გვესაუბრება ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):
- "არა არს კაცი რომელიც სცხონდეს და არა სცოდოს". შეუძლებელია ადამიანი საერთოდ განერიდოს ყველა ცოდვას.
ჩვენ მიწაზე ვცხოვრობთ და მეტნაკლებად ყველანი ვცოდავთ ღვთის წინაშე. თუმცა, უფალმა ამის სამკურნალოდ უდიდესი ჭეშმარიტი საშუალება მოგვცა. არის სენი და მას სჭირდება წამალი ანუ სამკურნალო საშუალება. ეს არის სინანული, რომელიც კურნავს ყველა ცოდვას თუკი ადამიანი საკუთარ თავში ამ უდიდეს სათნოებას და ამ უდიდეს წამალს მოიხმარს. არ არსებობს ცოდვა, რომელიც აღემატებოდეს ქრისტეს მოყვარებას ანუ სინანულს.
უფალმა ადამიანს თავისუფალი ნება მისცა, რათა მიხვდეს საკუთარ შეცდომას და მივიდეს მონანული მამასთან, როგორც უძღები შვილის წიაღშია გადმოცემული და სთხოვოს შენდობა. სწორედ ეს არის არსი სინანულისა. ადამიანი როცა დამნაშავეა და შესცოდა ღვთისა და მამის წინაშე, ხვდება თავის შეცდომას, მოეგება გონს, განიცდის და ამბობს: "ვსცოდე მამაო ცად მიმართ და წინაშე შენსა". სწორედ ასეთ მონანულ ადამიანს უფალი დიდი სიყვარულით ისიყვარულებს. მთელი ანგელოზთა დასი ხარობს როცა ადამიანი სინანულით მოიქცევა. ამ მონანულ ადამიანს ისე განაახლებს და იმდენად დიდ ღვთის წყალობას მიანიჭებს, რომ შეიძლება იგი ანგელოზებზე უმაღლეს, წმინდანთა დასშიც დადგეს.
ჩვენ არაერთი მაგალითი ვიცით, წმინდა მამების ცხოვრებიდან, რომლებიც იყვნენ უდიდესი ცოდვილები და შემდეგ უდიდესი წმინდანები გამხდარან. საოცარი მაგალითია სულიერი ფერისცვალებისა. რამ აღამაღლა ისინი უმაღლეს წმინდანებამდე? მხოლოდ და მხოლოდ სინანულმა. განცდამ საკუთარი სულისა. სინანულის უდიდესი მოძღვარი არის ღირსი მამა ეფრემ ასური. იგი ამბობს: "მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა". უპირველეს ყოვლისა შეგნება არის საჭირო, რომ ავად ხარ. მაშინ ბუნებრივია არც ამას უარყოფ.
სამწუხაროდ დღეს ჩვენი საზოგადოება აღარ გრძნობს სულის დაავადებას. ამიტომაც არ მოუხმობს იგი საშველად უფალს, არ მიმართავს წმინდა ეკლესიას. საზოგადოებისთვის, სამწუხაროდ არაეკლესიურზე მაქვს საუბარი, რომ ჰკითხო და მოუწოდო, რომ ესა თუ ის მანკიერება და ცოდვა უნდა შეინანოს, ისინი დიდი სიამაყით გვიპასუხებენ, რომ მათში არანაირი სისუსტე და მანკიერება, ცოდვა არ არსებობს. ეს არის უდიდესი სიბნელე და დაცემა, როდესაც ადამიანი თავს არ თვლის ცოდვილად. უდიდესი წმინდანებიც ამბობდნენ, "კაცთა შორის ყველაზე მეტი ცოდვილი მე ვარო". ეს უნდა იყოს საფუძველი ადამიანის სულიერი ფერისცვალებისა. ჩვენ არაერთი მაგალითი ვიცით ამასთან დაკავშირებით.
ერთი ბერი იყო, რომელიც უდები ცხოვრებით გამოირჩეოდა. თუმცა იგი ძალიან ნანობდა ამას საკუთარ თავში და ღამღამობით ცრემლებით ასველებდა ზეწარს. გარდაიცვალა ეს ადამიანი და ბერებმა ძალიან დიდი სინანულით და გლოვით მიაბარეს მიწას. ყველა განიცდიდა, რომ ასეთი უდებებით დაიღუპა. თუმცა, უფალი სხვანაირად სჯის. ღმერთი შეიწირავს ადამიანის ერთი წამის, ერთი წუთის სინანულსაცკი. არც ერთი დაღვრილი წვეთი ცრემლი არ არის ღვთის წინაშე დაკარგული. როდესაც ანგელოზებმა მისი სული უფალთან წარადგინეს, დარცხვენილი მისი მფარველი ანგელოზი, ჩვენი მფარველი ანგელოზი, რომელიც მუდამ ჩვენი სულის გადარჩენას ზრუნავს, ტირილით უკან მიყვებოდა ამ სულს. როდესაც სულიერ სასწორზე ამ ბერის უდები ცხოვრება და ცოდვები დადეს. შემდეგ რომ აღარაფერი იყო სათქმელი, მფარველმა ანგელოზმა ცრემლებით სავსე ცხვირსახოცი დადო. ეს არის სინანული ძალისა და სათნოებისა. სასწორი მთლიანად გადმოიხარა სინანულისკენ ანუ უფალმა შეიწირა მისი ცრემლი, გულისწუხილი იმისა, რომ იგი ვერ ასრულებდა იმ მოვალეობას, რისთვისაც მოწოდებულია.
ბევრი თუ არაფერი შეგვიძლია, იმით მაინც არ უნდა ვიამაყოთ და ვიტრაბახოთ, რომ ცოდვა და ბოროტება ჩავიდინეთ. უნდა გვქონდეს გულისწუხილი, შინაგანი გლოვა, განცდა, სული შემუსვრილი და გული შემუსვრილი და დამდაბლებული, როგორც დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს. ჩვენ არ ვართ მართალნი ღვთის წინაშე. ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენში უფალმა, `ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა~, როგორც სახარებაში წერია, დაბადოს უფალმა, რომელიც სიკეთეც არის და სინანულიც. შეიძლება ყველას ცრემლები არ მიეცეს, ეს უდიდესი წყალობაა ღვთისა, მაგრამ იმის სინანული მაინც უნდა ჰქონდეს და ამბობდეს_ღმერთო მილხინე ცოდვილსა ამას და შემიწყალე. სინანულით ინებოს უფალმა ჩვენი გადარჩენა.
***
მარხვის პირდაპირი დანიშნულებაც ალბათ ეს არის. თვითმიზანი არ არის რაღაცის აკრძალვა თუნდაც ეს ხორციელი პროდუქტი იყოს და კიდევ შეიძლება სხვა რამ, მაგრამ მარხვამ ადამიანის გულში უნდა მოამზადოს საფუძველი ცოდვების განცდის. იმიტომაც ხდება ხორციელი სიამოვნებების შეზღუდვა, რომ ამის ხარჯზე ადამიანი სულიერად გამოფხიზლდეს და სულიერი სინანულის, მოღვაწეობის გამოვლინება შეძლოს თუკი ადამიანში არ დაიბადა განცდა საკუთარი ცოდვებისა, მან მთელი ცხოვრებაც რომ თქვას უარი საკვებზე, ამაოა. ამიტომაც მარხვის შედეგი, ნაყოფი იმით განისაზღვრება, რამდენად გამოსწორდა ადამიანი და უარი თქვა ცოდვაზე. სწორედ ეს არის სინანული. მარტო ის არა, რომ ადამიანი მივიდა ტაძარში. შეიძლება აღსარებაც თქვა, ნაკლებად მკაცრად იმარხულა, მაგრამ ცოდვაზე უარი არ თქვას და ისევ ცოდვილი ცხოვრებით ცხოვრობს. ცხოვრების წესი არ შეიცვალა. უარი არ თქვა იმ ვნებაზე, რომელიც მასშია დაბუდებული.
ასეთი ადამიანი ემსგავსება ფარისეველს. თანამედროვე საზოგადოების სენი, გარკვეული ნაწილის მაინც არის, რომ ტაძრებში დადიან, ვხედავთ მლოცველებს, მოკრძალებით მდგომებს, უფრო უარესიც ასეთი ადამიანები ტელევიზიის ღია ეკრანიდანაც იწონებენ თავს, თითქოს ცდილობენ ამით კარგი იმიჯი მოიპოვონ. ასეთი ტენდენციაცკი შეინიშნება, რომ რადგან გამოჩნდა და ეკლესიაში სანთელი დაანთო მისი პიროვნების ავტორიტეტს ზრდის საზოგადოებაში. სინამდვილეში კი ფარულად განაგრძობენ ვნებიან ცხოვრებას. უფალი მათ მკაცრი სიტყვებით განიკითხავს, ვიდრე ცოდვილ მეზვერეებს.
როგორ გამოვიდა გამართლებული მონანული მეზვერე და მართალი ცოდვილი ტაძრიდან და როგორ დაისაჯა საკუთარი სიკეთეებით მოამაყე, გაამპარტავნებული ფარისეველი. ამიტომაც არის ეს დრო უკანასკნელი ჟამი ძალიან მაცდური. ინებოს ღმერთმა, რომ უფალში ყველას დაენახოს საკუთარი თავი. საკუთარ თავს თუ არ ახადე ბოლომდე ფარდა, ცოდვა ბოლომდე თუ არ ამოიკვეთა, ისევ გაიდგამს ფესვებს და შეიძლება უფრო მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანოს. მარხვა არის ძალიან კარგი საშუალება ადამიანის სულიერად გამოღვიძებისა. მოგვმადლოს უფალმა მარხვა სინანულისა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი