ურბნისისა და რუისის მღვდელმთავარი მეუფე იობი (აქიაშვილი) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს სულისთვის სასარგებლო საუბარს სთავაზობს.
- მეუფეო, დღეს მოძღვარს უმეტესად საკუთარი ხასიათის შესაბამისად ირჩევენ. რას გვასწავლის ეკლესია, როგორ უნდა შევარჩიოთ სულიერი მოძღვარი?
- ცოდვაში ჩავვარდი და რა ვქნაო? - ჰკითხა ეფრემ ასურს ერთმა ბერმა. მიდი ჭეშმარიტ ეპისკოპოსთან ან ჭეშმარიტ მოძღვართან, ვინც თავისი ცხოვრების წესით გვასწავლის და ქადაგებსო ქრისტიანობას, - მიუგო წმინდა მამამ. დღეს კი უმრავლესობის პრინციპი ასეთია: "მეც კარგად და შენც კარგად", მოძღვარსა და სულიერ შვილს შორის მხიარული განწყობაა. წმინდა მამები გვასწავლიან: თუ ნაყროვანება გებრძვის, მმარხველ მოძღვართან მიდი; თუ მრუშობის ვნება არ გაძლევს მოსვენებას, მიდი უმანკო მოძღვართან. დღეს პირიქით ხდება: მრუში მრუშთან მიდის, ნაყროვანი - ნაყროვანთან. ცხოვრების წესის მიხედვით კი არ არჩევენ მოძღვარს, არამედ იმის მიხედვით, როგორ შეეწყობიან მას ხასიათით.
თუ არ უჯერებს და გულისყურით არ ეკიდება სულის ცხონებას, მოძღვარმა თავისი სულიერი შვილი საეკლესიო ეპიტიმიით უნდა დასაჯოს. მათთვის, ვინც მოდას არის აყოლილი (ასეთი კი ამჟამად ბევრია), ეკლესიური ცხოვრება წმინდა წყლის ფორმალობაა. ასეთი დამოკიდებულება სახიფათოა, დამღუპველია სულისთვის, ის ვერ მოგვგვრის იმ სულიერ შვებას, რასაც უნდა განიცდიდეს სულიერი შვილი მოძღვართან ურთიერთობისას.
ვინც გარეგნულს არის გამოკიდებული, "სახელმოხვეჭილ", სახელოვან მოძღვარს ირჩევს, თავმდაბალი, მაღალსულიერი მამები კი არ ჩანან.
აუცილებელი როდია, მოძღვარი მაინცდამაინც შენივე ეპარქიიდან აირჩიო; ის შეიძლება სხვა ეპარქიაში იყოს, სხვა ქვეყანაშიც კი; მთავარია, ყველაფერი გააკეთოს, რათა გადაგარჩინოს, მძიმე სულიერი მდგომარეობიდან გამოგიყვანოს. როცა ადამიანი ამას იგრძნობს, მერეღა მიხვდება, რამხელა მნიშვნელობა აქვს მოძღვარს. მოძღვარზე უნდა ვილოცოთ, მივენდოთ მას, რადგან მის ხელშია ჩვენი სულის ხსნა.
- ზოგი მეტისმეტად არის მიჯაჭვული მოძღვარს. რას ეტყოდით მათ?
- არის ხალხი, ვისაც ლამის გაკერპებული ჰყავს სულიერი მამა. მის იქით ვეღარაფერს ხედავს, თვით ღმერთსაც კი. ეს, ფაქტობრივად, კერპთაყვანისმცემლობაა, რაც, თავადაც ხვდებით, დამაბრკოლებელია სულისთვის. განსაკუთრებით მძიმეა, დამღუპველიც კი, როცა მორწმუნე მანდილოსანი, მით უფრო - მონაზონი, მოძღვარში მამაკაცს ხედავს... ეს ეშმაკისგანაა და ყველას შეიძლება დაემართოს. მთავარია, წრფელად ვაღიაროთ მოძღვართან, მხურვალედ ვილოცოთ უფლის წინაშე და ვეცადოთ, ამ ვნებისაგან გავთავისუფლდეთ. მას უფალი რწმენაში ჩვენს განსამტკიცებლად უშვებს.
ზოგიერთი მოძღვარი სულიერ შვილს სხვასთან ზიარებას, ლოცვა-კურთხევის აღებას უკრძალავს. ეს უკვე, შეიძლება ითქვას, ეშმაკის მახეში გაბმაა, თანაც - მოძღვრის მეშვეობით. ღვთის მადლი გარდამოედინება ყველა მოძღვარზე, რომელსაც აკრძალული არ აქვს მღვდელმოქმედება, ასე რომ, ლოცვა-კურთხევის აღება ყველასგან შეიძლება.
მოძღვარს არაფერი დაუმალოთ. მან ყველაფერი უნდა იცოდეს, რათა სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. როცა რაღაცას ვმალავთ და ვორჭოფობთ, როცა ჩვენი აღსარება ბუნდოვანია, მოძღვარი მართებულ რჩევას ვეღარ გვაძლევს.
არასწორია ლოცვა-კურთხევის ძალდატანებით გამოთხოვაც. როცა კურთხევის აღება გსურთ, ასე უნდა მიმართოთ მოძღვარს: "მამაო, ესა და ეს განვიზრახე; თქვენ როგორ მაკურთხებთ?" - და არა ასე: "მამაო, ესა და ეს მინდა და დამლოცეთო". როცა მოძღვარსა და სულიერ შვილს შორის ასეთი ურთიერთობაა, მრევლის სულიერი ცხოვრება მართებულად ვერ წარიმართება.
- ზოგჯერ მოძღვრისგან აღებული ლოცვა-კურთხევა რომ არ სრულდება, ეს როგორ ავხსნათ?
- ამას დრო, რწმენა და მინდობა სჭირდება. ლოცვა-კურთხევაში ეჭვი არ უნდა შევიტანოთ. თუ ლოცვა-კურთხევის შესრულებას ეჭვი ახლავს, ის ვერც სრულდება. თუ მოძღვრის ლოცვა-კურთხევას რწმენით შევხედავთ, ის, ღვთის ძალითა და შეწევნით, ნამდვილად შესრულდება.
- მეუფეო, სასარგებლოა თუ არა სულისათვის ხშირი ზიარება?
- გამიგონია ზოგიერთი მოძღვრის ნათქვამი, თითქოს ზიარება ყოველდღეც შეიძლება, მე კი ასეთ ამბავს მოგითხრობთ: ერთ მონასტერში ძმები ეზიარებოდნენ. მოძღვარს ჰქონდა სულიერი ხედვა და ჭვრეტდა, ვინ ღირსეულად ეზიარებოდა და ვინ - უღირსად. ვინც ღირსეულად ეზიარებოდა, მათ ანგელოზი აზიარებდა უფლის სისხლსა და ხორცს, ხოლო უღირსად მაზიარებლებს ეშმაკები ნაკვერჩხლებს უწყობდნენ პირში. ზოგიერთი მამა ამბობს, რომ ღირსეულნი ვერასდროს გავხდებით, ვერასოდეს მივაღწევთ იმ საზომს, რომ უფლის სისხლსა და ხორცთან ზიარება დავიმსახუროთ, მაგრამ ზიარების დროს უმთავრესია "განცდა თვისთა ცოდვათა". ნუთუ შეიძლება, მივეახლოთ ქრისტეს სისხლსა და ხორცს და არ განვიცადოთ?! დღეს ვცოდავთ თვალით, გონებით, სმენით, ყნოსვით. გარემოც, ფაქტობრივად, ისეთია, რომ ცოდვათა განცდა გვიჭირს. ნათქვამია, ცოდვათა სიმრავლე სიყვარულს გაახმობსო, ხოლო თუ სიყვარული არ გაგვაჩნია, მთაც რომ დავძრათ და მკვდარი აღვადგინოთ, პავლე მოციქულის სიტყვისამებრ, არარანი ვართ წინაშე ღვთისა. ასეთი მდგომარეობით ზიარება შეუძლებელია. უფალი გვასწავლის, გვიყვარდეს უფალი მთელი გულით, მთელი სულით, მთელი არსებით და გვიყვარდეს მოყვასი, ვითარცა თავი თვისი. ჭეშმარიტ სიყვარულზე უნდა დავაფუძნოთ ნებისმიერი ჩვენი ქმედება, მით უფრო - საღვთო საიდუმლოებათა აღსრულება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი