მამა პაისი ათონელის დარიგებები
ბავშვის დატუქსვა. მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ, რომ ბავშვებს საღამო ხანს არ გაუჯავრდნენ, რადგან ისინი საღამოს წყენას ვერაფრით მოინელებენ.
ღამის სიბნელე კი სულს აუფორიაქებთ და იწყებენ ფიქრს, როგორ შეეწინააღმდეგონ მშობლებს, სამაგიერო როგორ მიაგონ. ეშმაკიც ერევა ამ საქმეში და შეიძლება ბავშვები სასოწარკვეთამდეც მივიდნენ. დღისით კი ბავშვები თამაშით ერთობიან და წყენაც ავიწყდებათ. ასევე, შეძლებისდაგვარად, უნდა მოერიდონ მშობლები შვილების ფიზიკურ დასჯას. ტკბილი სიტყვით და მოთმინებით გააგებინონ ბავშვს, რომ არასწორად იქცევა. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ბავშვი პატარაა და ვერ ხვდება, რომ თავს საფრთხეში იგდებს, სილა მისთვის სასარგებლო იქნება, რომ შემდგომში უფრო ყურადღებით იყოს.
მშობლებს ჩემთვის კარგი უნდოდათ, მაგრამ ორივე თავისებურად მექცეოდა. მამა ძალზე მკაცრი იყო და როცა ბავშვები ვცელქობდით, მიგვტყიპავდა. ტკივილი გაივლიდა და მავიწყდებოდა ცემაც, მამის დარიგებებიც. დედა კი კეთილგონიერებას იჩენდა, გვერდზე გაიხედავდა - თითქოს ვერ ამჩნევდა ჩემს საქციელს, რათა არ გავეღიზიანებინე შენიშვნებით. დედის ეს ხრიკი გულს მიხეთქავდა და გულში ვფიქრობდი, - ასე აღარ მოვიქცევი, რომ დედას გული არ ვატკინო-მეთქი.
- ზოგიერთი ონავარი ბავშვი ყვირის, დარბის. მშობლებმა ისინი ფიზიკურად არ უნდა დასაჯონ?
- ამაში ხომ ისინი დამნაშავენი არ არიან. ბავშვები ნორმალურად რომ გაიზარდონ, საჭიროა ჰქონდეთ ეზო, სადაც თამაში შეეძლებათ. მრავალსართულიან სახლებში გამოკეტილ პატარებს არ შეუძლიათ თავისუფლად ინავარდონ. თუ პატარა ხალისიანია, ამან მშობლები არ უნდა შეაწუხოს, რადგან ასეთი ბავშვი შინაგანად ფლობს ძალებს, რომელთა სწორად გამოყენებით შეიძლება მომავალში ბევრ რამეს მიაღწიოს.
ძალდატანება უსარგებლოა. ზოგიერთი მშობელი ძალზე დიდ ზეწოლას ახდენს შვილებზე, თანაც სხვების თანდასწრებით. თითქოს მათი შვილი საპალნე ცხოველი იყოს, საითაც უბრძანებენ, იქით უნდა წავიდეს. ასეთი მშობლები შემდგომ შვილების ცემასაც იწყებენ. რა ვქნა, მამაო, - შემომჩივლა ერთმა ქალმა, - ჩემს შვილს ჩემი დანახვაც არ უნდაო. დავარიგე, როგორ მოქცეულიყო. ის კი წუწუნს განაგრძობდა - რაღა ვქნაო. ვუთხარი: - შენს გვერდით ერთი საათის გატარებაც გამიჭირდა და ბავშვი როგორღა იცხოვრებს? სად არის შენი სიყვარული, თუ შვილი შენთან ადგილს ვერ პოულობს? სხვებთან მშვენივრად იქცევა და თუ შენი დანახვა არ უნდა, ეს შენი ბრალია. ნუ ამწარებ, სულს ნუ უსახიჩრებ, ტკბილად, მოთმინებით მოექეცი.
ძალდატანება ბავშვებს თრგუნავს. დაუსრულებელი შენიშვნები: - ამას ხელი არ ახლო, იქ არ წახვიდე, ეს გააკეთე, - აღიზიანებს. თოკი ხომ ისე უნდა მოსწიო, რომ არ გაწყდეს. ბავშვები გონივრულად უნდა ამხილო და ასე დაეხმარო შეცდომის შეცნობაში. სიყვარულით და გულისტკივილით უნდა აუხსნა, რა - არის მისთვის სასიკეთო და რა არა. თანაც არ უნდა დაუშვა, რომ მათ შორის განხეთქილება ჩამოვარდეს... მახსოვს, ერთი დედა როგორ შესტიროდა შვილს, რომელიც ცუდად იქცეოდა: ნუ შვრები ასე, ჩემო ოქროს ბიჭოო. და როცა ბავშვებს ასეთი მაგალითი აქვთ, ისინიც სწავლობენ ცხოვრებისეული სიძნელეების გადატანას ლოცვით და ღვთის რწმენით.
დღეს აფორიაქებულ გარემოში ვცხოვრობთ, უამრავ ბავშვს ჯანმრთელობა ერღვევა. სკოლასა და ქუჩაში უკიჟინებენ: - მშობლებს პატივს არ სცემთ, არავის არ სცემთ პატივსო. ამას ემატება დედის სურვილებიც, მკაცრად ეჭიროს შვილი ხელში.
ვურჩევ დედებს, ძალა ბავშვს კი არა, საკუთარ თავს დაატანონ და ილოცონ. თუ დედა შვილს უბრალო მოქმედებასაც კი უკრძალავს და ხშირად - უსამართლოდაც, მაშინ ბავშვი სერიოზული საფრთხისას არ დაუჯერებს მშობელს და თავს ხიფათში ჩაიგდებს. მას არ ესმის, რომ მშობლის ნათქვამში - "ეს არ გააკეთო" - რამხელა სიყვარული იმალება. მოზრდილ ბავშვს შენიშვნების მიცემისას ეგოიზმი უჩნდება სულში - განა პატარა ვარ, ასე რომ მექცევიანო. მშობლებმა მას უნდა გააგებინონ, რომ თუ ძალზე პატარას ცეცხლთან თამაშს უკრძალავდნენ - რამე არ დაიწვაო, ახლა, წამოზრდილს, სხვა ცეცხლისგან იფარავენ. ამიტომ ბავშვიც ფრთხილად უნდა იყოს, ეშმაკს გამოცდის ნება რომ არ მისცეს და წმინდა ნათლისღების მადლი არ დაკარგოს.
დედამ თავისი განუსჯელი სიყვარულით შეიძლება ზიანი მიაყენოს ბავშვს. მაგალითად, როცა ხედავს, პატარა სიარულს ვერ სწავლობს და იმის მაგივრად, ხელი მოჰკიდოს, დაეხმაროს, ხელში აჰყავს და ასე ატარებს. განა ის ბავშვი სიარულს ისწავლის? რა თქმა უნდა, დედას უყვარს შვილი, მაგრამ ზედმეტი მზრუნველობით აფუჭებს მას.
ასეთი სიყვარული უთუოდ განსჯის საშუალებით უნდა "დავამუხრუჭოთ". ნამდვილი სიყვარული უშურველია, კეთილგონიერი. ერთხელ მშობლებზე გაბრაზებულმა ყმაწვილმა შემომჩივლა - მშობლებს არ ვუყვარვარ, ყველაფერს მიკრძალავენო. არადა დედ-მამას სიკეთე უნდოდა მისთვის, მაგრამ არ იცოდნენ, როგორ მოქცეოდნენ ბიჭს. ვუთხარი: - გახსოვს, პატარაობისას დედაშენი რა თბილად გაცმევდა, რომ არ გაციებულიყავი, ან როგორ გარიდებდა მზის დარტყმას? მისი მაშინდელი საქციელი ხომ დიდი სიყვარულის შედეგი იყო-მეთქი. ბიჭი მიხვდა, თუ როგორ ჰყვარებია მშობლებს და ატირდა.
როცა საჭიროა, დედა მკაცრადაც უნდა მოექცეს შვილს, ყველაფერზე ადვილად არ უნდა დაეთანხმოს, ეს ბავშვს არ წაადგება. ზოგჯერ დედა, უზომო სიყვარულისგან, აავსებს ხოლმე შვილს კოცნით, თან აქებს, - მსოფლიოში არავის ჰყავს ჩემებრ მშვენიერი შვილიო. ამით მასში თესავს სიამაყეს, არაჯანსაღ რწმენას საკუთარი თავისას. შემდგომში ასეთი ბავშვი მშობლებსაც აღარ უჯერებს, თავი ყოვლისმცოდნე ჰგონია.
მშობლებმა შვილებს მცირე ასაკიდანვე უნდა განუვითარონ პასუხისმგებლობის გრძნობა, შეძლებისდაგვარად გააკეთებინონ საოჯახო საქმეები. ბავშვებმა არ უნდა მოითხოვონ, რომ ყველაფერი მზამზარეულად, ლანგრით მიართვან. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდგომ გაუჭირდებათ.
მემკვიდრეობის გაყოფა. მატერიალურად უზრუნველყოფილი მშობლები პასუხისმგებლები არიან შვილების მომავალზე. რა თქმა უნდა, მთავარია, შვილები კარგ ადამიანებად გაზარდონ, მისცენ განათლება ან რაიმე ისეთი ხელობა ასწავლონ, რომლითაც არსობის პურს იშოვიან, შეუძინონ სახლი და სხვა.
თუ კაცი მარტოხელაა, შეუძლია ყველაფერი გასცეს, მაგრამ თუ ოჯახი ჰყავს, ვალდებულია, იზრუნოს მასზე.
მშობლებმა ყველაფერი მაშინვე არ უნდა გადასცენ შვილებს - გამოუცდელ ახალგაზრდას შეიძლება შემოეხარჯოს. ეს კი მშობლებს გულს ატკენს, რადგან მეტად აღარ შეუძლიათ დახმარების გაწევა. ამას გარდა, მშობლებმა უფრო მეტი ყურადღება სუსტ შვილს უნდა მიაქციონ, შეეწიონ მატერიალურად და ზნეობრივად, რათა არასრულფასოვნების, უიღბლობის შიშმა არ მოიცვას იგი.
მშობლებმა სიყვარულით და განსჯით უნდა იზრუნონ თითოეულ შვილზე და იმაზეც, რომ მათ შორის ურთიერთობა არ გაცივდეს.
დღეს იშვიათად შეხვდებით მეგობრულ ოჯახებს, სადაც და-ძმები სულიერად ცხოვრობენ, ერთმანეთს მიწისა და ქონების გამო არ ეჩხუბებიან, არ უჩივიან. ვიცნობდი ოჯახს, სადაც შვიდი შვილი გაიზარდა. მშობლებს ერთი ოქროს სამკაული ჰქონდათ. გადაწყვიტეს, სამკაული მათი სიკვდილის შემდეგ იმ ძმას დარჩენოდა, რომელიც მეტად იზრუნებდა მათზე სიბერეში. იმ ძმამ კი იფიქრა, ჩემს მრავალშვილიან დას უფრო დასჭირდებაო. დამ მესამე ძმას აჩუქა, მესამემ - მეოთხეს და... ისევ პირველ ძმას დაუბრუნდა. მერე მოითათბირეს და-ძმებმა და სამკაული ეკლესიას შესწირეს.