ცოდვა, თავისთავად, ღვთის დაუმორჩილებლობაა, რადგან ვარღვევთ უფლის მიერ დადგენილ მცნებას
მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში თავმდაბლობა ის საფუძველია, რაზეც უნდა დაამყაროს მორწმუნემ თავისი ქმედებები.
თავმდაბლობა მორჩილებით მოიპოვება, ამიტომ მას ეკლესიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ადამიანების, მშობლების, ქმრის, კანონის, განსაცდელების და, რა თქმა უნდა, უფლის მორჩილებისკენ წმინდა ეკლესია მორწმუნეებს დასაბამიდან მოუწოდებს. მაგრამ ისმის კითხვა: ხომ არ ქადაგებს ეკლესია მონობას, ხომ არ ჩაგრავს თავის წევრებს?მორჩილებაზე გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელი კონსტანტინე (გიორგაძე).
- მამაო, რა არის მორჩილება?
- მორჩილება უდიდესი ქრისტიანული სათნოებაა. ის უფალმა ადამს სამოთხეშივე მისცა. პირველი ადამიანი უნდა დამორჩილებოდა უფალს და არ ეჭამა აკრძალული ხის ნაყოფი. თუმცა, მოგეხსენებათ, რომ ის ეურჩა ღმერთს და ამის გამო სამოთხიდან განიდევნა. ასე რომ, ადამიანთა სამოთხიდან გაძევების ერთ-ერთი მიზეზი ურჩობა იყო.
მორჩილება სათნოა მხოლოდ მაშინ, თუ არის ქრისტეს გულისთვის, ქრისტეს სიყვარულიდან გამომდინარეობს. ხოლო თუ ადამიანი ემორჩილება ვინმეს არა ღვთიური შიშის გამო, ეს ცოდვაა და არასწორია. სამწუხაროდ, ყველანი ცოდვის მონები ვართ. ცოდვა, თავისთავად, ღვთის დაუმორჩილებლობაა, რადგან ვარღვევთ უფლის მიერ დადგენილ მცნებას. მაცხოვარი ამბობს, შეუძლებელია ორი უფლის მონობა. შეუძლებელია ერთდროულად იყო უფლის და ეშმაკის მორჩილი. ამიტომ უნდა ვებრძოლოთ ჩვენს ცოდვებს, მანკიერებებს; ვინც არ ებრძვის მათ, ის ეშმაკს უცხადებს მორჩილებას, ეს კი, ცხადია, სადამდეც მიგვიყვანს. რადგან მორჩილება საკუთარი ნების უარყოფას გულისხმობს, ეს არის ერთადერთი სათნოება, რომელიც დაცულია ხიბლისგან. ყველა სხვა სათნოების მონიჭების შემდეგ არსებობს ხიბლში ჩავარდნის საფრთხე.
- მორჩილების მაგალითს თავად მაცხოვარი გვაძლევს...
- როგორც აღვნიშნე, ცოდვა, თავისთავად, ღვთის დაუმორჩილებლობაა, მორჩილება კი უფლის მიბაძვა. თვით იესო ქრისტემ გვიჩვენა მამისადმი მორჩილების საოცარი მაგალითი. მაცხოვრის საქციელი, უპირველესად, ჩვენთვის იყო საჭირო - ამით მივიღეთ თავმდაბლობისა და მორჩილების უდიდესი გაკვეთილი. როცა ხედავ, რომ უფალი შენს გამო ჯვარს ეცვა, აიტანა უამრავი შეურაცხყოფა და დამცირება, მოკვდა ჩვენს დასახსნელად, გიჩნდება მისი მიბაძვის სურვილი, რათა ამით ერთგვარი მადლობა გადაუხადო. ადამიანს სრულად უნდა ჰქონდეს გააზრებული, ვის ემორჩილება და რატომ. უნდა ვიცოდეთ, რომ ვემორჩილებით ჩვენს შემოქმედს. გავიხსენოთ მამამთავარი აბრაამი, რომელმაც უდიდესი მორჩილებით, უყოყმანოდ აღასრულა უფლის ბრძანება - შვილი გაწირა. მან ზუსტად იცოდა, რომ ღმერთი ცუდს არაფერს დაავალებდა. ისააკმა კი თავისი ქცევით გვიჩვენა მამის მორჩილების უჩვეულო მაგალითი. ძველ აღთქმაში ის იესო ქრისტეს წინასახეა, რომელიც ზვარაკად შეეწირა კაცობრიობის ხსნას. მორჩილება უნდა გამომდინარეობდეს ღვთისადმი მადლიერების გრძნობიდან, რადგან მან შექმნა მთელი სამყარო და სული დასდო ჩვენთვის.
- მამაო, რატომ არის მონაზვნისთვის განსაკუთრებით საჭირო მორჩილება?
- მონაზვნობას, მორჩილების და თავმდაბლობის გარეშე, აზრი არა აქვს. მონაზონმა დღეში თუნდაც ათასი ლოცვა წაიკითხოს, მეტანიები, მარხვა აღასრულოს, ამ სათნოების გარეშე მას ფასი არ ექნება.
მონაზვნობა - დედამიწაზე ანგელოზებრივი ცხოვრებაა. ანგელოზები ყველაფერში უფლის მორჩილნი არიან, ასე რომ, თუ ადამიანმა დედამიწაზე ანგელოზებრივი ცხოვრება აირჩია, უნდა მიბაძოს კიდეც მათ. ეს საკმაოდ რთულია, დიდი ბრძოლა სჭირდება, მაგრამ თუ ღმერთს მიენდობა, მისი მცნებების ასრულებას ცდილობს, უფალი აუცილებლად მისცემს ძალას. ამ ბრძოლაში მორჩილება მორწმუნის საუკეთესო იარაღია. როგორც გითხარით, ეს სათნოება საკუთარი ნების უარყოფას, ღვთის ნებას დამორჩილებას ნიშნავს. საკუთარი ნების უარყოფით კი ადამიანი უარყოფს ყველა ცოდვას, მანკიერებას. ამიტომაც მონაზონი აუცილებლად მორჩილი უნდა იყოს. ეს არის მონაზვნობის ფუნდამენტური ცნება.
- მონასტერში არსებობს სხვადასხვა მორჩილებები, რომლებიც კონკრეტული საქმის აღსრულებაში გამოიხატება...
- დიახ. მონაზონი წინამძღვრის კურთხევას აღასრულებს. ესეც, ერთგვარად, ღვთის მორჩილების გარეგნული გამოხატულებაა.
- წინამძღვარი ახსენეთ. მას მთელი ტაძარი ემორჩილება. რა მისია აკისრია მას ეკლესიაში, როგორ არის იერარქია გათვალისწინებული?
- იერარქიული წყობა სრულყოფილად გამოხატულია მონასტერში. წინამძღვრობა უდიდესი ვალდებულებაა. წინამძღვარი უფლის წინაშე პასუხისმგებელია არა მარტო საკუთარ მრევლზე, არამედ მთელ ეკლესიაზე, ყველაზე, ვინც ამ ტაძარში მსახურობს, მოღვაწეობს. წინამძღვარი თავისი სურვილით კი არ თხოვს ამა თუ იმ პიროვნებას რაიმეს აღსრულებას, არამედ ეკლესიის ინტერესების გათვალისწინებით. ჩემი აზრით, წინამძღვარს გარკვეული სიმკაცრე სჭირდება. მაგრამ ცხადია, ეს სიმკაცრე სიყვარულიდან უნდა გამომდინარეობდეს.
- როცა გრძნობ, რომ გემორჩილებიან, ალბათ ძნელია, ამპარტავნებაში არ ჩავარდე.
- ეს მართლაც საშიშია. მაგრამ წინამძღვარს უნდა ახსოვდეს, რომ ყველანი, უპირველესად, ღვთის შვილები ვართ და მას ვემორჩილებით. წინამძღვრობამ პატივმოყვარეობის ნაცვლად მეტი სარწმუნოება უნდა შეგვმატოს. წინამძღვარი უნდა იყოს მაგალითი ქრისტიანული ცხოვრებისა. თუ თავმდაბალი იქნება, მთელი სამწყსოც ასეთივე ეყოლება.
- რას იტყოდით მორჩილებაზე ქრისტიანულ ოჯახში?
- წმინდა პავლე მოციქული ამბობს, - უპირატესი და უწმინდესი მონაზვნობააო. მას შემდეგ კი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქმე მართლმადიდებლისთვის ოჯახის შექმნაა. ჭეშმარიტი ქრისტიანული ოჯახი, შეიძლება ითქვას, პატარა ეკლესიაა, უფლის ნავსაყუდელია, ის ადგილია, სადაც ერთმანეთს ორი ადამიანი ქრისტესმიერი სიყვარულით უკავშირდება. მართლმადიდებელ ოჯახში ქმარსაც და ცოლსაც მოვალეობანი აკისრიათ, რომელთა აღსრულებაც ამ ოჯახის სიმტკიცის საფუძველს წარმოადგენს. წმინდა პავლე მოციქული წერს, რომ ცოლი ქმრის მორჩილი უნდა იყოს ისე, როგორც ეკლესია არის ქრისტეს მორჩილი. სამწუხაროდ, ამ სიტყვებს ბევრი დედაკაცი არასწორად იგებს. ჩივიან, - ჩვენც ხომ ადამიანები ვართ, ჩვენც ხომ უნდა გვქონდეს საკუთარი აზრიო. ღვთისადმი მორჩილება სრულიად არ გულისხმობს საკუთარი აზრის და ინდივიდუალობის დაკარგვას. ასე მაშინ ხდება, როცა არც ქმარს ესმის ამ სიტყვების ჭეშმარიტება. მორჩილება სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ცოლი ქმრის მონა გახდეს, ქმარი გაბატონდეს და მეუღლეს მისი ბრძანების პირუჩუმრად შესრულება მოსთხოვოს. წმინდა მოციქული ქმრებსაც უდიდეს მოვალეობას აკისრებს: მათ ისე უნდა უყვარდეთ ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და სული დასდო მისთვისო. ასე რომ, თუ ცოლ-ქმარს შორის ამგვარი ურთიერთობა იქნება, მსგავსი უთანხმოებები გამორიცხულია. ოჯახი წმინდა ადგილია, ცოლი - ეკლესიის, ქმარი კი ქრისტეს სახეა. მოგეხსენებათ, როცა ადამმა ევა იხილა, თქვა: ეს არის ჩემი ხორცი ხორცთაგანი და ძვალი ძვალთაგანიო. ჯვრისწერის საიდუმლოც ამაში მდგომარეობს. მის შემდეგ ორი სხეული ერთდება და ერთი მთლიანობა ხდება. ცოლ-ქმარი - ერთიანი ორგანიზმია. გაჭირვების ჟამს ვინ იქნება ქმრის პატრონი? რაღა თქმა უნდა, ცოლი. თუ ქმარი ძალიან ცუდად მოიქცევა, მას ცოლი ეყრება ხოლმე. რომ ვთქვა, ეს არასწორია-მეთქი, ალბათ გამკიცხავენ, არადა თუ ქმარი სულიერად, ზნეობრივად განადგურებულია, ვინ უნდა ამოუდგეს ასეთ დროს გვერდში, თუ არა ცოლი?!
- თუ ქმარი არაეკლესიურია, უნდა დაემორჩილონ თუ არა მას?
- საერთოდ, დაუშვებელია, რომ ეკლესიური ქალი ცოლად გაჰყვეს არამართლმადიდებელს. თუმცა შეიძლება, ცოლი ქორწინების შემდეგ მოექცეს. ასეთ დროს უმჯობესია, არ დატოვოს ქმარი და დაემორჩილოს მას ყველაფერში, გარდა რელიგიური საკითხებისა. თუ ქმარი რჯულის შეცვლას ავალებს ან სხვა რაიმე ამდაგვარს, ცხადია, უნდა გაეყაროს - უფალი უპირატესია.
- ბავშვები ყველაფერში უნდა დაემორჩილონ თუ არა მშობლებს?
- რაღა თქმა უნდა, მართლმადიდებელ მშობლებს ბავშვები უნდა ემორჩილებოდნენ. ამას უფალი ათ მცნებაშიც ამბობს. მშობლების მორჩილება ღვთის მორჩილებაა. მაგრამ, კიდევ ვიმეორებ, იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ არიან მართლმადიდებლები, რელიგიურ საკითხებში მათ არ უნდა დაემორჩილონ, უპირატესად ღვთის მორჩილნი უნდა იყვნენ.
მშობლებმაც შვილების აღზრდისას უდიდესი სიბრძნე უნდა გამოიჩინონ. ზომიერი სიმკაცრე აუცილებელია. ბავშვი 9 წლამდე ყალიბდება, ამიტომ ყოველმხრივ უნდა ვეცადოთ ამ ასაკამდე შვილისთვის სწორი ქცევის სწავლებას. ასეთ დროს შეიძლება სიმკაცრეც დაგვჭირდეს. რკინა, სანამ ცხელია, მანამდე უნდა გამოვაწრთოთ. ბავშვები უნდა აღვზარდოთ, უპირველესად, სიყვარულით. ეს არის ღვთისმსახურების ერთგვარი ფორმა. ადამიანებს შვილები მხოლოდ იმიტომ არ ეძლევათ, რომ სიბერეში მომვლელი ჰყადეთ. მთავარია, რომ ისინი კარგად აღზარდონ და უფლის მოცემულნი, ისევ მას მიართვან. აბრაამი და ისააკი გავიხსენეთ. მამა-შვილის ურთიერთობა თავმდაბლობის, მორჩილების და სიყვარულის სიმბოლოა. მშობლებსაც და შვილებსაც, უპირველესად, უფალი უნდა უყვარდეთ და შემდეგ ერთმანეთი. ღმერთზე წინ ადამიანმა არავინ არ უნდა დააყენოს. უპირატესი პატივი შემქმნელს უნდა მივაგოთ, შემდეგ კი მის ქმნილებებს. გავიხსენოთ დედა ღვთისმშობელი. ის მართლმადიდებლურ ეკლესიაში ქალის, დედის სიმბოლო და იდეალია. მისი და მაცხოვრის ურთიერთობა მშობლისა და შვილის ურთიერთდამოკიდებულების საოცარი მაგალითია. სახარებაში ჩანს, თუ როგორ უყვარდა ყოვლადწმინდა ქალწულს თავისი ძე, მაცხოვარი კი მას და იოსებს ყველაფერში ემორჩილებოდა. ეს არის სწორედ ის ურთიერთობა, რომელიც ნებისმიერი ოჯახისთვის სანატრელი და მისაბაძია.
- მოძღვარსა და მრევლს შორის განსაკუთრებული როლი მორჩილებას ენიჭება. მრევლმა მოძღვრის ყველა კურთხევა უნდა აასრულოს. ეს ზოგჯერ ძალიან რთულია. რას იტყოდით მოძღვრის მორჩილებაზე?
- მოძღვარსა და სულიერ შვილს თბილი და მეგობრული ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ. მღვდელთან მისვლა და აღსარების თქმა მექანიკურ ქმედებაში არ უნდა გადაგვეზარდოს. უნდა გვახსოვდეს, რომ მოძღვარი ჩვენი წინამძღვარია სულიერ გზაზე... სრული მორჩილება მონასტერშია. დღესდღეობით ერში სხვა სიტუაციაა. სულიერი შვილისთვის კურთხევა ძალიან რთული მისაცემია. რა თქმა უნდა, თუ კონკრეტულად რაიმე საქმეზე უნდათ კურთხევის აღება, ვაკურთხებ ხოლმე. ისე კი, მრევლს უფრო რჩევას ვაძლევ. მოძღვრის კურთხევის გარდა მორწმუნემ წმინდა მამათა სწავლებებიც უნდა წაიკითხოს და ამ ორი რამით იხელმძღვანელოს.
- ზოგჯერ, როცა მორწმუნეს სხვა მოძღვართან გადასვლა სურს, კურთხევას ძველი მოძღვარი არ აძლევს. როგორ მოიქცნენ ამ დროს, რომ ურჩობაში არ ჩავარდნენ?
- პატრიარქი ერთ ქადაგებაში ამბობს, თუ მოძღვარი არ გაძლევთ კურთხევას სხვასთან გადასვლაზე, არ დაემორჩილოთ მას და სასურველ მღვდელს მიაშურეთო. ოღონდ აქაც სიფრთხილეა საჭირო. სულიერი მოძღვრისგან გადასვლას შეიძლება საფუძვლად ორი რამ ედოს. ზოგჯერ ეს თავმოყვარეობიდან გამომდინარეობს - როცა მოძღვარი აღმსარებელს რაიმეს ისეთს ეუბნება, რაც მას არ მოსწონს, როცა ამხელს ცოდვაში და ა.შ. მაშინ ზოგი ფიქრობს, რომ მოძღვარმა ვერ გაუგო, არასწორად განსაჯა ფაქტები, მიიჩნევს, რომ ის არ არის "სათანადო სულიერების" და სხვასთან მიდის. ასეთი ადამიანები ძალიან ბევრ მოძღვარს იცვლიან და საბოლოოდ კი შეიძლება არც ერთ მათგანთან არ ჰქონდეთ სასურველი ურთიერთობა. მაგრამ არის შემთხვევები, როცა სულიერი შვილი მოძღვართან მართლაც ვერ იხსნება. უჭირს მისთვის ყველაფრის თქმა, აღიარება. ეს არავისი ბრალი არ არის. თავისუფლად შეიძლება, რომ ორი აბსოლუტურად დადებითი პიროვნება ერთმანეთს ვერ შეეწყოს და ეს არავითარ შემთხვევაში არ არის გასაკიცხი. მღვდელი არ უნდა ეცადოს შვილის დაკავებას, რადგან ასეთ დროს შეიძლება ეს უკანასკნელი ძალიან ცუდ სულიერ მდგომარეობაში ჩავარდეს. ნებისმიერი დაკარგული ცხვრისთვის კი ღმერთი მღვდელს პასუხს მოსთხოვს. მღვდლის მოვალეობა, უპირველესად, თავისი სამწყსოს უფალთან მიახლოებაა, მრევლის ცხონებაა. თუ მღვდელმა შეამჩნია, რომ მრევლის რომელიმე წევრს მასთან აღსარების თქმა უჭირს, თავად უნდა შესთავაზოს სხვასთან გადასვლა.
მოძღვრობის არსი და უდიდესი სირთულე ის არის, რომ თითოეულ შვილს თავისი გასაღები უპოვოს. მღვდელი ვერ იქნება შაბლონური, წარმოუდგენელია, რომ ის ყველა შვილს ერთნაირად მოეპყრას. ეს თავად მორწმუნის ფსიქოლოგიიდან და მისი სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა ხდებოდეს. ასე რომ, თუ ვხვდებით, სხვა მოძღვართან ყოფნა ჩვენივე ცხონებისთვის არის უკეთესი, აუცილებლად მას უნდა მივაშუროთ.
- თუ ვხედავთ, რომ მოძღვარი ცოდვაშია, უნდა დავემორჩილოთ თუ არა მას?
- ვფიქრობ, ამ შემთხვევაში საჭიროა სხვა მოძღვართან მივიდეთ. მაგრამ ერთი რამ მინდა დავაფიქსირო: წმინდა საიდუმლოებებს ერთნაირი ძალა აქვთ ნებისმიერი მოძღვრის ხელში. აღსარების დროს მრევლს ცოდვა ყოველთვის მიეტევება, ზიარებისას კი უფლის სისხლსა და ხორცს ვიღებთ, მიუხედავად იმისა, თუ როგორი მღვდელი აღასრულებს ამას. ყველას ერთნაირი სამღვდელო მადლი აქვს, განსხვავდება მხოლოდ მათი პირადი მადლი, რაც არავითარ შემთხვევაში არ აისახება საიდუმლოებებზე. ღვთისმსახურებისას მღვდელი მხოლოდ უფლის იარაღია. ის არ არის მოქმედი, ამ დროს ეკლესიაში უხილავად უფალი მოქმედებს. წირვისას მთელი ზეცა ჩამოდის დედამიწაზე, ეს იმდენად დიდი რამაა, რომ, ცხადია, მასზე გავლენას კონკრეტული მღვდლის სულიერება ვერ მოახდენს. იყო შემთხვევა, როცა ერთ-ერთი მღვდელი წირვაზე ცოდვებით დამძიმებული მივიდა, ხელები აღაპყრო და უფალს შეჰღაღადა, არ ვარ ღირსი, წირვა აღვასრულო, შენ წირეო. მართლაც, მრევლმა დაინახა, რომ უფალი წირავდა, მღვდელი კი მხოლოდ ასამაღლებლებს ამბობდა.
- ხომ ყოფილა შემთხვევები, როცა ადამიანები ცხონებულან მხოლოდ იმიტომ, რომ ცუდ მოძღვარს გაუძლეს, მის მორჩილებაში იყვნენ?
- დიახ. პატერიკებში ვხვდებით ასეთ შემთხვევებს, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ დღეს ცოტას თუ აქვს იმდენი სულიერება, რომ მოთმინებით აიტანოს მოძღვრის ქცევა, დაემორჩილოს და გულით ილოცოს მისი გადარჩენისთვის.
- არის თუ არა აუცილებელი, მოძღვარს ყველაფერი ვუამბოთ და მას, სულიერის გარდა, ხორციელ საკითხებშიც დავემორჩილოთ? ზოგს ერიდება მღვდელთან სხვადასხვა თემაზე საუბარი.
- ექიმთან რომ მიდის ადამიანი და შიშვლდება, არ რცხვენია, რადგან განკურნება უნდა. ასევეა მოძღვართანაც. სულიერი ხორციელის გარეშე წარმოუდგენელია. სული და ხორცი ერთი მთლიანობაა, რომელიც კონკრეტულ პიროვნებას ქმნის. რაიმე ხორციელ საქმეში ადამიანის არასწორი ქცევა მის სულიერებაზეც აისახება, ამიტომ მოძღვარს ყველაფერი დაუფარავად უნდა გავანდოთ, რათა ჩვენი ცხოვრება მაქსიმალურად ღვთისსათნოდ წარიმართოს. თუმცა ზღვარი უნდა დავიცვათ.
- მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებობენ ე.წ. "სტარეცები", რომელთა ყველა კურთხევის, რჩევის აღსრულება სავალდებულოა. რას იტყოდით მათ შესახებ?
- "სტარეცობა" ზოგს არასწორად ესმის და ჰგონია, რომ თუ ბერმა 70 წელს გადააბიჯა, უკვე "სტარეცია". ეს არასწორია. "სტარეცობა" სულის მდგომარეობაა. ისინი განსაკუთრებული პიროვნებები არიან. მათ მიაღწიეს ისეთ სულიერებას, რომ ღვთისგან ადამიანთა განჭვრეტის, კურნებისა და წინასწარმეტყველების ნიჭი ეძლევათ. დღეს "სტარეცები" უფრო იშვიათად არიან. მათთან ადამიანები ღვთის ნების გასაგებად მიდიან. "სტარეცობა" სულის სიბრძნეა. მათ იმიტომ უნდა დავემორჩილოთ, რომ მათი პირით უფალი გვესაუბრება.
- მორწმუნეები ხშირად სამსახურის გამო წირვა-ლოცვას ვერ ესწრებიან. დავემორჩილოთ თუ არა ასეთ დროს უფროსს?
- საერთოდ, იერარქიის დაცვა ყველგან საჭიროა. უფროსს უნდა ვემორჩილებოდეთ მხოლოდ სამსახურებრივ საკითხებში. რაც შეეხება წირვა-ლოცვას, აქ ცალსახა პასუხის გაცემა რთულია. თუ ადამიანი ექიმია და პაციენტი უკვდება, ცხადია, მომაკვდავი უპატრონოდ არ უნდა დატოვოს. ჩვენი მოვალეობის აღსრულებაც გარკვეული ღვთისმსახურებაა. მაგრამ ხშირად ადამიანებს გულგრილობის, სიზარმაცის გამო არ სურთ წირვაზე დასწრება და სამსახურს იმიზეზებენ. ეს არასწორია. ყოველმხრივ უნდა ვეცადოთ, არ გავაცდინოთ წირვა-ლოცვა, რადგან ეს ჩვენს სულიერებაზე დამღუპველად იმოქმედებს: "უკეთუ სრულიად განვეშორო, სრულიადცა წარვწყმდე". მაგრამ არსებობს გამოუვალი შემთხვევებიც. ამიტომ ასეთ დროს მაკონტროლებელი ჩვენივე სინდისი უნდა იყოს. თუ მართლაც არ არსებობს სხვა გზა და გულით გვსურს წირვაზე ყოფნა, უფალი ჩვენს სურვილს აუცილებლად დაინახავს და შეიძლება ის მადლი, რაც ეკლესიაში უნდა მიგვეღო, იქ წაუსვლელადაც მოგვანიჭოს. მთავარი ღვთის სიყვარულით ანთებული გულია. მაგრამ თუ ადამიანს ისეთი სამსახური აქვს, რომ ვეღარც ერთ მსახურებას ვერ ესწრება, უმჯობესია დატოვოს იგი. მესმის, რომ ამის ასრულება დღეს ძალიან რთულია, მაგრამ რად გვინდა საჭმელი, თუ სანაცვლოდ სულს წარვიწყმედთ? დამერწმუნეთ, თუ ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის დატოვებს სამსახურს, რომ სულიერად მოძლიერდეს, უფალი ამისთვის უდიდეს ჯილდოს მიანიჭებს. ისე, ძალიან კარგი იქნება, თუ საუფლო დღესასწაულებს სახელმწიფო უქმეებად გამოაცხადებს.
- მორჩილებას ითხოვს სახელმწიფოც.
- ჩვენ უნდა ვიყოთ კანონმორჩილნი. ეს აუცილებელია. ადამიანი უნდა ითვალისწინებდეს იმ წესებს, რომლებიც მის გარემოცვაში, ამ შემთხვევაში სახელმწიფოშია მიღებული. კანონის დარღვევა მხოლოდ მაშინ შეგვიძლია, თუ ის ზეციურ სამართალს, ზეციურ კანონებს დაუპირისპირდება.
- ადამიანი უნდა იყოს განსაცდელის მიმართ მორჩილიც.
- დიახ, გავიხსენოთ ისევ და ისევ იობის მაგალითი. განსაცდელი უმიზეზოდ არასდროს გვევლინება. ის ან სასჯელი ან სულიერებაში ასამაღლებელია. ჩვენ შეგვიძლია ყველა ბოროტება, თვით ყველაზე დიდი უბედურებაც კი, ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენოთ. თუ მივიღებთ მას მოთმინებით, მორჩილებით და არასოდეს დავიწყებთ უფლის ყვედრებას. სამყაროში არსებობს ზეყანა და ქვეყანა. ან აქ უნდა ილხინო, ან იქ, ან აქ უნდა იტანჯო, ან იქ. დამეთანხმებით, სამუდამო ტანჯვას აქ ტანჯვა და იქ საუკუნო ლხენა სჯობს. უნდა შევძლოთ ბედნიერების მოკლება იმიტომ, რომ მერე ვიყოთ ბედნიერნი. "ნეტარ იყვნენ, რომელნი სტირით აწ, რამეთუ იცინოდეთ".
- როგორ დავიცვათ ზღვარი ურჩობა-მორჩილება-მონობას შორის?
- ცხადია, არ უნდა ვიყოთ ფანატიკურად მორჩილნი. ყველა ადამიანს აქვს თავისი ღირსება. აბრაამი ამბობდა, უფალო, მტვერი და ნაცარი ვარო, დავით წინასწარმეტყველი - მატლი ვარ და არა კაციო, მაგრამ ისინი ადამიანურ, ცოდვილ ბუნებას გულისხმობდნენ და ეს არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს ადამიანები უნდა გვძულდეს, თავი უნდა გვძულდეს. უფალმა ხომ ჩვენთვის თავისი სისხლი დაღვარა. არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ღირსება, რომ ვართ ხატება და მსგავსება ღვთისა. ეს ორი რამ კარგად უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან და გავითავისოთ, ჩვენ უფლის ხატი ვართ და სწორედ ამიტომ უნდა ვცხოვრობდეთ წმინდად, რომ ეს ხატება არ შევბღალოთ. ჩვენი უდიდესი ღირსება არის ის, რომ ჩვენში, ჩვენს სხეულში უფალი ცოცხლობს. ურჩობას, მორჩილებას და მონობას შორის მკვეთრი ზღვარია და არ უნდა გადავიხაროთ არც ერთი უკიდურესობისკენ. გვახსოვდეს, რომ არავინ არის უფალზე უპირატესი და უპირველესად სწორედ მას უნდა ვემორჩილებოდეთ. თუ ვინმე უფლის მცნებების დარღვევას გვთხოვს, ვალდებულიც კი ვართ, არ დავემორჩილოთ მას, რათა სული გადავირჩინოთ. "მორჩილება ჯერ არს ღვთისა უფროის, ვიდრე კაცთა".
- დღეს ხშირად გაიგონებთ, ღვთის მწამს და მოძღვრის კი არაო. შეიძლება თუ არა ღმერთს ვემორჩილებოდეთ, მოძღვარს კი არა?
- ეს აბსურდია. მღვდლობა მაცხოვრის მიერ არის დადგენილი. მღვდლის მორჩილების დროს ჩვენ ვემორჩილებით არა კონკრეტულ პიროვნებას, არამედ უფალს. ასე კომუნისტურ ეპოქაში გაზრდილნი ამბობენ. კომუნისტებმა "ციხის შიგნიდან გასატეხად" შექმნეს ისეთი მენტალიტეტი, რომ მღვდელი ურწმუნოებასა და ცოდვასთან ასოცირდებოდა. თუ დავინახავთ, რომელიმე მღვდელი ცოდავს, რატომ უნდა ვთქვათ უარი მთელ ეკლესიასა და სამღვდელოებაზე? განა ცოტა გინახავთ არაკვალიფიციური ექიმი? ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ მედიცინა და ექიმობა უვარგისია? ჩემი აზრით, ეს მხოლოდ მიზეზია იმისა, რომ ეკლესიაში არ ვიაროთ, თავი მოვიტყუოთ.
ღმერთმა ინებოს, მოგვცეს ჭეშმარიტი მორჩილება, უდიდესი სათნოება, რომელიც ცათა სასუფეველს დაგვიმკვიდრებს. თუმცა ალბათ მეც უფრო მეტს ვლაპარაკობ, ვიდრე ვაკეთებ. ეს ყველაფერი მეც თეორიულად ვიცი, პრაქტიკულად კი ამის განხორციელება ძალიან რთულია. მოგვცეს უფალმა თავმდაბლობა და მორჩილება, რადგან, როგორც წმინდა ანტონი დიდი ამბობს, ეს ორი სათნოება ყველა ჩვენს ცოდვას გადასწონის.
მოამზადა
გვანცა გოგოლაძემ
გვანცა გოგოლაძემ