"თუ სიყვარული არ გაგაჩნია, ნათელს ვერ იხილავ..."
ფიზიკური სამყაროსთვის საკვირველია და წარმოუდგენელი თავად ტერმინი "უჩრდილო ნათელი", რომელიც ემოციაზე ღრმაა, ცნობიერზე აღმატებული და ოდენ განწმენდილი გულითა და სულიერი ინტუიციით შეიმეცნება.
იგი მზესავით გამოანათებს ხოლმე წმინდა წერილიდან, ტაძრების წიაღიდან, მართალი ადამიანების თვალებიდან, წმინდანთა სამარეებიდან თუ ქრისტიანული ხატებიდან...გვესაუბრება სამების ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი პეტრე კვარაცხელია.
- მამა პეტრე, რა იგულისხმება "მიუაჩრდილებელ ნათელში"? ამგვარი ნათლის გამოვლინებანი ხომ ძველ აღთქმაშიც გვხვდება და ახალშიც...
- უფალმა არარაისგან შექმნა ხილული და უხილავი სამყარო, ნათელს დღე უწოდა, ხოლო ბნელს - ღამე.
მიუაჩრდილებელი ნათელი - ერთარსება სამებაა, რომელიც სამყაროს შექმნისას ერთად მოქმედებდა. ძველი აღთქმა გავიხსენოთ: უფალმა მოსეს აუწყა: გადაეცი ისრაელს, თუ მცნებებს აღასრულებენ და მომყვებიან, რჩეულნი იქნებიანო, ხოლო როდესაც მოსე დაეკითხა, ჩემს ხალხს ვისი სახელით ვაუწყო ეს ყოველივეო, უფალმა უპასუხა: მე ვარ, რომელიც ვარ. სწორედ იგია მიუაჩრდილებელი ნათელი, რომელსაც ჩვეულებრივი მოკვდავი ვერ ხედავს, რადგან მის ხილვას გული გონიერი და ამ ნათლით განწმენდილი სული სჭირდება. მაგრამ ამას ადამიანის ნებასთან ერთად ღვთის მოწყალებაც უნდა. თითოეული ჩვენგანი მოწოდებულია, მაგრამ რჩეულნი - მცირედნი არიან და თუ კაცი რჩეული არ არის, ამ ნათელს ვერასდროს იხილავს.
უჩრდილო ნათლის გამოვლინებებით მართლაც სავსეა ბიბლიის ორივე ნაწილი და ჩვენი ისტორიაც. როგორც ერთ-ერთი წმინდა მამა წერს, საქართველოს წარსული წმინდა მამათა ცრემლით და მოწამეთა სისხლით დაიწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ უფალმა, ისევე, როგორც უწინ ებრაელი ერი, ჩვენც გამოგვარჩია და მეოხად ღვთისმშობელი დედა დაგვიდგინა.
ამ ნათლის გამოვლინებაა შეუწველი მაყვალი, ისუ ნავეს ბრძოლა მტრის წინააღმდეგ, როდესაც მან შუაგულ ცაზე მზე შეაჩერა. მზე ამის შემდგომ ასე აღარასდროს შეჩერებულა. ეს ხილული მზე კი არა, სამების მადლი გახლდათ, რომელმაც წყვდიადი დაარღვია და უჩრდილო ნათლად აქცია.
ძველ აღთქმაში ამ ნათლის უდიდესი მაგალითი თავად მოსე, ებრაელი ერი და ათი მცნებაა. სინას მთაზე ამ მცნებათა მიღებისას მოსეს უფლის სახე არ უხილავს, რადგან იქაურობას ღრუბლის სვეტი დაადგა, რომ მოსე ამ თვალშეუდგამი სიკაშკაშისგან დაეცვა. ამ ნათლის ხილვის ღირსი ადამიანი ვერასდროს გახდება და ვერც ჩვენი ბუნება გაუძლებს მას.
ახალ აღთქმაში ფერისცვალების დღეც ამ შეუქმნელი ნათლის მაგალითია, როდესაც ქრისტე თაბორზე არამიწიერად გაბრწყინდა.
მიუაჩრდილებელი ნათელი - მაცხოვრის სინონიმია, მაგრამ წმინდა მამები მას მზიან ღამეს, დაუსაბამო ნათელს და მბრწყინავ წყვდიადსაც უწოდებენ.
რას ნიშნავს ეს? ჩვენთვის უფალი ხილულიც არის, ბრწყინვალებით ხილული, და წყვდიადიც, მისი ბოლომდე შეუცნობლობის გამო. რაც უფრო ვუახლოვდებით, მეტად ვგრძნობთ, რომ დაუსაბამოა, უხილავი და, ამავდროულად, ჩვენთან ძალზე ახლოს მყოფი.
ჩვენი ისტორიაც ბოროტზე გამარჯვებაა. ქართველი ერიც ისევე სძლევდა დღემუდამ ბოროტს კეთილმსახურ მეფეთა, დედოფალთა და წმინდანთა ლოცვითა და მეოხებით, როგორც დავით მეფსალმუნემ დასცა გოლიათი თავისი სულიერი ღვაწლით და შინაგანი მდგომარეობით. შორს რომ არ წავიდეთ, დავით აღმაშენებელი გავიხსენოთ, რომელსაც თვით დავით მეფსალმუნეს და მთავარანგელოზ მიქაელსაც ადარებდნენ და რომლის მხარდამხარ თვით წმინდა გიორგიმ იბრძოლა დიდგორზე. ამგვარი სიტყვა რომ დაიმსახურო, არა მარტო მოწოდებული, რჩეულიც უნდა იყო. დავითი ნათლის მსახურად იმ დროს მოგვივლინა ღმერთმა, როდესაც საქართველოს პოლიტიკურად თუ სულიერად უკიდურესად გაუჭირდა და, როგორც მისი მემატიანე გვაუწყებს, ავაზაკებით აღივსო ეკლესია-მონასტრები, საეპისკოპოსო ტახტი კი სვიმონიის წესით - ძმიდან ძმაზე და მამიდან უფროს შვილზე გადადიოდა... "და იწყო ბნელსა შინა მზემან გამოჩინება, დიდმან სახელითა და უდიდესმან საქმითა..."
სად შეიძლება, ნათელი დავინახოთ? იქ, სადაც ბნელს გვინათებს უფალი. თითოეული ჩვენგანის ცხოვრება უფლის გარეშე ხომ სიბნელეა. თუმცა, შესაძლოა, ბევრის სიცოცხლე ისე მიიწუროს, ეს ნათელი ვერასოდეს იგრძნოს.
- რა განაპირობებს ამას?
- მოგეხსენებათ, ორგვარი ეკლესიურობა არსებობს: გარეგანი - მარხვა, ლოცვა, ღვთისმსახურებაში მონაწილეობა, აღსარება, ზიარება და ასე შემდეგ და შინაგანი, რომელიც გარეგანზე აღმატებულია. ადამიანი, რომელიც შინაგანადაა სავსე ღვთითა და ნათლით, ცდილობს, სულიერად განვითარდეს. გარეგნული ეკლესიურობა კი ამგვარ სწრაფვას და სულიერ ფერისცვალებას გამორიცხავს და არც ამ ნათლის ხილვა სწყურია. თუ ტაძარში ვიღაცის დასანახად დავდივართ და სიკეთესაც ამ მოტივით ვიქმთ, ნათელს ვერასდროს ვიხილავთ. ასეთ ადამიანს უფრო მეტი სულიერი ბრძოლა ექნება, ვიდრე მას, ვისაც ტაძრის კარიბჭე არასოდეს შემოუღია და არც წირვა-ლოცვას დასწრებია, რადგან ფარისეველი ყველაფერს უგულოდ აღასრულებს. მეზვერისა და ფარისევლის იგავი გავიხსენოთ და მივხვდებით, ვინ გამოვიდა ტაძრიდან გამართლებული. მონანული მეზვერის გზით მავალი კაცი, ადრე თუ გვიან, უცილობლად იხილავს ნათელს. თვითკმაყოფილი ფარისევლის მსგავსნი კი მიუაჩრდილებელ ნათელს კი არა, სანთლის შუქსაც ვერ შეამჩნევენ, ამიტომ ღვთისგან ამგვარი ნათელი კი არა, უპირველესად, საკუთარ ცოდვათა განცდის ნიჭი და მათგან გამოხსნა უნდა ვითხოვოთ და მხოლოდ ამის შემდგომ დროთა განმავლობაში შეიძლება გავხდეთ ღირსნი ამ ნათლის ძეობისა. ჩვენი უდიდესი ცოდვა ის კი არ არის, რომ ხშირად ვეცემით, არამედ ის, რომ ადამიანად ფორმირებამდე ღმერთად ყოფნა მოვიწადინეთ.
ჩვენს პირველმშობლებს სამოთხეში მიუაჩრდილებელი ნათელი ემოსათ, მაგრამ იგი საკუთარი ნებით განიძარცვეს და ნაცვლად იმისა, მამისგან შენდობა გამოეთხოვათ, ცოდვა ისევ მას დააბრალეს.
ადამიანი, რომლის გულიც მზად არ არის ნათლის დასატევად, თავისთავად განეშორება მას, რადგან ნათელში ყოფნა ტანჯვას აყენებს. ნათლის ძეობას მაშინ ვისურვებთ და შევიძლებთ, თუ გულს განვიწმენდთ.
- სულიერად ბრმას ხომ არც გაახსენდება და არც მოუნდება ამ ნათელთან ყოფნა?
- ფსალმუნი გავიხსენოთ: "კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ჰყო; ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ..." (ფს. 48). ეს იმ დაცემული კაცის მდგომარეობაა, რომელიც ნათელს არად თვლის. როგორც იოანეს სახარება გვაუწყებს: "და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია..." (იოანე 1,5). სწორედ ეს არის მიუაჩრდილებელი ნათელი, მზიანი ღამე და კაშკაშა წყვდიადი. ჩვენმა უწმინდესმაც ხომ ასე უწოდა თავის გზას.
ადამიანის გზა ისეც ბნელითაა მოცული, მას მხოლოდ უფალი გვინათებს და მუდამ ჩვენთან ერთად ევნება ჯვარს. ქართულ საეკლესიო საგალობლებში ქრისტეს ხშირად მზეს უწოდებენ, წმინდანებს კი - ამ მზის სხივებს. ყოველი მათგანის ცხოვრება ხომ ეშმაკზე გამარჯვებაა.
- ნათლისღებაც ხომ ამ ნათლის მიღებას გულისხმობს?
- რაღა თქმა უნდა. ღმერთს, თავად ნათელს, განა სჭირდებოდა ნათლის მიღება? მაგრამ ამით საყოველთაო ნათლობას დაუდო დასაბამი. რას ნიშნავს ნათლისღება? ნათელთან მიახლებას, განახლებას, განათლებას და მბრწყინავი წყვდიადით შემოსვას.
- განათლება და ნამდვილი მეცნიერებაც ხომ ამ ნათელთანაა წილნაყარი?
- დიახ, ასეა. მაგრამ განათლება სულაც არ გულისხმობს ბევრი წიგნის წაკითხვას. ეს მხოლოდ და მხოლოდ წიგნიერებაა და სხვა არაფერი. განათლება, როგორც ზემოთ ვთქვით, ნათლით შემოსვაა. ცოდნა რწმენის გარეშე მკვდარია, უსინათლო და სახიფათო. დათა თუთაშხია გავიხსენოთ: უნიჭობაზე საშიში უღვთო ნიჭიერებააო. თავად სიტყვა "განათლება" გულისხმობს ამგვარ ნათელს, რომელმაც მწყემსებს და მოგვებს ბეთლემამდე უმეგზურა. ეს ვარსკვლავიც უჩრდილო ნათლის გამოვლინება იყო. თუმცა დროთა განმავლობაში ტერმინმა შინაარსი შეიცვალა და ბევრი მას ოდენ წიგნიერებასთან აიგივებს.
განათლება - უფალთან ახლოს ყოფნაა, მისი მადლით შემოსვა. ამ ნათლითაა მოსილი თამარის, გიორგი ბრწყინვალისა და დავითის ეპოქა, მეჩვიდმეტე საუკუნე და განსაკუთრებით ის სამი წმინდანი: ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ერისთავნი, რომელთაც "საქართველოს სამოთხე" ელიზბარ ახოვნად, ბიძინა სანატრელად და შალვა ყოვლადქებულად მოიხსენიებს. ასე რომ, თუ ამ ნათლით შევიმოსებით, ვერავითარი წიგნი რწმენას ვერ შეგვირყევს.
