- როდესაც ქალი მოკლე კაბით ან შარვლით მიდის წმინდა ბარძიმთან ზიარების მისაღებად, ეს ფაქტი თავისთავად ამის დასაშვებობაზე კურთხევას ხომ ნიშნავს მოძღვრისაგან?
- ეს არავის საქმე არ არის, რიგ შემთხვევაში, მოძღვარმა შეიძლება აზიაროს ვინმე გარეგნული კანონიკის დარღვევით, მაგრამ თუ ამის მოტივაცია არ ვიცით, უმჯობესია, თავი შევიკავოთ განსჯისაგან. რა თქმა უნდა, მოკლე კაბით და შარვლით ქალისთვის ტაძრის გარეთაც დაუშვებელია სიარული, არამცთუ ზიარებაზე, ეს სხვა თემაა, მაგრამ თუ დავინახე, მოძღვარმა ის საზიარებლად დაუშვა, უნდა ვიცოდე მოტივაცია, რატომ გააკეთა ასე. თუ მოტივაცია ის არის, რომ მისთვის სულერთია, როგორ ივლის თავისი სულიერი შვილი, ეს, რა თქმა უნდა, არასწორია, მაგრამ თუ ამას აკეთებს გარკვეული პედაგოგიური მოსაზრებით, ეს უკვე სხვა საქმეა. პავლე მოციქული რომ ამბობს: "ყველასთან ყველა ვიყავიო" ანუ გარკვეულ დათმობებზე მიდიოდა, რომ უმეტესი შეეძინა, რათა ადამიანში აღეძრა სწრაფვა ქრისტესადმი, მერე რომ შინაგანი ფერისცვალებით გარეგანი ფორმაც შეიცვალოს, მაშინ ასეთი მიდგომა სწორია.
მახსენდება - როცა ერისკაცი ვიყავი, ერთი საინტერესო მოძღვარი (ფაქტობრივად, ჩემი მოძღვარი), რომელიც გარეგნულ ფორმებშიც კი სიმკაცრით გამოირჩევა, ტაძარში ერთ ახალმოსულ მრევლს შარვლითა და "შლაპით" აზიარებდა. ჩემთვის ეს მაშინ მიუღებელი იყო. გავიდა წლები და ეს გოგონა გულანთებული ქრისტიანი გახდა. ამიტომ ვფიქრობ, მოძღვრისგან ასეთ ინდივიდუალურ დაშვებას მრევლმა ნაკლები ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან თუ მას სიღრმისეული მოტივაცია აქვს ამისი და ჩვენ მას განვსჯით, ამით დიდ ცოდვას ვიღებთ ჩვენს თავზე, თუ არა და, მოძღვარი თვითონვე აგებს პასუხს უფლის წინაშე თავის ყველა ქმედებაზე.