წმინდა წერილში ვკითხულობთ: "შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ..." (შესაქ. 1.27,28)
წმინდა მამები განმარტავენ, რომ ღვთის ხატების თვალსაზრისით მამაკაცი და დედაკაცი ერთმანეთისაგან არ განსხვავდებიან. უფალი ზოგადკაცობრივი ბუნების გამომხატველია. ადამიანის ჰიპოსტასური გაყოფა გარკვეულ მიზანს ემსახურება და ეს მიზანი, პირველ ყოვლისა, არის გამრავლება.
მართალია, სარწმუნოება და სჯული ორივე სქესს ერთი გვაქვს, მაგრამ ზნეობრივი სწავლა-დარიგებანი ქალებისთვის განსხვავებულია, რამდენადაც სხვაა მათი მოვალეობა და დანიშნულება.
როდესაც ღმერთმა ჩვენი წინაპარი, ადამი შექმნა, ბრძანა: "არა კეთილ არს ადამის მარტოდ ყოფნა. გავუჩენ შემწეს მის შესაფერს" (შესაქ. 2.18). ევა შეიქმნა ადამის შემწედ. ეს არის საფუძველი ქალის დანიშნულებისა და მოვალეობისა. ქალი შემწე და მეგობარი უნდა იყოს კაცისა, მთელი მისი ცხოვრების მოზიარე, ნუგეში, გამამხნევებელი. ერთი სიტყვით, უნდა გაამართლოს სახელი "მეუღლე" - მეუღლეს უღლის ზიდვაში შეეწიოს.
ხშირად სვამენ კითხვას: რატომ ქმნის უფალი ევას ადამის ნეკნისგან? წმინდა წერილის სხვა ადგილას მოცემულია ამ კითხვის ერთგვარი პასუხი, გახსნილია ამ მოვლენის ღრმა მნიშვნელობა - ქმრისა და ცოლის ერთიანობის ფაქტი, აქედან კი მთელი კაცობრიობისა, მათი ორმხრივი ლტოლვის საფუძველი და მათი ურთიერთობის საჭიროება. პავლე მოციქული წერს: "კაცი კი არ შეიქმნა ქალისათვის, არამედ ქალი - კაცისათვის... თუმცა არც კაცია ქალის გარეშე და არც ქალი - კაცის გარეშე" (I კორ. 11.9,11). ღმერთმა ევა, პირველი ცოლი, შექმნა ადამის ნეკნისაგან, რათა ბუნების ერთობიდან გამომდინარე ეგრძნოთ უფრო დიდი სიყვარული ერთმანეთისა და ეცხოვრათ ერთიანი, განუყოფელი ცხოვრებით.
ამრიგად, უფალმა ქალის შექმნისთანავე დაადგინა მისი მოვალეობანი ქორწინებაში: მამაკაცის შემწეობა, გამრავლება ანუ დედობა და ყოფნა ქმართან "ერთ ხორც" (სწორედ ქალისა და მამაკაცის ერთხორც" შეერთება წარმოადგენს ქორწინების საიდუმლო არსს).
ქალისათვის უფრო საპატიო და დასაფასებელი მოვალეობა, ვიდრე შვილების სწორი აღზრდაა, არ არსებობს. ოჯახი არის ის გარემო, სადაც ბავშვის ფსიქიკა ყალიბდება. აქ ისმენს ის პირველ ზღაპარს, აქ ეზიარება რწმენასა და სიყვარულს, აქ ღვივდება მისი სული, აქ იქცევა პიროვნებად. სამწუხაროდ, თანამედროვე ოჯახი თანდათან კარგავს ამ ღრმა აზრს. მხოლოდ ქალს შეუძლია გადაარჩინოს ოჯახი, მასზეა დამოკიდებული კაცობრიობის მომავალი. დედა ასწავლის შვილს პირველ ლოცვას, უკითხავს მას პირველ ლექსს, უამბობს პირველ ზღაპარს. დედა შვილით ცხოვრობს, შვილით სუნთქავს, სხეულით გრძნობს, როცა მას საფრთხე ემუქრება; როცა შვილი განსაცდელშია, იგი ნათელმხილველი ხდება, მისი ლოცვა სასწაულმოქმედ ძალას იძენს. წმინდა მამები ამბობენ, რომ დედის ლოცვას შეუძლია ჯოჯოხეთიდან ამოიყვანოს შვილის სული.
თავი ცოლისა და საერთოდ, ოჯახისა მამაკაცია. ამის შესახებ პავლე მოციქული წერს: "ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს, ვინაიდან ქმარია ცოლის თავი, ისევე როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა და თვითვეა სხეულის მხსნელი. მაგრამ როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლები დაემორჩილონ ქმრებს ყველაფერში" (ეფეს. 5.22-24).
ხანდახან ქალები პროტესტს გამოვთქვამთ, როგორ შეიძლება, უვარგისი კაცი ოჯახის მეთაური იყოსო, მაგრამ ეს საღვთო კანონია, სულიწმინდის მიერ ნაკარნახევი. თუ ქალი მორწმუნე და გონიერია, აუცილებლად ეცდება, მეუღლის ავტორიტეტი ასწიოს და იგი საკუთარ თავზე მაღლა დააყენოს.
ამგვარად, მართლმადიდებლობაში ცოლებს ქმრების მორჩილება ევალებათ, მაგრამ ეს სულაც არ აკნინებს ქალს, რადგან მისი მორჩილება შედარებულია ქრისტესადმი ეკლესიის მორჩილებასთან. თანაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქალი დაჯილდოებულია თავისი მისიისადმი განსაკუთრებული ერთგულების უნარით; ის შეიმეცნებს თავის თავს დედობის პირველსაწყისიდან წარმომდინარე წყაროდ ცხოვრებისა. მას ვერ დაიმონებ, ვერ დაამცირებ, რადგან თანდაყოლილი სიმდაბლე აქვს მომადლებული. მისი მორჩილება ნებაყოფლობითია, მისი თავისუფალი ნების გამოხატულებაა.
თუკი ქალის მთავარი დანიშნულება გამრავლებაა, მაშინ როგორია ეკლესიის დამოკიდებულება იმ ადამიანისადმი, რომელმაც მარტოხელა ცხოვრება აირჩია?
ეკლესიაში არსებობს ორი ინსტიტუტი: ქორწინება და ბერმონაზვნობა. მართლმადიდებლობის თანახმად, ყველას როდი ძალუძს ქორწინება. უფალმა მოწაფეებს უთხრა: "არიან საჭურისნი, რომელნიც დედის საშოდანვე ასე იშვნენ, არიან საჭურისნი, რომელთაც თავად დაისაჭურისეს თავი ცათა სასუფევლის გულისთვის. ვისაც წვდომის თავი აქვს, ჩასწვდეს" (მთ. 19.12).
ქალწულად ცხოვრება მძიმე საქმეა და ყველას არ შეუძლია ამ ტვირთის სამარის კარამდე მიტანა. შეუძლია მხოლოდ იმას, ვისაც ღვთისაგან აქვს მომადლებული ასეთი ნიჭი. ამის შესახებ თვით მაცხოვარი ბრძანებს: "ყველა ვერ დაიტევს ამ სიტყვას, არამედ ვისაც მიცემული აქვს" (მთ. 19.11).
თუ ქორწინებისა და ბერმონაზვნობის საკითხს ავწონ-დავწონით, მათი არსის მიხედვით ნათელი გახდება, რომ ქორწინება და ბერმონაზვნობა ერთი და იმავე ეკლესიის ორი სხვადასხვა სახეა - ქორწინებაში თვალში გვხვდება ერთობა: ორნი სიყვარულით უკავშირებენ ერთმანეთს თავიანთ ბედს, რათა ერთად განვლონ მთელი თავიანთი მიწიერი გზა, ბერმონაზვნობაში კი ადამიანი შორდება იმ პირად ადამიანურ სიახლოვეს, რაც ქორწინების სიხარულსა და სრულყოფილებას შეადგენს. მონაზონი ამაზე უარს ამბობს, მაგრამ არ ამბობს უარს სიყვარულზე: პირველ რიგში - უფლის სიყვარულზე, მერე კი ადამიანისაზე.
მონაზვნობა შეუძლია მხოლოდ ისეთ ქალს, რომელმაც საკმაოდ ღრმად შეიმეცნა და აღიქვა სამყაროს ტრაგიზმი, რომელიც მზადაა სრულიად დაივიწყოს საკუთარი თავი, რათა ახსოვდეს უფალი, რომელიც ჯვარს ეცვა ადამიანთა მოდგმის სიყვარულის გამო.
როგორც ხედავთ, ბერმონაზვნობაშიც და ქორწინებაშიც საფუძველი სიყვარულია. ქრისტიანობა ხომ სიყვარულის რელიგიაა...
ქალს შეუძლია და მოვალეცაა, მოწყალების საქმეს ემსახუროს, რადგან უფალმა შემბრალე და მოსიყვარულე გულით დააჯილდოვა. ყოველი ქრისტიანი, მოწყალე სამარიტელის მსგავსად, არა მხოლოდ თავისიანების და ახლობლების, არამედ, განურჩევლად ეროვნებისა და რელიგიისა, ყველა ადამიანის მიმართ მოწყალე უნდა იყოს, რადგან ქრისტიანულმა სიყვარულმა საზღვრები არ იცის.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი