, საყოველთაოდ გამოცხადებულ მუსიკალურ პროექტებში და შოუბიზნესში, ჩვენმა შვილებმა ძალზე ცოტა რამ იციან სხვა ხალხთა მონაპოვრების შესახებ ფოლკლორული, კინო-თეატრის, სახვით თუ სამუსიკო ხელოვნებაში. ეს ცალმხრივობა აღარიბებს, აერთსახოვნებს, აარვისებს და ადამიანებს უცხო კულტურის უდაბნოში ჩაშრეტის საშიშროების წინაშე აყენებს.
დაბალი ხარისხის კულტუროლოგიური დეზორიენტაციის ნიშნის მატარებელი ზნეობაგამოცლილი პროდუქტი უარყოფით გავლენას ახდენს მომავალ თაობაზე და ამ ზნეობრივი ლიბერალიზმით მოწამლული თაობა, ამ ნიადაგგამოცლილი, ფესვმოწყვეტილი, ისტორიადავიწყებული, ღვთისგან დაშორებული საუკეთესო მასალაა მსოფლიო გლობალიზაციისა და ანტიქრისტეს მისაღებად. ამ ყველაფერს ცივილიზაციის მონაპოვრის ტექნოლოგიების თავბრუდამხვევი განვითარების შეუქცევადი პროცესი უწყობს ხელს, რაც უმართავს ხდის მიმდინარე პროცესებს. ეს სამყაროსა და კაცობრიობის განვითარების შეფერხების, დაკნინებისა და სულიერი კრიზისის ლოგიკური გაგრძელებაა, მაგრამ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს.
თუ გლობალურ პროცესს ხელს ვერ შევუშლით, ის მაინც შეგვიძლია, რომ ღირსი გავხდეთ ნოეს კიდობანში მოხვედრისა. ამ ფუნქციას მხოლოდ ეკლესია ასრულებს, ჰოდა, დავუბრუნდეთ დედა ეკლესიას, ვიცხოვროთ ღვთის სათნოდ და მოთმინებით აღვიჭურვოთ, ვიყოთ ღირსეული მამულიშვილები, გვწამდეს და გვქონდეს სასოება ღმრთისა. გვიყვარდეს ადამიანი ღვთის ხატი, ბოროტისაგან შეურაცხყოფილი, ვიშრომოთ და ვიყოთ მზად სულის ზრდისათვის და ღმერთთან ღირსეულად შეხვედრისთვის. პროტოპრესვიტერ ალექსანდრე შემანის სიტყვებს მოვუხმობ: "მხოლოდ პიროვნებაში და არა განყენებულ სტრუქტურებსა და დაწესებულებებში მარცხდება ბოროტი და ზეიმობს სიკეთე, ამიტომაც ვლოცულობ უწინარესად ჩვენივე თავისთვის, რადგან ყოველ ჯერზე როცა დაიძლევა განსაცდელი, როცა ვირჩევ რწმენას, იმედს, სიყვარულს და არა ბოროტების წყვდიადს, სამყაროში იწყება გამარჯვების ახალი მიზეზობრივი წყება, ახალი შესაძლებლობა".
გვჯეროდეს, რომ ღმერთი არასდროს დაგვტოვებს, ოღონდ ჩვენ არ ვეცადოთ გაქცევა მისგან, ჩვენი ხსნა ღვთის სასოებასა და ჩვენს სწორ არჩევანშია, მოგვიწევს ბევრ წუთისოფლურ კეთილდღეობაზე უარის თქმა, მოთმინება, რათა მოვიპოვოთ ღმერთთან მოხვედრის ლიმიტი, ღმერთი მოწყალეა და არ დაგვიკარგავს ამ ღვაწლს ჩვენი კუთვნილი ჯვრის ერთგულად ტარებისთვის და გადაგვარჩენს.
ღმერთმა ადამიანს თავისუფალი არჩევანი თავისებური ნება მიანიჭა, რაც მისი უმაღლესი მიზნის ღმერთთან მიახლოებისა და ცხონების აუცილებელი პირობაა, სადაც არ არის თავისუფალი არჩევანი, იქ ცხონება გამორიცხულია, რაც ღვთისთვის არასათნოა. ცდუნება არჩევანს გიტოვებს, ძალადობა არა, თუმცა ძალადობა არანაკლებ აზარალებს ადამიანს, რადგან იქ ნება დათრგუნული და პარალიზებულია, მაგრამ შინაგანი პროტესტი ძალადობისა და ბოროტების მიმართ მიჯნავს ადამიანს ამ ძალადობისაგან და დათრგუნვის მძიმე ჯაჭვის მტვირთველად აქცევს, მაშინ როცა ცდუნება ნებას თავისუფალს უტოვებს ადამიანს და გამძლეობას სცდის.
თუ ID ბარათი ჩვენს თავისუფლებას ხელყოფს, ეს ღვთისთვის არასათნო იქნება.
მეტი დამაჯერებლობა და შუქია შესატანი იმ თავსმოხვეული და უალტერნატივო ID ბარათების გარშემო, როგორც სასულიერო იერარქიების, ისე იმ ტექნოლოგიების შემქმნელ-დამნერგველთა მხრიდან, არგუმენტირებული პასუხებით გაიფანტება ეჭვები, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს. უამრავმა მითქმა-მოთქმამ ამ თემის გარშემო, სასულიერო ავტორიტეტებისა და წმინდა მამების გაფრთხილებებმა, მრავალი კითხვა და ეჭვი გააჩინა, შიში დანერგა და გადაუდებელ პრობლემად აქცია ახალი პირადობის მოწმობების საქმე და თუ ნამდვილ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ, მაშინ მოთხოვნა ალტერნატიულ პირადობის მოწმობაზე, დადებითად უნდა გადაწყდეს და თუ ესეც შეუძლებელია, ესეც უნდა დასაბუთდეს.