უფალი ყოველგვარ ვითარებაში შეგვეწევა და გვაპოვნინებს გამოსავალს
მიწიერი ცხოვრება განსაცდელებითაა აღსავსე - ამქვეყნიური ცხოვრების ჟამს ხომ არაერთი ხორციელი თუ სულიერი გასაჭირისა და სიძნელის წინაშე აღმოვჩნდებით ხოლმე.
ხშირად გვიჭირს კიდეც განსაცდელთან შებრძოლება და მისი ძლევა, არადა ეკლესიური მოძღვრებით განსაცდელი უფლისაგან ბოძებული ჯვარია, რომელიც მოთმინებით უნდა ვზიდოთ... გვესაუბრება ბაღდათის წმინდა თამარ მეფის დედათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).
- განსაცდელი ღვთისაგან საკურნებლად გვევლინება. როდესაც ადამიანს რაიმე ხორციელი სნეულება შეეყრება, განსაკურნებლად წამალს იღებს. მართალია, წამლის მიღების, მით უმეტეს, ნემსის გაკეთების პროცესი არავის სიამოვნებს, მაგრამ ყველა ჩვენგანი ვითმენთ, რადგან ამ დროს ადამიანი მისი მიღებით გამოწვეულ უსიამოვნო განცდაზე კი არ ფიქრობს, არამედ შედეგზე, იცის, რომ წამლის მიღების გარეშე ვერ განიკურნება. ასევე გვეძლევა ღვთისაგან სხვადასხვა განსაცდელი სულიერი კურნებისთვის, ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ სიამოვნებას არ გვანიჭებს, უფლისაკენ უნდა მივდრიკოთ გული და მადლიერებით დავითმინოთ იგი. ცხადია, უფალი იმაზე მეტი ტვირთის ზიდვას არ დაგვავალებს, რასაც ვერ მოვერევით. თუ მისკენ მივაპყრობთ გულს და შევთხოვთ შემწეობას, თავადვე დაგვეხმარება მისგან მოცემული ნებისმიერი სულიერი ტვირთის ზიდვაში.
როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, ადამიანს განსაცდელი მიემადლება ჯილდოდ ან ცოდვათა გამო სასჯელად, რათა ამ გზით განვიწმინდოთ. წმინდა მამები იმასაც გვასწავლიან, როგორ გავარჩიოთ, განსაცდელი ჯილდოა თუ სასჯელი: თუკი ადამიანი მადლობას სწირავს უფალს განსაცდელის ჟამს, ეს მიანიშნებს, რომ ჯილდოდაა მოცემული. ასეთი ადამიანი ამაღლებულია საკუთარ თავზე და ამქვეყნიურობაზე. მაგრამ როდესაც წუწუნებს, სასჯელადაა მოვლინებული. მისი ქმედებიდან ჩანს, რომ ცოდვებშია და მიწიერზე ჯერ არ ამაღლებულა. ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ ის, ვინც მადლიერებით ითმენს განსაცდელს, უცოდველია. დედამიწაზე ნებისმიერი ადამიანი სცოდავს. უფალიც ხომ ბრძანებს, არა არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოსო, მაგრამ არსებობს ცოდვილთა ორი კატეგორია - მონანული და უნანიებელი ცოდვილები. ჭეშმარიტად მონანული ცოდვილი მადლობს უფალს განსაცდელთა მოვლინებისთვის, უნანიებელი კი წუწუნებს. შესაძლოა ადამიანი ამბობდეს აღსარებას, მაგრამ სინანული, გულწრფელი განცდა ცოდვებისა, განსაცდელის მადლიერებით დათმენა გაუჭირდება, ვიდრე ჭეშმარიტი სინანულის გრძნობა არ გაუჩნდება.
- ზოგიერთი განსაცდელთა ჟამს საყვედურსაც კი გამოთქვამს უფლის მიმართ.
- ასეთი ადამიანი ღვთის გმობის ცოდვაში ვარდება. ის შეიძლება შევადაროთ სნეულს, რომელიც ძვირადღირებულ წამალს, რომელსაც მისი განკურნება შეუძლია, აგდებს. განსაცდელთა ჟამს ღვთის გმობაში ჩავარდნის სანაცვლოდ ადამიანი ღვთისგან ერთიორად დაისჯება. მას ღვთისაგან უპირველესად იმის გამო ევლინება განსაცდელი, რომ სხვათათვის მაგალითად იქცეს, თუ როგორი განსაცდელი, რა განცდები ელოდება უსჯულოს. ამასთანავე, ღვთის წინაშე არ ჰქონდეს თავის გამართლების მიზეზად, სულის საკურნებლად ეს წამალი - განსაცდელი რომ მქონოდა, განვიკურნებოდიო. შეცოდების შემდეგ ადამი ღვთის წინაშე ხომ იმით იმართლებს თავს, შენ რომ ქალი მომგვარე, იმან მაცდუნაო.
- სხვადასხვა განსაცდელი იმის გამოც ხომ გვეძლევა, რომ არ დაგვავიწყდეს ღმერთის არსებობა?
- განსაცდელთა მოვლინების ერთ-ერთი მიზეზი მართლაც ეს არის. გავიხსენოთ ძველი აღთქმა. როგორც კი თავს განსაცდელი დაატყდებოდათ, ებრაელები მაშინვე მოექცეოდნენ ღვთისკენ. ამის შემდეგ უფალი კვლავ მშვიდ ცხოვრებას მიაგებდათ, მაგრამ კვლავ ცოდვებში ცვიოდნენ და ისევ განსაცდელი ეძლეოდათ. საერთოდ, ადამიანი განსაცდელში უფრო მტკიცეა და ახსოვს ღვთის არსებობა, მაგრამ სულიერად გაცილებით აღმატებულია ადამიანი, რომელიც არც დალხინების ჟამს ივიწყებს უფალს, ის უკვე ჭეშმარიტად ღვთისმოსავია. თუმცა მერყევიც, რომელიც გასაჭირსა და სიძნელეებში უფრო მეტად ღვთისმოსავი ხდება, უფლის შეწევნით აუცილებლად განმტკიცდება.
- უფლისაგან ხშირი და მძიმე განსაცდელები უფრო იმ ადამიანებს ხომ არ ეძლევათ, რომლებიც რწმენაში განმტკიცებას საჭიროებენ?
- მართალ იობს ღვთისაგან აურაცხელი განსაცდელი დაატყდა თავს, მაგრამ ეს იმიტომ დაუშვა მასზე უფალმა, რომ ეშმაკს მისთვის არ ეყვედრებინა, იობი იმიტომაა ასეთი ძლიერი და სულიერად მტკიცე, რომ არავითარ განსაცდელს არ აძლევო. მას განსაცდელები სამადლობლად ჰქონდა. ასევე იყო წმინდა მამათა ცხოვრებაშიც. როდესაც მათ განსაცდელი ეძლეოდათ, სიხარულით მადლობდნენ უფალს და ერთმანეთს ეუბნებოდნენ, - მოგიკითხა უფალმაო? ან გაგიხსენა უფალმაო? ერთ-ერთი უდიდესი წმინდა მამა სვიმეონ მესვეტე ღვთისაგან ბოძებული ძალით სასწაულებრივად კურნავდა ადამიანებს, მაგრამ ამ დროს თვითონ ცალი ფეხი დამპალი ჰქონდა და მასზე მატლი ეხვია. ერთხელ ერთ-ერთმა მომლოცველმა მისი სნეული ფეხის ხილვისას თქვა, - ეს რომ წმინდანი იყოს, ასეთ დღეში როგორ იქნებოდა, სხვას როგორ განკურნავს, როდესაც საკუთარი თავი ვერ განუკურნავსო. ამ დროს მას ხელში სვიმეონ მესვეტის ფეხიდან გადმოვარდნილი მატლი ჩაუვარდა და ბრილიანტად იქცა. წმინდა სვიმეონს ეს განსაცდელი სამადლობლად ჰქონდა. ამისთვის მადლობდა ღმერთს.
საერთოდ, განსაცდელთა გზით სულიერი კურნების მიღება და რწმენაში განმტკიცება ყველა ადამიანს სჭირდება, რადგან კაცის ბუნებაა დაცემული და ცოდვისკენ მიდრეკილი. შესაძლოა ადამიანს თვითონ არ შეეყაროს რაიმე სნეულება, მაგრამ მემკვიდრეობით მიიღოს წინაპრებისაგან. ასევე ეძლევა დაცემული ბუნება შთამომავლობით პირველმშობლებისგან. მართალია, ნათლისღების ჟამს ადამიანს მემკვიდრეობით მიღებული პირველქმნილი ცოდვა მიეტევება, მაგრამ მისი ბუნება მაინც ცოდვისკენ მიდრეკილი რჩება და დროდადრო სულიერ მკურნალობას საჭიროებს, ამისთვის კი არსებობს სინანულის საიდუმლო, ზიარება თუ სხვა საეკლესიო წესები და - განსაცდელი! ჯარისკაცს, თუ ის ბრძოლის ველზე არ გავიდა, რაოდენ კარგიც უნდა იყოს, ჯილდოს არავინ მისცემს. ასევე ვერ მიიღებს ღვთის ჯილდოს ადამიანი სულიერი ბრძოლის, ცოდვათა დამარცხებისა და მათზე გამარჯვების გარეშე, უგანსაცდელოდ და სიმშვიდეში ყოფნით.
- ერისკაცთა უმეტესობა განსაცდელად მიიჩნევს სიდუხჭირეს, უპოვრობას, შიმშილს და სხვა მატერიალურ პრობლემებს. წმინდა მამები და სხვა ღვთივსათნოდ მცხოვრებნი შეგნებულად უარყოფდნენ მიწიერ სიამეებს და საკუთარი ნებით ირჩევდნენ სიდუხჭირეს, უპოვრობას, შიმშილს, სიცივეს, დევნილობას, ე.ი. მათთვის ყოფითი პრობლემები განსაცდელად არ მიიჩნეოდა.
- ადამიანი, რომელიც ხორციელ პრობლემებს მძიმე განსაცდელად მიიჩნევს, სულიერების დაბალ საფეხურზე დგას. ხორციელი და მატერიალური სიძნელეების დათმენით იწყება სულიერი ცხოვრება.
არა მხოლოდ წმინდა მამები, ძველი ქრისტიანებიც განსაცდელად თვლიდნენ სულიერ პრობლემებს - როდესაც უფლის დაშვებით ეშმაკი აზრებით მოქმედებდა ადამიანზე. განსაცდელი იყო, მაგალითად, მონასტერში მყოფი ბერისთვის მოწყენილობა, როდესაც უფლის დაშვებით ბოროტი სული მოწყინების ცოდვით შეებრძოლებოდა მას და აღარაფერი უნდოდა - არც მონასტერში ყოფნა, არც ლოცვა, არც საქმის კეთება, მხოლოდ იქიდან გაქცევაზე ფიქრობდა. ან სხვა ნებისმიერი სულიერი პრობლემა, რომელიც სულს უფორიაქებდა.
წმინდა ისააკ ასური, ისევე როგორც ყველა წმინდა მამა, განსაცდელთა შესახებ საუბრისას მხოლოდ სულიერ განსაცდელებს ახსენებს. ამავდროულად, გვირჩევს, როგორ მოვიქცეთ განსაცდელის ჟამს: განსაცდელი გეწვია? ილოცე. ლოცვა არ შეგიძლია? დაითმინე. დათმენაც თუ არ შეგიძლია, გადაიფარე მანტია და დაიძინე. მრავალმოწყალე უფალი თავად მოგაცილებს განსაცდელს. ე.ი. განსაცდელის დროს მთავარია მოთმინებით ავიტანოთ იგი, არ მივეცეთ მწუხარებას, რადგან მოთმინებით ადამიანი გაცილებით მტკიცე და ღვთის მადლიერი ხდება და ღვთის შეწევნაც არ დააყოვნებს.
სულიერი განსაცდელის დაძლევა გაცილებით ძნელია - თუკი ხორციელ განსაცდელში ადამიანი დაფიქრდება, სძლევს კიდეც მას, სულიერი განსაცდელის დროს კი ფიქრიც უჭირს. თუმცა თუ ადამიანი ხორციელ განსაცდელთა დათმენას და გადატანას შეძლებს, სულიერი განსაცდელების გადატანაც გაუადვილდება. უფალი სულიერად სუსტებს უფრო ხორციელ და მატერიალურ განსაცდელებს უვლენს, რათა მათთან ბრძოლა ასწავლოს, შემდეგ კი, თუკი ამ განსაცდელებთან შებრძოლებას ისწავლიან, სულიერ განსაცდელსაც მიმადლებს - ღვთისაგან სულიერი განსაცდელები უფრო სულიერად ძლიერ ადამიანებზე დაიშვება.
- რამდენად მნიშვნელოვანია სულიერი მოძღვრის რჩევა-მითითებების გათვალისწინება განსაცდელთა დასაძლევად?
- სულიერი მოძღვრის და საერთოდ სასულიერო პირთა მორჩილება - მათი კურთხევის და რჩევების გათვალისწინება და შესრულება უმნიშვნელოვანესი და საუკეთესო საშუალებაა ნებისმიერი სულიერი საკითხის დასაძლევად. სასულიერო პირი ხომ შუამავალი ძალაა ღმერთსა და ადამიანს შორის.
- რატომ არის, რომ ადამიანთა უმეტესობას განსაცდელთა ჟამს უფრო მეტად ახსოვს უფალი, მასზე ამყარებს სასოებას და შესთხოვს შემწეობასა და ხსნას, მას შემდეგ კი, რაც განსაცდელი გაივლის, ღვთისადმი სამადლობელი ლოცვის წარმოთქმაც კი ავიწყდება?
- ეს იმის გამო ხდება, რომ განსაცდელი პირადად ადამიანს - მის ხორცსა და სულს ეხება. განსაცდელში მყოფი თავს უძლურად გრძნობს, ხვდება, რომ თვითონ ვერ მოახერხებს გასაჭირიდან გამოსვლას, ცდილობს ვინმეს დაეყრდნოს. შემწე კი უფალია. ამიტომაც მოუხმობს, მაგრამ რაც უფრო დაშორებულია ადამიანი უფალს, მით უფრო გვიან ახსენდება განსაცდელის ჟამს ღვთის არსებობა. ასეთები პირველად, განსაცდელისას, ცდილობენ დაეყრდნონ სიმდიდრეს, მეგობრებსა და ახლობლებს... როდესაც მიწიერი იმედი ამოიწურება, ახსენდებათ უფალი და მას უბრუნდებიან. ღვთის ჭეშმარიტად მორწმუნეს კი პირველ ყოვლისა უფალი ახსოვს, უფლისადმი რწმენითა და სასოებით არის გამსჭვალული.
- მაგრამ თუ განსაცდელში ჩავარდნილს საერთოდ არ გაახსენდება ღვთის არსებობა, არ ეცდება, მისი შემწეობითა და ძალისხმევით შეებრძოლოს მას, რა მდგომარეობამდე შეიძლება მივიდეს?
- ადვილი მოსალოდნელია, ასეთ დროს სასო წარეკვეთოს, რაც მომაკვდინებელი ცოდვაა. სასოწარკვეთილება უიმედობაა, მისი ერთადერთი მიზეზი კი არის ის, რომ ადამიანს ავიწყდება ყველაზე მთავარი - ღმერთის არსებობა, რომელიც ყოველგვარ ვითარებაში შეგვეწევა და გვაპოვნინებს გამოსავალს. ხშირად სასოწარკვეთილი, ღვთის იმედის გარეშე დარჩენილი ადამიანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს და სულს სამუდამო სატანჯველისთვის წირავს, რადგან თვითმკვლელობა მიუტევებელი ცოდვაა. ასე რომც არ მოხდეს, მაგრამ მძიმე განსაცდელში ჩავარდნილმა ცხოვრება მწუხარებით დაასრულოს, ეს მაინც არ მიეტევება.
- რომელ ქრისტიანულ სათნოებებში განამტკიცებს ადამიანს განსაცდელთა მადლიერებით დათმენა?
- უპირველესად განამტკიცებს მოთმინებასა და ღვთის სასოებაში, განსაცდელის დროს ხომ ადამიანთა უმეტესობას ღვთის იმედი უჩნდება, რომლის წყალობითაც ახერხებს დათმენას. თუ სასოება გაუჩნდა, უფალი უკვე განსაცდელის დაძლევის ძალას მომადლებს. ამის შემდეგ კი ადამიანის სული ღვთის დიდებაში გადადის და უმთავრეს ქრისტიანულ სათნოებას - ღვთის სიყვარულს მოიპოვებს, რომელზეც სხვა მრავალი ქრისტიანული სათნოება აღმოცენდება.
- მოახერხებს თუ არა ადამიანი მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით განსაცდელთა თუ მიწიერი სიძნელეების დათმენასა და ძლევას?
- უფალი სახარებაში გვეუბნება, რომ საკუთარი ძალისხმევითა და ნება-სურვილით ადამიანს სიმაღლეში ერთი წყრთის მომატებაც არ შეუძლია. რომ არა ღვთის ნება და წყალობა, ვერც ერთ საქმეში წარმატებას ვერ მივაღწევთ. ნებისმიერი სისუსტისკენ, მათ შორის განსაცდელთა დაუთმენლობისკენ, ადამიანს ბოროტი სული მიდრეკს ხოლმე. ბოროტ სულთან საკუთარი ძალისხმევით შებრძოლება და მისი დამარცხება ადამიანის ძალას აღემატება. როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, ამქვეყნიურ ცხოვრებაში ბრძოლის ველზე ვართ და ჩვენი მხედართმთავარი იესო ქრისტეა. თუ ამ მხედართმთავარს არ მივატოვებთ, არასოდეს დავმარცხდებით.
- ზოგიერთ ადამიანს განსაცდელთა დროს, მით უფრო - თუ სიძნელის გადალახვა გაჭირდა, სურვილი უჩნდება, დროებით მონასტერში წავიდეს და იქ დაიბრუნოს სულიერი სიმშვიდე. მისაღებია თუ არა ასეთი საქციელი ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის?
- წმინდა იოანე კიბისაღმწერელი პირდაპირ მიგვითითებს იმ მიზეზებზე, რომელთა გამოც უნდა დატოვოს ადამიანმა საერო ცხოვრება და წავიდეს მონასტერში: უპირველესად, როდესაც იმდენად უყვარს უფალი, რომ მის გარდა არაფერი ახსოვს. მეორე, როდესაც იმდენად შეიგრძნობს და განიცდის თავის ცოდვებს, რომ სხვა რამეზე აღარ ფიქრობს. მესამე, როცა არც ერთი აქვს ადამიანს და არც მეორე, მაგრამ თვლის, რომ მისი სულისთვის მონასტერში ყოფნა უმჯობესია. სხვა მიზეზების გამო მონასტერში წასვლა სასურველი არ არის, თუმცა სხვა მიზეზითაც რომ წავიდეს ადამიანი მონასტერში, თუკი იქ იმას შეასრულებს, რასაც სამონასტრო წეს-განგება მოითხოვს, კეთილსახიერი უფალი ყველაფერს მაინც კეთილ ბოლოს გამოუჩენს.