მრევლის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხებს ქარელის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მამა ილია ჩიკვაიძე.
- ადამიანებმა, რომლებმაც ძალიან მაწყენინეს და მათ მიმართ დავკარგე სიყვარული და აღარ მაქვს მათთან ურთიერთობა, დიდი დანაშაული იქნება ჩემი მხრიდან, რომ მათი სახელები აღარ მოვიხსენიო ლოცვებში?
- ნაწყენობა არის ამპარტავნებისა და მრისხანების გამოვლინება, რომლებიც საშინელ ცოდვად ითვლება, როგორც წმინდა იოანე კლემაქსი განმარტავს, მრისხანებას რამდენიმე ფორმა აქვს, მათ შორის ასახელებს ნაწყენობას, გულღრძოობას, გაავებას, ეჭვიანობას. როცა აღსარებაში ჩვენ ვამბობთ რომ ეჭვიანი ვართ, მოძღვარი უკვე ხვდება, რომ ეს მრისხანებიდან მოდის. ადამიანი რომელიც სხვას ვერ პატიობს, უნდა იცოდეს, რომ ეს ამპარტავნებით მოსდის და ამ ცოდვას ამპარტავნებიდან უნდა ებრძოლოს, რაც შეიძლება ხშირად გაიხსენოს თავისი ცოდვილი დამოკიდებულება ღმერთთან და ადამიანებთან. წმინდა იოანე კლემაქსი (კიბისაღმწერელი) თავის ერთ-ერთ საოცარ ნაშრომში ბრძანებს: ადამიანს არა მხოლოდ ღმერთთან და ადამიანებთან აქვს თავისი დამოკიდებულება, არამედ საგნებთანაც. თუ შენს შესამოსელს იმაზე ბევრჯერ გარეცხავ, ვიდრე საჭიროა, უკვე უსინდისოდ იქცევი, რადგან ღვთის მოწყალებით შენი სამოსი, ნივთი ან საგანი, რომელსაც მოიხმარ, დავუშვათ, თუ ერთი წელი უნდა გეხმარა, ბევრი რეცხვით ან უპატიო დამოკიდებულებით ექვს თვეში გაცვითე, ანუ მისთვის ღვთისგან განსაზღვრული დრო გაანახევრე, ამით ღვთის მოწყალება დაარღვიე.
მით უმეტეს, ადამიანი, რომელიც შენს დაკარგვას განიცდის ან იქნებ არც კი განიცდიდეს, მაგრამ შენზე ნაწყენი გავიდეს წუთისოფლიდან, რას შვრები მერე? თუ საგნების არაკეთილსინდისიერად მოპყრობას წმინდა იოანე უსინდისობას უწოდებს, ადამიანი, რომელიც ღვთის მსგავსი და ხატია, მის მიმართ თუ სიძულვილით განვეწყობით და ნერვიულობით შევუმოკლებთ სიცოცხლის დღეებს, მაშინ ღმერთს რა პასუხს ვაძლევთ? მერე ვიტყვით, ღვთის გარეშე არაფერი ხდებაო, რა თქმა უნდა, ეს ასეა, მაგრამ ჩვენც ხომ ვმონაწილეობთ ღმერთთან ერთად სამყაროს განვითარებაში და ვიწვევთ განსაცდელებს. უფალს ნამდვილად არ სურს ჩვენი განსაცდელში ყოფნა. "მამაო ჩვენოს" უფლისგან მოცემულ ლოცვაში ჩვენ ვევედრებით მას, ნუ შეგვიყვანს განსაცდელში, მაგრამ თუ მე ახლობელს ვერ ვპატიობ, ამის გამო ვანერვიულებ და ცუდად მოვექცევი, ის განსაცდელი ხომ ჩემგან იქნება გამოწვეული და არა უფლისგან? როცა ადამიანისთვის განსაცდელს გამოვითხოვ, რატომ გვიკვირს, რომ ამისთვის სასჯელი მოდის ჩვენზე. "მამაო ჩვენოს" ლოცვიდან გამომდინარე, როგორც ჩვენ მივუტევებთ სხვას, ჩვენც იმგვარად მოგვიტევებს უფალი და როცა ღმერთს ყოველდღე ვაძლევთ ამის აღთქმას, თუ მას დავარღვევთ, ეს ხომ ლოცვა კი არა, ჩვენივე თავის დაწყევლა გამოვა. ამიტომ ეს ძალიან მარტივი ფორმულაა, როგორც ჩვენ სხვას მოვექცევით, ისე მოგვექცევა ღმერთი და თუ მივუტევებთ ადამიანებს, ღვთისგანაც მივიღებთ მიტევებას.
- რა ასაკში უნდა მოვნათლოთ ჩვენი შვილები და შეიძლება თუ არა მათ მონათვლის შემდეგ ნათლობის ჯვარი ატარონ?
- ნათლობის ჯვარს, როგორც დიდ სიწმინდეს, მშობლები ინახავენ, სანამ ისინი გააცნობიერებდნენ მისი ტარების მნიშვნელობას, მანამდე კი ბავშვს სხვა ჯვარი უნდა ვუკურთხოთ და ის ვატარებინოთ. მით უმეტეს, თუ ის ჩვილია, ცხადია, არ უნდა დავკიდოთ ნათლობის ჯვარი, რომ უნებურად არ მოიგლიჯოს და არ დაიკარგოს!
მშობლებს ვურჩევდი, ასაკთან ერთად მიაღებინონ თავიანთ შვილებს ქრისტიანული აღზრდა, რათა ყრმობიდან შეიმეცნონ მათ ქრისტეს მცნებები, შეიტკბონ მაცხოვრის მაცხოვნებელი სახარებისეული სწავლება. როცა ოჯახში მადლი ტრიალებს, ბავშვში უხილავად გამოისახება ქრისტეს ჯვარი, რომელიც იცავს მონათლულს ბოროტის გავლენისაგან, მაგრამ პატარას, აუცილებლად უნდა ეკიდოს გულზე ეკლესიაში ნაკურთხი ჯვარი, რომ დაცული იქნას უკეთესი ძალისაგან. ალბათ ვიცით, როგორც უფალი გვაკურთხებს, კეთილი ანგელოზები გვიცავენ და წმინდანები გვმფარველობენ, შესაბამისად, ბოროტი სულები თავგამოდებით იბრძვიან ჩვენს წინააღმდეგ, იმისათვის, რომ გადაგვახვევინონ ჭეშმარიტი გზიდან. ბავშვი რომ ამ ძალების შემოტევისგან დავიცვათ, დაბადებიდან რაც შეიძლება მალე უნდა მოვნათლოთ, ხშირად ვაზიაროთ, ვილოცოთ მისთვის, რომ უფლის მადლი და წყალობა არ მოაკლდეს. ხშირად მშობლები შეჭირვებულნი მოდიან მოძღვართან ბავშვის ავადმყოფობის გამო და გვთხოვენ, გამოსავალი მოვნახოთ მისი ჯანმრთელობის აღსადგენად, მეტწილად ამის მიზეზი თვით მშობლებია. მართალია, წინაპრებისა და სისხლით ნათესავების მოუნანიებელი ცოდვა ჩვილზე არ გადადის, მაგრამ როცა ხაზი გამრუდდება და ბავშვის მშობელი ან წინაპარი გადაუხვევს სწორი, ეკლესიური მიმართულებიდან, ეს ბავშვზეც აისახება, რადგან სანამ ის უმწეო და დაუცველია, თუ მშობლის გზა გამრუდდა, ის ძალაუნებურად ბავშვსაც გაიყოლებს თან, ამიტომ ცოდვა უნდა გამოსწორდეს.
თუ ოჯახი მადლმოსილია და მოძღვრის ლოცვა-კურთხევას არის დაქვემდებარებული, მონათლულ ბავშვზე უხილავად გამოისახება ქრისტეს ჯვარი და სადაც მადლი და ჯვარია, იქ ეშმაკს რა ხელი აქვს. უწმინდესი ილია მეორისაგან არაერთხელ მოგვისმენია, რომ ადამიანმა თავისი ცხოვრების წესით უნდა შექმნას სულიერი ჯვარი, როგორც ვერტიკალურად, ისე ჰორიზონტალურად, რაც ღვთისა და მოყვასის სიყვარულში უნდა ვლინდებოდეს, რადგან სიყვარული ყოვლისმძლეა და ის დაიცავს ჩვენს შვილებსა და ოჯახებს.
ბავშვები, ჩვენთან შედარებით უფრო ადვილად აღიქვამენ მიღმიურ სამყაროს. თუ დააკვირდებით, ზოგჯერ თვალს გააშტერებენ და რეაგირებენ იმაზე, რაც მათ თვალწინ ხდება. მერე და მერე, ასაკის მომატებასთან ერთად, იბინდება მათი სულიერი ხედვა და მის ადგილს წუთისოფლისეული ხედვა იკავებს. ასე რომ, პატარები ჩვენზე ახლო კონტაქტში არიან ზეცასთან, აღიქვამენ როგორც კეთილი, ისე ბოროტი ანგელოზების მოქმედებას. ამიტომ ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ წარვმართავთ მათ ცხოვრებას, ვიდრე ისინი სრულყოფილ პიროვნებად ჩამოყალიბდებიან.
მრევლის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხებს თბილისის იყალთოს გორაზე მდებარე ჯვართამაღლების, წმინდა ნინოსა და მცხეთის წინდა დიმიტრი თესალონიკელისა და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიათა წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე.
- გასული საუკუნის 80-იან წლებში საგარეჯოს რაიონის ერთ-ერთი ეკლესიიდან განუკვეთავთ მოძღვარი, მისი მონათლულები კი ხელმეორედ მოუნათლავთ. მეც 1982 წლის მაისში ვყოფილვარ იმ ეკლესიაში მონათლული. მაინტერესებს, ვითვლები თუ არა მონათლულად, თუ თავიდან უნდა მოვინათლო, ძალიან მაწუხებს ეს ამბავი, იქნებ, მირჩიოს მოძღვარმა, ვის მივმართო დახმარებისთვის.
- ეს პირად მოძღვართან გასარკვევი საკითხია, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ქალბატონს არ ჰყავს მოძღვარი. მან აუცილებლად უნდა მიმართოს ეპარქიის მღვდელმთავარს, რომელსაც ეცოდინება, რა მიზეზით განკვეთეს ამ ტაძრის მოძღვარი. თუ მას მითვისებული ჰქოდა მღვდლობა და ამის გამო განკვეთეს ეკლესიიდან, მაშინ აუცილებლად თავიდან უნდა მოინათლოს, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში მისი ნათლობა ძალაში დარჩება და აღარ დასჭირდება ხელმეორედ მონათვლა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი