როდესაც ხორციელი სიბეცე ჭარბობს, ადამიანი ცოდვის გალიაში აღმოჩნდება
დედმამიშვილებად ერთი დედისა და მამის შვილები იწოდებიან.
როგორი მოსიყვარულე და გულთბილიც არ უნდა იყოს ადამიანი მოყვასის მიმართ, ყველაზე მეტად მაინც საკუთარი დედმამიშვილები უყვარს. დაძმური სიყვარული მართლაც გამორჩეული, ამაღლებული გრძნობაა და რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს წყენა და-ძმას შორის, გულის სიღრმეში მათ მაინც ძლიერ უყვართ ერთმანეთი...გვესაუბრება რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან არსებული წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა დავით შენგელია:
- ადამიანში დაძმურ სიყვარულს აღვივებს და აძლიერებს ის, რომ დედმამიშვილები ერთი წიაღიდან არიან წამოსული, მათ ღვთისგან ბოძებული უდიდესი მადლი აერთიანებთ. დედმამიშვილებს შორის სიყვარულს ვერავინ და ვერაფერი წაშლის, ის მაინც გამთლიანდება.
- რა მოვალეობები აქვთ ერთმანეთის მიმართ დედმამიშვილებს? რა უმთავრეს ვალდებულებებს აკისრებს მათ ქრისტიანული სარწმუნოება?
- დედმამიშვილებს შორის ურთიერთმოვალეობებზე უპირველესად ბიბლიურ სწავლებაზე დაყრდნობით უნდა ვისაუბროთ. თვით უფალია მამა, თვით უფალია გამზრდელი, მასწავლებელი ადამიანისა, შემოქმედი კი ერთმანეთისკენ სიყვარულით ლტოლვას, ურთიერთპატივისცემასა და თანადგომას გვასწავლის. უპირველეს ყოვლისა, სწორედ ამას ითხოვს დედმამიშვილებისგანაც ქრისტიანული სარწმუნოება. სიყვარულით უნდა იყოს გაჯერებული მათი თითოეული სიტყვა და საქმე. და ეს მოვალეობები გვაკისრია არა მხოლოდ დედმამიშვილების, არამედ ნებისმიერი მოყვასის მიმართ, მით უმეტეს - ქრისტიანულ სამყაროში, ქრისტიანულ საზოგადოებაში. ეს ვალდებულებანი ღრმა შინაგანი განცდით უნდა სრულდებოდეს, ამით უნდა ცხოვრობდეს, სულდგმულობდეს ქვეყანა, საზოგადოება და მთლიანად ერი, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს ერის შეკავშირება ამ მოვალეობებში, რადგან მათში მთელი სახელმწიფოს ფუნდამენტი ძევს.
სიყვარულის შემეცნებას, ერთმანეთის პატივისცემას, თანადგომას ადამიანი ოჯახიდან სწავლობს. სწორედ ოჯახის წევრებთან ურთიერთობით აღმოაჩენს რას ნიშნავს სიყვარული, შემდეგ კი მის გაღვივებასა და გავრცობას ცდილობს. ურთიერთსიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის მაგალითი დედმამიშვილებმა მომავალ თაობებსაც უნდა მისცენ.
- სამწუხაროდ, ზოგჯერ და-ძმას შორის არათუ სიყვარული, პატივისცემა და მოკრძალება, არამედ მტრობა, შუღლი და შური იჩენს თავს...
- ზოგჯერ დედმამიშვილებს შორის მართლაც ჩამოვარდება შუღლი და მტრობა, წყენა, რაც ზოგჯერ წლებიც კი გრძელდება. ამის მაგალითები ბიბლიაშიც გვხვდება. კაენში შური თავისი ძმის - აბელის კეთილშობილურმა საქციელმა აღძრა, მან ვერ აიტანა, რომ ძმა მასზე უკეთესი აღმოჩნდა. უფალს სურდა, ორივე ძმას შინაგანი კეთილშობილება გამოევლინა და ისე მიეტანა თავისი ნაშრომი სამსხვერპლოზე. სამწუხაროდ, კაენი გულგრილად და ზერელედ მოეკიდა ამ საქმეს, აბელმა კი, პირიქით, სულითა და გულით მიართვა ღმერთს ის, რაც საუკეთესო ჰქონდა, ამიტომაც შეიწირა მისი მსხვერპლი უფალმა. კაენს შური აღეძრა აბელის მიმართ, რამაც შემდგომ მტრობა და ზიზღი გამოიწვია. კაენი პირნათელი არ იყო უფალთან. იმის ნაცვლად, გახარებოდა, რომ ძმა სულიერად მასზე მაღლა იდგა, მისგან აეღო მაგალითი და ეცადა, შემდგომში მასაც წრფელი გულით მიეტანა შესაწირი უფლის სამსხვერპლოზე, სინანული ჰქონოდა და შემწეობა ეთხოვა ღვთისთვის, შურმა დააბრმავა. მისმა ცოდვისკენ მიდრეკილმა ადამიანურმა ბუნებამ იმძლავრა, კაენი სიკეთეს დააშორა და საშინელი ცოდვისკენ - საკუთარი ძმის მკვლელობისკენ უბიძგა.
- კაენის მსგავსად, ხორციელი, სუსტი ადამიანური ბუნება მძლავრობს იმ კაცშიც, რომელსაც საკუთარი დედმამიშვილის მიმართ მტრობა, შური, სიძულვილი აღეძვრება...
- სამწუხაროდ, როდესაც ხორციელი თვისებები, ხორციელი სიბეცე ჭარბობს, ადამიანი მხოლოდ მიწიერებითაა შემოსაზღვრული, ცოდვის გალიაში აღმოჩნდება. ის უშინაარსოდ, უსარგებლოდ წარმართავს ცხოვრებას, ამარჯვებინებს არა ღვთის უსაზღვრო სიკეთესა და სახიერებას, არამედ ეშმაკს, რომელიც გულში ყოველგვარ უკეთურ სურვილს აღძრავს.
- თუკი ეკლესიურ და არაეკლესიურ დედმამიშვილთა თუ ოჯახის წევრთა ურთიერთდამოკიდებულებას შევადარებთ, ნათლად გამოჩნდება, რომ ეკლესიური და-ძმანი მეტი ურთიერთსიყვარულითა და პატივისცემით წარმართავენ თავიანთ ურთიერთობას, ნებსით თუ უნებლიეთ წარმოქმნილ წყენასაც გაცილებით იოლად დაითმენენ და მიუტევებენ...
- ეკლესიურ ოჯახებში განხეთქილება მართლაც ნაკლებად ხდება. ცხადია, ეშმაკი მძვინვარებს და ცდილობს, სიძულვილის მარცვალი ჩანერგოს თითოეულ ადამიანში, რათა ბზარი შეიტანოს ოჯახურ სიყვარულში, მაგრამ მორწმუნე შეძლებს, განსაცდელისას ძალა მოიკრიბოს, თვალი ზეცისკენ აღაპყროს, გულისყური ღვთისკენ მიმართოს და შეეკითხოს უფალს - რამდენად მართალი ვიქნები შენ წინაშე, თუკი ჩემი და-ძმის მიმართ გულძვირი, მძვინვარე, შეურიგებელი, მოუთმენელი გავხდებიო. ცოდვით დამძიმებული უნდა მივიდეს მოძღვართან, აღიაროს, მოინანიოს ცოდვები და მისი რჩევა-მითითებების გათვალისწინებით იმოქმედოს. ასეთი საქციელი მისაბაძი გახდება, მაგალითად იქცევა სხვებისთვისაც, უპირველესად კი ჩვენი არაეკლესიური დედმამიშვილებისთვის. დედმამიშვილმა რომც გვაწყენინოს, აუცილებლად უნდა დავუყვავოთ და მივუტევოთ, გავთავისუფლდეთ ცოდვილი მდგომარეობიდან, რათა ოჯახში სიყვარულმა, სიხარულმა და სიმშვიდემ გაიმარჯვოს, იდილიამ დაისადგუროს.
- ეკლესიურ დედმამიშვილებს ალბათ გაცილებით მეტი მოეთხოვებათ ნებისმიერ ყოფით თუ სულიერ საკითხში, ვიდრე მათ არაეკლესიურ და-ძმას...
- ეკლესიურმა დედმამიშვილმა უპირველესად უნდა ილოცოს, ევედროს უფალს არაეკლესიური და-ძმის ჭეშმარიტ გზაზე დაყენებას. ძალზე ქმედითია პირადი მაგალითიც. ქრისტეს მიმდევარი დედმამიშვილი უნდა იყოს მაგალითის მიმცემი სიმშვიდით, სიყვარულით, თავმდაბლობით, მიმტევებლობით თუ სხვა ქრისტიანული სათნოების გამოვლინებით. ცხადია, არც სიტყვით შეგონება გვეკრძალება, მაგრამ გაცილებით ქმედითი ჭეშმარიტი ქრისტიანული საქციელია. ჩვენს გამოხედვაშიც კი სათნოება უნდა გამოსჭვიოდეს, რათა ეს მადლი ეკლესიის წიაღს დაშორებულ დედმამიშვილებზეც გადავიდეს და გაალღოს ის ყინული, რომელიც მათ სულიერ ცხოვრებას აფერხებს.
უნდა ვერიდოთ მსჯელობით, მით უფრო - კამათით შეგონებას. ეკლესიური ცხოვრების დაძალებას არათუ დადებითი შედეგი, შესაძლოა, უკურეაქციაც კი მოჰყვეს, არ არის გამორიცხული ამ ყველაფერმა ადამიანი გააბოროტოს და სამუდამოდ ჩამოაშოროს ეკლესიას. ვიმეორებ, უპირველესად ლოცვას უნდა მივმართოთ - ის არის გაფხვიერებული ნიადაგი, რომელზეც კეთილი მარცვალი აღმოცენდება.
- დაოჯახების შემდეგ დედმამიშვილებს შორის ურთიერთობა იძაბება ხოლმე, რასაც ხშირად მატერიალური საფუძველი აქვს.
- ასეთი რამ იმ დედმამიშვილებს ემართებათ, რომლებიც მიწიერად აზროვნებენ, სულიერ მხარეს კი ყურადღებას არ აქცევენ. რაოდენ შეძლებულიც უნდა იყოს ადამიანი, მატერიალურ სიმდიდრეს სულიერების ოაზისი უნდა ამშვენებდეს. ასეთებს სწორედ სულიერი ოაზისი აკლიათ. მათი ცხოვრებაც უშინაარსო და გულცივი ხდება.
ცხადია, ადამიანს უნდა ჰქონდეს ქონება, რაც მისი არსებობისთვის აუცილებელია, - ამის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია, - მაგრამ ნივთიერი სამყარო სულიერზე წინ არასოდეს უნდა დააყენო. ურთიერთობებში ფარიც და მახვილიც სულიერება უნდა იყოს. თუმცა, თავის მხრივ, მშობლებიც უნდა ცდილობდნენ, შვილებს თავიანთი ქონება თანაბრად გაუნაწილონ.
- მშობლებს უდიდესი მოვალეობა აკისრიათ და, შესაბამისად, დიდი დაკვირვებაც მართებთ შვილებისთვის სულიერი ყურადღების განაწილების დროს...
- სამწუხაროდ, მიკერძოებული დამოკიდებულება შვილების მიმართ ხშირად გაუცნობიერებლად ყალიბდება. ერთ შვილს კერპად გაიხდიან, დანარჩენების არსებობა კი თითქოს ავიწყდებათ. მშობლების არასწორი აზროვნების გამო სიყვარული ითრგუნება და სანაცვლოდ შური და გაბოროტება ჩნდება. მშობლები მოვალენი არიან, სიყვარული ყველა შვილს თანაბრად გადაუნაწილონ, თუნდაც უმცროს, ინვალიდ ან გზასაცდენილ შვილს მეტი ყურადღება სჭირდებოდეს. გულნატკენი არც ერთი არ უნდა დარჩეს. როცა რომელიმე დედმამიშვილს მშობლების მეტი მატერიალური თუ სულიერი ყურადღება სჭირდება, დანარჩენებს უნდა აუხსნან და შეამეცნებინონ, რატომ ხდება ასე და ყველამ ერთად იზრუნოს მისთვის.
- და-ძმას შორის შურის მიზეზად ზოგჯერ ასაკობრივი სხვაობაც იქცევა ხოლმე. უფროსები ხშირად ეჭვიანობენ უმცროს და-ძმაზე.
- ეს ეჭვიანობა კი არა, ცოდვითი მდგომარეობაა, რომლის თავიდან ასაცილებლად უპირველესად დედამ უნდა იზრუნოს (სასურველია, რჩევა მოძღვარსაც ჰკითხოს): ჯერ კიდევ ჩვილის ოჯახში შემოსვლამდე შეამზადოს უფროსი შვილები ფსიქოლოგიურად, აუხსნას, რას ნიშნავს დაძმობა, რატომ უნდა გვყავდეს და გვიყვარდეს დედმამიშვილი, რათა სიყვარულით მიიღონ ოჯახის ახლი წევრი და ერთად იზრუნონ მის აღზრდაზე.
- არ შეიძლება, არ გავიხსენოთ გარდატეხის ასაკი. ამ პერიოდში მოზარდს ყველაზე მეტად სჭირდება ოჯახის, საზოგადოებისა და ეკლესიის ყურადღება, რათა კეთილზნეობრივ, ქრისტიანული სათნოებებით შემკულ პიროვნებად ჩამოყალიბდეს, რაც და-ძმის მიმართ ქრისტიანული სარწმუნოებისთვის მისაღები გზით სვლასაც გულისხმობს.
- გარდატეხის ასაკი ყველაზე რთული და მძიმე პერიოდია, ამ წლებში ფიზიკურ სიმწიფეში გადასვლა ხდება, იწყება სამყაროს შემეცნება, მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება, შეიძლება ითქვას - გარდამავალ ასაკში ადამიანი ბეწვის ხიდზე გადის, ციცაბო კლდის პირას მიდი. მშობლები და უფროსი დედმამიშვილები განსაკუთრებული ყურადღებით, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ გარდატეხის ასაკში მყოფ მოზარდს, რათა სულიერად სწორად განვითარდეს და კეთილზნეობრივ პიროვნებად ჩამოყალიბდეს. აუცილებელია ეკლესიასთან, მოძღვართან სიახლოვეც, ღვთის მადლის ქვეშ მყოფობა. რასაც ამ ასაკში შეისისხლხორცებს ადამიანი, მთელი ცხოვრება გაჰყვება. ოჯახიც, სკოლაც და ეკლესიაც ერთობლივად უნდა ცდილობდეს, გარდამავალ ასაკში მყოფი მოზარდი შრომასა და სიყვარულში დაიხარჯოს, სათნოებას დაეწაფოს, რათა გულცივი და უსიყვარულო ადამიანი არ დადგეს და გამოუსადეგარი, მეტიც - საშიში არ გახდეს როგორც ოჯახის წევრებისთვის, ახლობლებისთვის, ისე ერისთვის, საზოგადოებისთვის.
- ურთიერთსიყვარული, ერთგულება, ჯანსაღი დამოკიდებულება ალბათ და-ძმის სულიერ სამყაროსაც ალამაზებს, შინაგან ცხოვრებაზეც კეთილ გავლენას ახდენს.
- როცა დედმამიშვილებს მთელი სულითა და გულით უყვართ ერთმანეთი, მათ შორის ურთიერთსიყვარული მეფობს, - ეს იმდენად ლამაზი მდგომარეობაა, ამ გრძნობის ენით გამოთქმა შეუძლებელია. ადამიანმა ეს უნდა განიცადოს. პოეტებსა და მწერლებსაც კი არ გამოუთქვამთ, რას განიცდის ადამიანი ამ დროს, რამდენად ამაღლებულ სულიერ განცდას ატარებს გულით.
სიყვარულზე დაფუძნებული ურთიერთდამოკიდებულება და-ძმას სულიერად ალამაზებს, სიძულვილი, შური, შუღლი და მტრობა კი ანგრევს და აცამტვერებს ადამიანის ცხოვრებას. გულში თითქოს ქარიშხალი ბობოქრობს, სარეველა ბალახივით ცდილობ დედმამიშვილის გათელვას, თუმცა გულის სიღრმეში მაინც ძლიერ გიყვარს, ის ხომ შენი სისხლი და ხორცია, შენი გულის და სულის ნაწილია. სინანულსაც განიცდი, თუმცა იგი ქმედითი უნდა გახდეს.
- მართლაც, თუ დავაკვირდებით, რაოდენ დიდი წყენა და შუღლიც არ უნდა არსებობდეს დედმამიშვილებს შორის, თუკი რომელიმე მათგანს განსაცდელი შეემთხვევა, თუნდაც უმნიშვნელო, მის სატკივარს დედმამიშვილი მაინც ძალზე მძიმედ, სხვებზე მეტად განიცდის...
- ეს მართლაც ასეა. შესაძლოა, ხმამაღლა არ გამოთქვას, მაგრამ გულში მაინც მწარედ ტირის, რადგან დედმამიშვილის სატკივარი სულიერი მიწისძვრაა, რასაც აუცილებლად მოჰყვება უდიდესი მწუხარების გამოძახილი.
- მრავალშვილიან ოჯახებში დედმამიშვილებს შორის გაცილებით თბილი, სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით გაჯერებული ურთერთობაა...
- მრავალშვილიან ოჯახებში შვილებიც ინაწილებენ მშობლების ტვირთს, ჩართულნი არიან უმცროსი და-ძმების აღზრდაში, ეხმარებიან ერთმანეთს სწავლაშიც, საოჯახო საქმეებშიც. შესაბამისად, მათ შორის ჯანსაღი ურთიერთობა ყალიბდება.
- თანაც, მრავალშვილიან ოჯახებს უფალიც განსაკუთრებულად მფარველობს და შეეწევა, ის ოჯახები კი, სადაც მშობლები აბორტის ცოდვით ცხოვრობენ, ესოდენ წყალობას მოკლებულნი არიან, მუცლადმყოფ ჩვილთა კვლის ცოდვა ხომ გაჩენილ შვილებზეც უარყოფითად მოქმედებს...
- აბორტი ყველაზე შემზარავი ცოდვაა, რომელიც გაჩენილ შვილებზეც მოქმედებს და მომავალ თაობაზეც გადადის. ეს უმძიმესი ცოდვა მხოლოდ გულწრფელი სინანულით მიეტევება ადამიანს, მოუნანიებლობის შემთხვევაში კი დამღუპველ, დამთრგუნველ გავლენას ახდენს.
- როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს სნეულებასა თუ სხვა განსაცდელში მყოფი დედმამიშვილის მიმართ?
- მეტი ყურადღება და მზრუნველობა უნდა გამოვიჩინოთ, სულიერადაც და მატერიალურადაც, როგორც შეგვიძლია.
- ზოგჯერ და-ძმაზე წლების განმავლობაში ვზრუნავთ, არაფერს ვიშურებთ, ფეხზე რომ დავაყენოთ, მაგრამ როცა ცხოვრებას მოიწყობენ, პრობლემებს მოიგვარებენ, ყველაფერი ავიწყდებათ, თითქოს მასზე მზრუნველი დედმამიშვილი არც კი არსებობდეს...
- სამწუხაროდ, ასეთი უმადურობის შემთხვევები მართლაც გვხვდება. მიზეზი სულიერი სიღატაკეა. ცხადია, ასეთი საქციელი გულს გვტკენს, მაგრამ არ უნდა დავუშვათ, რომ ის სასოწარკვეთილების ან გაბოროტების საფუძვლად იქცეს, არამედ თვალი და გული ზეცას მივაპყროთ, უფალს მივენდოთ და შევთხოვოთ შემწეობა. თუკი უფალს მივენდობით, კაცთმოყვარე ღმერთი ყოველგვარ განსაცდელში შეგვეწევა, კეთილი ადამიანების მეშვეობით დახმარების ხელს გამოგვიწვდის.
- ხორციელის გარდა სულიერი დაძმობაც არსებობს. როგორი დამოკიდებულებაა სულიერ დებსა და ძმებს შორის?
- სულიერი დაძმობა იმ ადამიანებს აკავშირებს, რომლებმაც ეკლესიის წიაღში გაიცნეს ერთმანეთი. მათ შორის საოცარი სიყვარული, მეგობრობა, პატივისცემა, ენით გამოუთქმელი სიმშვიდე სუფევს. სულიერება ნამდვილი ჯილდოა, მართლაც მონაპოვარია. ის უპირველესად მოყვასის სიყვარულს გვასწავლის, ყველა ადამიანის სიყვარულისკენ გვიხსნის გზას, რაც ერთ-ერთი უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული მცნებაა.