ღირსი იოანე სინელი ავტორია ღვთივსულიერი თხზულებისა "კლემაქსი", რაც ბერძნულად "კიბეს" ნიშნავს, ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.
იგი დაბადებულა დაახლოებით 570 წელს წმინდა ქსენოფონტეს და მარიამის ოჯახში. 16 წლის იოანე სინას მონასტერში მივიდა. მისი მოძღვარი ამბა მარტირი იყო. 20 წლისა ბერად აღიკვეცა. ერთხელ მამა მარტირიმ იგი წაიყვანა კურთხეულ ბერ იოანესთან, რომელიც იმჟამად კედარის უდაბნოში მკვიდრობდა თავის მოწაფე სტეფანესთან ერთად. მასპინძელმა ფეხი დაბანა იოანეს და ხელზე ემთხვია, ხოლო მისი მოძღვრისთვის ფეხი არ დაუბანია. სტუმრების წასვლის შემდეგ მამა იოანემ, რომელსაც დაფარულ გულისსიტყვათა შეცნობის უნარი ჰქონდა, სტეფანეს უთხრა: რად დაბრკოლდი, შვილო, ეს ყრმა სინას მთის მამასახლისი იქნება და ფეხი ამად დავბანეო. 43 წლის შემდეგ ასეც მოხდა. სინას მთაზე მოღვაწე ბერმა ამბა სტრატიგიმაც უწინასწარმეტყველა ღირს იოანეს, რომ წმინდა ეკლესიის მნათობი გახდებოდა. 19 წელი ნეტარი იოანე თავისი სულიერი მამის მორჩილი იყო. ამბა მარტირის გარდაცვალების შემდეგ თოლას უდაბნოში განმარტოვდა, სადაც 40 წელი გაატარა მდუმარებაში, მარხვაში, ლოცვასა და სინანულში.
ერთხელ წინდა მამამ თავის მორჩილს, მოსეს დაავალა, ბოსტნისათვის მიწა მოეზიდა. შუადღის ხვატით გასავათებული მოსე კლდის ძირას წამოწვა. ამ დროს წმინდა იოანე სენაკში ისვენებდა. მოულოდნელად მას გამოეცხადა ღირსებით აღსავსე მამაკაცი და უთხრა: "რატომ ისვენებ, როცა მოსე განსაცდელშია?" ღირსი იოანე ლოცვად დადგა. როდესაც მოწაფე დაბრუნდა, მოძღვარმა ჰკითხა, - რამე ხომ არ შეგემთხვაო. ბერმა უპასუხა, რომ კლდის ძირას დასასვენებლად წამოწოლილს ძილში ჩაესმა მოძღვრის ხმა, რომელიც უხმობდა, ისიც წამოხტა და გაიქცა. მოულოდნელად კლდეს ქვა მოსწყდა და სწორედ იმ ადგილას დაეცა, სადაც მოსე იწვა.
წმინდა იოანე იკვებებოდა იმით, რასაც ბერული ცხოვრების წესი არ კრძალავდა. ღამით ეძინა იმდენი, რამდენიც საჭირო იყო ძალების შესანარჩუნებლად. უმაღლესი გონიერებითა და ღრმა სულიერი გამოცდილებით აღჭურვილი სიხარულით მოძღვრავდა ყველა მნახველს. როდესაც მას მრავალსიტყვაობა უსაყვედურეს, შეწყვიტა ლაპარაკი და ერთი წელი ხმა არ ამოუღია.
ადამიანთაგან თავისი ღვაწლის დასაფარავად ნეტარი იოანე ხშირად განმარტოვდებოდა ხოლმე გამოქვაბულში, მაგრამ მისი მოღვაწეობის ამბავი ყველგან იყო ცნობილი. ხალხი რჩევის თუ ლოცვის სათხოვნელად უწყვეტ ნაკადად მოედინებოდა მასთან. ორმოცწლიანი დაყუდების შემდგომ იგი სინას მთის მონაზონთა საძმომ მონასტერში აიყვანა. 74 წლის წმინდა მამა სინას სავანის იღუმენად აირჩიეს. სიცოცხლის ბოლო წლებში მას სასწაულთმოქმედებისა და წინასწარხედვის ნიჭი მიემადლა უფლისაგან.
