მიტევების უნარი ყველაზე დიდი სათნოებაა ამქვეყნად. საუფლო ლოცვაშიც ამას ვევედრებით უფალს: "და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა".
ღმერთი გვიდგენს, - ამბობს წმინდა კვიპრიანე, - რათა მის სახლში ცხოვრობდნენ მხოლოდ მშვიდნი, გამგებნი და ერთსულოვანნი, ხოლო ვინც არის მტრობაში, უთანხმოებაში, ვისაც არა აქვს მშვიდობა ძმებთან, იგი, ქრისტესთვის სიკვდილიც რომ მიიღოს, მაინც დარჩება დამნაშავედ ძმასთან მტრობის გამო. წმინდა წერილში კი ნათქვამია: "ყოველსა, რომელსა ჰსძულდეს ძმაი თვისი, იგი კაცისმკვლელი არს". კაცისმკვლელს ვერ ძალუძს, ცათა სასუფეველს მიაღწიოს და ღმერთთან იცხოვროს. ქრისტესთან ვერ იქნება ის, რომელმაც ისურვა, იყოს იუდას მსგავსი და არა ქრისტესი. რა ცოდვაა ისეთი, რომ ნათლობის ცრემლითაც ვერ განიბანება? რა დანაშაულია ისეთი, რომ შეუძლებელია მისი დაფარვა მოწამებრივი აღსასრულითაც კი? გვახსენებს რა ცოდვებს, - ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, - უფალი ჩაგვაგონებს სიმდაბლეს, სხვების მიტევების მოთხოვნით იგი ჩვენში ბოროტის ხსოვნას აღმოფხვრის. ხოლო ამისთვის ჩვენი საკუთარი ცოდვების პატიების აღთქმით ჩვენში განამტკიცებს კეთილ იმედებს და გვასწავლის, ვიფიქროთ ღვთის გამოუთქმელ კაცთმოყვარეობაზე. მას შეეძლო, შენი საქმის გარეშეც ეპატიებინა ცოდვები, მაგრამ სურს, ამითაც კეთილად იმოქმედოს შენზე. ვინც მთელი გულით არ მიუტევებს ძმას შეცოდებებს, - ამბობს წმინდა კასიანე, - იგი ასეთი ლოცვით (მომიტევენ თანანადებნი ჩვენნი...) გამოითხოვს თავისთვის არა შეწყალებას, არამედ სასჯელს. ღმერთს კეთილად სურს, ჩვენთან ხელშეკრულება დადოს, - ამბობს ნეტარი ავგუსტინე, - უფალი ღმერთი გეუბნება: მიუტევე და მოგეტევება. არ მიუტევე? - შენვე მიდიხარ შენი თავის წინააღმდეგ. ასე რომ, მივუტევოთ, გულით ვაპატიოთ და გვჯეროდეს, რომ ამასთან ერთად ჩვენც გვეპატიება საკუთარი ცოდვები, სიტყვით, საქმით და გულისხმისყოფით ჩადენილნი. ხოლო თუ ჩვენ არ ვინდომებთ სხვებისთვის დიდი თუ უმნიშვნელო ცოდვების პატიებას, მაშინ იქნება სამსჯავრო შეუწყალებელი. აი, რატომ ამბობენ წმინდა მამები: ვისაც სურს, რომ ღმერთმა სწრაფად ისმინოს მისი ლოცვა-ვედრება, ვიდრე დადგება ღვთის წინაშე და ზეცისაკენ აღაპყრობს ხელებს, თავის სულზე ლოცვამდეც კი, მოვალეა მთელი გულით ილოცოს თავისი მტრებისთვის. "ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა" - ამ სიტყვებით მაცხოვარი გვასწავლის მიტევებას, ამით ღმერთი ადამიანს ჰპირდება - თუ გსურს, რომ უფალი მოწყალე იყოს შენდამი და მოგიტევოს შენნი ცოდვანი, შენც უნდა მიუტევო. აქედან ჩანს, რა დიდი მადლია, როდესაც მივუტევებთ და რა დიდი ცოდვა - როდესაც გულში გვაქვს შური და შურისძიების გრძნობა, და მით უმეტეს დაუშვებელია, როცა ადამიანი ამ გრძნობებით შეუდგება იმ საპასუხისმგებლო გზას, განწმენდის გზას, რასაც დიდი მარხვა ჰქვია, რომლის მიზანი ადამიანის ამაღლება და ღმერთთან მიახლოებაა; და თუკი ჩვენ ამ სიმძიმეს ანუ მიუტევებლობას ვიტოვებთ, კი არ ავმაღლდებით, არამედ გარესკნელის ბნელში აღმოვჩნდებით. მარხვის დაწყება აუცილებელია სუფთა გულით, თუკი გვინდა, რომ შედეგს მივაღწიოთ, თორემ მარხვა უკეთეს შემთხვევაში დიეტას დაემსგავსება, უარეს შემთხვევაში კი ღმერთისგან საბოლოო გაუცხოებას.
ურთიერთმიტევების შემდეგ ქრისტიანები შევუდგებით მარხვას, რომლის სიმკაცრე აუცილებელია შეესაბამებოდეს ჩვენს სულიერ და ფიზიკურ შესაძლებლობებს, რადგან თვითნებური მარხვა დაუშვებელია.
მარხვისგან გამოწვეული შესაძლო გართულების თავიდან ასაცილებლად მარხვის შენახვის ყოველმა მსურველმა, საჭიროა, შეარჩიოს მოძღვარი, ხოლო ვისაც მოძღვარი ჰყავს და განსაკუთრებული მარხვის შენახვა სურს, აუცილებელია, მას შეუთანხმდეს.
ქრისტიანული სწავლებით, ერთნაირი შეცდომაა სარწმუნოებრივ საკითხებში გულგრილობაც და გადამეტებული სიმკაცრეც. ამიტომ ადამიანმა უნდა მონახოს ზომიერების ის გზა, ქრისტიანობა რომ გულისხმობს.
მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ლევან მათეშვილმა