(ამონარიდები მღვდელ კონსტანტინე ოსტროვსკის წიგნიდან
"სიკვდილს ვერ შევძლებთ")
ჩვენი პასუხი ხარებაზე
რატომ არ იქცევა ყველა ერთნაირად, როცა სახარებას - ზეციურ სამეფოში მარადიული ცხოვრების შესახებ ხარებას - ეცნობა? ერთნი, მოისმენენ თუ არა ღვთის სიტყვას, მყისვე განუსჯელად იღებენ მას;
მეორენი ყოყმანობენ და წვალობენ, შვიდგზის გაზომავენ, მაგრამ გაჭრას ვერ ბედავენ და სულიერი ნაყოფის გარეშე რჩებიან; მესამეთ უჭირთ, დიდხანს ითრევენ ფეხს, მაგრამ ბოლოს და ბოლოს მაინც მიდიან იესო ქრისტესთან; მეოთხენი კი კატეგორიულად უარყოფენ ჭეშმარიტებას, თუნდაც სანაცვლოდ არაფერი შერჩეთ ხელთ. რატომ არის ასე?"სიკვდილს ვერ შევძლებთ")
ჩვენი პასუხი ხარებაზე
იმიტომ, რომ ყველაფერი ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული.
უფალი ყოველ ჩვენგანს უხმობს, მაგრამ ჩვენ მას სხვადასხვაგვარად ვეპასუხებით.
ვისაც საკუთარი თავი მიაჩნია ღმერთად, მისთვის ჭეშმარიტი ღმერთი საძულველი მეტოქეა და რაც უფრო ნამდვილია იგი, მით უფრო მეტად სურს მისი ჯვარზე გაკვრა; ზოგისთვის სულერთია - არც უღმერთობით შავდება რამე და მორწმუნეობასაც არა უშავს რა, ცხოვრებას რწმენის გარეშეც ახერხებს, მაგრამ შეუძლია, ირწმუნოს კიდევაც, ოღონდ იმ პირობით, თუ მსხვერპლის გაღება არ მოუხდება; ზოგს ღვთისმოყვარე სული აქვს, მაგრამ გონება თავისკენ ექაჩება, ასეთი ადამიანი ეჭვებითაა სავსე, უამრავ კითხვას სვამს, ათასჯერ აწონ-დაწონის, ყველაფერს ძირისძირობამდე ჩასდევს, მაგრამ როცა ამ გზის ჭეშმარიტებაში დარწმუნდება, მიიღებს და მის თანახმად იცხოვრებს; ზოგმა კი ჯერ არაფერი იცის ღმერთზე, მის სულს მოწყენა დაუფლებია, მაგრამ როგორც კი ღვთის სიტყვას მოისმენს, მყისვე მიხვდება, რომ ეს ისაა, რაც აკლდა, ყველაფერს მიატოვებს და ქრისტეს გზას შეუდგება.
დაუჯერე დედას
არ მოგვწონს, წამდაუწუმ რომ შეგვახსენებენ უფლის მცნებებს, გვბეზრდება და ვბუზღუნებთ: "სულ ერთი და იგივე!" ბავშვსაც ასევე სწყინდება დედის ჩიჩინი: "შვილო, მარჯვენა ფეხსაცმელი მარჯვენა ფეხზე ჩაიცვი, მარცხენა კი მარცხენაზეო". არადა, დედისთვის რომ დაეჯერებინა, აღარც ის გაიმეორებდა ამდენჯერ ერთსა და იმავეს.საეჭვო სტუმრებს კარს ნუ გაუღებ
თავის ქებისა თუ მოყვასის განკითხვის სურვილი და სხვა ამპარტავნული გულისთქმანი სრულიადაც არ გახლავთ სახუმარო რამ. ისინი მტრები არიან, რომელთაც ჩვენი დაღუპვა განუზრახავთ. თუ არ შევებრძოლებით, ამ "ცხვრებს" მგლები: ღვთის დავიწყება, სიძვა, მკვლელობა და სხვა მომაკვდინებელი ცოდვები - მოჰყვებიან კვალდაკვალ.როგორ ვიქცევით, როცა ჩვენს კარზე ვიღაც ზარს რეკავს? ზოგიერთი მაშინვე სიხარულით აღებს კარს. ასეთი გულღიაობა სავსებით მისაღებია ზეციურ სამეფოში, ჩვენს გარყვნილ და სახედაკარგულ საზოგადოებაში კი სახიფათოა. სანამ კარს გააღებდე, უნდა იკითხო, ვინ დგას მის უკან.
ასევეა სულიერ ცხოვრებაშიც. სულიწმიდის მადლით აღვსილ ადამიანს, რომლის გულშიც ღმერთს უკვე ყველა ვნებაზე გაუმარჯვია, შეუძლია, არაფერზე იზრუნოს, მხოლოდ გამუდმებით ილოცოს საკუთარი მორჩილების სიღრმიდან. როგორც წმინდა მამები წერენ, ეშმაკებს ასეთ ხალხთან მიახლოებისა ეშინიათ. ცოდვიან გულისთქმებს ისინი შორიდანვე გრძნობენ და განუსჯელად უკუაგდებენ. მაგრამ სულიერად ცოტა თუ აღმატებულა ასე. ამიტომაც ყურადღებით და ფრთხილად უნდა ვიყოთ და სანამ კარს გავაღებდეთ, გავარკვიოთ, ვის სურს ჩვენს სახლში შემოსვლა. თუ მეგობრის ხმას გავიგონებთ, შეგვიძლია, თამამად მოვიპატიჟოთ, მაგრამ თუ ხმა უცნობისა იქნება, უნდა დავფიქრდეთ და ვინმე გამოცდილს რჩევაც ვთხოვოთ.
როცა საეჭვო გულისთქმა ჩვენს სულში შემოსვლას ცდილობს, რჩევისთვის მას უნდა მივმართოთ, ვისაც ძალუძს განსაჯოს, მივიღოთ ეს გონების სტუმარი თუ, მაცხოვრის შეწევნით, ზღურბლიდანვე უკან გავაბრუნოთ.
არცთუ იშვიათად კითხვაზე: "ვინ არის?" - ნაზი, სასიამოვნო ხმა გვეპასუხება, მის უკან კი თურმე მძარცველთა ბანდა დგას... ასეთ დროს სასწრაფოდ პოლიცია უნდა გამოვიძახოთ, მაშინ კი, როცა საქმე გონების მძარცველებს ეხება, ერთიორად მეტი ვილოცოთ უფლის, ღვთისმშობლისა და წმინდანების მიმართ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გავუბათ მასლაათი ყაჩაღებს.
წმინდა მამათა წიგნებში ხშირად გვხვდება ასეთი კითხვა: "შემოვუშვათ გულში გულისთქმა, რათა შევებრძოლოთ, თუ არა?" პასუხი ყოველთვის ერთი და იგივეა: სულიერად ძლიერი მოღვაწისთვის სასარგებლოც კია, თუ გულში გულისთქმას შეუშვებს და შემდეგ დაამარცხებს, სუსტმა ქრისტიანმა კი ის ისე უნდა გააგდოს, რომ ყური არც კი მიუგდოს. მაგრამ ჩვენ დაუფიქრებლად ვუშვებთ სულში ყველა გულისთქმას; ზოგიერთს ბატონობის ნებას ვრთავთ, ზოგიერთს კი წინააღმდეგობას ვუწევთ და ვცდილობთ, ვძლიოთ, თუმცა ღვთის შეწევნას ამ დროს იშვიათად ვითხოვთ. აი, რარიგ საწყალობელ მდგომარეობაში ვართ და რა საძაგელ სამყოფელად გვიქცევია სულიწმიდის ტაძარი - საკუთარი სული.
რომელსა აქუნდეს, მიეცეს
"რომელსა აქუნდეს, მიეცეს მას, - ამბობს სახარება, - და რომელსა არა აქუნდეს, და რომელღა-იგი ჰგონიეს, ვითარმედ აქუს, მო-ვე-ეღოს მას" (ლუკა 8:18). ვისაც გულში ღვთის სიყვარულის თუნდაც ნაპერწკალი უღვივის, თუკი თავს დაიმდაბლებს, საკუთარ ვნებებს შეებრძოლება და ეცდება, შეასრულოს ღვთის მცნებები, მადლი შეემატება, ხოლო ვისაც ჭეშმარიტების ნატამალიც არ გააჩნია და ოდენ გარეგნული სიკეთით ამაყობს, არა მარტო ვერ იხსნის სულს, არამედ, ორპირობის გამო, ამ გარეგნულ სიკეთესაც დაკარგავს. ჩვენ იესო ქრისტეს შევფიცეთ
როცა მოძღვარი გვტუქსავს, ჩვენი რეაქცია, ჩვეულებრივ, ასეთია: "მომბეზრდა, საერთოდ აღარ ვივლი ეკლესიაში!" მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ქვეყანა ომშია ჩაბმული; ლეიტენანტმა რომელიღაც ჯარისკაცი გამოლანძღა, ის კი ამბობს: "მომბეზრდა, საერთოდ წავალ არმიიდან და მტრის ჯარში ვიმსახურებ!" ამისთვის მას, ალბათ, დახვრეტას მიუსჯიან და სამართლიანადაც მოიქცევიან. არც ერთი ჭკუათმყოფელი არ იტყვის: "რას იზამ, რაკი წვნიანი დააკლეს და შეურაცხყოფაც მიაყენეს, სწორად მოქცეულა, ფიცი რომ დაარღვიაო".ჩვენც ხომ ქრისტეს მხედრები ვართ, ნათლობისას ხომ შევფიცეთ, რომ საკუთარ ვნებებსა და დემონებს მორჩილებით, მოთმინებითა და ლოცვით შევებრძოლებოდით. ფიცი კი დავდეთ, მაგრამ იარაღი ნაწილობრივ დაბნეულობას, ნაწილობრივ ამპარტავნებას გადავაყოლეთ, ახლა კი, თუ არ შევეცდებით, რაც შეიძლება მალე დავიბრუნოთ ის და მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად აღვიჭურვოთ, საშინელი ტრიბუნალი გველის.
სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი
ყოველგვარ განსაცდელში მხსნელად უფალს უნდა ვუხმოთ. თუ ეს არ გვსურს და სასოწარკვეთილებაში ვვარდებით, თვითონ ვართ დამნაშავენი და არა გარემოებები ან, მით უმეტეს, ღმერთი, რომელმაც განსაცდელი მოგვივლინა; ყველა, ვინც მორჩილებით იღებს ღვთის განგებას და ბავშვური სასოებით ითხოვს შეწევნას, მისგან სულიერ სიმშვიდეს იღებს.უფალთან შეხვედრას ყველანი სხვადასხვანაირად ველით
ღმერთთან პირისპირ შეხვედრა ყოველ ჩვენგანს მოუწევს, მაგრამ ამ შეხვედრას ყველანი სხვადასხვანაირად ველით, როგორც ცოლები ელიან დიდი ხნით წასული ქმრების დაბრუნებას.ზოგს ისე ენატრება ქმარი, რომ ძილსა და მოსვენებას კარგავს, ვერაფერი ანუგეშებს. საჭმელსაც კი მხოლოდ იმისთვის ჭამს, რომ მის დაბრუნებამდე გაძლოს. აი, სრულყოფილი სიყვარულის მაგალითი! მაგრამ ამგვარი სიყვარული ღვთით ბოძებული ნიჭია და ვერც შევძლებთ და არც უნდა ვცადოთ, ის ხელოვნურად აღვძრათ ჩვენს გულში.
მეორეთ ასე ძლიერ არ ენატრებათ მეუღლეები, თუმცა მათ კი არ ამუნათებენ ამის გამო, არამედ თავს იდანაშაულებენ, რომ საჭიროებისამებრ არ უყვართ, ცდილობენ, მოყვარულ ცოლებს მიბაძონ და თუ გულის კარნახით არა, ნებისყოფის მეშვეობით მაინც მოერიდონ ცრუ ნუგეშისმცემლებს, თავს კი იმით იმშვიდებენ, რომ ქმრის დაბრუნების შემდეგ აინაზღაურებენ დანაკლისს. მათი იმედი გამართლდება, ქმართან შეხვედრა სიხარულით იქნება აღსავსე. ეს იმ მოღვაწის სახეა, ვისაც სრულყოფილებისთვის არ მიუღწევია, მაგრამ ამისკენ მიისწრაფვის.
არიან მესამენიც, რომელთაც ჯეროვნად არ უყვართ მეუღლეები და არც ნანობენ ამას. ისინი თავიანთი სიამოვნებისთვის ცხოვრობენ, თუმცა აშკარა უკანონობას არ სჩადიან; მათთვის სულერთია, დაბრუნდება თუ არა ქმარი.
დაბოლოს, არიან ცოლებიც, რომელთაც ეშინიათ ქმართან შეხვედრის, რადგან იციან - როცა დაბრუნდება, აღკვეთს მათ მრუშ და ბოროტ ცხოვრებას და დასჯის კიდევაც ამის გამო. ეს ცრუ ცოლები დაკარგავენ ოჯახურ სითბოსა და სიხარულს. გულგრილობა და უზნეობა ვერ დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს.
უსიყვარულოდ ჭეშმარიტებას ვერ მივაღწევთ
არსებობს ღვთისადმი ადამიანის დამოკიდებულების სხვადასხვა საზომი: იცოდეს მისი კანონები, საკუთარი თავი ამ კანონების მიხედვით განსაჯოს, აღასრულოს ისინი და ბოლოს დაივიწყოს კიდევაც, რადგან გული ღვთის სიყვარულით ექნება აღსავსე.ღვთის ჭეშმარიტად შეცნობა მხოლოდ სრული სიყვარულით მოცულ სულს შეუძლია. როცა ადამიანი ქრისტეს გზით, მისი მცნებების (რომლებიც სიცოცხლისთვის მოგვეცა და არა მოყვასის განსაკითხავად) აღსრულების გზით მიდის, როცა საკუთარ ნებას ღვთისას უმორჩილებს, წარემატება მორჩილებასა და სიყვარულში, მაშინ უფალი მას თავის საიდუმლოებებს უხსნის. რამდენადაც საკუთარ ამპარტავან გონებას დავძლევთ, იმდენადვე შევძლებთ ჭეშმარიტების შემეცნებას. ცოდნა, რომელსაც ღმერთი მისდამი ჩვენი სიყვარულის პასუხად გვაძლევს, კეთილი და ჭეშმარიტია, ხოლო სიყვარულის გარეშე შეძენილი - ცრუ და მავნე. ღმერთი ჭეშმარიტებაა და სიყვარული. შეუძლებელია, იყო ჭეშმარიტებაში და არ იყო სიყვარულში.
ვინ, რისთვის და როგორ გვაძლევს
სრულებით არ არის სულერთი, თუ როგორ ვიძენთ ცოდნას, ვინ და რისთვის გვთავაზობს მას. და არა მხოლოდ ცოდნაზე, არამედ ნებისმიერ საგანზე შეგვიძლია ვთქვათ: არ არის სულერთი, ვინ, როგორ და რისთვის გვაძლევს მას - გვაკურთხებს, გვჩუქნის თუ გვაჩეჩებს.მრუშობა სულითა და სხეულით
ბევრი - არა მარტო ურწმუნო, არამედ მორწმუნე ქრისტიანიც - თვითონაც უყურებს და შვილებსაც რთავს ეროტიკული ფილმების ყურების ნებას. ჩვენ ეს წვრილმანი გვგონია, სინამდვილეში კი როცა ადამიანი ეროტიკას უყურებს, მისი სული მრუშობის ცოდვაში იძირება. ღმერთი ხედავს, რა გვიდევს გულში და თუ ცოდვილი გულისთქმები არ მოვინანიეთ, ისინი ისევე მოგვეკითხება, როგორც განხორციელებული საქმენი.გულისთქმის მონანიება ყოველთვის უფრო იოლია, რადგან როცა ცოდვა სხეულით აღსრულდება, ხორცი თითქოს იმახსოვრებს მას და მის ამ მეხსიერებასთან ბრძოლა განუზომლად უფრო ძნელია, ვიდრე სულის ცოდვილ მეხსიერებასთან. ამიტომ წინათ ეკლესია მრუშებს ზიარებას რამდენიმე წლით უკრძალავდა (მონანიების შემდეგ!). ახლა ასეთი რამ იშვიათობაა, მაგრამ იმის გამო კი არა, რომ ეკლესია უფრო ზერელედ ეკიდება მრუშობას, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოება არაქრისტიანული გახდა და ზიარებისგან დიდი ხნით დაყენებამ შესაძლოა ადამიანის ხსნის გზაზე დადგომას კი არ შეუწყოს ხელი, არამედ ეკლესიის მიტოვებისკენაც კი უბიძგოს.
ბილწსიტყვაობასა და მრუშობას ნუ გაიხსენებ
წმინდა მამები გვირჩევენ, ყველა ცოდვა, ბილწსიტყვაობისა და მრუშობის გარდა, დაწვრილებით გავიხსენოთ, რადგან ამას მორჩილებისკენ მივყავართ (თუმცა ამასაც თავისი ზომა და ზღვარი უნდა ჰქონდეს). რაც შეეხება ბილწსიტყვაობასა და მრუშობას, უნდა გვახსოვდეს მხოლოდ ის, რომ ასეთ ცოდვაში ჩავვარდით, უნდა ვიქენჯნოთ თავი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მივეცეთ მოგონებებს - მრუშობის გახსენებას უწმინდური სიტკბოება მოჰყვება თან და მაშინვე გულისთქმად იქცევა, ბილწსიტყვაობის მოგონებისას კი გონებით ვბილწსიტყვაობთ.ინფორმაცია თავისუფლებას არ გვანიჭებს
მიიჩნევენ, რომ რაც მეტ ინფორმაციას ფლობს ადამიანი, მით თავისუფალია. რა თქმა უნდა, მაგრამ არა ღვთის წინაშე. აქ თავისუფლების უდიდესი ხარისხი ისაა, რომ გვიყვარდეს უფალი და ადვილად, ბუნებრივად, სიხარულით აღვასრულებდეთ მის მცნებებს, ნაკლები კი - ის, რომ ვებრძოდეთ საკუთარ ვნებებს და ვცდილობდეთ, ღვთის მცნებების თანახმად ვიფიქროთ, ვიგრძნოთ და ვიმოქმედოთ.როცა უფლის მცნებები გვავიწყდება, ვნებას ვემონებით, ხოლო თუ ამასთან ერთად ჟურნალ-გაზეთებიდან და ტელევიზიიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზეც დავიწყეთ მოქმედება, მათი მონებიც ვხდებით, ვინც ამ ინფორმაციას ამზადებს. ასე რომ, რაც მეტ ამგვარ ინფორმაციას ვიღებთ, მით მეტი შესაძლებლობაა თავისუფლების დაკარგვისა.
მოამზადა
ნიკოლოზ ლანჩავამ
ნიკოლოზ ლანჩავამ