"სოფელსა შინა იყო, და სოფელი მის მიერ შეიქმნა, და სოფელმან იგი ვერ იცნა. თვისთა თანა მოვიდა, და თვისთა იგი არა შეიწყნარეს", - ამგვარად ახასიათებს წმინდა იოანე მახარებელი იესო ქრისტეს ამქვეყნიურ ყოფას.
ღმერთი ადამიანისადმი უსაზღვრო სიყვარულის გამო განკაცდა, ცათადაუტევნელი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საშოში დაემკვიდრა, რათა ეშმაკის მეუფებისგან ეხსნა თავისი ქმნილება, სამყაროს გვირგვინი - ადამიანი. ადამიანებმა კი შემოქმედი ვერ იცნეს, გასცეს და ჯვარს აცვეს.
თვით მაცხოვრის მოწაფეებმა, რომლებიც სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში მუდამ თან ახლდნენ მოძღვარს და მის მიერ აღსრულებული მრავალი სასწაულის მოწმენი გახდნენ, ბოლომდე ვერ იცნეს ქრისტე - მხსნელი კაცობრიობისა. და - უფლის სიტყვისაებრ, "დავსცე მწყემსი, და განიბნინენ ცხოვარნი სამწყსოისა მისისანი" - მიმოიფანტნენ, მაცხოვარი რომ შეიპყრეს. მარტო დატოვეს იესო მტრების ხელში და როცა მტარვალები ცრუმოწმეებს ეძებდნენ, თვით პეტრე მოციქულმაც კი, რომელიც უფალმა ღირსყო, გამხდარიყო კლდე ქრისტიანობისა, მამლის ყივილამდე სამჯერ უარყო ქრისტე.
"და მოეხსენა პეტრეს სიტყვაი იგი იესუისი, რომელი ჰრქუა მას, ვითარმედ: ვიდრე ქათმისა ხმობადმდე სამ-გზის უვარ-მყო მე". დამწუხრდა პეტრე მოციქულის სული. გამოვიდა მღვდელმთავრის ეზოდან, სადაც მაცხოვარს დაკითხვას უწყობდნენ, და ღრმა სინანულით აღვსილი მწარედ ატირდა. იმდენად ყოვლისმომცველი იყო ეს სინანული, რომ ამ დღიდან მოყოლებული, ყოველ რიჟრაჟზე მამლის ყივილისას, პეტრე მწარედ ტიროდა, ცრემლით ევედრებოდა უფალს, მიეტევებინა ღვთის უარყოფა.
იუდა ისკარიოტელმა კი გასცა მოძღვარი...
იუდა უფალთან ქვეყნიური ზრახვით მივიდა, მესიის ქვეყნიური მეფობის იმედით. როცა შენიშნა, რომ ქრისტე ქვეყნიურ მეფობას არ ეძებდა და მხოლოდ ცათა სასუფეველზე ქადაგებდა, იესოს მიტოვება გადაწყვიტა. მაგრამ სძლია ვერცხლისმოყვარეობისა და ანგარების ვნებამ: ქრისტესთან სიახლოვით ისარგებლა, ფული რომ გაეჩინა. და აზრი იესოს გაცემისა მიიღო მისმა გულმა. იუდამ დაივიწყა ღვთაებრივი სიყვარული მოძღვრისა. იესომ კი, რომელიც განკაცდა და ნებით ჯვარს ეცვა თითოეული ადამიანის სულის ხსნისთვის, მიუხედავად იმისა, რომ კარგად უწყოდა იუდას ზრახვები, ხედავდა მის გულს, შეიწყნარა და არ მოაკლო ბედნიერება, სხვებთან ერთად ექადაგა სასუფეველი ღვთისა, მოეხდინა სასწაულები...
იუდა მოძღვრის სიცოცხლით ვაჭრობას იწყებს და ფარისევლებსა და მწიგნობრებს ურიგდება: ოცდაათ ვერცხლად ყიდის ქრისტეს, რომელმაც უსაზღვრო სიყვარულის გამო მისცა მას საშუალება სულის ხსნისა, როცა მოწაფეთა რიცხვში მიიღო.
წმინდა იოანე ოქროპირი იუდა ისკარიოტელის მიერ უფლის გაცემის განმარტებისას ყურადღებას ამახვილებს მეძავი ქალის მიერ მაცხოვრისთვის ნელსაცხებლის ცხებასა და ცრემლით უფლის ფერხთა დალტობაზე, რაც გამცემელმაც იხილა. როცა უცხო მეძავი ასეთ პატივს მიაგებს ქრისტეს, მოწაფე სწორედ მაშინ მიდის, რათა გაყიდოს მოძღვარი. იუდა არ შეძრა უფლის სიტყვებმა: "დასაფლველად ჩემდა ყო", არ შეშინდა, როცა მოისმინა, რომ სახარება ყველგან იქნებოდა ნაქადაგები. წმინდა იოანე ოქროპირი გვაფრთხილებს: "არ გაბედო მასწავლებლის უძლურებაში დადანაშაულება, როცა ხედავ, რომ მოწაფე ყიდის მას. მოძღვარს იმხელა ძალა ჰქონდა, რომ მეძავთაც კი თავისკენ იზიდავდა. მაშ, რატომ ვერ მიიზიდა მოწაფე?" - სვამს კითხვას წმინდა მამა და პასუხსაც იქვე იძლევა: "მას შეეძლო მოწაფის მიზიდვაც, მაგრამ არ სურდა, იძულებით მიედრიკა იგი სიკეთისაკენ".
მღვდელმთავრები არ უხმობდნენ იუდას, არც აიძულებდნენ, ეს ნაბიჯი გადაედგა; მან საკუთარი ნებით აღასრულა გადაწყვეტილება. ამრიგად, ამ უწმინდურ საქმეში მას ერთი მრჩეველიც კი არ ჰყოლია. იუდას ქმედება არ იყო ნაჩქარევი გადაწყვეტილება. ის ეძიებდა "მარჯვე დროს, რათა გაეცა" მოძღვარი. ხოლო სიტყვები - "ერთი ათორმეტთაგანი", წმინდა იოანე ოქროპირის სწავლებით, უდიდეს ბრალს სდებს იუდას.
მასში სინდისის ხმამ მაშინ გაიღვიძა, როცა უფალს განაჩენი გამოუტანეს. გადაწყვიტა, ოცდაათი ვერცხლის უკან მიბრუნებით საჯაროდ დაემოწმებინა, რომ მან გასცა უბრალო, უდანაშაულო ქრისტე. მაგრამ მღვდელმთავრებმა ფული აღარ მიიღეს. "ჩუენდა რა?" - ასეთი ცივი საყვედურით გულნატკენი, იმედგადაწურული იუდა, სინდისისგან დევნილი, ტაძარში მიმოაბნევს ფულს, მაგრამ ვერც ეს შეუმსუბუქებს ტკივილს. მისი სული სიმშვიდეს ვეღარ დაიბრუნებს.
ნაცვლად იმისა, რომ, წმინდა პეტრე მოციქულის მსგავსად, შენდობა ეთხოვა უფლისთვის, იუდა ისკარიოტელი შვებას სიკვდილში ხედავს. ხის ტოტი, რომელზეც თავის ჩამოხრჩობას აპირებდა, ჩამოტყდა და მისი სხეული უფსკრულში ჩაეშვა და ისე დაეხეთქა მიწას, მთელი შიგნეული გადმოსცვივდა...
იუდა ისკარიოტელმა, წმინდა პეტრე მოციქულის დარად, შეიცნო თავისი ცოდვა. ორივე შეიპყრო სინდისის ქენჯნამ, მაგრამ მათ ხსნის სხვადასხვა გზა აირჩიეს: იუდამ მზერა საკუთარი თავისკენ მიაქცია და უღვთოდ ეცადა თავის დახსნას, ამიტომაც შთავარდა ჯოჯოხეთად; წმინდა პეტრე მოციქულმა კი თავი დაიმდაბლა და უფალს მიმართა ხსნისათვის. მისმა ღრმა სინანულმა ნაყოფი გამოიღო, ყოველთა შემწყნარებელმა იესო ქრისტემ შეიწირა მისი ცრემლები და ღირსყო, აღდგომის დაულევნელი სიხარულით ეხარა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი