ბერი იოსებ ათონელი წიგნში, "მონაზვნური გამოცდილების შესახებ", წერს: "შენ ყველაფერი კარგად გაქვს, ჩემო საყვარელო შვილო, ამოტომ შეგიყვარა ქრისტემ. მისი სიყვარულის ნიშანი ღვთაებრივი მადლია, რომელიც ბავშვობიდან გეწვია და გმოძღვრავს.
ასე რომ, ყურადღებით იყავი და სულ მცირე, მწარე სიამოვნების გამო ნუ დაამწუხრებ ჩვენს სახიერ ღმერთს. ეს ეშმაკის შურია, რომელსაც სძულს ის, ვისაც უფალი სულიერ თვალს აუხელს.
ამიტომ, გაიღვიძე, ჩემო საყვარელო შვილო, და ყურადღებით იყავი. რადგან უფალი ხედავს იმას, რასაც შენ ვერ ხედავ. წყალობით მდიდარი ქრისტე ცდილობს, აგიხილოს სულიერი თვალი.
ოჰ, როგორი კეთილია!
მაცდური ამას ხედავს და ცდილობს, მწარე სიამოვნებით დაგაბრმავოს. ასე რომ, შვილო, ნუ შეწყვეტ ქრისტეს სახელის მოხმობას. ყველა ჩასუნთქვაზე ჩაუღრმავდი მის ღვთაებრივ სახელს და კიდეც რომ გაგეფანტოს გონება, არა უშავს.
ეს განუწყვეტელი მეცადინეობა და მუდმივი სწრაფვა - იპოვო უფალი, მას მოიზიდავს და თვითონ მოვა შენს სანახავად. და შენს გულში აღმოცენდება მაცოცხლებელი წყარო, რომელიც იღაღადებს: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!"
და მაშინ დაუსრულებელ სიხარულს მოგანიჭებს მეუფე ქრისტეს ხმა და სიტკბოება. ოღონდ ყურადღებით იყავი და გეშინოდეს, გაექეცი ცოდვას: ის თოვლივით მოდის და ყველაფერს ახმობს.
განიწმინდე თავი სუფთა აღსარებით. ცოდვის სიბინძურეს ნუ დატოვებ შენთან, რომ არ იპოვოს მაცდურმა შენი დაცემის მიზეზი.
ადამიანი თვითონ ვერაფერს შექმნის. მას არ ჰქონია, არ აქვს და არც ექნება ძალა, რაიმე კეთილი აკეთოს, თუკი ზეგარდამო არ გაუნათებს ღმერთი გონებას.
ყველა კეთილი გულისსიტყვა ან გონების მოძრაობა ღვთის მადლის მოქმედებაა.
თუკი სხეულის გარეშე გააკეთებ რამეს, შენ გეკუთვნის, ხოლო თუ სხეულის დახმარებით, სხეული ხომ ღვთის ქმნილებაა. თუკი რაიმეს გონების გარეშე იფიქრებ, შენია, ხოლო თუკი გონების დახმარებით, გონება ხომ ღვთის ქმნილებაა.
შესაბამისად, ადამიანს საკუთარი არაფერი გააჩნია. ესე იგი, ყველაფერი ღმერთით იწყება და მთავრდება".
სულიერი მოძღვრისადმი უსიტყვო მორჩილებას რომ დიდი ძალა აქვს და ყოველგვარი საფრთხისგან დაგვიცავს, წმინდა მამათა ცხოვრებაში ამის მრავალი მაგალითია. ურჩობას რა შედეგამდეც მივყავართ, ესეც ვუწყით. ბერი იოსებ ვათოპედელი წიგნში, "მადლმოსილი ბერი ეფრემ კატუნაკელი", ურჩობის მაგალითების შესახებ წერს: "წმინდა ანას სკიტში ოდესღაც ერთი ბერი ცხოვრობდა მორჩილთან ერთად. სამწუხაროდ, ეს მორჩილი ბერს ხშირად ეურჩებოდა. დადგა ღვთისმშობლის ერთ-ერთი დღესასწაულის წინა დღე.
- გერონდა, - უთხრა მორჩილმა, - წავალ, თევზს დავიჭერ, ხვალ ხომ დღესასწაულია.
- შვილო ჩემო, ჩვენმა მეზობელმა მეთევზეებმა გუშინ აქ ვერაფერი დაიჭირეს, თუმცა ბევრს ეცადნენ. დედა ღვთისმშობელს რომ სურდეს, თევზი ვჭამოთ, დაიჭერდნენ და მოგვიტანდნენ. ნუ წახვალ სათევზაოდ.
- არა, წავალ!
- ნუ წახვალ, - გაუმეორა ბერმა.
მორჩილი წავიდა. დამწუხრებული ბერი კელიაში დაბრუნდა, რათა თავისი მორჩილისათვის ელოცა - იგრძნო, რომ მას განსაცდელი შეემთხვეოდა.
მორჩილი ზღვის ნაპირს მიადგა. ანკესი ისროლა და მაშინვე იგრძნო, რომ ანკესს რაღაც მოედო და თავისკენ მოიზიდა.Uუცებ გამოჩნდა ზანგი, რომელიც თვალებს ავად აბრიალებდა და მზად იყო, თავს დასხმოდა, მაგრამ რაღაც უხილავი ძალა აკავებდა. შეშინებული მონაზონი გაიქცა, ეშმაკი კელიამდე მიჰყვა და მიაძახა: - შე საცოდავო მონაზონო, ბერი რომ შენთვის სკვნილზე არ ლოცულობდეს, ზღვაში ჩაგახრჩობდიო.
აი, ნაყოფი ურჩობისა, უტყუარი და დაუყოვნებელი".
ბერი პაისი კი გადმოგვცემს, თუ რა სიფრთხილეა საჭირო სენაკს მიღმა.
"ძმაო, როცა სენაკიდან გადიხარ, გახსოვდეს, მტერი მზად არის თავდასხმისათვის. უბედურება ისაა, რომ ის ბოროტია და არა მხოლოდ საბაბს ეძებს, არამედ თვითონვე ქმნის საბაბს, რათა ცეცხლში მოგიყოლოს და დაგჭრას.
კვლავ მიბაძე კარგ მეომარს, რომელიც მიწურიდან ავტომატმომარჯვებული გამოდის. ასევე გეჭიროს შენც ხელში შენი ავტომატი - სკვნილი და იფხიზლე, რომ ოდნავი გაუფრთხილებლობით არ გაანიავო სიმდიდრე, რაც ესოდენი შრომით სენაკში დაგიგროვებია.
დაე, სკვნილი არასოდეს გაგეშვას ხელიდან, რადგან ეს არის თასმა, რომელსაც ჩამოვკრავთ მრავალგზის - ამით ვამუშავებთ ძრავას, სანამ საბოლოოდ სულიერი ზეთი არ გაცხელდება და ჩვენი სულიერი მანქანა განუწყვეტლივი ლოცვით ადგილიდან არ დაიძვრება. როცა ეს მოხდება, მაშინაც კი არ მიატოვო სკვნილი, რადგან ამან შეიძლება სხვებიც აღძრას სკვნილის მისატოვებლად, თუმცა ისინი შეიძლება ადგილიდან არც კი იყვნენ დაძრულნი.
გამოხვალ თუ არა სენაკიდან, ყოველგვარი ბოროტების თავიდან ასაცილებლად, შეზღუდე შენი მრავალსიტყვაობა მოკლე სიტყვებით: "დამლოცე" და "როგორც მაკურთხებთ". მაშინ ღმერთიც დაგლოცავს და ყველა შეგიყვარებს, ცდუნებაშიც არასდროს ჩავარდები, რადგან ეშმაკი განიარაღებული დარჩება და იძულებული იქნება, მუდმივად პირდამხობილი იწვეს და თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ პატივით მოგეპყროს.
