რა არის ამის მიზეზი?
ამ კითხვის პასუხი გვინდა შემოგთავაზოთ IV საუკუნეში ეგვიპტეში, თებაიდის უდაბნოში მოღვაწე წმინდა მამების სწავლებების მიხედვით. მათ შესახებ ბიზანტიის იმპერატორის კარზე მოღვაწე დიდმოხელის - ლავსეს შთაგონებით წერს ბერი პალადი. ბერმა წიგნს მისი სახელი - "ლავსაიკონი" უწოდა. უძველესი დროიდან მართლმადიდებელ ეკლესიას წესად ჰქონდა დიდმარხვის პერიოდში (შაბათ-კვირის გარდა) ოთხი სავალდებულო საკითხავიდან ორი "ლავსაიკონიდან" ყოფილიყო. ამ შესანიშნავი წიგნის მიხედვით წმინდა მამები და, მათ შორის ღვთივგანბრძნობილი ამბა პაფნუტი, მორწმუნეთა ცდუნების მიზეზების შესახებ ასეთ პასუხს გვაძლევდნენ:
ყველაფერს, რაც ხდება, ორგვარი მიზეზი აქვს - იგი ან უფლის კეთილი ნებით, ან მისი დაშვებით აღესრულება. როდესაც ღვთის სადიდებლად ქველი საქმეებით იღვწიან, ეს უფლის კეთილნებელობის შედეგია, ხოლო ის, რაც ზიანთან, ხიფათსა და უბედურებასთან არის დაკავშირებული, ღვთის დაშვებით ხდება. ღვთის დაშვება მათ მიმართ გამოვლინდება, ვისაც უფალი მათი ურწმუნოებისა და უგუნურების გამო მიატოვებს ხოლმე. რადგან შეუძლებელია, ღმერთმა მართლმორწმუნე და კეთილზნეობრივი მოღვაწე დაუტევოს და სამარცხვინო დაცემისა და დემონთა ცდუნებისთვის გაიმეტოს. თუმცა დაცემის მსხვერპლნი ისეთებიც ხდებიან, რომლებიც ქველ საქმეებს ან არაწმინდა მიზნით, ან გონების სიამაყით აღასრულებენ. ამგვართ შემოქმედი მოსაქცევადვე დაუტევებს ხოლმე და როდესაც ღვთის წყალობას მოკლებულნი თავის ყოფაში არასასურველ ცვლილებებს იგრძნობენ, ან ბოროტ ზრახვებზე აიღებენ ხელს, ან კიდევ საქმეებზე, რამეთუ ზოგჯერ გულისთქმებით სცოდავენ, ანუ მაშინ, როდესაც გონებაში მანკიერი მიზნები აქვთ დასახული, ზოგჯერ კი თავად საქმით, ხან კი შეგნებულად არ აკეთებენ იმას, რაც საჭიროა.
ზოგჯერ ისეც ხდება, რომ გარყვნილი ადამიანი ახალგაზრდა დედაკაცებს არაწმინდა მიზნებით აძლევს წყალობას, გასაჭირში ეხმარება, გულში კი სამარცხვინო განზრახვა აქვს - თუმცა კი ვიცით, რომ სათნო განზრახვით გაიღებენ ხოლმე მოწყალებას ავადმყოფების, მოხუცებისა თუ გაჭირვებულთათვის, მაგრამ ამას ძუნწად და დრტვინვით აკეთებენ. ამ შემთხვევაში მიზანი კეთილია, თავად საქმე კი მიზნისთვის შეუფერებელი, რადგან მოწყალება სიხარულით და უშურველობით უნდა გაიცეს და არა მწუხარებით.
წმინდა მამებმა ასევე გვითხრეს, რომ ადამიანებს მრავალი განსაკუთრებული მიდრეკილება ახასიათებთ: ზოგნი სულის ბუნებრივი სიკეთით გამოირჩევიან, ზოგნი - მოღვაწეობისადმი ლტოლვით. როდესაც ბუნებისმიერი ქმედებანი და სიკეთე ღვთივსათნო მიზნისკენ არ არის მიქცეული, ანდა როდესაც განსაკუთრებული ცოდნისა და ნიჭის მფლობელნი წყალობისა და მადლის მომცემელ უფალს არ განადიდებენ და ყოველივეს მხოლოდ საკუთარი ნების, ძალისხმევისა და შესაძლებლობის მიღწევად თვლიან, მათ განგება დაუტევებს და ისინი სამარცხვინო საქმეთა და ვნებათა ტყვეები ხდებიან. როდესაც შემოქმედისგან მიტოვებულთ თავს უპატიობა და დამცირება დაატყდებათ, მათი ქედმაღლობა ნელ-ნელა ცხრება და ისინი უკვე არა საკუთარი თავის, არამედ ყოვლისმომნიჭებელი უფლის მოიმედენი და მადიდებელნი ხდებიან.
როდესაც ამპარტავანი და თავისი გონების აღმატებულებით ქედმაღალი ადამიანი სულიერ ღირსებებსა თუ ცოდნის შეძენის ნიჭებს არა ზეციურ მეუფეს, არამედ თავის ძალისხმევასა თუ ბუნებას მიაწერს, მაშინ ღმერთი მფარველ ანგელოზს განაშორებს, რომელსაც განგებისგან ამ ნიჭთა დაცვა აქვს დავალებული. როგორც კი ანგელოზი მედიდურ კაცს დაუტევებს, მას უმალ ბოროტი სული დაეპატრონება, რასაც ამ ადამიანის გარყვნა და გათახსირება მოსდევს, ხოლო ამგვარი პირუტყვული გარყვნილება მისი გონებიდან დემონურ ქედმაღლობას, ანუ განდიდების სურვილს დევნის იმით, რომ როდესაც კაცი უბიწოებას დათმობს, ბუნებრივია, მისი სიტყვაც ნაკლებსარწმუნო ხდება. ღვთივსულიერი ადამიანები კი შებილწულ ბაგეთაგან გამოსულ სწავლებას წურბელებით სავსე წყაროსავით გაურბიან.
ვნებათაგან მოწყლულ კაცთა სულები სხვადახვა წყაროს მგვანნი არიან: მუცელღმერთთა და ლოთთა სულები ბინძურ წყაროს ჰგვანან; ვერცხლისმოყვარე და ანგარ კაცთა სულები - მყვარით სავსე წყაროსთავს; შემეცნების ნიჭის მქონე ამაყთა და შურიანთა სულები კი იმ წყაროებს ჰგვანან, რომლებშიც გველები ბუდობენ, რადგან მათი გონება ჭაობის მძაღე წყალივით დღენიადაგ მდორე და აშმორებელია. ამიტომაც არის, რომ ხასიათის სიფიცხისა და არაწმინდა საქმეთა სიყვარულის გამო მათზე დაწაფება არავის სურს. წმინდა დავით წინასწარმეტყველი ამადაც ევედრება უფალს სამი ნიჭის - სიტკბოების, სწავლულებისა და მეცნიერების მომადლებას: "სიტკბოებაი და სწავლულებაი და მეცნიერებაი მასწავე მე, რამეთუ მცნებანი შენნი მრწმენნეს მე" (ფს. 11,6). სიტკბოების გარეშე ცოდნა უსარგებლოა. თუკი ასეთი ადამიანი მოიქცევა, გამოსწორდება და იმ სენს ანუ ქედმაღლობას, რომლის გამოც განგებამ დაუტევა, განიშორებს, თვინიერებასა და მორჩილებას შეიმოსავს, თავის უმწეობას აღიარებს, სხვაზე აღმატებულად თავს არ წარმოიდგენს და უფალს განადიდებს, მაშინ მტკიცე გონება და შესაბამისი ცოდნა კვლავ მიენიჭება, რადგან სულიერი სწავლება, რომელსაც თან პატიოსანი და უმწიკვლო ცხოვრება არ ახლავს, იმ თავთავის სადარია, რომელიც გარეგნულად კი წააგავს თაველს, მაგრამ ქარისაგან ფშუტე და უმარცვლოა.
ასე რომ, ყოველგვარი დაცემა, რომელიც ენის, მზერის, ყნოსვის, ქმედებისა თუ მთლიანად სხეულის მეშვეობით, გინდ ქველმოქმედების მიზეზითაა გამოწვეული, განგების მიერ კაცთა დატევების შედეგია.
კარგად დაუკვირდით, ამგვარი დატევებით ღმერთი შეიბრალებს და სწყალობს ცოდვილთ, რადგან უკეთუ უფალი, მიუხედავად ბიწიერი ცხოვრებისა, ამგვარ კაცთ მათი გონების სიმაღლეს მათსავე სწავლებაში შემწეობით დაუდასტურებდა, ისინი მთელი თავიანთი მანკიერებით იმდენად გაყოყოჩდებოდნენ, რომ დემონებად გადაიქცეოდნენ.
აი, კიდევ რას გვეუბნებოდნენ მამათა შორის რჩეული და აღმატებული მოღვაწენი: როდესაც იხილავთ ვინმეს, ცხოვრებით გარყვნილს, სიტყვით კი მომხიბვლელს, გაიხსენეთ ავსული, რომელიც, როგორც სახარებაში წერია, სამგზის განცდიდა სიტყვით უფალს (მათე 4,1-17) და წმინდა წერილის სიტყვები: "გველი ყველაზე ცბიერი იყო ველურ ცხოველთა შორის, რომლებიც უფალმა გააჩინა" (დაბ. 3,1) და ამ სიცბიერემ და სიბრძნემ მას კიდევ უფრო ავნო, რადგან მისი გონების სიმახვილეს თან სათნოება არ სდევდა.
ამრიგად, მართალ და კეთილ მოღვაწეს გონებაში მხოლოდ ის უნდა ჰქონდეს დაუნჯებული, რასაც უფალი ჩააგონებს. უნდა თქვას ის, რასაც ფიქრობს და გააკეთოს ის, რასაც ამბობს, ვინაიდან უკეთუ ჭეშმარიტი სიტყვა ღვთივსულიერი ცხოვრებით არ არის განმტკიცებული და თან კეთილშობილება და უმწიკვლოება არ ახლავს, უმარილო პურია. უმარილო პურის მჭამელთა გასაგონად კი ვიტყვით, რომ ცარიელ სიტყვებში გემოს მხოლოდ ისინი გრძნობენ, რომლებიც კეთილი საქმეებით არ არიან აღბეჭდილნი.
ღმერთი ადამიანებს სხვადასხვა მიზეზით დაუტევებს. ზოგჯერ ეს იმიტომ ხდება, რომ უფლის იდუმალი სათნოებანი გამოვლინდეს. მაგალითად, ისეთი სათნოება, როგორიც ჰქონდა დიდ მოღვაწეს, იობს, რომელსაც ღმერთი ესაუბრა და უთხრა: "მე შენ დასაწყისშივე გიცნობდი, მე, რომელიც ხედავს იდუმალს და სწვდება კაცთა გონების სიღრმეებს, მაგრამ რადგანაც ადამიანებისთვის შენი სიქველენი დაფარული იყო და ბოროტგანმზრახველნი კი ჰგონებდნენ, რომ თაყვანს შენი სიმდიდრისა და კეთილდღეობის გამო მცემდი, ამიტომ მოგივლინე მძიმე განსაცდელი და ყოველივე ის, რაც გებადა, წაგართვი, რათა მათთვის შენი ჩემდამი სიყვარული, ერთგულება და მადლიერება მეჩვენებინა".
ზოგჯერ უფალი ადამიანს იმის გამო დაუტევებს, რომ იგი ამით სიამაყეს, თავდაჯერებულობასა და გულზვიადობას განარიდოს. ამის თვალნათლივ მაგალითად პავლე მოციქულის ცხოვრება უნდა გავიხსენოთ, რადგან თავს მასაც მრავალგვარი განსაცდელი, დევნა და გაჭირვება ატყდებოდა, რათა მცირეოდენი სასწაულების შედეგად კაცთაგან მოგებულ პატივს, უშფოთველ და უზრუნველ ყოფას ეშმაკეულ ამპარტავნებაში არ ჩაეგდო.
საკუთარი ცოდვებისა და სისუსტეების გამო იყო დატევებული ისიც, ვისაც იესომ ასე მიმართა: "აჰა, ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რაითა არა უძვირესი რაიმე გეყოს შენ" (იოანე 5,14).
დატევებულ იქნა იუდაც, რომელმაც მაცხოვნებელი სიტყვა ვერცხლში გაცვალა და შემდგომ ამისა სასოწარკვეთილმა თავი ჩამოიხრჩო (საქმ. 1,18).
დატევებულ იქნა ესავიც - ამიტომაც ჩავარდა იგი თავშეუკავებლობაში და მამის კურთხევა უხეშ საჭმელს ანაცვალა (დაბ. 25,30-34).
შეიცნო რა ყოველივე ეს, პავლე მოციქულმა ამგვარად დატევებულთა შესახებ თქვა: "და ვითარცა არა გამოიცადეს ღმერთი, რაითამცა აქუნდა მეცნიერებით, მისცნა იგინი ღმერთმან გამოუცდელსა მას გონებასა საქმედ უჯეროისა" (რომ. 1,28).
მათ შესახებ კი, ვისაც ეგონა, რომ გარყვნილი გულისა და ამპარტავნების მიუხედავად ღვთის შემეცნება შეეძლო, ბრძანა: "რამეთუ იცოდეს ღმერთი, და არა ღმრთეებრ ადიდებდეს მას, გინა ჰმადლობდეს, არამედ ამაო იქმნნეს გულის ზრახვითა მათითა, და დაუბნელდა უგულისხმოი იგი გული მათი. იტყოდეს თავთა თვისთა ბრძენ და განცოფნეს. ამისთვისცა მისცნა იგინი ღმერთმან გულის თქუმასა გულთა მათთასა არაწმიდებად და გინებად ხორცთა მათთა მათ თანა" (რომ. 1:21,22,24).
აქედან გამომდინარე, უნდა ვიცოდეთ, რომ შეუძლებელია კაცი თავშეუკავებლობაში ჩავარდეს, უკეთუ მას უფლის განგება არ დაუტევებს. ადამიანებს კი ღმერთი დაუტევებს და განსაცდელთ შეამთხვევს მათივე უზრუნველობისა და დაუდევრობის გამო.
მოამზადა
დავით ბასილაიამ
დავით ბასილაიამ