20.12.2012
ნავი მსუბუქად ცურავს, როდესაც იგი არაა დამძიმებული ზედმეტი ტვირთით; ასევე, ლოცვაც იოლია, მოხერხებულად აღესრულება, როდესაც სხეული არაა დამძიმებული
ზედმეტით, გაპოხიერებული საკვებითა და სასმელით, ეს ასეა, როდესაც ადამიანი მარხულობს, - აღნიშნავენ წმინდა მამები, რომლებიც მარხვას სულის ზეიმს უწოდებენ. "ნუ დაიჯერებთ, რომ კაცს გამაძღარი სტომაქით ლოცვა და მონანიება შეუძლია, - ამბობდა წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე, - როცა მარხვით ხორცი ცოტაოდენ მოუძლურდება, მაშინ სული თავისუფლდება და თავისი შემოქმედისადმი მიილტვის. მისივე განმარტებით, - არ ყოფილა და არც მოხდება, რომ ვინმე ქრისტიანთაგანი წმინდანთა შორის შერაცხულიყო და მმარხველი არ ყოფილიყო".
ორ კვირაზე ცოტა მეტი დარჩა შობის მარხვის დასრულებამდე. ბოლო კვირა, რომელიც საერო კალენდრით ახალი წლის დღეებს ემთხვევა, შედარებით უფრო მკაცრად აღინიშნება, ვიდრე მარხვის დასაწყისი. ვესაუბრებით თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პატრისტიკისა და პატროლოგიის კათედრის გამგეს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს ედიშერ ჭელიძეს.
- ბატონო ედიშერ, ჟურნალის წინა ნომერში გვესაუბრებოდით სინანულის შესახებ, რომელიც ალბათ წარმოუდგენელია მარხვის გარეშე. ახლა წინასაშობაო მარხვის დღეებია და კარგი იქნებოდა, ამ თემაზეც გვესაუბრა.
- არსებობს მარხვათა ყოველწლიური ციკლები, რომლის დაცვაც აუცილებელია ყოველი ქრისტიანისათვის. ვთქვათ, შობისწინა მარხვა, რომელიც ყველაზე ხანგრძლივია და გამორჩეული სხვა მარხვებისგან მკაცრი ტიპიკონით, მოციქულთა მარხვა, რომლის ხანგრძლივობაც არაერთგვაროვანია, წინასაღვთისმშობლო ორკვირიანი მარხვა, რომელიც ახლა ერთ მარხვადაა, ადრე კი ორ მარხვად აღინიშნებოდა: ფერისცვალების წინა ერთკვირიან მარხვად და მარიამობის, იგივე ღვთისმშობლის მიძინების ერთკვირიან მარხვად და მერე გამთლიანდა.
მარხვა ორი სახისაა: სხეულებრივი და სულიერი. სხეულებრივი მარხვის პერიოდში არ შეგვიძლია მივიღოთ ხორცის ნაწარმი, დიდმარხვის ვნების კვირიაკეში საკვების მიღება უფრო მეტად იზღუდება და ზოგიერთი მმარხველი მხოლოდ პურსა და წყალს იხმევს, თუმცა ეს საყოველთაო არ არის და მოძღვრის პირადი კურთხევით ხდება. ხმელის მჭამელობაც მარხვის სახეობაა, ღვინის ან ზეთის დათმენაც, არის მარხვის სხვა სიმძიმენიც. ესაა, ვთქვათ, მარხვის სხეულებრივი რეგლამენტირება, სხეულებრივი მოწესრიგება.
სულიერი მარხვაა, როცა ვამბობთ, რომ მარხვაში ლოცვა უნდა გავაძლიეროთ, ნაკლებად უნდა ვთქვათ ცუდი სიტყვა, ნაკლებად ვიფიქროთ ცუდზე, ნაკლებად ჩავიდინოთ ცუდი საქციელი და საქმე. უნდა აღინიშნოს, რომ სულიერი მარხვა ქრისტიანმა ყოველთვის უნდა დაიცვას ყველაზე საუკეთესო გაგებით: ვნებათაგან საკუთარი თავის განყენებით, ამის ჯილდო და შედეგი იქნება ცათა სასუფეველი, სადაც ვეღარ შეგვეხება ვერავითარი ამქვეყნიური ვნებიანი განწყობანი.
როდესაც ხორციელი მარხვა იწყება, ვიცით, რომ ამ ციკლების დროს ჭამა შეზღუდულია და ეს მართებულია, რადგან სხეულებრივადაც მოხდეს სულიერი მარხვის გაძლიერება, რომლის დაცვაც ყოველთვის სავალდებულოა. ცილისწამება, კაცისკვლა, მშობლების უპატივცემულობა ყოველთვის უნდა აირიდოს ადამიანმა და არა მხოლოდ სხეულებრივი მარხვის პერიოდში, ამ დროს ადამიანის სულიერი მმარხველობითი ღვაწლი სხეულებრივი მარხვითაც ძლიერდება იმისათვის, რომ სულიერადაც და ხორციელადაც ერთმთლიანი და განწმენდილი შევხვდეთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულებს. ხორციელი განწმენდილობა დიდი წინაპირობაა ადამიანის სულიერი აღმავლობისა და რაც მეტად დაითმინება ამქვეყნიურობისაკენ მიმდრეკი საკვები, სულიც უფრო ლაღობს. ასე რომ, სხეულებრივი მარხვა მხოლოდ სულიერი მარხვის გაძლიერებისთვის არის შემოღებული ეკლესიურად დადგენილი მარხვის პერიოდში, როგორც თანაშემწენი იმ სულიერი მარხვისა, რომელსაც ყოველთვის უნდა ვიცავდეთ.
- როგორც უფალი სახარებაში მკაცრად გვაფრთხილებს, ადამიანმა თვალი უნდა დაიცვას საცთურისაგან.
- რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენს არჩევანს უნდა ემორჩილებოდეს. ადამიანმა უნდა შეიკრძალოს თავისი ხედვა, თუმცა ყველაფერი პიროვნებაზეა დამოკიდებული. ზოგჯერ შეიძლება თვალდახუჭულსაც მოგეძალოს უკეთური აზრები. ყველაზე მეტი საცდური ის არის, რაღაც მდგომარეობას აზრისმიერი შეგნებულობა რომ მიჰყვება, როცა გარეთ ვერ ვიხედებით და მთლიანად ჩვენს გონებაში ვართ, მაგრამ ეს გონება განწმენდილი არ გვაქვს. მაშინ ეს აზრები გაცილებით მძლავრობს. არაიშვიათად შეიძლება შენი სახედველით, შენი მზერით გარშემო ხალხში მიმოიქცეოდე და არაფერი ვნება არ იგრძნო, იმიტომ, რომ მთლად შენს გარესამყაროს ეკუთვნი, მაგრამ საკმარისია, შინ მიხვიდე, დაწვე და ფიქრებს მიეცე, რომ ეს ყველაფერი, რაც გეგონა, არ ახდენდა შენზე ზემოქმედებას, უცებ ამოტივტივდეს და ისეთი აზრისმიერი ფორმა მიიღოს, რომ შეგნებულად შთაიბეჭდოს შენში და ისე დაგცეს, ვნების ქარცეცხლში გაგხვიოს. ასეთი რამ არაერთს დამართვია. ამიტომ უნდა მოვდრეკდეთ ხედვას, ვზომავდეთ სიტყვას, განსაკუთრებით კი ფიქრში უნდა გვქონდეს ვნება ალაგმული და აღვირამოდებული.
- ალბათ ეს ერში ძნელი მისაღწევია. წმინდა იოანე კიბისაღმწერელი შენიშნავს, ადამიანს სულიერად გადარჩენის ყველაზე დიდი შანსი ეძლევა, როცა ამ სოფელს განერიდება და მონასტერში მიდისო.
- რასაკვირველია, როცა მონასტრულ ცხოვრებაში მიდიხარ და ჭეშმარიტი მონაზონი ხდები, ეს უდიდესი ღვაწლია და გადარჩენის გზა, თუმცა ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გაუკუღმართება ყველგან ხდება. არცთუ იშვიათია ფსევდომონაზონი, ისე როგორც ცრუ სამღვდელო პირი, ცრუ ეპისკოპოსი და ა.შ. ჩვენ პატრიარქად გვყავდა მობიდანი და, როგორც წერია, "იყო მოგვი უსჯულოი". ის ხარისხი, რომელშიც მოღვაწეობ, ჭეშმარიტებით უნდა დაიცვა. რა თქმა უნდა, სამონასტრო ცხოვრება უქორწინებელი, ბერული ცხოვრებაა, ეს არის ანგელოზებრივი წესი ცხოვრებისა ეკლესიის მამათაგან შერაცხილი, მაგრამ თუ გააუკუღმართებ, უფრო დიდი ცოდვილი ხარ, ვიდრე საეროში იქნებოდი იმავე ცოდვის ჩამდენი. დავუშვათ, მრუშობის ცოდვის ჩამდენი ერისკაცობაშიც ისჯება, რადგან ეს მომაკვდინებელია, მაგრამ თუ ამ ცოდვით მონაზონი დაეცა, ის გაცილებით დიდ სასჯელს მიიღებს.
დოგმატური სწავლების თანახმად, როგორც სამოთხეშია სხვადასხვა ხარისხი, ასევეა ჯოჯოხეთშიც და ამ ხარისხების, ერთი და იმავე ნებისმიერი ცოდვის ჩადენის შემთხვევაში უფრო ცოდვილი იქნება სასულიერო პირი, ვიდრე ერისკაცი, რადგან ის უფრო დიდ სიწმინდეში იყო, მეტი მოეთხოვებოდა და ამ სიწმინდეში ჩაიდინა უწმინდურობა. ისევე, როგორც მოუნათლავ ადამიანს, რომელსაც ჯოჯოხეთი დაუმკვიდრდება მოუნათლაობის, ან რომელიმე სხვა ცოდვის, ვთქვათ, ცილისწამების გამო (ცილისწამებაც მომაკვდინებელი ცოდვაა, თუ არ შეინანებ), იგივე ცილისმწამებელი მონათლული ადამიანი მეტ სასჯელში იქნება, ვიდრე ამავე ცოდვის ჩამდენი მოუნათლავი, რადგან იგი სიწმინდეში იყო, ღვთის წყალობა უშურველად გადმოვიდა მასზე და უფრო მეტის მიმღები გახდა. ამიტომ სიწმინდეში ჩადენილი ცოდვა უფრო მძიმეა, ვიდრე უწმინდურობაში. აქედან გამომდინარე, ბერობა, სამონაზვნო ცხოვრება უდიდესი საფეხურია და ხარისხია, რადგან ერთი და იმავე ცოდვის ჩადენის შემთხვევაში უფრო დიდი ცოდვილი ხარ, ვიდრე ეს საერო ცხოვრებაში იქნებოდა.
- თქვენ გამოყავით მარხვაში სულიერი და ხორციელი ასპექტები. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ სულიერ და ხორციელ ვნებაზეც გავამახვილოთ ყურადღება, რადგან ადამიანს სულიერი ვნების აღმოჩენა გაცილებით უჭირს, ის ხომ უხილავია. ხორციელი ვნება კი ხილულია მისთვის და ადვილად დასაძლევი.
- დიახ, ხორციელი და სულიერი მარხვა, რომელზეც მოგახსენებდით, ერთი მარხვის ორი მხარეა, აღვნიშნეთ ისიც, რომ სულიერი მარხვა მუდმივად უნდა გვქონდეს, ხორციელს ვამკაცრებთ და მმარხველობაში მოვაქცევთ ჩვენს სხეულს, როდესაც განსაკუთრებით აღმატებულ სიწმინდეს უნდა მივეახლოთ დიდი საეკლესიო დღესასწაულების სახით.
ხორციელია ცოდვა თუ სულიერი, ამათგან განრიდება სულიერი მარხვაა. წარმოშობით ყველა ცოდვა სულიერია, არის ვნებანი, რომელთაც ხორცი არ სჭირდება, მაგალითად, ამპარტავნებას არ სჭირდება ხორციელი ვნება, რადგან ეს ვნება ეშმაკსაც აქვს. შეიძლება ასეც ითქვას, რომელი ვნებაც ეშმაკს არ აქვს და მხოლოდ ადამიანს აქვს, ასეთზე ითქმის ხორციელი, იმიტომ, რომ იმისათვის ხორცია საჭირო, რასაც ხორცი არ სჭირდება, ისეთი ვნება ყველა უკეთურ ძალას აქვს. ამ გაგებით განიყოფება ხორციელი და სულიერი ვნებები, თორემ ის ხორციელი ვნებანიც, თავისი წარმოშობით, რა თქმა უნდა, სულიერია, იგივე სული მოქმედებს, ოღონდ ხორცში, ხორცის დახმარებით. ამიტომ ეს დაყოფაც პირობითია, ანუ არის ვნებები, როდესაც სული მოქმედებს ხორცის გარეშე და არის ვნებანი, როდესაც სული მოქმედებს ხორცის გამოყენებით და მის გარეშე ვერ იმოქმედებს, ამ გაგებით განიყოფება პირობითად სულიერი და ხორციელი ვნებანი. ორივე მათგანისგან განყენებას გვავალდებულებს სულიერი მარხვა. ხორციელი ვნებებისგან განყენება ხორციელი მარხვა კი არაა, ხორციელი ვნებებისგან განყენებაც სულიერი მარხვაა. ჩვენ ვისაუბრეთ ციკლებზე, როდესაც აუცილებელია ხორციელი საკვებისგან განყენება, თორემ სხვა შემთხვევაში ხორციელი საკვების მიღება დაგმობილი არაა... რაც შეეხება ხორციელ ვნებებს, ეს ყოველთვის დაგმობილია. მრუშობა იქნება თუ ამპარტავნება, ამათგან ყოველთვის განყენებულნი უნდა ვიყოთ. შესაბამისად, სულიერი მარხვა ნიშნავს სულიერი და ხორციელი ვნებებისგან ყოველთვის განყენებას.
სულიერი ვნება უხილავია. შეიძლება, ვთქვათ, ამპარტავნება იმდენად იყოს კაცში დაბუდებული, რომ ზოგჯერ თვითონაც არ იცოდეს, და ეს მის მოქმედებას განსაზღვრავს, ადამიანს, შესაძლოა, ეს სულიერი მდგომარეობა არ ჰქონდეს გაცნობიერებული, თავისი ღირსება ეგონოს და არა ნაკლი, მით უმეტეს, როდესაც საზოგადოებაში ამპარტავნება ღირსებად უფრო მიაჩნიათ, ვიდრე სულიერ დაცემად, თავმოყვარეობაც ნამდვილად არ ითვლება უარყოფით ტერმინად. მე თავმოყვარე ადამიანი ვარ და ამას ვერ მოვითმენო, - ხშირად გვესმის, ასე მსჯელობენ და მას ღირსებად მიიჩნევენ. თავმოყვარეობა, იგივე თავმოთნეობა, ცუდმედიდობა (ძველი ქართული ფორმით) და ამპარტავნება - ერთი და იგივე ვნებაა, რომლის აღმოჩენა მართლაც რთულია. ზოგჯერ მრუშობაც კი რაღაც დადებით მომენტად ითვლება მთლად გაუკუღმართებულ ხალხში, მაგრამ ეს ხორციელი ვნება ზოგადად მაინც იგმობა საერო ცხოვრებაში.
სულიერი ვნებები მართლაც რთული შესამჩნევია და საერო ცხოვრებაში ხშირად დადებით თვისებად აღიარებენ, რადგან არ არის გამჟღავნებული მათი მომაკვდინებელი თვისებები.
სულიერი ვნებები უფრო ძნელად დაიძლევა, ვიდრე ხორციელი, რადგან გემოთმოყვარეობისა თუ მრუშობის ცოდვა რამდენადაც ადვილად შესამჩნევია, იმდენად ადვილადაც აღმოსაფხვრელია, სულიერ ვნებათა დაძლევა კი ურთულესია. იოანე კიბისაღმწერელი განმარტავს: ნაყროვანების ვნების შესახებ შეიძლება მეორე ადამიანმაც დაგარწმუნოს, რომ ცუდია ჯანმრთელობისთვის და ყველანაირი გაგებით, რადგან საზოგადოებაშიც ცუდად ჩანს ნაყროვანი ადამიანი თავისი უფორმო სხეულით, მოუწესრიგებლობით, დაზიანებული ჯანმრთელობით და სხვა. მრუშობის ცოდვის მქმნელიც შეიძლება განკურნოს ამ ვნებისაგან ადამიანის ჩარევამ, რადგან სიწმინდეს რომ იხილავ, ეს ვნება შენთვის შეიძლება აღარ აღმოჩნდეს მიმზიდველი. მაგრამ როცა ადამიანს მომძლავრებული აქვს ამპარტავნების ვნება, ღვთის სასწაულებრივი ჩარევის გარეშე, არ მინახავს, იგი განკურნებულიყოსო. აი, ამდენად რთული კატეგორიის დაცემულობაა ამპარტავნება, რომლისგანაც ყველა ვნება წარმოდგება. ეკლესიური სწავლებით, იგია ყველა ცოდვის სათავე და მშობელი.
წარწყმედის ხარისხებზე ვლაპარაკობდით. მთავარია, ადამიანი არ წარწყმდეს, თორემ წარწყმედაში რომელ ხარისხში იქნება, ამას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, ზეციურ ტრაპეზს, ზეციურ სიხარულს არ მოვაკლდეთ, სამოთხის დაკარგვა ათას სატანჯველზე მძიმე სატანჯველია, ამაზე დიდი ტანჯვა, რა უნდა იყოს, როცა ადამიანი მიხვდება და გააცნობიერებს, რომ დააკლდა იმ სულიერ ცხოვრებას, რაც მაცხოვართან ერთობაშია შესაძლებელი.
ღმერთმა ყველა დაგვიფაროს ამისაგან.