რაითის მონასტრის იღუმენის, წმინდა იოანეს თხოვნით, ღირსმა იოანე სინელმა დაწერა "კიბე" ("კლემაქსი") - სახელმძღვანელო სულიერი სრულყოფილების მისაღწევად. "კიბე" იმიტომ ეწოდა, რომ ეს წიგნი სათნოებათა კიბის დარად შეიქმნა. იგი უდაბლეს საქმეთაგან იწყებს და თანდათანობით მაღლა მიიწევს, ისე, რომ, წიგნის ბოლოს სათნოებათა დასრულებულ კიბეს იხილავთ. კიბეს, რომელიც მიწიდან წმინდათა წმინდისაკენ მიემართება და რომლის მწვერვალზეც დამყარებულია ღმერთი სიყვარულისა. ღირსმა იოანემ უფლის 30 წლის სრული ასაკის შესაბამისად მჭევრმეტყველურად გამოგვისახა კიბე, რომელიც სულიერი სრულყოფის 30 საფეხურისგან შედგება:
I სოფლისაგან განშორებისათვის
II ამ სოფლისა და მის საქმეთა მოძულებისათვის
III უცხოობისათვის
IV მორჩილებისათვის
V სინანულისათვის
VI სიკვდილის მოხსენებისათვის
VII ცოდვათაგან განმწმედელი გლოვისათვის
VIII ურისხველობისათვის
IX მოშურნეობისათვის
X ბოროტმეტყველებისათვის
XI დუმილისათვის
XII ტყუილისათვის
XIII მოწყინებისათვის
XIV ნაყროვანებისათვის
XV სიძვისათვის
XVI ვერცხლისმოყვარეობისათვის
XVII უპოვარებისათვის
XVIII ულმობელობისათვის
XIX ძმათა შორის ფსალმუნებისათვის
XX მღვიძარებისათვის
XXI მოშიშობისათვის
XXII ზვიადობისათვის
XXIII ამპარტავნებისა და გმობისათვის
XXIV სიმშვიდისა და სიწრფელისათვის
XXV სიმდაბლისათვის
XXVI განსჯისა და გულისხმიერებისათვის
XXVII დაყუდების, განშორებისა და გონების დაცვისათვის
XXVIII გონიერი ლოცვისათვის
XXIX უვნებლობისათვის
XXX სიყვარულის, სარწმუნოებისა და სასოებისათვის
სათნოებათა კიბის საშუალებით, როდესაც უფლის ასაკის სისრულეს მივაღწევთ, აღმოვჩნდებით ჭეშმარიტად მართალნი და დაცემისკენ მიდრეკილება აღარ გვექნება, ხოლო ის, ვინც ამ საზომს ვერ მიაღწევს, ჯერაც ჩვილია...
"კლემაქსის" საფეხურები არის წინსვლა ადამიანის ძლიერებიდან ძლიერებისკენ, მისი სულიერი სწრაფვა სრულყოფისაკენ, რაც მიიღწევა თანდათანობით, საფეხურებად, რამეთუ თვით მაცხოვარი გვიბრძანებს: "დღითგან იოანე ნათლისმცემლისაით ვიდრე აქამომდე სასუფეველი ცათაი იიძულების, და რომელნი აიძულებდნენ, მათ მიიტაცონ იგი" (მთ. 2,12).
ეს ნაწარმოები ქრისტიანს ასწავლის, რომ ცხონებისათვის აუცილებელია თავგანწირვა და მოღვაწეობა. უპირველესად, საჭიროა ცოდვათაგან განწმენდა, ძველი ადამიანის ნაკლისა და ვნებების აღმოფხვრა, შემდგომ კი ადამიანში ღვთის ხატების აღდგენა. თუმცა თხზულება ბერ-მონაზვნობისთვისაა დაწერილი, მისი მეშვეობით ნებისმიერი ქრისტიანი სწავლობს უფალთან მიახლებას.
"კლემაქსი" ქართველებს სამჯერ უთარგმნიათ პროზაულად. პირველად IX თუ X საუკუნეში გამოკრებილად გადმოუღია უცნობ მთარგმნელს - საფიქრებელია, სინას მთის ქართველთა მონასტრის მოღვაწეს (ეს თარგმანი დაკარგულია). სრულად უთარგმნია ექვთიმე ათონელს, XII საუკუნის დამდეგს კი "კუალად გარდმოუღია" იოანე პეტრიწს...
ღირს იოანეს სინას მთის მამები მეორე მოსეს უწოდებდნენ, რადგან ისიც უხილავ ნისლში შევიდა და ღვთისაგან დაწერილი რჯულისდება მიიღო, ღვთის სიტყვის აღმოსათქმელად გახსნა ბაგე. მრავალი ცხონდა და კვლავაც ცხონდება მისი საღმრთო სწავლებით.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი