"ჩვენი საქმეების მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ, რა მდგომარეობაშია ჩვენი სული"
შესაძლოა, ადამიანმა სიტყვით ადიდოს უფალი, მაგრამ თუ სიტყვა საქმით არ განცხადდა - ჩვენი ცხოვრებით, ჩვენი საქმეებით არ ვადიდეთ ღმერთი, სიტყვაც ამაოდ და ფუჭად ჩაივლის
და ჩვენი მიწიერი ცხოვრებაც. უფლის სამსჯავროზე ხომ სწორედ ჩვენ მიერ ქმნილი საქმეებით განვისჯებით, მათზეა დამოკიდებული ადამიანის დაღუპვაც და ხსნაც...გვესაუბრება სამების საკათედრო ტაძრის მოძღვარი, მამა იაკობ აბაშიძე:
- "სარწმუნოება თვინიერ საქმეთა მკვდარ არსო", - ბრძანებს იაკობ მოციქული. რას ნიშნავს ეს? თუ ადამიანის სარწმუნოება კეთილი, ქრისტიანული საქმეებით არ განცხადდა, უშედეგო და ფუჭია, სული ღმერთამდე ვერ ამაღლდება.
ღვთივსათნო საქმეები სულიერიცაა და ხორციელიც. სულიერ საქმეთაგანია მარხვა, მოთმინება, ლოცვა, მყუდროება და მრავალი სხვა. ხორციელი კეთილი საქმეები კი სნეულთა და პატიმართა მიხედვით, ღარიბ-ღატაკთა და უპოვართა შეწევნით და სხვა ხორციელი მოწყალების საქმეებით უნდა გამოვავლინოთ.
უფალი ადამიანისგან არ ითხოვს მხოლოდ რწმენას. ათი ქალწულის იგავი გავიხენოთ. ქალწულებს ზეთის მოგროვება ევალებათ, რათა სიძის მოსვლისას ზეთით სავსე ფიალები აანთონ - მხოლოდ რწმენა და ღვთის მოლოდინი ადამიანს ვერ გადაარჩენს, თუ უფლის მოსვლის ჟამისთვის ზეთი - კეთილი, სათნო საქმეები არ ექნება დაგროვებული. ამის გარეშე "სიძე იგი" არ მიიღებს ქალწულებს ქორწილში, - გვასწავლის იგავი. ქორწილში სასუფეველი იგულისხმება, ქალწულებში კი ადამიანები.
უფალი არ გვაუწყებს თავის მოსვლის დროს და ჟამს. ამიტომ ყოველწამს მზად უნდა ვიყოთ მასთან შესახვედრად.
- ადამიანის ცხოვრების მთავარ მიზანს განღმრთობისკენ, ღვთის მსგავსებისკენ სწრაფვა უნდა წარმოადგენდეს, შესაბამისად, სწორედ ეს არის ქრისტიანის უმთავრესი საქმეც...
- რას ნიშნავს, რაში მდგომარეობს განღმრთობა? - ადამიანი ცდილობს, განეშოროს ადამის ცოდვას, ჩამოირეცხოს პირადი ცოდვებიც, რაც ამქვეყნად შეიძინა და ამით ისწრაფოდეს სრულყოფილებისკენ. ქრისტიანული სარწმუნოება ხომ სწორედ ამას ითხოვს: იყავ შენ სრულ, ვითარცა მამაი შენი ზეცათაი სრულ არს. კაცი ღვთის მსგავს სრულყოფილებას ვერასოდეს მიაღწევს, მაგრამ მთავარია, ღვთის მსგავსებისკენ სვლა არ შევწყვიტოთ. მიღწეულს თუ დავჯერდებით, უმოქმედოდ დავდგებით, როგორი მაღალი სულიერი მდგომარეობაც არ უნდა გვქონდეს მოპოვებული, ვერ ვცხონდებით. დღიდან იოანე ნათლისმცემლის ქადაგებისა სასუფეველი იიძულების და რომელი აიძულებს თავს, მან მიიტაცოს იგი, - ბრძანებს უფალი. თავის იძულება ჩვენი ხორციელი ნების წინააღმდეგ განუწყვეტელი მოქმედებით - ბრძოლით და სრულყოფილებისკენ სწრაფვით ვლინდება. მიზანი სწრაფვისა განღმრთობის, ღვთის მსგავსების მიღწევა უნდა იყოს. ადამიანი ამის სანაცვლოდ ცხონდება და უნდა გავისარჯოთ კიდეც.
ერთ-ერთ მონასტერში კაცი მორჩილად შედგა. დაინახა, რომ ბერები ლოცვის, მარხვისა და სხვა სულიერი საქმეების გარდა ფიზიკურადაც შრომობდნენ. მასაც მოუწოდეს, ეშრომა. მე აქ სამუშაოდ კი არა, სულიერი მადლის მისაღებად მოვედიო, - მიუგო მორჩილმა. ბერებს არაფერი უთქვამთ. მორჩილი განმარტოვდა და ლოცვა დაიწყო. რამდენიმე დღე მხოლოდ ლოცვაში გაატარა. მონასტერში მოღვაწე მამები ჩვეულ ცხოვრებას განაგრძობდნენ - განსაზღვრულ დროს ლოცულობდნენ, შრომობდნენ და ისვენებდნენ კიდეც. მორჩილმა რამდენიმე დღე გაძლო საზრდელის გარეშე. ბოლოს ვეღარ შეძლო, ბერებთან მივიდა და საზრდელი ითხოვა. ამიტომ არის სჭირო ლოცვასთან ერთად შრომაც, რათა ოფლითა შენითა მოიპოვო საზრდელი, - ამ სიტყვებით ამხილეს ბერებმა მორჩილი და იხსნეს ამპარტავნებისგან.
ერთ პატერიკსაც მოგახსენებთ: ერთ მენავეს ნიჩბებზე ამოკვეთილი ჰქონდა წარწერა: ერთზე - "ილოცე", მეორეზე - "იშრომე". ერთხელ ერთმა მგზავრმა ნიჩბებზე მიუთითა და უთხრა: შრომა რომ აუცილებელია, გასაგებია, - უამისოდ კაცი ვერ იარსებებს, მაგრამ ლოცვა რაღა საჭიროაო. მენავეს არაფერი უთქვამს. როდესაც ტბის შუაგულში გავიდნენ, მხოლოდ ცალი ნიჩბით დაიწყო მოსმა, რომელზეც ეწერა: "იშრომე". ნავმა ერთ ადგილას დაიწყო ტორტმანი. შეშფოთებულმა მგზავრებმა სთხოვეს, მეორე ნიჩაბიც მოესვა. როგორც ცალი ნიჩბით ვერ გავალთ ნაპირზე, ასევე ვერ მივაღწევთ მხოლოდ ცარიელი საქმეებით სულიერ ნავსაყუდელს. ლოცვა და სულიერი საქმეებიც აუცილებელია, ამიტომაც მაქვს მეორე ნიჩაბზე ამოკვეთილი "ილოცეო", - მიუგო მენავემ.
"პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს", - შევთხოვთ უფალს "მამაო ჩვენოში". "არსობის პურში" უფალი გულისხმობს ყოველივე მტერიალურს, რაც ადამიანის არსებობისთვის არის აუცილებელი. ამიტომ გვევალება კიდეც მათ მოპოვებაზე ზრუნვა და გარჯა.
- სამწუხაროდ, ადამიანთა უმეტესობას წუთისოფლის სიამეები იზიდავს და უმეტესწილად მიწიერ საქმეებზეა დაგადაგებული...
- "სიბრძნე ბალავარისა" მოგვითხრობს საოცარ იგავს. კაცს სპილო მისდევს. ის იძულებული ხდება, ხეზე ავიდეს, რადგან ხის მიღმა ხრამია, სადაც პირდაფჩენილი ვეშაპი ზის. ხის ფესვებს თეთრი და შავი თაგვები ღრღნიან. კაცი შიშით ელის ხის წაქცევას, - მაშინ ხომ სპილო გათელავს და ვეშაპს მიუგდებს. ამ დროს შენიშნავს, რომ თაფლი წვეთავს და მის სიტკბოებას მიჰყვება, რამაც სპილოც დაავიწყა, თაგვებიც და შიშიც. ამასობაში თაგვები ფესვებს გამოღრღნიან და ხე წაიქცევა. ძირს ჩამოვარდნილ კაცს სპილო ეკვეთება და ხრამში ჩააგდებს, იქ კი ვეშაპი ჩაყლაპავს.
სპილო სიკვდილს ნიშნავს, რომელიც ყველა ადამიანს სდევს თან, ხე - ამქვეყნიურ ცხოვრებას. თეთრი და შავი თაგვი დღე და ღამეა, რომლებიც ნელ-ნელა გვართმევენ დროს. ვეშაპი ეშმაკს განასახიერებს, რომელიც ადამიანის დღუპვას ელის, თაფლი და მისი სიტკბოება - ამქვეყნიურ სიამეებს. თუკი ადამიანი წუთისოფელში ყოფნის ჟამს მხოლოდ მიწიერ სიამეებსაა გადაგებული, მხოლოდ მიწიერ საქმეებზე ფიქრობს, არ ახსოვს ჯოჯოხეთი და სულის ცხონება, წუთისფელში ყოფნის დრო რომ ამოეწურება, მის სულს ბოროტი მიიტაცებს.
- ზოგჯერ კეთილი, სარწმუნოებრივი საქმეები მხოლოდ გარეგნულია...
- სახარებიდან ვიცით, რომ გზად მიმავალმა მაცხოვარმა დაინახა ფოთლებით შემოსილი ლეღვის ხე, რომელიც გარეგნულად თითქოსდა მზად იყო ნაყოფის გამოსაღებად, მაგრამ ნაყოფი არ ჰქონდა. ამის გამო გაახმო იგი.
უნაყოფო ხის მსგავსად გამოუსადეგარი და უსარგებლოა მხოლოდ გარეგნულად გამოხატული ქრისტიანული საქმეები, გარეგნულად გამოვლენილი სარწმუნოებრივი ცხოვრება. ქრისტიანის რწმენამ და მოღვაწეობამ ნაყოფი უნდა გამოიღოს შინაგანი, დაფარული კეთილი საქმეების სახით. სხვაგვარად უფალს ვერ შეიმეცნებს, ძველი აღთქმის მღვდელმთავრებისა და ფარისევლების მსგავსად, რომლებიც გარეგნულად მოსეს სჯულის წესებს აღასრულებდნენ, შემოსვითაც მოსეს მიერ დაწესებული სამოსით იმოსებოდნენ, მაგრამ მათ სჯულისმიერ ცხოვრებას ნაყოფი არ გამოუღია - ქრისტე ვერ იცნეს.
ჩვენს წინაპრებს ტრადიციად ჰქონიათ - ნაყოფიერ ხეს, რომელიც სიმაღლეში მიიწევდა, ტოტებზე სიმძიმეებს აბამდნენ და თავს ადრეკინებდნენ, რადგან ნაყოფს აღარ იძლეოდა. ხეც თავის მოდრეკის შემდეგ კვლავ ნაყოფიერი ხდებოდა. სიმაღლეში წასულ ხეს წააგავს ამპარტავანი ადამიანი - მის მსგავსად უნაყოფოა მისი რწმენაც. ასეთი გარეგნულად სჯულის მიერ დადგენილ ყველა საქმეს აღასრულებს, მაგრამ შინაგანი, სარწმუნოებრივი საქმეებით არ ადიდებს უფალს. ამპარტავნების გამო ვერ გრძნობს იმ ვალდებულებებს, სარწმუნოება რომ აკისრებს. ვიდრე თავს არ მოვიდრეკთ, თავმდაბლობას არ ვისწავლით, ჩვენი რწმენა კეთილ ნაყოფს ვერ გამოიღებს.
- ზოგიერთი ადამიანი კეთილი საქმეებით წარმოჩინდება, მაგრამ მის საქმეებს ღვთის რწმენა არ უდევს საფუძვლად, მათ უფალს არ უძღვნის. ასეთი კეთილი საქმეებით თუ სათნოეყოფა მას?
- თუკი კეთილი საქმეები უფალში არ იყრის თავს, - მოძღვრავს პავლე მოციქული სულიერ შვილებს, - თქვენი ცუდი საქმეებით ღვთის სახელი იგმობა წარმართებშიო. თურმე კეთილი საქმეებით წარმართების მოქცევაც კი შეგვიძლია. დავით მეფსალმუნე ბრძანებს: "ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ" - არა მხოლოდ ჩვენი სულის განწმენდასა და ცხონებაზე უნდა ვიზრუნოთ, უსჯულოთაც უნდა ვასწავლოთ გზანი უფლისანი - სიტყვითაც და საქმითაც. თუმცა სიტყვაზე ქმედითი ჩვენი კეთილი საქმეებია.
- ვისგან უნდა ავიღოთ კეთილ საქმეთა მაგალითი?
- ქრისტიანმა ღვთივსათნო ცხოვრების, კეთილი საქმეების მაგალითი უპირველესად განკაცებული უფლის მიწიერი ცხოვრებიდან უნდა აიღოს. მოღვაწეობის დასაწყისში განკაცებული უფალი უდაბნოში გადის და სძლევს ეშმაკის სამ შემოტევას, სამ საცდურს, რომლებიც მთელი ცხოვრება ებრძვის ყველა ჩვენგანს - ნაყროვანება, ამპარტავნება და ვერცხლისმოყვარეობა. თავად უფალს, მის ხორციელ ბუნებასაც კი მიეახლა ბოროტი სული. პირველად შეეცადა, ნაყროვანების ცოდვაში ჩაეგდო: როდესაც უდაბნოში ორმოცდღიანი მარხვის შემდეგ მაცხოვარს მოშივდა, მაცდური მიუახლოვდა და შესთავაზა: თუ ღვთის ძე ხარ, თქვი, რომ ეს ქვები პურებად იქცესო. ქრისტემ კი მიუგო: არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი, არამედ პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვითო. ამგვარად, ნაყროვანებას მარხვით უნდა ვებრძოლოთ.
შემდეგ მაცდურმა სულმა მაცხოვარი ქალაქში წაიყვანა, ტაძრის ქიმზე დააყენა და უთხრა: თუ ღვთის ძე ხარ, გადაიგდე თავი ძირს, ვინაიდან დაწერილია: თავის ანგელოზებს უბრძანებს და ისინი ხელში აყვანილს გატარებენ, რათა ქვას ფეხი არ წამოკრაო. თუკი მაცხოვარი დაუჯერებდა, ეს ამპარტავნება იქნებოდა. მან კი მიუგო: "არა გამოსცადო უფალი ღმერთი შენი". სამწუხაროდ, ამპარტავნების გამო ხშირად ვექცევით ეშმაკის გავლენის ქვეშ, დავყვებით მისგან შემოთავაზებულ საცდურს და ამიტომაც ვერ გამოვიღებთ კეთილ ნაყოფს.
ბოლოს ბოროტმა მაცხოვარი მაღალ მთაზე აიყვანა, უჩვენა წუთისოფლის ყველა სამეფო, მათი დიდება და უთხრა: ამ ყველაფერს შენ მოგცემ, თუ დაემხობი და თაყვანს მცემო. ბოროტი სული ცდილობს, მაცხოვარი ვერცხლისმოყვარეობისკენ მიდრიკოს. ასეთი საცდური ნებისმიერ ადამიანს შეიძლება შესთავაზოს ეშმაკმა. თუკი კაცი საცდურს მიიღებს - თაყვანს სცემს ამა სოფელს ანუ ეშმაკს, ვერ ცხონდება. მაგრამ ნახეთ, რა მიუგო მაცხოვარმა: განვედ, სატანავ, ვინაიდან დაწერილია: უფალს, შენს ღმერთს, სცემდე თაყვანს და მას მსახურებდეო.
განკაცებულმა უფალმა მაცდურის გამოცდა იმიტომ განიცადა საკუთარ თავზე, რომ ჩვენთვის, ადამიანებისთვის, მოეცა მაგალითი და ესწავლებინა გზები მაცდური სულის შემოტევების დაძლევისა. რით სძლია უფალმა ბოროტის საცდურს? - ორმოცდღიანი მარხვითა და იმ სიტყვებით, მაცდურს რომ უთხრა. ამიტომაც არსებობს მარხვა, ამიტომაც მოგვეცა "წმინდა წერილი", რათა ეშმაკის ყველა შემოტევას, რაც ღვთივსათნო საქმეების აღსრულებაში გვიშლის ხელს, მარხვითა და ღვთის სიტყვით ვძლიოთ.
- გავიხსენოთ სახარებისეული იგავიც მთესველსა და თესლზე, კეთილ ნიადაგზე დავარდნილ თესლში ხომ ისეთი ადამიანი იგულისხმება, რომელიც გულშიც ღრმად იმარხავს ღვთის სიტყვას და გარეგნულადაც კეთილი საქმეებითა და სათნო სიტყვით წარმოაჩენს - სიტყვითაც ადიდებს უფალს და საქმითაც.
- იგავში წარმოჩენილია რამდენიმე კატეგორია ადამიანებისა, სულის მდგომარეობისა. გავიხსენოთ მისი შინაარსი: "გამოვიდა მთესველი დასათესად. ზოგი თესლი გზისპირას დავარდა. მოვიდნენ ფრინველნი ცისანი და აკენკეს. ზოგი კლდოვან ადგილას დაეცა. მიწას სიღრმე არ ჰქონდა და მალე აღმოცენდა, მაგრამ ფესვი ვერ გაიდგა. მზე რომ ამოვიდა, გახმა. ზოგი ეკლებში ჩავარდა. ეკლები გაიზარდა და ნაყოფი მოაშთო. ზოგი ნოყიერ ნიადაგზე დაეცა. აღმოცენდა, ფესვიც ღრმად გაიდგა, გაიზარდა და ნაყოფიც უხვად გამოიღო".
გზისპირას დავარდნილი თესლი ის კატეგორიაა ადამიანებისა, რომლებიც იღებენ ღვთის სიტყვას, სწავლებას, მაგრამ გულში არ იმარხავენ, ამიტომ რასაც მიიღებენ, მასაც მოსტაცებენ "ფრინველნი ცისანი" - ბოროტი სულები. მათი რწმენა საქმეებითაც არ წარმოჩინდება.
კლდოვან ადგილზე დავარდნილ თესლში იგულისხმებიან ადამიანები, რომლებიც იღებენ ღვთის სწავლებას, თითქოს გულშიც იმარხავენ, მაგრამ საკმარისია დევნა განიცადონ ან რაიმე წინააღმდეგობას წააწყდნენ სარწმუნოებრივ ცხოვრებაში, რომ ვეღარ უძლებენ, რადგან ღრმა რწმენა არ აქვთ. საბოლოოდ, კეთილ ნაყოფსაც ვერ გამოიღებენ.
შესაძლოა, ადამიანმა გულში ღრმად ჩაიმარხოს ღვთის სწავლება, ერთხანს ცხოვრებაც ღვთივსათნოდ წარმართოს, მაგრამ წუთისოფლის საცდურის შემხედვარე მისი სული ხორციელი სიამეებისკენ მიიდრიკება და კეთილ ნაყოფს აშთობს. სწორედ ასეთნი იგულისხმებიან ეკლებში ჩავარდნილ თესლში, რომლის ნაყოფსაც წამოზრდილი ეკალ-ბარდები აშთობს.
წუთისოფლის სიამეების სახით ყველა ადამიანს სთავაზობს საცდურს ბოროტი სული, მაგრამ თუკი მარხვით, თავმდაბლობით, მოძღვრის მორჩილებითა თუ სხვა სათნოებებით დღენიადაგ ვაცლით სულს სარეველა ბალახებს - ვნებებსა და მიწიერ სიამეებს, გულში ღრმად ჩამარხულ ღვთის სიტყვაზე, სწავლებაზე აღმოცენებული ნაყოფი არათუ მოიშთობა, ყოველდღიურად გამრავლდება - კეთილი სიტყვისა და საქმეების სახით. ჩვენს სულს, ჩვენს შინაგან ბუნებას, რწმენას, გნებავთ - კეთილ საქმეებს, განუწყვეტლივ სჭირდება მზრუნველობა. კეთილ, ნოყიერ ნიადაგზე დავარდნილ თესლში სწორედ ასეთნი იგულისხმებიან.
- უდიდესი ძალა შესწევს სიტყვას, ღვთის სიტყვით დიდებას, მაგრამ მხოლოდ ესეც ვერ გვაცხოვნებს, თუ ჩვენი სიტყვის შესაბამისად არ ვიცხოვრეთ...
- სიტყვას მართლაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სამყარო ღვთის სიტყვით შეიქმნა. ღვთისა და ადამიანის სიტყვას შორის დიდი განსხვავებაა, მაგრამ ჩვენს სიტყვასაც დიდი ძალა შესწევს, რამეთუ ადამიანი მსგავსია ღვთისა. სიტყვით შეიძლება ვცხონდეთ და დავისაჯოთ კიდეც. ადამიანი თითოეული სიტყვის წარმოთქმისთვის გასამართლდება - მას ღვთის სიტყვა გაასამართლებს. გემი დიდია, მაგრამ მას პატარა საჭე მართავს. ასევე მართავს ადამიანს პატარა ენა - მას კაცის დაღუპვაც შეუძლია, თუ ღვთივსათნოდ არ გამოიყენა - მისგან წარმოთქმული სიტყვით არ ადიდა უფალი.
სიტყვით დიდება აუცილებლად უნდა გამოვავლინოთ საქმითაც. როგორც მამები შეგვაგონებენ, ზოგჯერ ლოცვაც არ სათნოეყოფა ღმერთს, თუკი უფალი ჩვენგან საქმეს ითხოვს.
რას ნიშნავს, "შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა"?
გულით დიდებასთან ერთად უნდა შევიმეცნოთ ჭეშმარიტი სარწმუნოება იმ ზომით, რამდენის დატევნის უნარიც შესწევს ჩვენს გონებას. ვინც ბოლომდე შეიმეცნებს ჭეშმარიტებას, ქრისტეს მეგობარი ხდება. მაგრამ ადამიანი არა მხოლოდ ფიქრითა და გონებით უნდა იყოს ღმერთთან, არამედ საქმეებითაც ადიდოს იგი. სწორედ ამას გულისხმობს შემოქმედის "ყოვლითა ძალითა" შეყვარება.
- არაღვთივსათნო, უკეთური საქმეების შესახებაც ვისაუბროთ, რომელთა ქმნის მიზეზიც ადამიანის ცოდვისკენ მიდრეკილი ბუნებაა. სამწუხაროდ, ზოგიერთი სწორედ უკეთური საქმეებით წარმოჩინდება.
- ვიცით, რომ დედამიწაზე პირველი უკეთური საქმე ღვთის მოცემული კანონის შეუსრულებლობა გახლავთ - ღვთისგან თვის ხატად და მსგავსად შექმნილმა ადამიანმა არ შეასრულა პირველი კურთხევა, პირველი მცნება ბოროტი სულის წაქეზებით, რომელიც ადამიანზე ადრე დაეცა. პირველქმნილმა ცოდვამ სამყაროში ყველაფერი შეცვალა. ადამიანის ბუნებაც ცოდვისკენ მიიდრიკა, ადამში ხომ ყველამ შევცოდეთ. თუმცა უფალმა არ დაგვტოვა დაცემულ მდგომარეობაში - თავად მოვიდა დედამიწაზე ადამიანის სხეულში. სწორედ ადამის მოდგმიდან განხორციელდა სიტყვა ღვთისა, რათა დაეძლია და დაემარცხებინა ბოროტი სულის მეუფება ადამიანზე, გამოიხსნა ცოდვისა და მარადიული სიკვდილის ტყვეობაში მყოფი კაცობრიობა და გვაჩვენა გზა ცხონებისა, შესაძლებლობა დაკარგულ სამოთხეში დაბრუნებისა. მაგრამ თუ არ მივყევით უფლის მიერ გაკვალულ გზას, ვერ ვცხონდებით.
თუკი ადამიანში ღმერთი არ არსებობს, უფლის რწმენა არ გააჩნია, ცხოვრებას მიწიერ კეთილდღეობათა მოპოვებისთვის ზრუნვას ახმარს. მაგრამ თუკი დაფიქრდება წუთისოფლისა და მის სიამეთა წარმავლობაზე, დაფიქრდება მარადიულობაზე, დაუსრულებელ ზეციურ ბედნიერებაზე, თუკი ღვთივსათნოდ იცხოვრებს, იმასაც გააცნობიერებს, რას დაკარგავს მიწიერ სიამეებზე გადაგების, წუთისოფელზე მიჯაჭვულობის გამო, - აუცილებლად მარადიულს აირჩევს. წუთისოფლისგან მონიჭებული სიამოვნება სასუფევლის წამიერ ნეტარებასაც კი ვერ შეედერება.