ღვთის გზაზე შემდგარი ადამიანი, რომელიც ცდილობს, ეკლესიური ცხოვრება დაიწყოს, ბუნებრივად ხდება მრევლის წევრი. მიდის იმ ტაძარში ან იმ მოძღვართან, რომელსაც იგი ღვთის ნებით ირჩევს და ცდილობს, ასეთი ცხოვრებით სულიერი სიმშვიდე მოიპოვოს.
მრევლის წევრები ერთმანეთს დებად და ძმებად იხსენიებენ და ჭირ-ვარამსაც გულღიად უზიარებენ. ისინი სულიერი მოძღვრის კურთხევას უხმოდ ემორჩილებიან. ასეთია ეკლესიური ცხოვრება და თუ ამ გზას აირჩევ, ბოლომდეც უნდა მისდიო. "სასუფეველი იძულებით მოიპოვებაო", - ამბობენ წმინდა მამები. ჰოდა, ჩვენც უნდა ვაიძულოთ საკუთარი თავი, რათა ღვთის მცნებები საერო ცხოვრებაში უცდომლად დავიცვათ.
გვესაუბრება დიდი დიღმის წმინდა ილია მართლის სახელობის სამლოცველოს მოძღვარი მამა ლუკა (სუპატაშვილი).
- ადამიანი, როგორც კი ნათლისღების საიდუმლოს თანაზიარი გახდება, ეკლესიის წევრად ითვლება. ყოველმა ეკლესიურად მცხოვრებმა უნდა შეასრულოს ის აღთქმა, რომელსაც ნათლისღების დროს დებს ღმერთის წინაშე. ეს აღთქმა ასეთია: "განვეშორები ეშმაკისგან და ყოველთა საქმეთა მისთაგან და ყოველთა მსახურთა მისთაგან და ყოველთა ანგელოზთა მისთაგან და ყოველთა სიბილწეთა მისთაგან და შეუდგები ქრისტესა". ეკლესიური ცხოვრების დაწყებით ადამიანი საბოლოოდ ემიჯნება ბოროტებას და ქრისტეს ერთგულებას, მის მცნებათა დაცვას იწყებს. ახალი აღთქმით ღმერთი აღგვითქვამს იმ ღირსებისა და პატივის აღდგენას, რომელიც ადამიანმა ცოდვაში, ბოროტებაში ჩავარდნის შედეგად დაკარგა.
იესო ქრისტე თავის ერთგულთ ასე მიმართავს: "ვისაც მე ვუყვარვარ, ჩემი მცნებები დაიცვას. ვინც ჩემს მცნებებს დაიცავს, მე და მამა მოვალთ და დავემკვიდრებით მასში". სხვაგან უფალი ამბობს: "თქვენ მეგობარნი ხართ ჩემნი". ნათელღებულმა ადამიანმა, იმავე მრევლმა, ბოლომდე უნდა გაიაზროს თავისი მდგომარეობა, გააცნობიეროს, თუ რას ნიშნავს, იყო ეკლესიის წევრი, ქრისტიანი ანუ ღვთის მეგობარი.
მრევლის უპირველესი საზრუნავია, შეასრულოს უმაღლესი მცნება: "შეიყვარე ღმერთი ყოვლითა გონებითა შენითა, ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა", - და მეორე: "შეიყვარე მოყვასი ვითარცა თავი თვისი". თუ ადამიანი ამ ორ მცნებას დაიცავს, მას არ გაუჭირდება არც ერთი ეკლესიური წესის შესრულება, თავისი ცხოვრების შეცვლა, საკუთარი თავის უკეთესობისაკენ გარდაქმნა. პავლე მოციქული ამბობს: "აღმასრულებელი სჯულისა სიყვარული არს". თუ ადამიანში ღმრთის, მოყვასის სიყვარულია, მაშინ მასში არის ღვთიური ნათელი, რომელიც განანათლებს მას.
- მამაო, როგორ უნდა დავიცვათ მაცხოვრის მცნებები თანამედროვეობაში?
- მაცხოვრის მცნებები ზნეობრივი ხასიათისაა. უფალი მოგვიწოდებს, ზნეობრივად არ წავხდეთ, არ დავეცეთ. ადამიანი ღმერთის შექმნილია და ღვთიური მცნებების დაცვა ამქვეყნიურ წარმატებაში ხელს არ შეუშლის. მაცხოვარი ბრძანებს: "რად გინდა, მთელი სოფელი შეიძინო, საკუთარი სული კი დაღუპო".
წუთისოფელში ადამიანმა შეიძლება ვერც კი მოიცალოს სულიერი ცხოვრებისთვის, მარადიულ თემებზე დასაფიქრებლად. ამიტომაც არის ფსალმუნში ღვთაებრივი სიტყვები: "მოიცალეთ და გულისხმაჰყავთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი".
ადამიანი უნდა მოერიოს საკუთარ თავს, საკუთარ ცოდვებს. განსაკუთრებით - ამპარტავნების ცოდვას, რომლის წყალობითაც ის საკუთარ თავს, საკუთარ ინტერესებს ყველაზე მაღლა აყენებს. თუ შევძლებთ, ღმერთს პირველი ადგილი მივუჩინოთYჩვენს გულში და მას ვმორჩილებდეთ, მხოლოდ მაშინ მოვიპოვებთ სულიერსა თუ ფიზიკურ სიმშვიდეს, სიხარულს და შევძლებთ უცდომელად ცხოვრებას.
- როგორ უნდა გახდეს ადამიანი რომელიმე ტაძრის მრევლი და რის მიხედვით ამოირჩიოს სულიერი მოძღვარი?