თუკი ვინმე ყბედს შეხვდები, ზურგი არ შეაქციო, უთხარი, მეჩქარებაო და სიყვარულით განშორდი. კარგი იქნება, თუ მანამდე განერიდები, სანამ ის შეგამჩნევს. მაგრამ თუ უკვე შეხვდი მას, აჩქარებით ზურგი არ აქციო, ნაწყენი არ დატოვო.
ხოლო თუ შეამჩნიე, რომ ვინმეს განიკითხავს, სიყვარულით უთხარი: "ძმაო, შენ გმართებდა ჩემი განსჯა, უბადრუკისა, და არა სხვების, ვინც ჩემზე უკეთესია". გაფრთხილდი, რომ არ ამხილო იგი, იმისდა მიუხედავად, დიდია ის თუ პატარა, რამეთუ ეს თავხედობაა. ასევე გაფრთხილდი, რომ არ უსაყვედურო მას, რადგან მაშინ ღმერთი მოგიძულებს... შეგიძლია, თუ გინდა, არ მოუსმინო მას და განუწყვეტლივ ილოცო დროის იმ მცირე მონაკვეთში, სანამ იძულებული იქნები, დაითმინო შენი ძმა, რათა არ აწყენინო, რადგან იგი სულიერად სნეულია".
საფრთხესთან ერთად მახეც ბევრია დაგებული წუთისოფელში
ქვიშხეთის აღდგომის სახელობის დედათა მონასტერში სტუმრობისას სქემმონაზონ ანტონინას (ხეროდინაშვილი) და ტაძრის მოძღვარს, დეკანოზ ანდრია მანჩაკოვს ვესაუბრე.დედა ანტონინა:
- ჩვენდა უნებურად, გონებაში რაღაც უხილავი შემოიჭრება ხოლმე და ისეთ უცნაურ აზრს მოგვაწოდებს, გაგიკვირდება კიდეც. როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს? ძალიან კარგად უნდა დაუკვირდე და შესაბამისად - გაარჩიო, რომ ეს უფლისგან არ არის მოწოდებული. ამ უკეთურ შთაგონებას ეშმაკი გვიგზავნის. ამ შემთხვევაში შეეცადეთ, მოიკრიბოთAძალ-ღონე და ლოცვები გააძლიეროთ. "მამაო ჩვენოს" ლოცვას როგორც კი ვიტყვით, ბოროტი მაშინვე მოგვშორდება. მუდამდღე უნდა ვლოცულობდეთ, რათა ბოროტს არ მივცეთ ჩვენს სულსა და გულში შემოჭრის უფლება. რაც მეტად გავაძლიერებთ ლოცვებს და გვეყვარება უფალი, მეტად დავძლევთ ბოროტებას. ეშმაკს ყოველთვის უნდა ვაჯობოთ.
- წუთისოფელში ათასგვარი საფრთხისგან როგორ დავიცვათ სული?
- საფრთხესთან ერთად მახეც ბევრია დაგებული წუთისოფელში. მახეში გაებმება უფლისგან შორს მდგომი.Uუფლის გვერდით მყოფი მცირედად მაინც იგრძნობს საფრთხის, ეშმაკის მოახლოებას. ერთხელ თუ შეგნიშნა, რომ გძლევს და საფრთხეში ჩაიგდე თავი, ეშმაკი ძირს დაგცემს. დაცემას კი მუდამ აღდგომა უნდა მოსდევდეს. ლოცვით უნდა შევთხოვოთ უფალს, ძალა მოგცეს ბოროტებისგან განსარიდებლად. ამგვარად თუ შეეწინააღმდეგები, თორემ ხმლით ვერაფერს გავხდები.
როცა ასეთ მდგომარეობაში ვვარდები, მაშინვე ვამბობ ხოლმე: "სულო ბოროტებისა, წყეულიმც იყავ, განმშორდი. შენ ჩემთან საქმე არ გაქვს. მე ქრისტესი ვარ, ქრისტე ჩემთანაა". ამის თქმის შემდეგ მაშინვე განმშორდება ხოლმე, მაგრამ რამდენიმე ხანში კვლავ თავს მახსენებს. მეც ისევ ამ სიტყვებს შევაგებებ და ასე ვცდილობ ბოროტის მახეების საფრთხისგან განთავისუფლებას.
- ბოროტის საფრთხეებისგან თავის დაცვა ბერ-მონაზვნებსაც სჭირდებათ?
- უფრო მეტად, ვიდრე ერისკაცს. როცა სქემაში ხარ, ამას განსაკუთრებით გრძნობ.
- დედაო, როგორ გრძნობთ ხოლმე საფრთხის მოახლოებას?
- მაგალითად, როცა ძილად მისვლას ვაპირებ, ზოგჯერ განვლილი დღის მოუსვენრობა და რაღაც საქმით გამოწვეული შფოთი შემოდის. ჩვენს სისუსტეებს გრძნობს ბოროტი ძალა და თავს გვახსენებს. სულიერი ცხოვრება მუდამ ბრძოლაა. საკუთარი თავი ბრძოლის ველზე უნდა წარმოიდგინო და მტერზე გამარჯვებაზე იფიქრო. ერში ამას ვერ ვგრძნობდი და არანაირ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი. ბერი პაისის წიგნში წავიკითხე: დიდი ეშმაკები ვიცით, მაგრამ პატარა ეშმაკუნები რაღას აკეთებენ? ისინი არიან სწორედ მკერავებისთვის მოგონილნი (მონასტერში ძირითადად ხელსაქმის, კერვის მორჩილება მაქვს). მართლაც ასეა, დავიწყებ თუ არა კერვას, ძაფი ისე ამებურდება და გამენასკვება ხოლმე, გაოცებული ვრჩები.
- დედაო, თქვენ ალბათ ბევრი გთხოვთ ლოცვებში მოხსენიებას და ათასგვარი საფრთხისგან უფლის შეწევნით თავის გადარჩენას.
- ნამდვილად ასეა. დიდ რვეულში მიწერია მთხოვნელთა სახელები და ლოცვებში ყოველდღე ვიხსენიებ მათ. სკვნილზე ლოცვასაც ვაძლიერებ ერისა და ბერის კეთილდღეობისთვის. ერთხელ ერთმა შეწუხებულმა ქალბატონმა მთხოვა, მისთვის შვილიერებაზე მელოცა. მადლობა ღმერთს, რომ უფალმა მას მოკლე ხანში შვილი მისცა. ღმერთმა ქნას, უფლის დახმარებით ჩემი ლოცვა ყველას შეეწიოს, თითოეულს შეუსრულდეს უფლისთვის ნათხოვნი. დავლოცავ თქვენს ჟურნალს, უფრო მეტი შემართებით გეკეთებინოთ ღვთის სადიდებელი საქმე.
დაცემა არ არის საშიში. საშიშია დაცემის შემდეგ რომ ვერ წამოდგები
მამა ანდრია: - ერთხელ ანტონი დიდი უფალს შეევედრა, - მაჩვენე, როგორი ცხოვრება იქნებოდა მომავალშიო და ხილვა ნახა, თითქოს დედამიწა ბადეში იყო გახვეული (ეს ეშმაკის მიერ მოქსოვილი ბადე გახლდათ) და ადამიანები მასში ეხვეოდნენ. ანტონი დიდს ცრემლები წამოუვიდა და უფალს ჰკითხა, ვინ გადარჩებაო. უფალმა უპასუხა, - მხოლოდ მორჩილნი და თავმდაბალნიო. თუ ადამიანს ღვთის სიყვარული, მორჩილება და თავმდაბლობა არ აქვს, დაიღუპება. როცა ცხვრის ფარას მწყემსი არ ჰყავს, მას მგელი მიიტაცებს. ასევეა ადამიანიც სულიერი მოძღვრის გარეშე. როცა კაცი თავისი თავისუფალი ნებით ირჩევს მოძღვარს და მას ემორჩილება, ეს ნიშნავს, რომ იგი უკვე ღვთის ნებით მოქმედებს. აუცილებელია, ერში შვილი ემორჩილებოდეს მშობლებს, ცოლი - ქმარს, მთელი ოჯახი კი სულიერ მოძღვარს, ჩვენ, სასულიერო პირები - ეპარქიის მღვდელმთავარს, პატრიარქს. როგორც ზეცაშია იერარქია და უფალს ყველა ემორჩილება, ჩვენც დედამიწაზე უპირატესს, მღვდელმთავარს, პატრიარქს უნდა ვემორჩილებოდეთ. - მამაო, რა კუთხით ემუქრება ადამიანს საფრთხე?
- მახვილით მოსულ მტერს ამჩნევ და თავდასაცავად ემზადები, ხოლო როცა ფარულად მოდის (ისე, როგორც მგელი ცხვრის ტყავში გადაცმული), ამის ამოცნობა ძნელია. თუმცა სულიერი ადამიანისთვის, ვისაც მოძღვარი ჰყავს, ადვილია შეცნობა. შეცნობა რითი ხდება? როგორც ხე შეიცნობა ნაყოფით, ასევე ადამიანი შეიცნობა თავისი ნაყოფით - საქმეებით. რადგან ბოროტმა იცის, რომ მისი დღეები მოკლდება და მთავრდება, უფრო გააფთრებული იბრძვის ადამიანის სულების დასაღუპავად. თანამედროვე ცხოვრებაში ეს მეთოდებია ტელევიზორი, პრესა, კომპიუტერი და სხვა. კომპიუტერი კეთილად და საქმისთვის უნდა გამოიყენო. ერთ-ერთმა მოძღვარმა თქვა, - მონასტერში ორი ახალგაზრდა მოიყვანეს. შევხედე - ნარკომანები მეგონა, მერე გავიგე და გავოცდი: კომპიუტერთან დიდხანს ჯდომით ავადმყოფებს ჰგავდნენ. ერთ-ერთმა დასძლია კომპიუტერის ცდუნება და მონასტრეში დარჩა, მეორე შინ დაბრუნდა. კომპიუტერზე მიჯაჭვულობამაც შეიძლება დიდი საფრთხის წინაშე დააყენოს ადამიანი. ჩვენ ტექნიკის უარყოფას კი არ ვქადაგებთ, არამედ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რა არის მასში კარგი და რა - ცუდი.
- თითოეულს თავისი სისუსტე აქვს და ბოროტი ამ კუთხით საფრთხეებს უმზადებს. როგორ უნდა დავაღწიოთ თავი ამ მდგომარეობას?
- მაკარი დიდი მონასტერში მიდიოდა. გზად ეშმაკი შემოხვდა, ხელში სხვადასხვა ზომის ქვაბები ეჭირა. მაკარი დიდმა ჰკითხა, - სად მიდიხარო? მონასტერშიო. მერედა, ამდენი ქვაბი რად გინდაო. ბერებს საჭმელი უნდა მივუტანოო. ამდენი ქვაბის წაღებას აჯობებდა, ერთი წაგეღოო, - მიუგო მაკარი დიდმა. თითოეული მონასტრის წევრს სხვადასხვა ქვაბიდან უნდა ვაჭამოო. ყველა ადამიანს სხვადასხვა სისუსტე აქვს და ბოროტმაც იცის, რომელი მხრიდან გვებრძოლოს. უფალი ამ განსაცდელს ჩვენზე იმიტომ უშვებს, რომ ადამიანმა ეს ბრძოლა დაძლიოს და დაცემის შემდეგ შეძლოს მაშინვე წამოდგომა. როგორც წმინდა იოანე ოქროპირი გვასწავლის, დაცემა არ არის საშიში. საშიშია დაცემის შემდეგ რომ ვერ წამოდგები.
ვურჩევდი ყველას, ცოდვას ბრძოლა გამოუცხადოს და თუნდაც ერთი დღე გაატაროს მის გარეშე. ამას უფალი შეიწირავს და სიკეთითაც მოგვიგებს.