ყველა მდუმარე როდია მშვიდი
თანამედროვე ადამიანები ათასგვარი საქმით ვართ დაკავებულნი. დილიდან საღამომდე ვფუსფუსებთ, ვდრტვინავთ და შეიძლება, დღე ისე გავიდეს, უფალი არც კი გაგვახსენდეს.
მუდმივად დაძაბულები წვრილმანსაც კი წონასწორობიდან გამოვყავართ. მრისხანება ერთ-ერთი იმ ვნებათაგანია, რომელიც ყველა ჩვენგანს ახასიათებს და რომელზეც სერიოზულად ალბათ არც კი დავფიქრებულვართ. არადა, ეს მძიმე ცოდვაა - უფალი ხომ გვასწავლის: "ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა". გვესაუბრება ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი).
- მამაო, რა არის მრისხანება?
- იოანე სინელის მიერ აღწერილ რვა მომაკვდინებელ ვნებას შორის რიგით მესამეა მრისხანება. იგი აღიძვრება მაშინ, როდესაც ჩვენი სურვილი არ სრულდება. იმისთვის, რომ ეს ვნება დავძლიოთ, საჭიროა, გულგრილნი ვიყოთ ყოველივე ამქვეყნიურის მიმართ.
მრისხანება რამდენიმე სახედ იყოფა: პირველი - ეს არის მძვინვარება, დაუოკებელი მრისხანება, რომელიც ისე იპყრობს ადამიანს, რომ ის შეშლილივით იქცევა. მრისხანების მეორე სახეა ღვარძლი, როცა ადამიანი დიდხანს ვერ ივიწყებს წყენას. ეს მრისხანების ყველაზე საშინელი და საშიში ფორმაა. კაცის გული თითქოსდა ასპიტთა საბუდრად იქცევა. გულღვარძლიანის ლოცვას ღმერთი არ შეისმენს. შემდეგი სახესხვაობა მრისხანებისა - ეს არის სიძულვილი, შემდეგი კი წყენა - მეტისმეტი ეჭვიანობა. ასეთ ადამიანს ეჩვენება, რომ მას რაღაც ცუდი უნდა გაუკეთონ, იგი ყოველ სიტყვაში გაკიცხვას, დაცინვას ხედავს. ერთი ღვთისმეტყველის თქმით, ამ მდგომარეობაში ადამიანი ჰგავს სიბინძურით დატენილ ყუმბარას და საკმარისია, შორიახლოს ვინმემ გაუფრთხილებლად ჩაიაროს, რომ ეს ყუმბარა მყისვე აფეთქდება და ირგვლივ საშინელ სიმყრალეს ამოაფრქვევს.
ყოველგვარი მრისხანების მთავარი მიზეზი, თუკი საფუძვლიანად გავაანალიზებთ, ის არის, რომ საკუთარ თავს არ ვადანაშაულებთ (ამბა დოროთე).
პავლე მოციქული სულიერ შვილს ტიმოთეს ასე მოძღვრავს: "ამხილე, შერისხენ და ნუგეშინის ეც" (2 ტიმ. 4:2).
- უპირატესად რომელ სათნოებას განგვაშორებს მრისხანება?
- პირველ რიგში, სიმშვიდეს. ვფიქრობ, დამეთანხმებით, რომ ამქვეყნად ყველაზე მეტად სულის სიმშვიდეს ვეძებთ, მაგრამ ვერ ვპოულობთ, რადგანაც სიმშვიდე სიწმინდის ნაყოფია. "აღიღეთ უღელი ჩემი თქვენ ზედა, და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოვოთ განსვენება სულთა თქვენთა" (მათე 11:29).
"სიმშვიდე, სიფრთხილესთან შერწყმით, ისეთი განწყობილებაა სულისა, როდესაც არაფერი და არავინ არ გაღიზიანებს", - ბრძანებს ღირსი მამა ფილარეტ მოსკოველი.
თანამედროვე ადამიანის სულში კი, სამწუხაროდ, მუდმივი გაღიზიანება ბუდობს. გვაღიზიანებს ყველა და ყველაფერი, ჩვენი გული მოცულია შფოთით. გაღვიძებისთანავე, ნაცვლად იმისა, რომ მშვიდად წავიკითხოთ დილის ლოცვები და მადლობა შევწიროთ ღმერთს მშვიდობიანი დღის გათენებისთვის, ვიწყებთ წუწუნს, რომ ვერ გამოვიძინეთ, ხშირად მშობლების სამართლიანი შენიშვნებიც გვაღიზიანებს და მათ უხეშად ვპასუხობთ, შინიდან გამოსულებს ყველაფერი გვაღიზიანებს ტრანსპორტში, ქუჩაში, სამსახურში... თქვენ წარმოიდგინეთ, ტაძარშიც კი, სადაც სალოცავად მივდივართ. აღსარების ან ზიარების მოლოდინშიც არ გვტოვებს მრისხანება. ასე მუდმივ დაძაბულობაში გადის მთელი დღე, დაძინებამდე თან დაგვაქვს ბოღმა სხვების მიმართ. თანაც ჩვენი მრისხანება თითქმის ყოველთვის სამართლიანი გვგონია და გვავიწყდება წმინდა წერილის სიტყვები: "რამეთუ გულის წყრომამან კაცისამან სიმართლე ღმრთისაი არა ქმნას". თუ აფეთქების ალაგმვას არ შევეცადეთ, იგი გადაიქცევა მრისხანების ვნებად და ძნელად აღმოიფხვრება, როგორც ყოველი ავი ჩვევა.
- წმინდა მამები ე.წ. მდუმარე მრისხანებაზეც საუბრობენ...
- არის შემთხვევა, როდესაც ადამიანი არც კამათობს, არც ყვირის, მაგრამ მის გულში შეიძლება მრისხანებას ედოს ბინა. ყველა მდუმარე როდია მშვიდი. მაგრამ უფალი ხედავს კაცის თვალთაგან დაფარულ, ჩვენს გულში ჩაბუდებულ მრისხანებას, რომლის მიხედვითაც განგვიკითხავს ჩვენ.
- მშობლები შვილებს ხშირად ურისხდებიან. რამდენად სწორია ეს, გვეთვლება თუ არა ცოდვად ბავშვის აღზრდისას განრისხება და რა განსხვავებაა მრისხანებასა და სიმკაცრეს შორის?
- სიმკაცრე და მრისხანება სრულიად სხვადასხვა რამ არის. სიმკაცრე აუცილებელიც კია. ამაზე წმინდა წერილიც მეტყველებს. სიბრძნე სოლომონისა გვასწავლის, რომ მშობელმა არ უნდა დაიზაროს შვილის გაწაფვა და წკეპლასაც კი არ უნდა მოერიდოს, რამეთუ ეს მის სულს შფოთისგან იხსნის. ამასვე ამბობს დავით გურამიშვილი. საეკლესიო მოძღვრებით, შვილების დასჯა ცოდვად არ ითვლება. მაგრამ ეს სწორად უნდა გავიგოთ. სიმკაცრე არ უნდა იყოს აღზრდის ერთადერთი მეთოდი. მას მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მივმართოთ, როცა მოფერებით არაფერი გამოგვივა.
დაფიქრება გვმართებს იმაზე, საიდან აქვს ჩვენს შვილს ესა თუ ის მანკიერი თვისება. ჩვენგან ხომ არა? ხშირად სწორედ ასეა. მშობლები უკმაყოფილონი არიან შვილის იმ ნაკლოვანებებით, რომლებიც თავადაც ახასიათებთ. მაგალითად, დედა შვილს ასწავლის, არ იცრუოო, ბავშვი კი ხედავს, თუ როგორ ცრუობენ მისი მშობლები შინ, ტელეფონით საუბრისას. შვილებს არიგებენ, რომ ერთი ოჯახის წევრებმა მეგობრულად უნდა იცხოვრონ, ბავშვები კი ხედავენ, თუ როგორ ეჩხუბებიან ერთმანეთს მშობლები, როგორ შეურაცხყოფენ ერთმანეთს. ასეთ მშობლებს მორალური უფლება არ აქვთ, შვილს სიმშვიდისკენ, სიმართლის თქმისაკენ მოუწოდონ, მით უმეტეს, ამის გამო განურისხდნენ და დასაჯონ. მშობლებმა სიმკაცრე პირველ რიგში საკუთარი თავის, საკუთარი ცოდვების მიმართ უნდა გამოიჩინონ.
- ადამიანები ბუნებით სხვადასხვაგვარნი ვართ. შესაბამისად, სხვადასხვანაირები არიან მოძღვრებიც. ზოგი მრევლს მეტისმეტად მკაცრი ეჩვენება...
- ჯობს, ჯერ ჩვენივე შინაგანი სამყარო მოვიწესრიგოთ და მერეღა ვაძლიოთ რჩევები თუ შენიშვნები სხვებს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ სიმკაცრე უმეტესად არასწორად გვესმის. დაუკვირდით: მღვდლობის საიდუმლოში ღმერთმა დაადგინა არა ანგელოზი, არამედ ადამიანი. რატომ? იმიტომ, რომ მღვდელს შესძლებოდა მრევლის ყველა ადამიანური სისუსტის გაგება, გაცნობიერება. ამიტომ მოძღვრებს, მათ შორის საკუთარ თავსაც, მრევლის მიმართ სითბოსა და სიყვარულის გამომჟღავნებას ვურჩევდი, ხოლო თუ ეს არ გაჭრის, მერე შეგვიძლია განვურისხდეთ და მკაცრად მოვექცეთ. მათთვის, ვინც ახლა სწავლობს სარწმუნოებას და ვისაც განსაკუთრებული სითბო სჭირდება, ჩვენი სიმკაცრე შეიძლება დამაბრკოლებელი აღმოჩნდეს.
- მრისხანება განსაკუთრებით მაშინ გვიპყრობს, როცა ვინმეს მხილება გვსურს...
- ადამიანს არ აქვს უფლება, ყველა ამხილოს. მხილება უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, როცა გვაქვს ჭეშმარიტი სიყვარული და სიბრალული ცოდვაში მყოფის მიმართ. დღეს კი პირიქითაა; სხვისი დაცემა არათუ გვწყინს, არამედ გვიხარია კიდეც. ამიტომაც ერთმანეთში გვაქვს არეული ცოდვა და სათნოება, განკითხვა და მხილება. იმისთვის, რომ სხვა ვამხილოთ, თავად უნდა ვიყოთ თავმდაბალნი, სათნოებათა აღმსრულებელნი. ასეთ დროს სხვისი მამხილებელი თვით ჩვენი საქციელი იქნება. ნუ ვიქნებით მეტისმეტად მკაცრნი ადამიანის შეფასებისას, რამეთუ უფალი ამბობს: რა საზომითაც სხვას განიკითხავ, თავადაც იმავე საზომით განიკითხებიო. თუ უფალი შეუნდობს თავის ქმნილებებს შეცოდებას, ჩვენ რა უფლება გვაქვს, არ მივუტევოთ და განვურისხდეთ?
- სხვათა მხილება გვიყვარს, მაგრამ როცა ჩვენზე ამბობენ მამხილებელ სიტყვებს, ეს ძლიერ განგვარისხებს...
- ეს ჩვენს დაბალ სულიერებაზე მეტყველებს. ბიბლია გვასწავლის: თუ ამხელ უგუნურს, შეიძენ მტერს, ამხილე ბრძენი და შეიძენ მეგობარსო. აქედან გამომდინარე, განვსაჯოთ, ვინ გვინდა ვიყოთ: უგუნური თუ ბრძენი, - და შესაბამისად მოვიქცეთ.
- მორწმუნე შეიძლება განრისხდეს სხვა მიზეზითაც. მაგალითად, თუ ვინმე შეურაცხყოფას მიაყენებს ეკლესიას. ასეთ დროს ძნელია სიმშვიდე შეინარჩუნო, არადა, უფალი ხომ გვასწავლის, მტრებიც კი გიყვარდეთო.
- მცნებაში მტრის სიყვარულის შესახებ საუბარია პირად და არა საზოგადო მტერზე. თუ ვინმე დაემუქრება ჩემს სამშობლოს, ჩემს რწმენას, ჩემს ეკლესიას, მოვალე ვარ, ფეხზე დავდგე და ეს საუნჯე მტრისგან დავიცვა. თუმცა თანამედროვეობაში ყველაფერი პირიქითაა: როცა სამშობლოს აძაგებენ, ხმას თითქმის არავინ იღებს, მაგრამ საკმარისია, ვინმე მათ პიროვნულად შეეხოს, რომ ისე აღელდებიან, ვეღარც კი იცნობთ.
- მამაო, როგორ ვებრძოლოთ მრისხანებას?
- როგორც სინათლე განდევნის წყვდიადს, ასევე განდევნის ღვთისმოსაობის სიმდაბლე ყოველგვარ წყენასა და გულისწყრომას. წმინდა იოანე კიბისაღმწერელი გვირჩევს: "უპირველეს ყოვლისა, როცა ჩვენს გულში დუღს ცოდვა, არ არის საჭირო მასზე ლაპარაკი, აუცილებელია მისი თავიდანვე მოშთობა".
თუკი სულიწმინდა იწოდება და არის კიდეც სიმშვიდე სულთა, ხოლო მრისხანება - აღშფოთება გულისა, არაფერი ისე არ დააბრკოლებს ჩვენს არსებაში სულიწმინდის დამკვიდრებას, როგორც მრისხანება. ამიტომ იგი დავაცხროთ საკუთარ გულში. სანამ ამას შეძლებდეს ადამიანი, მანამდე მდუმარებაა მისთვის პირველი გამარჯვება. მრისხანების დროს მამები გვირჩევენ, გავიხსენოთ მათი ღირსებები, ვისაც ვურისხდებით (განრისხებისას ხომ გვეჩვენება, რომ მათში ყოველგვარ ბოროტებას და ბიწიერებას დაუბუდებია). ამ დროს სასურველია გავიხსენოთ მათი კეთილგანწყობა ჩვენდამი, მათ მიერ ჩადენილი კეთილი საქმეები, რაც მთავარია, გავიხსენოთ საკუთარი ცოდვები და მაშინ ჩვენი მრისხანებაც დაცხრება. წმინდა მამები გვირჩევენ, ვიდრე რაიმეს ვიტყოდეთ, რამდენჯერმე გონებაში წარმოვთქვათ ლოცვა. და თუ მაინც არ შეგვიძლია დადუმებას მაშინ რამდენიმეჯერ გავიმეოროთ იესოს ლოცვა გულში და მხოლოდ ამის შემდეგ ვუპასუხოთ. მრისხანებაზე გამარჯვება, უწინარესად, საკუთარი ენის დამორჩილებას ნიშნავს. მხოლოდ ამის შემდეგ ებრძვის ადამიანი თავის თავში მრისხანე აზრებს.
მსურს, საუბარი წმინდა იოანე კლემაქსის სიტყვებით დავასრულოთ: "შევბორკოთ მრისხანება, როგორც მტანჯველი, სიმშვიდის ჯაჭვით და მრავლისმოთმინებით დავთრგუნოთ და წმინდა სიყვარულით შევავიწროვოთ. გონების წინაშე სამსჯავროზე წარვადგინოთ და დაკითხვა მოვუწყოთ: გვითხარი შენ, შემრისხველო და უგუნურო, თუ ვინ არს მამა შენი ან ბოროტი დედა შენი, გვამცნე შენი ბილწი ძეებისა და ასულების სახელები და ისიც განგვიცხადე, თუ რომელი სათნოებანი შეარყევენ შენს სიმტკიცეს და მოგაკვდინებენ.
პასუხად მრისხანება გვეუბნება: "დედა მრავალი მყავს და არც მამა მყავს ერთი. დედანი არიან პატივმოყვარეობა, ვერცხლისმოყვარეობა, ნაყროვანება და ზოგჯერ - სიძვა, ხოლო მამას ჩემსას ეწოდება თავმაღლობა. ასულნი ჩემნი: ავმეხსიერება, სიძულვილი, შუღლი, თვითგამართლება, ხოლო ჩემი მტრები, რომლებიც ბორკილებით მკრავენ მე, სიმშვიდე და ურისხველობა არის, ჩემი წინამძღოლი და დამთრგუნველი - სიმდაბლე; ხოლო თუ რისგან იშობა იგი, თავად მას ჰკითხეთ თავის დროზე.
ძმებო, ღმერთმა მოგვანიჭოს ამ ვნების დამთრგუნველი სიმდაბლე".
ესაუბრა
გვანცა გოგოლაძე
გვანცა გოგოლაძე