- ვიცით, რომ ეკლესიაში აღესრულება შვიდი საიდუმლო და სხვადასხვა რელიგიური წესი, რომლებიც საღვთო მადლს გვაზიარებს. ადამიანისთვის მთავარი სწორედ ის არის, უფალთან იყოს ახლოს. რაც შეეხება ამორჩევას, ამაზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს. დიდი მნიშვნელობა აქვს ტაძრის ადგილმდებარეობას, პიროვნულ ურთიერთობას მოძღვართან. მოძღვარი არ უნდა გავაღმერთოთ, დარჩეს იგი ჩვენთვის მხოლოდ ღვთისმსახურად, ღვთის მადლის მომწოდებლად. მას უნდა მივენდოთ, როგორც კეთილ მეგზურს უცხო მხარეში.
მას შემდეგ, რაც ტაძარსა და მოძღვარს ამოვირჩევთ, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა აღარ უნდა შევცვალოთ ჩვენი გადაწყვეტილება. წმინდანები იმასაც კი გვირჩევენ, ტაძარში ლოცვისთვის ადგილიც გვქონდეს შერჩეული და მუდამ იქიდან ვიღებდეთ საღვთო მადლს.
- ტაძარში ახალმისული ადამიანი ჩაცმულობის გამო ხშირად აწყდება მოძღვრის წინააღმდეგობას. ასეთ შემთხვევაში ბევრი ბრკოლდება და მეორედ ტაძარში აღარც კი მიდის.
- ძველი აღთქმის მიხედვით, როცა უფალმა მოისურვა, თავის ერთგულ ერს გამოსცხადებოდა, მოსეს დაავალა, სამდღიანი მარხვით მოემზადებინა ისინი. ვიდრე მოსე ღმერთისგან ათ მცნებას მიიღებდა, ორმოცდღიანი მარხვით განიწმინდა თავი. ასე რომ, თუ ადამიანს სურს, მოისმინოს ღვთის სიტყვა, მოინანიოს შეცდომები, ეზიაროს უფალს, თუნდაც შევიდეს წმინდა ტაძარში მოსალოცად, ამისთვის საგანგებოდ უნდა შეამზადოს თავი. აქ პირველ რიგში სულიერი, მერე კი ფიზიკური მხარე იგულისხმება. თუ ღმერთი გვიყვარს, ეს საქმით უნდა გამოვავლინოთ. რაც შეეხება დაბრკოლებას, თუ ადამიანს ჭეშმარიტად უყვარს უფალი, მას ვერავინ და ვერაფერი დააბრკოლებს. ამასთანავე, მღვდელი ვალდებულია, ღმერთისა და ერის წინაშე იყოს წმინდა და ყოველ ქრისტიანს მოუწოდოს სიწმინდისკენ, მისი შენიშვნა თუ მითითება არავის უნდა ეწყინოს.
- რა მოეთხოვება განსაკუთრებით მრევლის წევრს?
- ერთხელ წმინდა ანტონი დიდს ხილვა ჰქონდა. მან ნახა, რომ მთელი დედამიწა ბოროტის მახეებით იყო დაქსელილი და შეძრწუნებულს აღმოხდა: "ნუთუ ვინმე გადაურჩება ყოველივე ამას?!" "მხოლოდ მორჩილი", - მიუგო უფალმა. ეკლესიაში ჩვენ უნდა ვისწავლოთ მორჩილება ღვთისა ანუ გავხდეთ თავმდაბალნი, რითაც გადავირჩენთ სულს, ვცხონდებით და ჩვენს ირგვლივაც ათასებს ვაცხოვნებთ.
- წმინდა მამები ამბობენ, რომ მრევლი ვალდებულია შეინახოს საკუთარი მოძღვარი. თქვენს ტაძარში თუ არის ასეთი მზრუნველობა?
- ამას უფალი პირადად ავალებს კიდეც ღმრთის მოყვარე ადამიანებს. ძველ აღთქმაში ლევიტელებმა მოსესგან ღვთის ბრძანებით მიწაც კი არ მიიღეს, რათა ამქვეყნიურ საზრუნავს ისინი ღვთისმსახურებისთვის არ მოეწყვიტა. ლევიტელებს სხვა ტომები უნაწილებდნენ თავიანთი შემოსავლის მეათედს. ისრაელის ყოველი შვილი ვალდებული იყო, შეენახა ღვთის ტაძარი. ამაში არაბუნებრივი არაფერია, იქ, სადაც სიყვარულია, ყოველი სიკეთე სრულყოფილად აღესრულება.
პირადად ჩემი ოჯახი უდიდეს სიყვარულს, პატივისცემასა და მზრუნველობას გრძნობს მრევლისგან. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენს ერს აქვს შინაგანი ძალა და ენერგია, დაუბრუნდეს ქრისტეს გზას, რომლისთვისაც არასოდეს გვიღალატია.
წმინდა ილია მართლის სახელობის სამლოცველო მალე ახალაშენებულ ტაძარში დაიდებს ბინას. მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით დაწყებულ ორნავიან ბაზილიკური ტიპის ტაძარში ორი ეკლესია განთავსდება: ასი ათასი ქართველი მოწამისა და წმინდა ილია მართლის სახელობის. საძირკვლის მოწესრიგების შემდეგ საკურთხებლად პატრიარქის მოწვევასაც ფიქრობენ. ტაძრის მშენებლობის დასრულებამდე კიდევ ბევრი დარჩა. თუ ტაძარს მატერიალური ხელშეწყობა არ მოაკლდა, დიდი დიღმის მრევლი ახალი ტაძრის კედლებში მოისმენს ღვთის სადიდებელ ლოცვას.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი