ყველიერის შვიდეულის შემდეგ იწყება დიდი წმინდა მარხვა. ამ მარხვას "დიდი" ეწოდება თავისი მნიშვნელობის გამო. იგი მოიცავს ერთ ორმეოცს ანუ ორმოც დღეს და ვნების შვიდეულს (იესო ქრისტეს ვნებათა კვირას).
მოციქულთა განწესებაში დიდი მარხვის შესახებ ნათქვამია: "შესრულდეს ეს მარხვა (ორმოცდღიანი) აღდგომის მარხვის წინ (აღდგომის მარხვაში იგულისხმება ვნების შვიდეული). დაიწყება ეს მარხვა მეორე დღიდან (ე.ი. ორშაბათიდან) და დამთავრდება პარასკევს. შემდეგ შიშითა და კრძალვით შეუდექით პასექის წმინდა შვიდეულს და გამოითხოვეთ ცოდვათა მიტევება".
როგორც ამ განწესებიდან ჩანს, "ორმეოცი" და ვნების შვიდეული ერთდროული მარხვაა. მის შესახებ ცნობებს წმინდა მამათა შრომებშიც ვხვდებით. "დღესასწაულს ნუ შეურაცხყოფთ და წმიდათა მათ ორმეოცთა დღეთა წადიერად იმარხევდით, რამეთუ აქუს მათ ხატი და მსგავსებაი უფლისა მოქალაქეობისაი, შვიდეულითურთ ვნებისაით" (ეგნატე ღმერთშემოსილი).
"იესო ქრისტემ იმარხულა გამოცდის წინ, - გვასწავლის წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი, - ხოლო ჩვენ ვმარხულობთ ქრისტეს აღდგომის წინ. ქრისტემ იმარხულა 40 დღე, იმიტომ რომ ის ღმერთია, ჩვენ კი მარხვას ჩვენს შესაძლებლობებს ვუთანხმებთ".
უძველესი წყაროები გვატყობინებს, რომ ორმოცდღიანი მარხვა (იესო ქრისტეს მსგავსად) ეკლესიის მიერ ჯერ კიდევ მოციქულთა დროშია დადგენილი. ამას მოწმობს მოციქულთა 69-ე კანონი: "უკეთუ ვინმე ეპისკოპოსმან, ანუ ხუცესმან, ანუ დიაკონმან, ანუ კერძო დიაკონმან, ანუ წიგნის მკითხველმან ანუ მგალობელმან წმინდანი ორმეოცნი არა იმარხნეს, ანუ ოთხშაბათი და პარასკევი, განიკუეთენ, არა თუ ხორციელისა უძლურებისაგან დაიხსნებოდის, ხოლო ერისკაცი თუ იყოს, უზიარებელ იქმენინ".
მეორე საუკუნის საეკლესიო მოღვაწე ირინეოს ლიონელი და მეოთხე საუკუნის წმინდა მამები კირილე იერუსალიმელი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, ამბროსი მედიოლანელი, იოანე ოქროპირი, ნეტარი ავგუსტინე და სხვები თავიანთ ნაშრომებში დიდი მარხვის შესახებ საუბრობენ და მას "ორმოცდღიანს" უწოდებენ.
ორმოცდღიანი მარხვა კათაკმეველთა განწმენდის, ნათლობისა და ზიარების საუკეთესო საშუალებად მიაჩნდათ. წმინდა კირილე იერუსალიმელი ნათლობის საიდუმლოს აღსრულების წინ ერთ-ერთ კათაკმეველს ასეთი სიტყვებით მიმართავს: "რამდენი წელი გაატარე უქმად, უსარგებლოდ, და სული რომ გადაირჩინო, 40 დღესაც არ მიუძღვნი უფალს? - სინანულისთვის წინ გაქვს 40 დღე. ეს არ არის ცოტა". ამრიგად, დიდი მარხვა ძველთაგანვე განწმენდის, სინანულის, ზიარების, ღმერთთან მიახლების საუკეთესო საშუალებად ითვლება, იგი განკურნავს ყოველ ნაკლოვანებას და მადლით აღავსებს კეთილმორწმუნეებს. ამ დროს ცოდვილი მზადაა აღსარებისთვის, ენა - ლოცვისათვის, ზეციური კარიბჭე ღიაა შეწყალებულთათვის.
ნეტარი ავგუსტინე გვასწავლის, რომ მარხვის წმინდა დღეები კრძალულებით უნდა გავატაროთ, არ უნდა შევუშინდეთ მის ხანგრძლივობას. რაც უფრო დიდხანს გრძელდება მარხვა, მით გარდამეტებულია გამოხსნის მადლი.
ძველ აღთქმაში, ამქვეყნად უსჯულოების გამრავლების გამო, უფალმა წარღვნა მოუვლინა ცოდვის ტყვეობაში მყოფ კაცობრიობას და წარხოცა ყოველი. სამყაროს განსაწმენდელი ორმოცდღიანი წვიმა სიმბოლურად ორმოცდღიან მარხვაზე მიანიშნებს. ამიტომაა, რომ მოციქულთა დროიდან მოყოლებული, ეს მარხვა, როგორც "კვერთხი ძლიერებისა", ყველაზე მნიშვნელოვან სამოღვაწეო ასპარეზად ითვლება მართლმადიდებელ ქრისტიანებს შორის.
ძველი აღთქმის ეკლესიის მსგავსად, რომელიც მორწმუნეებს მრავალდღიანი დღესასწაულების პირველი და ბოლო დღეების განსაკუთრებული საზეიმო განწყობილებით აღნიშვნას განუწესებდა, მართლმადიდებელი ეკლესიაც ძველთაგანვე დიდი მარხვის პირველ და უკანასკნელ კვირას განსაკუთრებული მოღვაწეობით აღასრულებს.
ადრეულ საუკუნეებში მორწმუნენი მარხვის პირველი კვირის პირველ ორ დღეს უმკაცრესად მარხულობდნენ, ხოლო დანარჩენ დღეებში ერთხელ მიიღებდნენ მშრალ საკვებს, ისიც - საღამოს. შაბათ-კვირას მარხვა შედარებით მსუბუქდებოდა ზეთითა და ღვინით, თევზეულის მიღება კი ადგილობრივი ეკლესიის ტრადიციაზე იყო დამოკიდებული. მაგალითად, წმინდა გიორგი მთაწმინდელის განწესებით, დიდ მარხვაში ერისკაცთათვის თევზის მიღება ნებადართული იყო.
საზოგადოდ კი, ყველა ადგილობრივი ეკლესია უფლებამოსილია, მარხვის სიმკაცრის ან ზოგადად მისი შენახვის წესის საკუთარი ტრადიცია დაამკვიდროს - მარხვა ინდივიდუალურია და მას ეკლესიის მწყემსმთავარი დაუდგენს თავის სამწყსოს.
ავადმყოფებს, რომელთაც დადგენილი წესით მარხვის შენახვა არ შეუძლიათ, მართლმადიდებელი ეკლესია თანაუგრძნობს. უძლურების გამო მათ სასჯელი არ დაედებათ და დაშვებულნი იქნებიან ზიარების საიდუმლოზე, მაგრამ ხორციელი უძლურება არ ნიშნავს სულიერი მარხვის უარყოფას. წმინდა იოანე ოქროპირი ერთ-ერთ ქადაგებაში ამბობს: "ვთქვათ, არ შეურიგდი შენს მომდურავს. განა შეიძლება, ეს ხორციელ უძლურებას დააბრალო? თუ ვისიმე მიმართ შურსა და სიძულვილს მალავ გულში, რა სინდისი მოგცემს ნებას, პატიება და გამართლება ითხოვო?.. თუ გეტყვი, იმარხულე-მეთქი და შენ უძლურებას მოიმიზეზებ; გეტყვი: გაეცი მოწყალება ღარიბებისთვის-მეთქი, - შენ კი მოიბოდიშებ წვრილშვილისა და სიღარიბის გამო; გეტყვი: ეკლესიაში გულმოდგინედ იარე-მეთქი და ამა სოფლის საქმეს მოიმიზეზებ; გეტყვი, ყურადღებით მოუსმინე საეკლესიო სწავლებას და გააცნობიერე-მეთქი, შენ კი უწიგნურობით იმართლებ თავს; გეტყვი: შეეწიე და გამოასწორე-მეთქი სხვა, - მაგრამ მიპასუხებ: არ ისმენს დარიგებებს, რადგან მე შენზე ადრე მრავალგზის მოვუწოდებდი მას, მაგრამ უშედეგოდო, - ყველა შემთხვევაში საბუთი სუსტია, თუმცა მაინც გაქვს რაღაც გამართლება. მაგრამ თუ მე გეტყვი: შეწყვიტე მრისხანება-მეთქი, - და არ გულისხმაყოფ, ასეთ დროს რითიღა იმართლებ თავს?! უძლურებით? სიღარიბით? უწიგნურობით? - ეს ხომ შენზეა დამოკიდებული! ამჯერად ვეღარაფერს იტყვი თავის გასამართლებლად, ამიტომ ეს ცოდვა ყველაზე ძნელად საპატიებელია". მეორეგან კი წერს: "ნუ მეტყვით, ამდენი და ამდენი დღე ვიმარხულე, არ მიმიღია ესა თუ ის საკვები, არ მისვამს ღვინო, ძველმანით დავდიოდიო, არამედ მითხარით: დაუტევეთ მრისხანება და შეიძინეთ სიმშვიდე? განიშორეთ სიმკაცრე და შეიძინეთ კეთილმოწყალება? თუ უკეთურებით ხარ სავსე, რა აზრი აქვს სხეულის მოუძლურებას? თუ სული, რომელიც ბატონობს სხეულზე, ცდომილებაშია, მაშინ რისთვის სჯი მის მონას - მუცელს? ასეთ მარხვას სარგებელი არ აქვს და ვერ აღგვამაღლებს. ოდენ ხორციელ მოღვაწეობას, სულიერის გარეშე, არ შეიწირავს უფალი".
ერთი სიტყვით, მარხვის სიკეთე ყოველგვარი ბოროტებისგან თავშეკავებაა. ხორციელი თავშეკავება იმით არის სასარგებლო, რომ მოაკვდინებს ვნებებს, მაგრამ ამასთან ერთად სულიერი მარხვაც აუცილებელია. მის გარეშე ხორციელ თავშეკავებას აზრი არ აქვს. ბევრი მარხულობს, ერიდება ხორციელ საკვებს, განცხრომას, მაგრამ თავს არ იზღუდავს ბოროტი აზრებისაგან, არ შეუძლია ენის ალაგმვა და ამით დიდ ტკივილს აყენებს სხვებს. რა სარგებელი ექნება ასეთებისთვის ხორციელ თავშეკავებას?
ვისაც ხორციელი მარხვა შეუძლია, თუ მოინდომებს, სულიერ მარხვასაც შეძლებს, მაგალითად, გონებისმიერს, რომლის დროსაც ავი ზრახვები აღიკვეთება, ნებელობითს, რომელიც ბოროტ ნდომას ალაგმავს, მხედველობითს, რომელიც ურცხვი ჭვრეტისკენაა მიმართული. ხოლო როდესაც დავინახავთ, რომ თავისუფალნი არ ვართ ცოდვებისგან, ჩვენში უნდა გაიღვიძოს სინანულმა და ყოველნაირად შევეცადოთ, უარი ვთქვათ იმაზე, რაც ღმერთს დაგვაცილებს. სათნოება მხოლოდ მარხვით შეიძინება.
დიდი მარხვა ძველთაგანვე მოღვაწეობის განსაკუთრებულ ასპარეზად ითვლებოდა. ორმეოცს "დიდი" სწორედ მნიშვნელობის გამო ეწოდა და არა ხანგრძლივობის გამო. გვაქვს შობის მარხვაც, რომელიც 40 დღე გრძელდება, მაგრამ ეკლესიას მისთვის "დიდი" არ უწოდებია...
დიდი მარხვის დროს მთელი სისრულითა და სიწრფოებით გამოვლინდება რწმენა და სიყვარული ღვთისა. მარხვა აერთიანებს ადამიანებს როგორც საქმით, ასევე სულიერად.
ერთხელ, როცა ბიზანტიაში დიდი შიმშილობა ჩამოვარდა, იმპერატორმა იუსტინიანემ ბრძანება გასცა, დიდი მარხვის მეორე შვიდეულში ხალხისთვის ხორცი მიეყიდათ, რათა ისინი შიმშილობისაგან ეხსნა. მიუხედავად იმისა, რომ ეს აუცილებლობით იყო გამოწვეული, ქრისტიანებმა უარი განაცხადეს ხორცის ჭამაზე. ერჩივნათ, შიმშილით მომკვდარიყვნენ, ვიდრე მამა-პაპის წესი დაერღვიათ და ამით უსჯულოება აღესრულებინათ.
დიდი მარხვის შენახვასთან დაკავშირებით არსებობს საეკლესიო კანონებიც. პირველი საუკუნის კეთილმსახურ ქრისტიანთა დარად, ტრულის კრების 56-ე კანონით დიდ მარხვაში აკრძალულია კვერცხისა და რძის პროდუქტების მიღება.
ტოლედოს მე-8 კრების (დაახლოებით 653 წ.) მე-8 კანონით დადგენილია, რომ ყოველი, რომელიც უკიდურესი აუცილებლობის გარდა დიდ მარხვაში საკვებად გამოიყენებს ხორცს, დაყენებულ იქნეს ზიარებისაგან და მთელი წლის განმავლობაში აეკრძალოს ხორცის ჭამა.
ნეტარი ავგუსტინე ბრძანებს: "მარხვაც არის და მარხვაც; არიან ადამიანები, რომლებიც თითქოს განწესებათა თანახმად მარხულობენ, მაგრამ იმდენად გემოთმოყვარენი არიან, რომ სამარხვო კერძები მრავალფეროვნებით ხშირად ბევრად აღემატება სახსნილოს, თუმცა იგივე ადამიანები, თითქოსდა მარხვის შენახვის მიზნით, იმ ჭურჭელსაც კი არ იყენებენ, ცოტა ხნის წინ ხორცის კერძი რომ მოამზადეს. ფრთხილობენ ცრუ კრძალულების გამო და არ ეშინიათ გემოთმოყვარეობის ცოდვისა", - სხვაგან კი მოგვიწოდებს: "მოდით, ძმებო, ორმოცდღიანი მარხვის დროს მაინც გავეცალოთ ამქვეყნიურ საცდურს, ხორციელ ტკბობასა და ცოდვილ ცხოვრებას, გართობასა და ხუმრობას. ამაოდ მეტყველების მაგივრად მივუახლოვდეთ წმინდა წერილს, დავიმშვიდოთ სული და ვეზიაროთ მარადიულ ნათელსა და სიბრძნეს".
დიდ მარხვაში ქრისტიანები განსაკუთრებით ზრუნავენ ავადმყოფებზე, პატიმრებზე, მოგზაურებზე, ცდილობენ, შეარიგონ მომდურავნი. ამ დროს ყველამ უნდა მოიცალოს კეთილი საქმეებისთვის. მარხვის განმავლობაში თითოეულმა, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, სულიერი ცხოვრებითა და კეთილი საქმეებით უნდა მოიმუშაკოს მადლი ამქვეყნიური და მომავალი ცხოვრებისათვის. დიდი მარხვა ხომ ის დროა, როდესაც კაცობრიობა უდიდესი მადლით მოსილ მოვლენას - უფალ იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას - ეგებება.
ლევან მათეშვილმა