მარხვის დაცვა დიდი ხელოვნებაა და ადამიანი თანდათანობით სწავლობს მას
16.02.2012
"ხოლო ესე ნათესავი არარაით განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა" (მათე 17:21), - ბრძანებს უფალი.
"ნათესავი ესე" - უკეთური სულები არიან, რომელნიც გავლენას ახდენენ ადამიანის აზროვნებაზე, ყურადღებაზე, მეხსიერებაზე, ნებისყოფაზე, საზოგადოდ ფსიქიკაზე. ბოროტ ძალასთან დაპირისპირებისა და ფსიქოლოგიური პრობლემების გადაჭრისთვის კი, სხვა ღვთისმსახურებით წესებთან ერთად, აუცილებელია მარხვაც. აი, რას ამბობს ამის შესახებ წმინდა იოანე ოქროპირი: "მარხვა დიდ სიმტკიცეს აძლევს კაცს, ადამიანს აქცევს ანგელოზად და განამტკიცებს უკეთური ძალების წინააღმდეგ... ამიტომაც იყო, რომ მოციქულები თითქმის მუდამ მარხულობდნენ. ვინც ლოცულობს და მარხულობს, მას ორი ფრთა აქვს, ქარზე უფრო მსუბუქი".
სამწუხაროდ, ფსიქოლოგთა (საზოგადოდ, მეცნიერთა) ერთი ნაწილი არ ცნობს ბოროტი ძალის არსებობას და ამ ძალის განდევნის, მისი ზემოქმედების გაფერმკრთალების თვალსაზრისით მარხვის მნიშვნელობას სათანადოდ ვერ აფასებს. თუკი მოციქულებსაც კი, რომელთაც უფლის მიერ სასწაულმოქმედების ნიჭი ჰქონდათ მიმადლებული, სჭირდებოდათ მარხვა, განა Gვენ, უბრალო მოკვდავთ, ძალგვიძს, მისი დახმარება უგულებელვყოთ?
გვესაუბრება ფსიქოლოგი დავით ციცქიშვილი.
- რა მნიშვნელობა აქვს სულიერ-ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მარხვას?
- ადამიანი ღვთისმსახურებით წესს იმისთვის არ ასრულებს, რომ ამას უფალი მოითხოვს; მარხვა, ლოცვა, მოწყალების გაღება, სიკეთის ქმნა თვითონ ჩვენ გვჭირდება პიროვნული, სულიერი ზრდისა და სრულყოფისთვის. მარხვაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. მისი ერთ-ერთი მიზანი ნებისყოფის განმტკიცებაა, თავისუფალი ნების გაძლიერება სასიკეთო მიმართულებით. ადამიანს სხვა ცოცხალ არსებათაგან ნებისყოფა, თავისუფალი ნება განასხვავებს; იგი არ არის თავისი ინსტინქტების, იმპულსების მონა. მას ძალუძს, წინააღმდეგობა გაუწიოს თავის სურვილებსა და მოთხოვნილებებს; აიძულოს თავი, აკეთოს არა ის, რაც სურს, არამედ ის, რაც მიზანშეწონილია. მარხვა, ერთი მხრივ, თავადვე ნებისყოფის დაძაბვის შედეგი, მეორე მხრივ თავშეკავების უნარის, ნებისყოფის გამომუშავებას უწყობს ხელს, რაც შემდგომში სხვა სირთულეთა და განსაცდელთა დაძლევაში გვეხმარება.
- მართლმადიდებლური სწავლებით, ორი სახის მარხვა არსებობს: ფიზიკური და სულიერი. რას გულისხმობს სულიერი მარხვის ცნება?
- სულიერი მარხვა გულისხმობს თავის შეკავებას სანახაობათაგან, ფუჭი, არაგულწრფელი საუბრებისგან, ყოველივე იმისგან, რაც ადამიანის მგრძნობელობას აღაგზნებს და გონებას ფანტავს. იდეალურ შემთხვევაში მარხვა განმარტოებასა და მდუმარებას, საკუთარ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ჩაფიქრებას გულისხმობს. მარხვის დაცვა დიდი ხელოვნებაა და ადამიანი თანდათანობით სწავლობს მას.
დიდი ათონელი ბერი იოსებ ისიქასტი აღნიშნავს: "დაე, თითოეულმა, ახალგაზრდა იქნება თუ ხანში შესული, გამოიკვლიოს, ყოველ წუთს, დღისით თუ ღამით, ხომ არ აკეთებს, ამბობს ან ფიქრობს რაიმეს ისეთს, რაც არ მოსწონს უფალს ჩვენსას". ამგვარად, მარხვა საკუთარი თავის კონტროლია როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური, უკეთური ფიქრებისა და ვნებების დათრგუნვის თვალსაზრისით. სულიერ მარხვას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ფიზიკურს, მაგრამ ის იოლად არ გვეძლევა; სულიერი მარხვა რომ შევძლოთ, საჭიროა დრო და საკუთარ თავზე მუშაობა.
- არიან ადამიანები, რომლებიც მარხულობენ, მაგრამ აღსარებას არ ამბობენ, არ ეზიარებიან, წირვა-ლოცვას არ ესწრებიან და, საზოგადოდ, ეკლესიურად არ ცხოვრობენ. ზოგიერთი მოძღვარი მიიჩნევს, რომ ასეთი მარხვა გაუმართლებელია...
- პირადად მე ასეთი მიდგომა მეტისმეტად მკაცრი მგონია. ზოგჯერ მარხვის დაწყება, თუნდაც მღვდლის კურთხევის გარეშე, არის ქვეცნობიერი მომზადება შემდგომი ეკლესიური ცხოვრებისთვის. ხშირად უფალი ნელ-ნელა გვაჩვევს ღვთისმსახურებითი წესის შესრულებას. მახსოვს, როგორ დავიწყე მარხვა. 80-იანი წლების მიწურული იყო. ჯერ თვეში მხოლოდ ორ დღეს - თითო ოთხშაბათსა და პარასკევს - ვმარხულობდი. რამდენიმე ხნის შემდეგ ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს დავიწყე მარხვის შენახვა, მაგრამ დიდ მარხვებს არ ვიცავდი. გავიდა დრო და დიდი მარხვის დაცვის საჭიროებაც ვიგრძენი. სულიერ მარხვაზე ხომ იმხანად საერთოდ არ მქონდა წარმოდგენა... ჩემს მიერ განვლილ გზას რომ ვიხსენებ, სხვების მიმართ უფრო მეტად შემწყნარებელი ვხდები. ვფიქრობ, მარხვა ისე, როგორც ამას ქრისტიანული იდეალი გულისხმობს, იოლი არ არის, ამას ნელ-ნელა უნდა დაეუფლო. უფალიც ნელ-ნელა გვაჩვევს, გვაძლევს ძალას და გვიჩვენებს, რა მიმართულებით წავიდეთ.
- რა მნიშვნელობა აქვს მარხვის განწყობის გამომუშავებას?
- მარხვას კიდევ ერთი დატვირთვა აქვს: ადამიანს გაუჭირდებოდა მთელი წლის განმავლობაში საკუთარი თავის მართვა-გაკონტროლება სულიერი და ფიზიკური თვალსაზრისით. ამიტომაც გამოყვეს პერიოდი, როცა ყოველი ჩვენგანი განსაკუთრებით უნდა შეეცადოს ამას. ეს იმისთვის გახლავთ საჭირო, რომ ადამიანი ნელ-ნელა შეეჩვიოს თავშეკავებას. საქმე ის არის, რომ როდესაც კაცი სწორად მარხულობს, დროთა განმავლობაში მარხვის განწყობა ბუნებრივად და ძალდაუტანებლად ეუფლება მის სულს და მერე და მერე არასამარხვო პერიოდშიც გაჰყვება ხოლმე.
- დიდ ქრისტიანულ დღესასწაულებს წინ ყოველთვის მარხვა უძღვის. რა სულიერი დატვირთვა აქვს მას ამ შემთხვევაში?
- ქრისტიანული დღესასწაულების მადლმოსილება და სიდიადე რომ შევიგრძნოთ, მარხვის დაცვა აუცილებელია. მახსოვს ერთი ქალბატონის ნაამბობი, რომელსაც აქვს სწრაფვა ეკლესიისკენ, მაგრამ ქრისტიანული ცხოვრების წესს, სამწუხაროდ, არ იცავს. ერთხელ მან სინანულით აღნიშნა, რომ შობისა და აღდგომის დღესასწაულზე ისეთ სიხარულს ვერ გრძნობს, როგორც ის მორწმუნენი, რომლებიც მარხულობდნენ.
- ბევრი პირადი ინიციატივით მეტისმეტ ღვაწლს იღებს საკუთარ თავზე. რისი ბრალია ეს და რა შედეგი მოაქვს სულიერი თვალსაზრისით?
- არასწორ მარხვას ხშირად მოსდევს არა სულიერი გაჯანსაღება და ზრდა, არამედ, პირიქით, ვნებების გახელება, რომელთა მიღმაც ბოროტი ძალა დგას. მარხვას თავისი წესი აქვს. მისი გამკაცრება უთუოდ მოძღვრის კურთხევით, მასთან შეთანხმებით უნდა მოხდეს. სხვაგვარად შეიძლება მეტისმეტმა ღვაწლმა კაცი ბოროტი ძალის კლანჭებში ჩააგდოს, ზედმეტად მკაცრმა მარხვამ კეთილი ნაყოფის გამოღების მაგიერ ადამიანი სულიერად დაღუპოს.
ხიბლის მდგომარეობაში ბევრი ისეთ ღვაწლს იღებს თავის თავზე, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანს არ ხელეწიფება. ამას ბოროტი ძალა უწყობს ხელს, რათა ჩვენი ამპარტავნება გაახელოს.
- ადრე იყო ასეთი ჩვეულება: მორწმუნენი ერთმანეთს ულოცავდნენ მარხვის დაწყებას, მიუხედავად იმისა, რომ მარხვა ნებისყოფის დაძაბვასთან, თავის იძულებასთან, გარკვეულ მსხვერპლთან არის დაკავშირებული...
- მარხვას, როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით, თავისებური სიხარული და სიმსუბუქეც სდევს თან, სულიერ ზრდასთან ერთად კი ეს სიხარული უფრო და უფრო მეტად შემოდის ჩვენს არსებაში. სულიერი განვითარების მხრივ წინაპრებს უთუოდ ჩამოვრჩებით. მათთვის ჩვეულებრივი რამ იყო მარხვის სიხარული, ჩვენთან კი ეს ისე აღარ იგრძნობა. სულიერი განვითარების კვალდაკვალ, მარხვა შინაგან ჭმუნვას, დაძაბულობას კი აღარ უკავშირდება, არამედ პოზიტიური განცდა მოაქვს - ღვაწლი, რომელსაც ამ დროს ვიღებთ საკუთარ თავზე, კეთილი ნაყოფის მომტანია როგორც სულიერ-ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიოლოგიური თვალსაზრისით.