ჟამითი ჟამად ხომ ქართველნიც ირხეოდნენ სარწმუნოებაში, "ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა"? მაგრამ უფალმა არ გაგვწირა და განსამტკიცებლად არაბი აბო მოგვივლინა, რომელმაც ბნელი დაუტევა და ნათელს შეერთო. ღმერთმა ამით მხოლოდ აბო კი არა, ქართველი ერიც გამოარჩია და განანათლა. იმ ადგილს კი, სადაც მოწამის გვამი გადააგდეს, სამი დღის მანძილზე ადგა ნათლის სვეტი.
თუნდ ასი ათასი ქართველი მოწამის თავდადება გავიხსენოთ, ან სვეტიცხოვლის მშენებლობა...
განა თავად ღვთისმშობელი დედა, წმინდა ნინო და ქრისტეს ეკლესიის ყოველი წმინდანი მიუაჩრდილებელი ნათლის გამოვლინებანი არ არიან?
- მოციქულებზე სულიწმინდა ცეცხლის ენების სახით გარდამოვიდა და უფლის საფლავზეც ყოველ აღდგომა დღეს ამ ნათლის ფიზიკური გამოვლინება - ეს ცეცხლი გადმოდის...
- სულიწმინდის გარდამოსვლაც და აღდგომა დღეს უფლის საფლავზე ღვთაებრივი ცეცხლიც ამ ნათლის გამოვლინებაა. რომ არა იგი, მოციქულები, რომელნიც უბრალო მებადურნი იყვნენ, თავიანთ მისიას ვერასოდეს აღასრულებდნენ. სწორედ ამ ნათელმა მოაქცია კაცობრიობა, მან დააბრმავა ქრისტიანთა მდევნელი სავლე სამი დღით დამასკოს გზაზე და მოციქულთა თავ პავლედ აქცია. სულთმოფენობისას კი კიდევ ერთხელ გამოვლინდა საიდუმლო მზიანი ღამისა, რომელმაც ის წყვდიადი გაარღვია, სამოთხის დაკარგვის შემდგომ ღმერთსა და ადამიანს შორის ბნელ ფარდასავით რომ ჩამოეშვა და ნათელს დაუბრუნა კაცობრიობა.
ყოველივე ამ მბრწყინავი წყვდიადის მადლითა და ძალით აღსრულდა და მასში იღვრება, ვისი გულიც საამისოდ მზადაა.
მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გარდამოსვლა ერთ-ერთი ყველაზე დიდი თანამედროვე სასწაულია ჩვენს სანუგეშებლად და იმათ მოსაქცევად, ვინც ამ სასწაულს იხილავს.
- მამაო, რას ნიშნავს ნათლის ძეობა?
- ჩვენ ყველანი ღვთის შვილები ვართ. როგორც ტერტულიანე ამბობს, ყოველი ადამიანის სული ბუნებით ქრისტიანია, რადგან ღვთის ხატებას ვატარებთ, მაგრამ ღვთის მსგავსნი რომ გავხდეთ და ნათლის შვილებად აღვდგეთ, გოლგოთის გზა უნდა გავიაროთ. უძღები შვილი გავიხსენოთ, მამის წიაღს რომ განეშორა, მაგრამ მონანული უკან დაუბრუნდა, მამამ კი სამოსელი პირველით შემოსა და კვლავ ნათლის ძედ აღადგინა. თავად უნდა ავირჩიოთ, გვსურს თუ არა ნათლის ძეობა.
ზეციური იერარქია, ანგელოზთა დასნიც ამ ნათლის გამოვლინებაა.
მიუაჩრდილებელ ნათელს იტევენ წმინდა ხატები და ამ ნათელს დანახვა უნდა, დანახვა კი სიყვარულის ინტუიციაა, დანახვა ბურუსში. თუ სიყვარული არ გაქვს, ამ ნათელს ვერ იხილავ, სწორედ სიყვარული წარმოშობს ნათელს და წყვდიადშიც კი ამ ნათელში ვგიებთ. ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა.