არქიმანდრიტ რაფაელის (კარელინი) ქადაგებაში ვკითხულობთ:
"იესო ქრისტე ბრძანებს: "სასუფეველი ცათაი აიძულებს, და რომელნი აიძულებდნენ, მათ მიიტაცონ იგი". გამუდმებული ძალისხმევისა და ნებისყოფის დაუძაბავად სახარებისეული მცნებები შორს მოციმციმე იდეალებად დარჩება და არ იქცევა ადამიანის ცხოვრების რეალურ შინაარსად. ქრისტიანული სიყვარული განსაკუთრებული - მსხვერპლად შესაწირი სიყვარულია. მარხვა გვასწავლის, დასაწყისში მსხვერპლად გავიღოთ მცირედი, "მაგრამ დიდი ხომ მცირედიდან იწყება". ეგოისტი სხვებისაგან ითხოვს მსხვერპლს და ამასთანავე, ხშირად თავის თავს სხეულთან აიგივებს.
ძველი ქრისტიანები მარხვის მცნებას მოწყალების მცნებასთან აკავშირებდნენ. მათ ჰქონდათ ასეთი წესი: საჭმლისათვის დაგროვილი ფული დღესასწაულებზე მათხოვრებისათვის დაერიგებინათ.
მარხვის პიროვნული ასპექტის გარდა არსებობს მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი - ეკლესიოლოგიური მხარეც. მარხვის საშუალებით ადამიანი სატაძრო ღვთისმსახურების რიტმში ერთვება, წმინდა სიმბოლოთა და სახეთა მეშვეობით რეალურად განიცდის ბიბლიური ისტორიის მოვლენებს.
ეკლესია სულიერი ორგანიზმია და როგორც ყველა ორგანიზმს, არც მას შეუძლია რიტმის გარეშე არსებობა.
ქრისტიანობა ადამიანისაგან განუწყვეტელ სრულყოფას მოითხოვს. სახარება ადამიანის დაცემის უსასრულობას ააშკარავებს ისე, როგორც მეყსეული განათება შავბნელ უფსკრულს, ამავე დროს, სახარება აძლევს ადამიანს ზეცასავით უსასრულო ღვთის მოწყალებას. სინანული ნიშნავს გამუდმებით აღმოვაჩენდეთ ჩვენს თავში ჯოჯოხეთს და ქრისტე მაცხოვრის სახეში განხორციელებულ ღვთის სიყვარულს. სულიერი აღორძინების გზა მწუხარებისა და იმედის პოლუსებს შორის გადის.
ზოგი მარხვა ბიბლიური ისტორიის სამწუხარო მოვლენებს ეძღვნება. ოთხშაბათი დაწესებულია იუდას მიერ ქრისტეს გაცემის გასახსენებლად. პარასკევი - ქრისტეს ჯვარცმისა და სიკვდილის დღეა. ვინც ოთხშაბათს და პარასკევს არ მარხულობს და ამბობს, - ღმერთი მიყვარსო, თავს იტყუებს. განა ჭეშმარიტად შეყვარებული ადამიანი სატრფოს ცხედართან მუცლის ამოყორვაზე ფიქრობს? ის, ვინც ოთხშაბათს და პარასკევს მარხულობს, ქრისტეს ვნებათა განცდის განსაკუთრებულ ნიჭს იძენს.
წმინდანები გვასწავლიან: "მიეცი სისხლი, მიიღე სული". დაუმორჩილე შენი სხეული სულს, ეს სხეულისათვის ისევე სასიკეთო იქნება, როგორც ცხენისათვის - მხედრის მორჩილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორივე უფსკრულში ჩაცვივდებიან. გაუმაძღარი სულს მუცელზე ცვლის და სანაცვლოდ იძენს ქონს.
მარხვა უნივერსალური მოვლენაა. იგი ყველა ხალხში და ყოველ დროს არსებობდა. მაგრამ ქრისტიანული მარხვა არ შეიძლება შევადაროთ ბუდისტის ან მანიქეველის მარხვას. ქრისტიანული მარხვა სულ სხვა რელიგიურ პრინციპებსა და იდეალებს ეფუძნება. ბუდისტისთვის ადამიანსა და მწერს შორის პრინციპული სხვაობა არ არსებობს. ამიტომაც ხორცის საკვებად გამოყენება მისთვის გვამის ჭამა, კანიბალისტური აქტია. ზოგიერთ წარმართულ რელიგიურ სკოლაში აკრძალული იყო ხორცის ჭამა, რადგანაც სულთა გარდასახვის (მეტაფსიქოზის) თეორია ადამიანს აფრთხილებდა, რომ კარმის (შურისგების) კანონის მიხედვით, ბატში ან თხაში შესაძლოა წინაპრის სული ყოფილიყო.
ზოროასტრიზმის, მანიქეიზმის და სხვა დუალისტური რელიგიების სწავლებით, ქვეყნიერების შექმნაში დემონური ძალაც მონაწილეობდა. ამიტომაც ზოგიერთ არსებაში ბოროტ საწყისს ხედავდნენ. ზოგ რელიგიაში მარხვა ეფუძნებოდა ცრუ წარმოდგენას ადამიანის სხეულზე, როგორც სულის საპყრობილეზე და ყოველგვარი ბოროტების თავმოყრის ადგილზე, რაც თვითგვემასა და ფანატიზმს ბადებდა. ქრისტიანობა თვლის, რომ ამგვარი მარხვა უფრო არღვევს და შლის ადამიანის სამი განზომილების - სულის, სამშვინველისა და სხეულის ერთიანობას. მარხვა უმსუბუქდებათ: ორსულებს, მშობიარეებს და მეძუძურ დედებს; მგზავრობაში მყოფთ და ექსტრემალურ პირობებში მოხვედრილთ; ბავშვებს და მოხუცებულებს, თუკი მოხუცებულობას თან ახლავს უძლურება და სისუსტე. მარხვა უქმდება იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურად შეუძლებელია სამარხვო საჭმლის შოვნა და ადამიანს ავადმყოფობა და შიმშილით სიკვდილი ემუქრება.
კუჭ-ნაწლავის ზოგიერთი დაავადების დროს მარხვის დიეტაში შეაქვთ განსაზღვრული სახსნილო, ამ დაავადებების დროს აუცილებელი საკვები.
მარხვის წინააღმდეგ პრესისა თუ მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებით შემაძრწუნებელი განცხადებებით არაერთხელ გამოსულან მედიკოსები. ისინი გვიხატავენ სისხლნაკლულობის, ავიტამინოზის და დისტროფიის ედგარ პოსა და ჰოფმანისეულ პირქუშ სურათს. ეს დაავადებები, როგორც შურისძიების აჩრდილები, ჩაუსაფრდებიან მათ, ვინც საეკლესიო კანონებს უფრო ემორჩილება, ვიდრე პევზნერის "კვების ჰიგიენას". ხშირად ეს მედიკოსები ქრისტიანულ მარხვას აიგივებენ ე.წ. ძველ ვეგეტარიანელობასთან, რომელიც საკვებიდან გამორიცხავდა ცხოველური წარმოშობის ყველა პროდუქტს. ის მედიკოსები მარხვის ელემენტარულ საკითხებშიც ვერ ერკვეოდნენ. ბევრმა მათგანმა არ იცოდა, რომ თევზი სამარხვო საჭმელია. ისინი სტატისტიკურად ფიქსირებულ ფაქტებს უგულებელყოფენ. მრავალი ტომი და ხალხი, რომლებიც უმეტესად მცენარეული საჭმლით იკვებება, ამტანობითა და დღეგრძელობით გამოირჩევა. სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით პირველ ადგილზე დგანან მეფუტკრეები და მონაზვნები.
ოფიციალური მედიცინა სახალხოდ უარყოფდა რა რელიგიურ მარხვას, სამკურნალო პრაქტიკაში იგი მაინც შეჰქონდა "განტვირთვის დღეებისა" და ვეგეტარიანული დიეტის სახელწოდებით, სანატორიუმებსა და სამხედრო სამსახურში ვეგეტარიანულ დღეებად დაწესებული იყო ორშაბათი და ხუთშაბათი. გამოირიცხებოდა ყველაფერი, რაც ქრისტიანობას გაახსენებდა ადამიანს. ჩანს, რომ ათეიზმის იდეოლოგებმა არ იცოდნენ, რომ ძველი ფარისევლები ორშაბათს და ხუთშაბათს მარხულობდნენ.
პროტესტანტული კონფენსიების უმრავლესობაში კალენდარული მარხვა არ არსებობს. მარხვის საკითხები ინდივიდუალურად წყდება.
თანამედროვე კათოლიკურ ეკლესიაში მარხვა მინიმუმამდეა დაყვანილი. რძე და კვერცხი სამარხვო პროდუქტებია. ნებადართულია ზიარებამდე ერთი-ორი საათით ადრე ჭამა.
მონოფიზიტებისა და ნესტორიანელების მარხვა ხანგრძლივობითა და სიმკაცრით გამოირჩევა (შეიძლება აქ თავს იჩენს საერთო აღმოსავლურ-რეგიონული ტრადიციები).
ძველი აღთქმის ეკლესიაში უმთავრესი მარხვა "განწმედის" დღე იყო (სექტემბერში). გარდა ამისა, არსებობდა იერუსალიმის დანგრევისა და ტაძრის დაწვისადმი მიძღვნილი ტრადიციული მარხვები. მარხვის ერთგვარი სახე იყო საკვების აკრძალვა, რომელიც აღმზრდელობით-პედაგოგიურ ხასიათს ატარებდა.
უწმინდური ცხოველები ცოდვებსა და მანკიერებებს განასახიერებდნენ, რომელთაც უნდა განშორებოდნენ (კურდღელი - შიშს, აქლემი - გულღვარძლიანობას და ა.შ.). ეს აკრძალვები იუდაიზმსა და ნაწილობრივ ისლამშიც გადავიდა, სადაც უწმინდური ცხოველები ფიზიკური სიბილწის მატარებლად ითვლებოდნენ.
ქართველი ხალხი გულმოდგინედ იცავდა მარხვებს, რაც დაფიქსირებულია ჰაგიოგრაფიულ ლიტერატურაში. ექვთიმე მთაწმინდელმა მარხვის მეტად ძვირფასი სახელმძღვანელო შეადგინა, რაც დადასტურებულია უცხოელთა მიერ. დომინიკანელი ბერის ა. ლამბერტის "კოლხეთის აღწერილობაში" ნათქვამია, რომ "მეგრელები ბერძნულ ჩვეულებას მისდევენ" (ანუ მართლმადიდებლობას) - დიდ მარხვას ძალიან მკაცრად იცავენ, თევზსაც კი არ ჭამენ! და საერთოდ, დღეში მხოლოდ ერთხელ ჭამენ, მზის ჩასვლისას. ისე მტკიცედ იცავენ მარხვის წესს, რომ რაც უნდა ავადმყოფნი, მოხუცებულნი და უძლურნი იყვნენ, არავითარ შემთხვევაში ამ დროისათვის ხორცს არ შეჭამენ, ზოგიერთი პარასკეობით საერთოდ იკავებს თავს საკვებისაგან. ბოლო კვირაში ღვინოს არ სვამენ, ბოლო სამ დღეს კი არავითარ საკვებს არ იღებენ".
ეკლესიის სწავლებით, სხეულით მარხვა სულიერ მარხვასთან უნდა იყოს შერწყმული, თავი შევიკავოთ სანახაობებისაგან, ფუჭი, უმეტესად კადნიერი საუბრისაგან, მოვერიდოთ ყოველივეს, რაც აღაგზნებს მგრძნობელობას და ფანტავს გონებას. მარხვას თან უნდა ახლდეს განმარტოება და მდუმარება, საკუთარ ცხოვრებაზე ფიქრი და საკუთარი თავის განსჯა. მარხვა, ქრისტიანული ტრადიციით, წყენათა ურთიერთშენდობით იწყება. ღვარძლიანი გულით მარხვა მორიელის მარხვას ჰგავს, მიწის ბინადართა შორის იგი ყველაზე დიდხანს ძლებს უჭმელი, მაგრამ მომაკვდინებელ შხამს მაინც გამოყოფს. მარხვას თან უნდა ახლდეს მოწყალება და ღარიბთა დახმარება.
რწმენა - ეს არის სულისათვის ღვთისა და სულიერი სამყაროს არსებობის პირდაპირი დადასტურება. ხატოვნად რომ ვთქვათ, მორწმუნე ადამიანის გული განსაკუთრებულ ლოკატორს ჰგავს, რომელიც სულიერი სფეროდან მომავალ ინფორმაციას იღებს. მარხვა ხელს უწყობს, უფრო ფაქიზად, ზუსტად მიიღოს ეს ინფორმაცია და სულიერი სინათლის ტალღები. მარხვა ლოცვასთან უნდა იყოს შეერთებული. ლოცვა - გულის ღვთისაკენ წარმართვაა, მისტიკური საუბარია ქმნილებისა შემოქმედთან. მარხვა და ლოცვა - ეს არის ორი ფრთა, რომელთაც სული ზეცად აჰყავთ.
თუკი შევადარებთ ქრისტიანულ ცხოვრებას მშენებარე ტაძარს, მისი ქვაკუთხედები ვნებებთან ბრძოლა და მარხვა იქნება, ხოლო ტაძრის დამაგვირგვინებელი გუმბათი - სულიერი სიყვარული, რომელიც თვითონვე აირეკლავს ღვთიური სიყვარულის ნათელს, ისე, როგორც ეკლესიის მოოქრული გუმბათები - ამომავალი მზის სხივებს.
- დედაო, რა არის ხორციელი და სულიერი მარხვა?
- ხორციელი მარხვა არის საკვებისგან თავის შეკავება, სულიერი კი ვნებებისგან, გულისთქმებისგან, მრისხანებისგან, ამპარტავნებისგან, განკითხვისგან თავის შეკავება და დათმენა. მარხვაში განსაკუთრებით გვევალება კიდევ გაძლიერებული ლოცვა. ეკლესიის მიერ დადგენილ თითოეულ სადღესასწაულო მარხვას თავისი მნიშვნელობა აქვს. ყველაზე დიდი აღდგომის მარხვაა, რომელიც უფლის ჯვარცმას, აღდგომას გვახსენებს, იმას, რაც მაცხოვარმა თითოეული ადამიანისთვის დაითმინა, ეწამა, ჯვარს ეცვა ჩვენი ცოდვების გამო და მერე აღდგა. არსებობს სამგლოვიარო და სამხიარულო მარხვები. საშობაოს სამხიარულო მარხვას უწოდებენ. სააღდგომოს კი სამგლოვიაროს. მარხვაში უფრო მეტად უნდა გვქონდეს სინანული და განცდა საკუთარი ცოდვებისა. ბერ-მონაზვნები კიდევ სამაგალითონი უნდა იყვნენ ერის ადამიანებისთვის. ადამიანს ყველანაირი ვნება ებრძვის, მონასტერში რომ მიდიხარ, უფრო მეტად ამჟღავნებ საკუთარ დაცემულ ბუნებას. ერშიც არის ბრძოლები, მაგრამ ეს მონასტერში განსაკუთრებით იგრძნობა. მონასტერში მეტია დასათმენი. როცა მონასტერში მოდიხარ, უნდა მოიკლო ყოველგვარი სიამოვნება, რაც ერში გქონდა.
ადამიანს შინაგანად უნდა გააჩნდეს ყველაფრის მიმართ სინანულის გრძნობა. ლოცვით და მარხვით განიდევნება ეშმაკი. ლოცვა და მარხვა განწმენდს ჩვენს სულს და გულს... მარხვაში მონასტერში ნაკლებად გვაქვს მრავალფეროვანი საკვები. მსახურება უფრო აღდგომის მარხვაში იცვლება. აღდგომის მარხვაში ვკითხულობთ მარხვანს.Aმის წაკითხვას ვიწყებთ მარხვის დასაწყისში და გრძელდება მთელი მარხვის პერიოდში. მარხვანის საკითხავის წაკითხვა სინანულისკენ მოგვიწოდებს.
პირადად მე მონათვლის დღიდან დავიწყე მარხვა - ოთხშაბათს და პარასკევს. თავიდან მოძღვარი არ მყავდა, მაგრამ ჩემით ვინახავდი მარხვას. მაშინ მარხვა მეგონა მხოლოდ საკვებისგან თავის შეკავება. როცა მონასტრულ ცხოვრებას აირჩევ, მეტი მოგეთხოვება. მონასტერში რომ მიდის ადამიანი, საკუთარ თავს უკეთესად ხედავს, ვიდრე ერში. მონასტერში უფრო ჩნდება ადამიანის ვნებები, აქ უფრო მეტადაც უკვირდები საკუთარ თავს. როგორც მეომარი დგას ბრძოლის ველზე, ისე უნდა იყო მონასტერში. საიდან შემოგიტევს მტერი, არ იცი და მუდამ უნდა იფხიზლო. როგორც კი მოდუნდები, მაშინვე ეშმაკი შეგებრძოლება. ბრძოლები, ვნებები განსაკუთრებით მარხვაში იჩენს ხოლმე თავს. ეშმაკს არ უყვარს მმარხველი და მლოცველი. კარგად რომ მარხულობ, კარგადაც ლოცულობ და თუ არ მარხულობ, ვერ ილოცებ... ნაკლებად დანაყრებული ადამიანი უფრო მეტად მლოცველია. სულიერად არ უნდა დაეცე, მუდამ უფლის იმედი უნდა გქონდეს და უფალიც შეგეწევა. მუდამ უფალს უნდა იყო მინდობილი, უფალს სასოებდე და უფალი ყველაფერს შეგაძლებინებს, რწმენაში გაგაძლიერებს. თუ დაეცემი, უნდა შეძლო ადგომა. განსაცდელს სიხარული მოსდევს, სიხარულს - მწუხარება. ასეა ჩვენი ცხოვრება. მორწმუნე ძლიერი უნდა იყოს და საცდურებს ნაკლებად აქცევდეს ყურადღებას. უფლის სიყვარულისთვის უნდა შევეცადოთ, დავითმინოთ ყოველივე, ვიყოთ უფლის მორჩილი და დავადგეთ უფლისკენ სავალ გზას.