როცა მოძღვართან მისვლა გვსურს, მაგრამ მომავლისთვის გადავდებთ, "ხვალის ეშმაკი" გვებრძვის
ყველა ადამიანს, არამართლმადიდებელსაც კი, აქვს უხილავი ბიბლია - სინდისის ხმა
"ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის არც ღმერთია მამა", - ბრძანებს წმინდა კვიპრიანე კართაგენელი. ეკლესიის ჭეშმარიტ შვილთათვის ალბათ ძნელი მისახვედრი არ არის, რა სიბრძნე დევს ამ სწავლებაში. მიუხედავად იმისა, რომ დედაეკლესია მზადა, ყველა ადამიანი მიიღოს თავის წიაღში, თითოეული ჩვენგანისთვის იქცეს დედად, ჩვენვე უნდა მოვისურვოთ მისი შვილობა, სხვაგვარად ეკლესია ადამიანისთვის დედა ვერ იქნება...
გვესაუბრება ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, მამა იაკობ აბაშიძე.
- რას ნიშნავს ეკლესია? როგორ უნდა გვესმოდეს ამ სიტყვის მნიშვნელობა? ზოგიერთს ეკლესია მარტოოდენ ფიზიკურად აგებული შენობა, ხილული სახით დანახული ტაძარი ჰგონია...
- სიტყვა ეკლესია მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან "კლეოს", რაც დაძახებას, მოხმობას ნიშნავს. სადაც ორი ან სამი შეიკრიბება ჩემი სახელით, იქ უკვე ეკლესიააო, ბრძანებს უფალი. ანუ ეკლესია არის უფლის სახელით შეკრებილ, ღვთის სახელით მოხმობილ ადამიანთა კრებული, საზოგადოება. მართლმორწმუნეთა კრებული ერთობაში აღიქმება ეკლესიად. ტაძარი კი არის ფიზიკური შენობა, მორწმუნე, ჭეშმარიტი სარწმუნოების ქვეშ მყოფ ადამიანთა შესაკრებელი. ამდენად, ეკლესია აღნიშნავს არა ფიზიკურ, არამედ სულიერ მხარეს. როდესაც ნაზარ ლეჟავას აწამებდნენ ათეისტები, მიმართეს: აი, მამაო, ჩვენ დავანგრიეთ უამრავი ტაძარი, გავანადგურეთ სიწმინდეები, ორივე ძალა ჩვენს ხელთ არისო. მან კი მიუგო: შვილნო ჩემნო, შესაძლოა, მსოფლიოში არსებული ყველა ტაძარი დაანგრიოთ, მაგრამ სულში აღმართულ ტაძარს, ეკლესიას ვერაფერს მოუხერხებთო. სწორედ ეს ვერ შეძლეს ათეისტებმა, ვერც ვერავითარი ბოროტი ძალა მოახერხებს, რადგან ეკლესია დაფუძნებულია იმ საფუძველზე, რომლის შესახება- ც უფალი ბრძანებს: "ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მასო" - იესო ქრისტეს რწმენაზე, ამიტომაც ვერ დაამარცხებს უფლის მიერ "კლდესა ზედა" დაფუძნებულ ეკლესიას ვერც ამქვეყნიური და ვერც არაამქვეყნიური მტერი. როცა მაცხოვარი პეტრე მოციქულს მიმართავს: "შენ ხარ კლდე და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მასო", - "კლდეს" უწოდებს არა პეტრეს, არამედ მის რწმენას ძე ღვთისას მიმართ, რომელიც ამ სიტყვების წარმოთქმით გამოხატა: "შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა ცხოველისა". პეტრეში უფალმა მხურვალე რწმენა დაინახა. სწორედ პეტრესეულ მხურვალე, ჭეშმარიტ, კლდისებურ რწმენაზე საუბრობს მაცხოვარი.
- წმინდა მამათა სწავლებებიდან ვიცით, რომ როგორც გემის გარეშე ვერ მოახერხებს ადამიანი ზღვის გადაცურვას, ერთი ნაპირიდან მეორემდე მიღწევას, ასევე შეუძლებელია ეკლესიის გარეშე წუთისოფლის მშფოთვარე ზღვის გადალახვა და ზეციურ სასუფევლამდე მისვლა. ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ეკლესიის წევრობის გარეშე ცხონება შეუძლებელია?
