(ამონარიდები მღვდელ კონსტანტინე ოსტროვსკის წიგნიდან
"სიკვდილს ვერ შევძლებთ")
"სიკვდილს ვერ შევძლებთ")
როდის გვცნობს ღმერთი?
იოანეს სახარებაში ნათქვამია: "ცხოვართა ჩემთა ხმისა ჩემისა ისმინიან, და მე ვიცნი იგინი, და მომდევდნენ მე, და მე ცხოვრება საუკუნო მივჰსცე მათ, და არა წარჰსწყმდენ უკუნისამდე" (ინ. 10, 27-28).
ე.ი. როცა ჩვენ ღვთის სიტყვას შევისმენთ ანუ ვცდილობთ, მცნებების მიხედვით ვიცხოვროთ, ღმერთი გვცნობს, ხოლო როცა მის სიტყვას არ შევისმენთ - არ გვცნობს. არ გვცნობს არა იმის გამო, რომ რაიმე არ იცის, არამედ იმიტომ, რომ არც არავინაა საცნობი - ვინც არ არის, მას ვერც ვერავინ იცნობს. ჩვენ კი თვითონ ვაქცევთ საკუთარ თავს არარაობად, როცა გულით ამაოებას ვეძლევით და საერთოდ ვქრებით რეალობიდან, როცა უკანონო ცოდვებით ვეცემით.მაგრამ როცა თუნდაც ვცდილობთ, ღვთის მცნებებით დავიწყოთ ცხოვრება, საკუთარი თავი მათ მიხედვით განვსაჯოთ მაინც და შევინანოთ, ღმერთი გვცნობს და ჩვენც მისი "ცხოვარნი" ვხდებით, ის კი, ჩვენი მწყემსი, ზეციური სამყაროსკენ მიმავალ გზაზე მიგვიძღვის.
ღმერთმა რომ გვცნოს, ის უნდა ვაღიაროთ, ანუ სწორედ ღვთის მცნებები უნდა ვაღიაროთ ცხოვრების კანონად და არა სხვა რამ. ხომ ხდება, რომ სინდისი გვქენჯნის და ჩვენც ძალზე მკაცრად განვსჯით საკუთარ თავს, მაგრამ არა ღვთის, არამედ ადამიანის მიერ მოგონილი კანონებით ანდა სულაც საკუთარი ვნებების მიხედვით. ხშირად ვბრაზობთ საკუთარ თავზე და გული გვწყდება, რომ ესა თუ ის ცოდვიანი სურვილი ვერ ავისრულეთ.
მარჯვენა ხელით - მარცხენა ლოყაში
"თუ ვინმე გაგარტყამს მარჯვენა ყვრიმალში, მიუშვირე მას მეორეც" (მთ. 5, 39), - გვეუბნება უფალი. მარჯვენა ხელით მარცხენა ლოყაში ურტყამენ, მარცხენათი - მარჯვენაში. ჩვენი უკეთური (მარცხენა) საქმეებისთვის ღვთის მარჯვენა გვსჯის, კეთილი (მარჯვენა) საქმეებისთვის კი უფალი, ჩვენივე მორჩილებისთვის, სატანას უშვებს ჩვენზე. ამიტომ, როცა მარჯვენა ლოყაში გვირტყამენ, გავიხსენოთ საკუთარი ცოდვები და მარცხენაც მივუშვიროთ.იმედი მხოლოდ ღვთისა უნდა გვქონდეს
საკუთარი თავის იმედად ყოფნა ყოველთვის მაცდურია როგორც სულიერ ცხოვრებაში, ისე ხორციელში. ზოგჯერ ადამიანი მდიდრდება, ფეხზე მტკიცედ დგება, ყველაფერი კარგად მიდის და უეცრად აგური ეცემა თავზე ან მეგობარი ესვრის სამალავიდან და... დამთავრდა. ამაოდ ჰქონია საკუთარი თავის იმედი. ასევეა სულიერ ცხოვრებაშიც; ყველაფერი კარგადაა, ადამიანი ლოცულობს, ტაძარში წირვა-ლოცვას ესწრება, ვნებებს ებრძვის, ოღონდ ესაა - საკუთარი თავის იმედადაა, მორჩილება ვერ მოუპოვებია; ამიტომ მისი სულის ჭურჭელი დიდი კია, მაგრამ გაბზარულია, ვერ იღებს და იკავებს მადლს. ასეთი ადამიანი მთელი სიცოცხლე საკუთარ თავზე მუშაობს, მაგრამ ამ შრომის ნაყოფს ვერ იმკის.
ღირსი მამა იოანე კიბისაღმწერელი მოგვითხრობს ერთი მოღვაწის შესახებ, რომელმაც ისეთ სულიერ სიმაღლეს მიაღწია, რომ ლეოპარდს ხელით აჭმევდა, ცხოველებს მისი აღარ ეშინოდათ, მაგრამ ის საკუთარი კეთილი საქმეების, საკუთარი ღვაწლის იმედად იყო. და აი, სიკვდილის ჟამს ეშმაკები შემოეჯარნენ. იქ მყოფ ბერებს ესმოდათ მოღვაწის დავა ბოროტ სულებთან, რომელთა წინაშეც მომაკვდავი თითქოსდა თავს იმართლებდა. და ასე, ეშმაკებთან დავაში დატოვა მისმა სულმა სხეული და მისი საბოლოო ხვედრი, ღირსი იოანეს მიხედვით, უცნობია. ასე რომ, მხოლოდ ღვთის წყალობის იმედი უნდა გვქონდეს. ავად ვცხოვრობთ თუ კარგად, მაინც იმაზე უარეს ცხოვრებას ვეწევით, ვიდრე გვმართებს.
სწორი დამოკიდებულება სატანისადმი - მისი სიძულვილია
ეშმაკებთან მეგობრობა და ნებისმიერი სახით გარიგება დაუშვებელია. კი არ უნდა გვეშინოდეს, არამედ გვეზიზღებოდეს ისინი, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა სიამაყის გამო; თუმცა მათთან საამაყო არც არაფერი გვაქვს: ადამიანური ბუნებით ჩვენ მათზე - დაცემულ, მაგრამ მაინც ანგელოზებზე - სუსტები ვართ. ხოლო თუ ყოვლისშემძლე განკაცებულ ღმერთთან - იესო ქრისტესთან - ერთობას შევინარჩუნებთ, შეგვიძლია არაფრისა გვეშინოდეს. ეშმაკები და მათთან ერთობაში მყოფი ადამიანები ისევე უძლურები არიან ღვთის წინაშე, როგორც ნებისმიერი ცხოველი და თუ ღმერთი არ დაუშვებს, ვერანაირ ბოროტებას ვერ ჩაიდენენ. მარადიული სასჯელი მათ დაიმსახურეს არა იმ საქმეების, რომელთაც, თუკი მოისურვებდა, უფალი წინ აღუდგებოდა, არამედ თავიანთი ბოროტი ნების გამო.ჩვენი სულები არამდგრადია
ღირს სერაფიმეს ღმერთი უყვარდა და გამუდმებით მასთან ყოფნაში პოულობდა ნუგეშს. ბერ სილუანსაც უყვარდა ღმერთი, მაგრამ მასთან განშორების, ღვთის დატევების განცდა ჰქონდა და ამიტომ წერდა: "მოწყენილია ჩემი სული ღვთის გარეშე და ცრემლმორეული ვეძებ მას". ხოლო როცა ვერც ურთიერთობის სიხარულს განვიცდით და ვერც განშორების გამო მუდმივ ნაღველს, ეს უკვე აღარ არის სიყვარული მთელი გულით, სულითა და გონებით, როგორც ამას პირველი მცნება მოითხოვს.რატომ არ გვაძლევს ღმერთი ამგვარ სიყვარულს? ეს ხომ მის ხელთაა? იმიტომ, რომ ჩვენი სულები არამდგრადია, მეოცნებე, სიყვარულით ილტვიან სხვადასხვა სულიერი და ხორციელი საგნისაკენ და თუ ღვთისაგან მისი სიყვარულის ნიჭს მიიღებდნენ, გამუდმებით ღალატობდნენ მას.
ასე რომ, ღვთაებრივი სიყვარულის ნიჭის მისაღებად ჯერ მომზადებაა საჭირო - ღვთის მცნებების აღსრულების გზით სული ვნებისგან უნდა განიწმინდოს.
მზაკვრული კითხვა პასუხს არ იმსახურებს
მღვდელმთავართა და უხუცესთა კითხვას, თუ ვინ მისცა სწავლების უფლება, იესო ქრისტემ უპასუხა: "ნათლისცემა იოანესი საიდან იყო, ზეციდან თუ კაცთაგან?" (მთ. 21, 23-27). ეს პასუხი პირდაპირ კავშირში არ ყოფილა მღვდელმთავართა კითხვასთან, მაგრამ, სამაგიეროდ, მათი მზაკვრობა გამოააშკარავა, რადგან მათ ხალხის შიშით ვერ აღიარეს, რომ არ სწამდათ ნათლისღებისა, რომელიც იოანე წინამორბედმა აღასრულა. სწორედ მზაკვრობის გამო არ გახდნენ ისინი ღირსნი, პასუხი მიეღოთ იესო ქრისტესგან. ასევე, მზაკვრობის გამო არ ვართ ღირსნი, ღმერთმა გვიპასუხოს ჩვენს კითხვებზე, რადგან, როგორც წესი, მათ იმიტომ კი არ ვსვამთ, რომ სულის ხსნისთვის სასარგებლო ჭეშმარიტების ჩაწვდომა გვსურს, არამედ უბრალო ცნობისმოყვარეობის გამო და ღვთის ნების შესაწინააღმდეგებლადაც კი. რწმენა და სათნოება
ზოგჯერ ქრისტიანებისგანაც კი მოვისმენთ ასეთ ნათქვამს: "ამა და ამას ღმერთი არ სწამს, მაგრამ ყველა მცნებას ასრულებს". ეს, რა თქმა უნდა, უაზრობაა, რადგან პირველი მცნება ღვთის სიყვარულს ეხება. თუკი ვინმეს ღმერთი საერთოდ არ სწამს, როგორ შეიძლება უყვარდეს ის? შეიძლება ადამიანზე ვთქვათ: "გიორგის არ სჯერა ანას არსებობისა, მაგრამ უყვარს ის?" ღმერთზე კი შეიძლება? ზნეობრივი კანონების აღსრულებას თითქმის ყოველთვის ღვთის სიყვარულისკენ მივყავართ, მაგრამ ეს აღსრულება თვითონ არ არის სიყვარული. როცა დედას შვილი უყვარს, მისთვის არ არის საკმარისი, რომ ის არ სვამდეს, არ ეწეოდეს, ბანქოს არ თამაშობდეს და შინ დროზე მოდიოდეს. მას უნდა, შვილს ახსოვდეს ის, მის გვერდით იყოს, დედას შვილის სიყვარული უნდა და არა უბრალოდ ზრდილობა. დაეხმარეთ მიცვალებულებს
თუ მარადიული ცხოვრების რწმენა არ გაქვს, არც გარდაცვლილი ახლობლისთვის ღირს თავის შეწუხება. ადამიანი ნელ-ნელა ამ დასკვნამდე მიდის, მაგრამ გაუცნობიერებელი სულიერი გრძნობა ეუბნება, რომ მიცვალებულის სხეულის უბრალოდ გადაგდება კარგი არაა. თუმცა ჩვენ გვწამს სულის მარადიული სიცოცხლე და სწორედ ამიტომაა, რომ გარდაცვლილს სუფთა კუბოში, ჯვრით ხელში ან გულზე ვკრძალავთ. ეს რეალობის ამსახველი გარეგნული ნიშნებია, სხვანაირად მათ არანაირი აზრი არ ექნებოდა. ჩვენ ახალშესვენებულს სამეუფო კარებს ვუღებთ იმის ნიშნად, რომ მას ცათა სასუფეველში ელიან. ყველა ადამიანია წოდებული იქ შესასვლელად და რაოდენ საცოდავები ვართ, როცა წოდებულნი ვართ და არ შევდივართ.ცოცხლებმა, სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიან, უნდა შევინანოთ და გამოსწორების გზას დავადგეთ. მიცვალებულებს კი სინანული აღარ შეუძლიათ და მათი სულები დამძიმებულია. განა ბევრია თვითონ ჩვენ ან ჩვენს ახლობებს შორის ისეთი, ვისი ლოცვაც ცეცხლოვანი სვეტივით ადის ზეცამდე? ყველანი მეტისმეტად მიშვებულნი ვართ - არამცთუ ვნებები არ დაგვიმარცხებია, არამედ მათთან, როგორც საჭიროა, ბრძოლაც კი არ დაგვიწყია.
თავს ნუ მოვიტუებთ, არც ჩვენ და არც ჩვენს ახლობლებს, უბრალოდ, ისე, იმქვეყნად კარგი არაფერი გველის. დამშვიდება ძალზე სახიფათოა, სანამ არ დაგვიანებულა, მთელი ჩვენი ძალები სულის ხსნისთვის უნდა მოვიკრიბოთ: არავინ განვიკითხოთ, ყველას შევურიგდეთ, ყველაფერი უდრტვინველად დავითმინოთ, ვილოცოთ იმდენად, რის ძალასაც ღმერთი მოგვცემს. გარდაცვლილთათვის კი გულით ვღვაროთ ცრემლი, ვევედროთ ღმერთს, რომ მოწყალე ეყოს მათ და მოუნანიებელი ცოდვები შეუნდოს.
ჯერ დამორჩილდი, შემდეგ იბრძოლე
თუკი ღმერთმა ვინმეს გალოთება დაუშვა, ამ ადამიანმა პირველ რიგში ის უნდა გააცნობიეროს, რომ ლოთობა მისთვის ქარაფშუტობისთვის, სულიერი სიზარმაცისა და ამპარტავნებისთვის მოვლენილი სასჯელია. ხოლო როცა ამას გააცნობიერებს, იესო ქრისტეს გზას შეუდგება, გახდება მორჩილი, დაითმენს, თავი დაიდანაშაულოს და ილოცოს. თუ ასეთი მტკიცე საფუძველი იქნება, ადამიანს უკვე შეუძლია და ვალდებულიცაა, რომ ღვთის შეწევნით, ძალები მოიკრიბოს და ლოთობისაგან განთავისუფლდეს. მაგრამ თუ მორჩილება და სულიერი ცხოვრების გზაზე დადგომა არ სურს, არამედ, უბრალოდ, ერთი ვნებისგან განთავისუფლება იმისთვის უნდა, რომ სხვებს ძალმოკრებილი მიეცეს, ეს ღვთისთვის სათნო არაა. ვერც შენ დაიცავდი ახლობლებს
ღირსი მაკარი ოპტელი სწერს ერთ ადამიანს: "რა თქმა უნდა, გულსატკენია, როცა ახლობლებს მძიმე მდგომარეობაში ხედავ, მაგრამ განა მათთან რომ გეცხოვრა, იგივე არ მოხდებოდა?" ტყუილად გვგონია, მათ გვერდით რომ ვყოფილიყავით, ყველაფერი რიგზე იქნებოდა; თუ ღმერთმა ვინმესთვის განსაცდელი დაუშვა, ეს ჩვენს იქ ყოფნაშიც მოხდება. თავს მაშინ უნდა ვიდანაშაულებდეთ, ვინანიებდეთ კიდევაც და შეცდომებზეც ვსწავლობდეთ, თუ მართლა შეგვიძლია ვისიმე შეწევნა და არ შევეწევით, ხოლო თუ ვერაფრით დავეხმარებით, მიუხედავად დიდი სურვილისა, - ნურც ამაო ქენჯნას მივეცემით. ამგვარ ქენჯნაში ამპარტავნება, თვითდაჯერებულობა და განგების მიმართ ურწმუნოება გამოსჭვივის. მოამზადა
ნიკოლოზ ლანჩავამ
ნიკოლოზ ლანჩავამ