დიდი მარხვის წინა კვირა დღეს ეკლესია იხსენიებს "ადამის გაძევებას სამოთხიდან". ამ ერთ-ერთ უმთავრეს ბიბლიურ ამბავში ადამის სახით წარმოდგენილია მთლიანად კაცთა მოდგმის კატასტროფული დაცემა.
ბიბლიის პირველი წიგნის დასაწყისში ნათქვამია: "თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა" (დაბ. 1,1). ანგელოსთა სამყარო შეიქმნა მეყსეულად, მატერიალური, ნივთიერი სამყარო კი - ეტაპობრივად. წმინდა მამები ჭვრეტენ სამყაროს მოწყობის წესში უმდაბლესიდან უმაღლესისკენ განვითარების იდეას. კოსმოსის შექმნის მეექვსე დღეს ღმერთმა შექმნა ადამიანი - ხილული სამყაროს გვირგვინი. მაქსიმე აღმსარებლის განმარტებით, ადამიანი არის ორი სამყაროს - სულიერისა და მატერიალურის, ხილულისა და უხილავის ჰიპოსტასი, მასშია ერთდროულად ცა და მიწა. ღმერთმა ადამიანი მიწისგან შექმნა (ადამიანის სხეული შეიცავს კოსმოსის შემადგენელ ყველა ელემენტს), შემდეგ კი სული შთაბერა და ამით ანგელოზებს მიამსგავსა. ადამიანი, უპირველესად, სხეულით შემოსილი სული, ფიზიკური გარსის, ფორმის მქონე სულიერი მონადაა. თავდაპირველად ადამიანს ეკისრა უდიდესი პასუხისმგებლობა. იგი უმნიშვნელოვანესი მისიის განსახორციელებლად შეიქმნა. მას უნდა მოეხდინა ხილული სამყაროს ინტეგრაცია და შეეერთებინა იგი უხილავ სამყაროსთან, ე.ი. ადამიანის მეშვეობით უნდა განხორციელებულიყო მთელი ხილული სამყაროს ფერისცვალება და განსულიერება.
შემდეგ ღმერთი ქმნის ევას, და ქმნის მას ადამის ნეკნიდან. შექმნის ეს აქტი, ეს უდიდესი საიდუმლო გახდა მწარე დაცინვისა და ხუმრობის სამიზნე იმ ადამიანთათვის, რომლებიც მოკლებულნი იყვნენ რელიგიურ გრძნობას და ღრმა მისტიკურ აზროვნებას. მაგრამ თუკი ჩავუფიქრდებით ქალის შექმნის აქტს, დავინახავთ უდიდესი ღვთიური სიბრძნისა და იდეის გამოვლინებას. ევა, ანგელოზის მსგავსად, არაფრისგან რომ ყოფილიყო შექმნილი, ან როგორც ადამი - მიწისგან, მაშინ კაცობრიობას ექნებოდა ორი საწყისი, რომელიც არ იქნებოდა ერთი მთელი, არამედ შენაერთი, დანაწევრებული რამ. ადამიანს არ ექნებოდა ერთი საწყისი, არ ეყოლებოდა ერთი წარმომადგენელი (არ იქნებოდა წარმოდგენილი ერთი სახით). ამჯერად კი კაცობრიობის საწყისია ადამი, როგორც სათავე, რომელშიც პოტენციურად იგულისხმება ყველა ადამიანი, რომლებიც იარსებებენ დედამიწაზე ქვეყნის აღსასრულამდე. იგია თაობათა მანძილზე უწყვეტ ნაკადად მიმდინარე წყარო. ამიტომ ადამისთვის მიცემული კურთხევა ვრცელდება მთელ კაცობრიობაზე. მაგრამ ასევე სენივით გადადის მთელ კაცობრიობაზე ის საშინელი ძრწოლა, ცოდვით დაცემა, სულიერი დეფორმაცია, რომელიც განიცადა ადამმა.
ზოგიერთი მამა ევას შექმნას ჭვრეტს როგორც გარკვეულ ზნეობრივ გაკვეთილს. ესაა ქალისა და კაცის სიახლოვე, სიახლოვე, სიყვარულის გრძნობით განმტკიცებული. როგორც ნეკნია ახლოს ადამიანის გულთან, ასევე ახლო არიან მისტიკურ პლანში ქალი და კაცი ერთმანეთთან.
ღმერთმა ადამი ქვეყნის მფლობელად დაადგინა. ბიბლიაში სიტყვა "მიწა" ხშირად აღნიშნავს არა მხოლოდ ჩვენს პლანეტას, არამედ მთელ ნივთიერ - ხილულ სამყაროს. იოანე ოქროპირის განმარტებით, აღთქმა - "ფლობდეს მიწას" წარმოადგენს ერთ-ერთ ნიშანს ღვთის მსგავსებისას. ღვთიური თვისებებია უკვდავება, სულიერება, გონიერება, სიყვარულის გრძნობა და ა.შ. ღმერთთან მსგავსება - ესაა თავისუფალი ნება, შესაძლებლობა მოტივის არჩევისა, შინაგანი ავტონომია. ესაა ის, რაც ქმნის ადამიანის პიროვნების ურღვევ სულიერ მონადას. თვით ადამიანის შექმნა წმინდა წერილის მიხედვით არის დასტური ძირეული სხვაობისა ბიბლიურ და პანთეისტურ სწავლებებს შორის. ადამიანი ხატებაა ღვთისა. პანთეიზმის ძირითადი დოგმატის მიხედვით - ადამიანი არის არსება, თანაარსი ღვთისა. აქედანაა სხვა მიმართულებაც პანთეისტური მისტიკისა, პანთეისტური მსოფლაღქმისა. პანთეისტებისთვის ადამიანი ღმერთია, რომელსაც დავიწყებული აქვს თავისი ღვთაებრიობა. ქრისტიანისთვის ადამიანი არის მსგავსი და ხატი ღვთისა, გამოვლინება მარადიულობისა და დაუსრულებელი შესაძლებლობა ხატების აღდგენისა თავის პირველსახესთან, თავის შემოქმედთან.
ბიბლიის მიხედვით სამოთხეში ორი ხეა მოხსენიებული - ხე სიცოცხლისა და ხე კეთილისა და ბოროტის შეცნობისა. ადამიანი სიცოცხლის ხის ნაყოფს ჭამდა და ამით უკვდავი იყო. ხე კეთილისა და ბოროტის შეცნობისა იყო ხე, რითაც უნდა განხორციელებულიყო ურთიერთობა ადამსა და ღმერთს შორის: ესაა ჰარმონია ადამიანური ნებისა, განხორციელებული ღვთისადმი მორჩილებით, ან დაცემა ადამიანისა - ურჩობით. იოანე ოქროპირი წერს: ზოგიერთები ამბობენ, რატომ მისცა ღმერთმა ასეთი მცნება - არ ეჭამათ ნაყოფი ხისა, არ შეეძლო მიეცა რაიმე უფრო მნიშვნელოვანი? როგორი? არ იმრუშო? მაგრამ ვისთან უნდა ემრუშა ადამს? არა ჰკლა? მაგრამ ვინ უნდა მოეკლა? არ იპარო? ყველაფერი ხომ მისი იყო. და ამიტომ მისცა ღმერთმა მცნება, არა მხოლოდ როგორც საჯილდაო ქვა სიყვარულისა ადამისა ღვთისადმი, არამედ როგორც საშუალება სრულყოფისა ღვთის ნების მორჩილების გზით.
ზოგიერთი მისტიკოსი, მათ შორის გრიგოლ ნაზიანზელი, გვიხსნის ზოგიერთ საიდუმლოს. ბიბლიურ სიტყვას აქვს არაერთი შრე: სიმბოლური, სულიერი აზრი არ ეწინააღმდეგება, არ უარყოფს მოცემული აზრის პირდაპირ მნიშვნელობას, არამედ აღრმავებს ბიბლიურ თხრობას, ჩვენს წინაშე შლის ახალ ჰორიზონტებს. გრიგოლ ნაზიანზელი წერს: "ჩემი აზრით, ხე ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა იყო ხე უმაღლესი მჭვრეტელობისა. ადამიანი მჭვრეტელობამდე და ღვთის მჭვრეტელობამდე უნდა მივიდეს თანდათან, ღმერთთან ურთიერთობის გზით. სწორედ ხე სიცოცხლისა იყო ხე ღმერთთან ურთიერთობისა იმიტომ, რომ ადამიანის ჭეშმარიტ ცხოვრებას შეადგენდა ღმერთთან ურთიერთობა, იგი იყო უწყვეტი გადალახვა თავისი შექმნილი ორგანულობისა აბსოლუტურ და ღვთიურ ცხოვრებასთან მიახლების გზით. ღმერთთან ურთიერთობით მიიღწეოდა ჭეშმარიტი ღვთისმჭვრეტელობა, მაგრამ მჭვრეტელობისთვის საჭირო იყო უწყვეტი გზა სულიერი სრულყოფისა. ადამი შეიქმნა სუფთა, უცოდველი, მაგრამ არა სრულყოფილი. მას ელოდა სულიერი გზა, აქ კი ადამი, გრიგოლ ღვთისმეტყველის აზრით, უხეშად ცდილობს ავიდეს მჭვრეტელობით სიმაღლეზე, თითქოს უნდა, ძალით მიიტაცოს ღვთისმჭვრეტელობითი საიდუმლო ღმერთად გასახდომად, ღმერთი ღვთის გარეშე, თავისუფალი მბრძანებელი თავისი ყოფიერებისა მის გარეშე, ვინც უბოძა ეს ყოფიერება.
ადამის მიერ ღვთის ნების დარღვევის ბიბლიური ამბავი წარმოადგენს სატანის ცოდვის განმეორებას. სატანა მოიხიბლა თავისი შექმნილი, ანგელოზური მშვენიერებით და იფიქრა, რომ ღმერთისნაირია, თანატოლია ღვთისა. ადამისთვის სამოთხის ხე იყო ერთგვარი ავგაროზი, რომლის ძალით დაუფლებისთანავე სურდა გამხდარიყო განმგებელი ქვეყნიერებისა და საკუთარი ყოფიერებისა. ამიტომ ადამის ცოდვა იყო არა ცოდვა ადამიანური სისუსტისა, არამედ ცოდვა ღმერთთან მბრძოლობისა. ბიბლიაში წერია, რომ ადამის ცოდვით დაცემაში მონაწილეობდა ლუციფერი. გველი - ეს უფრო დემონია. ანგელოზის ფრთებს ღვთისკენ სწრაფვა წარმოადგენს. აქ კი ანგელოზი დაცემულია ნივთიერ სიღრმესა და სულიერ წყვდიადში. გველი ხოხავს მიწაზე, ის ყველა სხვა არსებისგან განსხვავებით მხოლოდ ფეხქვეშ მყოფობს. დაცემული ანგელოზი ესაუბრება ევას. იგი იყენებს არა პირდაპირ ტყუილს, არამედ ყველაზე საშინელს - ნახევრად სიმართლეს. ის ცრუობს, ამახინჯებს ღვთის განმგებლობას, ეუბნება, რომ ღმერთმა მათ აუკრძალა სამოთხის ხის ნაყოფის ჭამა და ამას ეუბნება იმიტომ, რომ ღმერთი წარმოადგინოს კაცთა წინაშე უმკაცრეს არსებად, რომელსაც არ სურს ადამიანის სრულყოფა. ევა ჩაებმება გველთან საუბარში და ამბობს, რომ ღმერთმა მხოლოდ ერთი ხიდან აუკრძალა მათ ჭამა, მაგრამ ღვთისადმი უნდობლობის თესლი უკვე ჩაგდებულია მის სულში. ევას ცოდვა ისაა, რომ იგი აგრძელებს საუბარს ბნელ სულთან, მიუხედავად იმისა, რომ იცის ლუციფერის ღვთივმებრძოლი არსის შესახებ.
ძველ მისტიკოსებს, მაგალითად, ფელონს, აქვს ზნეობრივი ახსნა ადამისა და ევას შეცოდებისა. არ უარყოფს რა პირდაპირ აზრს, იგი ამბობს: "ევა - გრძნობაა, ადამი - გონება". გრძნობამ აცდუნა გონება. საკუთარ თავში ჩვენ გამუდმებით ვხედავთ ადამის დაცემას. ვხედავთ, ჩვენი გრძნობები და ვნებები როგორ ატყვევებს ჩვენს გონებას, გვაგდებს სასოწარკვეთილების უფსკრულში და გვიბიძგებს ღვთისგან განდგომისკენ.
წმინდა წერილი გვაუწყებს, რომ ღვთის მცნების დარღვევისთანავე "აეხილა თვალი ადამს და დაინახა მან..." რა? დაინახა, რომ შიშველია, რომ ის შეუმოსავია. რა არის ეს? როგორ უნდა გავიგოთ ეს სიტყვები?
იოანე ოქროპირი ამბობს: "ადამიანები არ იყვნენ შიშვლები ისე, როგორც ამას ჩვენ მოვიაზრებთ, ისინი იყვნენ შემოსილნი, მაგრამ არა ნივთიერი სამოსით, არამედ მადლით. მათგან გამოდიოდა სინათლის სხივები და ეს ყველაზე საუცხოო შესამოსელი იყო". იოანე ოქროპირი დასძენს: "არ შეიძლება ითქვას, რომ მზე შეუმოსავია, მზე შიშველია. მზე შემოსილია მისივე სხივების შარავანდით". ასევე, ადამიანები, ფლობდნენ რა თავის თავში სულიწმიდის მადლს, გარემოცულნი იყვნენ არა მარტო უხილავად, არამედ ხილულადაც. "მათი სხეული ანათებდა მზის მსგავსად". და სწორედ ეს სინათლე ჩაქრა, და დაინახა ადამმა თავისი და ცოლის სიშიშვლე. გარდა ამისა, ცოდვით დაცემამ გამოიწვია სულიერ ძალთა დამახინჯება. ასკეტური სწავლება განასხვავებს ადამიანის არსის სამნაწილიან გაგებას: სული, სამშვინველი და სხეული. თუმცა აუცილებელია ვიცოდეთ, რომ სამშვინველი სხეულისგან განსხვავდება სუბსტანციურად, ე.ი. ბუნებით. ხოლო სული და სამშვინველი განსხვავდება ერთმანეთისაგან არა სუბსტანციურად, არამედ ფუნქციურად, ე.ი. თავისი მოქმედებით. სულიერი ძალის სულიერი შესაძლებლობები ჩვეულებრივად განიმარტება როგორც შინაგანი ლოგოსი, შინაგანი სიტყვა, შინაგანი გონება. ჭეშმარიტი შემეცნება სულისა - ეს არის შემეცნება ღვთიური იდეებისა. გარდა ამისა, ეს არის რელიგიური გრძნობა, გრძნობა ღმერთთან ურთიერთობისა. ყოველივე ეს, ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ, რელიგიური ინტუიციაა, რომლის მეშვეობითაც არა მარტო ვრწმუნდებით ღვთის არსებობაში, არამედ შევიგრძნობთ, განვიცდით მას, ვგრძნობთ და განვიცდით მასთან კონტაქტსა და კავშირს. ეს გრძნობა ცოდვით დაცემამდე სულიერ ჭვრეტამდე იყო აყვანილი, შემდეგ კი იგი სულში დარჩა როგორც რელიგიური განცდის შესაძლებლობა, უნარი. იგი ღვივდება ღვთის წყალობით და თვით ადამიანის მისწრაფებით.
მშვინვიერი ძალები, როგორც მამები განმარტავენ, - ესაა ინტელექტი, ჩვენი გონება, რომლის მეშვეობითაც ლოგიკურად ვაზროვნებთ. შემდგომ ამისა, იგი გვაძლევს საშუალებას, ვიაზროვნოთ წარმოდგენებით, გარკვეული ხატებით (ვიზუალური, სმენითი და ა.შ.), ესაა ჩვენი ინტელექტი, ესაა უმდაბლესი სინათლე.
მხოლოდ გონისა და ინტელექტის კავშირით აფიქსირებს ადამიანი არა მარტო გარეშე მოვლენებს, არამედ შეიმეცნებს საგანთა და მოვლენათა კავშირსა და იდეას.
სამშვინველის მეორე საპირისპირო ძალაა სწრაფვა ცოდვისკენ (ეპიტიმია). ცოდვით დაცემამდე ეს ის ძალა იყო, რომელიც იზიდავდა ადამიანს ღვთაებისაკენ, ცოდვით დაცემის შემდეგ ეპიტიმია გადაიქცა სიამოვნებისკენ სწრაფვის წყურვილად - ეს არის ტკბობის, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა.
მესამე ძალაა ტიმოსი. ტიმოსი არის სამშვინველის ენერგეტიკული ნაწილი, მისი ერთგვარი რეაქტიულობა. აქაც ცოდვით დაცემის შემდეგ მოხდა დეფორმაცია და გადაგვარება. ტიმოსი გადაიქცა ხორციელ (გრძნობიერ) სიყვარულად, სიძულვილად და მრისხანებად. ტიმოსი განსაკუთრებით ვლინდება (დაცემულ) მდგომარეობაში, როგორც მრისხანება და გაღიზიანება. ცოდვით დაცემის შემდეგ მოხდა რღვევა, სულიერი და მშვინვიერი ძალების ერთმანეთისგან გაყოფა, მშვინვიერისა კი - ხორციელი ძალებისგან. იმავდროულად, რღვევა თვით სულიერ და მშვინვიერ ძალებს შორის. უპირველესად ადამს გაუქრა ღვთის სიყვარული. ღმერთს იგი აღიქვამს გარეგან, მრისხანე, დამსჯელ, დაუნდობელ ძალად. ამიტომ ადამს სურს დაიმალოს, ცდილობს, გაექცეს ღმერთს. აქაც კარგად ჩანს ადამის გონების დაბნელება. ადრე ადამი იყო უმაღლესი ხარისხის სიბრძნის მფლობელი, უპირატესი თავის ყველა ნაშიერზე. იგი არქმევდა დედამიწაზე მცხოვრებ არსებებს სახელებს. წმინდა მამათა თქმით, "სახელის დარქმევა" ნიშნავს - იცოდე საგნის არსი. ე.ი. მთელი კოსმოსი ადამის წინაშე იყო გადაშლილი წიგნივით, რომელსაც ის კითხულობდა. ხოლო ცოდვით დაცემის შემდეგ მისი გონება იმდენად დამახინჯდა და დაბნელდა, რომ ღმერთს აღიქვამდა, როგორც ფიზიკურ (მატერიალურ) კატეგორიას და სურდა, დამალვოდა შემოქმედს.
ღმერთი მოუწოდებს ადამს, შეინანოს, მაგრამ სინანულის ნაცვლად ადამი და ევა თავს იმართლებენ, თავიანთ ცოდვას დაცემულ ანგელოზს, ხოლო საბოლოოდ, ღმერთს გადააბრალებენ. ამიტომ ღმერთი აძევებს ადამს სამოთხიდან. ადამი იყო სამოთხეში და ამასთანავე სამოთხეც იყო ადამში. სამოთხე ადამში - ესაა ღვთის წყალობის მყოფობა მასში, ესაა მისი სულის შეერთება სულიწმინდასთან. ადამმა დაკარგა შინაგანი სამოთხე. ბიბლიაში წერია: "მხოლოდ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებიო. ფიზიკური სიკვდილი სულისა და ხორცის გაყრაა, ხოლო სულიერი სიკვდილი - სულის გაყრა ღმერთთან. ამიტომ ცოდვით დაცემის დღეს ადამი სულიერად მოკვდა. იგი ცოცხლობდა, მაგრამ ამავე დროს იყო სულიერი გვამი, როგორც მკვდრის გახრწნილი სხეული. რატომ გააძევა ღმერთმა ადამი სამოთხიდან? იმისთვის, რომ დაესაჯა? შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს აქტი იყო სასჯელი? ღმერთის მოქმედება აღვიქვათ როგორც მიზეზშედეგობრივი კანონის მოქმედება? არა. ადამის სამოთხიდან გაძევება იყო ღმერთის სიყვარულის გამოვლინება ჩვენი წინაპრებისადმი. ადამმა დაკარგა შინაგანი სამოთხე, ღმერთთან თანაარსებობა კი არ ახარებდა, არამედ ტანჯავდა. ადამი სამოთხეში რომ დარჩენილიყო, თვით სამოთხე გადაიქცეოდა მისთვის დაუსრულებელი ტანჯვის წყაროდ, მუდმივ მოგონებად იმისა, თუ რა დაკარგა. მისთვის უფრო მტანჯველი იქნებოდა ღვთის მადლის დაკარგვის შეგრძნება. აქ არის ერთი საკითხის გასაღები: რატომ უშვებს ღმერთი ჯოჯოხეთის არსებობას? რატომ არ შეუნდობს ღმერთი ყველა ცოდვილს და არ დააბრუნებს ზეციურ სასუფეველში? ღმერთს რომ ღვთისმჭვრეტელობის უნარს მოკლებული ადამიანი დაებრუნებინა ცათა სასუფეველში, იგი ემსგავსებოდა იმ კაცს, რომელიც მდინარის ნაპირზეა და წყლის დალევა არ შეუძლია. მისი ტანჯვა გაცილებით ძლიერი და სასტიკი იქნებოდა. სწორედ ამიტომ ზოგიერთი განსაკუთრებით ღრმად მოაზროვნე ღვთისმეტყველი თვლის, რომ ჯოჯოხეთი - ესაა ღმერთის უკანასკნელი წყალობა ცოდვილთათვის, რომ მათ ფიზიკური ტანჯვისას დაივიწყონ ყველაზე საშინელი - სულიერი ტანჯვა.
როგორც ბიბლია მოგვითხრობს, ღმერთმა ნადირის ტყავისგან გაუკეთა შესამოსელი ადამიანს. ეპისკოპოსი გრიგოლ ნოსელი ხედავს აქ გარკვეულ სიმბოლოს იმისა, რომ ცოდვით დაცემის შემდეგ შეიცვალა არა მხოლოდ ადამიანის სული, არამედ სხეულიც. იგი უფრო უხეში, უფრო მიწიერი გახდა. ზოგნი აღიქვამენ ამას ჩვენი ცხოვრების სინამდვილედ, გამიწიერებული, ვნებებით აღსავსე, გრძნობიერი ცხოვრებისა. ადამმა, შვილის სიკვდილის მომსწრემ (პირველი ადამიანის პირველმა შვილმა მოკლა საკუთარი ძმა), თვალნათლივ დაინახა, რომ ცოდვა ბადებს სიკვდილს. ადამი მიხვდა: მისტიკური მნიშვნელობით თვითონ მოკლა საკუთარი შვილი. იგი იქნება დამნაშავე მომავალი კაცობრიობის ტანჯვაში, ექნება ბრალი დაღვრილი სისხლისა თუ ცრემლის მდინარეებში, რომელიც მთელ ქვეყანას დაფარავს. ადამი შეუდგა სინანულს, რაც ფაქტობრივად გახდა მისი შემდგომი ხანგრძლივი ცხოვრების შინაარსი. საეკლესიო გადმოცემით, მასთან ერთად ლოცულობდა მთავარანგელოზი ურიელი და ითხოვდა ადამისთვის მეოხებას ღმერთის წინაშე.
სინანული გვერგო ჩვენ, როგორც ხსნის ერთადერთი გზა. თუ ცოდვით დაცემამდე ადამიანის სულიერი ცხოვრების ცენტრი იყო ღვთის სიყვარული, ახლა ჩვენ გამოვედით ამ ცენტრიდან. ჩვენთვის ის დაკარგულია. ჩვენთვის ახლა სულიერი ცხოვრების სხვა ცენტრია მოცემული. ესაა სინანული. მარხვა, ფაქტობრივად, სინანულის დროა. იოანე ოქროპირი წერს: თუ ადამიანის გულში არის სინანული, იგი ცოცხალია, თუ არ არის - მკვდარია.
სინანულის გარეშე ადამიანის სულიერი სახე უსახურად, უმსგავსოდ გადაიქცევა. ჩვენი სული, შეპყრობილი ვნებებით და კადნიერებით, მსგავსია ხრწნადი გვამისა. ერთადერთი გზა მიწიდან ზეცისკენ, ერთადერთი გზა ადამიანის სულისთვის ღმერთისკენ - სინანულის ცრემლებია. სინანული - ემოციური თვითშემეცნებაა, საკუთარი თავის შეცნობა, განკიცხვა იმისა, როგორიც ვართ სინამდვილეში და ეს იმისთვის, რომ მაცხოვარმა აღგვადგინოს და მისი წყალობით ფერი ვიცვალოთ. ჩვენ, ყველანი, დამნაშავე ვართ ერთმანეთის და მთელი კაცობრიობის წინაშეც კი. მკითხავთ: რა დავუშავე მე სხვა ადამიანებს? მაგრამ ცოდვა არ შეიძლება ერთი ადამიანის საკუთრება იყოს. ცოდვა ჩაიბუდებს ერთის გულში, შემდეგ იგი იპყრობს ამ ადამიანის წარმოდგენებსა და ფიქრებს, შემდეგ ხორციელდება სიტყვითა და საქმით. თუმცა ცოდვა შეიძლება დარჩეს ადამიანის ფიქრებისა და გრძნობების სფეროში, მაინც ხდება მისი (ცოდვის) ემანაცია ამ ადამიანის არსებიდან.
ალბათ შეგიმჩნევიათ, რა მსუბუქია ზოგიერთ ადამიანთან ყოფნა, თითქოს რაღაც ძალის გენერატორს შევეხეთ და თვითონაც განვიცდით ამის შემდგომ განახლებას. და არის პირუკუ. ზოგ კაცთან ყოფნა ჩვენთვის მტანჯველი და მძიმეა. მასთან საუბრისა და ურთიერთობის შემდეგ ერთგვარ შინაგან სიცარიელეს ვგრძნობთ. ხომ ხედავთ, არა მარტო ჩვენს საქმეებს, არამედ ჩვენს ემოციურ მდგომარეობას, ჩვენს ფიქრებს აქვს ემანაციის უნარი, ისინი უხილავად ასხივებენ. ცოდვა, ხატოვნად რომ ვთქვათ, საშიში რადიაქტიური გამოსხივებაა, რითაც ვიწამლავთ არა მარტო საკუთარ თავს, არამედ ვწამლავთ ირგვლივ მყოფთ და, შესაბამისად, მთელ კოსმოსს. ჩვენ ყოველთვის ვცოდავთ, ამიტომ სინანულიც გამუდმებით უნდა გვახლდეს თან.