- ამიტომაც არის ეკლესია შედარებული ნავს, ხომალდს, ბერძნულად უწოდებენ კიდეც ტაძარს ნავს. ამას მიანიშნებს ტაძრის ნავისებური ფორმაც, ტიპიც.
ვინც ნოეს კიდობანში არ შევიდა, ვერ გადარჩა. ეს იყო სწორედ წინასახე, მიმანიშნებელი იმისა, რომ ვინც სულიერ კიდობანში, ეკლესიაში არ შევა, მისი შვილი არ გახდება, ვერ ცხონდება. "ცხონებისთვის მადლია საჭირო, რომელიც წმინდა საიდუმლოებების მეშვეობით მოგვეცემა. ისინი კი წმინდა ეკლესიაში ინახება. საიდუმლოთა შესასრულებლად საჭიროა სამღვდელოება; ჭეშმარიტი სამღვდელოება მხოლოდ ეკლესიაშია", - ბრძანებს წმინდა თეოფანე დაყუდებული.
- ეკლესიის შვილი ადამიანი ნათლისღების საიდუმლოს მეშვეობით ხდება. თუმცა სასუფევლის მოსახვეჭად მარტოოდენ ნათლისღების მეშვეობით ეკლესიის წევრად გახდომა არ კმარა...
- მართლმადიდებლური წესით მონათვლა მხოლოდ ცხონების შესაძლებლობას გვაძლევს, გვიხსნის სასუფევლის კარს, მაგრამ დავიმსახურებთ თუ არა მასში შესვლას, ჩვენზეა დამოკიდებული. ცხონებისთვის აუცილებელ პირობას, ჭეშმარიტი სარწმუნოების მიღებასთან ერთად, ეკლესიის ჭეშმარიტ შვილად ყოფნაც წარმოადგენს. "სასუფეველი იიძულების და ვინც აიძულებს თავს, ის მიიტაცებს მას", - ბრძანებს უფალი. სასუფეველი ჭეშმარიტი ეკლესიური ცხოვრებით უნდა მივიტაცოთ. გავიხსენოთ იაკობის ღმერთთან შერკინება. ეს შებმა მარადიული სწრაფვაა ღვთისკენ, მარადჟამს შერკინება უფალთან ლოცვით, მარხვითა თუ სხვა მცნებათა შესრულებით, რათა მისგან სასუფეველი მივიტაცოთ.
- ვიდრე ადამიანი მოინათლება, მისი კათაკმევლად დადგინება ხდება, რასაც ძველ ქრისტიანებში მასობრივი ხასიათი ჰქონდა. რა მნიშვნელობა აქვს კათაკმევლად დადგინებას?
- სასურველია, ადამიანის სარწმუნოებრივი სვლა სწორედ კათაკმევლობით დაიწყოს. ამ პერიოდში მოძღვარი შეასწავლის მრწამსს, სულიერად შეამზადებს ეკლესიური ცხოვრებისთვის... ეს კი დაეხმარება, ნათლისღების დღიდანვე შეუდგეს ეკლესიურ, სარწმუნოებრივ ცხოვრებას. თუკი კაცს გაცნობიერებული აქვს ნათლობის არსი და მნიშვნელობა, შემეცნებული აქვს, რატომ ინათლება, თვითონვე გაუჩნდება კათაკმევლად დადგინების სურვილი. სამწუხაროდ, არიან ისეთებიც, ბრმად რომ ინათლებიან - მიაჩნიათ, ეს კარგია ან აუცილებელი, ამიტომაც ნათლობის შემდგომ მათი სულიერი ცხოვრება არ იცვლება - კვლავ წუთისოფლის მდინარებას მიჰყვებიან, მიწიერებას არიან მიჯაჭვულნი. ასეთებს ეკლესიის ჭეშმარიტ შვილებს ვერ ვუწოდებთ, თუკი არ მოხდება მათი სულიერი ფერისცვალება, არ შეიმეცნებენ ჭეშმარიტებას და ამას ეკლესიური ცხოვრებით არ გამოხატავენ.
- გამოდის, ეკლესიის ჭეშმარიტი შვილობა ღვთის არსებობის შემეცნებით იწყება...
- "დასაბამი სიბრძნისაი არს შიში უფლისაი" - სად ვცხოვრობთ ამ უკიდეგანო სივრცეში? ჰყავს თუ არა ამ სამყაროს ღმერთი? როდესაც ჭეშმარიტებას, ღვთის არსებობას შეიმეცნებს, კაცმა საკუთარი თავი უნდა შეიცნოს. ამას საკუთარ ცოდვათა და ნაკლოვანებათა დანახვა და მათი დაძლევის სურვილი მოჰყვება. და მიდის სულიერ მკურნალთან - ღვთისმსახურთან. პირველი, საწყისი ნაბიჯი მრევლის წევრისა სწორედ მოძღვართან მისვლა და აღსარების ჩაბარებაა, რათა სინანულის საიდუმლოს გზით განვიწმინდოთ ცოდვათაგან და ღვთისმსახურის მეშვეობით შენდობა მივიღოთ, რაც შეუძლებელია მოძღვრისა და ეკლესიის გარეშე. შემდეგ აუცილებელია მოძღვრის სიტყვის მორჩილება, რაც თავისთავად უფლის მცნებების მორჩილებას, მცნებათა დაცვით ცხოვრებას გულისხმობს. სხვაგვარად იმის განცხადება, რომ ქრისტეს მიმდევარნი, ეკლესიის ჭეშმარიტი შვილნი ვართ, ტყუილი იქნება.
- როგორ უნდა უყვარდეს ჭეშმარიტ შვილს უფალი, როგორ უნდა ავლენდეს ღვთის ჭეშმარიტ შვილობას?
- შეიყვარე ღმერთი ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა გონებითა შენითა, ყოვლითა ძალითა შენითა, - მოგვიწოდებს უფალი. გულით შეყვარება უფლისა ნიშნავს, გწამდეს და გიყვარდეს იგი, გონებით შეყვარება - იმას, რომ შევიმეცნოთ, გავაცნობიეროთ ჭეშმარიტი სარწმუნოების არსი, ძალით კი იმას, რომ დღენიადაგ ვებრძოლოთ ცოდვებს, ბოროტ სულს და მის ისრებს, დღენიადაგ ვცდილობდეთ, შევინარჩუნოთ ჭეშმარიტი სარწმუნოება. ძნელია მარხვის შენახვა, საათობით ტაძარში დგომა, იმის დაძლევა, რაც ხორცს სურს, მაგრამ თუ ვისწრაფვით, ვცდილობთ, მაქსიმუმს მივაღწიოთ, თავად უფალი შეგვეწევა და მოგვცემს ძალას.
- საინტერესოა, შეუძლია თუ არა ადამიანს, სულიერ სრულყოფილებას მიაღწიოს?
- "იყავით თქვენ სრულ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არსო", - მოგვიწოდებს უფალი, მაგრამ სულიერ სრულყოფილებას კაცი ვერასოდეს მიაღწევს. ალბათ დაგვებადება კითხვა: მაშ, რატომ მოგვიწოდებს უფალი ამისკენ? ჩვენს ზეციერ მამას სურს, სრულყოფილებისკენ, ღვთისკენ სწრაფვა ჩვენი მიზანი გახდეს და მის განსახორციელებლად ძალა არ დავიშუროთ. თუმცა წმინდა მამებიც კი, სულიერების უმაღლეს საფეხურზე რომ ავიდნენ, აცხადებდნენ, შორს ვართო სრულყოფილებისგან.
- მრევლის წევრთა ნაწილი მხოლოდ გარეგნულად ასრულებს საეკლესიო წესებს...
- მართლაც არსებობს კატეგორია მრევლისა, რომელთაც საეკლესიო წესების შესრულება: წირვა-ლოცვაზე დასწრება, ლოცვითი კანონის კითხვა, აღსარების ჩაბარება, მარხვა - ჩვევად ექცათ, შინაგანი სარწმუნოება კი არ აქვთ, რწმენა მათ გულამდე ვერ აღწევს, ფარისეველთა მსგავსად, რომლებიც გარეგნულად სჯულის უბადლო შემსრულებლები იყვნენ. სჯული ჩვევად ექცათ, გული კი ამპარტავნებით ჰქონდათ სავსე, ცოდვებით დაბინძურებული, ამიტომაც ვერ ხედავდნენ განხორციელებულ ღმერთს, ვერ შეიცნეს მაცხოვარი. ხშირად ჩავეკითხოთ თავს, ხომ არ ვფარისევლობთ ლოცვის, მარხვის თუ სხვა მცნებათა აღსრულების ჟამს. გამოვიძიოთ, განვჩხრიკოთ თავი, განვიწმინდოთ სული და გული ცოდვებისგან. უფალი მხოლოდ მდაბალ და ცოდვათაგან განწმენდილ გულში დაივანებს.
- მრევლში მრავალგვარი ხასიათის ადამიანი გვხვდება. როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი მორწმუნე?
- ამასთან დაკავშირებით გავიხსენოთ უფლის იგავი მთესველზე: გამოვიდა მთესველი დასათესად. ზოგი მარცვალი გზის პირას დაცვივდა, მივიდნენ ფრინველები და აკენკეს ისინი. ზოგი კლდოვან ადგილზე მოხვდა, სადაც მიწა ბევრი არ იყო და მალე აღმოცენდა, რადგან ნიადაგს სიღრმე არ ჰქონდა, მაგრამ ამოვიდა მზე და გაახმო, ვინაიდან ფესვი არ ჰქონდა გადგმული. ზოგი მარცვალი ეკლებში ჩაცვივდა. როცა აღმოცენდა, ეკლები გაიზარდა და მოაშთო. ზოგი პოხიერ მიწაზე დაცვივდა, აღმოცენდა, ფესვიც გაიდგა და ნაყოფიც გამოიღო: ზოგმა - სამოცი, ზოგმა - ოცდაათი.
რას გვასწავლის ეს იგავი? არსებობენ მორწმუნეები, რომელთაგან ერთნი ისმენენ ღვთის სიტყვას, სწავლებას სასუფეველზე, მაგრამ გონებამდე და გულამდე არ უშვებენ, ამიტომ "მოვლენ ფრინველნი" - ბოროტი სულები და იმასაც წაართმევენ, რაც მოისმინეს. მეორენი - "კლდოვან ადგილას დათესილნი" ისეთი მრევლის წევრები არიან, რომელნიც ღვთის სიტყვას სიხარულით იღებენ, მაგრამ გულსა და გონებამდე ვერ სწვდებათ. ასეთი მორწმუნეობაც უნაყოფო და ხანმოკლეა. "ამოვა მზე" - დაიწყება სულ მცირე დევნაც და ვერ უძლებენ მას, მაშინვე ცდუნდებიან. "ეკალში დათესილთ" სურთ, უფლის მცნებათა აღსრულებით იცხოვრონ, გულამდე მიაქვთ ღვთის სიტყვა, მაგრამ ნაყოფს მაინც ვერ გამოიღებენ, რადგან ამქვეყნიური სიამენი, უამრავი საცდური, ვნებანი და წუთისოფლის საზრუნავი აშთობს მათ გულში ღვთის სიტყვას და უნაყოფოს ხდის. "პოხიერ ნიადაგზე დათესილნი" არიან მორწმუნენი, რომელნიც დღენიადაგ მოღვაწეობით, უფლისკენ, სულიერი სრულყოფილებისკენ სწრაფვით, ჭეშმარიტი სინანულითა თუ სხვა მცნებათა დაცვით ცდილობენ, მოიცილონ გარემომცველი სარეველები - ცოდვები და საცდურები. ასეთები არიან ჭეშმარიტი შვილნი ეკლესიისა, რომლებიც გამოიღებენ კიდეც კეთილ ნაყოფს.
