უფალს თითოეული ჩვენგანი იმ დროს გაჰყავს წუთისოფლიდან, როცა ყველაზე მაღალ სულიერ მდგომარეობაში ვართ და მეტს უკვე ვეღარ მივაღწევთ
ვიცით, რომ არსებობს მარადისობა და დრო.
დრო წარსულის, აწმყოსა და მომავლისგან შედგება. მარადისობა კი დროის არარსებობას ნიშნავს, რომელიც თავის თავში არავითარ ცვლილებას არ უშვებს - მარადისობაში დრო არ არსებობს. მიწიერი ცხოვრებისას ჩვენ დროში ვცხოვრობთ, მაგრამ დროში თითოეულს ჩვენ-ჩვენი დრო, წუთისოფელში ყოფნის ჟამი გვაქვს, რომელიც უფლისგან ჩვენივე ცხოვრების წესის შესაბამისად გვენიჭება...რისთვის გვეძლევა დრო? როგორ გამოვიყენოთ იგი? როდის ვფლანგავთ დროს ფუჭად და უსარგებლოდ? ამ და სხვა საკითხების შესახებ გვესაუბრება ზესტაფონის წმინდა ნინოს ტაძრის წინამძღვარი, მამა კირიონ მუშკუდიანი.
- მას შემდეგ, რაც უფალმა პირველქმნილი ცოდვის შემდეგ ადამი და ევა სამოთხიდან გამოდევნა, სამყაროში ყველაფერი შეიცვალა. დაწესდა დრო და დაიწყო სამყაროს ხრწნის პროცესი. დრო წინ მიდის ან უკან რჩება. სამყაროს ხრწნის პროცესი დროის გაგრძელებაა, რომელიც არამარადიულობას, ცვეთას მიეცემა.
- რატომ ეძლევა წუთისოფელში დრო თითოეულ ადამიანს?
- ამქვეყნად ჩვენი ყოფნის მიზანი ცოდვათაგან განწმენდა, ამაღლება და სამოთხეში დაბრუნებაა. ამ დროში უნდა შევძლოთ საკუთარ თავში ცოდვების დამარცხება და განწმენდა. როგორც მოგახსენეთ, ყველაფერი ადამის სამოთხიდან გამოდევნით დაიწყო, მაგრამ უფალმა ადამიანებს, კაცობრიობას მისცა დრო და საშუალება, დაუბრუნდნენ პირველსაწყისს - იმ სულიერ მდგომარეობას, რომელშიც იმყოფებოდა ადამი პირველქმნილი ცოდვის ჩადენამდე, გახდნენ ისეთივე უცოდველნი და სულიერად განწმენდილნი, როგორიც პირველყოფილი ადამი იყო, რათა სასუფეველი დაიმკვიდრონ, სული იცხონონ.
თუ დავაკვირდებით დროს, რომელიც წუთისოფელში ყოფნისთვის გვეძლევა, შევამჩნევთ, რომ ნახევარს მაინც უმოქმედობასა და ძილში გავატარებთ. საშუალო ასაკს მიღწეული ადამიანი 4000-5000 საათს ფხიზლობს, მღვიძარებს - მოქმედებს, აზროვნებს და ცხოვრობს. ეს ძალზე მცირე დროა, ამიტომ ის მაინც გამოვიყენოთ მაქსიმალურად ცოდვებთან ბრძოლისთვის, სულიერ ზრდასა და განვითარებას მოვახმაროთ, რათა აბსოლუტური, პირველყოფილი ადამი გავხდეთ. ვისწრაფოთ ღვთის მსგავსებისკენ, ვეცადოთ, ისე ვიცხოვროთ, როგორც მაცხოვარმა იცხოვრა შობიდან აღდგომამდე, რათა ჩვენი დროის ამოწურვის შემდეგ სასუფეველში დამკვიდრების ღირსი გავხდეთ.
- წუთისოფელში ყოფნისთვის ზოგს მცირე დრო ეძლევა, ზოგს - ხანგრძლივი...
- ეს ადამიანის უფალთან დამოკიდებულების მიხედვით ხდება - იმისდა კვალად, როგორი შინაგანი დამოკიდებულება გვაქვს უფალთან, როგორია ჩვენი სულიერი მდგომარეობა და ცხოვრების წესი. წმინდა მამები განმარტავენ: თუკი ადამიანის სულიერი ზრდა, სრულყოფილებისკენ სწრაფვა არ ჩერდება, ცოდვილია კაცი თუ უფლის მცნებებით მცხოვრები, მისი დრო ხანგრძლივდება. მაგრამ თუკი ადამიანი ღვთისკენ სწრაფვას თავს ანებებს, სულიერად აბსოლუტურად უმოქმედო ხდება, მისი სულიერი ზრდა-განვითარების ყველანაირი შესაძლებლობა იწურება და წუთისოფელში დარჩენის შემთხვევაში მხოლოდ ცოდვებს გაიმრავლებს - უფალს ამა სოფლიდან გაჰყავს, მის სიცოცხლეს ხომ აზრი აღარ აქვს. უფალს თითოეული ჩვენგანი იმ დროს გაჰყავს წუთისოფლიდან, როცა ყველაზე მაღალ სულიერ მდგომარეობაში ვართ და მეტს უკვე ვეღარ მივაღწევთ, როცა ჩვენი სული ყველაზე მეტადაა მზად ცხონებისთვის.
- იმ ჩვილების შესახებ რას გვეტყვით, რომლებიც შობიდან სულ მალე ტოვებენ მიწიერ ცხოვრებას?
- პატერიკს გავიხსენებ: ერთ ქალს მეუღლე და 11 შვილი ჰყავდა. ოჯახში სახადი გაჩნდა და ქმარი და ათი შვილი დაეღუპა. მხოლოდ ნაბოლარა, რამდენიმე თვის ჩვილი გადარჩა. ქალი მორწმუნე გახლდათ. უფლის წინაშე ლოცვა გააძლიერა, ღმერთს გულმხურვალედ შესთხოვდა შვილის გადარჩენას. მაგრამ ბავშვი მაინც გარდაიცვალა. დამწუხრებული დედა ღვთის გმობაში ჩავარდა. ყვედრიდა ღმერთს თავის ღვაწლს - განა იმისთვის ვლოცულობდი, ეს რომ დამმართნოდაო? მას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უსაყვედურა. უფალს შვილის გადარჩენას ვთხოვდი, მან კი არ მისმინაო, - განუცხადა ქალმა. გადარჩენას შესთხოვდი და გადაგირჩინა კიდეცო, - მიუგო ანგელოზმა და უჩვენა, როგორი მომავალი ელოდა მის შვილს, მიწიერი ცხოვრების დრო რომ გაგრძელებოდა. ის უმძიმესი ცოდვებით დაიმძიმებდა სულს და უფალი მის გადარჩენას ვეღარ შეძლებდა, ახლა კი თავისთან ჰყავსო, - უთხრა ანგელოზმა ქალს და განეშორა.
- იმ პერიოდის შესახებაც ვისაუბროთ, უფლის მიერ კაცობრიობისთვის მიცემული მესიის მოვლინების აღთქმის აღსრულებას რომ დასჭირდა.
- მხსნელის მოვლინების აღთქმის აღსრულებას, რომელიც სამოთხიდან პირველი ადამიანების გამოდევნის შემდეგ მიიღო კაცობრიობამ, მთელი ძველი აღთქმის პერიოდი - ათასწლეულები დასჭირდა. ამ ხნის განმავლობაში ელოდნენ მაცხოვარს. ეს დრო ადამიანთა მხსნელის მისაღებად მომზადებას დასჭირდა. მაცხოვარი კი მაშინ განხორციელდა, როცა ყველაზე მეტად იყვნენ მზად მის შესახვედრად.
- ყოველი ადამიანი ხომ იმ დროს, იმ ხანაში იბადება, როცა ყველაზე იოლად მოახერხებს სულის ცხონებას. დროის ამ მონაკვეთში არსებული პირობები ყველაზე ხელსაყრელია მისი სულის საცხონებლად...
- როგორც ადამიანს უყვარს საკუთარი შვილები, ცდილობს და ზრუნავს, მათ საუკეთესო პირობები შეუქმნას - აღზრდის, სწავლისა თუ ცხოვრების, უფრო მეტად ფიქრობს და ზრუნავს უფალი თითოეულ ადამიანზე, თავის ყოველ შვილზე - ჩვენ ყველანი ხომ მისი შვილები ვართ. შემოქმედი ცდილობს და ყველა პირობას გვიქმნის, სული რომ გადავირჩინოთ. მთავარია, ეს საშუალება გამოვიყენოთ.
- ალბათ დროს ყველაზე ჭეშმარიტად ღმრთის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლით მოღვაწენი იყენებენ...
- ეს მართლაც ასეა. ბერ-მონაზონნი ხორცის მოსვენებას დღე-ღამეში სამ საათს უთმობენ, დანარჩენ დროს კი ლოცვასა და მღვიძარებას, სულზე ზრუნვას უძღვნიან, რასაც ფიზიკურ შრომასაც უთავსებენ. მარტოოდენ ლოცვამ და სულიერი საქმეების კეთებამ ადამიანი შესაძლოა მოწყენილობაში ჩააგდოს, ამიტომაც არის მონასტრებში დადგენილი წეს-განგება, ჟამის გათვლა, ლოცვის, შრომისა და მოსვენების დრო, რათა ყველაფერი თავის დროზე მოხდეს. ყველაზე მეტი დრო კი სულზე ზრუნვას, უფალთან ურთიერთობას ეთმობა.
- ზოგჯერ კაცი მიწიერი ცხოვრების ბოლო ჟამს, სულ მცირე დროს ახმარს ღვთის დიდებასა და სულზე ზრუნვას. ეს დრო თუ კმარა სულის საცხოვნებლად?
- გავიხსენოთ მაცხოვრის გვერდით ჯვარცმული და მონანული ავაზაკი, რომელმაც სწორედ ბოლო ჟამს შეიმეცნა თავისი ცოდვილი მდგომარეობა, შეიმეცნა უფალი, წყალობა ითხოვა და ცხონდა.
ერთ პატერიკსაც მოგითხრობთ: ავაზაკი, რომელიც სიკვდილით უნდა დაესაჯათ, ციხეში მასთან ერთად მყოფ დასასჯელად გამზადებულ ქრისტიანს გაესაუბრა. მისი ქადაგების შემდეგ საკუთარ ცოდვებზე დაფიქრდა და სინანული დაეუფლა. მთელი ღამე ცოდვათა გამო გლოვასა და ტირილში გაატარა. მეორე დღეს დასაჯეს. მისი სული სწორედ ერთი ღამის სინანულმა იხსნა, რის დასტურადაც სასთუმლის ქვეშ დასველებული ცხვირსახოცი ედო. ეშმაკები მისი სულის ჯოჯოხეთში წასაყვანად რომ მოვიდნენ, უფლის ანგელოზმა სინანულის ცრემლებით დასველებული ცხვირსახოცი აჩვენა და ისინიც განეშორნენ.
ამდენად, ცხონებისთვის სულ მცირე დროც კმარა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება სულიერ უმოქმედობაში გავატაროთ და "ბოლო ჟამს" დაველოდოთ, ჩვენ ხომ არ ვიცით, როდის დაგვიდგება ამა სოფლიდან გასვლის დრო, ამიტომ ღვთის წინაშე წარსადგომად ყოველ წამს მზად უნდა ვიყოთ, უფალი ხომ მარადჟამს სიფხიზლისკენ მოგვიწოდებს, როდესაც ბრძანებს: "გაფრთხილდით, იფხიზლეთ, ილოცეთ, ვინაიდან არ იცით, როდის დადგება ის ჟამი... ამიტომ ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, როდის მოვა თქვენი ბატონი - საღამოთი თუ შუაღამისას, მამლის ყივილზე თუ განთიადისას, რათა მოულოდნელად რომ მოვიდეს, მძინარენი არ გიპოვოთ..." აქ სწორედ სულიერ სიფხიზლეზე, მღვიძარებაზე, უფლის წინაშე წარსადგომად სულიერ მზადყოფნაზეა ლაპარაკი. როცა ადამიანი "ბოლო ჟამს" ელოდება, ხვალინდელი დღისთვის დებს განუწყვეტლად სულზე ზრუნვის, სულიერი ცხოვრების დაწყებას, მას ბოროტი სული ებრძვის და იმორჩილებს, რომელსაც წმინდა მამებმა ხვალის ეშმაკი უწოდეს.
ერთ-ერთი პატერიკი მოგვითხრობს: დემონთან რამდენიმე ეშმაკი შეიკრიბა თავ-თავისი საქმეებით. ყველამ მის მიერ ჩადენილი ბოროტების შესახებ მოახსენა სატანას. მან იმ ბოროტი სულის ჩადენილი ბოროტება მოიწონა ყველაზე მეტად და ჩათვალა გვირგვინის ბოძების ღირსად, რომელმაც თქვა: ხალხს ვუქადაგებ, ილოცონ, იშრომონ, იყვნენ კეთილნი, მაგრამ ეს დღეს კი არ გააკეთონ, არამედ ხვალისთვის გადადონო.
ამიტომ ნურასოდეს დაველოდებით ხვალინდელ დღეს, ნუ გადავდებთ სამომავლოდ იმას, რისი გაკეთებაც დღეს შეიძლება. მთავარია, ბოროტის ნებას არ დავყვეთ, ძალით კი ვერაფერს გაგვაკეთებინებს.
ყოველივე აწმყოშია, დღევანდელ დღეს ხდება შენი ხსნაც და დაღუპვაც. კვლავ უფლის იგავს მივუბრუნდეთ მღვიძარების შესახებ. მაცხოვარი ბრძანებს: თუ სახლის პატრონმა იცის, როდის მოვა ქურდი, სწორედ იმ დროს იფხიზლებსო. არც ჩვენ ვიცით, როდის დაგვიდგება "ბოლო ჟამი", ამიტომ მუდამ მღვიძარედ უნდა ვიყოთ, ბატონს ხომ სწორედ ის მონა უყვარს, შინ დაბრუნებისას ფხიზლად რომ დახვდება, კარს გაუღებს და ემსახურებაო, - ბრძანებს უფალი. ასევე უყვარს უფალს მუდამჟამს სულიერად მღვიძარენი, ვინც დღედაღამ განადიდებს მას სიტყვით და საქმით.
- მიუხედავად იმისა, რომ წუთისოფელში უმეტესი დრო ღვთის დიდებას, სულზე ზრუნვას უნდა დავუთმოთ, უმრავლესობა დროს უქმად კარგავს, ამაოებისთვის იყენებს - განკითხვას, უქმადმეტყველებას, მიწიერი განცხრომისა და კეთილდღეობის მოპოვებისთვის ზრუნვას ახმარს. ადამიანს ეს სიამოვნებს, სიკეთის ქმნა კი ღლის - რამდენიმე წუთი ლოცვაც უძნელდება. რა არის ამის მიზეზი?
- ამის მიზეზი ცოდვისკენ მიდრეკილი ბუნებაა, რომელიც ადამისგან გვერგო მემკვიდრეობით. ღვთივსათნო, კეთილი საქმეების კეთებას საღვთო სიბრძნე და თავის იძულება სჭირდება, უამისოდ დროის უმეტეს ნაწილს ამაო საქმეების ქმნას მოახმარ. ამ სამყაროში უდიდესი სიბრძნე დროის კეთილად და სასარგებლოდ გამოყენებაა, ისევ და ისევ ჩვენივე სულის ცხონებისთვის.
ზომიერად არც ხორცზე ზრუნვა, მიწიერ საქმეთა ქმნა გვეკრძალება - მოსვენება, საქმიანი საუბარი, გართობა... მაგრამ მეტისმეტ დროსტარებასა და გართობას მემთვრალეობა, ბილწსიტყვაობა და კიდევ მრავალი ცოდვა მოჰყვება. ეს ყველაფერი კი სულს ვნებს. თანაც ადამიანს, რომელიც ყოველდღიურად არაერთი ცოდვით იმძიმებს სულს, არა მგონია, განცხრომისთვის დიდი დრო რჩებოდეს. ვინც ღვთივსათნოდ ცხოვრობს, ამის სურვილი არც უჩნდება.
როგორც მოგახსენეთ, უფალი არც ქორწილს გვიკრძალავს, არც სტუმრად მისვლას და არც მოსვენებას. მაგრამ არს ჟამი დასვენებისა, ხორციელ საქმეებზე ზრუნვისა და არს ჟამი ლოცვისა, მარხვისა თუ სხვა კეთილ საქმეთა აღსრულებისა.
- ამდენად, დრო ისე უნდა გავანაწილოთ, რომ არც სულს ვავნოთ და ხორციც სრულად არ დავთრგუნოთ...
- ამის საუკეთესო მაგალითი მაცხოვრის, განკაცებული უფლის ცხოვრებაა. ის სტუმრადაც მიდიოდა - მეზვერე მათემაც მიიწვია და ფარისეველმა სვიმონმაც. არც მრევლს ეუბნებოდა უარს სერობაზე. ქორწილშიც ეწვია სვიმონს გალილეის კანაში, მაგრამ ყველაზე დიდ დროს ისრაელის განათვლას და მოქცევას უთმობდა.
- როგორ მივაღწიოთ დროის ჭეშმარიტად, ღვთივსათნოდ გამოყენებას?
- ამას ეკლესიისა და სულიერი მოძღვრის მორჩილების გარეშე ვერ შევძლებთ. სულიერი საქმეების ქმნით მივიღებთ საგზალს, რათა იმიერ სამყაროში სული ვიცხოვნოთ. თუ დროს ღვთის ნების საწინააღმდეგო საქმეებზე დავხარჯავთ, ეშმაკისა და ჯოჯოხეთის კერძი გავხდებით.
- რატომ იყო, რომ ძველად ქრისტიანები უფრო მეტად ზრუნავდნენ სულზე, უფლის მცნებების შესრულებაზე?
- იმხანად უფლის მადლიც მეტად სუფევდა დედამიწაზე - სწორედ ადამიანთა ღვთივსათნო ცხოვრების სანაცვლოდ. შემდეგ კი თანდათან იმრავლა უკეთურებამ და ცოდვამ. კაცთა ცოდვებით დამძიმდა დედამიწა და უფლის მადლიც მოგვაკლდა.
- რამდენიმე სიტყვით "ბოლო ჟამის", მეორედ მოსვლის შესახებაც ვისაუბროთ. დასრულდება თუ არა დრო "ბოლო ჟამის" შემდეგ? რა სწავლება აქვს ქრისტიანულ სარწმუნოებას ამ საკითხთან დაკავშირებით?
- "აპოკალიფსში" პირდაპირ წერია: მეორედ მოსვლის ჟამს გამოვა ანგელოზი და გვამცნობს, რომ ჟამი მოკვდა. ასე რომ, დრო დასრულდება და ეს სამყარო შეიცვლება. ამქვეყნიურობა გაქრება, რადგან ამ სამყაროში ყველაფერი დროზეა დამოკიდებული.