თქვენ ხართ სანთელი, თქვენ უნდა აინთოთ, რომ სხვებს წუთისოფლის წყვდიადში გზა გაუნათოთ
როცა კაცი მთელი არსებით შეიგრძნობს უფლის მადლს, მასში იწყება სულიერი თუ ფიზიკური ფერისცვალება.
ამ სათნოებათა მოპოვებას ხანგრძლივი შრომა სჭირდება. ეს კი მხოლოდ ეკლესიური ცხოვრებით, ცხოვრების წესის შეცვლით და მუდამდღე ლოცვით მოიპოვება. სულიერებათა საუნჯეში ყველაფერი საუკეთესო უნდა დავაგროვოთ, რათა ნელ-ნელა შევძლოთ მისი გონივრულად დარიგება მოყვასისთვის. ამგვარი ცხოვრება ჩვევად გვექცევა და დღითიდღე, ჩვენს სულიერ ზრდასთან ერთად, კეთილი საქმეების გაკეთების მეტი უნარი მოგვეცემა. ამგვარი გზით მავალი ყოველთვის უფალთან ერთობაშია და ფერისცვალების ნაყოფი ხდება. ხშირად ეკლესიური ადამიანების არასწორი ქცევა, თუნდაც სიტყვა-პასუხი გვაღიზიანებს - ეკლესიურია და ნუთუ მასში არ მოხდა ფერისცვალებაო. ალბათ ესეც მცირედმორწმუნეობის ბრალია. დღევანდელობა იმდენად მოიცვა ყოფითმა თუ სულიერმა პრობლემებმა, გამეფდა შური და გულგრილობა, რომ უფლის მცნებები არავის ახსოვს. ხოლო თუკი წრფელი გულით ყურს მიუგდებთ დედაეკლესიას, ჭეშმარიტ მოძღვარს, უთუოდ მოხდება ჩვენი სულიერი თუ ფიზიკური ფერისცვალება. ვინც უფლის ტკბილ ხმას მიაყურადებს და გულის კარს გაუღებს, შედეგიც სასიკეთო იქნება. გვესაუბრება გურიის უდაბნოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი მარკოზი (გურგენიძე).
- უფალი თაბორის მთაზე ლოცვად დადგა. წმინდა მამების განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ ადამიანის ფერისცვალების დასაწყისი არის ლოცვა. უდიდესი მადლის მოხვეჭის საშუალება ადამიანს ლოცვის დროს აქვს. წმინდა სერაფიმე საროველი ამბობს, - ადამიანის დანიშნულება არის სულიწმინდის მადლის მოხვეჭა, ამის ყველაზე ძლიერი საშუალება არის ლოცვა, რომელიც უფალთან საუბარია. ამისთვის ადამიანი უნდა ამაღლდეს როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად. ისე რომ ილოცო - ფერი იცვალო, წუთისოფელზე მაღლა უნდა დადგე. ამას ძალიან დიდი შრომა სჭირდება. პირველ რიგში ადამიანი საკუთარ თავს უნდა ჩაუღრმავდეს და შეიცნოს, ვინ არის, რა სჭირდება. ზოგს ჰგონია, ფერისცვალება მისთვის ზედმეტია და იმ მდგომარეობაში საუკეთესოდ გრძნობს თავს. ადამიანი სულიერ მდგომარეობას თუ სწორად წარმართავს და ღვთის ნებას დაემორჩილება, დაუსრულებლად იზრდება სულიერად და ფერისცვალებასაც განიცდის.
- ხორციელი შიმშილი, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, მაგრამ სულიერი შიმშილი უარესია. როგორ უნდა გამოვკვებოთ ჩვენი სული, რათა ფერი ვიცვალოთ?
- ბოლო დროს იმატა დეპრესიულმა მდგომარეობამ. სამკურნალოდ ათასგვარ საშუალებას იყენებენ, თანაც უშედეგოდ. წამიერი შვების შემდეგ ყველაფერი მეორდება. ეს კი სულიერი დაურწყულებლობის და შიმშილის შედეგია. ამას გაცილებით უარესი შედეგი აქვს, ვიდრე ხორცის სიყმილს. საზოგადოებისთვის ასეთი ადამიანი უფრო საშიშია, ვიდრე ხორციელად მშიერი. დეპრესიული და ნევროზული მდგომარეობა სულის შემაძრწუნებელი გამოძახილია. გამოსავალი ერთია - ეკლესიური ცხოვრება, სადაც მადლით სავსე გარემოა. წირვის დროს, როცა ღვთისმსახური, მსხვერპლის შემწირველი გამოდის და ჯვარს გამოსახავს, ამბობს: "მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ზიარება სულისა წმიდისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა". ნათლად ჩანს, თუ რამხელა მადლი გადმოდის წირვის დროს ადამიანზე. ხშირად არ გვესმის წირვის დროს აღვლენილი მსახურება. უთქვამს კიდეც მრევლს, - მსახურებას ვესწრებით, მაგრამ ვერაფერს ვიძენთ აქედანო. გარდა იმისა, რომ ეკლესიაში თითოეული სიტყვა უნდა გაიგონო, უდიდესი მადლი გადმოდის და უხილავ კურნებას ვიღებთ. დროთა განმავლობაში მადლი ძლიერდება და სულიერად დანაყრებული ადამიანი გადასხვაფერდება. წმინდა მამათა თქმით, ადამიანი პოტენციურად ყველაზე უპირატესია საუფლო იერარქიაში. ძალიან ცოდვილია, დაცემულია, მაგრამ განვითარებადია და შეიძლება გახდეს "უპატიოსნესი ქერუბიმთა და აღმატებით უზესთაესი სერაბიმთა". კაცმა შემოქმედების ნიჭით განღმრთობამდე უნდა მიიყვანოს საკუთრი სული. ამისთვის უდიდეს დახმარებას უწევს სინანული, რომელიც ცალკე ნიჭი და ფერისცვალების დასაბამია.
- სინანულის გამოხატვა ეხმარება ადამიანს სულიერ ფერისცვალებაში?
- თუ კაცი განიცდის საკუთარ ჩვევებს, კარგის ნიშანია. ეს არის დასაბამი ფერისცვალებისა. გინდა, რომ სხვანაირი, უკეთესი გახდე. შრომაში ვითარდება ადამიანის გონებრივი, სულიერი თუ ხორციელი საშუალებები და განვითარებას იწყებს ღვთისგან ბოძებული ნიჭები. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ადამიანი იმ მთაზე ავიდე, სადაც ფერს იცვლის.
- ადამიანს ფერისცვალებაში მოძღვარი ეხმარება...
- რა თქმა უნდა, მაგრამ ადამიანმა დასაწყისში ეს თავად უნდა იგრძნოს, დაინახოს, რომ ღმერთი არსებობს მის სულში. პირადად მე ისეთი განცდა მქონდა, თითქოს რაღაც გასაღები მეჭირა და რაღაცას ვარიგებდი. ეს გასაღები ერთ-ერთ კარს არ აღებდა და ძალიან ვწუხდი. სულისთვის სასარგებლო კარის გაღება მონასტერში მოსვლით შევძელი და ჩემში ფერისცვალება დაიწყო. ცხოვრება რადიკალურად შევცვალე. ცხოვრების წესთან ერთად მთავარია, შეიცვალოს ადამიანის მსოფლმხედველობა, მიზანი. ბერად აღკვეცისას აღმკვეცელი ეკითხება: - "რაისათვის მოსულხარ, ძმაო?" მეტად მნიშვნელოვანი კითხვაა, რადგან ადამიანი როცა ამ ცხოვრების წესს ირჩევს, ხშირად უნდა იმეორებდეს: - რისთვის მოვსულვართ მონასტერში, რატომ დავტოვეთ ყველაფერი ამქვეყნიური? წუთისოფელი საპყრობილეს ჰგავს, ადამიანისთვის სასჯელის მოსახდელი ადგილია. პატიმარმა რაც არ უნდა კარგად მოაწყოს თავისი საკანი, ის მაინც პატიმარია. მისთვის თავისუფლება ყველაზე მეტად არის სანატრელი. ამიტომ ჩვენ არ უნდა მოვეწყოთ ამ საკანში, არ მივეჯაჭვოთ მას. თუ სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, მუდამ გამოსვლის მოლოდინში უნდა იყოს და უფალთან ყოფნა სურდეს. დავით მეფსალმუნე ამბობს: "გამოიყვანე საპყრობილით სული ჩემი, რათა აღუარო სახელსა შენსა".
- მონასტრული ცხოვრების დაწყების შემდეგ თუ ხდება ერული თვისებების მოკვეთა?
- მონასტერში ერული თვისებები უფრო მეტად მჟღავნდება. როცა ქრისტიანულ ცხოვრებას იწყებ და დიდი ხანი ხარ უფალთან კავშირში, მეტად ამჟღავნებ შენს თვისებებს. მონასტერში უფალი გადაგიშლის შენი გულის წიგნს და ერთიორად წამოწევს წინ ერულ თვისებებს. ეს რომ დაინახოს ადამიანმა, სასოწარკვეთილებაში ჩავარდება. ამიტომ უფალი მონასტერში ახალმისულს ერთბაშად კი არ ანახებს ამას, არამედ ნელ-ნელა. ეს არის პირველი ეტაპი და აუცილებელი ფერისცვალებისთვის. თუ ადამიანმა ეს არ მოიშორა, ბინძური გულით ვერაფერს შეცვლის. მხოლოდ ბერმონაზვნური შესამოსელით და თავზე კუნკულბარტყულით ვერ შეიცვლები. ფერისცვალება მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა თვალხილულად დანახულ არასწორ თვისებებს მოიკვეთ და იცხოვრებ ქრისტიანული ცხოვრებით. უნდა განვიწმინდოთ და განვსპეტაკდეთ, როგორც თოვლი.
უფალი ბრძანებს: "თქვენ ხართ სანთელი, თქვენ უნდა აინთოთ, რომ სხვებს წუთისოფლის წყვდიადში გზა გაუნათოთ". ეს ნათელი არის ფერისცვალება. ჩვენ კი მბჟუტავი სანთელი ვართ, რომელსაც გაღვიძება სჭირდება. უფლისგან ბოძებულ ცეცხლს გარსი აქვს შემოხვეული - წუთისოფლის ჭუჭყი და სიბინძურე. ამ დროს აუცილებლია ლოცვის გაძლიერება, რათა სულიერად გავძლიერდეთ. ეფრემ ასური ამბობს - "მომანიჭე, უფალო, განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა". თუ ხშირად შევთხოვთ უფალს ჩვენი ცოდვების განცდას, მოგვცემს კიდეც და განახლებული, ფერშეცვლილი, განსპეტაკებული განვაგრძობთ ცხოვრებას. როცა მოყვასი შეურაცხგვყოფს ან ავადმყოფობა და რაიმე განსაცდელი დაგვატყდა თავს, ამით უფრო მეტად ვიძენთ სიმდაბლეს და ვმადლობთ უფალს. უფალი ამბობს: "კეთილ არს ჩემდა, რამეთუ დამამდაბლე, რათა ვისწავლე მე სიმართლენი შენი". ღვთისგან ხდება დამდაბლება. ამ თხოვნასა და ლოცვაში იცვლება ადამიანი.
უდიდესმა წმინდანებმა მიაღწიეს სიმაღლეებს, რომელთა ცხოვრება თავიდან ქრისტიანულ წესს არ შეეფერებოდა. პეტრე მოწყალე, მოსე შავი, დავით ავაზაკყოფილი უდიდესი წმინდანები გახდნენ. ამით უფალი გვანახებს, რომ ყველას შეუძლია მიაღწიოს სიწმინდეს. პავლე მოციქული ამბობს: "მე იმიტომ მომაქცია უფალმა, რომ ამით დაენახვებინა, თუ რამხელა ცოდვილები შეიძლება მოაქციოსო".
პავლე მოციქული ეკლესიას დევნიდა, მაგრამ თავისი ცხოვრებით მან უდიდეს სიმაღლეს მიაღწია. "მე უკვე აღარ ვარ, ჩემში უკვე ქრისტეაო", - ბრძანებს. ნახეთ, როგორი ფერისცვალება მოხდა? ადამიანი ჭეშმარიტი ქრისტიანი თუ გახდება, სულიერ ფერისცვალებას მიაღწევს. ხორციელიდან თუ განთავისუფლდები, სულიერიც გახდები. ხორციელებაში იგულისხმება ჩვენი დაცემული ბუნება. უფალი ამბობს: "ჩემი გზა ეკლიანია და ვიწრო". ადამიანმა უნდა განიმოსოს ძველი სამოსი, სიბრძნე გამოიყენოს და უფლის მიერ ბოძებულ ვიწრო და ეკლიან გზას შეუდგეს.
ადამიანმა შეიძლება ფერი იცვალოს, მაგრამ მოძღვარი არ გახდეს. ეს ყველაფერი ღვთის დაშვებით ხდება - ფერისცვალება უამისოდაცაა შესაძლებელი - ეს კი უკვე ღვთის ნებაა. მოძღვარი უფლის მიერაა ხელდასხმული, რომელიც დამაკავშირებელი ხდება ადამიანსა და ღმერთს შორის.
ღმერთმა მოგვცეს სულის და ხორცის ფერისცვალება.