კეთილი და სათნო აზრი ღვთისგან მოგვეცემა, უკეთური - ეშმაკისგან
ადამიანის გონებაში განუწყვეტლივ ირევა სხვადასხვა აზრი - ზოგს შეიწყნარებს, ზოგს უარყოფს.
აზრი, რომელსაც შევიწყნარებთ, შობს ზრახვას. შესასრულებლად განზრახულ აზრს კი საბოლოოდ სიტყვით ან ქმედებით გამოვხატავთ, ე.ი. ნებისმიერი ქმედება ჩვენს გონებაში შემოსული აზრების ნაყოფია. "ადამიანის გულისა და გონების მდგომარეობასა და შემდგომ საქციელზე უდიდეს გავლენას ახდენენ აზრები", - წერს წმინდა იოანე კრონშტადტელი. ასე რომ, აზრებს, რომელთა მიმართაც თანაგრძნობა გაგვიჩნდება, უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია ჩვენს სულზე, ამიტომ ვიდრე ნებისმიერ აზრს ქმედითს გავხდით, კარგად უნდა დავფიქრდეთ... გვესაუბრება ვანისა და ბაღდათის ეპარქიის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი ილია (გამყრელიძე): - ღმერთმა თავის ხატად და მსგავსად შექმნილ ადამიანს მისცა თავისუფალი ნება - არჩევანის შესაძლებლობა, რაც თავისთავად აზროვნების უნარსაც გულისხმობს. ადამიანს რომ თავისუფალი ნება არ ჰქონდეს, ცალსახად, ერთი მიმართულებით იაზროვნებდა, არჩევანის წინაშე ვერ დადგებოდა და რობოტს დაემსგავსებოდა. ე.ი. რადგან მოგვეცა თავისუფალი ნება, აზროვნებაც თავისუფალი უნდა იყოს.
- საერთოდ, რა აზრი, მიზანი ჰქონდა ადამიანის შექმნას?
- მიზანი ყოველივესი, ყველაფრის შექმნისა ღვთის უსაზღვრო სიყვარულის გამოხატულებაა - ყოველივე, მათ შორის ადამიანიც ღმერთის სიყვარულის გამო შეიქმნა. არსებობს საკითხები, რომლებიც მიუწვდომელია კაცის გონებისთვის: უფალმა შექმნა სამყარო უსხეულო ძალთა, ანგელოზებისა და ასევე შექმნა ადამიანი, მაგრამ მათ შექმნას ერთმანეთს ვერ დაუკავშირებთ, ხომ შეეძლო უფალს შეექმნა მხოლოდ ანგელოზები ან მხოლოდ ადამიანი. ეს საკითხი ჩვენთვის საიდუმლოა.
- უფალმა, ადამიანების მსგავსად, თავისუფალი ნება ანგელოზებსაც უბოძა. ერთ-ერთმა მთავარანგელოზმა, უმაღლესმა იერარქმა კი თავისუფლება უკეთურების შექმნას მოახმარა...
- უფალს, თავისი ნებისმიერი ქმნილებისადმი განუსაზღვრელი სიყვარულის გამო, არ სურდა, რომ მისი რომელიმე ქმნილება რობოტი ყოფილიყო, ამიტომაც მისცა თავისუფალი ნება ანგელოზებსაც, თორემ შეეძლო, შეეზღუდა მათთვის თავისუფალი ნება და ცალსახად, ერთ მიმართულებაში ეაზროვნათ. უმაღლესმა იერარქმა ღვთის ტახტზე დაჯდომა, გაღმერთება მოინდომა - თავისუფლება ბოროტად გამოიყენა და დაეცა. დაცემულმა ანგელოზმა - ეშმაკმა ბოროტება თვითონვე შექმნა, შვა თავის თავში. იმდენად დიდი იყო ეს ცოდვით დაცემა, რომ დაცემულ სულს სინანულის უნარი აღარ დარჩა. ჩვენთვის ცნობილი არ არის, რა სახით და როგორ მოხდა ცოდვით დაცემა ზეცაში, მაგრამ ვიცით, რომ დაცემული უმაღლესი იერარქი მთავარანგელოზებმა ზეციდან გადმოაგდეს. მამების განმარტებით, როდესაც ეშმაკი შევიდა გველში, ეს იმას მიანიშნებს, რომ უმაღლესი იერარქი დაეცა და ქვემძრომად დარჩა.
- გავიხსენოთ დედამიწაზე მომხდარი პირველი ცოდვით დაცემაც, პირველმა ადამიანებმაც ხომ უფლის ნების საწინააღმდეგო ქმედებაზე შეაჩერეს არჩევანი, თავისუფალი ნება ბოროტებისკენ მიდრიკეს.
- უფალმა დაუშვა სამოთხეში ადამისა და ევას ეშმაკისგან გამოცდა, მაგრამ ყველაფერი ისე მოხდა, რომ ადამიანის თავისუფალი ნება არ შეზღუდულიყო. წმინდა მამების განმარტებით, ეშმაკი რომ ადამს და ევას ქერუბიმის სახით მიახლებოდა, მაშინ ადამიანის თავისუფალი ნება შეიზღუდებოდა, ამიტომაც მიეახლა გველის სახით, რომელიც იმ დროს არ იყო დაკნინებული, ძალიან ლამაზი არსება გახლდათ.
შეცოდებისა და წყევლის შედეგად დაირღვა ჰარმონია. დედამიწაზე ყველაფერი დამახინჯდა...
- მათ შორის ადამიანის აზროვნებაც. ადამიანში ბოროტი, უკეთური აზრების წარმოქმნას ხომ სწორედ პირველქმნილი ცოდვით დაედო სათავე.
- იმ პირველ ცოდვაში, რომელიც ადამმა ქმნა, მთელი სამყაროს, მთელი კაცობრიობის ცოდვები იყო ჩადებული. შეცოდების შემდეგ ადამი რომ სხვაგვარად მოქცეულიყო, სხვაგვარად ეაზროვნა, კაცობრიობის ისტორია სულ სხვა გზით წავიდოდა, მაგრამ რადგან პირველქმნილმა ცოდვამ შეარყია და დააბნელა გონება, უკვე ცოდვამ ცოდვა შვა. გადაბრალება წავიდა: შეცდომების შემდეგ უფალი გამოეცხადება ადამს და ეკითხება, - ადამ, სადა ხარ? უფალი იმას კი არ ეკითხება, კერძოდ რა ადგილზე დგახარო, არამედ რა სულიერ მდგომარეობაში იმყოფებიო. ადამი კი, იმის ნაცვლად, რომ სინანული გამოამჟღავნოს ღვთის წინაშე, პასუხობს, - ცოლმა, რომელიც შენ მომგვარე, შემაცდინაო. უფალი კი სწორედ სინანულს ეძებდა მასში.
- საიდან ებადება აზრები ადამიანს? შესაძლებელია თუ არა, ამა თუ იმ აზრის გაჩენას გარემო პირობებმაც შეუწყოს ხელი?
- აზრები მიღმა სამყაროდან მომდინარეობს, ღვთისგან ან ეშმაკისგან; შესაბამისად, გონებაში ყალიბდება დადებითი ან უარყოფითი აზრი, მაგრამ როდესაც ადამიანი სულიერად, ეკლესიურად არ ცხოვრობს, არც ამის შესახებ უწყის და შესაძლოა, ამა თუ იმ აზრის ჩამოყალიბება გარემო პირობებს მიაწეროს. კეთილი და სათნო აზრი ღვთისგან მოგვეცემა, უკეთური - ეშმაკისგან.
- მაგრამ როგორ უნდა მიხვდე, აზრი ღვთისგან მოგვეცა თუ ეშმაკისგან? არსებობს აზრები, რომლებიც აშკარად ბოროტი სულისგან მოგვეწოდება, მაგრამ ხშირად ბოროტი სული ხომ შენიღბულიც მოქმედებს.
- ამის განჭვრეტა მართლაც ძნელია, სულიერი გამოცდილება სჭირდება, მაგრამ თუკი ადამიანი ცდილობს სულიერებაში წარემატოს, ღვთის მადლი იფარავს და, შესაბამისად, აზრებიც კეთილად წარემართება. თუკი არაღვთივსათნო აზრს დაჰყვება და სცოდავს, მისგან გონების, გულისა და სულის განწმენდის საშუალებებიც იცის. არაეკლესიური ადამიანი ვერც ხვდება და, სამწუხაროდ, არც აინტერესებს, აზრი ღვთისგან მიეცა თუ ეშმაკისგან. ადამიანი, რომელიც სულიერად არ ცხოვრობს, ვერც სამყაროს აღიქვამს სულიერად. დედამიწაზე ხომ ყველაფერი ღვთის განგებულება და ნებაა, სამყაროს ღვთის მადლი იფარავს, ბოროტი ძალა კი ცდილობს, მახე დაუგოს სიკეთეს. თუკი ადამიანმა ამ თვალით შეხედა სამყაროს, არ იცის, რომ დედამიწაზე არსებობს ჭიდილი სიკეთესა და ბოროტებას შორის, მისი შეხედულება და, შესაბამისად, აზროვნებაც, ცალსახა და მიწიერი იქნება.
- ხშირად ადამიანს სურს, სულიერებაში წარემატოს, ღვთივსათნო აზრებს დაჰყვეს, არაწმინდა კი განაგდოს, მაგრამ ვერ ახერხებს. რა არის ამის მიზეზი, რა აბრკოლებს? რატომ ვერ ახერხებს, რომ თავისი თავისუფალი ნება ღვთის ნების შესაბამისად წარმართოს?
- როდესაც სამოთხეში პირველი ცოდვა აღესრულა, კაცის გონება დაბნელდა და დაბინძურდა, ადამიანი ბოროტების, უკეთურებისკენ მიიდრიკა, მასში ღვთის მსგავსება მიიმალა, თუმცა არსებობს. ამ ხატებას და მსგავსებას გაღვივება სჭირდება სულიერი, ეკლესიური ცხოვრებით.
გულის და გონების განწმენდა, ღვთის წინაშე მართალი ცხოვრება ერთბაშად არ მიიღწევა. წმინდა მამებიც კი ეტაპობრივად მიიწევდნენ მაღალსულიერებისკენ. წლების მანძილზე მოსაგრეობდნენ უდაბნოში, რომ სხვადასხვა ცოდვა დაეთრგუნათ, გონება და აზრები განეწმინდათ. ერში მცხოვრებს უფრო გაუჭირდება ცოდვებთან ჭიდილი, მაგრამ მუშაკობა არ უნდა დავაკლოთ. დაცემის შემდეგ წამოდგომაზე ვიფიქროთ - სინანულით, ლოცვით, მარხვით... უფალი ადამიანში იწონებს მის მონდომებას, სწრაფვას სიკეთისკენ. მთავარია, გვქონდეს მოშურნეობა, მცდელობა უფლისკენ სვლისა, ადრე თუ გვიან, ისევ და ისევ ღვთის სახელის მოხმობით, უფლის შეწევნით, მართალი ცხოვრების ძალა მოგვეცემა. ცხადია, ეს უკეთური აზრების დაძლევას, მათგან გონების განწმენდასაც გულისხმობს. როდესაც უფალი შეგვეწევა, გაცილებით ადვილად მოვახერხებთ ეშმაკის დაძლევას, მისგან მოწოდებული აზრების დათრგუნვასა და უარყოფას.
- ცოდვის ჩადენას ადამიანს ეშმაკი სთავაზობს, მაგრამ ბოროტი სული მხოლოდ აზრს გვაწოდებს, განვახორციელებთ თუ არა მას, ეს უკვე ჩვენი ნებაა, ბოროტ სულს ადამიანზე ძალადობის უფლება არ აქვს. გვეთვლება თუ არა ცოდვად ჩვენს გონებაში შემოსული უკეთური სულისგან მოწოდებული აზრი?
- ეს ცოდვად არ გვეთვლება. არაწმინდა აზრის უარყოფა ერთგვარი ჯვარცმაც კია, რადგან უარყოფით ვამარცხებთ ეშმაკს; მაგრამ თუკი უკეთური აზრის მოწოდების შემდეგ ადამიანი ტკბობაში მიდის, იწყებს მის ასრულებაზე ფიქრს - შესაძლოა ვერც განვახორციელოთ, ისეთი აზრი მოგვეწოდოს, მაგრამ შეწყნარებით უკვე ცოდვაში ვვარდებით. ცოდვამ შესაძლოა არაერთი ცოდვა შვას.
- ზოგიერთი ცხოვრებას მხოლოდ უკეთურ საქმეთა ქმნაში ატარებს, არ ისწრაფვის ღვთისკენ. შეიძლება თუ არა, ასეთს საერთოდ წაერთვას აზროვნების უნარი?
- შესაძლოა, მართლაც ასე მოხდეს, რაც ადამიანზე უკეთური ცხოვრების სანაცვლოდ მოწევნული შედეგია. აზროვნების უნარი შეიძლება მკრეხელობის, ღვთის გმობის სანაცვლოდაც დაკარგოს ადამიანმა. არაერთი ფაქტია ცნობილი, როდესაც ადამიანები უკეთურად, მკრეხელურად შეხებიან საეკლესიო სიწმინდეებს და ჭკუიდან გადასულან; რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ღმერთმა დასაჯა. ეს ცოდვის პირდაპირი შედეგია. როდესაც ადამიანი საკუთარი ნება-სურვილით ვარდება დიდი სიმაღლიდან, თვითონ აკეთებს ასეთ არჩევანს, ის აუცილებლად მძიმედ დაშავდება ან გარდაიცვლება. ასევეა სულიერებაშიც. ადამიანი თუ ირჩევს სულიერი კანონის დარღვევას, თვითონვე იგდებს თავს სულიერ საფრთხეში, შედეგსაც აუცილებლად მიიღებს.
- ზოგიერთი ბუნებითვე აზროვნების უნარის გარეშე იბადება. ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს წართმეული აქვთ თავისუფალი ნება, შესაბამისად, ერთმევათ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობაც. ამაზე რას გვეტყვით?
- ასეთებს ეკლესია ჯვარცმულებად მიიჩნევს. მეტს ვერაფერს გეტყვით - საერთოდ არსებობს სულიერი საკითხები, რომლებიც ადამიანებისგან დაფარულია და მხოლოდ ღვთის განგებულებაა. ესეც ერთ-ერთი მათგანია.
- რატომ არის მნიშვნელოვანი წმინდა მამათა ნააზრევის - გამონათქვამების, თხზულებებისა და განმარტებების კითხვა? წმინდა წერილის კითხვისასაც ხომ აუცილებლად წმინდა მამათა განმარტებებით უნდა ვიხელმძღვანელოთ.
- წმინდა მამები ღვთის წინაშე ჭეშმარიტად მართალი ცხოვრებით, დაუღალავი მოშურნეობით სულიწმინდის ჭურჭლად იყვნენ ქცეულნი, ღვთის ჭვრეტის უნარს იძენდნენ, მათი ბაგეებით სულიწმინდა მეტყველებდა. წმინდა მამათა ნააზრევი, საღვთისმეტყველო წიგნები არის შედეგი მათი უდიდესი ღვაწლისა, თითოეული სიტყვა სულიწმინდის ნაკარნახევია, ღვთის მადლითაა გაჯერებული, ამიტომაც აქვს უდიდესი მნიშვნელობა მათ კითხვას.
- როდესაც ადამიანი ლოცვას აღავლენს, გონება ეფანტება - აზრი მიწიერი საზრუნავებისკენ გაურბის ან სხვა სახის ღვთისთვის მიუღებელი ფიქრები უჩნდება. რატომ ხდება ასე?
- უკვე მოგახსენეთ, რომ პირველქმნილი ცოდვის შემდეგ ადამიანის ბუნება დამახინჯდა და ცოდვისკენ მიიდრიკა. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ადამიანს ცოდვილი საქმეების კეთება სიამოვნებს, მადლის მოხვეჭისა კი ღლის, დაცემული მდგომარეობიდან სიწმინდეში ყოფნა უჭირს. შესაძლოა ადამიანმა საათობით ფეხზე მდგარმა უყუროს რაიმე გასართობ სანახაობას, მაგრამ ლოცვისას რამდენიმე წუთით ფეხზე დგომამაც კი დაქანცოს, თუმცა მონდომებით, თავის იძულებით, ეშმაკთან ჭიდილით შეგვიძლია თანდათან მოვიპოვოთ ჭეშმარიტი ლოცვა. სრულყოფილების მიღწევის უნარი ხომ გვებოძა ღვთისგან. მთავარია ბოროტ სულთან ბრძოლა არ შევწყვიტოთ, ლოცვის ჟამს იქნება ეს თუ სხვა სულიერ საკითხებთან მიმართებაში. უფალი ეშმაკთან განუწყვეტელი ბრძოლის, შერკინების სანაცვლოდ გვაცხოვნებს, თუნდაც სულიერ სრულყოფილებას ვერ მივაღწიოთ.
- არსებობს შემთხვევები, როდესაც ეშმაკისგან შთაგონებული აზრით, ბოროტი სულის ზემოქმედებით ადამიანი გაცილებით დიდ ლოცვით კანონს იწესებს ან სხვა სახის სულიერი ღვაწლის ტვირთვას ცდილობს, რაც მის სულიერ მდგომარეობას არ შეეფერება...
- ამიტომაც უნდა კონტროლდებოდეს ადამიანის ნებისმიერი მნიშვნელოვანი სულიერი ნაბიჯი მოძღვრის მიერ, მოძღვარმა იცის, რა სულიერ საფეხურზე დგას მისი სულიერი შვილი, როგორია მისი ფიზიკური მდგომარეობა, რა სახის სულიერი ღვაწლის დამტევია და ამის შესაბამისად აძლევს კურთხევას, უნიშნავს ლოცვით კანონს. კურთხევის გარეშე სულიერ წარმატებას ვერ მივაღწევთ. შესაძლოა ადამიანმა დროთა განმავლობაში საერთოდ დაანებოს თავი ლოცვას და ეკლესიურ ცხოვრებას. საერო ცხოვრებიდან მახსენდება ერთი ასეთი შემთხვევა: ჩემი ერთ-ერთი ახლობელი დღეში "ფსალმუნთა" ოცდათხუთმეტ კანონს კითხულობდა, რაც უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა, მაგრამ ეს ხდებოდა მოძღვრის უკურთხებლად. ამის შესახებ მოძღვარს აუწყა. მან ეპიტიმიაც კი დაადო და დღეში ერთი კანონის კითხვა დაუწესა. ამის შემდეგ იმ ერთი კანონის კითხვაც უჭირდა, ე.ი. მისი სულიერი სიმაღლე ერთი კანონის კითხვისთვისაც არ იყო მზად, თვითნებურად და ეშმაკის ზემოქმედებით კი, როგორც მოგახსენეთ, დღეში ოცდათხუთმეტ კანონს კითხულობდა.
- რა სულიერი საშუალებებით შეიძლება მივაღწიოთ იმას, რომ გონება გახდეს კონტროლირებადი, უკეთური აზრები არ მივიღოთ, კეთილი კი შევიწყნაროთ? ალბათ გონების კეთილად დასაცავად ღმერთის განუწყვეტელი ხსოვნაა საჭირო...
- იმისთვის, რომ გონება კონტროლირებადი გახდეს, ყველაზე ქმედითია სინანულის საიდუმლო - აღსარება, რომლის მეშვეობითაც მოძღვარი სწავლობს ადამიანს, იტყობს მის აზრებსა და ზრახვებს, რომელთაც შემდეგ განუმარტავს. შესაბამისად, აძლევს რჩევასაც, რომელი აზრები მიიღოს და რომელი უარყოს, რა საშუალებებით ებრძოლოს უკეთურ აზრებსა და ზრახვებს.
- ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი "იესოს ლოცვის" ხშირად წარმოთქმაა...
- ადამიანმა რაც შეიძლება ხშირად უნდა წარმოთქვას გონებით "იესოს ლოცვა", თუნდაც - "უფალო, შეგვიწყალენ". ეს არის განუწყვეტელი, მარადიული ხსოვნა უფლისა. წმინდა მამები ასევე გვირჩევენ, განუწყვეტლივ, სიხარულისა და მწუხარების ჟამს გვახსოვდეს გარდაცვალების, ამა სოფლიდან გასვლის ჟამი. გარდაცვალების ჟამის ხსოვნა აზომიერებს ადამიანს, მას უკიდურესობაში არ აგდებს.
- ადამიანთა ნაწილი, თუკი ფუფუნებასა და განცხრომაში არ ცხოვრობს, სიდუხჭირეში უხდება ცხოვრება ან სხვა სახის განსაცდელი ადგას, თვლის, რომ მის ცხოვრებას აზრი არა აქვს.
- ასეთი აზრი მხოლოდ ისეთს შეიძლება მოუვიდეს, რომელსაც სულიერებასთან არაფერი აკავშირებს, მთლიანად წუთისოფელსაა მიჯაჭვული. ასეთ ადამიანს არც ღვთის რწმენა აქვს და არც სიყვარული.
კაცის ცხოვრებას, თუნდაც უკანასკნელი ცოდვილისას, ყოველთვის აქვს აზრი, ვიცით, რომ არ არსებობს ცოდვა, რომელიც ადამიანს გულწრფელი სინანულის შემთხვევაში არ მიეტევება ღვთისგან. თუ ღვთისკენ ვისწრაფვით, გვაქვს რწმენა, სიყვარული და სასოება უფლისა, ნებისმიერ შემთხვევაში შეგვეწევა და გვაპოვნინებს გამოსავალს. ამიტომაც არასოდეს უნდა მივეცეთ სასოწარკვეთილებას, რასაც აზრის დაკარგვა ჰქვია.