- არაერთგზის აღნიშნეთ, რომ ხშირად უნდა განვიწმინდოთ სული ცოდვებისგან სინანულის საიდუმლოს გზით. თუმცა, თავის მხრივ, აღსარებაც ჭეშმარიტი უნდა იყოს. სამწუხაროდ, ბევრ მორწმუნეს უჭირს ამის მიღწევა. რა არის ამის მიზეზი?
- არსებობს სიღრმისეული აღსარება, რომელსაც ახლავს გულწრფელი და მძაფრი სინანული ცოდვათა გამო და სურვილი მათი დაძლევისა. სწორედ ასეთი უნდა იყოს ჭეშმარიტი აღსარება, სინანული. არსებობს თავისმართლებითი აღსარებაც, რომლის დროსაც კაცი ცდილობს, ჩადენილი ცოდვები სხვა ადამიანს ან გარემოებას გადააბრალოს. ასეთი სინანული უმართებულოა და არც ღმერთი შეიწირავს. როცა აღსარებას ვაბარებთ, კეთილი გამომძიებელივით უნდა გამოვიძიოთ ჩვენს არსებაში ჩაბუდებული ცოდვები და ნაკლოვანებები; ჩავუკვირდეთ, რა ხდება ჩვენს სულში, ვამხილოთ თავი, რომ არაფერი დაგვრჩეს მოუნანიებელი - ასეთ ცოდვებს ეშმაკი თავის სასარგებლოდ გამოიყენებს განკითხვის დღეს. ზოგჯერ ადამიანი ზედაპირულად ინანიებს ცოდვებს. მცირე შეცოდებებზე ამახვილებს ყურადღებას, მთავარი კი - ამპარტავნება, ხორციელი ვნებები... ავიწყდება. როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, აღსარებისას მარცხნივ ეშმაკი გვიდგას, მარჯვნივ კი მფარველი ანგელოზი. ეშმაკი ჩაგვძახის, არ ვაღიაროთ ცოდვები, ანგელოზი კი ცდილობს, ყველაფერი მოვუთხროთ მოძღვარს. მის ხმას თუ დავყვებით, სულიერ სიმსუბუქეს ვიგრძნობთ, თითქოს მძიმე ტვირთი ჩამოგვეხსნაო. სწორედ ეს არის ნიშანი ჭეშმარიტი სინანულისა.
- მართალია, ეკლესიის ნამდვილ შვილად შედგომა ჭეშმარიტების შემეცნებით იწყება, მაგრამ სულიერი ფერისცვალება ზოგჯერ "ბოლო ჟამს" - ხანდაზმულობისას ხდება.
- კვლავ უფლის ერთ-ერთი იგავი გავიხსენოთ: მამას ორი ძე ჰყავდა. უხმო ერთს და უთხრა: წადი ჩემს ვენახში და იმუშავეო. მან უარი განუცხადა, მაგრამ ბოლო ჟამს შეინანა და იმუშაკა. მეორე შვილსაც სთხოვა მუშაობა. მან პირობა მისცა, მაგრამ არ წავიდა. მათგან სწორედ იმ შვილმა შეასრულა მამის ნება, რომელმაც უარი განუცხადა, თუმცა შემდეგ ინანა და იმუშავა. მამა - უფალი ყველა ქრისტიანს მოუწოდებს მის ვენახში სამუშაოდ - ეკლესიური, ქრისტიანული ცხოვრებისკენ. ზოგი ნათლობიდან წლების შემდეგ უბრუნდება დედაეკლესიას; ზოგი კი მიწიერ ცხოვრებას ისე გალევს, არც ახსენდება თავისი მოვალეობა, ნათლობისას დადებული აღთქმა - რომ ქრისტეს შედგომა ეკლესიური ცხოვრებით უნდა გამოხატოს. ამათგან სწორედ ის ქრისტიანი ასრულებს უფლის ნებას, რომელიც "ბოლო ჟამს" მაინც შეინანებს თავის საქციელს, შეიმეცნებს ჭეშმარიტებას და დაუბრუნდება დედაეკლესიას.
მაცხოვრის ერთ-ერთი იგავიდან ვიცით, რომ "მეთერთმეტე ჟამის" მუშაკებმა, რომლებიც ყველაზე გვიან მივიდნენ სამუშაოდ, ადრე გამოსულების თანასწორი საზღაური მიიღეს ბატონისგან - უფლისგან, თუმცა არასოდეს უნდა ველოდოთ "ხვალინდელ დღეს", ვეცადოთ, იმთავითვე, ნათლისღების დღიდანვე შევუდგეთ ქრისტეს მცნებებით ცხოვრებას, პირველ ყოვლისა, იმის გამო, რომ არ ვიცით, როდის დადგება ჩვენი ამა სოფლიდან გასვლის ჟამი. ამიტომ ყოველ წამს მზად უნდა ვიყოთ უფლის სამსჯავროზე წარსადგომად.
- ზოგიერთი სწორედ "ხვალინდელ დღეს" ელის გამუდმებით, სახვალიოდ დებს ეკლესიური ცხოვრების დაწყებას...
- მათ ხელს უშლით ბოროტი სული, რომელსაც წმინდა მამებმა "ხვალის ეშმაკი" უწოდეს. ერთ-ერთ წმინდა მამას საოცარი გამოცხადება ჰქონდა - ბოროტი სულების კრება იხილა. მათ სატანამ ბოროტების ჩადენა დაავალათ. ვინც ყველაზე დიდ ბოროტებას ჩაიდენდა, გვირგვინს დაჰპირდა. როცა კვლავ შეიკრიბნენ, ზოგმა თქვა, კაცს კაცი მოვაკვლევინეო, ზოგმა - ამა თუ იმ ხორციელ ცოდვაში ჩავაგდე ადამიანიო... სატანამ არც ერთის ჩადენილი ბოროტება არ მოიწონა და არ ჩათვალა გვირგვინის ბოძების ღირსად. ბოლოს ერთმა ბოროტმა სულმა თქვა: ხალხს ვუქადაგებ, აღსარება ჩააბარონ, ეკლესიურ ცხოვრებას შეუდგნენო. სატანას გაუკვირდა: ეს რა ბოროტებაა, ასე ხომ ცხონდება კაციო. მართალია, ჭეშმარიტებას ვქადაგებ, მაგრამ ყველას ჩავძახი, მისი აღსრულება მეორე დღისთვის გადადოსო, -Pაუხსნა ბოროტმა. სწორედ მან დაიმსახურა გვირგვინი სატანისგან. ამგვარად, როცა ეკლესიური ცხოვრების დაწყება, მოძღვართან მისვლა და აღსარების ჩაბარება გვსურს, მაგრამ მომავლისთვის გადავდებთ, "ხვალის ეშმაკი" გვებრძვის. ამიტომ ვძლიოთ თავს, შევებრძოლოთ ბოროტ სულს, არ გადავდოთ სამომავლოდ ის, რისი გაკეთებაც დღეს შეიძლება. მთავარია, ბოროტის ნებას არ დავყვეთ, ძალით კი ვერაფერს გაგვაკეთებინებს.
- მართალია, ადამიანის ეკლესიის ჭეშმარიტ შვილად გახდომას ეშმაკი აბრკოლებს, მაგრამ, მეორე მხრივ, ქრისტიანული ცხოვრების დაწყების სურვილი ხომ ეკლესიის წიაღისკენ ლტოლვაზე, ღვთისკენ სწრაფვაზე მიანიშნებს. რა უბიძგებს ადამიანს ამისკენ?
- ღმერთი ყველა ადამიანის შემოქმედია. ყველა ადამიანში, არამართლმადიდებელშიც კი, დევს უფლისმიერი მადლი, სულიწმინდის ნაწილი, ამიტომ ყოველი ჩვენგანი მოწოდებულია, შეიმეცნოს ჭეშმარიტება. უფალი ცდილობს, სინდისით, უფლის ხმით ადამიანში, ჭეშმარიტების შემეცნებამდე მიგვიყვანოს. ყველა ადამიანს აქვს უხილავი სახარება, უხილავი ბიბლია - სინდისის ხმა. ვინც ამ ხელთუქმნელ წიგნს ეცნობა, მიჰყვება სინდისის ხმას, მივა კიდეც ჭეშმარიტებამდე. ღვთისკენ მიმავალთ კი თავად უფალი განამტკიცებს.
- ეკლესიის ჭეშმარიტი შვილობა ადამიანის ჩაცმულობაშიც უნდა ვლინდებოდეს?
- ქრისტიანი ზომიერად უნდა იმოსებოდეს. ჩაცმულობაში არც ერთი შტრიხი ყურადღებას არ უნდა იქცევდეს. დედაკაცი გარეგნულად არ უნდა მიემსგავსოს მამაკაცს და პირუკუ. ამას სჯულის კანონი გვასწავლის.
შეიძლება ითქვას, შესამოსელი სულის გარეგნული გამოხატულებაა. ადამიანის სულიერი შესამოსელი, მისი შინაგანი მისწრაფება, შინაგანი რწმენა ფიზიკურ სამოსზეც აისახება. გარეგნული სამოსით მორწმუნე იოლად მიხვდება, რა ხდება ადამიანის სულში. ზოგი ტაძარში ქრისტიანისთვის შესაფერისად ჩაცმული მიდის, დანარჩენ დროს კი ღვთისთვის მიუღებელ სამოსში ატარებს. მისი შინაგანი ცხოვრება სწორედ იმ სამოსში ვლინდება, ყოველდღიურად რომ იცვამს. შესაბამისად, მისი ეკლესიის შვილობაც, ქრისტიანობაც ტაძრის ზღურბლთან მთავრდება. და ეს ეხება არა მხოლოდ ჩაცმულობას, არამედ ნებისმიერი მცნების შესრულებას: ქრისტიანობას მხოლოდ ტაძარში არ უნდა ვავლენდეთ.
- მრევლის წევრებს სხვადასხვა სულიერი ღვაწლი მოეთხოვებათ, იმისდა მიხედვით, ვინ როდის დაიწყო ეკლესიური ცხოვრება, რამდენად წარემატა სულიერებაში...
- ამიტომაც არსებობს სულიერი მოძღვარი. ღვთისმსახური არ არის რობოტი, რომელიც აღსარებას იბარებს და ყველას ყველაფერს პატიობს; მან თითოეული სულიერი შვილის სარწმუნოებრივ ცხოვრებას უნდა უწინამძღვროს. უფლისგან ბოძებული ძალითა და უნარით მოძღვარი განჭვრეტს, როგორ უნდა მოექცეს მრევლის თითოეულ წევრს - ვის რა სახის სასჯელი მისცეს, რა სიმძიმის ტვირთი დაადოს, ვის როგორი ყურადღება სჭირდება...
ზოგჯერ მოძღვარს საყვედურობენ, ესა და ეს კაცი ჩემს შემდეგ მოვიდა და ჩემზე ადრე რატომ მიიღეო. შესაძლოა, ეს ადამიანი უძლურებაშია ან "დაკარგული უძღები შვილია", რომელიც დაუბრუნდა ეკლესიის წიაღს და მეტი ყურადღება სჭირდება... გავიხსენოთ, როგორი სიხარულით მიიღო მამან სახლიდან გადაკარგული უძღები შვილი. დაბრუნებული გულში ჩაიკრა, საუკეთესო სამოსი ჩააცვა, საკლავი დაუკლა და ლხინიც გაუმართა. მეორე ვაჟი კი, რომელიც მასთან დარჩა, მართალი იყო - დატოვა. გავიხსენოთ ისიც, რომ მწყემსმა 99 ცხვარი მიატოვა და ერთი დაკარგული ცხვრის მოსაძებნად გაემართა. როდესაც იპოვა, მხრებზე შეისვა და სიხარულით გამობრუნდა უკან. ასევე მეტად უღირს უფალს უძღები შვილი, დაკარგული ცხოვარი, ვიდრე ის, ვინც უკვე ნაპოვნი ჰყავს. ერთი ცოდვილის მობრუნების გამოც კი ხარობენ ანგელოზნი ზეცაში. მართალია, დაკარგული შვილი მეტად უღირს, მაგრამ უფალი ერთგულ, მართალ შვილებზე ნაკლებად როდი ზრუნავს, ნაკლებად როდი უყვარს ისინი.