არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
ძველი აღთქმის პერიოდში იყო ასეთი ტრადიცია - ზეთს იცხებდნენ, გარეგნულად იმშვენიერებდნენ თავს, მარხვის დროს კი ნაცარს იყრიდნენ, ანუ გარეგნულად გამოხატავდნენ მწუხარებას. დავით წინასწარმეტყველმაც გამოხატა მწუხარება გარეგნულად, როდესაც შვილი მოუკვდა, მაგრამ მან თავისი შინაგანი მდგომარეობა გამოხატა ასე. დავითმა, ისევე როგორც მართალმა იობმა და ძველი აღთქმის სხვა მართალმა ადამიანებმა, ადამიანთა დასანახად კი არ ქმნეს ეს, არამედ თავიანთ შინაგან მდგომარეობას, შინაგან მწუხარებას გამოხატავდნენ. როდესაც უფალი ბრძანებს: "ნუ იქნებით მწუხარენი, ვითარცა თვალმაქცნი; ვინაიდან ისინი იმწუხრებენ სახეებს, რათა ადამიანებს მარხულებად აჩვენონ თავიო", ეს მიემართება იმ ადამიანებს, რომლებიც ამას აკეთებენ გარეგნულად, რიტუალურად, სხვების დასანახად. შემდეგ უფალი ბრძანებს: "როდესაც მარხულობთ, ზეთი იცხეთ და დაიბანეთ პირი, რათა ადამიანებს კი არ ეჩვენოთ მარხულად, არამედ დაფარულში მყოფ შენს მამას..." - იმის გამო, რომ პატივს არ ელოდეთ ადამიანებისგან თქვენი კეთილი საქმეებისთვის, გარეგნულად ნუ გამოხატავთ თქვენს ქმედებებს, შინაგანად გამოხატეთო. რა თქმა უნდა, საბოლოოდ შინაგანი მაინც გადადის გარეგანზე და ვერავინ დამალავს, რომ მმარხველია. არ ვგულისხმობ მათ, ვინც ოთხშაბათობითა და პარასკეობით მარხულობს, დიდ მარხვას თუ ეკლესიის მიერ დაწესებულ სხვა მარხვებს იცავს, არამედ მათ, ვინც განშორებულია ამ ქვეყანას, უკაცრიელ ადგილებსა თუ მონასტრებში ცხოვრობს. ისინი იმდენად მმარხველები არიან, რომ ეს გარეგნულადაც გამოიხატება, არა იმის გამო, რომ მათი სურვილია ეს, არამედ ბუნებრივი წესის გამო. როდესაც ადამიანი მმარხველია, გარეგნულად უკვე მის ორგანიზმსაც ეტყობა, ეს არ დაიმალება, მაგრამ სპეციალურად, ხალხის დასანახად არ უნდა გამოვხატოთ ჩვენი მარხულობა გარეგნულად, იმისათვის, რომ სანაცვლოდ ადამიანებისგან პატივი მივიღოთ.
ზოგიერთებს ეს სწავლება არასწორად ესმით და თვლიან, რომ თუკი მარხვის პერიოდში სუფრასთან მოვხვდებით და უმეტესობა არ მარხულობს, ჩვენც უნდა მივიღოთ სახსნილო საზრდელი, რათა სხვები არ დავაბრკოლოთ. თუ ჩვენც მარხვას დავარღვევთ ამ დროს და არასამარხვო საზრდელს მივიღებთ იმის გამო, თითქოს სხვა ადამიანები არ დავაბრკოლოთ,Mმაშინ სად არის ჩვენი ქრისტიანობა, ვინ უნდა უქადაგოს და ასწავლოს მათ ჭეშმარიტება, თუ არა ჩვენ, ქრისტიანებმა? არა მარტო სასულიერო პირი, ნებისმიერი ქრისტიანი მოვალეა იქადაგოს ქრისტიანობა, ქრისტიანული სწავლება, ერთ-ერთი ქრისტიანული სწავლება კი სწორედ მარხვა და ლოცვაა, რომელიც ყველგან უნდა ვიქადაგოთ.
- თავიანთი საქმეების სანაცვლოდ "მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაურიო", - ბრძანებს უფალი იუდეველთა და ფარსეველთა მიმართ, რაც, ცხადია, ყველა მათ მსგავს კეთილისმოქმედ ადამიანსაც ეხება. რა იყო მათი საზღაური?
- მიწიერი პატივი ადამიანებისგან - სინაგოგებსა და შესაკრებლებში წინა რიგში უნდა დაესვათ, უპირატესად მიეჩნიათ წვეულებებზე... აკეთებდნენ რა ისინი ამას ხალხის დასანახად, პატივსაც ხალხისგან ღებულობდნენ და ღვთისგან უკვე ამის საზღური აღარ ჰქონდათ.
- საიდან მომდინარეობს მარხვა?
- მარხვა არის ერთ-ერთი უძველესი სწავლება. პირველი წესი, რაც უფალმა ადამიანებს დაუწესა, იყო სწორედ მარხვა, როდესაც ადამს მცნებად დაუდო, რომ არ ეხმია კეთილისა და ბოროტის ცნობადის ხის ნაყოფი. როდესაც ადამი ღვთის მცნებას გადავიდა, მარხვა დაარღვია. ჯერ ადამიანი შეიპყრო ამპარტავნებამ და პატივმოყვარეობამ - უნდოდა გამხდრიყო "ვითარცა ღმერთი". შემდეგ ურჩობაში ჩავარდა და დაარღვია მარხვა, ანუ ყველა დანარჩენი ცოდვა მარხვის დარღვევამდე, აკრძალული ნაყოფის ხმევამდე ხდებოდა თავად ადამიანში, ხოლო მარხვის დარღვევა იყო გარეგნული გამოხატულება ამ ცოდვებისა. ამდენად, მარხვა მოდის ადამიანის შექმნის დროიდან, პირველი, რაც უფალმა ადამიანებს დაუდგინა, იყო მარხვა.
დროთა განმავლობაში მარხვის წესები და დღეთა რაოდენობები იცვლებოდა. ძველი აღთქმის პერიოდში სხვაგვარად იყო, ახალ აღთქმაში ყველაფერი შეიცვალა. თავად ახალაღთქმისეულ პერიოდშიც იცვლებოდა მარხვის ხანგრძლივობა. მოციქულთა ხანაში, პირველ საუკუნეებში მხოლოდ აღდგომის წინა პერიოდში მარხულობდნენ, რომელსაც ორმოცეული ეწოდებოდა. შემდეგ საუკუნეებში ნელ-ნელა დაემატა შობის, მიძინებისა და მოციქულთა (პეტრეპავლობის) მარხვები. შუა საუკუნეებამდე არც ერთი მათგანი ერთ კვირაზე მეტხანს არ გრძელდებოდა. მე-12 საუკუნიდან უკვე საბოლოოდ ჩამოყალიბდა ტრადიციულად მარხვის ის სახე, რაც დღეს არსებობს და ყველა ადგილობრივმა ეკლესიამ მიიღო.
- რატომ გახდა საჭირო მარხვების ხანგრძლივობის, სამარხვო დღეების გაზრდა, მომატება?
- პირველი ადამიანებიდან დავიწყოთ. ადამს და ევას აკრძალული ჰქონდათ ერთი ხის ნაყოფის მიღება. მოსეს სჯულის მიღების შემდეგ სჯულის მიმდევრები ორ დღეს მარხულობდნენ, იყო პერიოდები, მაგალითად, პასექის შემდგომ პერიოდში, როდესაც ებრაელები მარტო ხმიადს ჭამდნენ. ახალაღთქმისეულ პერიოდში თავად უფალმა დაუდო საფუძველი ორმოცდღიან მარხვას, როდესაც თვითონ იმარხულა ორმოცი დღის მანძილზე უდაბნოში. პირველივე საუკუნეებში ჩამოყალიბდა ერთდღიანი, ოთხშაბათისა და პარასკევის მარხვებიც. კვირის მანძილზე ორ დღეს მარხულობა ძველი აღთქმიდან გადმოვიდა, მაგრამ ახალ აღთქმაში ამ სამარხვო დღეებმა თავისი დანიშნულება და მნიშვნელობა შეიძინა. ოთხშაბათი შეირჩა იმის გამო, რომ ეს არის მაცხოვრის გაცემის დღე, პარასკევი - ჯვარცმისა. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ვინც ოთხშაბათს არ მარხულობს, თანაზიარია იუდასი, რომელმაც ოთხშაბათს გასცა მაცხოვარი, ხოლო ვინც პარასკევს არ მარხულობს, იმ იუდეველებისა, რომლებიც ერთხმად იძახდნენ - "ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი იგიო", ოთხშაბათის და პარასკევის მარხულობით კი პროტესტს გამოვთქვამთ იუდასა და იუდეველების საქციელის მიმართ, უფლის მხარეზე ვდგებით და ვაღიარებთ, რომ მისი მონები, მოწაფეები ვართ, ვინც ოთხშაბათს გასცეს და პარასკევს აცვეს ჯვარს.
როდესაც მაცხოვარი ამქვეყნად იყო, ბრალად სდებდნენ იუდეველები, რომ მისი მოწაფეები არ მარხულობდნენ. უფალი მათ ეუბნება: განა შეუძლიათ იგლოვონ მექორწილეებმა, როდესაც ქორწილში არიან და სიძე მათ გვერდით არის? მაგრამ დადგება დღენი, როდესაც ნეფე წაერთმევათ და მაშინ იმარხულებენო. უფალმა წინდაწინვე აუწყა ამ სიტყვებით, რომ მისი მოწაფეები იმარხულებდნენ მას შემდეგ, რაც მაცხოვარი ჯვარს ეცმებოდა, აღდგებოდა და ზეცად ამაღლდებოდა. ვიცით, რომ პირველივე საუკუნიდან, მოციქულთა ხანიდანვე ასე იყო.
პირველი საუკუნიდანვე ორმოცდღიანი მარხვა, სააღდგომო მარხვა იყო ძალიან მკაცრი. Eეს არ ყოფილა ეკლესიის მიერ დაწესებული. თავად ქრისტიანები მარხულობდნენ მკაცრად. გადმოცემის თანახმად, მოციქულები საერთოდაც მუდმივად მარხულობდნენ. თუკი პირველ საუკუნეებში ეკლესიის მიერ დაწესებული მარხვების დღეთა რაოდენობა მცირე იყო, თავად ქრისტიანები გაცილებით მეტს მარხულობდნენ. პირველი ქრისტიანების უმეტესობა მთელი ცხოვრების მანძილზე მარხვის თვალსაზრისით, ფაქტობრივად, მონაზვნებივით ცხოვრობდნენ. შემდომ საუკუნეებში, როდესაც ქრისტიანობამ უკვე სახელმწიფო მმართველობის ელიტარულ წრეებშიც შეაღწია და მასობრივად დაიწყო ქრისტიანობის გავრცელება, მთლიანად ერებმა დაიწყეს ქრისტიანობის მიღება, ასეთი მოღვაწეობის გაგრძელება შეძლო მხოლოდ ქრისტიანთა მცირე ნაწილმა. უმეტესობა უფრო მეტად მიწიერი პრობლემებით იყო დაკავებული. ამის შემდეგ ეკლესიამ ნელ-ნელა მარხვის დღეთა რაოდენობა გაზარდა. ამ გზით შესთავაზა ადამიანებს, რაც შეიძლება მეტად მოსწყვეტოდნენ მიწიერ პრობლემებსა და საზრუნავებს და ღვთის წინაშე კეთილი საქმეები ექმნათ, ამისთვის მეტად მოეცალათ.
- ცხადია, აქ იგულისხმება არა ხორციელი თვალი, არამედ სულიერი, შინაგანი თვალი, ადამიანის გონება. თუკი ადამიანის გონება სხვა ადამიანებში და გარშემომყოფებში სიკეთეს ხედავს, მისი სულიერი, გონიერი თვალი არის ნათელი და ამ ადამიანში არის სიკეთე, თუკი ყველგან ბოროტებას ხედავს, თავად მასშია ბოროტება. ამქვეყნად აბსოლუტური სიკეთე არ არსებობს. აბსოლუტური სიკეთე მხოლოდ ღმერთია. უფალთან შედარებით ყველაფერში, თავად ანგელოზებშიც კი ნაკლები სიკეთეა. სიკეთის მოკლება უკვე არის ბოროტება და, თავისთავად, უფლის გარდა, მეტ-ნაკლებად ყველაფერში არსებობს, ამიტომ ნებისმიერმა ადამიანმა ნებისმიერ ქმედებაში ან მომხდარ მოვლენაში შეიძლება დაინახოს ბოროტება ან სიკეთე, მაგრამ ამ ქმედებაში ადამიანი სიკეთეს ხედავს თუ ბოროტებას, ეს დამოკიდებულია სწორედ მისი გონების თვალზე და იმაზე, თვითონ როგორია. თუ ის ხედავს სიკეთეს და კეთილად აღიქვამს მის გარშემო მომხდარ მოვლენებს, მასშია სიკეთე და იმიტომ აღიქვამს ასე, ხოლო თუ ბოროტად აღიქვამს მის გარშემო მყოფი ადამიანების ქმედებებს, თავად მასშია ბოროტება. შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენი სულიერი, გონიერი თვალი არის დეტექტორი ჩვენი სულიერი მდგომარეობისა. თუკი ჩვენ გარშემო ვხედავთ ბოროტებას, გვეჩვენება, რომ ყველა რაღაცას აფუჭებს, ყველა რაღაცას აშავებს, ჩვენში მეტწილად ბოროტებაა. თუ ვხედავთ, რომ ყველა სიკეთეს აკეთებს - ჩვენშია სიკეთე. ამით ხდება ჩვენი სულიერი მდგომარეობის შემოწმება.