მამა პაისი ათონელის დარიგებები
ლოცვა ოჯახში
- მამაო, აუცილებელია, საღამოს ლოცვა მთელმა ოჯახმა ერთად წაიკითხოს?
ლოცვა ოჯახში
- უფროსები ამ დროს კეთილგონივრულად უნდა მოიქცნენ. ისინი ვალდებული არიან, წაიკითხონ მწუხრის ლოცვები, პატარებს კი უნდა უთხრან: "თუ გინდათ, მცირე ხანს ჩვენთან ერთად ილოცეთ". მერე კი, როცა წამოიზრდებიან, შეუძლიათ ჰქონდეთ ლოცვის განუსაზღვრელი ტიპიკონი. მაგალითად,
თუ უფროსები თხუთმეტ წუთს ლოცულობენ, ბავშვებმა ორი ან ხუთი წუთი ილოცონ, თუ უფრო მეტხანს სურთ ლოცვა, დაე, ილოცონ, რამდენიც უნდათ. მაგრამ თუ მშობლები შვილებს ძალას ატანენ და აიძულებენ ძილად მისვლის ლოცვაზე დგომას, მაშინ ბავშვები ჭირვეულობას იწყებენ. პატარები არ უნდა აიძულო, რადგან მათ ჯერ ლოცვის ძალა და ღირსება არ შეუცნიათ. მაგალითად, მშობლებს შეუძლიათ ჭამონ ლობიო, ხორცი და ნებისმიერი სხვა მყარი საკვები, მაგრამ თუ ბავშვი ჯერ მხოლოდ რძით იკვებება, განა მშობლები მას ხორცის ჭამას დააძალებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ის უფრო კალორიულია? ის მართლაც კალორიულია, მაგრამ პატარას კუჭს მისი გადამუშავება არ შეუძლია. ამიტომაც მშობლები ყრმას ჯერ ბულიონს აჭმევენ, კოვზით, ცოტ-ცოტას, რათა ბავშვი ამგვარ საკვებს შეეჩვიოს და მერე თვითონვე მოისურვოს.
- ხანდახან არათუ ბავშვები, არამედ უფროსებიც დღის განმავლობაში ისე იღლებიან, რომ საღამოს ლოცვის წაკითხვის თავი აღარ აქვთ...
- თუ მეტისმეტად დაიღალნენ ან ავად არიან, მაშინ მთლიანად ნუ წაიკითხავენ საღამოს ლოცვებს, ნახევარი ილოცონ ან ერთხელ მაინც თქვან "მამაო ჩვენო". ლოცვის საერთოდ მიტოვება არ შეიძლება. მსგავსად მაღლობზე დაბანაკებული ალყაშემორტყმული ჯარისკაცისა, რომელიც, მტერი რომ დააშინოს, დროდადრო ისვრის, - ადამიანებმა, რომლებსაც აღარ აქვთ ძალა სრულფასოვანი ლოცვისა, ერთხელ მაინც უნდა გაისროლონ (სულიერად), რათა ეშმას შეეშინდეს და გაიქცეს.
ოჯახის ლოცვას დიდი ძალა აქვს. მე ვიცნობ ორ ძმას, რომელთაც თავიანთი ლოცვით არათუ გაყრა გადააფიქრებინეს თავიანთ წაჩხუბებულ მშობლებს, პირიქით, წინანდელზე მეტი ძალით შეაკავშირეს. მამაჩვენი გვეუბნებოდა ხოლმე: "რასაც უნდა აკეთებდეთ, ვალდებულნი ხართ, დღეში ორჯერ ღმერთს ჩააბაროთ პატაკი, რათა მან იცოდეს, სად იმყოფებითო". ყოველ დილა-საღამოს მშობლები და და-ძმები ერთად ვლოცულობდით, რომ დღეს მშვიდობით ჩაევლო. მახსოვს, ერთხელ უმცროსი ძმა გაგვიხდა ავად. მამამ გვითხრა: "წავიდეთ ხატებთან, შევევედროთ ღმერთს, ან განკურნოს, ან თავისთან წაიყვანოს, რომ მეტად აღარ იტანჯებოდესო". მთელმა ოჯახმა ვილოცეთ და ძმა გამოჯანმრთელდა. მაგიდასთანაც ყველა ერთად ვსხდებოდით. თავდაპირველად ვილოცებდით და მერეღა ვიწყებდით ტრაპეზობას. თუ ვინმე სუფრის კურთხევამდე დაიწყებდა ჭამას, ჩვენ ვამბობდით, რომ "მან იმრუშა", - მოუთმენლობას მრუშობად ვთვლიდით. თუ ოჯახის ყოველი წევრი, როცა მოუნდება, მაშინ მიუჯდება სუფრას მარტოდმარტო, ეს ოჯახს დაშლამდე მიიყვანს.
მეუღლეთა სულიერი ცხოვრება
- რა ქნას ცოლმა, თუ მისი ქმარი სულიერად არ ცხოვრობს?- დაე, ქმარი ქრისტეს მიანდოს და თან ილოცოს, რომ ცოტათი მაინც მოულბეს გული. გავა დრო და ქრისტე მის გულში ნელ-ნელა დესანტს გადასხამს. კაციც უმთავრესზე დაფიქრდება. როცა ქმარს ოდნავ მოულბება გული, ცოლს შეუძლია, ტაძრამდე მანქანით მიყვანა სთხოვოს. ოღონდ ნუ დაუწყებს შეგონებას, "შენ რატომ არ მოდიხარ ტაძარშიო". ტაძრამდე რომ მიიყვანს, ვინ იცის, ქმარმა თვითონვე თქვას: "რაკი აქამდე მოვედი, ბარემ ტაძარშიც შევალ და სანთელს დავანთებო" - და გამორიცხული არ არის, შემდგომში წარემატოს კიდეც სულიერად.
- შეუძლია ცოლის მოძღვარს, რამით ქმარსაც დაეხმაროს?
- ხშირად კაცს რომ დაეხმაროს მოქცევაში, მოძღვარმა უნდა იღვაწოს ქალისთვის, გაზარდოს ის სულიერად. შემდგომში კი ცოლის საუკეთესო თვისებები ქმარს გადაეცემა და თუ მას კეთილი გული აქვს, ღმერთი შეეწევა, რომ შეიცვალოს. ქალი კეთილსათნოა ბუნებით, მაგრამ თუ ქმარი, რომელიც აქამდე გულგრილი იყო ეკლესიისადმი, გონს მოვა, მაშინ ის სულიერების გზაზე თამამად მიიწევს წინ და ცოლი მას ვეღარ ეწევა და შეიძლება, შეშურდეს კიდეც ქმრისა, რადგან თვითონ ერთ ადგილს ტკეპნის.
ასეთ შემთხვევაში ქმრებს ვურჩევ, ყურადღებით იყვნენ. თუ ცოლი სულიერად არ ცხოვრობს, რაც უფრო წარემატება სულიერი თვალსაზრისით მისი ქმარი, მით უფრო უდგება კრიჭაში და ყველაფერს მისი ჯიბრით აკეთებს. მაგალითად, თუ ქმარი ეტყვის, "ვაგვიანებთ, ადექი, ეკლესიაში წავიდეთო", ცოლი პასუხობს: "უჩემოდ წადი, განა ვერ ხედავ, რომ უამრავი საქმე მაქვს?!" ან კიდევ, თუ ქმარი შენიშვნას მისცემს, კანდელი რატომ არ აგინთიაო - და თვითონვე განიზრახავს ანთებას, ქალი აყვირდება: "შენ რა, მღვდლად შედგომას ხომ არ აპირებ? ან იქნებ გინდა, ბერი გახდე?" შეიძლება, ესეც კი უთხრას: "საერთოდ, რატომ ვღუპავთ ამდენ ზეთს კანდელისთვის? არ სჯობია, ვინმე გლახაკს მივცეთ?" დიახ, შურმა ის შეიძლება ამ პროტესტანტულ სისულელემდეც კი მიიყვანოს. საბოლოოდ ცოლს თავისივე ნათქვამი აღიზიანებს. ამას ერთვის გაშმაგებაც ქმრის სულიერი წარმატების გამო. ასეთ შემთხვევაში ათასჯერ სჯობია, ქმარმა ჩამქრალი კანდელი არ აანთოს. ამიტომაც, ოჯახი დანგრევას რომ გადავარჩინო, ქმრებს ვურჩევ ხოლმე: "როცა შენი ცოლი მშვიდ გუნებაზე იქნება, აი, მაშინ უთხარი: "იცი, ეკლესიაში რომ დავდივარ და ვლოცულობ, მუხლს რომ ვიდრეკ და სასულიერო შინაარსის წიგნებს ვკითხულობ, ამას ვაკეთებ არა დიდი სათნოების გამო, არამედ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი მაჩერებს, მამუხრუჭებს, საშუალებას არ მაძლევს, გავყვე იმ საშინელი საზოგადოების დინებას, რომელშიც ვცხოვრობთ. არადა, ხომ იცი, რა იოლად ჩამითრევს ხოლმე ქეიფები და დროსტარება". როცა ქმარი საკითხს ამგვარად სვამს, ცოლი ხარობს. შეიძლება, შეიცვალოს კიდეც და ქმარზე უკეთ იცხოვროს სულიერად. თუ ქმარი სხვანაირად მოიქცევა, ამით ცოლს საშინლად გააბოროტებს, ურთიერთობა გაუფუჭდებათ და საქმე შეიძლება გაყრამდეც მივიდეს. თუ კაცს სურს, მისმა ცოლმა სულიერად იცხოვროს, მაშინ იმასაც უნდა შეეცადოს, რომ რომელიმე ქრისტიანული ოჯახი გააცნოს, სადაც დედა და ცოლი კეთილმოკრძალებით არიან აღსავსენი - შეიძლება, ქალს მათი მიბაძვის სურვილი გაუჩნდეს.
ბავშვები და სულიერი ცხოვრება
- როცა დედა ბავშვს ნაკურთხ წყალს ასმევს, ის კი აფურთხებს, რა ქნას ქალმა?- მან უნდა ილოცოს შვილისთვის. შეიძლება, დედა ისე ასმევს ბავშვს ნაკურთხ წყალს, რომ მასში ზიზღს იწვევს. ბავშვებმა ღვთის გზით რომ იარონ, უწინარეს ყოვლისა მშობლებმა უნდა იცხოვრონ სწორი სულიერი ცხოვრებით. ზოგიერთი ეკლესიური ადამიანი შვილების კარგად აღზრდას იმიტომ კი არ ცდილობს, რომ მათი სულების ცხონებაზე ფიქრობს, არამედ იმიტომ, რომ სურს კარგი შვილები ჰყავდეს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის უფრო მეტად აწუხებთ, რას იტყვიან მათ შვილებზე სხვები, ვიდრე ის, რომ ისინი შეიძლება საუკუნო სატანჯველში ჩაცვივდნენ. აბა, ასეთ შემთხვევაში ღმერთი როგორ დაეხმარება? ამოცანა ის კი არ არის, ბავშვები ტაძარში ჯოხისცემით დაგვყავდეს, არამედ ის, რომ ეკლესია შევაყვაროთ. სიკეთეს ძალდატანებით კი არ უნდა აკეთებდნენ, არამედ კარგის ქმნის აუცილებლობა უნდა იგრძნონ. მშობლების წმინდა ცხოვრება ადუღაბებს შვილების სულებს და შემდგომში ბავშვები იოლად ემორჩილებიან მათ. ამგვარად იზრდებიან, განრიდებულნი სულიერ შერყვნას, მრთელნი სულიერად და ხორციელად. თუ მშობლები შვილებს ღვთისმოშიშების გამო უჭერენ ქანჩებს, უფალიც ეხმარება მათ, მაგრამ თუ ამას ეგოიზმის გამო აკეთებენ, ღვთის შეწევნის იმედი არ უნდა ჰქონდეთ.
- დედები ხშირად გვეკითხებიან, როგორ უნდა ილოცონ სამი-ოთხი წლის ბავშვებმა.
- უთხარით: "დედა შენ ხარ, შეხედე და დაინახავ, რა ძალუძს შენს პატარას". ტიპიკონი აქ საჭირო არ არის.
- ჩვენთან, მონასტერში, ღამისთევის ლოცვაზე ხშირად მოჰყავთ პატარები. დამღლელი ხომ არ იქნება ეს მათთვის?
- დაე, ცისკრისას დაასვენონ ბავშვები, ხოლო საღმრთო ლიტურგიაზე კვლავ მოიყვანონ. მშობლები ვალდებულნი არიან, ბავშვს მცირე ასაკიდანვე ასწავლონ ლოცვა, თანაც ისე, რომ ძალა არ დაატანონ. კაპადუკიის მკვიდრნი ასკეტურად ცხოვრობდნენ და მკაცრად იცავდნენ მოსაგრეობის სულს. შვილები დაჰყავდათ ტაძრებში, მღვიმეებსა და ეკვდერებში, სადაც მრავალგზის იდრეკდნენ მუხლს და ცრემლის ღვრით ლოცულობდნენ. მათი შემხედვარე ბავშვებიც სწავლობდნენ ლოცვას. როცა ავაზაკები შუაღამისას მათ გასაძარცვად მიდიოდნენ, ჩაუვლიდნენ პატარა ტაძრებს და იქიდან ქვითინი ესმოდათ; განცვიფრებულნი ერთმანეთს ეკითხებოდნენ: რა ხდება? ეს რა ხალხია? დღისით რომ იცინიან, ღამით რატომ ტირიან?!"
პატარა ბავშვების ლოცვას სასწაულის მოხდენა ძალუძს. ღმერთი მათ ყოველივეს აძლევს, რასაც შესთხოვენ. ბავშვები ხომ უმანკონი, შეურყვნელნი არიან, ამიტომაც უფალი შეისმენს მათ წმინდა ლოცვას. მახსოვს, ერთხელ უფროსები მინდორში წავიდნენ სამუშაოდ და მე შინ დამტოვეს ორ უმცროს ძმასთან. უეცრად ცა მოიქუფრა და კოკისპირული წვიმა წამოვიდა. "ეჰ, ნეტავ როგორ არიან ახლა ჩვენი მშობლები! - გავიძახოდით შეწუხებულნი, - ნეტავ შინ როგორ დაბრუნდებიან?" პატარები ატირდნენ. "მოდით აქ, - დავუძახე მათ, - მოდით, შევევედროთ ქრისტეს, რომ წვიმა შეწყვიტოს". სამივე მუხლებზე დავეცით ხატების წინ და ლოცვა დავიწყეთ. რამდენიმე წუთში წვიმა შეწყდა.
მშობლები გონივრულად უნდა მიეხმარონ შვილებს, რომ ისინი თავიანთი პატარა ფეხებით მიუახლოვდნენ ქრისტეს და სიყრმიდანვე განიცადონ უმაღლესი სულიერი სიხარული. როცა ბავშვებს სკოლაში შეიყვანენ, მშობლებმა ისინი სასულიერო წიგნების კითხვას უნდა მიაჩვიონ და სულიერ ცხოვრებაში დაეხმარონ. მაშინ ისინი პატარა ანგელოზებს მიემსგავსებიან და ლოცვებში დიდი კადნიერება ექნებათ ღვთის მიმართ. ასეთი ბავშვები ჭეშმარიტი სულიერი საუნჯეა ოჯახისთვის.
სულიერ ცხოვრებაში ბავშვებს განსაკუთრებით წმინდანთა ცხოვრების ცოდნა ეხმარებათ. პატარა რომ ვიყავი, წმინდანთა ცხოვრებანი მიმქონდა ტყეში, ვკითხულობდი, ვლოცულობდი და სიხარულით ცაში დავფრინავდი. ათიდან თექვსმეტ წლამდე (სანამ საბერძნეთ-იტალიის ომი არ დაიწყო) ვცხოვრობდი სულიერი ცხოვრებით, ყოველგვარი საზრუნავის გარეშე. ბავშვური სიხარული წმინდაა, ის მის სულში აღიბეჭდება და როცა ყრმა გაიზრდება, ეს მოგონებები ძალზე ააღელვებს მის გულს. თუ ბავშვები სულიერად ცხოვრობენ, ამა სოფლადვე იქნებიან ბედნიერნი და მომავალ ცხოვრებაში საუკუნოდ გაიხარებენ უფალ იესო ქრისტეს გვერდით.
განსაცდელები დღესასწაულებისას
- დღესასწაულებზე ყოველთვის რატომ გვატყდება თავს განსაცდელი?- განა არ იცით, რატომ? დღესასწაულზე ქრისტე, ღვთისმშობელი, წმინდანები ხარობენ და სულიერად უმასპინძლდებიან სხვებს. ისინი აკურთხებენ ხალხს და სულიერ საჩუქრებს უძღვნიან. მშობლებიც ხომ აწყობენ შვილების დღეობებს, მეფეები კი ამნისტიას გამოსცემენ, როცა უფლისწული მოევლინება ქვეყნიერებას. მაშ, წმინდანებს რატომღა არ შეუძლიათ, სულიერად გაგვიმასპინძლდნენ? ის სიხარული, რომელსაც წმინდანი გვიძღვნის, დიდხანს რჩება და კაცის სული უზარმაზარ სარგებელს ნახულობს. ეს იცის ეშმაკმა და ამიტომაც განსაცდელს უწყობს ადამიანს, რათა მან ვერ მიიღოს საღმრთო ნიჭი და დღესასწაულმა სიხარული არ მოჰგვაროს. აბა, დააკვირდით, როცა ოჯახში წმინდა ზიარებისთვის ემზადებიან, ეშმაკი მათ წააჩხუბებს და ისინიც არამცთუ არ ეზიარებიან, ეკლესიაშიც აღარ მიდიან. ეშმაკი ყველანაირად ცდილობს, ადამიანები მოაკლდნენ საღმრთო შეწევნას.
იგივე ხდება ჩვენს მონაზვნურ ცხოვრებაში. ეშმაკმა გამოცდილებით იცის, რომ დღესასწაულებზე სულიერ სიკეთეს ვიღებთ, ამიტომაც ხშირად დღესასწაულზე ან წინადღეს მოგვიწყობს ხოლმე განსაცდელს და ამგვარად გვიმწარებს სიხარულს. მაგალითად, მას შეუძლია, წაგვაჩხუბოს ძმასთან, მერე კი მწუხარება მოგვგვაროს და დაგვამსხვრიოს სულიერად და ხორციელად, არ მოგვცეს საშუალება, განვიცადოთ დღესასწაული და ვადიდოთ უფალი. თუმცა მოწყალე ღმერთი ხედავს, რომ ჩვენ არ ვაძლევდით ეშმაკს გამოცდის საბაბს და ეს მხოლოდ ბოროტის შურით ხდება, ამიტომაც ის უთუოდ შეგვეწევა და უფრო დიდი მადლის მიღებაში დაგვეხმარება, თუ საკუთარ თავს მდაბლად დავდებთ ბრალს ჩვენს თავს გადამხდარ განსაცდელში და არ განვიკითხავთ არა მარტო ჩვენს ძმებს, არამედ კეთილთმოძულე ეშმაკსაც, რომლის საქმეც საცდურთა მოწყობა და ბოროტების გავრცელებაა, მაშინ როცა კაცი, ღვთის ხატი, ვალდებულია, მშვიდობა და სიკეთე თესოს.